asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მამა ტიმოთე: "ტაძრის წინამძღვრის პასუხისმგებლობა საკმაოდ მძიმეა"
"უფალს ნელთბილი ადამიანი არ უყვარს"
მამა ტიმოთე: "ტაძრის წინამძღვრის პასუხისმგებლობა საკმაოდ მძიმეა"

2011-11-29 16:34:42



"მოძღვრობა დიდი პასუხისმგებლობაა და პირველ რიგში, საკუთარი სულის მიმართ. ასევე, Oოჯახის წევრების მიმართ. შემდეგ, უკვე, პასუხისმგებელია მრევლის წევრთა ცოდვებსა და მოქმედებებზე. მღვდელი უნდა ცდილობდეს, ჯერ თვითონ იყოს უფალთან მართალი, თავისი სული გადაირჩინოს", - აღნიშნავს ჯვარის მამის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ტიმოთე წიკლაური. "გუმბათი" დღეს მასთან ინტერვიუს გთავაზობთ.
- მამა ტიმოთე, ახლა, ჯვარის მამის სახელობის ტაძარში იმყოფებით. თუმცა, მანამდე 7 წლის განმავლობაში სიონის საკათედრო ტაძარში მსახურობდით და თქვენი სულიერი ცხოვრებაც სიონს უკავშირდება, გული ხომ არ დაგწყდათ, მისი დატოვება რომ მოგიწიათ?
- სიონის საკათედრო ტაძარი ყველასთვის მშობლიურია. ადამიანმა ერთხელაც რომ მოილოცოს, გულგრილი ვერ დარჩება. მე 1993 წლიდან ვიყავი ამ ტაძრის მრევლი, ჩემი სულიერი ჩამოყალიბება სიონში მოხდა, მღვდელმსახურებაც იქვე დავიწყე, შეჩვეული ვიყავი იქაურობას და ამდენად, ჩემთვის ძალიან ძნელი იყო სიონის დატოვება, მაგრამ, რადგანაც პატრიარქის კურთხევა გახლდათ ასეთი, ჩემს სურვილს უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა.
- ერთი წელია, რაც ამ ტაძარში მოღვაწეობთ. აქ როგორ გრძნობთ თავს?
- სიონში დიდი მადლია დავანებული, მაგრამ არანაკლები მადლი სუფევს ჯვარის მამის სახელობის ეკლესიაში. მოგეხსენებათ, ესეც ერთ-ერთი უძველესი, მე-5 საუკუნის ტაძარია, რომელიც იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქე გახლდათ. მადლობა უფალს, რომ აქ მიწევს მსახურება.
- მამაო, თქვენ ახლა ტაძრის წინამძღვარიც ხართ. როგორია ეს პასუხისმგებლობა და რა სირთულეები ახლავს მას?
- ტაძრის წინამძღვრის პასუხისმგებლობა საკმაოდ მძიმეა. მე უკმაყოფილო ვარ ჩემი თავის, რადგან არ მაქვს წინამძღვრის მოვალეობის შესრულების სრული შესაძლებლობა.
- კერძოდ, რას გულისხმობთ, მამაო?
- ამ ტაძართან დაკავშირებით არის პრობლემები, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო, მათი მოგვარება ვერ ხერხდება. კერძოდ, გვაქვს ძალიან ეგზოტიკური სანათლავი, რომლის აუზიც მიწისქვეშა წყლებით მარაგდება და იქედან მუდმივად ხდება წყლის გადინება. მაგრამ, როცა მიწისქვეშა წყლების შემოდინება ძლიერდება, დიდი ხნის წინ არის გაკეთებული, დრენაჟი მის გადინებას ვერ აუდის, ამიტომ წყალი ამოდის მაღლა და იტბორება სანათლავი. ზოგჯერ თვითონ სანათლავშიც ჩადის, იმ ადგილას, სადაც ნათლობის დროს მღვდელი დგება. ამ მიზეზით, ტაძრის კედლებიც ნესტიანდება. დრენაჟი საჭიროებს განახლებას, რომ ტაძრის კედლებიც გაშრეს და შემომავალი წყლების გადინებაც კარგად უზრუნველყოს. ამ ერთი წლის განმავლობაში სანათლავი ორჯერ დაიტბორა. ეს ერთი პრობლემა და მეორე, ტაძრის კედლები გალესილია გაჯით. გაჯი სინესტეს ვერ უძლებს, ამიტომ, როცა კედლები სველდება, ისიც იშლება და შესაბამისად, ფრესკებიც იშლება. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. უკვე ბევრგანაა აყრილი გაჯი და დაზიანებული ფრესკა. ჩემი სურვილია, ტაძარში მთლიანად მოიხსნას გაჯი, გაილესოს კირით და მხატვრობაც ხელახლა შესრულდეს. ამ ყველაფრისთვის ძალიან დიდი თანხებია საჭირო და მხოლოდ უფალმა იცის, როდის მოგვეცემა ამის შესაძლებლობა.
