asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

შვილს ცელქობისათვის სპეცსკოლაში გამოგიკეტავენ, თქვენ კი დაგაჯარიმებენ
რა კანონს ამზადებს შაშკინი მშობლებისა და მოსწავლეებისათვის
შვილს ცელქობისათვის სპეცსკოლაში გამოგიკეტავენ, თქვენ კი დაგაჯარიმებენ

2011-12-07 10:44:36



უკვე რამდენიმე წელია, ცელქ მოსწავლეებს სამტრედიის სპეცსკოლაში გაგზავნით ემუქრებიან. ამ სპეციალური სკოლის შესახებ საუბარი მას მერე დაიწყო, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ე.წ. უსაფრთხო სკოლის კონცეფცია აამუშავა. დღეს ირკვევა, რომ სამტრედიაში სპეცსკოლის ახალ შენობას აგებენ, პარლამენტში კი ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები შედის, ნებისმიერი მოსწავლის მშობელს რომ არ ესიამოვნება. მოკლედ, თქვენი შვილი პატარა ცელქობის გამოც კი, შეიძლება, ციხის რეჟიმის სკოლაში გამოკეტონ და თუ გაუძალიანდით, საკმაოდ სოლიდურ ჯარიმას გამოგიწერენ.
ყველა ეს ცვლილება "უსაფრთხო სკოლის" ნაწილია, რომლის შესახებაც მინისტრი შაშკინი სიამაყით საუბრობს.
- ჩვენი მთავარი პრიორიტეტია ბავშვების უსაფრთხოება. არავის უნდა ჰქონდეს განცდა, რომ დაარღვევს შინაგანაწესს და ეს რეაგირების გარეშე დარჩება. ერთხელ და საბოლოოდ, სკოლებში დისციპლინა დაბრუნდება და სამინისტრო იქნება ძალიან მკაცრი არა მხოლოდ შინაგანაწესის დამრღვევი მოსწავლებიის, არამედ დირექტორების მიმართაც, რომლებიც ეცდებიან, თვალი დახუჭონ დისციპლინის დარღვევაზე. როგორც მასწავლებელი, ისე დირექტორი სკოლაში შეულახავი ავტორიტეტი უნდა იყოს. მოსწავლეები, რომლებიც ხშირად იქნებიან შემჩნეულნი შინაგანაწესის დარღვევაში, იქნება ეს ძველბიჭობა, ხულიგნობა თუ "შატალოზე" სიარული, მათ მიმართ ადეკვატური სანქციები გატარდება. შესაძლოა, მათი მხრიდან ფიზიკური შრომის საკითხი დადგეს (მაგალითად, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი დაალაგონ და ა.შ.). სისტემატური დარღვევის შემთხვევაში კი, შესაძლებელი იქნება სკოლიდან გარიცხვა, აგრეთვე მათი სპეცსკოლებში გადაყვანა. ძნელად აღსაზრდელი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი ასეთი სკოლა სამტრედიაში ფუნქციონერებს. სკოლის დირექტორებს ექნებათ შუამდგომლობის დაყენების უფლება, რომ ძნელადაღსაზრდელმა ბავშვმა სწავლა იქ განაგრძოს. სკოლა ვალდებული იქნება, ბავშვის აღზრდის პროცესში აქტიურად ჩართოს მშობელიც. თუმცა, მშობელზე, რომელიც ბოროტად აარიდებს თავს შვილის აღზრდას, ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები დაწესდება. მაგალითად, თუ სკოლის დირექტორი რამდენჯერმე დაიბარებს სკოლის შინაგანაწესის დამრღვევი ბავშვის მშობელს და სთხოვს, ზეგავლენა მოახდინოს შვილზე, აუხსნას, რომ არ უნდა სცემოს თანაკლასელი და ამაზე რეაგირებას არ მოახდენს, მას ჯარიმის გადახდა მოუწევს. ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ბავშვების აღზრდაზე და ყველამ უნდა ვაგოთ პასუხი, - აცხადებს განათლების მინისტრი დიმიტრი შაშკინი.
სწორედ შაშკინის ინიციატივით იხილავს პარლამენტი კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ყველა დაუმორჩილებელი ბავშვი სპეცსკოლაში გაიგზავნება. მათი გაგზავნის უფლება ექნება მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს, პროკურორს, მანდატურს, სკოლას. კანონპროექტი 10-დან 18 წლამდე ბავშვებს ეხება.
