asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

"ჩემს გამოსვლებს ახლა რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ზედმეტად ვინერვიულე"
ელენე ფოჩხუა იავნანას 12 ენაზე იმღერებს
"ჩემს გამოსვლებს ახლა რომ ვუყურებ, ვფიქრობ, რომ ზედმეტად ვინერვიულე"

2010-04-14 14:27:15



ელენე ფოჩხუა საზოგადოებამ "ნუცას სკოლიდან" გაიცნო. შემდეგ "ჯეოსტარშიც" იყო. ელენეს 8 თვის გოგონა ჰყავს და ამ საპატიო მიზეზის გამო, მისი კარიერა დროებით შეფერხდა. თუმცა, მას დაგეგმილი აქვს ახალი პროექტი, რომელიც მალე ჩატარდება, მანამდე კი მთლიანად ბავშვის აღზრდაზეა გადართული. ელენემ ამ და სხვა თემებზე "გუმბათთან" ისაუბრა.



– ელენე, "ჯეოსტარში" მონაწილეობა რატომ გადაწყვიტეთ?

– დავიწყოთ იმით, რომ ძალიან კარგი პროექტია და ყოველთვის მომწონდა. მას შემდეგ, რაც რეკლამები ვნახე, გამიჩნდა სურვილი, გავსულიყავი. გავიარე შესარჩევი ტური, დამირეკეს და მითხრეს, რომ მეორე ტურში გადავედი, რაც ძალიან გამიხარდა. თავიდან ოჯახის წევრებისგან წინააღმდეგობა იყო. აღარ უნდოდათ, ისევ კონკურსზე გავსულიყავი, რადგან ეს ნერვიულობასთანაა დაკავშირებული. თუმცა, ეს ნერვიულობად ნამდვილად ღირდა, რადგან, როგორც მომღერალი, გავიზარდე, დიდი პრაქტიკა მივიღე. კონცერტები ყოველ ორშაბათს ტარდებოდა. ჩვენს რეპერტუარსა და ჩაცმულობაზე უამრავი ადამიანი ზრუნავდა. ცოცხალი ბენდი უკრავდა, რაც მომღერლისთვის ყველაზე სასიხარულოა.

– პროექტი რომ დატოვეთ, გული დაგწყდათ?

– არც ისე. ვერ ვიტყვი, რომ გამარჯვება არ მინდოდა, მაგრამ პროექტიდან გამოსვლის გამო ტრაგედია არ შემიქმნია. თან ახალი წელი იყო და კარგი განწყობა მქონდა. ყველა მონაწილე, ასე თუ ისე, შეგუებულია იმას, რომ ნებისმიერ კვირას შეიძლება გავარდეს. მე ყოველ ორშაბათს ვნერვიულობდი და ვფიქრობდი, რამდენი ზარი შემოვა, გასავარდნ კონკურსანტებში ხომ არ მოვხვდები–თქო და ასე შემდეგ. ჩემს გამოსვლებს ახლა რომ ვუყურებ, ვფიქრობ, ზედმეტად ვინერვიულე. უფრო მეტის გაკეთება შემეძლო.

– საერთოდ, სცენაზე დაძაბული ხართ?

– არა. მსგავსი სირთულეები დიდი ხანია, გადავლახე. ჩემი თავის მინუსიცა და პლუსიც შევისწავლე და ვიცი, მაყურებლის წინაშე როგორ წარვსდგე. იქიდან გამომდინარე, რომ "ჯეოსტარი" არის კონკურსი, მხოლოდ იმაზე არ გიწევს ფიქრი, რომ კარგად იმღერო. მე არ მჯერა იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ ასეთ კონკურსებზე არ ნერვიულობენ.

– წარმოშობით ზუგდიდიდან ხართ. "ჯეოსტარზე" მეგრელების მხარდაჭერას გრძნობდით?

