asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ესპანურ ალიკანტეში წირვა–ლოცვა ქართულადაც აღევლინება
ქართული წირვა–ლოცვა ალიკანტეში
ესპანურ ალიკანტეში წირვა–ლოცვა ქართულადაც აღევლინება

2010-05-06 17:04:39



სხვადასხვა მიზეზის გამო, წლების მანძილზე, არაერთმა ქართველმა დატოვა მშობლიური ქვეყანა და უცხოეთში ემიგრანტად იქცა. როგორც თავად ისინი გვიამბობენ, მშობლიური მიწის სურნელსა და საყვარელ ადამიანებს მონატრებულებს, ემიგრაციაში ყველაზე დიდ ნუგეშს ქართველი სასულიერო პირების მიერ გაღებული სითბო და სიყვარული ჰგვრით. ღმრთის წყალობითა და პატრიარქის ლოცვა–კურთხევით, დღეს უკვე მრავალ ქვეყანაში აღევლინება ქართული ლოცვა და საგალობელი. ახლახანს, ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში მყოფ ქართველ ემიგრანტებსაც მიენიჭათ ეს დიდი სიხარული, რის შესახებაც ესპანეთში მცხოვრები ქალბატონი, თამილა ანდღულაძე გვესაუბრა.



– ქალბატონო თამილა, რამდენი ხანია, რაც ესპანეთში ცხოვრობთ?

– მეოთხე წელია, რაც მე და ჩემი მეუღლე აქ ვცხოვრობთ. სოციალური მდგომარეობის გამო, დროებით წამოვედით. შვილები, 2 ბიჭი საქართველოში გვყავს. მათ აქ წამოსვლის სურვილიც არ აქვთ.

– როგორი იყო ესპანურ ცხოვრებასთან შეგუება. ყველაზე მეტად რის გამო გაგიჭირდათ?

– ერთადერთი, რის გამოც ყველაზე მეტად გამიჭირდა, რაც მძიმედ და ცუდად მახსენდება, ეს იყო ეკლესიის გარეშე ყოფნა. ამიტომაც შემდეგ მე და ქალბატონმა ლელა ხელიძემ დავიწყეთ სასულიერო პირის ძიება, რომელიც ჩვენს ქალაქში ჩამოვიდოდა და ჩვენი სულიერი მოძღვარი გახდებოდა. ესპანელები თბილი ხალხია, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობა ათეისტია.

– საქართველოს შესახებ რა იციან, რამდენად იცნობენ ჩვენს ქვეყანას?

– საქართველოს შესახებ ახალგაზრდები არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ. უფროსი ასაკის ადამიანებმაც ძალიან ცოტა იციან. ერთი იციან, რომ რუსებთან გვაქვს დიდი პრობლემა.

– ესპანეთში გამგზავრებამდე საქართველოში ეკლესიურად ცხოვრობდით?

– საქართველოშიც ეკლესიურად ვცხოვრობდი. საზღვარგარეთ მე და ჩემი მეუღლე მოძღვრის კურთხევით გამოვემგზავრეთ. გზა დაგვილოცა. მას ძალიან არ უნდოდა, რომ წამოვსულიყავით.

– თქვენ და თქვენი მეუღლე ახლა რას საქმიანობთ?

– ჩემი მეუღლე არასამთავრობო დაცვაში მუშაობს. მე ოჯახში ვმუშაობ. 2 პატარა ბავშვს ვუვლი, რომლებიც ჩემს ხელში დაიბადნენ და იზრდებიან. თავისუფალ დროს, ქართველები ერთად ვიკრიბებით, ასევე საეკლესიო დღესასწაულებზეც. შაბათ–კვირას მაინც ვცდილობთ, ერთად ვიყოთ.

– მანდ მოპოვებული სახსრებით ოჯახის რჩენას ახერხებთ?

– აქ ცხოვრებაც ძალიან ძნელია, მაგრამ იმდენს ვახერხებთ, რომ შემოსავლიდან ცოტა მაინც გავუგზავნოთ ჩვენს შვილებს. აქაც უმუშევრობაა. ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ესპანეთში უფრო ჭირს ცხოვრება. ჩამოსული ქართველი ბიჭების უმეტესობა უმუშევარია. გოგოები და ქალები ოჯახებში მუშაობენ.

