asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მედისონის საგრაფოს საოლქო პროკურორი
მედისონის საგრაფოს საოლქო პროკურორი
მედისონის საგრაფოს საოლქო პროკურორი

2010-12-16 15:06:49



ოტელ "მედისონის" ღამის კლერკი, ის იყო, წიგნის კითხვას შეუდგა, რომ ორნი მიუახლოვდნენ.

– ო, მის მარტინ! მისტერ სელბი! – წამოხტა კლერკი, – მაპატიეთ, მაგრამ ადგილები არ გვაქვს...

– არც გვჭირდება, – მიუგო დუგმა, – ჩვენ ერთ ახალგაზრდა ქალს ვეძებთ, რომელიც, სავარაუდოდ, უინდრიფტიდან ჩამოვიდა და მგონი, თქვენთან გაჩერდა. ლამაზია, ფიგურაც მშვენიერი აქვს. ასე, 23–24 წლის თუ იქნება.

– ჰო, – თავი დააქნია კლერკმა, – ამგვარი ქალი ჩვენთან მართლა ცხოვრობს, მის დაფნა არკოლა. მისი ოთახია 662.

– იქნებ დაურეკოთ, ჰა?

– ასე გვიან? – გაუკვირდა კლერკს.

– ჰო. ეს აუცილებელია.

– რაკი ასეა... – კლერკი აპარატს მისწვდა, ერთხანს აწვალა, მერე კი მოსულებს მიუბრუნდა, – ის არ პასუხობს.

– მაშინ თავად ავიდეთ. ნომრის გასაღები ხომ გაქვთ?

– ჰო, რა თქმა უნდა, მაგრამ...

– ნუღარ ყოყმანობთ, – თქვა სელბიმ, – როგორც გითხარით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

– რა გაეწყობა, – მხრები აიჩეჩა კლერკმა და მოსულებს ლიფტისკენ გაუძღვა.

რაკი კაკუნზე არავინ გამოპასუხებიათ, კლერკმა გასაღები მოიმარჯვა და ცოტა ხნის შემდეგ სამივენი ოთახში შევიდნენ.

– შუქი აანთეთ, – სთხოვა სელბიმ კლერკს.

როცა იქაურობა განათდა, კლერკმა გაკვირვებით შესძახა:

– უცნაურია! აქ არავინაა!

– ახლა მომისმინეთ, – დაიწყო დუგმა, – ჩვენ აქ დავრჩებით, თქვენ კი ქვევით ჩადით და თქვენი საქმე გააგრძელეთ. თუ თავად მის არკოლა გამოჩნდება, სამი ზარით შეგვატყობინეთ, ხოლო თუ მას სხვა ვინმე იკითხავს, ორი ზარი გამოუშვით. გასაგებია?

– გასაგებია, სერ.

კლერკი წავიდა, სელბიმ კი კარი მიხურა.

– სილვია, ნახე, ეს ქალი მსუბუქად მოგზაურობს. სულ ერთი ჩემოდანია. იქნებ გენახა, შიგ რა არის?

სილვიამ ჩემოდანი საწოლზე დადო, მერე კი თავი ახადა:

– ქალის ჩვეულებრივი ნივთებია, ტანსაცმელი, კოსმეტიკა, პირადი მოხმარების საგნები...

– რამე დოკუმენტი ან დღიური ხომ არ ჩანს?

– მაგგვარი არაფერია.

სელბი ტელეფონთან მივიდა, ყურმილი აიღო და, კლერკის ხმა რომ მოესმა, თქვა:

– იქნებ გენახათ, ამ 662–ე ნომრიდან სად დარეკეს?

– ახლავე... აქ ორი ნომერია, სერ.

– ადგილობრივი თუ საქალაქთაშორისო?

– ადგილობრივი, სერ.

– თუ შეიძლება, მიკარნახეთ.

– ვესტ–9328 და ორანჟ–8967.

– ბარემ ისიც გამიგეთ, ვისი ნომრებია.

– კარგით, მისტერ სელბი... ერთი წამით... ტელეფონი რეკავს... ეს შერიფია, მისტერ სელბი... მან თქვა, რომ თქვენთან მოდის.

