asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როცა არ იცი, იცინო თუ იტირო
პროვოკატორი რეჟისორის აგვისტოს სიგიჟე
როცა არ იცი, იცინო თუ იტირო

2010-05-22 19:41:14



ახლახან თეატრში ათონელზე რეჟისორის, დრამატურგისა და მწერლის, ნინო ბასილიას ტრაგიკომედიის, სახელწოდებით "აგვისტოს სიგიჟე", პრემიერა შედგა. როცა მაყურებელი ნინო ბასილიას სპექტაკლზე მიდის, იცის, რომ რაღაც განსხვავებულს ნახავს, რადგან მას ინდივიდუალური სტილი და ხელწერა აქვს. "აგვისტოს სიგიჟეც" ამ სტილშია გაკეთებული და, როგორც მკითხველი თავადაც მიხვდებოდა, პიესა რუსეთ–საქართველოს ომს ეხმიანება.
პირველ ნოველაში გადმოცემულია ქართველი ახალგაზრდის, ეგრეთ წოდებული არალეგალის და აფხაზეთიდან დევნილი, ყაბაყით მოვაჭრე ქალბატონის ტრაგიკომიკური ყოფა რუსეთში.
მეორე ნოველაში ომგამოვლილი ქართველი ბიჭის ისტორიაა მოთხრობილი, რომელიც ბედმა რომელიღაც ევროპულ საერთაშორისო აეროპორტში გადატყორცნა და იქ, იმავე ბედის ირონიით, ისე როგორც არაერთხელ მოსვლია მის მრავალ თანამემამულეს, უწევს არამარტო იმის მტკიცება, რომ ქართველია და არა რუსი, არამედ იმისაც, სად არის მისი სამშობლო საქართველო.
მესამე ნოველაში სცენა მაღალსართულიანი სახლის სახურავზე ვითარდება. ომში დაინვალიდებული, დეპრესიაში ჩავარდნილი მამაკაცი სახურავიდან გადახტომას ცდილობს, დამთხვეული ცოლ–შვილი, სიმაღლის შიშით შეპყრობილი მეხანძრე და შერეკილი სტრიპტიზიორი ქალი კი მის გადარჩენას ცდილობენ. ადვილი წარმოსადგენია, რა სიგიჟე ტრიალებს ამ დროს სახურავზე!
* * *
არის რამდენიმე მსახიობი, რომლებთანაც ნინო ბასილია ყოველთვის სიამოვნებით მუშაობს და ისინი თითქმის ყველა თავის სპექტაკლში ჰყავს დაკავებული. მათ შორის მაია ლომიძეც გახლავთ. სცენაზე მაიას გამოჩენისთანავე მაყურებელი უკვე ელოდება, რომ ახლა რაღაც ექსცენტრიკული მოხდება.
ერთმანეთთან შეთამაშებულ რეჟისორს და მსახიობს "სარკე" ერთად შეხვდა და ესაუბრა.
– ნინო, როგორ დაიბადა "აგვისტოს სიგიჟის" იდეა?
ნინო: აგვისტოს ომმა იმდენად დიდი ფსიქოლოგიური და მორალური ტრავმა მომაყენა, რომ წერის სურვილი საერთოდ გამიქრა. თავში აზრი აღარ მომდიოდა. ნახევარი წლის შემდეგ უკვე ძალიან შემეშინდა. ისიც კი ვიფიქრე, ფსიქოლოგთან მივსულიყავი. შინაგანად თითქოს დავცარიელდი. მაშინ მივხვდი, თურმე რამხელა სიმდიდრე ყოფილა, როცა სადღაც შენ შიგნით, ღვიძლსა და გულს შორის რაღაც მუხტს გრძნობ, რომელიც მთლიანად გავსებს. ერთი წლის შემდეგ თავს ძალა დავატანე, რომ ჩემი სათქმელი მეთქვა, ამ ომს გამოვხმაურებოდი. არ მინდოდა, ომი სცენაზე გადმომეტანა და მაყურებელი დამემძიმებინა. ჩემი სურვილი იყო, ომის შემდეგ ადამიანების ცხოვრება გადმომეცა.
