asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ღმერთი გუშინაც, დღესაც და ხვალაც ისეთივე იყო, არის და იქნება
ღმერთი გუშინაც, დღესაც და ხვალაც ისეთივე იყო, არის და იქნება
ღმერთი გუშინაც, დღესაც და ხვალაც ისეთივე იყო, არის და იქნება

2011-12-09 00:11:01



სახარება იოანესი
სადღესასწაულო სახარებას განმარტავს პროტოდიაკონი, მამა მირიანი (სხირტლაძე)
თავი 1. 43–51 მუხლები
ახლა ვისაუბროთ მოციქულ ფილიპეზე, რომელიც იესო ქრისტეს საყვარელი მოწაფე იყო, მეტისმეტად განსწავლული რჯულში. დაიბადა გალილეის ქალაქ ბეთსაიდაში ახალი წელთაღრიცხვის | საუკუნეში, იმ ქალაქში, საიდანაც იყვნენ ანდრია პირველწოდებული და მისი ძმა, მოციქული პეტრე. მოციქულ ფილიპეს სახელს უკავშირდება ათენის ეპისკოპოსის ხელდასხმა, როცა პავლე მოციქულმა 52 წელს ხელი დაასხა ათენის პირველ ეპისკოპოს იეროთეოს, მეორე იყო დიონისე, ხოლო მესამე იყო სწორედ ფილიპე მოციქულის მიერ ხელდასხმული მღვდელმთავარი ნარკისოსი.
ფილიპე მოციქული იყო ის, ვინც უყოყმანოდ მიიღო იესო ქრისტე, როგორც მესია. უკვე აღვნიშნეთ, რომ ის საკმაოდ კარგად ერკვეოდა რჯულში, რომელიც შეისწავლა იუდეველი უხუცესებისგან და მთელი ცხოვრება, ვიდრე არ შეხვდა თვით მაცხოვარს, ინახავდა ქალწულებას, რაც ერთ–ერთი ყველაზე დიდი სათნოება და მოსაწონი მდგომარეობაა ღვთისთვის. შეიტყო თუ არა იესო ნაზარეველის შესახებ, ფილიპემ მაშინვე მოუწოდა თავის მეგობარს ნათანაელს, მასავით განსწავლულს რჯულში და უთხრა: "თუ არ გჯერა, რომ რაიმე კეთილია მოსალოდნელი ნაზარეთიდან, მაშინ მოდი და იხილე საკუთარი თვალით" (ინ.1,46).
როცა იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი იყარეს, თუ ვინ რა მიმართულებით წასულიყო, ფილიპეს შეხვდა აზიაში წასვლა და იქაურებისთვის იესოს სწავლების გაცნობა. მართლაც, უამრავი ადამიანი მონათლა, არ ტოვებდა არც ქალაქს, არც სოფელს, სადაც ღვთის სიტყვას არ ავრცელებდა. სასწაული სასწაულზე ხდებოდა, როცა მოციქული ფილიპე მოციქულ ბართლომესთან ერთად დადიოდა და ხალხს ასწავლიდა იესო ნაზარეველის (მესიის) შესახებ.
მოციქულის სახელს უკავშირდება უამრავი სასწაული ქ. ლიდიაში და ქ. მისიაში. ლიდია არის ქალაქი მცირე აზიის სამხრეთით, ხოლო მისია – ჩრდილოეთით, რომელიც იშლება ეგეოსის ზღვაში. სწორედ ეს ქალაქები ესაზღვრება ერთმანეთს ერთი სამხრეთიდან, მეორე კი ჩრდილოეთიდან. მოციქულ ფილიპეს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თან ახლდა მოციქული ბართლომე და მისი და მარიამნი, რომლებმაც ბევრი შეურაცხყოფა, დევნა და შევიწროება გადაიტანეს აზიაში ყოფნისას.
აზიაში ისინი შეხვდნენ მოციქულ იოანეს, რომელიც ქადაგებდა იესოს სახელით. მათი ქადაგებით გაქრისტიანდა ადგილობრივი მმართველის ნიკანორის ცოლი. განრისხებულმა მმართველმა წარმართ ბერძნებთან ერთად სახლ–კარი გადაუწვა ადგილობრივ ქრისტიან სტახიოსს. ამ ამბით შეძრწუნებულებმა ილოცეს და ითხოვეს ნუგეშად ღვთის შემწეობა, რომელიც მიიღეს კიდეც ზეციდან. მოევლინათ არწივი, რომელიც იყო ჯვარცმული მაცხოვარი, რადგან არწივს ოქროს ფრთები ჰქონდა და თავზე დასტრიალებდა.