– კარგი. ეს აბონენტები მომიძებნეთ, თუ შეიძლება.

სელბის ყურმილი ისევ ხელში ეჭირა, სილვია კი ჩემოდნის შიგთავსის თვალიერებას განაგრძობდა.

– აქ საინტერესო აღარაფერია, – შენიშნა მან.

– მალე რექს ბრენდონი მოვა, – თქვა დუგმა, – იქნებ შეიტყო რამე?

ამ დროს ყურმილში კლერკის ხმა მოისმა:

– მისტერ სელბი, მისმენთ?

– ჰო, რა თქმა უნდა.

– ვესტ–9328 მისის ლორეინ ლენოქსის ნომერია. ეს ქალი ვესტ–ჩესტნუტის 836–ში ცხოვრობს. რაც შეეხება ორანჟ–8967–ს, ეს ნომერი მისტერ კარს ეკუთვნის.

– თქვენ აბეკა–ს გულისხმობთ? – აღელდა სელბი.

– სწორედ მას. ალფონს ბეიკერ კარს, ადვოკატს.

– როდის დაურეკა?

– მაპატიეთ, მაგრამ ჩვენ დროს არ ვინიშნავთ და მხოლოდ ფაქტს ვაფიქსირებთ. ვიცი მხოლოდ ის, რომ ჯერ მისის ლენოქსს დაურეკა, მერე კი კარს.

– კარგით. ზარებზე რომ გითხარით, არ დაგავიწყდეთ. და კიდევ. თუ ვინმემ ამ ქალს დაურეკა, შეეცადეთ, გაიგოთ, ვინ ურეკავს.

– კარგით, სერ, – კლერკმა ხაზი გათიშა, სელბიმ კი ყურმილი დადო და ოთახში შემოსულ შერიფს მიუბრუნდა:

– ამ ქალს დაფნა არკოლა ჰქვია. უინდრიფტიდან ჩამოვიდა, მონტანადან. აქედან ორ ნომერზე დარეკა. პირველი მისის ლენოქსისაა, ჩესტნუტის 836–ში, მეორე კი, გაგიკვირდებათ და, თავად ბებერი აბეკა–სი.

ბრენდონს სახე მოეღუშა:

– ისევ ეს არამზადა.

– არამზადა კი არა, ძალიან ჭკვიანი და საშიში ადვოკატია, რომელიც...

– კანონებს გვერდს უვლის, – დაასრულა ბრენდონმა პროკურორის ფრაზა.

– რექს, – ჩაიცინა სელბიმ, – ბოლო საქმის გამო აბეკას ადვოკატობის უფლების ჩამორთმევა ემუქრებოდა და ეს რომ თავიდან აეცილებინა, იძულებული გახდა, მოწმე ცოლად შეერთო.

– მესმის ქორწინება! – გაეცინა სილვიასაც, – საინტერესოა, ერთად როგორ ცხოვრობენ?

– იქნებ ამაზე შევიტყოთ კიდეც რამე, – შენიშნა პროკურორმა.

– იმ ქალის ადგილას ყოფნას ნამდვილად არ ვისურვებდი, – განაცხადა ბრენდონმა, – აბეკა ყველაფერზეა წამსვლელი, თან, ახლანდელი კანონით, მათი ქორწინება სამ წელს მაინც უნდა გაგრძელდეს.

– მეორე ზარზე რა ვქნათ? – იკითხა სილვიამ.

– ალბათ მათ შინ უნდა ვეწვიოთ, – მიუგო დუგმა, – ოღონდ მანამდე წინასწარ გავაფრთხილოთ.

პროკურორმა ყურმილი აიღო და კლერკს ვესტ–9328–სთან დაკავშირება სთხოვა.

ცოტა ხნის შემდეგ ყურმილში ქალის უკმაყოფილო ხმა გაისმა:

– რაშია საქმე?

– ეს ვესტ–9238–ია?

– დიახ.

– საოლქო პროკურორი დუგლას სელბი გელაპარაკებათ. მაპატიეთ, ასე გვიან რომ გაწუხებთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა.

– გისმენთ.

