asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რატომ მოითხოვა პატრიარქმა სკოლებში ფსიქოლოგიის გაკვეთილების შემოღება
საპატრიარქოში სულიერ–ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური მუშაობს
რატომ მოითხოვა პატრიარქმა სკოლებში ფსიქოლოგიის გაკვეთილების შემოღება

2012-02-02 11:50:20



"ჩვენი ახალგაზრდები ნიჭიერნი, განვითარებულნი არიან, მაგრამ აღზრდა აკლიათ. ვერ აღზარდა ვერც სკოლამ, ვერც მშობლებმა, ვერც ეკლესიამ. ხშირი შემთხვევაა, როცა სულ უბრალო საკითხზე ისინი ხმარობენ იარაღს, დანას და თითქოს ეს არაფერია. სინამდვილეში არის უდიდესი ცოდვა ღვთის წინაშე და ჩხუბის დროს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოიყენოთ იარაღი. თუ ვაჟკაცი ხარ, შენი ძალით ებრძოლე იმ შენს მოწინააღმდეგეს. ლაჩრობაა, როცა ადამიანი ადამიანს არტყამს დანას. ეს მეტყველებს შენს სისუსტეზე. თუ შენ შეგიძლია, უნდა ებრძოლო შენი კუნთებით, შენი მუჭით და არა – დანით და იარაღით... საჭიროა ფსიქოლოგები. ფსიქოლოგები აუცილებელია ყოველ დაწესებულებაში. ეკლესიაშიც საჭიროა, სკოლებშიც, ინსტიტუტებშიც. ფსიქოლოგებმა უნდა ესაუბრნონ ადამიანებს. მინდა, ჩვენმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს ფილოსოფიას და ფსიქოლოგიას. ბოლო დროს დაიხურა ფსიქოლოგიისა და ფილოსოფიის ინსტიტუტები. სინამდვილეში ეს ძალიან საჭიროა და ვთხოვ ჩვენს ხელისუფლებას, ბატონ პრეზიდენტს, რომ მიაქციოს ამას ყურადღება. ადამიანს სჭირდება ფილოსოფიური, ანალიტიკური აზროვნება...
30 წელია ჩვენ ამის შესახებ ვლაპარაკობთ. თუ ჩვენ გვექნება, როგორც საგანი, ფსიქოლოგია, ლოგიკა, ფილოსოფია პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასამდე, ჩვენ მივიღებთ მოაზროვნე ახალგაზრდობას, რომელიც არ დაუშვებს შეცდომას და უნარი ექნება ფილოსოფიური აზროვნებისა. ამიტომ ჩვენმა განათლების სამინისტრომ, ოჯახებმა, მშობლებმა, სამღვდელოებამ, პატრიარქმა, პრეზიდენტმა, ხელისუფლებამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ საკითხებს. ჩვენ გვჭირდება მოაზროვნე ახალგაზრდობა და არა მხოლოდ მუშახელი. ჩვენ გვჭირდება ისეთი ახალგაზრდობა, რომელიც დაადგება ჭეშმარიტ გზას... ხშირი შემთხვევაა, როცა თავის იკლავენ. თავის მოკვლა არ არის გამოსავალი. ამით სამუდამოდ ეშმაკს აძლევს სულს", – ბრძანა საქართველოს პატრიარქმა ილია ||–მ 15 იანვარს ქადაგებისას.
საპატრიარქოში სულიერ–ფსიქოლოგიური დახმარების სამსახური მუშაობს. იქ ფსიქოლოგებთან ერთად ისეთი მოძღვრებიც მუშაობენ, რომლებსაც თავის დროზე სამედიცინო განათლება აქვთ მიღებული. "სარკემ" სწორედ მათ მიმართა სასაუბროდ ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი ისეთი მწვავე პრობლემის შესახებ, როგორიც გახშირებული თვითმკვლელობები და მკვლელობებია – მშობლების, მეუღლის, შვილების მკვლელები მომრავლდნენ.