- ტაძარი ხომ შემოწირულობით არსებობს, მამაო?
- კი, მაგრამ მრევლის შემოწირულობა ამ საქმეებისთვის არ არის საკმარისი. მრევლის შემოწირულობით ტაძრისთვის დავამზადეთ წმინდა გიორგის ხატი, ბზის მასალისგან ჯვარცმის ხატი. მზადდება წმინდა ნიკოლოზის, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის, წმინდა ნინოსა და წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხატები. ჩვენს ტაძარში აფხაზეთიდან მობრძანდა ფეხზე მდგომი მაცხოვრის ხატი, რომელიც თავის ტაძარს დაუბრუნდება მაშინ, როცა აფხაზეთი ისევ შემოუერთდება საქართველოს.
- მამაო, აქამდე რატომ არ იყო ამ ტაძარში ხატები?
- აქედან ხატებს ყოველთვის იპარავდნენ და ამიტომ არ იყო. მე ეს ხატები კედელზე დავამონტაჟებინე, რომ ვერ მოხსნან.
- მამაო, როდესაც ტაძარში შემოვედი, თქვენ სულიერ შვილებთან საუბრობდით და გავიგონე, რომ რაღაცას საყვედურობდით.
- მრევლში გულგრილობა არ მომწონს და ამას ვსაყვედურობდი. უფალს ნელთბილი ადამიანი არ უყვარს. რა თქმა უნდა, მთლად გულგრილი ადამიანი ტაძარშიც არ მოდის, მაგრამ გულგრილობის მცირე დოზასაც რომ შევამჩნევ, ისიც არ მომწონს და მინდა აღკვეცონ. ხალხში რწმენა მაინც ნაკლებია და შესაბამისად, სიყვარულის დეფიციტია, მაგრამ ეს ყველაფერი შეიცვლება, როცა საერთო სიტუაცია გამოსწორდება
- მრევლის მთავარ პრობლემად რას დაასახელებთ?
- მრევლში უფრო ყოფითი პრობლემებია, რაც სულიერი პრობლემებით არის გამოწვეული. ძალიან ბევრს მატერიალურად უჭირს, რაც მათ ეკლესიურობაზეც აისახება. ტაძარში ვერ დადიან. იმის გამო, რომ ის მცირე ანაზღაურებადი სამსახურები არ დაკარგონ, ზოგიერთი შაბათ-კვირასაც მუშაობს. თანაც, იძულებულნი არიან, იმუშაონ იქ, სადაც პირად ღირსებას, ეროვნულ ფასეულობებს აბუჩად იგდებენ, მაგრამ მათ ხმის ამოღების, პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობაც არა აქვთ, რადგან თუ პროტესტს გამოხატავენ, სამსახურიდან გაათავისუფლებენ. ჩემს ერთ-ერთ მრევლს ისეთი სამსახური აქვს, სადაც ხელშეკრულებას ერთი თვის ვადით უფორმებენ. ასე არის მთელი სამსახური, ესაა საშინელი ფსიქოლოგიური ზემოქმედება ადამიანებზე. ერთი თვის შემდეგ კიდევ გაუგრძელებენ ხელშეკრულებას თუ უსამსახუროდ დატოვებენ, არ იციან. იმის გამო, რომ არ დაკარგონ სამუშაო, ყურმოჭრილი მონებივით უნდა მორჩილებდნენ.
- ეს, ქრისტიანული თვალსაზრისით, რას ნიშნავს, მამაო?
- ამ შემთხვევაში, ქრისტიანული თვალსაზრისით, ირღვევა ადამიანის თავისუფალი ნება, თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება. ამგვარი სიტუაციიდან გამომდინარე, სამსახურის შენარჩუნების მიზნით, ადამიანი გულგრილი ხდება სულიერ-ეროვნული ფასეულობების მიმართ. დღეს ეს არსებული ყოფითი რეალობის შედეგია.
- გამოსავალი რა არის?
- გამოსავალი არის მოთმინება და რწმენა უკეთესი მომავლისა. საქართველოს ადრეც ჰქონია მძიმე პერიოდები. გაჭირვება ყოველთვის იყო. ცოტა ხნის წინ ვიზეიმეთ 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღე. ამ დღეს წინ უძღოდა პერიოდი, როცა ქართველ ერში ცოდვები, ურწმუნოება, უზნეობა ზეობდა. შედეგიც მიიღო ქართველმა ხალხმა. საჭირო შეიქმნა ამდენი მოწამის სისხლის დაღვრა, რათა გამოესყიდათ თავიანთი და ერის ცოდვები. შესაძლოა ითქვას, რომ დღესაც განსაცდელი უდგას საქართველოს. მართალია, მასობრივად სისხლისღვრა არ ხდება, თუმცა, დღეს წამების მეთოდი შეცვლილია.
