asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

შორენა ბეგაშვილი ამიერიდან მხოლოდ ქმართან გაშიშვლდება
"შინაგანად სხვა შორენა ვარ"
შორენა ბეგაშვილი ამიერიდან მხოლოდ ქმართან გაშიშვლდება

2010-04-20 15:27:25



სკანდალური რეპუტაციით ცნობილმა მსახიობმა, შორენა ბეგაშვილმა, ბოლო დროს გადაწყვიტა, თავისი მშვენიერი ფორმები ფოტოსა თუ ეკრანზე აღარ გააშიშვლოს, მაგრამ საკუთარი თავისთვის მიცემული სიტყვა დაარღვია, როცა ფილმ "ოცნების ქალაქში" მიიწვიეს. და მაინც, შორენა ირწმუნება, რომ ეს უკანასკნელად მოხდა. სექსუალური ქალის იმიჯი მისთვის უკვე აუტანელი გახდა.

– შორენა, ადვილად დაგითანხმეს "ოცნების ქალაქში" თამაშზე?

– ადრე დათო იმედაშვილთან – ფილმის რეჟისორთან – კასტინგი მქონდა გავლილი სხვა პროექტისთვის, რომელიც აღარ შედგა. როცა ამ ფილმზე დაიწყო მუშაობა, დათომ ისევ დამირეკა, როლი მინდა მოგცე და სცენარის წასაკითხად მოდიო. ნათქვამი მქონდა, ეროტიკულ სცენებში აღარ ვითამაშებ–მეთქი, მაგრამ სცენარი როცა წავიკითხე, დამაინტერესა. ჩემი პერსონაჟი მსუბუქი ყოფაქცევის ქალია, რომელიც ამავდროულად არის აგენტი. აგროვებს მასალებს პოლიტიკოსებზე, ბიზნესმენებზე, მილიონერებზე და მათი საუბრის ჩანაწერები კასეტებზე აქვს. ჩემს გმირს უყვარს აჩილო სოლოღაშვილის გმირი. ერთ–ერთ სცენაში მხოლოდ აჩიკოს გმირი ულოცავს დაბადების დღეს. ისეთი გოგოა, არავინ სცემს პატივს და ამ მხრივ ცოტა საცოდავია. ზრუნავს თავის შეყვარებულზე, ფულს აძლევს და ა.შ. სცენარი რომ წავიკითხე, აზრი შემეცვალა, ვთქვი, დავთანხმდები, მაგრამ ამის შემდეგ ინტიმურ სცენებში არ ვითამაშებ–მეთქი. ახლა არ ვნანობ, რომ დავთანხმდი.

– ამ გმირთან საკუთარი მსგავსება იპოვეთ?

– ჩემგან რადიკალურად განსხვავებულია. ისე, ცოტა რომანტიკოსია და ალბათ ეს არის ჩვენ შორის საერთო.

– გადაღებებზე კურიოზებს ვერ აცდებოდით.

– ინტიმური სცენები უნდა გადაგვეღო, სადაც ჩემი პარტნიორია აჩიკო სოლოღაშვილი. აჩიკოს ვიცნობ სტუდენტობიდან, ჩემი პარალელური ჯგუფელი იყო და თეატრშიც ერთად ვიყავით. მე და აჩიკო ვართ ძალიან დაძაბულები, ვსხედვართ საწოლზე. აღარ ვიცით, რა ვქნათ, ისეთი ეროტიკული სცენა გვაქვს სათამაშო, რომ... ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ აჩიკოს ვუთხარი, იქნებ მეორე ტრუსიც ჩაგეცვა–მეთქი. დამეთანხმა, კარგიო, მეორე ტრუსიც ჩაიცვა და მერე კიდევ ზეწარი შემოვახვიეთ. იმ წუთში ხომ დაძაბულები ვიყავით, მაგრამ მერე ამაზე ბევრი ვიცინეთ.

