| ქალი და მამაკაცი |

მუსიკოსმა მერაბ სანოძემ ეკლესიაში სიარული თვრამეტი წელია, რაც დაიწყო, თუმცა, ხშირად სიარულს ვერ ახერხებს. პირველ კლასში იყო, როდესაც მონათლეს. ღამის ხუთ საათზე წაუყვანიათ მოსანათლად, რომ არავის დაენახა. მისი ნათლია მისივე მეზობელი იყო, რომელთანაც თბილი ურთიერთობა ჰქონია. ბავშვობაში იშვიათად თუ შევიდოდა პატარა, დანგრეულ სალოცავში, რადგან მაშინ კომკავშირი ეკლესიაში სიარულს კრძალავდა. წლების მერე კი, უკვე თავის მეუღლესთან ერთად დაიწყო ტაძარში სიარული. თვლის, რომ ამ ეტაპზე განსაკუთრებული მორწმუნე არ არის, რადგან მარხვას ვერ ინახავს და არც მოძღვარი ჰყავს, თუმცა, იმედი აქვს, რომ სულ მალე ეყოლება მოძღვარი და ყველა საჭირო საეკლესიო წესს შეასრულებს. ბატონ მერაბს უამრავი ნათლული ჰყავს. მათ შორის, ერთ ნათლულს გამოარჩევს, რომელიც სხვა აღმსარებლობის იყო და მართლმადიდებლად მონათლა, რაც მოგეხსენებათ, ძალიან დიდი მადლია. თუ როგორ იხსენებს უწმინდესთან შეხვედრას, როგორი მეთოდით აპირებს ეკლესიური ცხოვრების დაწყებას და რას მიიჩნევს ყველაზე დიდ სასწაულად, ამ ყველაფერს ჩვენი ინტერვიუდან გაიგებთ.
- ბატონო მერაბ, ეკლესიურად ცხოვრობთ?
- რწმენა ჩემთვის არის ისეთივე რამ, როგორიც ჩვეულებრივი მართლმადიდებელი ადამიანისთვის. სარწმუნოებაში ძალიან ღრმად შესული ნამდვილად არ ვარ. რწმენა ბევრჯერ მეხმარება, როდესაც რაღაც ცუდი ხდება ჩემ გარშემო. დიდად მორწმუნე არ ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, არც დიდ ცოდვებს ჩავდივარ. მე და ჩემს მეუღლეს ჯვარი დაწერილი გვაქვს, ოჯახში ყველანი მონათლულები ვართ, სახლიც ნაკურთხი გვაქვს და ა.შ. ჩემი ოთო და ნატუკა ორივენი დადიან ეკლესიაში. ისინი საქართველოს ბევრ ეკლესია-მონასტერში არიან ნამყოფები, მათ ერთი ასეთი ჩვევა აქვთ, რომ ყველა ეკლესიიდან სამახსოვროდ პატარა ხატები ჩამოაქვთ და ჩემი მეუღლის მოწყობილ ხატების კუთხესთან ათავსებენ. მეც ძალიან მინდა, რომ ყველა ქართული ეკლესია-მონასტერი მოვილოცო. თბილისს გარეთ, სულ რამდენიმე ტაძარში ვარ ნამყოფი. როდესაც საშუალება მექნება, აუცილებლად მოვივლი ყველას. მე ერთ რამეს დავუკვირდი ჩემს თავში, რომ, როდესაც სალოცავში შევდივარ, ძალიან ვმშვიდდები და სულ სხვანაირი გამოვდივარ იქიდან. ტაძარში ყოფნისას ადამიანს ყველანაირი ამბიცია ავიწყდება, ყველა უყვარდება და ა.შ.
- ბავშვობაში როგორი დამოკიდებულება გქონდათ რელიგიასთან?
- დილის ხუთ საათზე მომნათლეს. ცხონებულმა მამაჩემმა უცებ წამიყვანა და მომნათლა. მაშინ პირველ კლასში ვიყავი და ეს ყველაფერი კარგად არ მახსოვს. ასე დილაადრიანად იმიტომ წამიყვანა, რომ არავის დავენახეთ. იმ პერიოდში კომკავშირი არსებობდა და როგორ შეიძლებოდა ეკლესიაში წასვლა. ჩვენ სადაც შევდიოდით, პატარა, დანგრეული სალოცავი იყო. მშობლებს ტაძარში ვერ დავყავდით. ლოცვასა და სხვა საეკლესიო რიტუალებზე არაფერი ვიცოდით. მხოლოდ წლების მერე გავიგეთ კონკრეტულად რას გულისხმობდა რელიგია. ჩვენს დროს ასეთი ტენდენცია იყო, ახლა კი, მიხარია, რომ შეიცვალა ყველაფერი და ხალხი, ასე თუ ისე, რწმენაშია. ეს ყველაფერი ჩვენი უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის დამსახურებაა.
