asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნინი ბადურაშვილი წმინდა მიწაზე განიკურნა
”მთელი ჩემი ოჯახი მორწმუნეა”
ნინი ბადურაშვილი წმინდა მიწაზე განიკურნა

2011-11-29 00:03:42



როგორც მსახიობმა და მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა საუბრისას აღნიშნა, ეკლესიაში ბავშვობიდანვე დადიოდა. ახლაც, როდესაც მის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება, ეკლესიაში მიდის და უფალს დახმარებას სთხოვს. ნინის ერთი ჩვევაც აქვს, ყოველ დილასა და საღამოს ლოცულობს. ძალიან მოსწონს, ეკლესიას ამდენი მრევლი რომ ჰყავს და ამდენი ადამიანი ჭეშმარიტების გზაზე დგას.
ნინი ბადურაშვილი:
- უცხოეთში, როდესაც გასტროლებზე ვარ, იქ ამდენ მრევლს ვერ ვხედავ. ისინი უფრო სხვანაირად ცხოვრობენ. ძალიან მიხარია, თბილისში რომ ჩამოვალ და ვხედავ, როგორ დადის ჩემი თაობა და ჩემზე პატარა თაობა ეკლესიაში. ჩემში დადებით ემოციას იწვევს ის ფაქტიც, როდესაც საეკლესიო დღესასწაულია, ტელევიზორს ჩავრთავ და ეკლესიაში ამდენ მრევლს ვხედავ.
- ნინი, არა გგონიათ, რომ ზოგიერთი ადამიანი ეკლესიაში მოდის გულისთვის, ან სხვის დასანახად დადის?
- არ მინდა, ვიღაც განვსაჯო, მაგრამ შეიძლება ვიღაცები მართლა სხვის დასანახად დადიან ეკლესიაში. შეიძლება, ერთხელ და ორჯერ სხვის დასანახად მივიდეს ეკლესიაში, მაგრამ მესამედ თავისი სურვილით მივა.
- ეკლესიაში ბავშვობიდანვე დადიოდით?
- კი, ბავშვობიდანვე დავდიოდი, რადგან მთელი ჩემი ოჯახი მორწმუნეა და ეკლესიაში ხშირად დადიოდნენ.
- პატარა ბავშვს სულ სხვანაირი აღქმა აქვს, თქვენ პატარა რომ იყავით, რა განცდა გქონდათ?
- მაშინ მართლაც განსხვავებული და ამაღლებული განცდა მქონდა. ის დღე ჩემთვის განსაკუთრებული იყო, როდესაც ეკლესიაში მივყავდი ოჯახის წევრებს. განსაკუთრებულად მიყვარდა სანთლის დანთება.
- უფრო რომელ ეკლესიაში დადიოდით?
- უფრო სვეტიცხოველში მივდიოდით და თბილისში, ძველი პატარა სამება რომ არის, იქ დავდიოდით. ყველა ადამიანის ცხოვრებაში ხდება და მეც მქონია ისეთი შემთხვევა, ისეთი მომენტი, როდესაც ვნერვიულობ, შეიძლება პატარა დეპრესიაც მქონოდა და მივხვედრილვარ, რომ არაფერი მიშველიდა და ეკლესიაში წავსულვარ. 5-6 წლის წინ, როდესაც ძალიან ცუდად ვიყავი, გადაღებიდან პირდაპირ ეკლესიაში წავედი და როგორც კი ეკლესიაში შევედი, მაშინვე დავმშვიდდი. ძალიან ბევრი რამ გავაანალიზე, ძალიან ბევრი სწორი აზრი მომივიდა. მივხვდი, რომ ეკლესია იყო ჩემი შველა. ჩვენი პატრიარქის დამსახურებაა, რომ ხალხი ეკლესიისკენ მოექცა და ამდენი მრევლი დადის. ადამიანებს ჰგონიათ, რომ მაგრები ვართ და ყველაფერს შევძლებთ, მაგრამ ეს ასე არ არის, ყველაფერი უფლის ნებაა. ადამიანი ეკლესიური უნდა იყოს, რამდენადაც მე ვხვდები, ეკლესიური რომ ვხდები, მით უფრო ადვილად გამომდის ყველაფერი და ღმერთის დახმარებას ვგრძნობ.
- პირველ აღსარებას თუ გაიხსენებთ?