ამ სცენის გადაღებისას თავიდან მხოლოდ ოპერატორი და ბუმერი იდგა, რომელიც ხმას იწერდა. ჩვენი მოთხოვნა იყო, ოთახში სხვა არავინ ყოფილიყო. ძალიან ძნელია, თითქმის უცნობ ადამიანთან სასიყვარულო სცენა ითამაშო. როცა გადაღება დამთავრდა და მოვიხედე, ყველა იქ იდგა. ამაზე მე და აჩიკომ ბევრი ვიცინეთ, თან ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ბუმერი რიგრიგობით ეჭირათ და განათებას ასწორებდნენ. მოკლედ, ყველამ ნახა, მე და აჩიკო როგორ ვიწექით და ვნებივრობდით.

– პაატა პაპუაშვილთანაც მოგიწიათ ინტიმურ სცენებში თამაში.

– პაატას არ ვიცნობდი, მასთან არ მქონია ისეთი ინტიმური სცენა, როგორიც აჩიკოსთან. ყველაზე რთული იყო სცენა, როცა მე და ჩემი დაქალი ვწევართ საწოლზე შიშვლები. ულამაზესი კადრია, როცა ვუყურე, გაოგნებული დავრჩი, ნუთუ ეს მე ვარ–მეთქი. ერთი შეხედვით მარტივი იყო, მაგრამ ყველაზე რთული აღმოჩნდა გადასაღებად. ორი ქალის თითოეული მოძრაობა უნდა ყოფილიყო ლამაზად წარმოჩენილი. ბოლოს ისე გავაწამეთ რეჟისორი, რომ იყვირა, დაეყარეთ, დროულად უნდა გადაგიღოთ, თქვენი ნერვები არ მაქვსო.

– კამერის წინ გაშიშვლება უკვე თქვენს ამპლუად იქცა. სხვა ტიპის როლში არ გიცდიათ ძალები?

– ეს არის ბოლო ფილმი, სადაც შიშველი ვიქნები. ამის შემდეგ შიშველს მიხილავს მხოლოდ ჩემი მომავალი მეუღლე! ყველა როლში მინდა მოვსინჯო ძალები, გარდა სექსუალური ქალისა. სცენარებს შეხედეთ (მიმანიშნა სცენარების ფურცლებზე – ავტ.), აქ ხუთი სცენარი დევს და ხუთივეში შიშველი უნდა ვყოფილიყავი. რადგან ერთხელ გავიხადე, ჰგონიათ, რომ მორჩა!

– ამ სცენარების ავტორებს უარი უთხარით?

– კი, ხუთივე "დავბრაკე"! მომბეზრდა შიშველი სცენები და მაყურებელს, მით უმეტეს, მობეზრდებოდა. მართალია, ასეთი ფილმები იყიდება კარგად, მაგრამ მინდა, სხვა ტანსაცმელი მეცვას კინოში, სექსუალური კაბების ატანა აღარ მაქვს!

– სტუდენტობის პერიოდში როგორ პერსონაჟებს თამაშოდით?

– სტუდენტობის პერიოდში გორკის პიესებში ვითამაშე. მას სულ დეპრესიული გმირები ჰყავს და მეც ასეთი როლი მოვირგე. პრინციპში, ეტიუდებში ვთამაშობდი. როცა სპექტაკლის დრო მოვიდა, უკვე ბავშვი მყავდა და ვეღარ ვითამაშე.

– საოცნებო როლი რომელი გაქვთ?

– ოფელიას ან ჯულიეტას როლზე არ ვოცნებობ, საზიზღარი, დასაბანი, დასავარცხნი და ჩაჩაჩულად ჩაცმული ქალის თამაში მინდა, სადაც ვიზუალურ მხარეზე არ იქნება აქცენტი. ნებისმიერ განსხვავებულ ქალს განვასახიერებდი, რომელიც არ იქნება ნაზი, სექსუალურ კაბებში გამოწყობილი. ბევრი ვითმინე, უკვე ასეთი როლები აღარ მინდა და რა გავაკეთო?!

– გწყინთ, რომ აქცენტს თქვენს სხეულზე აკეთებენ?

