| ქალი და მამაკაცი |

სადღესასწაულო სახარებას განმარტავს პროტოდიაკონი, მამა მირიანი (სხირტლაძე)
მე–12 თავი, 48–59 მუხლები.
შევეცდებით, მოგითხროთ ისეთ თვალსაჩინო მოღვაწეზე, როგორიც წმინდა მოწამე მინა სასწაულმოქმედია. წმინდანი დაიბადა იმპერატორ მაქსიმიანოსის დროს, რომელიც მოღვაწეობდა მესამე საუკუნის მეორე ნახევარში. წმინდანი წარმოშობით ალექსანდრიიდან იყო. მისი მშობლები წარმართები იყვნენ, მაგრამ უფალ ღმერთს სხვა გეგმა ჰქონდა წმინდანთან დაკავშირებით. ის იყო ნათელი მაგალითი, თუ როგორ იზრდება წარმართულ ეკალ–ბარდებში ლამაზი და თანაც სურნელოვანი ქრისტიანი ყვავილი.
მინას ბავშვობაშივე იზიდავდა ქრისტიანობა, თუმცა ბევრი რამ არ იცოდა და ვიდრე შუახნის ასაკს არ მიაღწია, გაუაზრებელი ნაბიჯი არ გადადგა. ეს გააკეთა მაშინ, როცა დარწმუნდა, რომ იესო ქრისტე არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი, რომ მას ეკუთვნის ამ მატერიალურ სამყაროში ყველაფერი, ის არის ხილული სამყაროს შემოქმედიც და უხილავისაც. მხოლოდ მას ძალუძს ჰქონდეს ურთიერთობა, მხოლოდ მისი თანხმობით სულდგმულობს ყოველი სულიერი, სხვა დანარჩენი, თუკი რამეს შეიძლება ღმერთი ვუწოდოთ, ყველაფერი არის ტყუილი, არაფრისმთქმელი.
ამ ტყუილსაც ჰყავდა და ჰყავს თავისი მიმდევრები. ადამიანი თავისუფალი ქმნილებაა, შეზღუდვის გარეშე და აქვს უფლება, სწამდეს, რაც სურს, თუმცა სხვის ცხოვრებაში იძულებით ჩარევა ძალმომრეობაა, სხვა სახელი ამ ყოველივეს არ აქვს. სწორედ ასე მოხდა წმინდა მინა სასწაულმოქმედის ცხოვრებაშიც, როცა მან ქრისტიანობა გადაწყვიტა იმის გამო, რომ ვერ აიტანა უსამართლო ძალმომრეობა უდანაშაულო ქრისტიანების მიმართ.
როცა სრულწლოვანი გახდა, წმინდანი თავისივე სურვილით ჩაეწერა ადგილობრივ სამხედრო ქვეგანაყოფში, რომელიც საიმპერატორო ჯარის ნაწილი იყო და ხელმძღვანელობდა არღირისკონი. ჯარი ფრიგიაში იყო განლაგებული და მხოლოდ იმპერატორს ემორჩილებოდა. მაშინ ის სამხედრო ნაწილი ბამბარიაში, ვერვერიაში (ასე ერქვა იმ დროს ჩრდილოეთ აფრიკას) ასრულებდა სამხედრო მისიას. გამოსულა იმპერატორის ბრძანება, რომ თუ ვინმე ხმამაღლა გამოაცხადებდა, ქრისტიანი ვარო, სამხედროები სასტიკად უნდა გასწორებოდნენ და სამაგალითოდ დაესაჯათ. ამის სასტიკი წინააღმდეგი იყო წმინდა მინა. იმის გამო, რომ ამ უსამართლო ბრძანების უნებლიე შემსრულებელი არ გამხდარიყო, მან გადაწყვიტა, სამხედრო სამსახური მიეტოვებინა და აფრიკის მთებში განმარტოებულიყო.
წმინდა მინა მკაცრ მოსაგრეობას შეუდგა. მარხვა, მღვიმარება და ლოცვა იყო მისი მთავარი საზრუნავი. როცა ნახა, რომ შინაგანად მზად იყო მისი სული და გული, როცა შეძლო საკუთარი განცდების კონტროლი, წლების შემდეგ მიიღო უმთავრესი გადაწყვეტილება მის ცხოვრებაში, ხმამაღლა ეთქვა თავისი მრწამსის შესახებ და წამებული ყოფილიყო საკუთარი აღმსარებლობის გამო. ეს გადაწყვეტილება დააჩქარა იმანაც, რომ წმინდანმა იხილა ჩვენება, რომ მოწამეობრიობის დრო დადგა.