- ამ დროს მოძღვრის სიტყვა, რჩევა-დარიგება, ალბათ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
- დღეს მოძღვრების როლი სწორედ ის არის, რომ ადამიანებს ჩაუნერგონ რწმენა და იმედი. სასულიერო პირის ვალია, მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანებს აჩვენოს და დაანახოს სწორი გზა. სწორი გზა არის მოთმინება და იმედი. მრევლის უფალთან მიყვანაც მოთმინებითა და იმედით არის შესაძლებელი.
- მამაო, ადრე მითხარით, რომ ყოველი წირვის დაყენებისას ძალიან ნერვიულობთ და წინა ღამეს, თითქმის, არ გძინავთ. ახლა როგორი განცდა გეუფლებათ ლიტურგიის დროს?
- ეს არის უფალთან დგომის ყოველწუთიერი განცდა, რომ შენი ხელით უფალი შეიწირავს უსისხლო მსხვერპლს. ამ დროს წირვის პროცესში იმდენად ვარ ჩართული, ჩემ გარშემო რა ხდება, ვერ ვგრძნობ. უდიდესი პასუხისმგებლობაა, წირვის შემდეგ ადამიანებს ქადაგებით რომ მიმართავ და წმინდა წერილს განუმარტავ. ამ პასუხისმგებლობას განვიცდი და პასუხისმგებლობითვე ვეკიდები.
- მამაო, 6 შვილი გყავთ, მათგან 5 გოგონა. მათთან მიმართებაში როგორი ხართ. თუნდაც, ჩაცმულობასთან დაკავშირებით თუ გახასიათებთ შენიშვნის მიცემა?
- ჩემს შვილებს არანაირად არ ვზღუდავ. მთელ ოჯახს გვყავს ერთი მოძღვარი და ჩემი სიმკაცრე არ არის საჭირო. რამის აკრძალვას, ჯობია, თვითონ თქვან უარი ცუდზე.G
- მამაო, თქვენ წარმოშობით გუდამაყრელი ხართ. იქაურობას თუ სტუმრობთ?
- გუდამაყარში, სოფელ ლუთხუბში მყავს ახლობლები და მათთან ჩავდივარ ხოლმე. ვცდილობ, არ გავწყვიტო კავშირი. ადრე, სანამ ეკლესიურ ცხოვრებას დავიწყებდი, მარიამობას ყოველთვის იქ ვდღესასწაულობდით და საკლავსაც ვწირავდით სალოცავს. ამაში ცუდი არაფერია. ლუთხუბში არის ძველი ბაზილიკის ტიპის ეკლესია, რომელიც აღსადგენია. თავს ვალდებულად ვთვლი, და სურვილიც მაქვს, რომ ღვთის მადლით მონაწილეობა მივიღო მის აღდგენა-განახლებაში.
- სახელი ტიმოთე ვინ დაგარქვათ და ამ წმინდანზე რას იტყვით?
- სახელი უწმინდესმა დამარქვა და თავიდან გამიკვირდა, მაგრამ მერე გავიგე, რომ ჩემი დაბადების დღიდან რამდენიმე დღეში არის ამ წმინდანის ხსენების დღე. ამიტომ, ალბათ, არ არის შემთხვევითი ამ სახელს რომ ვატარებ. წმინდა ტიმოთე იყო პავლე მოციქულის საყვარელი სულიერი შვილი, რომელიც მოწამეობრივად აღესრულა. პავლე მოციქულს მის მიმართ 2 ეპისტოლე აქვს მიძღვნილი.
- რომელიმე წმინდანი გამორჩეულად თუ გიყვართ და რატომ?
- ჩემთვის გამორჩეულია წმინდა გიორგი. მის შეწევნას სულ ვგრძნობ. ჩემი მოქცევაც წმინდა გიორგის ხატს უკავშირდება. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ჩემი მოძღვარი ოჯახებში წმინდა გიორგის ხატს დააბრძანებს. და ერთხელაც, როცა ჩემს მეზობლად ოჯახში მობრძანდა, მეზობელმა მიმიწვია წმინდა გიორგის ხატის მოსალოცად. მივედი და იქ გავიცანი სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, მამა გიორგი (გამრეკელი). იმ დღიდან დაიწყო ეკლესიური ცხოვრებით ჩემი დაინტერესება.