- გასაგებია, რომ ვერ დადიოდით ტაძარში, რადგან იმ დროს ასე ცხოვრობდა ყველა, თუმცა, ალბათ, სახლში ლოცულობდით.
- დედაჩემს ხატების კუთხე ჰქონდა. განსაკუთრებით ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ხატები დამამახსოვრდა. დედა ყოველთვის ლოცულობდა. ჩიქოვანის ქალია და მისი ბაბუა საეკლესიო პირი იყო. აქედან გამომდინარე, დედამ რელიგიაზე ბევრი რამ იცოდა. ჩემი დიდი ბაბუა სოფელ გორდში, თამარის სალოცავში იყო, თუმცა, ზუსტად არ მახსოვს, რა საეკლესიო წოდება ჰქონდა. ძალიან ლამაზი სოფელია და სწორედ მანდ, მთაში არის დადიანების სასახლე. კინოფილმ "მთვარის მოტაცების" ზოგიერთი ეპიზოდი მაგ ადგილას, ჩანჩქერთან არის გადაღებული.
- შემდეგ უკვე ეკლესიაში სიარული როდის დაიწყეთ?
- დაახლოებით, თვრამეტი წელი იქნება. მე და ჩემმა მეუღლემ ერთად დავიწყეთ სიარული. ვერ მოგატყუებთ, რომ ეს ხშირად ხდება, თუმცა, პერიოდულად ტაძარში მივდივართ ხოლმე. დიდ სამებაში დავდივართ. ჩემი მეუღლე მანამდეც ეკლესიურად ცხოვრობდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ერთად ვართ, უკვე ერთად დავდივართ ეკლესიაში.
- მოძღვარი გყავთ?
- სამწუხაროდ, ახლა მოძღვარი არ მყავს, მაგრამ მალე აუცილებლად მეყოლება. ყველა ჩემი მოძღვარია თითქმის, რადგან ყველა მრევლში შემიძლია შევიდე, თუმცა, კონკრეტულად ისეთი მოძღვარი არ მყავს, ვისაც აღსარებას ჩავაბარებ. ეს ჩემი მინუსია, რასაც, იმედი მაქვს, რომ მალე გამოვასწორებ.
- არასდროს გყოლიათ მოძღვარი?
- არა. არც აღსარება მაქვს ჩაბარებული. ერთხელ მინდოდა აღსარების ჩაბარება, მაგრამ ვერ გავაკეთე. ეტყობა, ჯერჯერობით, ეშმაკები მჯობნიან. არადა, ეკლესიურად ცხოვრებაში მოძღვრის ყოლა და აღსარების ჩაბარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. როდესაც საკუთარი მოძღვარი მეყოლება, მას ყველაფერს მოვუყვები და არა მგონია, რომ გამიჭირდეს მასთან ჩემს ცოდვებზე საუბარი. ის ფაქტი, რომ აქამდე ეს ვერ გავაკეთე, მხოლოდ და მხოლოდ იმის ბრალია, რომ ეშმაკი მებრძვის ზოგჯერ. თორემ მოძღვართან საუბარი არანაირად არ გამიჭირდება. ჩემი ბრალია, რადგან ვერ გამოვნახე დრო ამისთვის, რომ უფრო ღრმად შევიდე რწმენაში. არის ხოლმე ისეთი შემთხვევები, როდესაც ვერ ააწყობ საქმეს ისე, როგორც გინდა. ამას ჩემი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ვამბობ. ვერ ვახერხებ, რომ ვიარო ტაძარში ხშირად. ამას აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, თორემ შემიძლია ვთქვა, მოძღვარი მყავს-თქო, მაგრამ რატომ უნდა მოვიგონო ასეთი რაღაც, არ მესმის. იმას ვამბობ, რაც სიმართლეა და იმედია, ამის გამო არავინ დამძრახავს.
- მარხვას ინახავთ?
- არა. ისე, მარხვას რომ ვინახავდე, მაშინ ჩემი მოძღვარიც მეყოლებოდა და აღსარებასაც ვიტყოდი. მინდა, რომ ყველაფერი ერთად დავიწყო და მერე უკვე ვიმარხულებ კიდეც.
- ბიბლია წაკითხული გაქვთ?
