asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვინ ტოვებს ბავშვებს განათლების გარეშე
რა ფაქტები აქვს ჯონდი ბაღათურიას
ვინ ტოვებს ბავშვებს განათლების გარეშე

2012-01-23 10:35:16



გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს სტუმრობდა. მას მშობლიურმა ნაცმოძმა 33-ჯერ დაუკრა ტაში. ოპოზიციამ მისი გამწარება სცადა, ედპ-ს წარმომადგენელმა გურამ ჩახვაძემ. მან ელიტურ კორუფციაზე სცადა საუბარი. თუმცა, როცა პრეზიდენტმა ფაქტების დასახელება სთხოვა, ჩახვაძემ ვერ დაასახელა და თავისი სიტყვების უკან წაღება მოუწია.
ამ ამბიდან რამდენიმე თვის შემდეგ, დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ ელიტური კორუფციის კონკრეტული მაგალითები მოიყვანა. დეკემბრის ბოლოს მან პარლამენტს დოკუმენტები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით მტკიცდება, რომ საქართველოში ელიტური კორუფციაა. ამ ეტაპისთვის ბაღათურიამ ელიტურ კორუფციაში გარეული 2 მაღალჩინოსანი - დიმიტრი შაშკინი და ზაზა გოროზია დაასახელა.
დეპუტატის მტკიცებით, შაშკინის წყალობით, ათასობით ბავშვი სკოლის მიღმა დარჩა და განათლების მიღებას ვერ ახერხებს.
ჯონდი ბაღათურიამ პარლამენტის წინაშე სკოლების ე.წ. ოპტიმიზაციის შედეგები წარადგინა და განაცხადა, რომ 2003-04 წლებში სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობითვე, სულ 3.175 სკოლა იყო, აქედან 1.045 სკოლა გაუქმდა და 2.130 სკოლა დარჩა.
"გუმბათთან" საუბარში ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ 2003-04 წლებში სულ 655.000 მოსწავლე იყო, ხოლო დღეს საჯარო სკოლებში არის 542.400 მოსწავლე. რაც შეეხება კერძო სკოლებს, კერძო სკოლებში 2003-04 წლებში იყო 16.900 მოსწავლე, 2010-11 წლებში კი 53.000 მოსწავლე.
- კერძო სკოლებში მოსწავლეების რაოდენობა გაიზარდა 36.100 მოსწავლით, საჯარო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა შემცირდა 112.000-ით; ამ ციფრების შედარებით კი ჩანს, რომ საჯარო სკოლების 100.000-მდე მოსწავლე სწავლის გარეშე დარჩა, - აცხადებს ბაღათურია.
როგორც თავში უკვე მოგახსენეთ, მან კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა. ამ ეტაპზე დეპუტატი მარტვილის რაიონზე შეჩერდა. სადაც, მისი თქმით, ზაზა გოროზიამ და შაშკინმა ელიტური კორუფცია ააყვავეს.
- მარტვილის რაიონში კორუფციაში ჩართულები არიან: ზაზა გოროზია - სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი, მისი ძმა ზაალ გოროზია, რომელიც მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და სონია ჭოჭუა, რომელიც ზაზა გოროზიას მასწავლებელია და მარტვილის რაიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელია, - ამბობს დეპუტატი.
მას ხელთ აქვს კონკრეტული სქემა. ბაღათურიას აქვს ამონაწერი მეწარმეთა არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირების რეესტრიდან, საიდანაც დგინდება, რომ მარტვილში კერძო სკოლა "სხივის" ერთ-ერთი დამფუძნებელი არის მარტვილის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მუშაკი, ვინმე ბუთხუზ წულაია, ასევე რესურცენტრის დირექტორის მეუღლე ზურაბ დანელია და ზაალ გოროზიას სიმამრის შოთა ჯვებენავას ბიძაშვილი ლიანა ჯვებენავა, ხოლო ამ სკოლის დირექტორი არის გია კიზირია, რომელიც ზაალ გოროზიას სიმამრის, შოთა ჯვებენავას დისშვილია.
- კერძოდ, სონია ჭოჭუას ბარათზე დაყრდნობით, რომელიც სულ რაღაც ერთწინადადებიანია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გელა ჭედიას სახელობის სოფელ ლეთიცხვაიას საჯარო სკოლა გააუქმა, რის შედეგადაც, ბავშვები იძულებულები არიან, გადავიდნენ მარტვილის კერძო სკოლა "სხივში", რომელიც აღნიშნული თანამდებობის პირების კუთვნილებაა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული სკოლის მოსწავლეებს 10 კმ-მდე უწევთ მე-2 საჯარო სკოლაში ფეხით გავლა და ამიტომ ისინი იძულებულები არიან, უფრო ახლოს მდებარე სკოლა "სხივში" გადავიდნენ. საჯარო მოხელეების მათივე სფეროში არსებულ კერძო საქმიანობაში ჩართვა კი ეწინააღმდეგება ინტერესთან შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონს, - ამბობს ბაღათურია.