ამის შემდეგ სიზმრად მიიღეს დავალება მაცხოვრისგან, არ შეშინებოდათ მომხდარის გამო. მოციქულები ბართლომე და ფილიპე ერთად ჩავიდნენ ქალაქ კანდაკში, რომელიც სომხეთსა და სირიას შორის მდებარეობს და სწორედ აქედან მყარდება ის არგუმენტიც, რომ ფილიპე მოციქული გაემგზავრა ქალაქ აზოთში ნავით, რომელიც პალესტინაში, ღაზასა და იოპეს შორისაა, ხოლო მოციქულმა ბართლომემ ხელი მიჰყო არმენიის, სომხეთის გაქრისტიანებას.
აზოთში ჩასულ ფილიპე მოციქულს ღამის გათენება მოუწია ერთ–ერთ ოჯახში. იქ იყო პატარა გოგონა, რომელსაც თვალების დაავადება ჰქონდა და თვალისჩინს თანდათან კარგავდა. ფილიპეს ქადაგებით მთელი ოჯახი მოინათლა და სასწაულმაც არ დააყოვნა – ბავშვი ისე მოიქცა, როგორც მოციქულმა დაარიგა და დილით სრულიად ჯანმრთელმა გაიღვიძა.
ამ და კიდევ უამრავი სასწაულის გამო შეიპყრეს მოციქული და აწამეს. წამების შემდეგ წარუდგინეს ქალაქის მთავარ არისტარხოსს, რომლისგანაც კიდევ უამრავი შეურაცხყოფის ატანა მოუხდა მოციქულს, თუმცა ღვთის მოიმედეს იმედი არ დაუკარგავს და მხნედ აგრძელებდა ლოცვას საპყრობილეში. დადგა ფილიპეს წამების და სიკვდილის დროც, ამოიყვანეს საპყრობილედან და წარუდგინეს არისტარხოსს. ქალაქის თავმა უბრძანა, თუ მართლა ღმერთია, შენ ვისაც ქადაგებ, უთხარი, აი, ის მიცვალებული, რომელსაც მიასვენებენ დასამარხად, აღადგინოს მკვდრეთით და ჩვენც ვირწმუნებთ, რომ ის ნამდვილად სამყაროს შემოქმედიაო. ილოცა მოციქულმა ხელაპყრობით და სასწაულმაც არ დააყოვნა, წამოდგა მიცვალებული, მივიდა მოციქულთან, ჩაუვარდა ფეხებში და ადიდებდა ღმერთს უდიდესი წყალობისთვის.
ამის მნახველმა არისტარხოსმაც და იქ მყოფებმაც ერთხმად აღიარეს ქრისტე, მოინათლნენ და მოციქული ოქროთი დააჯილდოვეს. მოციქულმა მაშინვე მოწყალებაში დაარიგა თავისი გასამრჯელო. შეუდგა ქადაგებას ფრიგიაში, ხელი დაასხა მღვდლებს და დიაკვნებს, მრავლდებოდა ეკლესიებიც. თავიდან საშინელი მდგომარეობა იყო ფრიგიაში, ადგილობრივებს წარმოდგენა არ ჰქონდათ ქრისტეზე. ის კი არა, მსხვერპლად სწირავდნენ ადამიანებს, იმდენად გაუკუღმართებული იყო მათი სარწმუნოება. მოციქულმა კი იმდენი მოახერხა, რომ აქაც შეიტანა ღვთის სიტყვა.
როგორც უკვე ვთქვით, მრავლდებოდნენ ქრისტიანები და შესაბამისად, ეკლესიებიც. მოციქულმა ხელი დაასხა მღვდლებსაც და ეპისკოპოსებსაც. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ვერ ასცდა იმ მწარე სასმისს, რომელსაც მოწამეობრიობა ჰქვია.
იმ დროს, როცა იერაპოლისში იმყოფებოდა, ადგილობრივ მასწავლებლებს მოუწოდა, რომ რჯულს ამახინჯებდნენ და აუცილებელი იყო იესო ნაზარეველის, როგორც მესიის აღიარება. ეს გახდა მათი გაღიზიანების მიზეზი და მოციქულის წამება გადაწყვიტეს. შეიპყრეს და სხვადასხვა საშუალებებით სასტიკად აწამეს. იმხანად ამ ყოველივეს შეესწრნენ მოციქული ბართლომე და მისი და მარიამნი, რომლებიც ბევრი მცდელობის მიუხედავად, ვერაფერს გახდნენ მოციქულის გამოსახსნელად. ის კი არა, მოციქული ბართლომეც შეიპყრეს და თავდაყირა დაკიდეს. მარიამნი არ შეიპყრეს იმის გამო, რომ ქალი იყო, თუმცა არანაკლები წამება და ტანჯვა გადაიტანა ამ ყველაფრის ყურებით, ერთი იყო საკუთარი ძმა, მეორე კი უსაყვარლესი მეგობარი.