სპეცსკოლაში გაგზავნას დაექვემდებარებიან ის ბავშვები, რომლებიც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ჩაიდენენ. ეს არის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება, ყაჩაღობა, ძარცვა, სიცოცხლის მოსპობა. ბავშვის გადამისამართება (კანონპროექტში სწორედ ეს ტერმინია მითითებული) გამოიყენება სხვა ტიპის ქცევების შემთხვევაშიც - ეს არის ანტისაზოგადოებრივი ქცევა, რომელიც საფრთხეს უქმნის არასრულწლოვანის განვითარებას. დავუშვათ, ხულიგნობა, სკოლის ტერიტორიაზე შუშის ჩამტვრევა, მაგრამ ამას არ უნდა ჰქონდეს ერთჯერადი ხასიათი.განათლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, განათლების სამინისტრო შექმნის მულტიდისციპლინურ ჯგუფს 9 კაცის შემადგენლობით, რომელიც განიხილავს, ძნელადაღსაზრდელი ბავშვი სპეციალიზებულ დაწესებულებაში გაუშვან თუ არა.
კანონპროექტში ვკითხულობთ: "გადამისამართება ხორციელდება დევიანტური ქცევის მქონე ისეთი არასრულწლოვანის მიმართ, რომელსაც შეუსრულდა 10 წელი... დევიანტური ქცევა გამოიხატება რთულ ან/და ანტისაზოგადოებრივ ქცევაში, რომელიც აშკარა საფრთხეს უქმნის არასრულწლოვანის განვითარებას, მის ან სხვა ადამიანების უსაფრთხოებას, კეთილდღეობას ან მართლწესრიგს. ამასთან, აღნიშნული ქცევა უნდა ვლინდებოდეს სულ მცირე 6 თვის მანძილზე".
ბავშვის, ასე ვთქვათ, გამოსწორების ვადის - 6 თვის გასვლის შემდეგ, მას ოჯახში დააბრუნებენ, ხოლო თუ ასეთი "გამოსწორება" არ მოხდება, სპეცსკოლაში კიდევ 6 თვით დატოვებენ.
კანონპროექტის მიხედვით, თუ მშობელი ან სკოლა არ დაემორჩილება მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილებას და ბავშვს არ გაუშვებს სპეციალიზებულ დაწესებულებაში, მშობელს 500 ლარით დააჯარიმებენ, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 1.000 ლარი იქნება.
თუ მშობელი ჯარიმას ვერ გადაიხდის, მაშინ მას აღმასრულებელი სახლს ან სხვა ქონებას დაუყადაღებს. ეს ქონება კი აუქციონზე გაიყიდება.
მულტიდისციპლინური ჯგუფის გადაწყვეტილების გასაჩივრება მშობელს შეუძლია სასამართლოში, ოღონდ ამ შემთხვევაში მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს უნდა მიმართოს.
აღსანიშნავია, რომ საია-ს კანონპროექტთან დაკავშირებით მრავალი შენიშვნა აქვს და ერთ-ერთი პრეტენზია, რომელიც იურისტებს აქვთ, სწორედ გასაჩივრების წესს უკავშირდება.
- მიგვაჩნია, რომ საქმეების განხილვა იმ სასამართლოში უნდა შეიძლებოდეს, რომელიც ყველაზე ახლოს არის ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მოსალოდნელ ცვლილებებს ფსიქოლოგებიც ეხმიანებიან.
- აუცილებელია იყოს კრიტერიუმები, რის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს, არის თუ არა ბავშვი ძნელად აღსაზრდელი. ეს, პირველ რიგში, მოლაპარაკების საგანი უნდა გახდეს აღმზრდელებთან, ფსიქოლოგებთან და მშობლებთან. ერთპიროვნულად ამ საკითხის გადაწყვეტა დაუშვებელია, - აცხადებს ფსიქოლოგი დავით ანდღულაძე.
მისივე თქმით, შეცდომის შემთხვევაში, ბავშვის სპეცსკოლაში, თანაც სამტრედიაში, სხვა ქალაქში გადაყვანამ, ოჯახისგან შორს ყოფნამ შეიძლება უარესი შედეგი გამოიღოს.
შალვა ჯოხაძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: სკოლა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online