asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"გიასგან შვილი დამრჩა, მაგრამ დოდოსთან უფრო ბედნიერი ვიყავი"
ლია კაპანაძე – ინტრიგები, სიყვარული, ტკივილები
"გიასგან შვილი დამრჩა, მაგრამ დოდოსთან უფრო ბედნიერი ვიყავი"

2010-06-05 16:49:03



ლია კაპანაძე კინოს მსახიობია, ეკრანზე 50–მდე როლი აქვს ნათამაშევი, უმრავლესობა – დრამატული ბედის მქონე ქალები. თავად მისი ცხოვრებისგანაც კარგი, საინტერესო კინოდრამა გამოვიდოდა. მოხდა ისე, რომ თეატრი მეორე პლანზე დარჩა. ლია კაპანაძის სასცენო კარიერა რუსთაველის თეატრში დახლართულმა ინტრიგებმა შეიწირა. მიშა თუმანიშვილთან მომხდარ გაუგებრობას თეატრიდან გათავისუფლება მოჰყვა...

ჰყავს ქალიშვილი რეჟისორ გია მატარაძისგან. მოგვიანებით კი მისი გზა ისეთ გამორჩეულ მამაკაცთან გადაიკვეთა, როგორიც მსახიობი დოდო აბაშიძე იყო... აი, ასეთი ბედი არგუნა ღმერთმა ლია კაპანაძეს. ამ ყველაფრის შესახებ ღიად პირველად "სარკეში" საუბრობს.

ინტრიგები

– მიშა თუმანიშვილისთვის თავიდან საყვარელი სტუდენტი ვიყავი. ოჯახის წევრად მიმიღო. მისი პირველი მეუღლე, ნინელი, მწოლიარე იყო და ხშირად დავდიოდი მასთან. მაგრამ მერე ჩემ მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. პირველად თქვენ გიყვებით იმას, რაც სინამდვილეში მოხდა. ძალიან სამართლიანი ადამიანი ვარ, ასე გამზარდეს ბავშვობიდან და ახლაც არ მიმაჩნია, რომ მაშინ შეცდომა დავუშვი. მეოთხე კურსზე ვამზადებდით სპექტაკლს "მოჩვენებები". მე და ჩემი თანაკურსელი ვიყავით ფრაუ ლინგი, კიდევ ერთი ჩემი თანაკურსელი და ლია მიქაძე – რეგინა. როლზე მეორე ვინც იყო, მიშა იმას არ ატარებდა რეპეტიციებზე. მივედი და ვეუბნები, ბატონო მიშა, რატომ ზემფირას არ ატარებთ რეპეტიციებზე–მეთქი. მითხრა, ლიას ვატარებ იმიტომ, რომ ნათელა ურუშაძემ მთხოვაო. მერე რა–მეთქი. აბა, რა ვქნა, დოდო ალექსიძეა სამხატვრო ხელმძღვანელი და რას იტყვისო. ვუთხარი, თქვენ მშიშარა კაცი ყოფილხართ–მეთქი.

დავამთავრე ინსტიტუტი და მივედი რუსთაველის თეატრში. ველოდებოდი, ბატონი მიშა ამაყვავებს–მეთქი, მაგრამ დამაყვავა. ყველაზე კარგად ვინ იცოდა, მე რა პოტენციალის მსახიობი ვიყავი, თუ არა მან, მაგრამ როცა პიესებს ანაწილებდა, არასოდეს მაძლევდა ისეთ როლს, როგორიც მე უნდა მეთამაშა. "დიდი მწვანე ველი" რომ გამოვიდა, რამდენიმე დღეში მოხსნეს ეკრანიდან და 30 წლის მერე გაუშვეს. ანუ 30 წლის მერე გავხდი ამ ფილმით პოპულარული. ის წლები კი დავკარგე. ამ დროს კი ნამდვილად შემეძლო რაღაც დიდი სიტყვა მეთქვა თეატრშიც.

