asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მზია მაღლაკელიძის მშვენიერი სიმარტოვე
მზია მაღლაკელიძის მშვენიერი სიმარტოვე
მზია მაღლაკელიძის მშვენიერი სიმარტოვე

2010-06-15 13:12:39



მზია მაღლაკელიძე რუსთაველის თეატრიდან 55 წლის ასაკში გამოუშვეს – ეს მსახიობისთვის ჯერ ისევ გაფურჩქვნის ხანაა. რამდენი როლი დარჩა მის მიღმა... მერე დაურეკეს, მოდი და ითამაშეო, მაგრამ აღარ დაბრუნდა. თავის დროზე კი, გზის დასაწყისში, ის აღმოჩენა იყო აკაკი ხორავასთვის, სერგო ზაქარიაძისთვის, ვასილ ყუშიტაშვილისთვის, მერაბ კოკოჩაშვილისთვის. ახლა ლექციებს კითხულობს თეატრალურ უნივერსიტეტში და მარტო ცხოვრობს იმ სახლში, სადაც მისი მეუღლე, მოქანდაკე ჯემალ შანშიაშვილი გარდაიცვალა და საიდანაც მისი შვილი, ნუცა, შორეული ქვეყნებისკენ გაფრინდა. თეატრის ხათრით და სიყვარულით, ყველას ყველაფერი აპატია.

გრიშაშვილის მზესუმზირა

– საოცრად მოსიყვარულე ოჯახში გავიზარდე. მამა, გუგული მაღლაკელიძე (პრეპარატ "კამელინის" შემქმნელი) საოცრად განათლებული ადამიანი იყო, არაჩვეულებრივი ხმა ჰქონდა და საოცრად მღეროდა. დედაც კარგად მღეროდა, კარგადაც კითხულობდა და მეც ხშირად გამოვყავდი სცენაზე. 7 წლის რომ გავხდი, პიონერთა სასახლეში სოსო გრიშაშვილის ლექსი წავიკითხე – "მზესუმზირა". ამის მერე სოსოს დიდი იუბილე უნდა გამართულიყო ოპერის თეატრში და უთქვამს, თუ გინდათ, მასიამოვნოთ, ის პატარა გოგო გამომიყვანეთ სცენაზეო.

დიდი პედაგოგი ბაბო მჭედლიძე მოვარდა სახლში, სონიკო (მზიას დედა. ავტ.), ჩქარა, მზიამ ლექსი უნდა წაიკითხოს იუბილეზეო. დარჩენილი იყო ერთი კვირა. დეიდამ დიდი, ფაფუკი ხურჯინი მომიქსოვა. 23–ე სკოლის დირექტორი გახლდათ თამარ ხელაშვილი, რომელმაც სასწრაფოდ კახეთიდან ნობათი ჩამოიტანა. არის ხურჯინი, ვარ მე და ლექსი არ გვაქვს, რომელსაც წავიკითხავ. დედამ და დეიდამ გადაწყვიტეს, რომ "მზესუმზირა" აღარ წამეკითხა. ნაზი კილასონია დედას ნამოწაფარი იყო და მას რამდენიმე ლექსი დააწერინა ამ დღისთვის. რა თქმა უნდა, საუკეთესო აარჩია. ბიძაჩემი მხატვარი გახლდათ, მან დამხატა და ხურჯინს ქვეშ ეს ლექსიც მიუწერა. ასე გამოვედი ოპერის თეატრში.

ჩემს წაკითხულ ლექსს საოცარი ტაშის გრიალი მოყვა. სოსო გრძელი მაგიდის იქით იჯდა და გამოიწია, ხელში რომ ავეყვანე, მაგრამ ვერ ამიყვანა. მერე ხელები დამიკოცნა და უცებ სცენიდან გავქრი... ხელიდან ხელში გადავდიოდი და პარტერში ამოვყავი თავი. ისე შემეშინდა, ტირილი დავიწყე... მერე სოსომ თავისი სურათი მაჩუქა წარწერით – "ჩემს პატარა მზიას".

არჩევანი

– ცოტა რომ წამოვიზარდე, დაკომპლექსებული ბავშვი გავხდი. ლამაზი ისედაც არ ვარ, მაგრამ ჩემი თავი ძალიან მახინჯი მეგონა. ხალხი ძუძუების გასადიდებლად ოპერაციებს იკეთებს, მე კი ვმალავდი, ერთი პერიოდი ქუჩაშიც კი არ მინდოდა გასვლა. ტრაგედია მქონდა – ის მაქვს გაბზეკილი, ეს მაქვს დიდი–მეთქი. იმდენად მახინჯი მეგონა ჩემი თავი, რომ იმის თქმასაც ვერ ვბედავდი, თეატრალურ ინსტიტუტში მინდა ჩაბარება–მეთქი. სამი წელი ხან სად შემჩხირეს და ხან – სად. ბოლოს წამოვიკნავლე, იქნებ თეატრალურში ჩავაბარო–მეთქი. დედამ მითხრა, მზეო, დედა გენაცვალოს, აქამდე რატომ არ ამბობდიო. თვითონვე მომამზადებინა ვაჟა–ფშაველას ლექსი.