– შემიძლია გავიგო, ვის ვესაუბრები?

– მე მისის ლორეინ ლენოქსი ვარ.

– ო, მისის ლენოქს, მაპატიეთ, რომ...

– ეგ არაფერია, – გააწყვეტინა ქალმა, – თქვენ, როგორც ჩვენი საგრაფოს კანონების მთავარმა წარმომადგენელმა, უნდა იცოდეთ, რაც შეგვემთხვა.

– იქნებ ამიხსნათ, რას გულისხმობთ?

– ვგულისხმობ იმას, რომ ორი საათის წინ ვიღაცა ჩემი ქალიშვილის საძინებელში შეიპარა და მთელი ძვირფასეულობა წაიღო.

სელბი წამით ჩაფიქრდა, მერე კი შეეკითხა:

– მითხარით, დღეს საღამოს თქვენთან მის დაფნა არკოლას ხომ არ დაურეკავს?

– ამას ძარცვასთან რამე კავშირი აქვს?

– შეიძლება ჰქონდეს კიდეც.

– პირადად მე დაფნა არკოლას არც ვიცნობ და არც ჩემთვის დაურეკავს.

– იქნებ ოჯახის სხვა წევრებს შეეკითხოთ?

– ცოტა ხნით დამიცადეთ.

რაღაც დროის შემდეგ მისის ლენოქსი ისევ ალაპარაკდა:

– არა, არავინ იცნობს. თან სახლში ვიღაც ყოველთვისაა და რომ დაერეკა, უპასუხებდნენ.

– გასაგებია.

– ახლა თქვენ მითხარით, ჩვენი გაძარცვის გამო რის გაკეთებას აპირებთ?

– ყველაფერს ვიღონებთ, მისის. პოლიციას ხომ შეატყობინეთ?

– რა თქმა უნდა. ერთი საათის წინ. თუმცა მათი მეთოდები არ მომწონს.

– რამეს ვიღონებთ, – შეჰპირდა სელბი და ყურმილი დადო.

– რაო? – იკითხა სილვიამ მოუთმენლად.

– მათ სახლში ვიღაცა ყოველთვისაა. დაფნა არკოლასთან არავის ულაპარაკია და ვინმეს რომ დაერეკა, აუცილებლად უპასუხებდნენ. გამოდის, რომ ან კლერკს შეეშალა, ან ლენოქსებიდან ვიღაცა ცრუობს. ორი საათის წინ ისინი გაძარცვეს, რაც უკვე პოლიციამაც იცის.

– დუგ, ახლა რედაქციაში გავრბივარ, – თქვა სილვიამ და კართან მივიდა, – თუ უახლოეს დროში რამე საინტერესო მოხდა, შემატყობინე, კარგი?

– აუცილებლად.

როცა შერიფი და პროკურორი მარტო დარჩნენ, ამ უკანასკნელმა კეფა მოიფხანა და თქვა:

– ამ არკოლამ დიდი თავსატეხი გაგვიჩინა.

– ნუღარ იტყვი, – დაეთანხმა ბრენდონი.

– ეს გოგო ამ ქალაქში დაახლოებით რვა საათისთვის ჩამოვიდა, ოტელში მოეწყო, თავი მოიწესრიგა, ორგან დარეკა, მერე კი პარკში გაისეირნა...

– სადაც მოკლეს კიდეც, – დაასრულა ბრენდონმა.

– თუ ამ ქალზე მეტ რაღაცას არ შევიტყობთ, მკვლელის პოვნა გაგვიძნელდება, – თქვა დუგმა, – ისე, მართლა საინტერესოა, პარკში რა უნდოდა.

ანაზდად ტელეფონმა დარეკა.

– აქეთკენ ვიღაც მოდის, – შესძახა პროკურორმა და შუქი ჩააქრო, – კლერკს ასე შევუთანხმდი.

მართლაც, ცოტა ხნის შემდეგ კარს ვიღაც მოადგა და ფრთხილად დააკაკუნა. რაკი არავინ გაეპასუხა, კარი შემოაღო და ოთახში შემოვიდა.

დუგმა შუქი აანთო: მათ წინ ბებერი აბეკა იდგა, იგივე ალფონს ბეიკერ კარი, პროფესიით ადვოკატი.