როცა წარმართებს ყველაზე დიდი დღესასწაული ჰქონდათ, წმინდა მინა მთიდან ჩამოვიდა, სადაც მოღვაწეობდა, წარმართებს შეერია და ქრისტიანობის ქადაგება დაიწყო, რომ ქრისტე არის ერთადერთი ცოცხალი, ჭეშმარიტი ღმერთი და სხვა ღმერთი თვინიერ მისა არ არსებობს. ჩადგა კერპებს შორის და ყველას გასაგონად შესძახა: "მოისმინეთ ყველამ, ღმერთი არის ქრისტე, ხოლო ისინი, რომლებსაც თქვენ ეთაყვანებით და აღმერთებთ, სხვა არაფერია, თუ არა ხე და ქვა, რომელთაც არც ესმით რამე და არც გრძნობა გააჩნიათ".
ყველამ, ვინც ეს მოისმინა ან შეიტყო, როკვა და სადღესასწაულო თამაშობანი მიატოვა და მივიდა სანახავად, თუ ვინ იყო და ამას რატომ ამბობდა. ფარულ ქრისტიანებს ესიამოვნათ და გაუხარდათ წმინდა მინას საქციელი, წარმართები კი დაესივნენ და ცემა–ტყეპით მიჰგვარეს ქალაქის მთავარს, სახელად პიროსს, რომელიც საკუთარი ტახტიდან ადევნებდა თვალს წარმართების მიერ მოწყობილ თეატრს. მთავარმა წმინდანი რომ ნახა, მაშინვე უბრძანა წარმართებს მისი გათავისუფლება, რადგან ესიმპათიურა წმინდა მინა, რომელიც ამ დროს უკვე ორმოცდაათი წლის იყო.
ჰკითხა პიროსმა: "ვინ ხარ, საიდან და რა აღმსარებლობის?" წმინდანმა უპასუხა: "სამშობლო ჩემი არის ეგვიპტე, სახელად მინა მქვია და ოდესღაც სამხედრო ვიყავი. იმის გამო, რომ თქვენც და თქვენი იმპერატორიც წარმართები იყავით, ჯარიდან წავედი. ქრისტიანი ვარ და აქამდე ერთ მთაზე ვცხოვრობდი ქრისტეს დიდებაში, რადგან ის არის ერთადერთი ცოცხალი ღმერთი. მეც მოვედი, რათა ვაღიარო თქვენ წინაშე. უფალი ხომ გვასწავლის, ის, ვინც მაღიარებს ადამიანთა წინაშე, მას მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშეო".
ამის გამგონე განრისხებულმა პიროსმა შეჰყვირა, დაამწყვდიეთ მანამ, ვიდრე მოვიფიქრებდე, თუ როგორ გამოვასალმო ეს უგუნური და ჩვენი ღმერთების მტერი სიცოცხლესო. გათენდა დილა, დღესასწაული დამთავრდა. წინა ღამის ამბავმა მოსვენება დაუკარგა პიროსს, ვერ გადაეწყვიტა, წმინდა მინა დაესაჯა, გაეთავისუფლებინა თუ იმპერატორისთვის გადაეცა. ბოლოს იფიქრა, ვცდი, იქნებ გონს მოეგოს, ცოდოა ასეთი ტკბილი და სათნო კაცის წამებაო. ბრძანა მისი საპყრობილიდან გამოყვანა და უთხრა წმინდანს, ბევრი ვიფიქრე, მეცოდები საწამებლად, იქნებ მსხვერპლი შესწირო ჩვენს ღმერთებს და მზად ვარ, სამეფო პატივით დაგაჯილდოვოო.
მაშინ მიუგო წმინდანმა, არ ვაპირებ, უარი ვთქვა ჭეშმარიტ ღმერთზე და მსხვერპლი შევწირო უსულო კერპებს, რომლებიც თქვენნაირ უგუნურებს ღმერთები გგონიათ, მოიქეცი, როგორც სურვილი გაქვს, რადგან არ არსებობს წამების ხერხი, რითაც შეძლებ და უარს მათქმევინებ ჩემს ღმერთ იესო ქრისტეზე, რომელმაც საკუთარი ჯვარცმით გამომიხსნა ჩემი ურჯულოებისა და ცოდვებისგანო.
