asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული
ეს იყო 1974 წელს
რატომ აუკრძალეს თემურ წიკლაურს და "ივერიელებს" ახალი წლის ღამით პერუს ქუჩებში სიარული

2012-01-13 12:10:34



ცნობილ "ივერიელს", მომღერალ თემურ წიკლაურს, თითქმის მთელი დედამიწა აქვს მოვლილი. არამარტო გასტროლებით, არამედ მეგობრების მიწვევითაც ბევრჯერ უმოგზაურია. ერთხელ "ივერიელებმა" დათვალეს კიდეც, თუ რამდენ ქვეყანაში ყოფილან და 80 ქვეყნის შემდეგ სათვალავი აერიათ. ბატონი თემურისათვის დღეს მოგზაურობა უკვე დამღლელია. თავისი გამოცდილების შეჯერებით ამბობს, რომ, პრინციპში, ქვეყნებს შორის დიდი განსხვავება არ არსებობს, ყველგან ერთნაირად ცხოვრობენ და აზროვნებენ ადამიანები. მისთვის ერთადერთი და განუმეორებელი მხოლოდ სამშობლოა – საქართველო, რომელზე ლამაზიც დედამიწაზე ქვეყანა არ ეგულება.
– ბატონო თემურ, რამდენია ხანია, რაც სამოგზაუროდ არ ყოფილხართ?
– გააჩნია, როგორ მოგზაურობას გულისხმობთ – საახალწლოს თუ საგასტროლოს. გასტროლებზე დიდი ხანია აღარ ვყოფილვართ. გასტროლები ყოველთვის მიზანმიმართული იყო და თითქმის მთელი დედამიწა შემოვიარეთ. ვიცოდით, რასთან დაკავშირებით მივდიოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა იყო ჩვენი მთავარი მოვალეობა. ერთხელ "ივერიელებმა" ვთქვით, მოდი, დავითვალოთ, რამდენ ქვეყანაში ვართ ნამყოფი–თქო. დავთვალეთ კიდეც, მაგრამ 80 ქვეყანას რომ მივაღწიეთ, სათვალავი აგვერია. შესაძლებელია ადამიანმა ტურისტულად იაროს და უფრო მეტი ქვეყანაც ნახოს, ვიდრე მე მაქვს ნანახი, მაგრამ ჩვენ, გარდა ქვეყნის დათვალიერებისა, საქართველოს კულტურასაც ვაჩვენებდით. ჩვენი ქვეყნის იმიჯი და სახელი გაგვქონდა საზღვრებგარეთ.
– საახალწლო მოგზაურობაში რას გულისხმობთ?
– საახალწლო მოგზაურობაში მარტო საქართველოს მასშტაბით მოგზაურობა არ იგულისხმება. არაერთ ქვეყანაში ვყოფილვარ ახალ წელს და შევხვედრივარ ამ დღეს. მაგალითად, საფრანგეთში, ინგლისში. საფრანგეთში მყავს ქართველი მეგობარი, რომელსაც ნიცაში აქვს საკმაოდ კარგი სახლი. ორი წელი მისი მიწვევით მასთან მივდიოდი და იქ ვხვდებოდი ახალ წელს. საზღვარგარეთ გატარებული ახალი წელი განსხვავებული ხარისხის, აღქმისა და შეგრძნებების მომცემია.
– რა პარალელებს გაავლებდით ქართულ და ევროპულ ახალ წელს შორის?
– ყველა დღესასწაული საქართველოში ყველაზე ლამაზი და ემოციურია. განსხვავება არაფერია იმ მხრივ, რომ იქაც ჩვეულებრივად ელოდებიან ახალი წლის შემოსვლას, იქაც აღნიშნავენ, იქაც უხარიათ, როგორც ჩვენთან. ევროპაში ახალი წელი გულისხმობს ძალიან ბევრი რასის ადამიანის ერთობლივ თავშეყრას, ანუ ბევრი ტურისტი ერთად იყრის თავს და აღნიშნავს ამ დღეს. საზღვარგარეთ ყოფნისას მაინც ქართულად აღვნიშნავთ ახალ წელს თავისი ქართული სუფრით, სადღეგრძელოთი და მოლხენით. ქართულად ვზეიმობთ ხოლმე.