– ესპანური ცხოვრებიდან რამე თუ მოგეწონათ?

– შეიძლება ეკონომიკურად ესპანეთზე წინ არ იყოს ჩვენი ქვეყანა, მაგრამ კულტურით, სულიერად, ადამიანობით ბევრად ვუსწრებთ.

– ყველაზე მეტად რა გენატრებათ?

– ყველაზე მეტად ქართული წირვა–ლოცვა და გალობა მენატრება. ესპანური ღმრთისმსახურება ცოტა სხვანაირია. ჩვენთან ზარებს განსაკუთრებული ჟღერადობა აქვს.

– ქალბატონო თამილა, ახლა გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ესპანეთში ყველაზე დიდი მონატრება შეივსოთ და მშობლიურ ენაზე აღსრულებული ქართული წირვა–ლოცვის მადლი განიცადოთ. როგორ გაიცანით მამა სერაპიონი, რომელიც ქალაქ ალიკანტეში მიიწვიეთ ქართული წირვა–ლოცვის ჩასატარებლად?

– როდესაც მე და ქალბატონმა ლელა ხელიძემ გადავწყვიტეთ, ევროპის რომელიმე ქვეყნიდან მოგვეწვია მოძღვარი, სრულიად შემთხვევით გავიგეთ, რომ ესპანეთში, ბასკეთის მხარეს, მოღვაწეობდნენ ქართველი ბერები. ჩემი მეგობრის დახმარებით, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, გავარკვიეთ იღუმენ სერაპიონ გრიგოლიშვილის მისამართი და მას ინტერნეტით დავუკავშირდით. დიდი მოკრძალებით მივწერე წერილი, რის შემდეგაც პასუხმა არ დააყოვნა. დაახლოებით 7–8 თვე გვქონდა მიმოწერა. ის ძალიან დატვირთულია და როგორც კი მოახერხა, გადაწყვიტა, ჩვენს ქალაქში წამოსულიყო. პირველ ჩამოსვლაზე მხოლოდ რამდენიმე ოჯახი დავხვდით. მისმა სტუმრობამ ძალიან დიდი სიხარული მოგვგვარა. დიდი სურვილი გვქონდა, მამაოს წირვა–ლოცვაც ჩაეტარებინა. ამიტომ ქალბატონმა ლელამ მოძებნა ალიკანტეში ერთ–ერთი მართლმადიდებლური ტაძარი წმიდა – ანდრიას და ნიკოლოზის სახელობის, რომლის წინამძღვარიც არის ესპანელი ბერი, მამა ნიკოლოზი. მას იქ ქართული წირვის ჩატარების ნებართვა ვთხოვეთ. მამა ნიკოლოზმა საოცარი სითბოთი მიგვიღო და დაგვთანხმდა. როდესაც მამა სერაპიონი ჩვენთან მეორედ ჩამოვიდა, უკვე შეხვდა ესპანელ მამაოს და დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე აბრაამის (გარმელია), ლოცვა–კურთხევით, გადაწყდა, რომ მამა სერაპიონი 3 თვეში ერთხელ ჩამოვიდოდა ჩვენს ქალაქში და ესპანელების მართლმადიდებლურ ტაძარში ქართულ წირვა–ლოცვას აღასრულებდა, რაც ქართველი მრევლის დიდი სურვილი იყო.

– მანდ მცხოვრები ქართველობისთვის როგორი იყო ის დღე, როდესაც მამა სერაპიონმა პირველი წირვა–ლოცვა აღასრულა?

