asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სოხუმში რომ ჩავედი, შამბა მოვიდა და კურთხევა მთხოვა
შამბა მოვიდა და კურთხევა მთხოვა
სოხუმში რომ ჩავედი, შამბა მოვიდა და კურთხევა მთხოვა

2010-06-24 15:31:29



ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი, მუეფე სერაფიმე (ჯოჯუა) უკვე ფოკის მონასტრის ბერი იყო, როდესაც მისი მშობლიური სოხუმი ომის ცეცხლში გაეხვა. სწორედ იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი მძვინვარებდა, დაიწერა ლექსი, რომლითაც სოხუმში დარჩენილმა დედამ, ქალბატონმა ანგელინა მარგველაშვილმა ღმრთის გზაზე მიმავალი შვილი დალოცა. წლების შემდეგ კი, მშობლიური სიყვარულით გამთბარი ლოცვა ქალბატონმა მაია სიჭინავამ სიმღერად გარდაქმნა და დედების ჰიმნად აჟღერებული წარმოგვიდგინა. გასულ კვირას, კინოს სახლში, წმიდა სინოდის წევრები, სხვა სასულიერო პირები, საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები და სოხუმელი ქართველები სწორედ იმ კლიპის პრეზენტაციაზე შეიკრიბნენ, რომელიც რეჟისორმა გენო ცაავამ, მეუფე სერაფიმეს ცხოვრება–მოღვაწეობის ამსახველი კადრებითა და მისი დედის ლექსზე აჟღებული მუსიკით შექმნა. როგორც მეუფე სერაფიმემ აღნიშნა, უწმინდესის თქმით, აღნიშნული კლიპი ყველა დევნილმა და მათ შორის, აფხაზეთშიც უნდა იხილონ. კლიპს სახელად "დედის ლოცვა" ჰქვია. მის ჩვენებამდე მეუფე სერაფიმეს ინტერვიუ ჩამოვართვით.

მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა):

– სოხუმში, ჩვეულებრივ ქართულ ოჯახში ვიზრდებოდი. მამაჩემი პარტიული თანამშრომელი იყო, უაღრესად პატიოსანი, მაგრამ ამავდროულად ურწმუნო. ღმერთის არსებობის შესახებ ბავშვობიდანვე ვიცოდი და ამიტომ უფლის სიყვარული სულ მქონდა. მყავს უაღრესად მორწმუნე დედა, რომელმაც შვილები სარწმუნოებით გაგვზარდა. დედისგან ვისწავლე პირჯვრის გადაწერა და ასეთი სიტყვებით ლოცვა, ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე. ისე არ დავწვებოდი და ავდგებოდი, პირჯვარი რომ არ გამომესახა და ეს ლოცვა არ მეთქვა. ამ სიტყვებით ვლოცულობდი 5–10 წლის ასაკშიც, საბჭოთა ჯარში მსახურობის დროსაც და მანამ, სანამ არ ჩამოვყალიბდებოდი, როგორც მრევლი. ბავშვობაში, სოხუმში, დედამ მაზიარა კიდეც. დღემდე მახსოვს, თითქოს, ნათება, სასუფეველი იყო, როდესაც წმიდა ზიარება მივიღე. 6 წლის ვიყავი მაშინ. აფხაზეთის ეპისკოპოსი ჩვენი უწმინდესი გახლდათ. დედას ხშირად არ დავყავდი ტაძარში, რადგან მაინც ეშინოდა. მე რუსულ სკოლაში ვსწავლობდი. 10 წლის ვიყავი, როცა დედამ რუსულ ენაზე დაწერილი წიგნი, სახალისო სახარება "ზაბავნაია ევანგელიე" მომიტანა, ესაა ცნობილი ღვთისმგმობელური წიგნი, ლევ ტაქსილის, სადაც სახარება დაცინვითაა განხილული. წიგნის პირველ ფურცლებზე სახარება იყო მოცემული, შემდეგ მას სასაცილო განმარტება მოსდევდა. დედაჩემმა გადამიშალა და მითხრა, შვილო, აქედან აქამდე წაიკითხავ, იცოდე, ესაა კარგი სიტყვები, სახარება და დანარჩენს (ანუ მის განმარტებას, სხვა შრიფტით ეწერა) არც უყუროო. მე არც შინაგანი უფლება და არც სურვილი მქონდა, თუნდაც, თვალი გამქცეოდა იმ ტექსტისკენ. ეს იყო ჩემს ბავშვობაში სახარების პირველად წაკითხვა. მე ის ჩამებეჭდა გონებაში და მივხვდი, რომ სახარება იყო წიგნი იესო ქრისტეს შესახებ.