ნინო კუჭაიძე – სულიერ–ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი: უწმინდესმა იღუმენიას სთხოვა, რომ ჩვენი სამსახურის დაწყებაში დახმარებოდა. როცა სული მშიერია, ადამიანი სწორედ მაშინ ვარდება სასოწარკვეთილებაში და არა – სიღარიბისას. მოძღვრები და ფსიქოლოგები კი სწორედ სულის საზრდოს აწვდიან ადამიანებს. სამწუხაროდ, ჩვენი სამსახურის რეკლამა მხოლოდ საპატრიარქოს არხზე გადის, ამიტომ მხოლოდ უფალთან დაახლოებული ადამიანები ისმენენ და ისინი რეკავენ. ერთი პერიოდი საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავიდა რეკლამა და უამრავი ზარი შემოვიდა. ეს იმის მანიშნებელია, რომ დახმარება ბევრს სჭირდება. მატერიალურად არ უჭირთ, მაგრამ სასოწარკვეთილები და უბედურები არიან. ჩვენთან მომუშავე მოძღვრებს სამედიცინო განათლება აქვთ და ვცდილობთ, არა მხოლოდ სულიერი, არამედ ისეთი დახმარებაც შევთავაზოთ, რომ სხეულსაც უმკურნალონ.
– ძირითადად რა პრობლემებით რეკავენ?
მამა კონსტანტინე: თავს ვიკლავ, მიშველეთო. პატრიარქმა რომ ბრძანა, კარგი იქნებოდა, სკოლებში ფსიქოლოგია ისწავლებოდეს, ქრისტიანული ფსიქოლოგია იგულისხმა და არა სხვა რამე. სამწუხაროდ, დღეს სკოლებში რელიგიის გაკვეთილებიც აღარ ტარდება. მტერს არ უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ ახალი თაობა გაირყვნას და ჭეშმარიტების გზას გადაუხვიონ. რომის, ბიზანტიის იმპერიები რატომ დაემხნენ? იმიტომ, რომ მთელი საზოგადოება გახრწნილი და გადაგვარებული იყო.
ნინო ზაქარაია – ფსიქოლოგი: პატრიარქის ეს განცხადება იმანაც გამოიწვია, რომ უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი გაუქმდა.
ნინო კუჭაიძე: სასულიერო აკადემიაში არის რელიგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი. პატრიარქი სწორედ ამ ფაკულტეტის კურსდამთავრებულების შესვლას ითხოვს სკოლებში.
თამარ დემეტრაძე – ფსიქოლოგი: ახალგაზრდებში იმატა ჩხუბმა, მკვლელობებმა. ფსიქოლოლგია, მართლმადიდებლური თუ არამართლმადიდებლური, კონფლიქტოლოგიასაც მოიცავს, ანუ როგორ შეიძლება კონფლიქტების დარეგულირება, როგორ შეიძლება მეორე მხარის მოსმენა, მისი პოზიციის გათვალისწინება თუ კონფლიქტის ჩახშობა. ძალიან მნიშვნელოვანია დედისა და შვილის დამოკიდებულება. მშობლებთან თუ პედაგოგებთან დიდი მუშაობაა საჭირო.
მამა კონსტანტინე: ბავშვის ფსიქოლოგიური აღზრდა 9 წლამდეა შესაძლებელი, მერე მისი გადაკეთება რთულდება. სანამ სკოლას დაამთავრებს, მანამდე კიდევ შეიძლება მისი უკან მობრუნება, მაგრამ მაინც ძნელია. ბევრი ოპონენტი გამომიჩნდება, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ძიძის ინსტიტუტის შემოღება სამწუხარო ფაქტია. ქალისთვის პირველ ადგილას შვილების გაზრდა–აღზრდა უნდა იდგეს. პირველ სიტყვებს და პირველ ლექსს დედის მაგივრად ბავშვებს ძიძები არ უნდა ასწავლიდნენ.
– თუმცა დღეს თუ ოჯახის ყველა წევრი არ მუშაობს, თავის რჩენა და მით უმეტეს, ბავშვების უზრუნველყოფა რთულია.
მამა კონსტანტინე: თუ ქალი სამსახურში 500 ლარს იღებს და იმასაც ძიძას აძლევს, ლოგიკა სად არის?! არ ჯობია, შვილის ძიძა თავად იყო?! იშვიათია, რომ ქალს იმაზე მეტი ხელფასი ჰქონდეს, რასაც ძიძას უხდის. მინახავს ქალები, რომ დღე და ღამე მორიგეობდნენ საავადმყოფოში, რომ რაღაცისთვის მიეღწიათ, მაგრამ თითქმის ყველა მათგანს ოჯახი დანგრეული ჰქონდა, მათი შვილები კი სადღეღამისო ბაღებში დადიოდნენ. საბოლოოდ ის დედები საშინელ შედეგებს იმკიდნენ.