უკვე 70–იანი წლებია და მიშამ გაანაწილა "ფედრა". ზინა კვერენჩხილაძე თამაშობდა ფედრას და ლიკა ჭავჭავაძე – ძიძას. ლიკა წავიდა საქორწინო მოგზაურობაში და მე დამნიშნა მის როლზე. მაშინ ვთქვი, მოდი, გაჩვენებ, როგორ უნდა იმუშაოს მსახიობმა–მეთქი. მართლა ისე ვიმუშავე, რომ მიშაც კი ამბობდა, შეხედეთო.

რამდენიმე დღეში უცებ რეპეტიციაზე ვიგრძენი, რომ მიშა ისევ შეიცვალა. შეგვიყვანა მცირე დარბაზის ფოიეში და გვითხრა, ყველამ მოამზადეთ მონოლოგები და ხვალ წავიკითხავთო. ვინ ვკითხულობდით – ედიშერ მაღალაშვილი, ბადრი კობახიძე, მერაბ თავაძე, ზინა კვერენჩხილაძე, ნანა ფაჩუაშვილი, მე... მიშა ამბობდა, მინდა, სცენაზე ორი ფედრა იდგეს – ერთი გრძნობა, მეორე გონებაო. ზინა იქნება გრძნობა, ლია – გონებაო.

მეორე დღეს წავიკითხეთ მონოლოგები და მიშამ ყველას გვკითხა აზრი. მე ვუთხარი, არავინ მომეწონა–მეთქი. როგორ, არავინ მოგეწონაო. ბადრი შედარებით მომეწონა, რადგან მეტყველების პედაგოგია და კარგად მოგვატყუა–მეთქი. უცებ მეკითხება, შენ ზინა არ მოგეწონაო. არა–მეთქი. როგორ, ზინა არ მოგეწონაო?! თქვენ თუ გინდათ, ვიტყვი, რომ მომეწონა, მაგრამ მე არ მომეწონა–მეთქი. შემიყვანა პარტერში და მეუბნება (მისგან ცუდი სიტყვა მანამდე არასოდეს გამეგო), შენ რა "გაატრაკე" საქმე, დადიხარ მთელ თეატრში და ამბობ, ცოცხალი ფედრა თეატრში დადიოდეს და ზინა კვერენჩხილაძე ფედრას თამაშობდესო. ვეკითხები: "ეს მე ვთქვი, ბატონო მიშა?!". დიახ, შენ თქვიო. ხომ აქ არის ზინა, მეც ხომ აქ ვარ და მითხრას, რომ მე ვთქვი–მეთქი. ახლა შენ აქ სასამართლოები გინდა, რომ მომიწყოო. გავუმეორე, ეს მე არ მითქვამს–მეთქი და გამოვედი.

ვზივარ საგრიმიოროში და ზინა შემოვიდა ლიკასთან. ზინას ვეკითხები, ზინა, ვინ გითხრა, რომ ეს მე ვთქვი–მეთქი. მითხრესო და გავიდა. ლიკაც გავიდა. ვზივარ და ვფიქრობ, ღმერთო, ისე როგორ გავიდა, რომ სათქმელი არ ვუთხარი–მეთქი. ამასობაში ისევ გამოიარა და დავუძახე. კიდევ ვკითხე, ვინ გითხრა–მეთქი. ხომ გითხარიო. ეს შენ თვითონ მოიგონე, მერე დაიჯერე და უთხარი მიშას–მეთქი – არ დავუთმე.

ამის მერე ბავშვი გამიხდა ავად და ვერ მივედი თეატრში. მეორე დღეს ცნობით გამოვცხადდი. ლიკა ჭავჭავაძე შემხვდა და მეუბნება, კადრებში მითხრეს, რომ უდისციპლინობის მიზეზით შენზე გათავისუფლების ბრძანება დაიწერაო. რეპეტიციაზე ავედი კაბით და ვხედავ, რომ ძიგრაშვილი თამაშობს ჩემს როლს.

შევედი სერგო ზაქარიაძესთან (მაშინ თეატრის ხელმძღვანელი გახლდათ. ავტ.). სერგოც ჩემი მასწავლებელი იყო და ვმეგობრობდით. ვუთხარი, თეატრიდან მიშვებთ უდისციპლინობისთვის, როცა აგერ ცნობა მაქვს, რომ ბავშვი ავად გამიხდა–მეთქი. მეუბნება, შენ ხელს უშლი მიშას და ზინას, შენ ბედნიერების რაშზე უკუღმა ზიხარო.