– ალბათ ეს ჩემი ბრალია, ჯერ იყო "ფლეიბოი", შემდეგ ორი ფილმი და ყველგან ეროტიკული სცენები მაქვს. ეს ალბათ ჩემი საშინელი გარეგნობის ბრალიც არის.

– საშინელი?!

– ჰო, ჩემთვის უკვე საშინელია. ალბათ რეჟისორები სხვა კუთხით ვერ მხედავენ, მაგრამ ყველაფერი წინ არის. თუ ამ ხუთ სცენარზე უარი ვთქვი, ტრაგედია არ არის. იმდენად წამოიწია კინოინდუსტრიამ, რომ მსახიობს თუ რამის კეთება შეგიძლია, რეალიზებას მოახდენ.

– როგორია თქვენი ოცნების ქალაქი?

– ჩემი ოცნების ქალაქი თბილისია.

– სხვა ქვეყანაში წასვლაზე არ გიფიქრიათ?

– ხშირად მეკითხებიან, რატომ არ ცვლი შენს ცხოვრებას, რატომ არ მიდიხარ საზღვარგარეთო, მით უმეტეს, მქონდა შემოთავაზებები. ძნელია, როცა იქ პატრონი არ გყავს, დაჰკრა ფეხი და მხოლოდ ამ შემოთავაზებების იმედით წახვიდე. აქ რასაც ვაკეთებ, ამით კმაყოფილი ვარ. შეიძლება ვიღაცისთვის ეს არაფერი იყოს, მაგრამ მე კარგად ვგრძნობ თავს.

– თბილისში ჭორების ობიექტი ხართ. ეს არ გაღელვებთ?

– ჩემმა მეგობრებმა დააწესეს განრიგი და თუ სადმე მივდივარ, რომელიმე მათგანი მომყვება. მარტო აღარ გავდივარ, რადგან სულ რეპლიკებით მხვდებიან. სექსუალური ქალი და მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ბევრს ერთი და იგივე ჰგონია, რაც საშინელებაა. ზოგჯერ მინდა, მაკიაჟის გარეშე ვიარო და შვილი წავიყვანო წყნარად სადმე, მაგრამ... ძალიან ძნელია. თუ რამის ყიდვა მინდა, მეგობარს ვურეკავ, მიყიდოს, რომ გარეთ არ გავიდე, შეზღუდული ვარ. ერთი პერიოდი იმასაც ვფიქრობდი, პირადი დაცვა ხომ არ ამეყვანა.

იყო ისეთი მომენტიც, რომ ცრემლი მომდგომია თვალზე, მაგრამ ეს გზა ავირჩიე და ვერაფერს ვიზამ! არ ვიცი, ეს ყველაფერი თუ ოდესმე დაავიწყდებათ. "ფლეიბოიში" ფოტოები სამი წლის წინ გადავიღე და დღემდე სალაპარაკოა. ძალიან ძლიერი შეყვარებული უნდა მყავდეს, ტყვიას ტყვიაში აჯენდეს, რომ არავინ მომეკაროს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ისიც ვერ გავიგე, რატომ მათხოვებენ ყოველკვირეულად. ერთ დღეს ყველა ჩემმა მეგობარმა დამირეკა, მართლა გათხოვდი თუ არაო. დღის ბოლოს ვხუმრობდი, ვახშამი ხომ არ მოვუმზადო ჩემს მომავალ მეუღლეს, ახლა რომ შემოვა–მეთქი.

– ვისზე გათხოვებენ?

– ხან "იმედის" ერთ–ერთ მფლობელზე, ხან – ისეთზე, ვისაც არ ვიცნობ.

– რეალურად თუ არსებობს მამაკაცი თქვენს ცხოვრებაში, რომლის მიმართაც გრძნობა გაქვთ?