ერთი პერიოდი სერიებივით გადიოდა საინფორმაციო გამოშვებაში, როგორ ჭრიდნენ და კლავდნენ თანატოლები ერთმანეთს. დღესაც ხოცავენ საკუთარ მშობლებს, ბიძებს, ძმებს. მშობლები, იცით, რითი იმართლებენ ხოლმე თავს? ვუყიდე მანქანა, კომპიუტერი და ეს რატომ უნდა გაეკეთებინაო. ყველაფერი უყიდა, მაგრამ სულიერად ვერ აღზარდა. შეიძლება იმუშაო, მაგრამ ისე, რომ ოჯახი და შვილები არ დაზარალდნენ. ჩემი მეუღლე ექიმია, შეეძლო, დისერტაცია დაეცვა, მაგრამ ჩვენ 6 შვილის აღზრდა ვამჯობინეთ.
– საპატრიარქოს ფსიქოლოგების კადრები საკმარისია, რომ ყველა სკოლა უზრუნველყოს? ის, რომ სკოლებში თავად განათლების სამინისტრომ შეუშვას სასულიერო აკადემიის მიერ მომზადებული ფსიქოლოგები, ალბათ ოცნების სფეროა.
ნინო კუჭაიძე: უწმინდესი ყოველთვის ოცნებას აჟღერებს, რომელიც მერე რეალობად იქცევა ხოლმე.
მამა კონსტანტინე: ფსიქოლოგია და საერთოდ, მეცნიერება, რომელიც ეკლესიას არ ექვემდებარება, აღვირახსნილი ხდება. მედიცინაში ეს არის აბორტები, კლონირებები, ფიზიკაში – ატომური ბომბები, ბოტანიკაში – გენმოდიფიცირებული პროდუქტები... ჩვენი სამსახურის დანიშნულება მეხანძრისას ჰგავს.
– თქვენი დაკვირვებით, ძირითადად რა აწუხებს ჩვენს მოსახლეობას ფსიქოლოგიური კუთხით?
ნინო ზაქარაია: ყველა პრობლემის მიზეზი ღვთისგან დაშორებაა. ცოდვას და ვნებას საზღვარი არ აქვს. გასული საუკუნის ბოლო წლებში ქუჩაში ხდებოდა დაპირისპირებები, ახლა ოჯახებში გადაინაცვლა. დავა მიდის ქონების გაყოფაზე, უფროსი თაობის დაჩაგვრაზე. ეს იმდენად დიდი პრობლემა გახდა, რომ ბოლო დროს პატრიარქი ქადაგებებში მუდამ ამბობს, დედას და მამას პატივი ეცითო. არ არსებობს, დღემ ისე ჩაიაროს, რომ ვინმე მოხუცებულმა არ დაგვირეკოს. ინტერენტმა უამრავს დაუნგრია ოჯახი. ისინი გვირეკავენ და ამ ყველაფერს გვიყვებიან.
– ქალები უფრო რეკავენ თუ მამაკაცები?
ნინო ზაქარაია: ერთმა მამაკაცმა დაგვირეკა, გვითხრა, ჩემი მეუღლე ცუდადაა და მიშველეთო. რომ ვკითხეთ, რატომ იყო ცუდად, გვიპასუხა, მისი საყვარელი ციხეშია და რომ ვერ ნახულობს, გულყრები აქვს, იქნებ საპატრიარქო დამეხმაროს, რომ ციხეში შეუშვანო.
– რა უპასუხეთ?
ნინო ზაქარაია: ალბათ მასზე ბოროტმა იმოქმედა და იმიტომ იყო გამოლენჩებული. შევთავაზეთ, მის ცოლსაც დაერეკა, რომ გულყრების მოხსნაში დავხმარებოდით.
მამა კონსტანტინე: პირუტყვობაა, რომ ასეთ ცოლზე და მის საყვარელზე ნერვიულობდე. კაცი, რომელიც მრუშ მეუღლესთან ცხოვრობს, თვითონაც მრუშია.