ღმერთმა აცხონოს სოფიკო ჭიაურელი, საოცრად სამართლიანი ადამიანი იყო. რომ გაუგია ეს ამბავი, შესულა სერგოსთან და უთქვამს, ბატონო სერგო, ასე ნუ მოექცევით ლიას, ის ამას ნამდვილად არ იმსახურებს, დარწმუნებული ვარ, რაც ითქვა, მოგონილიაო.

წლების მერე, როცა ერთად ვიყავით კინომსახიობთა თეატრში მე და ბატონი მიშა, მაშინ ვუთხარი, ამდენი წელი გავიდა და ეს ამბავი, როგორც ლაქა, ისე დამაქვს, არ მინდა, რომ იფიქროთ, ეს მე ვთქვი–მეთქი. მითხრა, ვიცი, რომ ზინამ მოიგონაო...

რუსთაველის თეატრის დაკარგვა ჩემთვის უდიდესი ტკივილი იყო. წლების მანძილზე რუსთაველზე რომ გავივლიდი, მეორე მხარეს გადავდიოდი. მერე გადავედი მარჯანიშვილის თეატრში, პარალელურად ვიყავი კინომსახიობთა თეატრშიც. ცოტა ხანში მარჯანიშვილში მითხრეს, უშტატოში უნდა გადახვიდე, რადგან მეორე თეატრში ხარ შტატშიო. 5 წელი ვიყავი თეატრის გარეშე და თქვენ არ იცით, რა ტკივილით ვცხოვრობდი! მერე მეგობარმა მითხრა, მიდი რეზოსთან (ჩხეიძე. ავტ.) და სთხოვეო. მართლაც მივედი. ვუთხარი, ბატონო რეზო, ასეთი მდგომარეობაა, გთხოვთ, გადამიყვანოთ მარჯანიშვილის თეატრში–მეთქი და გადამიყვანა.

შეხვედრა გია მატარაძესთან

– მე რუსთაველის თეატრში ვიყავი, გია კი პირველ კურსზე სწავლობდა თეატრალურში, როცა შოთა სხირტლაძემ გაგვაცნო ერთმანეთი. ერთად მოგვიწია სამივეს წამოსვლა ფეხით ლაპარაკ–ლაპარაკით. მერეც ვნახე, მომესალმა და ისევ მოგვიწია ერთად წამოსვლა ფეხით. ცოტა ხანში ჩვენთან აკეთებდნენ სპექტაკლს "თანამედროვე ტრაგედია", სადაც ვცეკვავდი და ესენიც ჩამოიყვანეს ინსტიტუტიდან. უკვე ჰქონდა მიზეზი, ყოველთვის გავეცილებინე. მალე დავახლოვდით.

მოსკოვში ვიყავი ყრილობის დელეგატად თეატრიდან. ჩვენ შორის უკვე ისეთი ლაპარაკია, ვიცი, რომ დავბრუნდები, ცოლ–ქმარი გავხდებით. რა ფული მქონდა, მაგრამ გიასთვის ჩეხური ფეხსაცმელი მაინც ვიყიდე და ვზივარ მატარებელში. კუპეში შემოვიდა ახალგაზრდა კაცი, თელაველი ვარო. საუბარში კი მოაყოლა, გია ცოლს ირთავს, მოცეკვავესო. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს მე ვარ. დაამატა, სუხიშვილების მოცეკვავესო. არ დავიჯერე. ჩამოვედი, შევხვდი გიას, გადავეცი საჩუქარი, ვილაპარაკეთ. მეორე დღეს რომ შევხვდით, ვკითხე, ერთმა თელაველმა მითხრა, რომ მოცეკვავეს ირთავს ცოლად–მეთქი. მითხრა, რა მოცეკვავე, მე ცოლის მოყვანას ჯერ არ ვაპირებო. ამ დროს უკვე დაგეგმილი გვაქვს დაქორწინება და დამცხა!..

