| ქალი და მამაკაცი |

საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ჩვენი პატრიარქის რუსეთში ვიზიტზე დიდ იმედებს ამყარებს. შესაძლოა, ჩვენებურებს ამის აღიარება ეძნელებათ, მაგრამ ილია II რუსეთში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. მას პატივს სცემენ და მის სიტყვას ანგარიშს უწევენ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რუსეთი აფხაზეთსა და სამაჩაბლოს დაგვიბრუნებს.
ამასთან, ისიც ფაქტია, რომ რუსეთის საპატრიარქო არც ცხინვალის და არც აფახაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ამის შესახებ განცხადება 2008 წელსვე გაკეთდა. მაშინ რუსეთის პატრიარქი ალექსეი II ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
დაახლოებით, ანალოგიური ტიპის განცხადება გააკეთა პატრიარქმა კირილმა ამ ზაფხულს. რუსეთის პატრიარქი ივლისში ჩვენს უწმინდესს კიევში შეხვდა. შეხვედრის დასასრულს, კირილმა თქვა, რომ რუსეთის საპატრიარქო აფხაზეთსა და სამაჩაბლოს საქართველოს კუთვნილებად მიიჩნევს. ზოგიერთმა რუსმა მიმომხილველმა ეს განცხადება ძალიან მტკივნეულად აღიქვა. მათი ვარაუდით, კირილმა აფხაზეთი გააჩუქა.
სხვა ექსპერტების განმარტებით კი, ეს განცხადება არაფერს ნიშნავდა. და როგორც ჩანს, ექსპერტთა მეორე ნაწილი უფრო მართალი აღმოჩნდა. სიტყვით, რუსული ეკლესია არ აღიარებს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, საქმით კი, სულ სხვა რამეს აკეთებს.
ყველას კარგად გვახსოვს, რა მოხდა ამ გაზაფხულს აფხაზეთში. რუსეთის პატრიარქის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ იქაურ ეკლესიაში სერიოზული განხეთქილება გააჩინა.
ამ დაპირისპირების შესახებ "გუმბათი" უკვე წერდა. აფხაზეთში მონასტერი მას შემდეგ აირია, რაც აფხაზური ეკლესიის წინამძღოლ ბესარიონ აპლიას რეკომენდაციით, რუსეთის პატრიარქმა ახალი ათონის სვიმონ კანანელის მონასტრის წინამძღოლად რუსი ეფრემ ვინოგრადოვი მიავლინა. ამას მონასტერში სიტუაციის დაძაბვა მოჰყვა. არ არის გამორიცხული, კირილის მიერ მივლენილი წინამძღოლი უბრალოდ საბაბად გამოიყენეს. აფხაზურ ეკლესიაში დაპირისპირება გაცილებით დიდი ხნის წინ არის დაწყებული.
აფხაზეთის ეკლესიის წინამძღოლ ბესარიონ აპლიას ახალგაზრდა დოროთეი დბარი და ანდრეი ამპარი უკვე დიდი ხანია, რაც უპირისპირდებიან.
განხეთქილება კი კირილის გადაწყვეტილებას მოჰყვა. ახალგაზრდა მღვდლები იმდენად აღშფოთდნენ, რომ მიტინგიც კი მოაწყვეს, სადაც განაცხადეს, რომ კირილის მიერ მივლინებულს არ მიიღებდნენ. მონასტრის წინამძღოლად კი ახალ ათონში მოღვაწე სასულიერო პირებმა მამა ანდრეი ამპარი აირჩიეს.
აფხაზები აპლიაზე მეტად ამპარსა და დბარს თანაუგრძნობდნენ. ალბათ, იმიტომ, რომ მამა ანდრია და მამა დოროთე ნაციონალისტურ ფრთას წარმოადგენენ. ისინი წირვა-ლოცვას აფხაზურ ენაზე აღავლენენ, ბესარიონ აპლია კი სლავურად ლოცულობს.
აპლიასთან დაპირისპირებულმა ფრთამ რუსეთის პატრიარქს აფხაზური ეკლესიის აღიარება სთხოვა. ამ თხოვნით რუსეთის საპატრიარქოს გაცილებით ადრე მიმართა ბესარიონ აპლიამ. აპლიამ რუსეთისგან უარი მიიღო. მასთან დაპირისპირებულებს კი პასუხიც არ აღირსეს.
აფხაზების ამ მოთხოვნას ქართული ეკლესია მშვიდად შეხვდა. ჩვენმა საპატრიარქომ კარგად იცის, რომ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებლობას ვერავინ აღიარებს. ამაში ღრმად არიან დარწმუნებულები ქართველი ისტორიკოსებიც. ოღონდ არა იმიტომ, რომ ეს რუსეთის კეთილი ნებაა. ეს ის რეალობაა, რომელსაც რუსული ეკლესია ვერ გაექცევა.