– ჩვენს ქალაქში მამა სერაპიონის ჩამოსვლა უფლის დიდი საჩუქარი გახლდათ. ქართველები აქ მრავლად ცხოვრობენ, მაგრამ ჩვენ იშვიათი შეხვედრები გვქონდა. მამაო მესამედ რომ ჩამოვიდა და პირველი წირვა–ლოცვა აღასრულა 17 აპრილს, მაშინ ძალიან ბევრი ქართველი ემიგრანტი შეიკრიბა. ქართულ წირვა–ლოცვას გაოგნებულები ვუსმენდით. ძალიან ემოციური შეხვედრა იყო. ქადაგების დროს ყველა ჩუმად ტიროდა და ცრემლებს ერთმანეთს უმალავდა. ახლა, რაც უფრო მეტი ქართველი იგებს მამაოს შესახებ, სურვილს გამოთქვამენ, რომ მოვიდნენ და დაესწრონ მსახურებას. მამა სერაპიონის ჩამოსვლა მნიშვნელოვანია იმითაც, რომ მოუნათლავ ქართველ ბავშვებს ნათლავს და ატარებს ყველა საეკლესიო რიტუალს, რაც ყველაზე მეტად გვაკლია. ახლა ყველა მის ჩამოსვლას ელოდება. აქ მცხოვრები ქართველი მართლმადიდებლები დიდი იმედით შეჰყურებენ მამა სერაპიონს. ქუჩაში რომ შემხვდებიან, გამარჯობის თქმის ნაცვლად, კითხვას მისვამენ, კიდევ როდის ჩამოვა ჩვენი სერაპიონიო. ყველა დიდი მოლოდინით ელის. ალიკანტე, ვალენსიის პროვინციის პატარა საკურორტო ქალაქია, სადაც პირველად მამა სერაპიონმა დადგა ფეხი, მანამდე აქ ქართველი სასულიერო პირი არ ყოფილა.

– სამშობლოს მონატრებას რით უმკლავდებით?

– სამშობლოს მონატრებას ერთმანეთთან შეხვედრით ვუმკლავდებით. ასევე, დიდი ნუგეშია მამა სერაპიონის მოლოდინი.

– ქართული ტაძრის დაარსებაც არის გეგმაში?

– ქართული ტაძრის გახსნა ძალიან ძნელია, დიდ თანხებთან არის დაკავშირებულ.

– ქალბატონო თამილა, მაინც როგორია ემიგრაციაში ცხოვრება?

– არავინ იფიქროს, რომ ემიგრანტის ცხოვრება იოლია. ლამაზი დღეები ქვეყნის და ოჯახიდან შორს ყოფნაში გარბის. მშობლები თავიანთი შვილების გაზრდას ვერ ხედავენ, ვერ იხუტებენ გულში და აქ სხვის შვილებს აძლევენ სიყვარულს, ან ხანდაზმული ადამიანები, რომლებიც თავიანთ შვილიშვილებს უნდა უკითხავდნენ ლამაზ ზღაპრებს, სხვის ოჯახებში სიმწრით და დამალული ცრემლებით მუშაობენ. გოგო–ბიჭები საქართველოში ბედნიერ ოჯახებს რომ უნდა ქმნიდნენ და ერს ამრავლებდნენ, ამის სანაცვლოდ აქ მძიმე შრომაში არიან. განა არ არის ეს ჩვენი დროის, ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ტრაგედია? ჩვენი შვება უფალშია, თვით ღმერთია სიყვარული და ჩვენ ამ სიყვარულს ვეძებთ აქ. მამა სერაპიონის ამ ქალაქში ჩამობრძანება ნამდვილად უფლის წყალობაა ჩვენზე. ამ ღვთისნიერ და თავმდაბალ ადამიანს მოუთმენლად ველოდებით, რათა გვაზიაროს უფალს. თითქოს საქართველოდან ჰაერი ჩამოაქვს და გვეუბნება, აჰა, ჩაისუნთქეთ და ღვთისკენ მობრუნდითო. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი საყვარელი მამა სერაპიონი. ალიკანტეში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ქედს ვიხრით მის და ყველა იმ მოძღვრის წინაშე, ვინც მასავით თავდადებით ემსახურება ღმერთს და ერს. ასევე, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გაწეული დიდი ღვაწლისთვის დასავლეთ ევროპის ეპარქიის მიტროპოლიტს, მეუფე აბრაამს, ჩვენს უსაყვარლეს პატრიარქს, ილია ||–ს და ინტერვიუს მისი სიტყვებით დავასრულებ – ჩვენ ყველანი უნდა დავბრუნდეთ საქართველოში, ამინ!

ეფემია წიკლაური



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: დღეს
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online