მაშინ, როცა ფილიპე მოციქული ჯვარზე გააკრეს თავდაყირა, ხოლო ბართლომე თოკით ჩამოკიდეს, ისიც თავდაყირა, საშინელი მიწისძვრა მოხდა. ყველაფერი დაინგრა, თუ რამ ფასეული იყო, უამრავი ხალხიც დაიხოცა. მაშინ მიხვდნენ მიზეზს და მოციქულების გათავისუფლება გადაწყდა, რადგან სხვაგვარად მიწისძვრა არ ჩერდებოდა. მართლაც, ჩამოხსნეს სასწრაფოდ მოციქულები და ადგილობრივებმა გულწრფელი სინანულით შეინანეს ჩადენილი დანაშაული. ფილიპეს არ უნდოდა, რომ გაეთავისუფლებინათ. უნდოდა, ჯვარზე აღრსულებულიყო. ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ, ვიდრე არ ჩამოხსნეს ჯვრიდან, მიწისძვრა არ შეჩერდა. მაინც აღესრულა მალევე და მოციქულმა ბართლომემ და მისმა დამ მარიამნიმ მიაბარეს მოციქულის წმინდა სხეული მიწას გალობით და ლოცვით. ეს მოხდა ახალი სტილით 27 ნოემბერს.
43. "ხვალისაგან უნდა იესოს განსვლად გალილეად და პოვა ფილიპე და ჰრქუა მას იესო: მომდევდი მე".
მეორე დღისთვის გადაწყვიტა იესომ, გალილეაში მისულიყო. ნახა ფილიპე და მოუწოდა: მე გამომყევი.
44. "ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდაით, ქალაქისაგან ანდრეაისა და პეტრესა".
ფილიპე იყო ბეთსაიდიდან, იმ ქალაქიდან, საიდანაც იყვნენ პეტრე და ანდრია. ფილიპე მოციქული, როგორც უკვე აღვნიშნეთ ზემოთ, ქადაგებდა ფრიგიაში, აზიაში და სიცოცხლე იერაპოლისში დაასრულა. ბეთსაიდა, როგორც ადასტურებს მათე მახარებელიც, ანდრიას და პეტრეს სამშობლოა. პარალელურად ქალაქი, რომელიც კაპერნაუმთან ახლოს მდებარეობს; ქალაქი, რომელიც კიდევ იმით არის ცნობილი, რომ იქ იცხოვრა მაცხოვარმა. ეს არის ნუგეში ქრისტიანებისთვის, რადგან მაცხოვარმა იქ ღამე გაათენა.
45. "პოვა ფილიპე ნათანელ და ჰრქუა მას: რომელი–იგი დაწერა მოსე სჯულსა და წინაისწარმეტყუელთა, ვპოვეთ: იესო, ძე იოსებისი ნაზარეთით".
ფილიპემ იპოვა ნათანაელი და უთხრა: ის, რაც რჯულში დაგვიწერეს მოსემ და წინასწარმეტყველებმა, ვიპოვეთ: არის იესო, ძე იოსებისი ნაზარეთიდან. ნათანელი იყო გალილეის კანადან, საკმაოდ განსწავლული რჯულში და წინასწარმეტყველთა წიგნებში ფილიპეს მსგავსად, რომლებიც მოელოდნენ მესიას. "და ნათანელ, რომელი იყო კანაით გალილეაისაით" (ინ. 21,2).
46. "და ჰრქუა მას ნათანაელ: ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაისამე ყოფად? ჰრქუა მას ფილიპე: მოვედ და იხილე".
მაშინ იკითხა ნათანაელმა, ნუთუ შესაძლებელია რაიმე კეთილი ნაზარეთიდან? მაშინ უთხრა ფილიპემ, წამოდი და თვითონვე დარწმუნდი.
47. "იხილა რაი იესო ნათანაელ, მომავალი მისა, და თქუა მისთვის: აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუვაი არა არს".