- მათ ეკლესიას დამოუკიდებლობას არავინ მიანიჭებს, მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის საკათალიკოსო საუკუნეების განმავლობაში იყო დამოუკიდებელი. მართალია, ის დამოუკიდებელი იყო, მაგრამ მცხეთის ანუ საქართველოს პატრიარქის დაქვემდებარებაში იყო. ეს იყო ავტონომიური ეკლესია. მინდა აფხაზებს გავახსენო ვინ იყვნენ მათი კათალიკოსები. მათი კათალიკოსები, პირველიდან დაწყებული ბოლომდე, იყვნენ ქართველები. ბოლო კათალიკოსი იყო ჩემი მოგვარე აბაშიძე. არც ერთი მათი კათალიკოსი არაქართველი არ ყოფილა. გვარებსაც ჩამოვთვლი: ღოღობერიძე, მაჭუტაძე, ერისთავი, ქვარიანი, აბაშიძე და ასე შემდეგ. ასე რომ, არავის აქვს უფლება, საქართველოს ეკლესიის ნაწილს მიანიჭოს ავტოკეფალია. ამის უფლება მხოლოდ დედა-ეკლესიას აქვს. ეს დედა-ეკლესია არის საქართველოს საპატრიარქო. ჩვენს ეკლესიაში კი ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას და არც არასდროს დადგება. იცოდეს ყველამ, რომ ჩვენი ეკლესიის მცირე ნაწილს ავტოკეფალია არასდროს მიეცემა, - აცხადებს ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე.
აფხაზებს ეკლესიის აღიარების იმედი ამ ზაფხულს ჩაუქრათ. ივლისის თვეში კირილმა საჯაროდ განაცხადა, რომ აფხაზეთის ეკლესიის დამოუკიდებელობას არ აღიარებდა.
ჩვენი ეკლესიის წინამძღოლისა და ხალხის მიმართ კირილს არც ახლა დაუშურებია თბილი სიტყვები.
- ჩვენთვის ყოველთვის უდიდესი სიხარულია მოსკოვში თქვენი ჩამობრძანება, თქვენთან ურთიერთობა - იქნება ეს მოსკოვში თუ კიევში, როგორც ეს ცოტა ხნის წინ მოხდა, რადგან ჩვენ გვაქვს სასაუბრო და ჩვენ ნებისმიერ შეხვედრას უეჭველად კეთილი ნაყოფი მოაქვს, - განაცხადა პატრიარქმა კირილმა ჩვენს უწმინდესთან შეხვედრისას.
მისი აზრით, ასეთი ერთ-ერთი შედეგი, რომელიც ამ შეხვედრებმა უნდა გამოიღოს, არის ის, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მაღალ დონეზე ავიდეს. - ეს არის ორი ერთმორწმუნე ხალხი, მეზობლები, რომლებიც ასწლეულობით ერთად ცხოვრობენ. მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ხალხი სხვადასხვა პოლიტიკურ სისტემას ეკუთვნოდა და იმყოფებოდა სხვადასხვა სახელმწიფოში, ასევე მაშინ, როდესაც ერთ სახელმწიფოში ვცხოვრობდით, თბილი და მეგობრული გრძნობა აერთიანებდათ მართლმადიდებელ რუსებსა და მართლმადიდებელ ქართველებს. ჩვენ ვლოცულობთ და ვიღწვით, რათა ეს სიყვარული კვლავ დაბრუნდეს. გვჯერა, რომ ვერანაირი საგარეო პერიპეტიები ვერ დაანგრევენ ჩვენი ურთიერთობების ფუნდამენტს, რადგან მათ საფუძველს წარმოადგენს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია, - აღნიშნა რუსული ეკლესიის წინამძღოლმა.
უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ორივე ქვეყნის ეკლესიას უდიდესი ტრადიციები და ღრმა ფესვები გააჩნია.
- ეს არის მყარი ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნებისა და მთავრობებისთვის. მათ მაგალითი უნდა აიღონ ჩვენი ეკლესიებისგან. იმედი მაქვს, ის უთანხმოება, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის მოხდა, გადაილახება. ჩვენ კი, პატრიარქებმა და ეკლესიამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მშვიდობამ და კეთილდღეობამ დაისადგუროს. კონფლიქტები, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის იყო, ღია ჭრილობებად რჩება. მათი მკურნალობა აუცილებელია. ვფიქრობ, ამის გაკეთებას მოვახერხებთ, - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ რუსეთის პატრიარქს ძალიან უჭირს ჩვენი უწმინდესის სრული ტიტულით მოხსენიება. კირილსა და რუსეთის საპატრიარქოს სულ ავიწყდებათ, რომ ილია II ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტიცაა. კირილს ეს ამჯერადაც "დაავიწყდა".
ყველას კარგად გვახსოვს, როგორ გადაღებეს რუსებმა ილორის წმინდა გიორგის მონასტერი. ესეც არ იკმარეს და ტაძარს რუსული გუმბათი დაადგეს. ამასთან დაკავშირებით, ჩვენმა საპატრიარქომ და ხელისუფლებამ განგაში ატეხეს. რუსეთის საპატრიარქო თავიდან თითქოს თანახმა იყო, ეს საკითხი ქართველ სპეციალისტებთან ერთად შეესწავლა.
ახლა, როგორც ჩანს, ეს დაპირება დაავიწყდათ და უფრო შორს წასვლა გადაწყვიტეს. ცნობილი ხდება, რომ რუსები აფხაზეთში კიდევ ერთი ქართული მონასტრის გადაღებვას აპირებენ. ამჯერად, ჯერი ბედიის სამონასტრო კომპლექსზე მიდგა.