– სპექტაკლის გმირებს რეალურ ცხოვრებაში პროტოტიპები ჰყავთ?
ნინო: რა თქმა უნდა, მათი პროტოტიპები არსებობენ, ასეთი ადამიანები რეალურად ცხოვრობენ.
– პრემიერაზე ინციდენტი მოხდა – ერთ–ერთი მაყურებელი, მსახიობი ლადო მექვაბიშვილი, მოულოდნელად ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების ექიმებმა დარბაზიდან გაიყვანეს. თავიდან ბევრს ეგონა, რომ ეს პიესის ნაწილი იყო. მერე იფიქრეს, სცენაზე დატრიალებულმა ემოციებმა იმოქმედაო...
ნინო: ჩემმა ნაცნობებმა მითხრეს, ესეც დადგმული გვეგონა, რადგან ისეთი პროვოკატორი ხარ, შენგან ყველაფერია მოსალოდნელიო. ერთმა თქვა, იმას ვფიქრობდი, სცენისთვის მეყურებინა თუ იმისთვის, რაც მაყურებლებს შორის ხდებოდა, მეგონა, ესეც სპექტაკლის ნაწილი იყოო. მსახიობმა ალეკო მახარობლიშვილმა იხუმრა, რა გეღირსა, შენზე იტყვიან, ბასილიას სპექტაკლიდან ხალხი საკაცით გაჰყავთო!
– მაია, ამ სპექტაკლზე მუშაობა რთული იყო?
მაია: სპექტაკლში როლები ისეა განაწილებული, ვერ იტყვი, რომ რომელიმეს მეორეხარისხოვანი როლი აქვს. პირველში გიჟ რუს პატარძალს ვთამაშობ, მესამე ნოველაში – სტრიპტიზიორ ქალს, რომელსაც თავისი ტრაგედია აქვს. საერთოდ, ყველა პერსონაჟს თავისი ტრაგედია აქვს, მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან მსუბუქად არის გაკეთებული. სევდა და კომედია ერთადაა.
ნინო: მეგობარმა მითხრა, არ ვიცოდი, მეტირა თუ მეცინაო. გოდერძი ჩოხელის სიტყვებია – "ადამიანად ყოფნის სევდა". თითოეულ პერსონაჟში სწორედ ადამიანად ყოფნის სევდაა.
– ნინო, რა პრინციპით, რისი გათვალისწინებით ირჩევთ თქვენი სპექტაკლებისთვის მსახიობებს?
ნინო: მხოლოდ ნიჭის. საერთოდ, მსახიობებს ძალიან რთული ხასიათი აქვთ. ხშირად დაუმსახურებლად ამბიციურები არიან. ნიჭთან და პროფესიონალიზმთან ერთად ადამიანური თვისებები თუ არ აქვთ, ჩემს სპექტაკლში არ დავაკავებ. არ შემიძლია, მსახიობს თქვენობით ვესაუბრო. სანამ რეპეტიციებს მაგიდასთან გავდივართ, მათი პირადი ამბებით ვინტერესდები. ზოგჯერ მათი ისტორიებიდან რაღაც ნიუანსებს სპექტაკლში ვიყენებ. ერთმა მსახიობმა დედასთან ჩხუბის ისტორია მომიყვა და ვუთხარი, სპექტაკლში ზუსტად ასე გამიკეთე ხელები, როგორც ახლა აკეთებ–მეთქი.
ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, ერთმანეთთან ვმეგობრობთ, მწვადებზე დავდივართ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შორის ზღვარი წაიშალოს. ამ სპექტაკლში გამორჩეული მსახიობები შევკრიბე. მათ გუნდური მუშაობა უყვართ. ზოგჯერ მსახიობი თავის როლს რომ დაამთავრებს, მერე მიდის, აღარ აინტერესებს, კოლეგა როგორ ითამაშებს. ესენი კი კულისებში დგანან და ერთმანეთს გულშემატკივრობენ. მაია ჩემთვის ერთ–ერთი გამორჩეულად საყვარელი მსახიობია.