მთელი ბავშვობა ვხატავდი. დავამთავრე სოხუმის სამხატვრო სკოლა, რომლის ხელმძღვანელიც გახლდათ ძალიან ცნობილი მხატვარი, ნიკოლოზ თაბუკაშვილი. მქონდა სურვილი, რომ სწავლა გამეგრძელებინა სამხატვრო აკადემიაში, მაგრამ მაშინ ვერ ჩავაბარე. მერე მოვიარე საბჭოთა ჯარი, იმ დროს უსაქმურად ყოფნა არ შეიძლებოდა და ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილებში. ვმუშაობდი საავადმყოფოში, მშენებლობაზე, კალატოზიც ვიყავი. 1984 წელს, ჩამოვედი თბილისში, ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში და აქ დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი. პროფესიით არქიტექტორი ვარ.

თბილისში პირველად ვიხილე მისი უწმინდესობა სიონის საკათედრო ტაძარში. პირველივე ნახვისას მთელი გულით შემიყვარდა. ეკლესიაში მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე დავდიოდი, სანთელს ავანთებდი, მოვუსმენდი პატრიარქის ქადაგებას და ვბრუნდებოდი ისევ სახლში. სამხატვრო აკადემიას რომ ვამთავრებდი, 1989 წლის, 9 აპრილის შემდეგ უკვე დავიწყე სარწმუნოებრივი ცხოვრება, გავაძლიერე ლოცვა. 1990 წელს კი, საბოლოოდ გადავწყვიტე, რომ ეკლესიაში წავსულიყავი.

ყოველთვის ვიხსენებ და არ მერიდება ამის თქმა, რომ სტუდენტობის დროს, ამერიკით ვიყავი ძალიან მოხიბლული, ეს ქვეყანა გაკერპებული მქონდა. იმდენად არ მიყვარდა საბჭოთა კავშირი, ვფიქრობდი, თუ ამერიკაში წავიდოდი, იქ მივაღწევდი დიდ არქიტექტურულ დონეს. ზოგადად, მეგონა, რომ ამერიკაში წასვლა იყო ჩემი ხსნა. მქონდა ოცნება, ცოლიც ამერიკელი მომეყვანა. წავსულიყავი ლოს–ანჯელესში, ჰოლივუდში, მაგრამ ამდენი წლები გავიდა და უფალს ძალიან ხშირად ვეუბნები მადლობას, რომ გადამარჩინა იქ წასვლისგან. მაშინ ამერიკაში რომ გავმგზავრებულიყავი, იქ, მე, როგორც პიროვნება, როგორც ქართველი, გავქრებოდი. უფალმა ჩემს ტკბილ სამშობლოში, ჩემს საქართველოში სულიერად დამაბრუნა, რასაც ყველას ვუსურვებ.