სპეციალობები გავიარე, მაგრამ რადგან მოხვედრის იმედი არ მქონდა, ქართულის გამოცდაზე მისულმა შესვლა გადავიფიქრე. "შპარგალკები" მქონდა და დარიგება დავიწყე. ამ დროს გოჩა მოვიდა, აბაშიძე და მკითხა, მზია, რას შვრებიო. ვუთხარი, არ ვაპირებ შესვლას და ვარიგებ–მეთქი. შენ ხომ არ გაგიჟდიო და კინწისკვრით შემაგდო გამოცდაზე. გოჩას დამსახურებაა, რომ დღეს მსახიობი ვარ...

საინტერესო ჯგუფი შემხვდა – მე, გოჩა აბაშიძე, ზურაბ ქაფიანიძე, მანანა მაჩაბელი... აკაკი ხორავა გვასწავლიდა, ძალიან მკაცრი იყო, მისი ყველას ეშინოდა, ერთს რომ დაიღრიალებდა, კედლები ზანზარებდა, მაგრამ ჩვენ ძალიან გვათამამებდა. მე გამორჩეულად ვუყვარდი, ჩემი ხმა მოსწონდა. ორ ხუთიანს წერდა – ერთს მე მიწერდა, მეორეს – ზურა ქაფიანიძეს.

მე და გოჩა ბავშვობიდან ვმეგობრობდით. ჩემზე გიჟდებოდა, ისეთი ლექსები აქვს ჩემზე დაწერილი, რომ... გოჩას ამბავი ჩვენთვის დიდი ტრაგედია იყო. სამი დღით ადრე ჩემთან მოვიდა და ოთხი ბოთლი ღვინო მოიტანა. რაღაც საშინლად არეული იყო. რა იყო, რა გემართება–მეთქი. არაფერი, არაფერიო, დატოვა ეს ღვინო და წავიდა, არ დაულევია. მესამე დღეს მოხდა ეს ამბავი (გოჩა აბაშიძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ავტ.).

დიდ სცენაზე

– საფრანგეთიდან ახალი დაბრუნებული იყო დიდი რეჟისორი, ვასილ ყუშიტაშვილი, რომელმაც მუშაობა სოხუმში არჩია. მან აკაკი ხორავას სპექტაკლში მნახა და მოითხოვა, ეს მსახიობი მე მჭირდება, ინსტიტუტს რომ დაამთავრებსო. სოხუმში სამი სეზონი ვიმუშავე. მერე რობიკო სტურუამ, მიშა თუმანიშვილმა და დორიან კიტიამ მნახეს "ბახტრიონში", ლელას ვთამაშობდი და რუსთაველის თეატრში გადმომიყვანეს.

რუსთაველის თეატრში პირველი როლი რობიკოს "სეილემის პროცესში" ვითამაშე. რუსთაველმა კარგად მიმიღო. არასოდეს დამავიწყდება კოტე მახარაძის სითბო. მახსოვს, ახალი ჩიტი ვდგავარ და შემომერტყნენ ახალგაზრდები, რაღაცას მეუბნებიან. მოვიდა და ბიჭებს უთხრა, ბიჭებო, ამას, როგორც ქალს, ისე ნუ შეხედავთ, როგორც ჩემი და, ისე მიიღეთო. ბიჭები ამას მართლა ცდილობდნენ. მერე კი ყველასთან დავმეგობრდი და გავხდი ნაწილი რუსთაველის თეატრის.

"სეილემის პროცესზე" დიდი ბუმი იყო და, სხვათა შორის, ამ სპექტაკლით მოვხვდი "დიდ მწვანე ველში". იქ მნახა მერაბმა (კოკოჩაშვილი. ავტ.). სპექტაკლში იყო ასეთი მიზანსცენა – უცებ მიმდიოდა გული. მერაბმა მითხრა, იცი, რამ გამაოგნაო, შენ სცენაზე მართლა დაკარგე ფერი და მაშინ გავიფიქრე, რომ ჩემს ფილმში უნდა გეთამაშაო. წერილებს უგზავნიდნენ, რომ როლზე არ ავეყვანე, ერთადერთი ადამიანი, რომელიც მხარს მიჭერდა, თან ისე, რომ არც მიცნობდა, კაკო ბაქრაძე გახლდათ. ამ ფილმსაც შეხვდა წინააღმდეგობა და კრიტიკა, რატომ არის ყველაზე საუკეთესოო, მაგრამ ფაქტია, რომ იგი მეოცე საუკუნის მსოფლიოს ას საუკეთესო ფილმშია შესული და დღეს ჩარლი ჩაპლინის გვერდით დევს.