რამდენიმე ხანში აღმოვჩნდი ფეხმძიმედ. რომ ვუთხარი, ასეა საქმე–მეთქი, ჩემი შვილია და უნდა გააჩინოო. ამან ცოტა დამაწყნარა. მოვიდა ახალი წელი, მაგრამ არ გამოჩნდა. საშინელ ხასიათზე ვიყავი. კინო "ოქტომბერში" მარტო შევედი. იქიდან რომ გამოვედი, მოვდივარ და მაშინდელი პლეხანოვის და სადგურის ქუჩების გადაკვეთაზე ორი გოგო და ორი ბიჭი "ხა–ხა–ხა"–თი გადადიან. გია და გოგი ხარაბაძე იყვნენ. ვერ წარმოიდგენთ, რა დამემართა, მაგრამ ხომ არ დავუძახებდი?! წამოვედი სახლში და მთელი ღამე თეთრად გავათენე... მერე გასტროლები მქონდა და სოხუმში წავედი. ამასობაში მუცელი გამეზარდა და ყველა ხედავს, რომ ფეხმძიმედ ვარ. ყველა გვერდით დამიდგა. აკაკი ხორავამ სულ "მალაჩინა" მიძახა. "მალადეც", რომ შვილს აჩენო. დედაჩემს რომ ვუთხარი, ასეთ დღეში ვარ–მეთქი, მითხრა – ხალხი ილაპარაკებს, მაგრამ მერე სხვა რაღაც მოხდება და შენი ამბავი დაავიწყდებათ, შენ კი შეიძლება ვერასდროს გათხოვდე, ამიტომ გირჩევნია, გააჩინო, არა უშავს რა, ჩემ გვერდით არაფერი გაგიჭირდება, ნათესავებთანაც მე ვარ პასუხისმგებელიო.

გასტროლიდან რომ ჩამოვედი, გიამ დამალვა დაიწყო. შევუთვალე, მნახოს–მეთქი და ერთმანეთს ალექსანდრეს ბაღში შევხვდით. ვეუბნები, რა ვქნათ, როგორ მოვიქცეთ–მეთქი. მითხრა, თუ შენ გინდა, შეგირთავ ცოლადო. ვუთხარი, შენ თუ არ გინდა, მაშინ მე რად მინდა–მეთქი, ავდექი და წამოვედი. ცხოვრება ჩვეულებრივად გავაგრძელე, მუცლით ვთამაშობდი სცენაზე. 14 დეკემბერს სპექტაკლის მერე სახლში ფეხით წავედი მაღალ ქუსლებზე და იმ საღამოს გავაჩინე ქეთი. გია საავადმყოფოში მოვიდა ტრისტან ყველაიძესთან ერთად და ნახა ბავშვი.

თურმე მართლაც, როცა მე გიასთვის ფეხსაცმელი მომქონდა მოსკოვიდან, მის ცხოვრებაში არსებობდა ის მოცეკვავე, რომელზედაც მალევე დაქორწინდა. როცა ქეთი სამი წლის იყო, გიას ვკითხე, ბავშვს გვარს მისცემ–მეთქი. ჩემს ცოლს ვკითხავო, მიპასუხა. მაშინ აღარც გვარი მჭირდება–მეთქი. ის იყო და ის.

მერე ზაზა კოლელიშვილის (მსახიობი. ავტ.) წერილი მომივიდა თელავიდან, ლია დეიდა, ვიცით, რომ გვყავს ბიძაშვილი და გვინდა, გავიცნოთო. დაიწყეს ურთიერთობა. ცოტა ხანში გიამ მომიგზავნა მერაბ თავაძე და იზა გიგოშვილი, ბავშვთან ურთიერთობის უფლება მომცესო. მივეცი.

მერე იმ ქალს გასცილდა და მარინა (კახიანი. ავტ.) მოიყვანა, მართლა ძალიან უყვარდა... მარინასთან კარგი ურთიერთობა მქონდა და მაქვს, ქეთი მასთან მიდიოდა ხოლმე. ვათა (მარინას და გიას შვილი. ავტ.) ძალიან მიყვარს, ის ხომ ჩემი შვილის ნაწილია.