როდესაც დიპლომი ავიღე, საპროექტოში დავიწყე მუშაობა, სადაც ხელმძღვანელობდა ალიკა ქურდიანი. იქ მუშაობდა ჩემი მეგობარი, გიორგი ჭკუასელი, რომელიც იცნობდა ბერებს. მე იმდენად ხშირად ვამბობდი, ამერიკაში მინდოდა წასვლა–მეთქი, რომ ერთხელაც გამიბრაზდა და მითხრა, წადი ეკლესიაში, ამერიკაც გექნება, გამარჯვებაც და სხვა ყველაფერს მოგცემს უფალიო. მე ვიცნობ მამა სერაფიმეს და მასთან მიდიო. დეკემბერი იყო ეს რომ მითხრა, მეც, 17 დეკემბერს, ბარბარობის დღესასწაულზე დილიდან რამდენიმე ტაძარი მოვილოცე და ღმერთს შევთხოვე, ამერიკაში წასვლა შემძლებოდა, გადავწყვიტე, რომ ყოველ დღე ვივლიდი ტაძარში, ოღონდ უფალს ამერიკაში გავეშვი, მაგრამ ცოტა ხანში აზრი შემეცვალა და უკვე საქართველოში დარჩენას და ქართული ოჯახის შექმნაში შეწევნას ვთხოვდი უფალს. გავიდა 3 თვე და ახლა მონასტერში წასვლაზე ვლოცულობდი, ბერობა მინდოდა. 1 მაისს უკვე საბოლოოდ მონასტერში დარჩენა იყო უფლისადმი ჩემი თხოვნა. 1991 წელს წავედი მამათა მონასტერში. მანამდე, პირველი ბერი, ვინც გავიცანი, არქიმანდრიტი სერაფიმე გახლდათ. ჩემი პირველი მოძღვარი იყო მამა ზაქარია ძინძიბაძე. მონასტრული ცხოვრება მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) მასწავლა, მაშინ მამა იობი გახლდათ. როდესაც გავიცანი, მონასტერში მასთან მივედი. შემდეგ, ბერად რომ აღვიკვეცე, მეუფე დანიელთან (დათუაშვილი) ვიყავი.

ძალიან ბუნებრივად მოხდა ჩემი შინაგანი გარდაქმნა. როდესაც უკვდავებაზე, ცათა სასუფეველზე დავფიქრდი, გავეცანი წმიდა სერაფიმ საროველის ცხოვრებას, მივხვდი ამაოებას და ნელ–ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ, 3–4 თვეში შევიცვალე. 7 თვე ვიყავი მორჩილებაში. იმ პერიოდში მქონდა ერში დაბრუნების უფლება, მაგრამ მივენდე უფალს და უწმინდესის კურთხევით, მოხდა ისე, რომ მარტყოფის მამათა მონასტერში აღმკვეცეს ბერად. მორჩილების პერიოდში აკაკი მერქვა, ბერად რომ აღმკვეცეს, სერაფიმე მიწოდეს. მაშინ უკვე ზეპირად მქონდა შესწავლილი წმიდა სერაფიმე საროველის ცხოვრება.

– დედამ რა გითხრათ, ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღეთ?

– 1990–92 წლებში, რადგან დაინგრა საბჭოთა კავშირი, ახალგაზრდები უკვე შემოდიოდნენ ეკლესიაში, რასაც ძალიან ბევრი მშობელი ეწინააღმდეგებოდა. როდესაც მშობლებთა უმეტესობა განიკითხავდა ეკლესიას, სასულიერო პირებს, თვით პატრიარქს, ჩიოდნენ პოლიციაში, რომ მათი შვილები დაებრუნებინათ ეკლესიიდან, მათგან განსხვავებით, დედაჩემმა მე ლექსით დამლოცა. "თუკი გზა აირჩიე, მძიმე და უწმინდესი, ანგელოზი გფარავდეს წმიდა სერაფიმესი". მისი დაწერილი ლექსის ფრაზაა, რომელიც ომის დროს მომიძღვნა.

– მეუფე, თქვენ იყავით ფოკის მონასტრის პირველი წინამძღვარი, თქვენი იქ ყოფნის დროს აღორძინდა მონასტრული ცხოვრება. როგორ გაიხსენებთ იმ პერიოდს, მაშინ საქართველოში მძიმე ვითარება იყო.