პირველი გონს ისევ ის მოვიდა:

– საღამო მშვიდობისა, ჯენტლმენებო.

– თქვენ აქ რა გინდათ? – ეცა ბრენდონი.

კარს გაეცინა და მშვიდად თქვა:

– სხვათა შორის, მეც იგივე კითხვა უნდა დამესვა თქვენთვის.

სელბიმ კარი მიხურა, შერიფმა კი შემოსულს უბრძანა:

– აქ დაჯექით და თქვენი ხმა არ გავიგონო!

მომღიმარი კარი მორჩილად დაჰყვა მის ნებას, ერთ–ერთ სავარძელში ჩაეშვა, ფეხები გადაიჯვარედინა, ჯიბიდან ტყავის პორტსიგარი ამოიღო, იქიდან სიგარა ამოაძვრინა, მოუკიდა და მადიანად გააბოლა. ის ისეთი მშვიდი და კეთილგანწყობილი ჩანდა, თითქოს მეგობრების წრეში ცხოვრების სიამტკბილობაზე ლაპარაკს აპირებდა. მიუხედავად ასაკისა, კარი საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდა და რაღაცით ჰოლივუდის რომელიღაც კინოვარსკვლავსაც კი ჩამოჰგავდა.

გამეფებული სიჩუმე დუგმა დაარღვია:

– აქ რის გაკეთებას აპირებდით?

– ჯენტლმენებო, – გაიღიმა კარმა, – ჩემი მოქმედების ახსნას არ ვაპირებ, თუ, ცხადია, ის დანაშაულს არ უკავშირდება.

– დანაშაული რატომ ახსენეთ? – დაინტერესდა შერიფი.

– რა ვიცი, ისე, – კარმა პროკურორს შეხედა, – როგორც მახსოვს, თქვენ ომის დროს დიდ წარმატებებს მიაღწიეთ, როცა კონტრდაზვერვაში მუშაობდით. თქვენი დასკვნები იმდენად საინტერესო იყო, რომ...

– ჩვენ ახლა სხვა რამე გვაინტერესებს, – შეახსენა სელბიმ.

– პროკურორო, უნდა მაპატიოთ, თემიდან რომ გადავუხვიე, – მოუბოდიშა კარმა, – აქ მის დაფნა არკოლასთან მოვედი კერძო ვიზიტით, რომელიც ჩემი ცოლის მეგობარია.

– თქვენ რა, ცოლიანი ხართ? – შეეკითხა ბრენდონი ოდნავ დამცინავად.

– ოფიციალურად ასეა და გთხოვთ, ეს კარგად დაიმახსოვროთ.

– არკოლას პირადად იცნობთ? – დაინტერესდა სელბი.

– ადრე არასოდეს მინახავს. ისე კი, მართლა ჩემი ცოლის მეგობარია.

– იცოდა, მასთან მოსვლას რომ აპირებდით?

– ზუსტად ვერ გეტყვით.

– არ გეჩვენებათ, რომ კერძო ვიზიტებისთვის საკმაოდ გვიანი დროა?

– ჩვენ, კარები, ყველანი ჭოტები ვართ. ასე რომ, გვიანი სტუმრები პრობლემა არ არის.

– პარკში ახალგაზრდა ქალის გვამია ნაპოვნი. მას ზურგში დანა ჩასცეს. გვაქვს მიზეზი, ვიფიქროთ, რომ მოკლული ამ ნომერში ცხოვრობდა.

– დანა ჩასცეს?

– დიახ.

– ო, რა სირცხვილია! საშინელი სირცხვილი!

– ჩვენ კი მკვლელს ვეძებთ, – შენიშნა შერიფმა.

– უკვე მივხვდი.

– ამიტომ ყველაფერი გვაინტერესებს, რაც კი ამ ქალს უკავშირდება, – დაამატა სელბიმ.

– გასაგებია.

– დიდი ხანია, რაც თქვენი მეუღლე მის არკოლას იცნობდა? – შეეკითხა ბრენდონი.