ქეთინოს მიმართ გიამ მერე უკვე დიდი ყურადღება გამოიჩინა. რომ აბარებდა ნიკოლაძეში, ყველას უთხრა, ჩემი ქალიშვილიაო. მაშინ უკვე 15 წლის იყო. მაშინ თქვა გიამ, ჩემს გვარზე მინდა, რომ იყოსო. საბუთებიც გავაკეთე, მაგრამ ქეთინომ უარი უთხრა, აქამდე კაპანაძე ვიყავი და ახლა არ მინდა, მატარაძე გავხდე, დროულად უნდა მოგეცაო. თუმცა მამა–შვილს ურთიერთობა არ გაფუჭებიათ. როცა გია საავადმყოფოში იწვა, მარინა და ქეთი ერთად ადგნენ თავზე.

წლების მერე გიას და მოხვდა საავადმყოფოში და მივედი სანახავად. გიას დედის და მამის დასაფლავებაზეც ვიყავი თელავში. მისმა დამ მითხრა, მე და დედა ძალიან დამნაშავე ვართ შენ წინაშე, მაგრამ მაშინ ყველამ თქვა, რომ შენ 45 წლის ქალი იყავი, სხვისგან შვილი გყავდა და გინდოდა, გია ხელში ჩაგეგდო; პირველი ცოლიც ჩვენ დავნიშნეთ, გია არ მოვიდა და მერე ერთი თვე დაიკარგა, ძალიან უყვარდი და შენზე უამრავ ლექსს წერდაო.

დოდო

– დოდოსთან უფრო ბედნიერი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ შვილი გიასგან მყავს. დოდო პირველად "მაცი ხვიტიაზე" ვნახე, მაგრამ ჩვენ შორის ურთიერთობა "დიდი მწვანე ველის" გადაღებაზე დაიწყო. მანგლისში ვიყავით და დოდო ავად გახდა. ზოგადად აქტიური ქალი არ ვარ, მაგრამ დოდოს ისე მოვუარე, რომ ახლა მიკვირს. არადა ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მინდოდა, გადაღებები მალე დამთავრებულიყო. მაშინ ყავაშიც ვიხედებოდი, კარტსაც ვშლიდი და ხშირად მთხოვდნენ მსახიობები მკითხაობას. ერთ დღესაც გრიმს ვიკეთებ და შემოდის დოდო. მეუბნება, მიმკითხავეო. შემრცხვა, თან ვფიქრობ, რა უნდა ვუმკითხავო–მეთქი. ვიცი, რომ ცოლი უყვარს სიგიჟემდე და ვხედავ, რაღაც ისე არ არის. ვეუბნები, ვერ გეტყვით, რასაც ვხედავ–მეთქი. მითხარიო. რაღაც უსიამოვნება გქონია ცოლთან, თუ არა და, აუცილებლად გექნება, მერე რაღაც წარმატებებია და იმ პერიოდში შენს ცხოვრებაში სხვა ქალი გამოჩნდება–მეთქი. იქ იჯდა ჩამცმელი ქალი მარო და დოდო რომ გავიდა, მეკითხება, გოგო, შენ რამე იციო. რა–მეთქი. ის ქალი ვინ იქნება, არ ვიცი, მაგრამ ცოლთან მართლა ჰქონდა დიდი უსიამოვნებაო. მართლაც ძალიან მალე მის ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი, ანუ მე.

როცა გაიგეს, დოდო ცოლთან აღარ არისო, დაიწყეს მასზე ნადირობა. ერწოში (რაჭა. ავტ.) ვიყავით გადაღებებზე და ერთი გოგო ამოვიდა. მზია მაღლაკელიძეს ვუთხარი, უთხარი იმ გოგოს, რომ ჩვენ შორის რაღაც არის–მეთქი. მერე რატომღაც ავიტეხე, ონში წავიდეთ–მეთქი და ჩავსხედით სატვირთო მანქანაში. მე და მზია წინ ჩაგვსვეს, ესენი ზემოთ ავიდნენ. სარკიდან ვხედავდი, როგორ ეხვეოდა დოდო მას. ეს კიდევ არაფერი, მაგრამ ერთ მომენტში დავინახე, სახლის უკან მიჰყავს დოდოს და ეს ეუბნება, ლიამ არ დაგვინახოსო. ამან იმდენად გამაცოფა, რომ ერთი ბოთლი ხვანჭკარა დავლიე... რომ მოვბრუნდით, ოთახში შევედით. ოთახში პატარა ჩანთა იდო, იქ ხილი და რაღაცეები მეწყო. წინ სხედან ის და მზია, აქეთ – მე და დოდო. ხელი რომ გადავყავი, კომპოტის ქილა მომხვდა. ვიფიქრე, მე "დურაკი" ამას ამისთვის როგორ ვინახავ–მეთქი, ამოვიღე და შევათხლიშე კედელს.

