asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რებეკა (ნაწილი II)
რებეკა (ნაწილი II)
რებეკა (ნაწილი II)

2010-06-22 14:55:50



ნაწილი I
ნაწილი II
ნაწილი III
ავტომობილში მის გვერდით დავჯექი და ჩემი გასეირნებაც დაიწყო. თურმე მონტე კარლოს საერთოდ ვერ ვხედავდი, ან თუ ვხედავდი, ვერ ვამჩნევდი. მართალია, ჩვეულებრივად მეცვა, მაგრამ თავს მაინც დიდად და ჩემს თავში დარწმუნებულად ვგრძნობდი. ზღვიდან მსუბუქი ქარი ქროდა, ჩვენ კი ვმასლაათობდით და მხიარულად ვიცინოდით.
რაკი ქარი ქროდა, ხატვა შეუძლებელი აღმოჩნდა და მხოლოდ იმ თვალწარმტაცი ადგილების დათვალიერებას დავჯერდით, ჩემს ალბომში რომ უნდა აღმებეჭდა, მერე კი გზა განვაგრძეთ.
მისის ჰოპერთან ერთად ზოგჯერ ძველი "დაიმლერითაც" მისეირნია, რომელსაც ის მთელი სეზონით ქირაობდა ხოლმე, მაგრამ მაშინ მოძრაობისკენ ზურგით დაჯდომა მიწევდა და თავის ხშირ–ხშირად ტრიალი, წინ რომ დამენახა რამე. ამჯერად ჩვენი ავტომობილი სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა, ბოლოს კი იმ ადგილას გავაჩერებინე, საითკენაც მივიჩქაროდით და მანქანიდან გადმოვედით. აქ ქარი არ ქროდა, მაგრამ სიცივეს ვგრძნობდი.
– ამ ადგილს იცნობთ? – შევეკითხე მე, – აქ ადრეც ყოფილხართ?
მას არაფერი უპასუხია და ისე უაზროდ შემომაცქერდა, თითქოს მთვარეული იყო. წამით იმ ფიქრმაც კი გამიელვა, ეს კაცი არანორმალური ხომ არ არის–მეთქი ან სულაც ავადმყოფი.
– უკვე გვიანია, – ალერსიანი ხმით მივმართე მას, – იქნებ შინ დავბრუნებულიყავით? ის გონს მოეგო და მობოდიშება დამიწყო:
– მაპატიეთ... ცოტა დავიბენი... ისე, ჩემი მხრივ სისულელე იყო, ამ სიმაღლეზე რომ ამოგიყვანეთ. მანქანაში ჩაჯექით და არ ინერვიულოთ. დაღმართი უფრო იოლი გასავლელია, ვიდრე აღმართი.
– გამოდის, აქ ადრეც ყოფილხართ.
– ჰო, დიდი ხნის წინ. მაინტერესებდა, როგორ შეიცვალა აქაურობა.
– მერე რა დასკვნა გააკეთეთ?
– არაფერი შეცვლილა, აბსოლუტურად არაფერი.
დაღმართი უხმოდ ჩავიარეთ და შოსეზე რომ გავედით, ის მანდერლიზე ალაპარაკდა: – მანდერლი მართლა წალკოტს ჰგავდა. ვინ იცის, ჩვენს ორანჟერეებში რა ყვავილებს არ ვახარებდით. წელიწადის რვა თვე მანდერლის ოთახებში ლარნაკები ცოცხალი ყვავილებით იყო სავსე...
ის გატაცებით ლაპარაკობდა, მე კი ყურადღებით ვუსმენდი. ბოლოს, როცა ავტომობილი ოტელის წინ გააჩერა, კარის ჯიბეში ჩემი ხელთათმანების ამოსაღებად ხელი ჩავყავი და თხელ წინგს წავაწყდი.
– ეს ლექსებია, – მიმიხვდა ის, – შეგიძლიათ წაიღოთ და თუ დრო გექნებათ, წაიკითხოთ კიდეც. ახლა გადადით, მე კი მანქანას გარაჟში დავაყენებ. ჰო, მართლა, სადილზე ვერ გნახავთ, რადგან სხვაგან ვარ დაპატიჟებული. ისე, დიდი მადლობა, მთელი დღე ჩემთან რომ გაატარეთ.
– პირიქით. ძალიან სასიამოვნო იყო.