- კი, მაშინ დაახლოებით 12-13 წლის ვიყავი, ძალიან ვნერვიულობდი, ამიტომ დავწერე და ჩემს მოძღვართან მამა მიქაელთან (მამა მიქაელი დიდი ხანია, რაც ჩემი ოჯახის მოძღვარია) მივედი. მამა მიქაელმა ისე კარგად ამიხსნა ყველაფერი და იმდენად კარგად იმოქმედა ამ ყველაფერმა ჩემზე, რომ მერე უფრო მომინდა, აღსარება ხშირად მეთქვა და ზიარება მიმეღო.
- მარხვას თუ იცავთ?
- კი, 13-14 წლის ასაკიდან დავიცავი პირველად მარხვა. თანაც, სულ დიდ მარხვას ვიცავდი. ოთხშაბათი და პარასკევი მარხვას არ ვიცავდი, მაგრამ 4 წლის წინ, ჩემმა დამ - ანასტასიამ გუდაურში ძალიან მძიმე ტრავმა მიიღო, ფაქტობრივად, ექიმებს მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. ამიტომ დედაჩემმა ღმერთს სთხოვა, თუ შვილს გადამირჩენ, ეკლესიური გავხდები და ყოველთვის დავიცავ მარხვასო. მართლაც, სასწაული მოხდა და ანასტასია გადარჩა. ექიმმა დედას უთხრა: მე არაფერ შუაში ვარ, მადლობა ღმერთს უთხარითო. მას შემდეგ ოთხშაბათსა და პარასკევს ყოველთვის ვიცავ მარხვას. დედაჩემიც ასე იქცევა.
- პირველად მარხვის შენახვა არ გიჭირდათ?
- გაჭირვებით არ მიჭირდა, მაგრამ ყველს რომ არ ვჭამდი, ის მიჭირდა, რადგან ყველი ძალიან მიყვარს. დიდი გურმანი არ ვარ, ხორცი არ მიყვარს. ჩემთვის მთავარია, შემწვარი კარტოფილი და ბოსტნეული იყოს. ბევრად უფრო კარგად ვიქცეოდი ადრე, ვიდრე ახლა. ახლა, დიდ მარხვას ხან ვიცავ და ხან - არა. რაც დრო გადის, ცხოვრება მით უფრო რთულდება და ისეთი კარგებიც აღარ ვართ, როგორებიც ბავშვობაში ვიყავით. ვცდილობ, ეკლესიური ვიყო, მაგრამ მაინც ვერ ვახერხებ.
- გამორჩეული წმინდანი თუ გყავთ?
- წმინდა ნიკოლოზი და წმინდა ნინო. რამდენჯერმე შევთხოვე წმინდა ნიკოლოზს რაღაც და ყველაფერი შემისრულდა.
- თუ გქონიათ სურვილი, დედათა მონასტერში რამდენიმე ხნით წასულიყავით და დარჩენილიყავით?
- კი, ამის სურვილი სულ მაქვს, მაგრამ ვერ ვახერხებ. ჩემი მეგობარი თაკო გაჩეჩილაძე ძალიან ხშირად სტუმრობს მონასტერს და მეც გამჩენია სურვილი მას გავყოლოდი, რამდენიმე დღით იქ დავრჩენილიყავი, მაგრამ ვერ მოვახერხე.
- ცხოვრებაში რამე სასწაული თუ გინახავთ?
- პირადად მე, ყოველდღე ვხვდები, რომ უფალი ყველაფერშია. ყოველთვის ვგრძნობ, რომ რაღაცის გაკეთებაში უფალი დამეხმარა და პირიქით, ჩემი საქციელი არ მოეწონა და დამიწუნა. რაც შეეხება სასწაულს, ჩემს ცხოვრებაში არაერთი სასწაული ყოფილა. ჩემმა ახლობლებმა იციან, რომ ყოველთვის მაქვს უცნაური სიზმრები. სამი-ოთხი სიზმარი ხილვასავით მქონდა. ერთხელ, ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც დამესიზმრა, რომ პატარა ოთახში აღმოვჩნდი, სადაც ერთი სანთელი ანათებდა. ანთებული სანთლის წინ ვიდექი და ამ დროს ჩემ წინ ჯვარზე გაკრული ქრისტე გამოისახა. მაშინვე პირჯვარი გადავიწერე და უფალსაც გადავწერე პირჯვარი. დიდი ხანი ვიდექი და მას ვუყურებდი, მერე კი გაქრა. რადგან პატარა ვიყავი, ძალიან შემეშინდა. მეორე სიზმარი ვნახე, ვითომ რაც იესოს გოლგოთას გზაზე შეემთხვა, ყველაფრის მონაწილე ვიყავი.