- თქვენი სულიერი მოძღვარი ახლა მიტროპოლიტია და ღვაწლმოსილი სასულიერო პირი გახლავთ, ხშირად ეკითხებით რჩევა-დარიგებას?
- არც ერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მოძღვართან შეთანხმების გარეშე არ ვიღებ.
- მაშინ, როცა ეკლესიურ ცხოვრებას იწყებდით, როდესაც პირველად შეხვდით თქვენს მოძღვარს, თუ იფიქრებდით, რომ ოდესმე თქვენც უფლის სამსახურში ჩადგებოდით?
- ეს ფიქრი მე ეკლესიაში მოსვლამდე მქონდა. ბავშვობაში ვამბობდი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როცა შვილებს გავზრდიდი და ასაკში შევიდოდი, ბერი უნდა გავმხდარიყავი. 
- ასეთი ფიქრი საიდან გქონდათ?
- ჩემს წინაპარს, მამის პაპას სახელად რქმევია ბერა, ბერი. როცა ვიკითხე, სახელი ბერი რას ნიშნავდა, მამამ ამიხსნა და მაშინ გადავწყვიტე, რადგან მამის პაპა არ იყო მნიშვნელობით ბერი, მე გავმხდარიყავი და მისი სახელი გამემართლებინა. ეს ჩემს მოძღვარს რომ გავუმხილე, მითხრა, არავინ ვიცით, ვინ რამდენ ხანს ვიცხოვრებთ და ძალიანაც შორს ნუ გადადებ, ოჯახიდან წასვლა არ არის აუცილებელი, გახდი სასულიერო პირიო.
- მერე ადვილად დათანხმდით?
- თავიდან ვერ დავთანხმდი ადვილად. შინაგანი ბრძოლები დამეწყო, განსაკუთრებით სასულიერო პირის შესამოსელის მიმართ. ასე მეგონა, რომ შესამოსელით ქუჩაში სიარული გამიჭირდებოდა. მაშინ სტიქაროსანიც არ ვიყავი და პირველად რომ სტიქარი ჩავიცვი, ჯერ საკურთხეველში დავდიოდი, გარეთ გამოსვლა მერიდებოდა. მერე ნელ-ნელა შევეჩვიე სტიქარს და სტიქაროსნობიდან 3 წლის შემდეგ დიაკვნად მაკურთხეს. ამ 3 წლის განმავლობაში კი ფსიქოლოგიურად ვემზადებოდი და როგორც კი ჩავიცვი სასულიერო პირის შესამოსელი, ის ჩემი კომპლექსი იქვე დამთავრდა, ქუჩაში გამოსვლა აღარ გამჭირვებია.
- ახლა, უკვე, წლების გამოცდილების შემდეგ, რას იტყვით, ვინ არის სულიერი მოძღვარი?
- მოძღვრობა დიდი პასუხისმგებლობაა და პირველ რიგში, საკუთარი სულის მიმართ. ასევე, ოჯახის წევრების მიმართ. შემდეგ უკვე, პასუხისმგებელია მრევლის წევრთა ცოდვებსა და მოქმედებებზე. მღვდელი უნდა ცდილობდეს, ჯერ თვითონ იყოს უფალთან მართალი, რომ თავისი სული გადაირჩინოს. ესაა ჩემთვის მოძღვარი.
- მამაო, ყველაზე მეტად როდის და რა გიხარიათ?
- ყველაზე მეტად მაშინ მიხარია, როცა ჩემს პატარა ბავშვებს, თუნდაც, დიდებს, სურვილს შევუსრულებ და მათ გახარებულებს ვხედავ. მიხარია, ოჯახთან ერთად, სრული შემადგენლობით, ქალაქგარეთ გასვლა. ასევე, ძალიან მახარებს, როცა ვინმე რამეს მეკითხება და სწორ მიმართულებას ვაძლევ და მერე გახარებულები მადლიერებას გამოხატავენ. ასევე, ძალიან მახარებს ჩემს მოძღვართან, მეუფე იოანესთან (გამრეკელი) საუბარი. ზოგადად, სიხარულს მგვრის გახარებული სახეების დანახვა, რაც, დღეს, სამწუხაროდ, იშვიათია.
- საუბრის ბოლოს, მამა ტიმოთე, დალოცეთ ჩვენი ჟურნალის მკითხველი.
- ღმერთმა დალოცოს ქართველი ერი, საქართველოში მცხოვრები ყველა მართლმადიდებელი და თქვენი ჟურნალის მკითხველი. ახლახანს გიორგობა ვიზეიმეთ, მრავალ დღესასწაულს დაგასწროთ უფალმა, თქვენ და სრულიად საქართველო! ამინ!
ეფემია წიკლაური


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online