კიბეზე ავდიოდი და თან იმაზე ვფიქრობდი, უმისოდ მოსაწყენი საღამო რომ მელოდა.
მისის ჰოპერის შეკითხვების თავიდან ასაცილებლად რესტორანს მივაშურე, შორეულ კუთხეში მივჯექი, ჩაი შევუკვეთე და მოწყენილმა წიგნი გადავშალე. პირველი, რაც თვალში მეცა, შემდეგი სტრიქონი იყო:
"რაც შემეძლო, გავაკეთე, დაე, სხვამ უკეთესად გააკეთოს".
მაშინვე მანდერლიზე მისი მონაყოლი გამახსენდა. თუ ასე უყვარდა, მონტე კარლოს გამო რატომ მიატოვა? ანდა მისის ჰოპერს რატომ უთხრა, მამული სასწრაფოდ დავტოვეო?
წიგნი გადავფურცლე და პირველ გვერდზე სამახსოვრო წარწერა შევნიშნე: "მაქსს რებეკასაგან. 17 მაისი". ხელწერა თავისებური იყო, რაღაცნაირად დაღმანჭული. ანაზდად მისის ჰოპერის ნათქვამი გამახსენდა: "ეს საშინელი ტრაგედია იყო. თურმე ქალმა თავი მანდერლის სიახლოვეს მდებარე ყურეში დაიხრჩო".
მეშინოდა, მისის ჰოპერს ყველაფერი არ შეეტყო.
– დღეს რას აკეთებდით? – მეკითხებოდა ჯერ ისევ ბალიშებზე მიწოლილი.
– მწვრთნელთან ერთად ტენისს ვთამაშობდი, – ვცრუობდი, თან მეშინოდა, იმ დროს ოთახში მწვრთნელი არ შემოსულიყო.
– ეს კარგია, – მპასუხობდა ქალი, თან ღვარძლიანად დაამატებდა ხოლმე, – თორემ თამაში საერთოდ არ იცით.
ორ კვირაზე მეტი იყო, რაც კორტებზე საერთოდ არ ვყოფილვარ, სამაგიეროდ, მისტერ ვინტერთან ერთად ვსაუზმობდი, მერე კი მისი მანქანით ქალაქში ვსეირნობდით. როცა დერეფანს გავირბენდი და მის მანქანასთან გავჩნდებოდი, მისტერ ვინტერი გაზეთს გვერდზე გადადებდა, გამიღიმებდა და შემეკითხებოდა:
– აბა, დღეს სად წავიდეთ?
– სადაც თქვენ ისურვებთ, – ვპასუხობდი და მის გვერდით მოვკალათდებოდი.
– დღეს ცოტა გრილა, – მეტყოდა ზოგჯერ, – ჩემს პალტოს მოგახურავთ. მეც უარს არ ვეუბნებოდი და ვოცნებობდი, ეს ბედნიერი წუთები არასოდეს დამვიწყებოდა. როცა ერთხელაც მას ეს გავუმხილე, სიცილით შემეკითხა:
– რისი დამახსოვრება გინდათ? მონტე კარლოს სილამაზის თუ მანქანას რა კარგად ვატარებ?
– მინდა, 36 წლის ვიყო, აბრეშუმის შავი კაბა მეცვას და მარგალიტის ყელსაბამი მეკეთოს.
– მაშინ აქ არ იჯდებოდით.
– მითხარით, ყოველდღე რატომ მასეირნებთ?
– იმიტომ, რომ ოცდათექვსმეტის არ ხართ და არც შავი აბრეშუმი გაცვიათ.
– თქვენ ჩემ შესახებ ყველაფერი იცით, მე კი მხოლოდ ის, რაც თქვენი გაცნობის პირველ დღეს ვიცოდი.
– მაინც რა იცოდით?
– რომ მანდერლიში ცხოვრობდით და ცოლი დაკარგეთ, – წამომცდა უცებ და მაშინვე ვინანე.