– სიმართლე გითხრათ, არც ვიცი. ჩემი ცოლისთვის თავის ძველ ნაცნობებზე არასოდეს მიკითხავს და არც ხანგრძლივი ურთიერთობების მჯერა.

– მაშინ აქ რამ მოგიყვანათ? – ჩააცივდა სელბი.

– მის არკოლას ჩემი ცოლისთვის დაურეკავს, როცა ის შინ არ ყოფილა და დაუბარებია, ამ ოტელში რომ გაჩერებულა, 662–ე ნომერში.

– და აქ ამიტომ ხართ?

– აქეთ ვიყავი და მისის კარმა მთხოვა, როცა გათავისუფლდები, ოტელში შეიარეო.

– მაშინ ალბათ დროული იქნება, მისის კარს ვეახლოთ და დაველაპარაკოთ, – დაასკვნა სელბიმ.

კარი წამოდგა:

– ძალიან მოხარული ვიქნები, თუ გვეწვევით. 72 წლის რომი მაქვს და ეჭვი არ მეპარება, ძალიან მოგეწონებათ.

აბეკა კარისკენ გაემართა:

– ერთი წამით, – შეაჩერა ბრენდონმა, – აქედან ყველანი ერთად უნდა გავიდეთ.

– ვითომ რატომ? – გაიკვირვა კარმა.

– ცოლის გაფრთხილება რომ ვერ მოასწროთ, – აუხსნა შერიფმა.

კარი მოიღუშა:

– შერიფო, ისე მექცევით, თითქოს დამნაშავე ვიყო. ქვევით ჩემი მანქანა დგას, რომლითაც შინ უნდა წავიდე. თქვენ კი, ჯენტლმენებო, შეგიძლიათ შინ მეწვიოთ, ოღონდ როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს და არა დამნაშავეს.

– შემიძლია, თქვენი მეუღლე დასაკითხად სამმართველოში გამოვიძახო, – შენიშნა ბრენდონმა.

– არა, რექს, – თქვა დუგმა, – ერთი სული მაქვს, მისტერ კარის რომს როდის გავსინჯავ.

– გმადლობთ, მაიორო, – თავი დახარა კარმა, – მე და ჩემი მეუღლე სიამოვნებით დაგელოდებით.

კარი ოთახიდან გავიდა, სელბი კი შერიფს მიუბრუნდა:

– როგორც ვხედავ, შენც ერთი სული გაქვს, როდის დაიჭერ.

– გამოიცანი.

– ოღონდ გახსოვდეს, ეს კაცი ძალიან ჭკვიანია და დიდი სიფრთხილე გმართებს, – დაამატა დუგმა.

– ის ჭკვიანია, მე კი სირენა მაქვს, – მიუგო შერიფმა და დერეფანში გავიდა.

– სირენა რა შუაშია? – მიჰყვა მას დუგი.

– როგორ თუ რა შუაშია? სირენა თუ ჩავრთე, მთელი ქალაქი გაიგებს, რა საშიშ ადამიანსაც მივდევთ.

– გასაგებია, – გაეღიმა პროკურორს და ლიფტისკენ მიმავალ შერიფს უკან გაჰყვა.

პოლიციის მანქანა კარის სახლის წინ გაჩერდა.

– დუგ, აკი გითხარით, ჩვენ მივასწრებთ–მეთქი, – თქვა შერიფმა.

– ეს კიდევ არაფერს ნიშნავს, – მიუგო პროკურორმა, – იქნებ კარი უახლოეს ავტომატთან მივიდა და ცოლს იქიდან დაურეკა?

– მაგას კი ვეღარ მივხვდი, – თავი გააქნია ბრენდონმა, – ნამდვილად ასე იზამდა. მოიცა, მგონი, მოდის!

შორს მართლა გამოჩნდა ორი აციმციმებული შუქი და ცოტა ხნის შემდეგ კარის მანქანა შერიფის მანქანის უკან გაჩერდა. როცა მანქანები სამივემ დატოვა, კარმა გაკვირვებით შესძახა:

– თქვენ მომასწარით? არა, არ მიკვირს. ჩემს მოტორს რაღაცა დაემართა და ამიტომ შევყოვნდი. აბა, წავედით. მისის კარს ალბათ ჯერ არ სძინავს.