იესომ ნახა, რომ ნათანაელი მათ უახლოვდებოდა და შორიდან მიუგო: აი, ნამდვილი ისრაიტელი, რომელშიც ზაკვა (ცბიერება) არ არის. ნაზარეთი არცთუ მაინცდამაინც დიდი ქალაქია, მაგრამ მნიშვნელოვანია იმით, რომ ეგვიპტიდან მობრუნებული მარიამი თავის ჩვილთან ერთად აქ ცხოვრობდა. ისევე, როგორც გალილეველი, ნაზარეველიც იყო დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი, მაცხოვარმა კი თავისი მყოფობით ეს ქალაქიც და სახელწოდებაც მნიშვნელოვნად აქცია. რაც შეეხება ისრაიტელს, ეს ნიშნავდა, რომ ნამდვილი შთამომავალი იყო იაკობ მამამთავრის, რადგან ცნობილია, რომ იაკობმა იმარჯვა ღმერთთან ჭიდილში, პირობითად იაკობი არის გამარჯვების სიმბოლო და ვინც მისი ქალაქიდან არის, ნიშნავს, რომ აღმატებულია თუნდაც ნაზარეველზე ან თუნდაც გალილეველზე და ა.შ. ამიტომ გაიკვირვა ნათანაელმა ფილიპეს შეთავაზება და შესაბამისად, ამიტომაც უწოდა იესომ ნათანაელს ჭეშმარიტი ისრაიტელი.
48. "ჰრქუა მას ნათანაელ: ვინაი მიცი მე? მიუგო იესო და ჰრქუა მას: პირველ ფილიპეს ხმობადმდე შენდა იყავ რაი ლეღუსა ქუეშე, გიხილე შენ".
საიდან მიცნობ? უთხრა მას ნათანაელმა. იესომ კი უპასუხა: ვიდრე შენთან მოვიდოდა ფილიპე და გეტყოდა ჩემ შესახებ, მე შეგნიშნე ლეღვის ძირში მდგომარე.
49. "მიუგო მას ნათანაელ და ჰრქუა: რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაი, შენ ხარ მეუფე ისრაელისაი".
მაშინ მიუგო ნათანაელმა იესოს: მოძღვარო, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ მეფე ისრაელისა. ნათანაელის ეს სიტყვები სხვა არაფერია, თუ არა სულიდან ამოძახილი, აღიარება იესოს ღვთაებრიობის, მესიობის რჯულზე დაყრდნობით.
50. "მიუგო იესო და ჰრქუა მას: რამეთუ გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე შენ ლეღუსა ქუეშე, და გრწამს; უფროისი ამათსა იხილო".
იესომ კი მიუგო ნათანაელს: რადგან გითხარი, რომ ლეღვის ძირში მდგომარე გიხილე, ამიტომ ირწმუნე? ეს კიდევ არაფერია, უფრო მეტსაც ნახავ, იმაზე მეტს, ვიდრე წარმოგიდგენია.
51. "და ჰრქუა მათ ამინ, ამინ გეტყვი თქუენ: იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა".
მიუბრუნდა და უთხრა იქ მდგომთ, გეტყვით დანამდვილებით, რომ ნახავთ ცას გახსნილს, საიდანაც ღვთის ანგელოზები ჩამოდიან და ადიან კაცის ძის თავზე. ეს ყოველივე უკვე არის წინასწარმეტყველება, თუ რაც მოხდება, თუ როგორ დაამცირებენ ძეს ღვთისას, თუმცა მწარედ მოტყუვდებიან, ვინაიდან ეს იქნება ლოგიკური აღსასრული იმ დიდი საქმისა, რისთვისაც განკაცდა, ხორცი შეისხა ყოვლადწმინდა სამების მეორე პირმა და ამით გამოიხსნა კაცთა მოდგმა საუკუნო ჯოჯოხეთისგან.
სამწუხარო იქნებოდა, ეს ყოველივე რომ არ მომხდარიყო, მაგრამ ვაი, მას, ვისი ხელითაც მოხდა. ნათანაელთან ამ ყველაფერზე ლაპარაკი ღირდა, რადგან მან იცოდა რჯული და წინასწარმეტყველებანი, თუ რა მოელოდა მესიას. დღესაც ისევე, როგორც იესოს დროს და ზოგადად წმინდანთა შემთხვევაში, სასწაულებს მიაწერენ ეშმაკს. როცა სასწაულს მოიმოქმედებდა, იესოზეც იძახდნენ, ეშმაკის ძალით აკეთებს ყოველივესო. ფილიპემ ქმნა სასწაულები და ისიც ეშმაკს მიაწერეს. მართლმადიდებელი ხატების ან სიწმინდეების მიერ აღესრულება სასწაულები და სხვადასხვა სექტები ამასაც ეშმაკს მიაწერენ. ამიტომ ვკითხულობ, რა განსხვავებაა ახლანდელ სექტანტებს და მაშინდელ იუდეველებს ან წარმართებს შორის? არანაირი.
ღმერთს ვებარებოდეთ, მოციქული ფილიპე იყოს ყოველი ჩვენგანის მეოხი და ეშმაკი, სატანა შორს ჩვენგან. ამინ.
ქრისტესმიერი სიყვარულით, პროტოდიაკონი მირიანი.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online