asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გიორგი ნაზარიშვილი: "კატოზე მეტად თინა მომწონს"
კადრსმიღმა
გიორგი ნაზარიშვილი: "კატოზე მეტად თინა მომწონს"

2012-02-11 12:36:59



სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" არც ისე დიდი ხანია, რაც ქართულ სატელევიზიო სივრცეში გამოჩნდა, და როგორც ამბობენ, პროექტი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ჟურნალი "გუმბათი" გიორგი ნაზარიშვილს გაესაუბრა. პროფესიით ისტორიკოსი, თავდაპირველად, როგორც სცენარისტი, ახლა კი, როგორც პროდიუსერი და მსახიობი, ისე თანამშრომლობს ფორმულა "კრეატივთან". აფასებს ქართული სერიალის ფენომენს, საუბრობს მისი წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზებზე, გვიამბობს თავის გმირზე და ეკრანზე ნაჩვენებს კადრს მიღმა არსებულ რეალობასთანაც აკავშირებს.
- გიორგი, როგორ ფიქრობთ, რამდენად ამართლებს ქართული სერიალი?
- ზოგადად, ხალხი სერიალების მიმართ გულგრილი არაა, განსაკუთრებით, ყოველდღიურ სერიალებს უყურებენ ხოლმე. ქართულ სერიალს რაც შეეხება, ჩვენი ჯგუფი დიდი ხანია, დაახლოებით 2005 წლიდან, აკეთებს ამ საქმეს. შეიძლება ითქვას, რომ ამართლებს ქართული სერიალი, უბრალოდ, რეალობას უნდა მოარგო და ზღაპრული სამყარო არ უნდა შექმნა. ამ პროექტზე ("ჩემი ცოლის დაქალები") სხვაგვარი პრინციპით ვმუშაობთ, სატელევიზიო სერიალის მსგავსად კი არა, როგორც კინოს, ისე ვიღებთ და ამიტომაც გადის კვირაში ერთხელ. სულ სხვა ტექნოლოგია და ხარისხია. პროცესი გაცილებით შრომატევადია, მაგრამ, სანაცვლოდ, უკეთეს შედეგს ვაღწევთ. სხვა სერიალები, რომლებიც ახლაც გადის და ჩვენც გაგვიკეთებია ადრე, სტუდიურ პირობებში კეთდება: სამი კამერა დგას, განათებაც ერთი და იგივეა და ასე ვთქვათ, "ბრტყელი" სერიალია. ჩვენს შემთხვევაში კი, თითოეულ კადრზე განათების შესაბამისი გადაწყობა ხდება, სხვა კამერებით, სხვა ლინზებით და კინოსთან მიახლოებული სტანდარტებით ვმუშაობთ.
- თუმცა, მანამდე იყო რაღაც პროექტები, რომლებიც მაინცდამაინც წარმატებული ვერ აღმოჩნდა. რა იყო ამის მიზეზი?
- თავიდან გვქონდა "ბიჭები და გოგონები", მერე "ჩიფსების თაობა" იმავე მსახიობების მონაწილეობით, საბოლოო ჯამში ეს გადაიზარდა "ჩვენს ოფისში". ფაქტობრივად, ჩვენ 4 წელიწადი გავდიოდით ეთერში. მაყურებელი იმ გმირებს დღემდე სცნობს და უყვარს. რაც შეეხება "გუნცაძეების ოჯახს", ის სადღაც თვე-ნახევარი გადიოდა და ნამდვილად არ ყოფილა ჩვენი სავიზიტო ბარათი. ეს იყო ერთჯერადი, დროებითი, ეთერის შესავსებად გამიზნული პროდუქტი. მთელი სული და გული, სცენარისტული, სარეჟისორო, სამხატვრო და მუსიკალური რესურსი მასში ნამდვილად არ ჩაგვიდევს. თუმცა, თავისი მაყურებელი მასაც ჰყავდა. უბრალოდ, გემოვნების საკითხია, ზოგს რა მოსწონს, ზოგს - რა.
- როგორ უყურებთ ფილმში არაპროფესიონალი მსახიობების თამაშს?