სახეზე რომ შევხედე. მივხვდი, უცხოსთან რომ ვიჯექი, ისეთი მოღუშული იყო. ბოლოს შემომხედა და ალაპარაკდა:
– ჩემთან პირიქითაა. წარსულის დავიწყება მინდა, მაგრამ ვერ ვახერხებ. ასე იყო მაშინაც, მთაზე რომ ავედით და როცა გითხარით, აქ არაფერი შეცვლილა–მეთქი. სინამდვილეში ჩემში შეიცვალა რაღაცა. იქ რამდენიმე წლის წინ ცოლთან ერთად ვიყავი, ახლა კი უცებ ვიგრძენი, რომ წარსულის მოგონებები თითქოს მინელდა და ჩემთვის უმნიშვნელო გახდა. ეს ყველაფერი კი თქვენ გამო მოხდა. მონტე კარლოშიც თქვენ გამო დავრჩი, თორემ იტალიაში, საბერძნეთში ან სადმე სხვაგან ვიქნებოდი. ავტომობილითაც იმიტომ გასეირნებთ, თქვენ გვერდით ყოფნა რომ მინდა. აბა, რას იტყვით?
– შინ მინდა... – ვიგრძენი, როგორ გავწითლდი და საცაა, ავტირდებოდი კიდეც. მან უხმოდ ჩართო მოტორი და სულ მალე ოტელთან ვიყავით. ღაწვებზე ცრემლები ჩამომდიოდა, მაგრამ არ მსურდა, მას შეემჩნია და უხმოდ ვყლაპავდი. უეცრად მან ჩემი ხელი აიღო, მაკოცა და თავისი ცხვირსახოცი ჩამიკუჭა...
თავს პატარა, მიტოვებულ გოგონად ვგრძნობდი, მაგრამ სახე ცხვირსახოცით მაინც მოვიწმინდე და უკან დავუბრუნე, მან კი ბეჭებზე მომხვია ხელი და თავისკენ მიმიზიდა:
– ასაკით შვილად შემეფერებით, მე კი ასეთებთან ურთიერთობას უკვე გადავეჩვიე. ოჯახში მაქსიმს მეძახდნენ. იქნებ თქვენც ასე მოგემართათ ჩემთვის? ამდენი ოფიციალურობა განა მოსაბეზრებელი არ არის?
ამ სიტყვებით ის კიდევ უფრო გადმოიხარა ჩემკენ, კისერზე მაკოცა, გაიცინა და თქვა:
– პირობა მომეცით, რომ აბრეშუმის შავ კაბას არასოდეს ატარებთ. ყველაფერი ეს ძალიან ბუნებრივად მოხდა და ჩემდა გასაკვირად, არც რამე უხერხულობა მიგრძვნია.
როგორც კი მისის ჰოპერთან შევედი, მაშინვე შემეკითხა:
– მაქს ვინტერი ჯერ ისევ ოტელში ცხოვრობს?
– ჰო. რესტორანში ვხედავ ხოლმე.
მას მეტი აღარაფერი უკითხავს და ჩვეულ ტირადას მოჰყვა:
– ძალიან მიმზიდველი მამაკაცია, ოღონდ ძნელად მისადგომი. ცხადია, შეეძლო, მანდერლიში მივეპატიჟე, მაგრამ ეს არ უქნია, ალბათ ზედმეტი თავშეკავებულობის გამო... მისი ცოლი არასოდეს მინახავს, მაგრამ ამბობენ, ძალიან ლამაზი და ელეგანტური ქალი იყოო. რამდენადაც ვიცი, ვინტერი მას აღმერთებდა, საბრალო ქალი კი სრულიად მოულოდნელად ტრაგიკულად დაიღუპა... როგორც ამბობენ, ადრე თურმე მანდერლიში გრანდიოზულ წვეულებებს მართავდნენ, ცოლი კი თურმე მისტერ ვინტერს მაქსს ეძახდა და არა მაქსიმს, როგორც ოჯახის სხვა წევრები. ამ კაცს ამიერიდან მეც მაქსიმით უნდა მივმართო, რადგან მაქსის დაძახების უფლება ალბათ მხოლოდ მის ცოლს ჰქონდა.
დილით, როცა მისის ჰოპერს ყავას ვუსხამდი, წერილი გამომიწოდა და მითხრა:
– პატარა ნენსის აპენდიციტის მწვავე შეტევა ჰქონია და ელენი მასთან ერთად ნიუ იორკში ბრუნდება. ევროპა მეც მომბეზრდა და შინ დაბრუნებას ვაპირებ. ნიუ იორკი ალბათ თქვენთვისაც სასურველი იქნება.
სახეზე შემატყო, ამ პერსპექტივამ რომ არ აღმაფრთოვანა.