ამ ფილმის გადაღება კარგად მახსენდება. დოდო აბაშიძეს აკრძალული ჰქონდა ჭამა და მერაბი კუდში დასდევდა. დოდო გაიპარებოდა და ჩუმად ჭამდა. ჩვენც ვუბამდით მხარს. იცით, მერაბი ამის გამო რას გვიშვრებოდა?!.. ინკვიზიტორს ვეძახდით.

ტკივილი და პატიება

– იცით, რამდენი ტკივილი და წყენა მახსოვს თეატრიდან, მაგრამ ყველას ყველაფერს ვპატიობ! ერთხელ ერთმა ახლობელმა დამცინასავით, შენ ხომ ყველას ყველაფერს პატიობო. სწორედ იმას ვერ ვაპატიე, კი ვაპატიე, მაგრამ მოვიკვეთე. თეატრი ტკივილი, წყენის, ინტრიგების გარეშე არ არსებობს. თუ ამისთვის არ ხარ მზად, არაფერი გამოგივა. ჩემს სტუდენტებს ადრე თუ ვეუბნებოდი, თუ გაწყენინეს, აპატიე ერთხელ, მეორედ, მესამე და და მერე მოიკვეთე–მეთქი, ახლა ვეუბნები, გაწყენინებს ვინმე, ხიე ღრანჭში და მოიკვეთე, მაგრამ მტრად ნუ დაუდგები–მეთქი. ცხოვრებამ მასწავლა, რომ ვისაც შენი შურს, იმას შენი ბოლომდე შურს.

თეატრიდან წამოსვლის შემდეგ ცხოვრება ოჯახმა შემაძლებინა. არავის გამოვუშვივარ, უბრალოდ, საპენსიო ასაკი რომ მოვიდა, ყველა გაუშვეს, რა თქმა უნდა, ჩემზე ბევრად დიდები და მეც მიმაყოლეს. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მხოლოდ 55 წლის. მერე დამირეკეს, მოდი და ითამაშე შენს სპექტაკლებშიო, მაგრამ მე უარი ვთქვი. აღარ შემეძლო ამდენი თითის ქნევა. ახლაც ძალიან ხშირად ვამბობ უარს. შოთიკო კალანდაძემ სისხლი გამიშრო, თავს არ მანებებს, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ კარგად მიღებს. სერიალშიც (ჩიპსების თაობა. ავტ.) შემთხვევით მოვხვდი, დოლჩეს ბებია რომ ვითამაშე. ხანდახან კი მინდება თამაში, მაგრამ მეზარება თუ არ მომწონს, ზუსტად არ ვიცი.

ორი სიყვარული

– პირველადაც მიყვარდა და მეორედაც. თავდავიწყებით ვიცოდი სიყვარული. პირველ ქმართან (რეჟისორი გიზო ჟორდანია. ავტ.) სამი წელი ვიყავი, მერე დავშორდით. მალევე გავყევი ჯემალს (შანშიაშვილი. ავტ.), მაგრამ ჩემი პირველი ოჯახის დანგრევის მიზეზი ის ნამდვილად არ ყოფილა.

ჯემალი დიდებული პიროვნება იყო. როგორც კი დავინახე, გავიფიქრე, რა საოცარი კაცია–მეთქი. მერე იმანაც შემამჩნია. ძალიან უცნაური ადამიანი იყო, ძალიან განათლებული. რომ ჩაგეკეტა ოთახში და ხელში მიგეცა ფიზიკის წიგნები, ერთ წელიწადში პირველი ფიზიკოსი გამოვიდოდა. ნათელი გონება ჰქონდა.

სამსახიობოც დამთავრებული ჰქონდა, მაგრამ ოლივიე (ლოურენს ოლივიე. ინგლისელი მსახიობი. ავტ.) რომ ნახა, თქვა, მე ოლივიეს მერე სცენაზე არ გამოვალ ან მისი დონის გავხდებიო. მერე გახდა მოქანდაკე. უკვე დიდი იყო, როცა ჩააბარა და დაიმკვიდრა თავისი ადგილი. ახლა კი ვცდილობთ მე და ნუცა სახლ–მუზეუმი გავუკეთოთ.

უცნაური ნუცა

– ნუცა 10 წლის მერე გავაჩინე. უცნაური ბავშვი იყო. ერთხელ რაღაც ნოტაციებს ვუკითხავ და მეუბნება, ნუ გეშინია, იცი, რა კარგი მეგობარი მყავსო. გამიხარდა, მეგობარი გაუჩენია–მეთქი და ვკითხე, ვინ იყო. მიპასუხა, როცა ძალიან მიჭირს, გავდივარ აივანზე და ვეკითხები რჩევას მოცარტსო. იცით, რა მომივიდა?! კისერი მომეღრიცა, გული კინაღამ წამივიდა.