ნინო კუჭაიძე: კაცმა დარეკა, გარდაცვლილი მეუღლის წინაშე სინდისის ქენჯნას ვგრძნობ, რადგან ვღალატობდი, სახრჩობელა ჩამოვკიდე, მაგრამ ვაჟკაცობა არ მყოფნის, თავი მოვიკლა და ამაში დამეხმარეთო. ნინომ მასთან დამეგობრება მოახერხა. უთხრა, თუ შენი ცოლი კეთილშობილი ადამიანი იყო, სამოთხეში მოხვდებოდა და, თუ მასთან შეხვედრა გინდა, ქრისტიანულად უნდა იცხოვრო, რომ კიდევ შეხვდეო.
ნინო ზაქარაია: ის ადამიანი დღეს მთაწმინდის ტაძარში დადის და ქრისტიანულად ცხოვრობს.
ნინო კუჭაიძე: ერთმა ახალგაზრდამ დარეკა, სახრჩობელა ჩამოვკიდე, სკამზეც დავდექი, მაგრამ ტელევიზორი ჩართული დამრჩენია, თქვენი რეკლამა გავიდა და დავრეკე, რა დახმარება შეგიძლიათო. შემთხვევით არაფერი ხდება. ორი საათი ველაპარაკე ისე, როგორც საკუთარ შვილს და გავაგებინე, რომ სამუდამო ცეცხლისთვის, ჯოჯოხეთისთვის ნუ გაწირავდა თავს.
ნინო ზაქარაია: დაურეკავს დედამთილს და უთქვამს, მინდა, რძალი მოვკლა, რომ მისგან დავისვენოო. ასეთივე სურვილით დაურეკავთ რძლებსაც. სიძეს უნდა სიდედრი მოკლას და ა.შ. ერთი უსინათლო ქალი სიძეს და ქალიშვილს ჩაკეტილი ჰყავთ. არც საჭმელს აჭმევენ და ხმის ამოღებასაც უკრძალავენ. როგორღაც მოახერხა ჩვენთან დარეკვა და გვითხრა, მგონი, ჩემს მოკვლას გეგმავენო.
– როგორ ფიქრობთ, რატომ გადაინაცვლა კონფლიქტებმა ოჯახებში, რატომ გაბოროტდა ასე ხალხი?
მამა კონსტანტინე: ადრე ბოროტი და ეშმაკი ეზოებსაც კი ვერ ეკარებოდა, რადგან სახლში ყველას ჰქონდა სამლოცველო კუთხე, სახლს აკურთხებდნენ, სანთელს ანთებდნენ... დღეს ადამიანი ტელევიზიით თუ ინტერნეტით საშინელებებს ხედავს. ბავშვები ისეთ თამაშებს თამაშობენ, რომ მათგან მკვლელებს, მონსტრებს მივიღებთ. ერთი სახლი ვაკურთხე. ბავშვი კომპიუტერთან იჯდა. ვილოცე, ნაკურთხი წყალი მივასხი, მაგრამ არ ინძრეოდა. მერე გადავწყვიტე, ბევრი წყალი შემესხა, მაინც ვერაფერს მივაღწიე. მამაო, უშველეო, მეუბნებოდნენ მშობლები... ასეთს რაღას უშველი?!
ნინო ზაქარაია: ერთმა ქალმა დარეკა, შვილს დავემუქრე, კომპიუტერიდან ადექი, თორემ პატრულს გამოვიძახებო. თურმე შვილმა უპასუხა, გამოიძახე, შვილის უფლებების დარღვევისთვის ციხეში ამოგაყოფინებ თავსო.
მამა კონსტანტინე: ამბობენ, ყველაფერი კარგად იქნებაო. არაფერიც არ იქნება კარგად, თუ მთელი ერი ღვთისკენ არ შემოტრიალდა. ამბობენ, ყველაფერი უფლის ნებააო. უფლის განგებაა და ნება – ჩვენი, ადამიანების. რამდენი რამ თქვა პატრიარქმა, მაგრამ რომელი შეასრულეს?! რასაც უწმინდესი ამბობს, ის რომ სრულდებოდეს, ყველა კარგად ვიქნებოდით, ის მხოლოდ სასიკეთოს გვირჩევს.
რუსუდან ადვაძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online