პიროსმა ბრძანა მისი გაშიშვლება, მიწაზე გაკვრა ხელებით და ფეხებით და ხარის უმი ძარღვებით მისი ცემა, სანამ უარს არ იტყოდა საკუთარ სარწმუნოებაზე. ამის გარდა, უამრავი წამების ხერხი მოიგონა მტარვალმა: წმინდანი რკინის ბოძზე მიაბეს და რკინით სცემეს, სხეულის ნაწილები მიმოფანტული იყო ირგვლივ. იღლიებში ცეცხლი შეუნთეს, მაგრამ ამანაც ვერ გატეხა. თმებით დაკიდეს, ფეხებზე ქვები მოაბეს, მაგრამ წმინდანი იმდენად მხნედ გრძნობდა თავს, რომ უფრო მეტად ბრაზობდა მტარვალი. მან ვეღარ გაუძლო წმინდანის ამდენ შეურაცხყოფას, დაცინვას, კერპების შეურაცხყოფას და ბრძანა, ქალაქის გარეთ გაეყვანათ და თავი მოეკვეთათ, რომ აღარასდროს ენახა მისი გაბრწყინებული სახე. მინა ხომ ისე გრძნობდა თავს, თითქოს არაფერი მომხდარაო.
როცა ქალაქგარეთ მიჰყავდათ, წმინდანმა ქრისტიანებს სთხოვა, მისი სხეულის ნაწილები როგორმე მოეპოვებინათ და მშობლიურ ეგვიპტეში გადაესვენებინათ. როცა ეს მტარვალებმა შეიტყვეს, მის სხეულს ცეცხლი წაუკიდეს, ნაცრად აქციეს და ზღვაში ჩაყარეს. თავი და სხეულის მცირე ნარჩენები, რაც ცეცხლს გადაურჩა, ქრისტიანებმა ერთად შეახვიეს და როგორც წმინდანს სურდა, ალექსანდრიაში გადააბრძანეს, სადაც დღემდე აღესრულება სასწაულები იმის მიხედვით, თუ ვის რა აუცილებლობა აქვს.
შევეცდებით, გაგაცნოთ რამდენიმე სასწაული იმ უამრავთაგან, რომლებიც მოთხრობილია წმინდა მამის ცხოვრებაში, რათა კიდევ უფრო მეტად დარწმუნდეთ, რომ საქმე გვაქვს უდიდეს საეკლესიო მოვლენასთან წმინდა მინა სასწაულმოქმედის სახით.
როცა ალექსანდრიაში წმინდა მინას ხსენებას დღესასწაულობდნენ ქრისტიანები, ერთ მდიდარ ქრისტიანსაც მოუნდა მონაწილეობის მიღება, რადგან განსაკუთრებულ პატივს სცემდა წმინდანს. იგი გზად ერთ სასტუმროში დაბინავდა ღამის გასათევად. სასტუმროს მეპატრონემ რომ შეიტყო მგზავრის სიმდიდრის შესახებ, გადაწყვიტა, მოეკლა და ამ გზით დაუფლებოდა მის ქონებას. მართლაც, ღამით მიეპარა და დანით მოკლა მძინარე სტუმარი. მერე ჯვალოს ტომარაში მოათავსა, ჩამოკიდა სარდაფში და მოხერხებულ შემთხვევას დაელოდა, რომ გვამი თავიდან მოეშორებინა და ამით დანაშაულის კვალი წაეშალა.
წმინდა მინამ მედღესასწაულეებს შორის ერთი მოისაკლისა და ეს სწორედ ის უცხოელი, შეძლებული ქრისტიანი იყო, რომელიც ყოველთვის მოკრძალებით და დიდი სიყვარულით აღნიშნავდა დიდმოწამე, სასწაულმოქმედი მინას ხსენების დღეს. წმინდანმა გულისხმაჰყო, გამოეცხადა სასტუმროს მეპატრონეს და ჰკითხა, შენთან ღამე ხომ არ გაუთევია ვინმე უცხოელსო. სასტუმროს პატრონმა მიუგო, არაფერი ვიცი იმ საქმისა, რასაც მეკითხებიო. ჩამოქვეითდა წმინდანი ცხენიდან, რომელზეც ამხედრებული იყო, შევიდა შენობაში და უცხოელის ცხედარი აღმოაჩინა. მაშინ სასტუმროს პატრონი მუხლებში ჩაუვარდა წმინდანს და პატიება სთხოვა.