- ბიბლია თავიდან ბოლომდე მაქვს წაკითხული. როგორც იცით, "სანო სტუდიამ" ბიბლიის ელექტრონული ვერსია გააკეთა ბატონ გოგი ხარაბაძესთან ერთად. ამ აუდიო-წიგნმა დიდი მოწონება დაიმსახურა არამარტო აქ მცხოვრებ ქართველებში, არამედ მთელ ჩვენს დიასპორაში. ამ ბოლო პერიოდში, როდესაც ამ პროექტზე ვმუშაობდით, ბიბლია თავიდან ბოლომდე წავიკითხე. მგონია, რომ როცა ბიბლიას წაიკითხავ, თან გვერდით მოძღვარი უნდა გყავდეს, რათა ზოგიერთი დეტალი უფრო კარგად აგიხსნას. რაღაცები ვერ გავიგე, რაღაცები გავიგე, რაღაცები კი, ალბათ, არასწორად გავიგე. როდესაც მრევლში შევალ და ჩემი მოძღვარი მეყოლება, აუცილებლად შევეკითხები იმას, რაც ბიბლიაში ვერ გავიგე.
- წეღან ახსენეთ, რომ პატარა მოგნათლეს. თქვენი ნათლია ვინ იყო?
- ჩემი ნათლია იყო ვაჟა აკობიძე, რომელიც ასევე ხონელია. ეს კაცი ძალიან მიყვარს და ვაფასებ. როდესაც ხონში ჩავდივარ, მას აუცილებლად ვნახულობ ხოლმე. ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ბატონ ვაჟასთან. თანაც ჩემს უბანში ცხოვრობდა და ყოველდღე ვხვდებოდი. სულ მეფერებოდა ხოლმე. ნათლისღების დღესასწაულზე მასთან გადავდიოდი და ამ დღეს ვულოცავდი. ასე ხდებოდა ჩემს ბავშვობაში. მერე უკვე ხონიდან წამოვედი და ხშირად ვეღარ ვნახულობ ჩემს ნათლიას.
- თქვენ ბევრი ნათლული გყავთ?
- უამრავი ნათლული მყავს. მათ შორის, ერთი ისეთი ნათლული მყავს, რომელიც მუსლიმანი იყო და მე ქრისტიანულად მოვნათლე. როგორც ვიცი, ეს ყველაზე დიდი მადლი ყოფილა, როდესაც სხვა რელიგიის აღმსარებელს მართლმადიდებლად მონათლავ. ეს პროცესი ჩემთვისაც ამაღელვებელი იყო. მე და ჩემმა მოეგობარმა ერთდროულად მოვნათლეთ.
- ოჯახში განსაკუთრებით რომელ საეკლესიო დღესასწაულს აღნიშნავთ ხოლმე?
- ჩემი მეუღლე არის ამ საქმეში მესაჭე, რადგან გარკვეულია ყველა ეკლესიურ დღესასწაულსა და მის მნიშვნელობაში. ძირითადად, დიდ საეკლესიო დღესასწაულებს, როგორებიცაა შობა და აღდგომა, ოჯახში ყოველთვის აღვნიშნავთ.
- იერუსალიმში, წმინდა მიწაზე ნამყოფი ხართ?
- არასდროს ვყოფილვარ. ბევრი ისეთი მეგობარი მყავს, რომლებიც ხშირად დადიან ისრაელში. ისეთი მეგობრებიც მყავს, რომლებიც იქ ცხოვრობენ და მეპატიჟებიან ხოლმე. მე ჯერ ვერ მოვახერხე წასვლა.
- მონასტერში ყოფილხართ ან იქ წასვლის სურვილი თუ გაგჩენიათ?
- არ ვყოფილვარ, სამწუხაროდ. თუმცა, სურვილი გამჩენია, რომ ცოტა ხანი მონასტერში მეცხოვრა. ჩემი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებ, რომ წავიდე მონასტერში.
- ცრურწმენების გჯერათ?
- არა. ყავაზე მკითხაობის, კატის გადარბენისა და მსგავსი სისულელეების ნამდვილად არ მჯერა. ეშმაკი ყველას მხარზე გვაზის და როდესაც ის ძლიერდება, ცრურწმენებიც მაშინ ჩნდება. თუ გაუძლებ და გააგდებ ეშმაკს, მაშინ ცრურწმენებს არ დაუჯერებ. თუმცა, ზოგს უჭირს ეშმაკთან ბრძოლა და არასწორად იქცევა. ეშმაკი აბსოლუტურად ყველას გვაზის ბეჭზე და ფრთხილად უნდა ვიყოთ.
- სასწაული გიხილავთ, ანდა როგორ განმარტავთ მას?