– რა უცნაური გოგო ხართ. ნიუ იორკში უამრავი გასართობია. ნუთუ მონტე კარლომ ასე მოგხიბლათ?
– მივეჩვიე.
– ნიუ იორკსაც შეეჩვევით. ჩვენ ელენთან ერთად გავემგზავრებით, მანამდე კი პარიზში უნდა მოვხვდეთ, ამიტომ კანტორაში წადით და ბილეთები შეუკვეთეთ. ვიდრე კანტორაში წავიდოდი, სააბაზანოში შევიკეტე, შექმნილ სიტუაციაში რომ გავრკვეულიყავი. მაქსთან დამშვიდობებას, ცხადია, შევძლებდი, მაგრამ განა ეს დამამშვიდებდა? მე ხომ მთელი არსებით ვგრძნობდი, ეს ქვრივი კაცი თავდავიწყებით რომ შემიყვარდა და მასთან სამუდამო განშორებას როგორ უნდა შევგუებოდი? მერე იქნებ წერილებიც მოეწერა და შობის დღესასწაულიც მოელოცა, მაგრამ განა ეს კმაროდა?
– მანდ ხომ არ ჩავარდით? – მომესმა უცებ მისის ჰოპერის მკაცრი ხმა, – მგონი დროა, ოცნებებს შეეშვათ და რეალობას დაუბრუნდეთ!
მეც, ცხადია, მაშინვე გარეთ გამოვედი და მისის ჰოპერთან ერთად რესტორანს მივაშურე. ვიცოდი, მაქსი რომ იქ არ დამხვდებოდა, რადგან წინადღით გამაფრთხილა, კანში მივემგზავრები და გვიან დავბრუნდებიო. მიუხედავად ამისა, მაინც ვღელავდი და საუზმემაც ისე ჩაიარა, ხმა არ ამომიღია.
* * *
თელი ღამე ტირილში გავატარე, დილით კი დასიებული თვალებით გამეღვიძა.
– ხომ არ გაცივდით? – შემეკითხა მისის ჰოპერი, როცა შემომხედა.
– არა, არა... ცოტა ცუდად მეძინა.
– ლოდინს ვერ ვიტან, – თქვა ჩემმა კომპანიონმა, – ახლავე ელენს უდეპეშეთ, ადრე ჩამოვდივართ–თქო, მერე კი კანტორაში მიდით და ბილეთები შეაცვლევინეთ. ამ ქალს უკვე ვეღარ ვიტანდი. რა უფლება ჰქონდა, ჩემზე ემბრძანებლა? ოთახიდან გამოსულმა კიბე ავირბინე, 148–ე ნომერთან გავჩერდი და კარზე დავაკაკუნე.
– შემოდით, – მომესმა მაქსის ხმა.
კარი შევაღე. ის ფანჯარასთან იდგა და იპარსავდა.
– რაშია საქმე? მოხდა რამე? – შემოტრიალდა.
– გამოსამშვიდობებლად მოვედი. ჩვენ ნიუ იორკში მივემგზავრებით, ანუ ჯერ პარიზში, მერე შერბურში, იქიდან კი გემით ამერიკაში.
– და თქვენც მიჰყვებით?
– აბა, რა ვქნა? მე ხომ მისი კომპანიონი ვარ.
– დაჯექით და დამიცადეთ. სააბაზანოში შევალ, ჩავიცვამ და მერე მოგხედავთ. ხუთი წუთის შემდეგ ის უკვე მზად იყო.
– რესტორანში ჩავიდეთ და იქ ვისაუბროთ, – მან კარი გამოაღო და ლიფტისკენ წავიდა.
– ძალიან მეჩქარება, – დავედევნე უკან, მაგრამ აღარ მისმენდა.
– რა მივირთვათ? – შემეკითხა ის, როცა მაგიდას მივუსხედით.
– მე უკვე ვისაუზმე, თან სულ ხუთი წუთი მაქვს.
– მაშინ მე კვერცხს, ჯემს, ფორთოხალსა და ყავას შევუკვეთავ, – მან ოფიციანტს უხმო, შეკვეთა მისცა, მერე კი მე შემომაცქერდა, – მაშ, მისის ჰოპერს სახლი მოენატრა? სხვათა შორის, მეც იგივე მჭირს, ოღონდ ის ნიუ იორკში მიემგზავრება, მე კი მანდერლიში. თქვენ? თქვენ სად გირჩევნიათ?