წმინდანმა ხელები ზეცად აღაპყრო და უფალს შესთხოვა, მკვდრეთით აღედგინა ის შეძლებული ქრისტიანი, რომელიც ასე დიდ პატივს მიაგებდა წმინდა მინას. ღვთის მოწყალებამაც არ დააყოვნა წმინდანის სათხოვარზე და გარდაცვლილს სიცოცხლის სული შთაბერა. მადლობა შესწირა მკვლელმა მხედარს, რომელმაც ეს სასწაული მოახდინა და გულით შეინანა ჩადენილი დანაშაული. მხედარმა გამოართვა მკვლელს მოპარული ფული, მკვდრეთით აღმდგარს გადასცა და მიუგო: "ძმაო, აღდექ და იარე მშვიდობით". მიუბრუნდა მკვლელს და ისე სცემა, როგორც მას ეკადრებოდა. დიდხანს ემჩნეოდა ნაიარები, რომლებმაც ღვთის გზაზე შემოაბრუნეს სასტუმროს მეპატრონე და წმინდა მინას დიდებაში ათენ–აღამებდა სიცოცხლის ბოლომდე.
სასწაული, რომელზეც ახლა გიამბობთ, საკმაოდ საყურადღებოა თუნდაც იმიტომ, რომ ამ სასწაულს უკავშირდება იმ ცნობილი ხატის ისტორია, სადაც გამოხატულნი არიან წმინდა მინა, წმინდა ვიქტორი და წმინდა ბიკენტი. ერთხელ ერთმა შეძლებულმა მდიდარმა ოქრომჭედელს ორი ოქროს სინის დამზადება შეუკვეთა. ერთი უნდა ყოფილიყო წმინდა მინას გამოსახულებით, ხოლო მეორე ისეთივე, ოღონდ გამოსახულების გარეშე. დაუმზადეს მდიდარს სინები, რომლებიც მართლაც ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენდნენ. იმდენად კარგი გამოვიდა წმინდანის გამოსახულებიანი სინი, რომ მდიდარს დაენანა და გადაწყვიტა, თავისთვის დაეტოვებინა. თავი კი იმით იმართლა, რომ ყოველ დილით ამ სინიდან შეჭამდა საჭმელს წმინდანის პატივსაცემად. როცა მსახურმა ამ სინით საუზმე მიუტანა, მდიდარს არც არაფრად ჩაუგდია წმინდანის გამოსახულება, უდიერად, ყოველგვარი მოწიწების გარეშე მიირთვა საუზმე და მსახურს გასარეცხად გაატანა.
მდიდარი გემით მოგზაურობდა, ამიტომ მოსამსახურეს გარეცხვის დროს სინი ზღვაში გადაუვარდა და იმის გამო, რომ თავისი ბატონი მაინც არ აცოცხლებდა, თან გადაჰყვა, იქნებ ვიპოვო და ჩემი ბატონის გული მოვიგოო. ასე რომ, სინიც დაიკარგა და მსახურიც. ის დღე დაღამდა, ღამეც გათენდა, მაგრამ არც მსახური ჩანდა და არც სინი. მდიდარი დამწუხრდა არა იმდენად მსახურის დაკრაგვაზე, არამედ სინზე, რომელიც ძალიან მოსწონდა, როგორც ძვირფასი ნივთი. ყველა მომხდარზე ფიქრობდა. განიცადა გემის კაპიტანმაც, რომლის გემზეც ეს უბედური შემთხვევა მოხდა.