– 1991 წელს წავედი მარტყოფის მამათა მონასტერში, აღვიკვეცე ბერად. 1992 წლის ზაფხულში, მღვდლად დამასხეს ხელი და გამაგზავნეს ჯავახეთში, სადაც დაიწყო, ჩემი, როგორც მოძღვრის და სასულიერო პირის მოღვაწეობა. 1995 წლამდე ვიყავი ფოკის მონასტრის წინამძღვარი. ეს იყო ყველაზე მძიმე წლები და წუთები, მაგრამ ამავდროულად, შრომით, იმედით, სიყვარულით, მოთმინებით გადადგმული პირველი ნაბიჯები ბერობის. იმ სოფელში, ქართველები თითქმის არც უნახავთ. მეუბნებოდნენ, ეს თქვენი მიწა არ არის და უკან უნდა დაბრუნდეთო. ადრე იქ შესვლა პასპორტით შეიძლებოდა. უწმინდესს ფოკაში მონასტერი რომ დაეფუძნებინა, ჩაწერა დასჭირდა. ჩაუწერავად, ფარავნის ტბასთან, სახლის და ტერიტორიის შეძენის უფლება არავის ჰქონდა. ჩვენც ჩავეწერეთ და გავხსენით იქ მონასტერი. ომის დროს, დაძაბული ვითარების ფონზე, გვიწევდა იქ მსახურება. 1995 წელს, სამი ახალგაზრდა მოძღვარი, ახლანდელი მიტროპოლიტები იოსები (კიკვაძე), ისაია (ჭანტურია) და მე მღვდელმთავრებად გამოგვარჩიეს. ეს იყო პირველი ახალგაზრდა მღვდელმთავრების კურთხევა.

– მეუფე, უკვე 15 წელია მღვდელმთავარი ბრძანდებით. მძიმეა ეს ჯვარი?

– საკმაოდ მძიმეა მღვდელმთავრის ჯვარი. ჩემს სიტყვაში, რომელიც ჩემი ეპისკოპოსად წარდგინების დროს, 1995 წელს ვთქვი, აღვნიშნე, ჩემი ნება რომ იყოს, მე დავბრუნდებოდი მონასტერში და ბოლომდე იქ ვიქნებოდი, მაგრამ ვინაიდან უნდა დავემორჩილოთ უწმინდესის აზრს და კურთხევას, ამიტომ მე ვიღებ ამ ჯვარს, რომელიც საკმაოდ მძიმეა–მეთქი. მძიმეა, იმიტომ, რომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ძალიან თვალსაჩინოა მღვდელმთავრის მოღვაწეობა. ყველას აინტერესებ, ყველა გიყურებს და შენგან სიახლესა და სიძლიერეს ელოდება.

მეუფე სერაფიმე, თქვენი ეპარქიის ამჟამინდელ მდგომარეობაზეც გვესაუბრეთ, რამდენი ეკლესია–მონასტერი, სასულიერო პირია და რა პრობლემები გაქვთ?