– რა თქმა უნდა. ამ კუთხიდან უდიდესი დახმარება მქონდა. სმს–ების უმეტესობა სწორედ მათგან მოდიოდა, ეს მეგრელების თვისებაა. თუ გაიგებენ, რამე კონკურსზე მეგრელი გამოდის, ეგრევე უმესიჯებენ და ყველანაირად გულშემატკივრობენ. სხვათა შორის, პროექტის დასრულების შემდეგ, მთელ საქართველოს და განსაკუთრებით, ჩემს კუთხეს, მადლობა გადავუხადე. ზოგმა ჩემი ნათქვამი არასწორად გაიგო. ეწყინათ, მეგრელები გამორჩეულად რატომ გამოყავიო.

– კონკურსზე უკვე გათხოვილი იყავით. მეუღლე ხელს გიწყობდათ?

– საერთოდ, მეუღლე ყოველთვის ხელს მიწყობს. ჩემი საქმიანობა მოსწონს და აფასებს. "ჯეოსტარის" დროსაც ჩემთან ერთად ნერვიულობდა, სმს–ებს მიგზავნიდა. არანაირი დაბრკოლება იმ მხრივ, რომ გათხოვილი ვიყავი, არ მქონია.

– ვინ არის თქვენი მეუღლე და რას საქმიანობს?

– ჩემი მეუღლე გიორგი ზარქუაა. ის პროფესიით იურისტია. ამჟამად საპატრულო პოლიციაში მუშაობს.

– ერთმანეთი როგორ გაიცანით?

– ეს 5 წლის წინ მოხდა. მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავი და იქ გავიცანი. ერთმანეთი მოგვეწონა და ურთერთობაც ასე ავაწყვეთ. მალევე დავქორწინდით. სიმართლე გითხრათ, გათხოვებაზე ჯერ არ ვფიქრობდი, მინდოდა, კარიერისთვის მიმეხედა, მაგრამ გიორგი არ მომეშვა, თან დამპირდა, რომ ყველანაირად გვერდით დამიდგებოდა.

– თქვენ 8 თვის ლიზი გყავთ. ადვილად აღსაზრდელი ბავშვია?

– ძალიან ჭკვიანი ბავშვია. ჭირვეული და მტირალა ნამდვილად არ არის. უბრალოდ ყურადღების ქვეშ ყოფნა სჭირდება. სულ უნდა, რომ ეთამაშო და ელაპარაკო. ამას ჯერ კიდევ მუცლადყოფნისას შევაჩვიე. ველაპარაკები, ზღაპრებს ვიგონებ, ხან კურდღელი ვარ, ხანაც – დათვი და სპექტაკლებს ვუტარებ. ამ ყველაფერს იმდენად შეეჩვია, სახლიდან რომ გავდივარ, ტირის. როცა სადმე მივდივარ, სულ ვნერვიულობ. მართალია, უცხოსთან არ ვტოვებ, მაგრამ მაინც იმაზე ვფიქრობ, უჩემოდ როგორაა.

– ბავშვის აღზრდაში ვინმე გეხმარებათ?

– მამიდაჩემი მეხმარება. როცა გასული ვარ, მასთან ვტოვებ.

– ლიზის მამიკო უფრო ანებივრებს თუ თქვენ?

– ორივე ერთნაირად. უფრო მეტად ჩემთან ყოფნა უწევს, ხშირად ვასეირნებ ხოლმე.

– თავს ბედნიერ ქალად თვლით?

– კი. ოჯახი მაქვს, პატარა ლიზი მყავს. გვერდით მიდგას ადამიანი, რომელიც ჩემთვის სასურველია. ქალისთვის მთავარი ბედნიერება სწორედ კარგი ოჯახია.

– საზოგადოება თქვენს ძმასაც კარგად იცნობს. რა ხდება მის ცხოვრებაში?

– ახალი და სასიამოვნო ისაა, რომ გიორგი დაოჯახდა და ბავშვსაც ელოდებიან. მიხარია, რომ მალე მამიდა გავხდები. სხვათა შორის, 23 ნოემბერს, ჩემს დაბადების დღეზე, მოიყვანა ცოლი. მე ეს არც ვიცოდი, დავურეკე გიორგის, აქამდე სად ხარ–თქო და მითხრა, ცოლი მოვიყვანეო.