– რატომ დამცინით?
– სულაც არა. სერიოზულად გეკითხებით: მისის ჰოპერთან ერთად ნიუ იორკში გამგზავრება გირჩევნიათ, თუ ჩემთან ერთად მანდერლიში?
– პირად მდივნობას მთავაზობთ?
– ჩემს ხელს გთავაზობთ, სულელო!
– ჰო, მაგრამ... მე ხომ თქვენი წრიდან არ ვარ...
– და როგორია ეს წრე?
– მდიდრული მამული მანდერლიში... წვეულებები... სტუმრები მაღალი საზოგადოებიდან...
– რა სისულელეა, – მომიჭრა მან, – ისევ გეკითხებით, ხართ თუ არა თანახმა, ჩემი ცოლი გახდეთ?
– თქვენ... თქვენ... – ენა დამება, – მომწონხართ, თანაც ძალიან... მე თქვენ... მიყვარხართ... მეგონა, ვეღარ გნახავდით და მთელი ღამე ვტიროდი... მან გაიცინა და ხელი გამომიწოდა:
– მთავარზე უკვე შევთანხმდით. ამიერიდან ჩემი კომპანიონი იქნებით და არა მისის ჰოპერის. თაფლობისთვეს ვენეციაში გავატარებთ და ხელიხელჩაკიდებულნი გონდოლათი ვისრიალებთ, მერე კი მანდერლიში გავემგზავრებით, რომელიც ძალიან მომენატრა.
– მაქს... – დავიწყე მე, მან კი შემაჩერა:
– მართლა, ამ ახალ ამბავს მისის ჰოპერს ვინ ეტყვის, მე თუ თქვენ?
– ჯობს, თქვენ უთხრათ.
– კარგი, ასე იყოს.
რესტორნიდან რომ გამოვედით, ის ხმადაბლა შემეკითხა:
– 42 წლის მამაკაცი მოხუცად ხომ არ გეჩვენებათ?
– არა, რას ამბობთ... – მივუგე სწრაფად და მგონი, გავწითლდი კიდეც. როცა მისტერ ვინტერმა კარი შეაღო, მისის ჰოპერი შეძახილით შემოგვეგება:
– მადლობა ღმერთს! აქამდე სად ხართ?
– მისის, ჩემი ბრალია ყველაფერი, – მშვიდად მიუგო მაქსმა, მე კი მაშინვე საძინებელს მივაშურე, მათ მძიმე საუბარს რომ არ დავსწრებოდი.
საწოლზე მაქსის წიგნი იდო სამახსოვრო წარწერით: "მაქსს რებეკასაგან. 17 მაისი". ბევრი აღარ მიყოყმანია, ეს ფურცელი ფრთხილად ამოვხიე, ნაკუწებად ვაქციე, წიგნი კი ძველ ადგილას დავაბრუნე.
ცოტა ხანში კარი გაიღო და საძინებელში მაქსი შემოვიდა:
– ყველაფერი რიგზეა. თავიდან შოკში ჩავარდა, ახლა კი მგონი, გონზე მოდის. შედით და დაემშვიდობეთ. ეს უფრო ლოგიკურია.
ოთახში რომ შევედი, მისის ჰოპერი ფანჯარასთან იდგა და სიგარეტს ექაჩებოდა. მერე შემობრუნდა და ღვარძლიანი მზერა მომაპყრო:
– ყოჩაღ. არ მეგონა, თქვენნაირი უსახური გოგო ასეთ სიმპათიურ მამაკაცს თუ გამოიჭერდა. საინტერესოა, ამას რა საშუალებით მიაღწიეთ?
რაკი არაფერი ვუპასუხე, განაგრძო:
– კიდევ კარგი, ობოლი რომ ხართ, თორემ თქვენები მისტერ ვინტერს რაღაც შეკითხვებს დაუსვამდნენ... თუმცა ეს ყველაფერი მე არ მეხება და აღარც მაინტერესებს. რომ იტყვიან, ხელები დამიბანია. ისე, თუ ხვდებით მაინც, მამად რომ შეგეფერებათ?