უკვე აღარავის ჰქონდა მოსამსახურის გადარჩენის იმედი, როცა ის ზღვაზე მომავალი გამოჩნდა სინით ხელში. როცა გემს მიუახლოვდა, ყველას გაუხარდა და მაშინვე გემზე აიყვანეს. მდიდარიც გახარებული იყო და მსახურს უთხრა, მოყევი, როგორ გადარჩი, აღარავის გვქონდა შენი გადარჩენის იმედიო. გადარჩენილმა მსახურმა გემზე მყოფებს უამბო: "როცა მეც ზღვაში გადავხტი იმ იმედით, რომ სინს ვიპოვიდი და ჩემი ბატონის რისხვას ავიცილებდი, სინი უკვე ზღვის ფსკერზე იყო. იმედი დავკარგე, რომ ვიპოვიდი, მაგრამ მივხვდი, რომ უკან დაბრუნების ძალაც აღარ შემწევდა. ამ დროს შევნიშნე სამი მამაკაცი, რომლებიც გარეგნულად ძალიან ლამაზად გამოიყურებოდნენ. მათ შორის ერთი, უფრო ასაკოვანი, სამხედრო ფორმაში იყო გამოწყობილი, ერთიც ახალგაზრდა იყო, ძალიან ლამაზი გარეგნობის და ერთიც დიაკვნის ხარისხით. ეს სამი ადამიანი მაშინვე გაჩნდნენ ჩემ გვერდით, როგორც კი გამიჭირდა, მომკიდეს ხელი და გუშინ და დღეს ჩემ გვერდით იყვნენ. აქამდეც მათ მომაცილეს, მერე დამემშვიდობნენ და გაუჩინარდნენ".
ეს სასწაული იმ დროს მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის იყო ცნობილი, რომელიც იესო ქრისტემ თავისი მხედრების მეშვეობით აღასრულა, ამიტომ დღემდე ცნობილია ხატი, სადაც სამივე წმინდანი – მოხუცი ასაკოვანი წინდა მინა, წმინდა ბიკენტი და ახალგაზრდა წმინდა ვიქტორი ერთად არიან გამოსახულები. ეკლესიაც ერთად დღესასწაულობს მათ ხსენებას. ეს არის ახალი სტილით 24, ძველი სტილით კი 11 ნოემბერი, რადგან 11 ნოემბერს 160 წელს აღესრულა წმინდა ბიკენტი და 11 ნოემბერს 296 წელს წმინდა დიდმოწამე მინა. აი, რატომ გამოისახება ერთ ხატზე სამივე წმინდანი. უბრალოდ, შეუძლებელია ყველა იმ სასწაულის თხრობა, რომლებიც წმინდა დიდმოწამე მინას სახელს უკავშირდება.
48. "ხოლო რომელმან არა იცის და ქმნეს რაიმე ღირსი ტანჯვისაი, იგუემოს მცირედ, რამეთუ ყოველსა რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა მიეღოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰხადონ მას".
რაც შეეხება იმას, ვინც არ იცის თავისი უფლის სურვილი და უღირს საქციელს ჩადის, მცირედ დაისჯება ნამოქმედარის გამო. რადგან ყველას, ვისაც კი დიდი მიეცა ზემოდან, დიდადაც მოეკითხება, ასევე რომელსაც ბევრი მიეცა, ბევრს მოსთხოვენ.
49. "ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და რაი მნებავს, რაითა აწვე აღეგზნას!"
ცეცლის მოსაფენად მოვედი დედამიწაზე და უფრო მეტი რაღა მნებავს, აი, უკვე არის დანთებული.
50. "ხოლო ნათლის–ღებაი მაქუს ნათელს–ღებად და ვითარ შეურვებულ ვარ, ვიდრემდე აღესრულოს!"
მაქვს ნათლისღება აღსასრულებელი ნათლისღებად, რომელსაც აღარ შემიძლია დიდხანს ვუცადო!
51. "ეგრე ჰგონებთ, ვითარმედ მშვიდობისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა? არა, გეტყვი თქუენ, არამედ განყოფად".
