asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რა პრობლემებს უქმნის ნეტ-ბუკი პირველკლასელებს
რა ღირს ნეტ-ბუკების შეკეთება ”ალგორითმში”
რა პრობლემებს უქმნის ნეტ-ბუკი პირველკლასელებს

2012-01-23 10:35:16



სასწავლო წლის დასაწყისში პრეზიდენტის მიერ პირველკასელებისთვის საჩუქრად დარიგებული ნეტ-ბუკი "ბუკი", ბევრისთვის ცოდნის მიღების დამატებითი წყარო გახდა, ზოგისთვის კი "თავის ტკივილად" იქცა.
ცოტა ხნის წინ, ახლობელთან სტუმრად გახლდით. პირველკლასელი გიორგი მაგიდასთან იჯდა და მეცადინეობდა. დროდადრო დედას თხოვნით მიმართავდა: "დედიკო, გაკვეთილებს რომ მოვამზადებ, ცოტა ხნით ჩემს ნეტ-ბუკს ხომ ჩამირთავო. არავითარ შემთხვევაში! მაგის გაკეთება ნახევარი ხელფასი დამიჯდა და ისევ რომ გატეხო, ვეღარ გადამირჩები", - ცხარობდა გიოს დედიკო. ბავშვმა ნაღვლიანი თვალებით კარადის ზედა თაროზე შემოდებულ "ბუკს" შეხედა და თხოვნის ხელახლა გამეორება აღარც უფიქრია.
ამ ფაქტის თვითმხილველი დავინტერესდი, თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს ხელისუფლების მიერ პირველკლასელებისთვის ნაჩუქარ ნეტ-ბუკს, რამდენად უწყობს ხელს მოსწავლეში უნარ-ჩვევების განვითარებას და რატომ არის "ბუკი", ხშირ შემთხვევაში, "ხელმიუწვდომელი".
ერთ-ერთი საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი ინტერვიუზე მხოლოდ იმ პირობით დამთანხმდა, თუ მის ვინაობას არ გავამხელდი.
მანანა, დაწყებითი კლასის პედაგოგი:
- დაწყებითი კლასის სასწავლო პროგრამაში ნეტ-ბუკით სარგებლობის საათები ყოველდღიური გეგმით არის გათვალისწინებული, მაგრამ იმის გამო, რომ "ბუკით" სარგებლობისას კლასში ხმაური და აურზაურია, ვცდილობ, მოსწავლეებს კომპიუტერით სარგებლობის უფლება კვირაში მხოლოდ ორ გაკვეთილზე მივცე.
- რა დატვირთვა აქვს ნეტ-ბუკს სასწავლო გეგმაში?
- ნეტ-ბუკის ძირითადი დანიშნულება შეძენილი ცოდნის გაღრმავებაა. "ბუკებში" ჩატვირთულია კომპიუტერული პროგრამები, რომლის მეშვეობითაც ხდება მოსწავლეებისთვის თვალსაჩინოების ჩვენება. განსაკუთრებულად საინტერესო ხდება ნეტ-ბუკის დახმარებით ახსნილი ბუნებისა და ხელოვნების გაკვეთილები. მიმაჩნია, რომ დანარჩენ გაკვეთილებზე კომპიუტერის გამოყენება ზედმეტია და ის კლასში მხოლოდ აურზაურს იწვევს. ამ დროს სადამსჯელო ხერხს მივმართავ ხოლმე. ხმაურის გამომწვევ მოსწავლეს ცენტრალური კომპიუტერიდან პირად ნეტ-ბუკს ვუთიშავ მანამ, სანამ სიჩუმეს არ დაიცავს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ, მეორე მხრივ, გვეკრძალება ნებისმიერი სახით მოსწავლის დასჯა.
- მოსწავლეებს საშინაო დავალებების მომზადება ნეტ-ბუკითაც ევალებათ?
- სახლში ნეტ-ბუკის გამოყენება, ჯერჯერობით, აუცილებელი არ არის. მიუხედავად ამისა, ბავშვები მშობლებისაგან "ბუკის" გამოყენების უფლებას ითხოვენ. ჩვენს დროში კომპიუტერი ბევრი ოჯახისთვის უცხო არ არის, მაგრამ არიან ოჯახები, რომელთაც არ ჰქონდათ მისი ყიდვის საშუალება და პრეზიდენტის ამ საჩუქარმა განსაკუთრებულად გაახარა. ნეტ-ბუკით რაიმე სახის აზარტული თამაში ან ინტერნეტით გართობა დაუშვებელია.
- იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს დაუზიანდა ნეტ-ბუკი და მშობელი ვერ ახერხებს მის შეკეთებას, რა ხდება ამ შემთხვევაში?