– სულაც არა. ის მხოლოდ 42 წლისაა, მე კი ჩემს ასაკზე უფროსად გამოვიყურები. მან გაიცინა, ინკვიზიტორის მზერა მომაპყრო და შემეკითხა:
– რამე უკადრებელი ხომ არ ჩაიდინეთ? კარგით, აღარ ჩაგეძიებით, ბოლოს და ბოლოს, ეს თქვენი უფლებაა. ისე კი, ძალიან მეწყინა, ქორწილში რომ არ დამპატიჟა.
– დიდ ქორწილს არც აპირებს. თან ამ დროს თქვენ უკვე ოკეანეში იქნებით.
– ძალიან მაინტერესებს, მანდერლის მეურნეობას როგორ გაუძღვებით. ჩემს სტუმრებთან ისე იბნეოდით, ორ სიტყვას ვერ აბამდით ერთმანეთს, იქ კი, საზეიმო წვეულებებზე ხომ საერთოდ ბრინჯივით დაიბნევით? მგონი, ვხვდები, ეს კაცი ცოლად რატომაც გირთავთ. მას მარტოობა მობეზრდა და ისეთ ცოლზედაც კი თანახმაა, როგორიც თქვენ იქნებით...
– მორჩით? – მოისმა ამ დროს საძინებლიდან და ოთახში მისტერ ვინტერი გამოვიდა.
ლონდონში გადაუღებლად წვიმდა, როცა მანდერლისკენ დავიძარით. საჭესთან მაქსიმი იჯდა, მე კი მის გვერდით, ზომაზე დიდ ლაბადაში გახვეული.
– ხუთისთვის იქ ვიქნებით, – თქვა მაქსიმმა, – არა მგონია, მანდერლიშიც წვიმდეს. და მართლაც, როცა ექსეტერამდე მივაღწიეთ, წვიმამაც გადაიღო და მზემაც გამოანათა.
– ახლა ხომ კარგად ხარ? – შემეკითხა მაქსიმი.
პასუხად გავუღიმე და მისი ხელი ჩემსაში მოვიმწყვდიე. როგორც ჩანს, ჩემს სიჩუმეს დაღლილობის გამოვლინებად თვლიდა, ჩემი გრძნობები კი საერთოდ არ ესმოდა. ახლა მანდერლიში ჩასვლა ისევე მაშინებდა, როგორც ადრე იქითკენ მივილტვოდი.
– ორი მილი დარჩა, – თქვა მაქსიმმა და ხელი გაითავისუფლა, წინ მოსახვევი იყო, რომელსაც ორივე ხელი სჭირდებოდა, – აი, იმ ტყეს ხომ ხედავ, მის ქვევით კი ზღვის ზოლს? ეს უკვე მანდერლია და ის ტყეც ჩვენია.
თავი იმ ბავშვად ვიგრძენი, პირველად რომ მიჰყავთ სკოლაში, ან სოფლელ მოახლედ, სხვის სახლში რომ მოხვდა.
– ლაბადა გაიძრე, – თქვა მაქსიმმა, – აქ, როგორც ჩანს, საერთოდ არ უწვიმია. ჩემი საბრალო კრავი! ლონდონიდან ისე წამოგათრიე, შენთვის რამდენიმე კაბა და სხვა რაღაცეები არ მიყიდია!
– კაბები არ მაინტერესებს. მგონი, შენთვისაც სულ ერთია, რა მეცმება.
– ქალების უმეტესობას მხოლოდ ეს აინტერესებს და სხვა არაფერი, – გაიცინა მან, მანქანას მოახვევინა, ცოტა გატარა და გააჩერა, – აი, მოვედით კიდეც. რკინის ჭიშკარი რომ გავიარეთ, საყარაულო შევნიშნე, საიდანაც რამდენიმე ცნობისმოყვარე სახე იმზირებოდა. მაქსიმი, როგორც ჩანს, მიხვდა, ძალიან რომ ვღელავდი და ჩემი ხელი ტუჩებთან მიიტანა:
– ნურაფერს მიაქცევ ყურადღებას. მათი ინტერესი ბუნებრივია და მალე გაუვლით. სახლის მეურნეობას მისის დენვერსი უძღვება და მთავარია, მას შეაყვარო თავი. ეცადე, ისეთივე იყო, როგორიც ხარ და მალე ყველაფერი მოგვარდება. არაფერი მიპასუხია. მანდერლის დიასახლისი ამიერიდან მე ვხდებოდი და უმეტესწილად ჩემზევე იყო დამოკიდებული, როგორ ავაწყობდი მომავალ ცხოვრებას.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online