- იერუსალიმში თუ ყოფილხართ?
- კი. ჩემი აზრით, ყველა მორწმუნე და ყველა ქრისტიანი ერთხელ მაინც უნდა წავიდეს იერუსალიმში და ეს ადგილი ნახოს. განიცადოს ის დიდი ძალა და განცდა, რაც ადამიანს იქ ყოფნის დროს ეუფლება. გოლგოთას გზაზე რომ ავდიოდი, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს იმ სამყაროში გადავედი და ყველაფერი გავითავისე, ყველაფერი შევიგრძენი. როდესაც ჯვარცმის ადგილზე ავედი, იქ იყო დამსკდარი მიწა, რომელიც შუშაში იყო შენახული. ეს ის მიწაა, რომელიც ჯვარცმის შემდეგ დასკდა. ეს მიწა ჩემი თვალით რომ ვნახე, იმდენად იმოქმედა ჩემზე, რომ ძალიან ცუდად გავხდი. საერთოდ, ემოციური ადამიანი ვარ და ყველაფერმა ჩემზე დიდად იმოქმედა. წმინდა მიწასთან დაკავშირებით მართლა სასწაული გადამხდა. გლანდების ოპერაცია მქონდა გასაკეთებელი. საერთოდ, მომღერლები გლანდების ოპერაციას არ იკეთებენ, მაგრამ იმდენად ცუდ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ექიმმა მითხრა, ოპერაცია აუცილებლად უნდა გაიკეთოო. ტკივილები გადასული მქონდა სახსრებზე, ვერ დავდიოდი, გულთან დაკავშირებით პრობლემებიც კი შემექმნა. ამ პერიოდს ისრაელში გასტროლები დაემთხვა. აღდგომის წინა დღეები იყო და ისრაელში გავფრინდი. ჩემთან ერთად იყვნენ: მერაბ სეფაშვილი, ლელა წურწუმია, აჩიკო მეფარიძე. იქ რომ ჩავედით, წმინდა მიწაზეც წავედით. ვინც იქ არის ნამყოფი, მას ეცოდინება, რომ იმ ქვაზე, სადაც უფალი დაასვენეს, მირონი ამოდის. ქვას გაწმინდავ, ისევ სველდება. მართლა რომ სასწაულია. ხალხი იმ ქვასთან მიდის, თავიანთ ნივთებს აწყობენ, რათა განიკურნონ და ლოცულობენ. მეც მივედი იმ ქვასთან და მირონი ყელზე მოვისვი. რამდენიმე ხნის შემდეგ, ვიგრძენი, რომ თავს კარგად ვგრძნობდი. თბილისში რომ ჩამოვედი და ექიმთან მივედი, ანალიზები გავიკეთე, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი განკურნებული მქონდა. მას შემდეგ გლანდებს არც კი შევუწუხებივარ.
- ჩვენს პატრიარქთან თუ გქონიათ შეხვედრა?
- კი, მქონდა. ჩვენს პატრიარქს ორჯერ შევხვდი. პირველად ჩემმა მამაომ წამიყვანა. ჩვენს უწმინდესს დაბადების დღე ჰქონდა და ყველა ულოცავდა, ჩემმა მამაომაც წამიყვანა და დაბადების დღე მივულოცე. მაშინ, დაახლოებით, 14-15 წლის ვიყავი. ამ დიდი პიროვნების წინაშე იმდენად დაბნეული ვიყავი, რომ არც კი ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. მასთან შეხვედრის შემდეგ, ნებისმიერი ადამიანი ბედნიერი გამოდის. მეორედ, მაშინ შევხვდი, როდესაც ანსამბლ "მზიურის" წევრები ჰყავდა მიწვეული. ძალიან მინდოდა მასთან შეხვედრა და მეც წამიყვანეს. ამ შეხვედრის დროს, პატრიარქმა ყველას ხელზე გასაკეთებლები "უფალო შეგვიწყალე" გვაჩუქა, რომელიც დღემდე ხელზე მიკეთია. იმ დღის შემდეგ, ვგრძნობ, რომ ჩემი საქმეები კარგად მიდის.
ლია ოსაძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ნინი ბადურაშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online