- ბევრი სასწაულის შესახებ მსმენია, ფოტოთი მინახავს გამოსახული წმინდანები და მსგავსი რაღაცები. პირადად, მე ასეთი სასწაულის მომსწრე არ გავმხდარვარ და რადგანაც საკუთარი თვალით არ მინახავს, ამაზე ყურადღებას არც ვამახვილებ. მე თუ მკითხავთ, ყველაზე პირველი და დიდი სასწაული ის არის, როდესაც პატარა არსება ევლინება ამ ქვეყანას. ბავშვის დაბადება სასწაულია. რატომღაც ამას სათანადო ყურადღებას არავინ აქცევს, თუმცა, ეს მართლაც საოცრებაა. უპირველესია ბავშვის მოვლენა ამ ქვეყანაზე და მერე უკვე სხვა დანარჩენი სასწაულები და საოცრებები.
- ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს შეხვედრიხართ?
- კი. როდესაც მე და ბატონმა გოგი ხარაბაძემ აუდიო-ბიბლია გავაკეთეთ, პატრიარქთან მივედით. მაშინ ამ პროექტის წარდგენა გვქონდა. უწმინდესთან შეხვედრა კარგად მახსოვს. მის წინ დავიჩოქე, მან თავზე ხელი დამადო და ამ დროს მეგონა, რომ ტანში დენმა გამიარა. ეს იყო საოცარი შეგრძნება და სიტყვებითაც ვერ აღვწერ. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ეს ადამიანი.
- ქართველების დღევანდელ რწმენას როგორ შეაფასებთ?
- უწმინდესის დამსახურებით, დღეს უფრო მეტი ადამიანი მიუბრუნდა რწმენას. ბევრი სალოცავი და ეკლესია აშენდა. პატრიარქს ხალხი სწორი მიმართულებით მიჰყავს. ჩემს ბავშვობასთან და ახალგაზრდობასთან შედარებით, დღესდღეობით ხალხი უფრო მეტად არის რწმენასა და ეკლესიურ ცხოვრებაში ჩართული.
- არის ისეთი რაღაცები, რაც დღევანდელ მრევლში არ მოგწონთ?
- ასეთი რაღაცები, რა თქმა უნდა, არის, თუმცა, ამაზე დიდად ყურადღების გამახვილება არ ღირს. მრევლში კი არა, ხშირად ოჯახში არის არასასიამოვნო ადამიანი. ასეთები ყველგან და ყოველთვის არსებობენ, შესაბამისად, მათი ქცევაც არ არის მოსაწონი. ასეთ ხალხს მეც ხშირად შევხვედრივარ, თუმცა, მათი განსჯა ჩემი საქმე არაა. დარწმუნებული ვარ, მას ჩემ გარდა უამრავი მიმტევებელი ეყოლება და სწორ გზასაც ისინი დაანახებენ.
- როგორ ფიქრობთ, რამ შეიძლება მიიყვანოს ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებამდე?
- ალბათ, ნელ-ნელა ყველანი ეკლესიურობის გზაზე დავდგებით. ჩემი აზრით, ამისკენ იმ რწმენამ უნდა მიგვიყვანოს, რომელიც ჩვენ გვაქვს და ეს რწმენა ჩვენი თავებისთვის უნდა შევქმნათ. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ეშმაკი გადავაგდოთ მხრებიდან. მე თუ მკითხავთ, ყველაზე მთავარი ეშმაკის მოცილებაა და ამის მერე უფრო ადვილად წავალთ ეკლესიისკენ. ყოველ შემთხვევაში მე ეკლესიური ცხოვრების დაწყებას ასეთი მეთოდით ვაპირებ.
თეონა კენჭიაშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"დეპრესიის დროს ადამიანი ღირსებას კარგავს"
დღეს თამარობაა
ხსენება წმინდისა ახალმოწამისა გრიგოლ მეხუთისა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისა
კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება












დღეს ამაღლებაა
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება 

დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ცხოვრება წმინდისა მამისა ათანასე დიდისა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ნიკოლოზობას აღნიშნავს
მეუფე იაკობმა უდაბნოს მონასტრის ნიშთან შეკრებილ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა
უდაბნოს მონასტრის ნიშთან პარაკლისი სრულდება
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა
აზერბაიჯანელები გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აღარ ჩანან
მეუფე იაკობი - სასულიერო პირების მიმართ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კორექტულები არიან
პატრიარქის პატარა სტიქაროსანს ორივე ფეხზე პროთეზი უკეთია 






















































