- მას შემდეგ, რაც რუსმა რესტავრატორებმა სრულიად შეცვალეს ილორის ეკლესიის ხედი და ქართულ ეკლესიას რუსული ელფერი შესძინეს, სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება იგეგმება ბედიის სამონასტრო კომპლექსში, რომელიც მეათე საუკუნის ბოლოსაა აშენებული. აღსანიშნავია, რომ ეს პროცესი, როგორც ილორის ეკლესიასთან დაკავშირებული პროცესით, განხორციელდება საქართველოს ხელისუფლების დაუკითხავად და ქართველ არქიტექტორთა მონაწილეობის გარეშე. სარესტავრაციო სამუშაოებს ჩაატარებს კომპანია ქალაქ ვლადიმირიდან, - აცხადებენ "ექსპერტთა კლუბში".
ბედიის შუასაუკუნეების ნაგებობათა ანსამბლი განთავსებულია აფხაზეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სოფელ ბედიასთან, ქალაქ ტყვარჩელიდან 6 კილომეტრში.
ამ კომპლექსში ყველაზე დიდ ინტერესს წარმოადგენს ბედიის მონასტერი, რომელიც იქნა აგებული ბაგრატ III-ის მიერ ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. ამავე ტაძარში იქნა დაკრძალული ბაგრატ III 1014 წელს.
ამ ტაძრის კუთვნილებაა ოქროს ბარძიმი, რომელიც ამჟამად ინახება თბილისის ხელოვნებათა მუზეუმში. ბარძიმი არ არის მთლიანად შემორჩენილი და მუზეუმში მხოლოდ მისი ზედა ნაწილია დაცული. ზედ გამოტვიფრული წარწერის თანახმად, რომელიც ქართული ასომთავრულითაა შესრულებული, ის გადაეცა ბედიის ტაძარს საჩუქრად ბაგრატ III-ისა და მისი დედის გურანდუხტის მიერ.
ამ ყველაფრის შემდეგ, ძნელია დაიჯერო, რომ რუსეთის საპატრიარქო კრემლისგან დამოუკიდებლად მოქმედებს. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცეებმა ილია II-ს რუსეთის პატრიარქთან შეხვედრა აუკრძალონ. ანდა ამის გამო მას საპროტესტო აქცია მოუწყონ.
როცა პატრიარქი რუსეთში მიდიოდა, ცნობილი არ იყო, შეხვდებოდა თუ არა ის რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს. ასეთი შეხვედრა შედგა. რუსეთის პრეზიდენტი ილია II-ის გარდა, სხვა სასულიერი პირებსაც შეხვდა, რომლებიც ასევე კირილის იუბილეზე იყვნენ მოსკოვში ჩასულნი.
იმ შეხვედრაზე მედვედევმა გულისამაჩუყებელი განცხადებები გააკეთა. ამის გამო ჩვენში მავანს იმედიც მიეცა. მაგრამ იმავე დღეს მედვედევმა სხვა განცხადება გააკეთა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიკავკაზში სამხედროებთან შეხვედრაზე პირველად დაასახელა საქართველოზე 2008 წლის თავდასხმის ერთ-ერთი რეალურ მიზეზთაგანი, განაცხადა რა, რომ ამ ომის შედეგი გახდა ნატოს გაფართოების შეწყვეტა.
- თუ ჩვენ 2008 წელს შევდრკებოდით, უკვე იქნებოდა სულ სხვა გეოპოლიტიკური სურათი, და მთელი რიგი ქვეყნებისა, რომელთა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ხელოვნურად შეთრევასაც ცდილობდნენ, დიდი ალბათობით, უკვე იქ იქნებოდნენ, - თქვა მედვედევმა.
ჩვენი ქვეყნისთვის ეს განცხადება არაფერს ნიშნავს. სამაგიეროდ, ნაციონალები დარჩნენ კმაყოფილები. და ახლა კარგა ხანს ილაპარაკებენ, მედვედევმა აღიარა, ომი ჩვენ დავიწყეთო. არადა, ეს მედვედევს არ უთქვამს.
შორენა მარსაგიშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"დეპრესიის დროს ადამიანი ღირსებას კარგავს"
დღეს თამარობაა
ხსენება წმინდისა ახალმოწამისა გრიგოლ მეხუთისა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისა
კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება












დღეს ამაღლებაა
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება 

დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ცხოვრება წმინდისა მამისა ათანასე დიდისა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ნიკოლოზობას აღნიშნავს
მეუფე იაკობმა უდაბნოს მონასტრის ნიშთან შეკრებილ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა
უდაბნოს მონასტრის ნიშთან პარაკლისი სრულდება
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა
აზერბაიჯანელები გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აღარ ჩანან
მეუფე იაკობი - სასულიერო პირების მიმართ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კორექტულები არიან
პატრიარქის პატარა სტიქაროსანს ორივე ფეხზე პროთეზი უკეთია 






















































