თქვენ გგონიათ, მოვედი ქვეყნად, რათა იძულებითი და მოჩვენებითი მშვიდობა დავამყარო ადამიანებში? არა, რა თქმა უნდა. გეტყვით იმას, რომ მოვედი გასაყოფად. მაცხოვარი სამივე მუხლში, რომლებიც ზედიზედ იქნა წაკითხული, საუბრობს საკუთარ შეპყრობაზე, სასამართლოზე და ჯვარცმაზე. ამით იმასაც უსვამს ხაზს, რომ მშვიდობიან ქადაგებებს, მოსიყვარულე საუბრებს თან ახლავს ადამიანთა ორ ჯგუფად დაყოფა. ერთნი ყველაფერს იძლევიან იესო ქრისტესა და სარწმუნოებისთვის, მათ შორის საკუთარ სიცოცხლესაც, მეორენი კი აღასრულებენ ეშმაკის, ანტიქრისტეს უსასტიკეს და უსამართლო დავალებებსაც კი. როგორც ეს მოხდა წმინდა მინას შემთხვევაში, რომელიც მხოლოდ იმიტომ აწამეს შეუბრალებლად, რომ იესო ქრისტეს ღვთაებრიობა სწამდა, მეორე მხარე კი თვლიდა, მისი წამებით და განადგურებით ღმერთს ემსახურებოდა. მაცხოვრის მიერ ნახსენები ნათლისღება სწორედ მოწამეობრივ გვირგვინს, სისხლით ნათლისღებას გულისხმობს.
52. "რამეთუ იყვნენ ამერითგან ხუთნი სახლსა შინა ერთსა განყოფილ: სამნი ორთაგან და ორნი სამთაგან".
ასე რომ, ერთი ოჯახი ხუთი წევრით დაიყოფა ორ ბანაკად, ორი იქნება სამის წინააღმდეგ, სამი კი ორის წინააღმდეგ.
53. "განყოფად მამაი ძისაგან და ძე მამისაგან; დედაი ასულისაგან და ასული დედისაგან; დედამთილი ძის ცოლისაგან მისისა და სძალი დედამთილისაგან".
მამა იქნება ძის წინააღმდეგ, ძე კი მამის, ქალიშვილი დედის წინააღმდეგ, დედა – ქალიშვილის, დედამთილი რძლის წინააღმდეგ, რძალი კი თავისი დედამთილის.
54. "ეტყოდა იესო ერსაცა მას: რაჟამს იხილით ღრუბელი, აღმომავალი დასავალით, მეყსეულად სთქვით, ვითარმედ: წვიმაი მოაქუს, და არნ ეგრეთ".
აგრეთვე უამბობდა იესო ერსა მას: როცა ხედავთ, რომ ღრუბელი მოდის დასავლეთიდან, მაშინვე ამბობთ, რომ მოწვიმს და მართლაც ასე ხდება. აქ გულისხმობდა ხმელთაშუა ზღვას და მისგან მონაბერ ქარს, ასევე დასავლეთით მდებარე წარმართ ხალხებს, რომლებიც შორს იყვნენ სარწმუნოებისგან, რადგან წარმართულ კულტებს ეთაყვანებოდნენ.
55. "და რაჟამს სამხრით ქარი ქრინ, სთქვით, ვითარმედ სიცხე იყოს, და არნ ეგრე".
როცა სამხრეთიდან ქრის ქარი, მაშინ ამბობთ, რომ დაცხება და ისე ხდება, როგორც ამბობთ. მაცხოვარი ყოველთვის იყენებდა მეტაფორულ გამონათქვამებს. სამხრეთში გულისხმობდა არაბეთს, ეგვიპტეს, ეთიოპიას, საიდანაც ყოველთვის სიცხე იყო მოსალოდნელი და არა მარტო ბუნებრივი, არამედ რელიგიური სიცხეც. გადავავლოთ თვალი დღევანდელ სამყაროს და ვაღიაროთ, რომ იესო მართალი იყო მაშინაც და ახლაც.
56. "ორგულნო, პირი სამე ქუეყანისაი და ცისაი იცით გამოცდად, ხოლო ჟამი ესე ვითარ არა გამოიცადეთ?"
ორგულნო, იცით და იგებთ მიწიერ და ციურ ნიშნებს, ხოლო აქაურ ნიშნებს, რომელშიც რეალურად ცხოვრობთ, ვერ იგებთ?
57. "ანუ რაისა თავით თვისით არა სჯით სამართალსა?"
რატომ არ სჯით და იკვლევთ თქვენვე, თუ რა და რომელი არის სწორი და სამართლიანი? აქ უკვე საყვედურობს ადგილობრივ ებრაელებს. თუ ყველა ის ნეგატიური მოვლენა არის დასანახი, რატომ არ არის დასანახი ამდენი პოზიტივი, რაც თქვენ გარშემო ხდება. თუ თქვენთვის მისაღებია და იწყნარებთ წარმართი სწავლულების აზრს, რატომ არ იწყნარებთ თქვენივე წიაღიდან გამოსული კაცის სიბრძნეს? ცნობილია, რომ მაცხოვარმა ყურადღება გაამახვილა წარმართ ბერძენ სწავლულზე სოლონ ათენელზე, რომელიც საკმაო პოპულარობით სარგებლობდა მთელ იუდეაში.