ერთხელ ახალ წელს პერუში შევხვდი, 1974 წელი იყო. იცით, იქ როგორი ტრადიციაა? ახალი წელი რომ შემოვა, პერუელები ფანჯრებიდან ყრიან ძველ ნივთებს, საგნებს. ამით ძველ წელს და ყველაფერ ძველს იშორებენ, ახალს ეგებებიან. ჩემი თვალით ვნახე – ძირს ეყარა ნივთები, ტანსაცმელი თუ ფეხსაცმელი, ტელევიზორები, მაცივარი, სკამები და ა.შ. შესაძლებელია ძველი ქმარიც ან ცოლიც გადმოაგდოს ვინმემ! ეს ხუმრობით. საქართველოშიც ასე რომ იყოს, ფანჯრიდან გადმოყრილი სიდედრებით გაივსებოდა ქვეყანა.
პერუში ამ ტრადიციის შესახებ ჩვენც გაგვაფრთხილეს, ღამით ქუჩაში სიარულს მოერიდეთ ან ფანჯრების ქვეშ არ გაიაროთ, სახიფათოაო.
– ამდენი მოგზაურობისა თუ გასტროლების გამო ეს პროცესი თქვენთვის დამღლელი ხომ არ გახდა?
– სიმართლე გითხრათ, მოგზაურობა უკვე მღლის. მანამდე არ მღლიდა, სანამ გავიგებდი, რომ დედამიწაზე განსხვავებული არავინ და არაფერია. ყველგან ხალხს ერთი და იგივე მიზნები აქვს, ერთნაირი აზრებით ცხოვრობენ, ერთნაირად ამბობენ სიმართლეს და იტყუებიან... მართლაც, იმდენი ვიმოგზაურე წლების განმავლობაში, რომ ახლა სხვა ქვეყანაში გამგზავრება დამღლელი უფროა ჩემთვის, ვიდრე სასიხარულო.
– მართლა არაფრით განსხვავდებიან ქვეყნები?
– კულტურით. ძალიან საინტერესოა ქვეყნების კულტურა. ყველას თავისი დამახასიათებელი ნიშან–თვისება, ისტორია აქვს. ძალიან კარგად ჩავიხედე სამხრეთ ამერიკის კულტურაში. იქ ექვსჯერ ვარ ნამყოფი. აცტეკების კულტურა, მაიას კულტურა, მაჩუ პიქჩუ თუ სხვა საინტერესო კულტურები ასე თუ ისე შევისწავლე და გავეცანი. ძალიან საინტერესოა ამ მხრივ პერუ, მექსიკა, ეკვადორი. მოგზაურობის დროს ბევრი საოცარი და საინტერესო ინფორმაცია შეგიძლია გაიგო. ევროპა თავისთავად საინტერესოა თავისი ძველისძველი კულტურით. დავათვალიერე უამრავი მუზეუმი, ბევრი ღირსშესანიშნაობა, ბევრი ისტორიული ადგილი.
– ამდენ ქვეყანას შორის ყველაზე მეტად მაინც რომელი ჩაგრჩათ გულში?
– მინდა გითხრათ, რომ ულამაზესია უნგრეთი, ბუდაპეშტი. ყველაფრით ლამაზია – ადგილმდებარეობით, არქიტექტურით. მდინარე დუნაიზე გაშენებული ეს ქალაქი ორად იყოფა. ისეთია, შენს სულთან ახლოს მოდის. ვერ ნახავ ქართველს, რომელსაც უნგრეთი არ მოსწონს ან არ მოეწონება. მოგწონს იქაური ხალხის დამოკიდებულება, მათი ტემპერამენტი, მუსიკა, ცხოვრების წესი. სხვათა შორის, საზღვარგარეთ პირველად სწორედ უნგრეთში წავედი და, ეტყობა, ამიტომაც მიყვარს ასე განსაკუთრებულად.
– როდის იყო თქვენი პირველი მოგზაურობა საზღვარგარეთ?
– ეს არ იყო გასტროლი, ეს გაცვლითი პროგრამა გახლდათ. მაშინ მე უცხო ენების ინსტიტუტის სტუდენტი ვიყავი. შემოქმედებითი კოლექტივი წავედით. ამ ინსტიტუტს მაშინ მეორე ფილარმონიას ეძახდნენ, რადგან "ორერას" თითქმის ყველა წევრი იქ სწავლობდა. "ივერიიდან" კი 5–6 კაცი იყო უცხო ენების ინსტიტუტის სტუდენტი და შემდეგ შეიქმნა ჩვენი ანსამბლი.
