asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნანკა კალატოზიშვილის საოცარი თავგადასავალი
ნანკა კალატოზიშვილის საოცარი თავგადასავალი

2011-11-29 00:05:39



როცა მუსიკისა და დრამის თეატრი გასტროლებზე უცხოეთში მიემგზავრება, დიდი შანსია, მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სადმე დარჩეთ, მაგრამ დასი და თეატრის ხელმძღვანელი დათო დოიაშვილი (დოი) ამაზე ნაკლებად ნერვიულობენ, რადგან იციან, ნანკა არსად დაიკარგება და, სადაც გინდა დატოვო, გზასაც ადვილად გაიგნებს და დანიშნულების ადგილამდეც თვითონ მიაღწევს. ასე მოხდა ერთხელ გერმანიაში. ამის შესახებ ნანკამ დიდი სიამოვნებით გვიამბო და არც თავისი სხვა სამოგზაურო თავგადასავლები დავიწყებია.
– ნანკა, ბოლოს როდის და სად იყავით გასტროლებზე?
– ბოლოს პოლონეთსა და სომხეთში ვიყავით. ორივეგან ძალიან ციოდა და სასტუმროდან არც კი გამიხედავს. არ მიყვარს ცივი ქვეყნები. მიყვარს, როცა ფეხით დავდივარ, სიცივეში კი ამის სურვილი მიქრება. ადრეც ვარ ნამყოფი ერევანში, საკმაოდ კარგი ჯაზ–კლუბები აქვთ. ისე, შეიძლება გართობა სასტუმროშიც მოახერხო.
– სპექტაკლის შემდეგ როგორ ერთობა დასი უცხო ქალაქში?
– იქაური აგენტები და რეჟისორები აწყობენ წვეულებებს. კლუბური გართობა არ არის, უფრო სოლიდური მიღებები ეწყობა, სადაც სიამოვნებით მივდივართ ხოლმე მსახიობები.
– ყველაზე შთამბეჭდავი მიღება რომელ ქვეყანაში გქონდათ?
– ტალინში იყო ძალიან კარგი მიღება. სხვათა შორის, თაკო ჩხეიძე (ყოფილი მოდელი. – ავტ.) და მისი მეუღლე (რუსლან აბაშიძე, საქართველოს ელჩი ესტონეთში. – ავტ.) იყვნენ იქ. თაკოს მეუღლის მოწყობილი იყო ეს წვეულება. ძალიან კარგი დრო ვატარეთ. დიდი დარბაზი იყო, სადაც ვალსის ცეკვაც შეიძლებოდა. ცოტა მაკლდა, რომ მეცეკვა.
– ძირითადად გასტროლებით დადიხართ საზღვარგარეთ თუ დასასვენებლადაც წასულხართ?
– ძირითადად გასტროლებით დავდივარ. დასასვენებლად თითქმის არასოდეს ვყოფილვარ უცხო ქვეყანაში, რადგან ამის დრო არასოდეს მაქვს, ზაფხულობითაც კი ისეთი რეჟიმია... ჩემი ზაფხული მუდამ ძალიან დატვირთულია.
– მარტოს გიმოგზაურიათ?
– ვარშავაში ტარდებოდა რაღაც კასტინგი, სადაც დამიბარეს და წავედი ერთი დღით. ტომ ჰენკსს შეშურდებოდა, ისეთები დამემართა იქიდან წამოსულს. ორი დღე ვიყავი გზაში და ვერაფრით ჩამოვაღწიე თბილისში. აეროპორტში მივედი, სადაც ორი ტერმინალი იყო. პირველში გამომიცხადეს, თქვენი ბილეთი არ არის და მეორეში მიბრძანდით, იქ გაარკვიეთო. მეორეში რომ მივედი, რა სისულელეა, პირველ ტერმინალში წადითო. ისევ პირველში დავბრუნდი. მითხრეს, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, ავიახაზები იპოვეთო. წავედი ავიახაზებში, იმათაც – ჩვენ არაფერ შუაში ვართო. წამოვედი ისევ მეორე ტერმინალში და ვუთხარი, გიჟები ხომ არ ხართ, რა ხდება, გამაგებინეთ–მეთქი. თან, ტრანზიტული რეისი მქონდა, კიევში უნდა ჩავფრენილიყავი და იქიდან თბილისში წამოვსულიყავი. ორი ბილეთი უნდა მოეცათ. ბოლოს მითხრეს, რა გიყოთ, ერთ ბილეთს მოგცემთ კიევამდეო. ვიფიქრე, ჯანდაბას, წავალ კიევში და იქ რამეს მოვახერხებ, მეორეს იქ ავიღებ–მეთქი.