- კლასში ერთ-ერთ მოსწავლეს, გაკვეთილის შემდეგ, ნეტ-ბუკი ჩემ თვალწინ ხელიდან გაუვარდა და ეკრანი გაუტყდა. ბავშვმა ძალიან ბევრი იტირა. მშობელს "ალგორითმში" შესაკეთებლად მეორე დღესვე წაუღია, მაგრამ დაზიანებული ნაწილის შესაცვლელად იმხელა თანხა მოუთხოვიათ, რომ გულდაწყვეტილი მშობელი გატეხილი ნეტ-ბუკით უკან გამოტრიალებულა. მითხრა, რომ ვერაფრით შეძლებდა ნეტ-ბუკის შეკეთებას. რაღას ვეტყოდი, ვიცი, რომ ოჯახს ძალიან უჭირს და ფინანსურად ვერ შეძლებს, ბავშვი აღდგენილი ნეტ-ბუკით უზრუნველყოს. ის მოსწავლე გაკვეთილზე თითქმის სამი კვირა თანაკლასელის ნეტ-ბუკით სარგებლობდა. ძალიან მეცოდება, მაგრამ მოგეხსენებათ, მასწავლებლებსაც იმდენად მწირი შემოსავალი გვაქვს, რომ ფინანსურად დახმარებას, სამწუხაროდ, ვერ შევძლებ.
დაწყებითი კლასის პედაგოგის აზრის მოსმენის შემდეგ, რასაკვირველია, ნეტ-ბუკებზე მოსწავლეების მშობლების მოსაზრებითაც დავინტერესდი. უნდა ითქვას, რომ ყველას უალტერნატივოდ ერთი პასუხი ჰქონდა. "პრეზიდენტის ეს საჩუქარი ძალიან კარგი და სასიამოვნოა, მაგრამ უნდა ნახოთ, როგორ ვუფრთხილდებით. ოჯახში ნეტ-ბუკს საოჯახო რელიქვიასავით ვექცევით. ძალიან განვიცდით, რამე რომ არ დაუზიანდეს, რათა შემდეგ ჩვენი პირადი ხარჯებით არ მოგვიწიოს მისი შეკეთება. თუ აუცილებელი არ არის, ბავშვს ნეტ-ბუკზე ხელს არ ვაკარებინებთ", - აღნიშნეს მათ.
როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ამბობენ, მოსწავლეთათვის ნეტ-ბუკების გადაცემა მიზნად ისახავს "განათლების სისტემაში მსოფლიო სტანდარტების დანერგვას, ბავშვებში შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და მათ ინტეგრაციას განათლების საერთაშორისო სივრცეში". ამ თემასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარისგან რატომღაც თავი შეიკავეს.
დავით კორახაშვილი, კომპიუტერული ქარხანა "ალგორითმის" წარმომადგენელი:
- "ალგორითმში" ნეტ-ბუკები შესაკეთებლად სხვადასხვა დაზიანებებით მოაქვთ. შესაძლებელია, ეს იყოს ფიზიკური ან ტექნიკური დაზიანება. ფიზიკური დაზიანების დროს, კომპიუტერული ქარხანა არ არის ვალდებული, რომ შეაკეთოს, მაგრამ თუ ეს ეხება ტექნიკურ დაზიანებას, ქარხნულ წუნს, ამ შემთხვევაში დაზარალებულს "ალგორითმი" ნეტ-ბუკს უფასოდ უკეთებს.
- უმეტესწილად, ნეტ-ბუკების რა დაზიანებით მოგმართავენ ხოლმე?
- ხშირია ე.წ დედა-პლატის ქარხნული წუნის შემთხვევები. ასეთ დროს ნეტ-ბუკის მომხმარებელს არანაირი თანხის გადახდა არ უწევს. თუ ეკრანი ე.წ. მატრიცაა დაზიანებული, მისი გამოცვლა 180 ლარი ჯდება. ახალი პარტია ახლა გაცილებით იაფად შემოვიტანეთ. სასწავლო წლის დასაწყისში ეკრანის გამოცვლა 220 ლარი დაგიჯდებოდათ. თუმცა, ასეთი შემთხვევები, ტექნიკურ დაზიანებებთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია. ამჟამად, დაახლოებით, 100-მდე ნეტბუკი არის შესაკეთებელი. ე.წ. ვინდოუსის დაინსტალირება ახალი წლიდან ფასიანი გახდა და 20 ლარს შეადგენს.
- რა ვადაში ხდება ნეტ-ბუკის შეკეთება და მხოლოდ თქვენი ქარხანა ახორციელებს დაზიანებულის აღდგენას?
- ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენ ხანში მოგვაწვდის უცხოეთიდან მომწოდებელი ნეტ-ბუკის ნაწილებს. დეტალები ძირითადად ჩინეთიდან და ევროპიდან შემოგვაქვს. არსებობს კომპიუტერული ტექნიკის შემკეთებელი ფირმები, რომელთაც შეუძლიათ "ბუკის" ტექნიკური შეკეთება, მაგრამ ნაწილების შეცვლა მხოლოდ "ალგორითმშია" შესაძლებელი. ასეთი კომპიუტერული ქარხანა მთელ ამიერკავკასიაში ერთადერთია.
ასე რომ, ძვირფასო პირველკლასელებო, ისღა დაგრჩენიათ, გაუფრთხილდეთ პრეზიდენტის საჩუქარს, ამით, როგორც თქვენი ოჯახის, აგრეთვე ქვეყნის ბიუჯეტსაც დაზოგავთ. სხვა შემთხვევაში მოგიწევთ მთელი წელიწადი თანაკლასელის "ბუკში" ჩაიჭყიტოთ.
თამარ როსტიაშვილი


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online