– 1995 წელს დამადგინეს ბორჯომისა და ახალქალაქის ეპარქიის მმართველად. მაშინ სულ 2 ეკლესია არსებობდა, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობისა და ტიმოთესუბნის, სადაც მეუფე საბა (გიგიბერია) გახლდათ წინამძღვარი. 2002 წლიდან ბორჯომ–ბაკურიანის ეპისკოპოსად ვიწოდები, რადგან ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქია ცალკე სამღვდელმთავროდ ჩამოყალიბდა. ღმრთის წყალობით, დღეს ბორჯომის ეპარქიაში უკვე 43 ეკლესიაა, აქედან 25 მოქმედია. გვყავს 15 სასულიერო პირი. წმიდა სერაფიმ საროველის შეწევნით, ბატონ თამაზ კურტანიძემ ულამაზეს ადგილას, სადგერის გზაზე, სერაფიმ საროველის სახელობის სასწაულმოქმედი პატარა ეკლესია ააშენა. სადაც გვაქვს იმ ქვის ანალოგი, რომელზეც ათასი დღე და ღამე ლოცულობდა სერაფიმ საროველი. ვინც მოდის, იმ ადგილით ყველა იხიბლება. რუსი ეპისკოპოსი და მოძღვარი იყვნენ ჩამოსულები და ისინიც ძალიან დიდი შთაბეჭდილების ქვეშ მოექცნენ და აღნიშნეს, რომ ეს ადგილი ასლია იმ უდაბნოსი, სადაც სერაფიმ საროველი მოღვაწეობდა. გარდა ამისა, მთაზე ვაშენებთ ფოთოლეთის უნიკალურ მამათა მონასტერს, რომელიც გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, ქრისტეფორესა და თეოდორეს მიერ არის დაარსებული. ასევე, ეკლესია განვაახლეთ გიორგი მთაწმინდელის მშობლიურ სოფელ ტაძრისში, სადაც 10 ივლისს, წმიდანის ხსენების დღეს, დიდი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. ეპარქიაში ძალიან ერთგული მრევლია, მაგრამ მატერიალურად გვიჭირს. ხალხს არ აქვს შესაძლებლობა, რაც სურთ, ის გააკეთონ. რაც შეეხება პრობლემებს, ჩვენი გულისტკივილია ის, რომ ბორჯომის ცენტრში აგვიშენეს ე.წ. იაღოველთა სახლი, რომელსაც ეწოდება იაღოველთა სამეფო დარბაზი. ბორჯომში იმდენი იაღოველები არ არიან, რომ ცენტრში ამხელა სახლი აიშენონ. ეს ფაქტი ყველამ უარყოფითად მივიღეთ, ძალიან განვიცადეთ, პატარა აქციაც მოვაწყეთ თხოვნით, რომ გადაეტანათ ცენტრიდან, მაგრამ მათ ძალიან დიდი მფარველები ჰყავთ. ამის პარალელურად, მინდა აღვნიშნო ის, რომ უცხოეთში, ჩვენ არ გვაძლევენ უფლებას, არათუ ცენტრში, სადმე, ცალკე, ქართული ეკლესია დავაფუძნოთ. საბერძნეთში, ქართული წირვა–ლოცვა ბერძნულ ეკლესიებში ტარდება, არ გვიბრუნებენ ჯვრის მონასტერს, ბეთლემის სახლიდან ქართველი დედები გამოიყვანეს. ევროპაშიც ძალიან ძნელია ქართული ეკლესიის დაფუძნება. ერთი ქართული ტაძარია პარიზში, ისიც სარდაფში გახსნილი. სამაგიეროდ, ჩვენთან რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლებს თუ რამეს ვეტყვით, უზარმაზარი შენიშვნები მოდის საელჩოებიდან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან. 20 წლის წინ, როცა ქართველ მონაზვნებს და მოძღვარს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერმა არაქართველმა, ამაზე ხმა არავინ ამოიღო. პირიქით, მიგვითითეს, რომ უნდა მოგვეთმინა. მინდა ეს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველამ კარგად გაიგოს, ნებისმიერი უცხო რელიგიის წარმომადგენლების საქართველოში შემოსვლის მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი გაჭირვებული ქართველი აცდუნონ, გადაიბირონ და მიიზიდონ თავიანთ ეკლესიაში. ჩვენ კი, ქართული სასულიერო პირები, როდესაც საზღვარგარეთ ეკლესიებს ვაფუძნებთ, არ გვაინტერესებს იტალიელის, ფრანგის თუ სხვა ეროვნების წარმომადგენლის გადმობირება მართლმადიდებლურ სარწმუნოებაზე, არამედ, მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ ჩვენი თანამემამულეები შემოვიყვანოთ ეროვნული ეკლესიის წიაღში, რათა მათ არ დაკარგონ არ მშობლიური სარწმუნოება, ენა, ტრადიცია და არ დაარქვან თავიანთ შვილებს ანა–მარია, ხოსე–დიასი და სხვა... რაც ნიშნავს ჩვენი ტრადიციის, ჩვენი გენის დაკარგვას, რაზედაც გვაფრთხილებდა და გვეუბნებოდა დიდი ილია ჭავჭავაძე.