ის იყო, აბეკამ კარი თავისი გასაღებით გააღო, რომ წინ მისი კარი შემოეგება:

– მოხვედი, ძვირფასო?

– ჰელოუ, საყვარელო, ჩვენ სტუმრები გვყავს.

ქალს სახეზე ყალბი გაკვირვება გამოეხატა:

– ეს თქვენ ხართ, შერიფო? მიხარია, ისევ რომ გხედავთ, – მერე სელბის მიუბრუნდა და ხელი გაუწოდა, – ბატონო პროკურორო, ყოველთვის მაინტერესებდა, სტუმრად თუ დადიოდით. მე თქვენგან ძალიან დავალებული ვარ. თქვენ რომ...

– მართლაც ძალიან, ძვირფასო, – მკვახედ გააწყვეტინა ქმარმა.

– შემობრძანდით, ბატონებო, შემობრძანდით! – არ დაიბნა ქალი, – ადგილი ბევრია და სადაც გენებოთ, იქ დაბრძანდით.

როცა ყველანი დასხდნენ, ქალი ქმარს მიუბრუნდა:

– ალფონსო, შენს სანაქებო რომზე რას იტყვი?

– უცნაური დამთხვევაა, – შენიშნა კარმა, – ამ ჯენტლმენებს სწორედ მაგ რომს შევპირდი. ძვირფასო, ლეფტის დამიძახე და ვეტყვი, რაც უნდა ქნას.

მისის კარი ოთახიდან გავიდა და ცოტა ხნის შემდეგ მოკრივის შესახედაობის ზორბა მამაკაცთან ერთად დაბრუნდა.

– ლეფტ, – მიმართა მას კარმა, – შენ ძველი რომი, ცხელი წყალი, დამწვარი შაქარი და სანელებლები მომიმზადე, კოქტეილს კი თავად გავაკეთებ.

– ახლავე, სერ, – მიუგო ზორბამ და ოთახიდან გავიდა.

– ჩემი ყოფილი კლიენტია, – გაიღიმა კარმა, – თანაც ძალიან ერთგული.

– კლიენტი! – ჩაიცინა ბრენდონმა.

– დიახ, შერიფო, კლიენტი. თანაც ისეთი, მკვლელობებისგან რომ შორსაა.

– იქნებ ასეცაა, – დაეთანხმა სელბი.

– მას ვალების გამო ვიცავდი, თანაც ორჯერ, – დაამატა კარმა და წამოდგა, – ახლა კი მაპატიეთ, კოქტეილი უნდა მოვამზადო... ჰო, მართლა, ძვირფასო, – მიუბრუნდა ცოლს, – ამ ჯენტლმენებს შენთან რაღაც კითხვები აქვთ.

– რა კითხვები?

– ეს იმ ტრაგედიას ეხება, შენს ერთ–ერთ დაქალს რომ შეემთხვა.

– რა ტრაგედია, რომელ დაქალს?

– იმას, საღამოს რომ დარეკა და შენი ნახვა...

– არა! ეს შეუძლებელია! ოღონდ დაფნას არა! – შესძახა ქალმა და სახეზე ხელები აიფარა.

– დაწყნარდი, ძვირფასო, – დაიხარა მისკენ კარი, – მაიორი სელბი ყველაფერს თავად აგიხსნის.

– ო, ღმერთო, დაფნა ხომ აქ არავის იცნობდა! ის...

– მართალია, საყვარელო. იდუმალი ისტორიაა. ეს ჯენტლმენები რაღაც კითხვებს დაგისვამენ და შეეცადე, მათზე სწორად უპასუხო, – დაარიგა ქალი ქმარმა და ოთახიდან გავიდა.

– დაფნას რა დაემართა? – იკითხა მისის კარმა მცირე პაუზის შემდეგ.

– ის... დანით მოკლეს, – მიუგო სელბიმ.

– ეს... სად მოხდა?

– პარკში, სადაც მისი გვამი იპოვეს.

– წარმოუდგენელია! – შესძახა მისის კარმა და ხელები ისევ სახეზე აიფარა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online