როცა ნუცაზე ორსულად ვიყავი, პირველი 4 თვე საშინელი ტოქსიკოზი მქონდა და სულ მუსიკას ვუსმენდი. მოცარტს როგორც კი მოვკრავდი ყურს, უნდა გავქცეულიყავი და დავწოლილიყავი. მერე კი, უკვე დიდმა რომ მითხრა, მოცარტი მარიგებსო, კინაღამ მართლა გადავხტი მეშვიდე სართულიდან, ისე შემეშინდა.

დედა და დეიდა რომ მომიკვდნენ, არ ვუთხარი, არ ინერვიულოს–მეთქი. დამირეკა, ისედაც ვიცი ყველაფერი და ნუ მიმალავო. თურმე შუა ქუჩაში ღმუილი აუტყდა. მივხვდი, რომ რაღაც მოხდაო.

მთელი ბავშვობა კალთის ქვეშ იზრდებოდა – ბებიები, დედა, მამა მანქანით. სკოლა 16 წლისამ დაამთავრა და აქ რომ ვერ ეწყობოდა ინსტიტუტში, მისი ნათლია, ალეკო რატიანი მოვიდა, მოსკოვში მეგობრები მყავს და იქ შემიძლია უგამოცდოდ დავსვაო. მე თანახმობა ვუთხარი. ალეკო წავიდა და ნუცამ ისტერიკა მომიწყო, ერთადერთ შვილს სად მიშვებო. მერე კი აიწყვიტა და წავიდა...

აქ ასეთ დიდებას ვერ მიაღწევდა, ნიუ იორკში მასზე გიჟდებიან, მოსკოვში ელიტარულ მომღერალს ეძახიან და რისთვის შემეშალა ხელი?! იმისთვის, რომ წყალი მოეწოდებინა ჩემთვის?!

ძალიან ძნელია მარტოობა, მაგრამ რომ მახსენდება, რა სიამოვნება მივიღე მის სპექტაკლებზე... ნახატების გამოფენაც ჰქონდა ნიუ იორკში. ცოტა გული კი მწყდება, აქ ისე კარგად რომ არ იცნობენ, როგორც უცხოეთში, თუმცა რამდენიმე წლის წინ ედიტ პიაფი რომ ჰქონდა ჩამოტანილი, დაინგრა დარბაზი. კონცერტამდე ძალიან ნერვიულობდა, რადგან თუ თბილისმა მიგიღო, ჩათვალე, რომ მსოფლიომ გაღიარა. ქართველები ისეთი მაწაკები ვართ, მეც მაწაკი მაყურებელი ვარ, მაგრამ რამის თქმის საბაბს არ მაძლევს.

ქმარი ამერიკელი ჰყავს, მაგრამ ემიგრანტი, ყარაბაღის ამბები რომ იყო, მაშინ დედამ წაიყვანა იქ. დედა სომეხი ჰყავს, მამა – აზერბაიჯანელი, ტაგიევია გვარად, ბებია – უკრაინელი. ლამაზი კაცია და, რაც მთავარია, კარგი ადამიანია. ყველაფერს თავი დაანება და დაკავებულია ნუცათი. თვითონაც აკეთებს რაღაცეებს, სპექტაკლები დააქვს. შვილი ჯერ არ ჰყავთ. იმედია, მალე ეყოლებათ. შვილზე დიდი შემოქმედება არ არსებობს!

კომპიუტერი რომ არ იყოს, არ ვიცი, რა მეშველება. ნუცას ამით ველაპარაკები. ინსტიტუტში კი ვმუშაობ, მაგრამ ვცდილობ, სულ მქონდეს დრო, ნუცასთან წასვლის შესაძლებლობა რომ გამოჩნდეს, მზად ვიყო. მარტოობა ძალიან ძნელია, მაგრამ კარგი მეზობლები მყავს. თურმე ადამიანიც ეჩვევა ყველაფერს. ხანდახან ვფიქრობ, ვინმე რომ მოვიდეს ჩემთან საცხოვრებლად, ალბათ გამიჭირდება–მეთქი. ამასწინათ ნანა ხატისკაცი იყო სტუმრად და ასეთი სადღეგრძელო მითხრა, შენს მშვენიერ სიმარტოვეს გაუმარჯოსო. ეს სიტყვები ჩამრჩა. ყველაფერს თუ კარგი კუთხიდან მიუდგები, ყველაფერში თუ კარგს დაინახავ, ცხოვრება გაგიადვილდება და მეც ვცდილობ, ეს მოვახერხო.

მანანა გეგია



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online