– წლების შემდეგ, თქვენ შეძელით და რამდენიმე თვის წინ, მშობლიურ ქალაქს ესტუმრეთ. გვიამბეთ ამის შესახებ.

– შარშან, აფხაზეთის მთავრობას ვთხოვე, მოეცათ ჩემს მშობლიურ კუთხეში შესვლის უფლება. პატრიარქის კურთხევის მოშველიებით, მართლაც, ჩემთვის გამონაკლისი დაუშვეს და გალის გავლით, ჩავედი სოხუმში. 17 წელიწადი არ ვიყავი იქ ნამყოფი და გარდა იმისა, რომ სახლი და დედა მენატრებოდა. (დედაჩემი მყავდა ნანახი, რამდენიმე წელიწადში ერთხელ ჩამოდის ხოლმე თბილისში), ასევე, განსაკუთრებით მენატრებოდა ორი რამ,Åრაც ხშირად მესიზმრებოდა კიდეც, სოხუმის ევკალიპტის სუნი და სოხუმის წყლის გემო. ისეთი სურნელება და წყარო, როგორიც სოხუმშია, მსოფლიოში არ არსებობს. მადლიერებით აღვნიშნავ, რომ იქ ჩასულს სერგეი შამბა დამხვდა და პატივით მიმიღო, კურთხევაც აიღო ჩემგან. მიმასპინძლა, უზრუნველყო ჩემი უსაფრთხოება. დამპატიჟა ბიჭვინთაში, ახალ ათონში. 4 დღე დავყავი. ჩემის სახლის ირგვლივ სულ სხვა მეზობლებია, მოვინახულე ახლობლები. ძირითადად, აფხაზები. აფხაზეთში არსებობს ოჯახები, სადაც ქართველების ნოსტალგია აქვთ, მაგრამ ხმამაღლა ქართველების მიმართ სიმპათიას არ გამოხატავენ. ნახევრად აშენებულია ქალაქი. ვნახე გაკეთებული ქუჩები, სასტუმროები, სანაპირო. ეტყობა, რომ ნაომარი ქალაქია, მაგრამ ახალი ძვრებიც ჩანს.

– საინტერესოა, როგორია თქვენეული ხედვა აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით?