გავედი გარეთ, წავედი ტყისკენ და ტირილი დავიწყე. ასე ხმით არასოდეს მიტირია. ისე ვიყავი შეურაცხყოფილი, რომ ერწოს ტბაში თავის დახრჩობა მინდოდა. მერე ვიფიქრე, შვილი მყავს, რომელსაც მამა არ ჰყავს და დედაც რომ არ ეყოლება, რა ეშველება–მეთქი. ჩემი ხმა გაუგია, რეჟისორის ასისტენტი მოვიდა და იმან წამომიყვანა, მაგრამ ჩემს ოთახში – არა, მერაბის (კოკოჩაშვილი. ავტ) ოთახში შევედი. მზიამ ღამის პერანგი შემომიტანა და ნერვიულობისგან ნაფლეთებად ვაქციე, მერე საკუთარი თავი ვცემე, რომ კაცის გამო ასეთ დღეში ჩავვარდი. ცოტა ხანში დოდო შემოვიდა, კარგი, რა, არ გრცხვენიაო. არ ვიცი, საიდან მომეცა ძალა, ყელში ვწვდი და ზევით ავწიე, გადი–მეთქი...

მეორე დილით გავიღვიძე ძალიან ადრე, დავიბანე პირი, მოვწესრიგდი და დავჯექი ჩემთვის. დოდო ისევ მოვიდა და მეუბნება, თბილისში მივდივარ, რამე ხომ არ წამოგიღოო. არა–მეთქი. სანამ ის ჩამოვიდოდა, მეც წამოვედი თბილისში.

რამდენიმე დღეში მერაბს ბავშვი შეეძინა და სუფრაზე შევხვდით ერთმანეთს. იქ იყო ერთი მსახიობი, რომელიც რომანსებს მიმღეროდა, დოდო ლექსებს მიკითხავდა და იმ დღეს ისევ შევრიგდით. მერე მივხვდი, რომ ემოციები უნდა გადამედო.

დოდოსთან არ მქონია მომენტი, რომ ცოლად შევერთე. მხოლოდ ის მინდოდა, სულ ერთად ვყოფილიყავით. დოდოს კი უნდოდა შეხვედრები მამაკაცებთან, რომ ექეიფა. ამაზე თუ გავნაწყენდებოდი და გავეცლებოდი. ბოლოსაც ასე დავშორდით. წავედით ერთად მეგობართან სტუმრად და იქიდან ვიღაცამ წაიყვანა საქეიფოდ...

მერე სტუდიაში ვნახე. ბევრი იროხროხა, რომ ყურადღება მიმექცია, მაგრამ გულში ვეუბნებოდი, რომ მოკვდე, დოდო, მაინც არ შემოგხედავ–მეთქი. უკვე პარიზში მიდიოდა "ფესვების" გადაღებაზე. მერე ლოგინად ჩავარდა და... არ მინახავს. გასვენებაში მივედი.

დღეს

– ბოლო 5 წელია თუმანიშვილის თეატრში ვარ, თითქმის 9 როლი მაქვს ნათამაშევი, მათგან ორი – ბებია. ახლაც პრემიერისთვის ვემზადებით, სავარაუდოდ, 20 ივნისს იქნება, ქეთი დოლიძის სპექტაკლია – "სამეფო ოჯახი".

ამ ეტაპზე, თეატრის გარდა, მხოლოდ კითხვითა და კროსვორდების შევსებით ვარ დაკავებული. მადლობა უფალს, რომ ყველაფრის მიუხედავად, გულში ბოღმა და წყენა არ დამრჩენია.

მანანა გეგია



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online