1965 წლის იანვარში მოხდა გაცვლა უნგრეთის ერთი ქალაქის ინსტიტუტის სტუდენტებსა და თბილისის ინსტიტუტებს შორის. მოგვატარეს მთელი უნგრეთი. თან ვმღეროდით კიდეც. უნგრეთში გამაოცა ყველაფერმა. ელემენტარულად, მაშინ საქართველოში საღეჭი რეზინი და გაზიანი სასმელი არ იშოვებოდა. იშვიათად თუ ვინმეს ჰქონდა ნანახი მსგავსი. ეს ყველაფერი უნგრეთში ვნახეთ. ძალიან გაგვიკვირდა და მოგვეწონა. განსხვავებული საგნები, ნივთები და საჭმელები იყო. მაშინ საზღვრები ჩაკეტილი გახლდათ, არავის არსად უშვებდნენ, არც იქით, არც – აქეთ. ჩვენ კი სწორედ ამ დროს მოგვიწია გასვლა. ღამის ათი საათის შემდეგ ქუჩაში გასვლის უფლება არ გვქონდა. ნომრებში უნდა ვყოფილიყავით.
– ევროპა, ამერიკა, აზია... მსოფლიოს რომელი ნაწილი უფრო გაინტერესებდათ, როცა მოგზაურობდით?
– საქართველოსნაირი ქვეყანა დედამიწის ზურგზე არ არსებობს, არა იმიტომ, რომ ეს დაიწერება და წაიკითხავენ, არამედ იმიტომ, რომ მთელი დედამიწა მოვიარე და ამნაირი ქვეყანა არსად მინახავს. მარტო კლიმატი რად ღირს. აქ არის ოთხივე ზონა – მთა, ზღვა, უდაბნო, სუბტროპიკები. მთა და ზღვა ერთმანეთის გვერდით რომ არის, საოცარი სანახავია, მაგრამ შინაურ ბერს შენდობა არ აქვსო, ისე ვართ ქართველები. ამ ყველაფერს დანახვა უნდა.
რაც შეეხება საზღვარგარეთის ქვეყნებს, ყველაფერი საინტერესოა. ძალიან მიყვარს ეგვიპტე და მისი კულტურა. ჩემთვის უაღრესად საინტერესო ქვეყანაა. ასევე მიყვარს საბერძნეთი, ტაილანდი, ფილიპინები. ფილიპინები საინტერესოა ჰილერებით – ოპერაციებს ხელით რომ აკეთებენ, უსისხლოდ. ტაილანდის ბუნება ულამაზესია. საოცარი ტროპიკები, ჩანჩქერები, ტყეები აქვთ.
– როცა საზღვარგარეთ ხართ, პირველ რიგში, სად მიდიხართ, რის სანახავად?
– მუზეუმების დასათვალიერებლად, იმიტომ, რომ იქ არის თავმოყრილი მთელი კულტურა და ისტორია. ადრე ფეხით სიარულიც მიყვარდა, ქუჩებში ფეხით დავდიოდი. ახლა ვხვდები, რომ სანახავი არაფერი ყოფილა ცოდვილ დედამიწაზე.
– ყველაზე ხანგრძლივი გასტროლები სად გქონდათ?
– ოთხი თვის განმავლობაში ვიყავით ვენესუელაში. ყველაფერი კარგი ხდებოდა, მაგრამ მე ნოსტალგია პირველივე კვირიდან მეწყება და არა და არ გამდის. ეს დაავადება გვაქვს ქართველებს. ოთხი თვის განმავლობაში ვენესუელა დავათვალიერეთ, მოვიარეთ და საკმაოდ კარგი დროც გავატარეთ.
– ფრენის არ გეშინიათ?
– არა, საშიში არაფერია. როცა იცი, რომ სამოგზაუროდ მიდიხარ, ამ დროს ფრენის შიში რატომ უნდა გქონდეს? ეს უნდა დაძლიოს ადამიანმა.
ანა ნოდია


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პერუ
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online