– აფხაზეთში ომის დაწყებას, მე მივიღე, როგორც კატასტროფა და ტრაგედია. სამწუხაროდ, თბილისში, იყვნენ ადამიანები და ოჯახები, რომლებიც ამბობდნენ, აფხაზებს ჩვენ ბოლოს მოვუღებთ, ისინი ერთი სტადიონი ხალხია, ერთი ბომბი ეყოფათო. მე ამას ყოველთვის გულისტკივილით ვისმენდი და ვთვლიდი, რომ ჩვენი ჯარის იქ შეყვანა, იყო დიდი შეცდომა. 14 აგვისტოს, მონასტერში ვიყავი, საღამოს რომ მითხრეს, სოხუმი ავიღეთო. ეს ფაქტი მაშინ ყველას ახარებდა, მხოლოდ მე ვთქვი, რომ ეს კარგად არ დამთავრდებოდა. იმ კუთხის შვილი ვარ, მამის, ბაბუის საფლავი იქ მაქვს და ვიგრძენი, რომ ეს არ იყო ასე მარტივად მოსაგვარებელი საქმე. სხვანაირი მიდგომა იყო საჭირო. იმ პერიოდში როდესაც ქართველებს დაპირისპირება ერთმანეთში ჰქონდათ, გვესმოდა ეკლესიის დიდი განკითხვაც. ითხოვდნენ პატრიარქის დადგომას რომელიმე პოლიტიკური მხარესთან. 1992 წელს ახლადნაკურთხი მღვდელი ჩავედი აფხაზეთში. სოხუმში მეკითხებოდნენ, თქვენი ილია რატომ არ მოვიდა მიტინგზეო. მრავალი ცოდვისა და განკითხვის დანახვისას, დედას ვუთხარი, სოხუმს დავკარგავთ–მეთქი. ამის გახსენების მე არ მერიდება. მე იქ მინახავს ქართველების მიერ ჩადენილი მრავალი ცოდვა, აფხაზების დაჩაგვრა, შემდეგ ის ყველაფერი ჩვენ უკან მოგვიბრუნდა. ომის დროს ორჯერ მოვინახულე ოჯახი, დედა და ისევ დავბრუნდი მონასტერში. 1993 წლის 11 სექტემბერს დაბრუნდი მონასტერში და 12–13 სექტემბერს, უკვე გუმისთაზე შეტევა დაიწყო. მე რომ იქ ჩავრჩენილიყავი, ვინ იცის, გადავრჩებოდი თუ არა. მახსენდება, 1997 წელს, ქალაქის გამგეობამ ბორჯომში მცხოვრებ დევნილებთან შეხვედრა მოაწყო. მე მათ დასალოცად მიმიწვიეს. დალოცვის შემდეგ, დევნილებს მივმართე, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ლოცვა, ვიყოთ სულიერნი, სწორი ნაბიჯები გადავდგათ და უფალი მაშინ დაგვაბრუნებს აფხაზეთში–მეთქი. თუ ჩვენ დავუშვებთ ისეთივე შეცდომებს, რაც 1992 წლის 14 აგვისტოს დავუშვით, შეიძლება, კიდევ 300 წელიწადი ვერ ვნახოთ აფხაზეთი. უფალმა თუ დედაქალაქის დაკარგვა დაუშვა 300 წელიწადი, რა იცით, იქნებ, ესაც დაუშვას–მეთქი. ჩემს ამ სიტყვას ძალიან უკმაყოფილო ხმაური მოჰყვა, – მეუფე ამას რას ამბობსო. მათ ყველას ეგონა, რომ იქ დაბრუნება რთული არ იქნებოდა და მალევე შევოდოდით აფხაზეთში. ყოველთვის გულს მტკენს ასეთი აზრები. ჩემი ხედვა, როგორც სოხუმელი კაცის, არის სულ სხვა. მე ვამბობ, რომ აფხაზებთან ძალიან დიდი მუშაობაა საჭირო. თუ საქმე მოითხოვს, ჩვენ აფხაზური ენაც უნდა ვისწავლოთ. იყვნენ ისეთი სოხუმელი ქართველები, რომლებიც გააფხაზდნენ. სხვათაშორის, ჩემი მოგვარეებიც. მინდა აღვნიშნო, რომ იმ დაპირისპირებისა და ომის აცილება ჩვენ შეგვეძლო. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს 20 წელიწადი, ჩვენი ქვეყნის ხელისუფალთ, უწმინდესისთვის რომ დაეჯერებინათ, არანაირი ომი არ მოხდებოდა. უწმინდესის სიბრძნე არის მაგალითი, თუ როგორ უნდა წარიმართოს ქვეყნის ცხოვრება. ამავდროულად პატრიარქი არაა კაცთმოთნე. ერის ადამიანები, თუ მეგობრებენ რომელიმე ქვეყანასთან, ძალასთან, ვარდებიან კაცთმოთნეობაში. საქართველოს სიყვარული გულისხმობს ძალიან სერიოზულ აწონ–დაწონვას, რა და როგორ სჭირდება ერს. როგორ უნდა აუხსნა აფხაზს, რომ არ ეშინოდეს ქართველის და სხვა. აფხაზეთში, საუბრებში მე ვიგრძენი, რომ დღესაც ახსოვთ მხედრიონის სისასტიკე. სიტყვა მხედრიონის ხსენებაზე მათ აძაგძაგებთ, ძალზედ უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. რა თქმა უნდა, მხედრიონში გმირიც იყო და ცოდვილიც, მაგრამ ამ შემთხვევაში, საუბარია იმაზე, თუ ჩვენ რას ვეუბნებით აფხაზებს, ვაღიარებთ მათთან დაშვებულ ჩვენს შეცდომებს? სახარებისეული სიყვარული ხომ ჯერ საკუთარ გულში ჩახედვას გულისხმობს. მე მიყვარს აფხაზი ერი, არ მაქვს მათ მიმართ სიძულვილი და მიმაჩნია, რომ საჭიროა ისეთი მიდგომა, რომელიც საერთო ენას გამოგვანახვინებს. ეს დღევანდელ ვითარებაში ძალიან ძნელია.