– როდის და როგორ შეხვდით ერთმანეთს?
მაია: რამდენიმე წლის წინ ნინომ სპექტაკლ "სექსუალურ რევოლუციაში" შემომთავზა როლი. პიესა რომ წავიკითხე, შემეშინდა. თან ნინოს არ ვიცნობდი. ვუთხარი, დაგირეკავთ, პასუხს მერე გეტყვით–მეთქი. ვიღაცეებთან გადავრეკე და ნინოზე რაღაცეები გავარკვიე. მითხრეს, ძალიან ნიჭიერია, მასთან მუშაობა სასიამოვნოაო.
ნინო: მაია პირველად ვნახე სპექტაკლში "ცხვირი", მატრონას თამაშობდა. ერთადერთ სიტყვას ამბობდა – ფუნთუშას, მაგრამ ამას იმდენად სხვანაირად აკეთებდა, რომ მისი სცენა დამამახსოვრდა. მაია ჟანრობრივი მსახიობია. შეიძლება მისთვის პიესაში როლი არ იყოს, მაგრამ მაიასთვის როლს მაინც გავაკეთებ.
– მაია, როგორია ქალ რეჟისორთან მუშაობა?
მაია: უფრო სასიამოვნოა, ვიდრე კაცებთან. მათთან უკეთესად ვმუშაობ. ნინოს კი მთლიანად ვენდობი.
– ზოგჯერ ქალებს არ უყვართ, როცა მათივე სქესის წარმომადგენელი ჭკუას არიგებს, მითითებას აძლევს...
მაია: ნინოსგან ყველაფერს ვიღებ. ცუდი ფორმით არასოდეს არაფერს გეტყვის.
– მკაცრია?
მაია: პრინციპულია. ხანდახან თავისუფლებას გვაძლევს. თუ მოეწონა რაღაც, იმას მსახიობს არ დაუკარგავს.
ნინო: ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მსახიობი გაბრაზდება თუ არა. ვეუბნები, მე ასე მჭირდება და უნდა გამიკეთო–მეთქი.
– ემიგრანტის როლს ვახო ჩაჩანიძე თამაშობს. მანამდე მას იცნობდით?
ნინო: ამ როლისთვის მსახიობს მთელი წელი ვეძებდი. ვახო ათი წელი გერმანიაში ცხოვრობდა. დავურეკე და ვკითხე, საქართველოში ხომ არ აპირებ ჩამოსვლას, მინდა, როლი შემოგთავაზო–მეთქი. მითხრა, ერთ თვეში სამუდამოდ ვაპირებ ჩამოსვლასო. მანამდე სერიალ "კლინიკაში" ვნახე. მსახიობი ალეკო მახარობლიშვილი მისი პედაგოგია. სწორედ მან მირჩია, ძალიან ნიჭიერიაო. როგორსაც ვეძებდი, ზუსტად ისეთი აღმოჩნდა.
ვახო თავის მონოლოგში დედას ურეკავს და ეუბნება – დე, მაპატიე, ამდენი წელი რომ ვერ მნახე, იმისთვის წამოვედი, რომ შენთვის სარეცხი მანქანა მეყიდაო. ერთ–ერთ პრაგონზე ვახოს დედა მოვიდა. მისი მონოლოგი რომ მოისმინა, ვახოს უთხრა, გერმანიიდან რომ მირეკავდი, შენც ასე მეუბნებოდი, დე, მენატრები, დეო... ვახოსთვის ემიგრანტის ცხოვრება უცხო არ არის. ამბობს, ყველაფერი მაქვს გადატანილი, ერთადერთი, არალეგალი არ ვყოფილვარო.
– ბევრი ცრემლი იყო. ახლა ღიმილიანი ისტორიები გაიხსენეთ.
მაია: სპექტაკლში უფრო მეტი ღიმილია, ვიდრე სევდა. ვერ ხვდები, სად იცინი და სად ტირი. ამ სპექტაკლზე მუშაობამ ყველას უდიდესი სიამოვნება მოგვანიჭა.
ირინე მჭედლიძე

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online