- ეტყობათ? აი, მაგალითად, მე მეტყობა? არანაირი შეხება არ მაქვს სამსახიობოსთან, პროფესიით ისტორიკოსი ვარ. არც თეატრთან მაკავშირებს რამე. უბრალოდ, ამ ჯგუფთან მუშაობის დაწყების შემდეგ, მომიწია რაღაცების თამაში. ზოგიერთს სამსახიობო ოსტატობაზე შეიძლება ეტყობოდეს, რომ არაა პროფესიონალი მსახიობი, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, პროფესიონალზე არანაკლებად ართმევს თავს ყველაფერს. თუნდაც, ბებიის როლის შემსრულებელი რომ ავიღოთ, 73 წლის ქალბატონია, რომელიც მსახიობი არ გახლავთ. ნამდვილად არაა ადვილი შესაქმნელი მისი როლი, თუმცა, როგორც ხედავთ, მშვენივრად ასრულებს ყველაფერს.
- რამდენიმე კინოროლი თავადაც გაქვთ. თქვენი სამსახიობო გამოცდილება მხოლოდ ფორმულა "კრეატივთან" თანამშრომლობით შემოიფარგლება?
- თავიდან ვთამაშობდი "კვნ"-ს უნივერსიტეტში, ის რომ დავამთავრე, "იმედზე" იყო სერიალი "საპონი" და იქ რამდენჯერმე გამოვჩნდი. ამით დავიწყე. შემდეგ რაღაც პროექტები იყო: "რაც ყველაზე ძალიან გიყვარს" - ორივე ფილმში პატარა როლები შევასრულე, მერე სერიალში, კლიპებშიც და ასე მოვედი დღემდე.
- ამ ყველაფრის შემდეგ, არ გაგჩენიათ სურვილი, რომ ამ მხრივაც გაგეღრმავებინათ ცოდნა და მიგეღოთ პროფესიული განათლება?
- ვიღრმავებ კიდეც. ისეთ რეჟისორთან მიწევს მუშაობა, როგორიც არის გიორგი ლიფონავა. მასთან სულ იზრდები, სულ რაღაცას სწავლობ. წინ წასვლა მინდა, რა თქმა უნდა, მინდა და გზადაგზა რაღაცებს ვიძენ კიდეც.
- მსახიობმა შენი როლი ყოველთვის უნდა გაამართლოო. გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა ისეთი რამის თამაში გიწევთ, რაც მაინცდამაინც არ მოგწონთ?
- არა მგონია. ასეთ დროს, ალბათ, გეტყობა კიდეც, რომ არ გინდა და "ძალით" აკეთებ. პირიქით, დამაჯერებელი და ბუნებრივი უნდა იყო. ჩემს შემთხვევაში ყველაფერს სიამოვნებით ვასრულებდი.
- რას იტყვით თქვენს გმირზე ამ სერიალში?
- ეს არის ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭი, ისეთი, როგორიც შეიძლება ძალიან ბევრი იყოს. არაფრით განსაკუთრებული და გამორჩეული. როგორც მოიქცეოდა ჩვეულებრივი ბიჭი, ისე იქცევა ეს პერსონაჟიც. განსაკუთრებული მახასიათებელი არა აქვს.
- ერთ-ერთ გმირთან გაქვთ რომანი.
- კი, კატოც არსებული ტიპაჟია, მისი მსგავსებიც არიან ჩვენ ირგვლივ. ისიც ჩვეულებრივი, ქარაფშუტა გულუბრყვილო გოგოა. ჰყავს ბევრი თაყვანისმცემელი, ცოტა სულელიცაა. მაყურებლის საბოლოო შეფასება ასეთი გმირების მიმართ დადებითია.
- სერიალში ქალის რამდენიმე სახეა წარმოდგენილი. რეალურად რამდენად იმსახურებს თქვენს მოწონებას ისეთი ტიპის გოგონები, როგორიც კატოა? თუ სხვა კატეგორიას აირჩევდით?
- მე, ალბათ, უფრო თინას მივანიჭებდი უპირატესობას. ასეთი ქალები უფრო მომწონს - რთულად მისადგომი. თინას ტიპის გოგონები უფრო ახლოს არიან ჩემს ხასიათთან. ეს შეიძლება იმიტომ, რომ ცოლი არ მყავს, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ნინა დამესახელებინა - მზრუნველი და მეოჯახე.
- თუ ამოწმებთ სერიალის რეიტინგს?
- კი, "ჩემი ცოლის დაქალები" პირველივე სერიიდან საკმაოდ რეიტინგულია. ის ყველა ასაკის მაყურებელზეა გათვლილი, გადის კარგ დროს და კარგადაა გაკეთებული, კარგი ჯგუფის მიერ. პოზიტიური სერიალია. ხალხში უარყოფით ემოციებს არ იწვევს. ხარისხიც, როგორც აღვნიშნეთ, განსხვავებულია და ეს შესამჩნევია.
თეონა სირბილაძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online