ჩავფრინდი კიევში. სულ 5 წუთი მქონდა, რომ ყველა პროცედურა გამევლო და თვითმფრინავში ჩავმჯდარიყავი. 6 საათზე თბილისში მელოდნენ. მივედი და იმხელა რიგი დამხვდა... განერვიულებული მოსაწევად გავედი, ვიფიქრე, ცოტას დავწყნარდები–მეთქი. იქ ორი ქართველი ბიჭი ვნახე, რომლებმაც მითხრეს, ცოტა ხანი გავაჩერებთ რეისს და სანამ ჩვენ დროს გავწელავთ, შენ ბილეთი აიღეო. ის ბიჭები იმავე რეისით მოფრინავდნენ თბილისში და სანამ არ ავიდოდნენ თვითმფრინავში, ხომ არ გაფრინდებოდა?! ბოლო–ბოლო მოიკითხავდნენ, სად იყო ორი ადამიანი და ამასობაში დროც გავიდოდა. მივედი რიგთან, მაგრამ რიგი კი არა, კაციშვილი აღარ დამხვდა. სადაც ბილეთი უნდა მოეცათ, აღარავინ იყო, დახურული დამხვდა ყველაფერი. გასასვლელში ქალს მივვარდი, პასპორტი მაქვს, შემიშვით–მეთქი. არა, ასე არ გამოვაო. მოკლედ, მე დავრჩი, თვითმფრინავი კი გაფრინდა.
ამ ქალმა პასპორტი და ტალონი გამომართვა, რითაც გასაფრენი ბილეთი უნდა ამეღო და მითხრა, გავარკვევ შენს ამბავს, აქ დამიცადე, 40 წუთში აქ შევხვდეთო. გავიდა 40 წუთი, 1 საათი, არც ქალი ჩანდა, არც ტალონი და პასპორტიც აღარ მქონდა. ვამბობდი, ტრეფიკინგის მსხვერპლი ვარ–მეთქი. აეროპორტიდანაც ვერ გავდიოდი, რომ დამერეკა ჩემებისთვის, 6 საათისთვის არ დამელოდოთ–მეთქი, რადგან უპასპორტოდ უკან ვეღარ შევიდოდი. ვიღაც ბიჭმა მითხრა, მე დაგეხმარებიო. გამომაცხადებინე მაინც, რომ ის ქალი ვიპოვო–მეთქი. მითხრეს, ვერაფერს გამოგაცხადებინებთ, ასე არ შეიძლებაო. გადავირიე! თითქოს შეთქმულება იყო. წავედი, იქვე ბარში დავჯექი, ავიღე ვისკი და ნერვებს ვიწყნარებდი, სანამ ის ქალი გამოჩნდა ჩემი ბილეთითა და პასპორტით ხელში. ამასობაში უკვე 3 საათი გავიდა. ეს ქალი გახარებული იყო, გეშველა, თბილისში გიშვებთ, ავიახაზების პრობლემა იყო და იმიტომ შეფერხდიო. დამიტოვა ბილეთი და წავიდა. დავხედე და გადავირიე – წერია, კიევი–ვენა–თბილისი, ანუ ჯერ ვენაში უნდა გადავფრენილიყავი და იქიდან – თბილისში.