– რეალურად არის ადამიანი, ვისზეც ვფიქრობ, მაგრამ თუ გაძლებს ჩემ გვერდით, არ ვიცი. ძალიან ძნელია, როცა ათასი ავადმყოფი გირეკავს, შეხვედრას გთხოვს და ა.შ. ამის გამო ნომერი შევიცვალე და უცხო ზარებს აღარ ვპასუხობ.

– ამ ყველაფერს როგორ ეგუება ის ადამიანი?

– არ ვიცი. მამაკაცი ძლიერი უნდა იყოს, თორემ მაინც საქართველოა, გამოჩნდება ბებია, დეიდა, ნათესავი, ვინც ეტყვის, ეგ გოგო "ფლეიბოიში" იყო გადაღებული, ფილმში მკერდი უჩანს და როგორ იქნება პატიოსანიო. არ ვიცი, ალბათ ბევრი რამის გადალახვა მოუწევს ჩემი კარიერის გამო.

– ოჯახური სიმყუდროვე მოგენატრათ?

– ამას თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ჩემს რეჟიმს ვერავინ გაუძლებს. როცა სადმე მივდივარ, უნდა ნახოთ, რა ხდება სახლში, ყველგან ჩანთები, კაბები და პარფიუმერია ყრია. ალბათ ჯერ არ ვარ მზად დაოჯახებისთვის.

– შორენა, თქვენი გადაცემა "ღამე შორენასთან ერთად" გარკვეულ ხანს აღარ გადიოდა და ამბობდნენ, დახურესო. მერე კი ნაკლებად სექსუალურად შემოსილი დაბრუნდით ეკრანზე. რა ხდებოდა იმ პერიოდში, მართლა დახურვას გადაურჩით?

– რაც უნდოდათ, იმას ამბობდნენ. დახურვას არც ვაპირებდით, უბრალოდ რაღაც–რაღაცეები შევცვალეთ, უფრო დაიხვეწა. საზოგადოების ერთი ნაწილი დარჩა უკმაყოფილო, რომ დეკოლტე აღარ მაცვია, სხეული ნაკლებად მიჩანს. ამის გამო იყო პრეტენზიები, მაგრამ ამასაც შეეგუვნენ. ახლა უფრო მომწონს გადაცემა.

– კრიტიკა ისევ ძველებურად ისმის?

– არა, უფრო სიწყნარეა. ან მოეწონათ, ან შეეგუვნენ.

– ახლა სტუმართან გიწევთ საუბარი. ძნელი გამოდგა ჟურნალისტის ამპლუაში ყოფნა?

– პირველად დავჯექი სტუმართან პირისპირ. კითხვები წინასწარ არ მზადდება, უბრალოდ არის თემა, რომელზეც უნდა ვისაუბრო. იმდენად კარგად მებადება კითხვები, წინასწარ აღარ მიწერენ და ბუნებრივი საუბარი გამოდის. ჟურნალისტობა აქამდე არ მიცდია, მაგრამ არ გამიჭირდა.

– ქუჩაში, ბარებში გადაღებები აღარ იქნება?

– ვეღარ ვწერთ, რადგან რომ მხედავდნენ, იწყებოდა ყვირილი, ნომერი დამიტოვე, დღეს რას აკეთებო და ა.შ. ამიტომ უარი ვთქვი.

– ყოველდღიურობაშიც უარი თქვით სექსუალურ სამოსზე?

– არასოდეს მომწონდა სექსუალური კაბები. როცა გადაცემისთვის და კინოსთვის დამჭირდა, მაშინ შევიძინე. შარვლების კოლექცია მაქვს. არასოდეს მცმია გამომწვევად. ჩემთვის კომფორტულია ჯინსი და სპორტული მაისური. გარეგნობით შეიძლება მოვიხდინო სექსუალური სამოსი, მაგრამ შინაგანად სხვა შორენა ვარ, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება ასეთ კაბებს, ამიტომ კატეგორიულად არ ვიცვამ სექსუალურად. კიდევ ასეთი კაბებით რომ ვიარო, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?!

ნიკა ხაჩიძე



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: შორენა ბეგაშვილი
კავშირი ტეგთან: შორენა ბეგაშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online