– და–ძმას როგორი ურთიერთობა გაქვთ?

– ძალიან კარგი და მეგობრული. ჩემი პროფესიის გულშემატკივარია, გვერდით მიდგას და რჩევებსაც მაძლევს. "ჯეოსტარში" მონაწილეობა რომ გადავწყვიტე, რჩევა გიორგისაც ვკითხე.

– რჩევებს გიორგისაც აძლევთ ხოლმე?

– რა თქმა უნდა. "ვარსკვლავების აკადემიაში" წასვლას არ ვურჩევდი, რადგან ამისთვის მოუმზადებელი იყო. მართალია, სმენა და შესაბამისი მონაცემებიც აქვს, მაგრამ ამ მხრივ გამოუცდელია, პედაგოგთან არასდროს უვლია. ეს პროექტი საკმაოდ რთულია. ვინც ძალიანაა მომზადებული, ისიც ღელავს და შეიძლება მაქსიმუმი ვერ გააკეთოს. ჩემი რჩევის მიუხედავად, გიორგი ამ პროექტში მაინც წავიდა. ვთვლი, რომ გიორგი უფრო კარგი მსახიობია, ვიდრე მომღერალი. თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. რაც შეეხება "ჯეობარს", ყველა ტური რომ გაიარა, ოჯახის წევრებს მერე შეგვატყობინა. წინააღმდეგები არ ვყოფილვართ, რადგან გიორგი ზრდასრული ადამიანია და იცის, რა უნდა. თან არც ვიცოდით, რა სახის პროექტი იყო და მხოლოდ დაწყების შემდეგ აღვიქვით.

– "ჯეოსტარის" შემდეგ თქვენს კარიერაში რა ხდება?

– "ჯეოსტარი" რომ დამთავრდა, დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რა გამეკეთებინა. ერთ სიმღერას ჩავწერდი, კლიპსაც გადავიღებდი, მაგრამ მინდოდა, მაყურებლის წინაშე განსხვავებული რეპერტუარით წარვმდგარიყავი. "ჯეოსტარის" გახსნაზე აფრიკული იავნანა ვიმღერე და ვთვლი, რომ ჩემს გამოსვლებს შორის საუკეთესო იყო. ამის შემდეგ მე, ჩემს ძმასა და მეგობარს გაგვიჩნდა იდეა, რომ იავნანა 12 ენაზე ვიმღერო. დახმარებისთვის ნიკა მემანიშვილს მივმართე და მუსიკალური ხელმძღვანელი სწორედ ისაა, რეჟისორი კი – მანანა ბერიკაშვილი. ეს იქნება მუსიკალური სპექტაკლი, სანახაობა, სადაც მოცეკვავეებიცა და მსახიობებიც იქნებიან. იავნანას 12 ენაზე შევასრულებ.

– ეს სპექტაკლი ერთჯერადი იქნება?

– არა მგონია. პრეზენტაცია აუცილებლად საქართველოში, სავარაუდოდ, ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შედგება. წინასწარ არ ვიცით, რა და როგორ იქნება, თუმცა გვინდა, რომ ერთჯერადი არ იყოს და თორმეტივე ქვეყანაში გავიტანოთ.

– სპექტაკლის დადგმა როდისთვის არის დაგეგმილი?

– საერთოდ, აქამდეც უნდა გაგვეკეთებინა, მაგრამ, გარკვეული მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა. ჯერ ქვეყანაში არეულობა იყო, მერე ბავშვი გავაჩინე, წონაში მოვიმატე და ახლა ნელ–ნელა ძველ ფორმას ვუბრუნდები. ამ პროექტზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს და შემოდგომისთვის აუცილებლად ჩატარდება. იმედია, ყველაფერი კარგად ჩაივლის და წარმატებებს მოგვიტანს.

თეონა კენჭიაშვილი



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online