– მეუფე, ყველაზე მეტად რა გენატრებათ, ეს უკვე თქვით. მე გკითხავთ, ყველაზე მეტად როდის გწყინთ და როდის გიხარიათ?

– ძალიან მწყინს, როცა სამშობლოს, პატრიარქს აუგად ახსენებენ. როდესაც პატრიარქის სახელს შეურაცხყოფას აყენებენ, მთელი ღამე არ მძინავს, იმდენად განვიცდი. ამაზე ძალიან მტკივა გული. ასევე, ძალიან განვიცდი ქართული სულის, ქართული სოფლის განადგურებას. როდესაც რაიონებში ვხედავ ღარიბ ხალხს, დაუმუშავებელ მიწებს, ჩემში მეგრელების გლეხური სისხლი იღვიძებს, რომელიც ყივის და არ მაძინებს. განსაკუთრებული გულისტკივილი მაქვს, როდესაც დაცარიელებულ ქართულ სოფელს ვხედავ, ეს ხომ ქართულ სულზე პირველი დარტყმაა.

მიხარია მაშინ, როდესაც ქვეყანაში სწორი ნაბიჯები გადაიდგმება. როდესაც ჩემთან ჩამოდიან სტუმრები. კიდევ, ძალიან მიხარია როდესაც უყვართ წმიდა სერაფიმ საროველი. მინდა აღვნიშნო, რომ მისი ლოცვა გადაარჩენს საქართველო – რუსეთის ურთიერთობას, გზას გაკაფავს. ის ლოცულობს ცოდვილ ქართველზეც და რუსზეც.

მეუფე სერაფიმე, თქვენ მამა გაბრიელმა საკუთარი მანტია გაჩუქათ, რომელშიც ბერად აღიკვეცეთ. ამ საკვირველ ბერზეც გვითხარით რამე.

– მამა გაბრიელმა თავისი მანტია მაჩუქა, რითაც ვამაყობ და მიხარია. როცა ეპისკოპოსი გავხდი, ვიფიქრე, რომ არ მჭირდებოდა და ბერული მანტია მამა მაკარის ვაჩუქე, ახლა ვბრაზობ, რატომ ვაჩუქე. თუმცა, ვუთხარი, ბოლოს დამიბრუნებ–მეთქი. მინდა ვთქვა ის, რომ საზოგადოებაში, არცერთ წმიდანზე არ ყოფილა ასეთი მოლოდინი და მოთხოვნა მის წმიდანად შერაცხვაზე, როგორც ეს მამა გაბრიელის შემთხვევაშია. ნებისმიერ ოჯახში, ქუჩაში გეკითხებიან, როდის შერაცხავენ მას წმიდანად. ის უძლურებები და ადამიანური მხარეები, რაც ჩვენთვის გაუგებარია, უფალმა წაშალა და დატოვა ის დიდი სიყვარული და უფალთან მოზიდვის ნიჭი, რაც მამა გაბრიელს ჰქონდა. ვთვლი, რომ ის იყო ძალიან დიდი პიროვნება.

– დაბოლოს, მეუფეო, დალოცეთ სრულიად საქართველო.

– ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ჩემი ტკბილი სამშობლო! უფალმა მთელი ქვეყანა სიყვარულით გაგვაერთიანოს და არა – განკითხვით. მოგვცეს შეცდომების აღქმის უნარი. როდესაც ამას ვიგრძნობთ, სად დავუშვით შეცდომა და რა არის უფლისთვის სათნო, აღდგება საქართველოს სულიერება და სიყვარული, აღდგება ქართული სოფელი, მეურნეობა, ქართული კულტურა, ხელოვნება.

ეფემია წიკლაური



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პატრიარქი ილია II
კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online