ჯონდი ბაღათურია აღნიშნული კანონის მე-3 მუხლსაც იხსენებს, რომლის მიხედვითაც კორუფცია საჯარო სამსახურში არის საჯარო სამსახურის მიერ თანამდებობის ან მასთან დაკავშირებული შესაძლებლობის გამოყენება კანონით აკრძალული ქონებრივი ან სხვა სიკეთის მიღების მიზნით, აგრეთვე მისთვის ამ სიკეთის გადაცემა ან მის მიღებასა და დაკანონებაში ხელის შეწყობა. ასევე, ბაღათურიამ აღნიშნა, რომ ამავე კანონის მიხედვით, თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს უფლება არა აქვს, ეკავოს რაიმე თანამდებობა ან ასრულებდეს რაიმე სამუშაოს საქართველოში რეგისტრირებულ იმ საწარმოში, რომლის სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი ამ თანამდებობის პირის, ან მისი სამსახურის უფლებამოსილებას განეკუთვნება. თუმცა, როგორც ბაღათურია ამბობს, აღნიშნული კერძო სკოლის დამფუძნებლები სწორედ რესურსცენტრის ხელმძღვანელები არიან, რომლის ხელმძღვანელიც ზაზა გოროზიას ახლობელი მისი მასწავლებელია.
მინისტრების მამხილებელი დოკუმენტები ბაღათურიამ დეპუტატებსაც აუფრიალა. ხმამაღალი განცხადებებიც აკეთა, მაგრამ ნაცმოძი ვერ დააინტერესა. პირიქით, ისინი გაიძახოდნენ, ჩვენთან კორუფცია არ არის და ბაღათურია რაღაცებს იგონებსო.
- მე არაფერს ვიგონებ. მაქვს დოკუმენტები, რომლებიც სწორედ ოფიციალური სტრუქტურებიდან მოვიპოვე. ამ დოკუმენტების მიხედვით მტკიცდება, რომ განათლების სამინისტროში ადგილი აქვს ელიტურ კორუფციას, - განაცხადა "გუმბათთან" საუბარში დეპუტატმა.
ის თავის თანაფრაქციელებთან ერთად მინისტრების წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებასაც აპირებს. ამასთან, იცის, რომ ნაციონალები მის წინადადებას მხარს არ დაუჭერენ.
- ჩვენ ამ საკითხს დავსვამთ. ვიცი, რომ ნაციონალები ამას მხარს არ დაუჭერენ. ამით მათი ლუსტრირება მოხდება. ხალხი დაინახავს, რომ სწორედ მათ გამო დარჩა ამდენი ბავშვი სკოლის მიღმა, - აცხადებს ბაღათურია.
უახლოეს მომავალში ის ამ თემაზე დიდი სკანდალების აგორებას აპირებს.
- ამ საქმეს ასე არ დავტოვებთ. ამ თემაზე გაიმართება შეხვედრები და პრესკონფერენციები. ყველას გავაგებინებთ, თუ რა ხდება განათლების სამინისტროში. მოსახლეობას ავუხსნით, რომ მათი შვილები ხელისუფლებამ პირადი ინტერესების გამო დატოვა უსწავლელი, - აცხადებს ბაღათურია.
იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე დეპუტატმა პროკურატურაში გადააგზავნა დოკუმენტები. დეპუტატი დარწმუნებულია, რომ დღეს თუ არა ხვალ, ეს საქმე გამოძიებული იქნება.
- ნაციონალები ახლა თავგამოდებით იცავენ შაშკინს, მაგრამ ეს უსასრულოდ არ გაგრძელდება. ახლა მათ ძალიან უჭირთ და ნებისმიერ დროს შეიძლება გაწირონ განათლების მინისტრი. ეს ბედი სხვა ჩინოსნებმაც შეიძლება გაიზიარონ, - ამბობს ოპოზიციონერი.
განათლების სამინისტროში არსებული დარღვევების შესწავლას ის მომავალშიც აპირებს და პირობას დებს, რომ საზოგადოებას კიდევ ბევრ საინტერესო მასალას წარუდგენს.
ნაციონალებს ბაღათურიას კომპრომატები ჯერ არ აინტერესებთ. შესაბამისად, არც მის დასჯას აპირებენ.
თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ ასე არ იქნება. მით უმეტეს, როცა წინ არჩევნებია. საჭიროების შემთხვევაში, ნაცმოძი უპრობლემოდ გაწირავს განათლების მინისტრს და შესაძლოა, მას თან კიდევ ბევრი ვინმე მიაყოლონ. არჩევნების წინ ნებისმიერ პარტიას უწევს მსხვერპლის გაღება.
შორენა მარსაგიშვილი


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online