58. "რამეთუ ოდეს მიხუალ მოსაჯულისა შენისა თანა მთავრისა წინაშე გზასა ზედა, მიეც საქმარი განთავისუფლებად მისგან, ნუუკუე მიგიყვანოს შენ მსაჯულისა, და მსაჯულმან მიგცეს შენ მეხარკესა, და მეხარკემან მიგცეს შენ საპყრობილედ".
უმჯობესია, ვიდრე შენს მომჩივანთან ერთად წარდგებოდე მოსამართლესთან სიმართლის გასარკვევად, მდგომარეობა კომპრომისით გაარკვიო, რადგან ადვილი შესაძლებელია, შენმა მომჩივანმა გაჯობოს მოსამართლესთან და სამართალთან დავაში, ამ უკანასკნელმა განაჩენი შენ საწინააღმდეგოდ გამოიტანოს და გისოსებს მიღმა აღმოჩნდე. აქ მაცხოვარი გულისხმობს, რომ საკუთარი თავის მართლება და სხვების განკითხვა არაფერს მოგვცემს, თუ არ გვავნებს. იქნებ უმჯობესი იყოს, საკუთარ ცოდვებზე ვინანოთ და უნებლიეთ ღვთის წიაღის მიღმა არ აღმოვჩნდეთ. გამგები ადვილად გაიგებს, რისი თქმა უნდა უფალს.
59. "გეტყვი შენ: ვერ გამოხვიდე მიერ, ვიდრემდე უკუანაისკნელიცა იგი მი–ვე–სცე მწულილი".
შენ გეუბნები, იქიდან ვერ გამოხვალ მანამ, სანამ უკანასკნელ კაპიკსაც არ გადაიხდი. ეს არის ციხის კანონი და რამდენადაც შესაძლებელია, ყველამ უნდა აარიდოს თავი იქ მოხვედრას.
აი, რას ბრძანებს უფალი. არა მარტო კრიმინალები, სახელმწიფო ჩინოსნებიც უნდა ფიქრობდნენ ამაზე, რადგან ბევრი ხელშეუხებელი ფიგურა გამხდარა გისოსების მსხვერპლი. ეს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ვაიმორწმუნენი ამტკიცებენ, რომ მათი მოქმედება და ღვთისმოსაობაა მხოლოდ მოსაწონი ღვთისთვის. ორივე შემთხვევა გაუმართლებელია და მეტი დაფიქრება გვმართებს. წმინდა მინამ სამოთხის გვირგვინი მიიღო, ხოლო მისმა მტანჯველმა მტარვალმა პიროსმა საუკუნო ტანჯვა ჯოჯოხეთში. წმინდა დიდმოწამე და სასწაულმოქმედი მინა მეოხ გვეყოს ჩვენ ცოდვილთა. ამინ.
სიყვარულით, პროტოდიაკონი მირიანი.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"დეპრესიის დროს ადამიანი ღირსებას კარგავს"
დღეს თამარობაა
ხსენება წმინდისა ახალმოწამისა გრიგოლ მეხუთისა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისა
კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება












დღეს ამაღლებაა
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება 

დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ცხოვრება წმინდისა მამისა ათანასე დიდისა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ნიკოლოზობას აღნიშნავს
მეუფე იაკობმა უდაბნოს მონასტრის ნიშთან შეკრებილ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა
უდაბნოს მონასტრის ნიშთან პარაკლისი სრულდება
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა
აზერბაიჯანელები გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აღარ ჩანან
მეუფე იაკობი - სასულიერო პირების მიმართ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კორექტულები არიან
პატრიარქის პატარა სტიქაროსანს ორივე ფეხზე პროთეზი უკეთია 






















































