რას ვიზამდი, წავედი ავსტრიაში. ვიარე იქაურ აეროპორტში, შევედი დუთი ფრიში, რა აღარ ვიყიდე, დრო გამყავდა. საათით და 10 წუთით გადაიდო რეისი. ბოლოს, როგორც იქნა, გამოცხადდა ჩასხდომა. უბედნიერესი ვიყავი. პირველი გავრბოდი, ბიზნესკლასს გავასწარი და რას ვხედავ, კართან ნინო ბურჯანაძე იდგა ყვავილებით ხელში დაცვასთან ერთად. ეტყობა, შეხვედრა ჰქონდათ ვიღაცეებთან, ვინც ბიზნესკლასში იყო, მაგრამ მე ყველას გადავასწარი და პირველი მივედი. ეს რომ დავაფიქსირე, სიცილი ამივარდა. დაცვასაც კი გაეცინა.
– მოგზაურობისას დაბნეული ხართ?
– სხვათა შორის – არა, მაგრამ ერთი ასეთი შემთხვევა მქონდა. გასტროლზე ვიყავით თურქეთში. სტამბულის აეროპორტი უზარმაზარია. მუსკომედიის დასი ადგილზე დარჩა, მე კი ერთი დღით ტრაბზონში უნდა წავსულიყავი და ისევ უკან დავბრუნებულიყავი. ტრაბზონში მარჯანიშვილის თეატრიდან იყვნენ გასტროლებზე და იმ სპექტაკლში მეც ვმონაწილეობდი. სტამბულში სატრანზიტო ამბავი ძალიან რთულია, ბევრი გადაჯდომა–გადმოჯდომაა საჭირო. ჯიბეში მედო ბილეთები და თურმე ამომივარდა. საპასპორტოსთან ვიდექი და თანამშრომელს რაღაცას ვკითხებოდი. უცებ მოვიდა ტიპი და ქალს, რომელსაც ველაპარაკებოდი, უთხრა, ვიღაცამ ბილეთი დაკარგა და ვიპოვეო. უნებურად ბილეთს დავხედე და კალატოზიშვილი ეწერა. გავგიჟდი, ისე გამიხარდა, ჩემი ბილეთი რომ ვიპოვე, თან არც ვიცოდი, დაკარგული თუ მქონდა.
– ხშირად გაქვთ დანაკარგები?
– მოგზაურობის დროს ვკარგავ რაღაც–რაღაცეებს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, მაინც ვპოულობ ხოლმე. იტალიაში, ქალაქ ანდრიაში წავედით გასტროლზე და ბარგი ერთი კვირის მერე დამიბრუნდა. ძირითადად სულ ბარგს ვკარგავ. რატომღაც ჩემი ბარგი არასოდეს არის ადგილზე და თავის დროზე.
– დიდი ჩემოდნით მოგზაურობთ?
– არა, დიდი ბარგით მოგზაურობა არ მიყვარს, ამიტომ ყველანაირად ვამცირებ ჩემს ბარგს, რომ პატარა ჩემოდანი გამოვიდეს. ერთი ჩემოდანი და ერთი ზურგჩანთა ამაქვს თვითმფრინავში, ანუ ბარგს თან ვატარებ.
– რასთან ასოცირდება თქვენთვის სიტყვა "მოგზაურობა"?
– აეროპორტები მახსენდება, რომლებზეც ვგიჟდები. შემიძლია საათობით ვიჯდე აეროპორტში და არ მომბეზრდეს. მიყვარს ბოდიალი, თვალიერება. თავად ქალაქში საშოპინგოდ სიარული არ შემიძლია. თუ ქალაქს ვათვალიერებ, შეიძლება გზად შევიარო და ვიყიდო რაღაც. ძირითადად აეროპორტში ვშოპინგობ ხოლმე, როცა ბოდიალის დრო მაქვს. ამით ვერთობი კიდეც და დროც სწრაფად გადის, თუმცა არაფერს ვაგროვებ, არც სუვენირებს. ასეთი ჰობი არ მაქვს.
– რით იწყებთ უცხო ქვეყნის შეფასებას?
– შენობებით, არქიტექტურით. ამით ვხვდები, მათ როგორი კულტურა და მსოფლმხედველობა აქვთ. იტალიაში ქალაქი ანდრია საოცრებაა. ასეთი ზარმაცი ხალხი არსად მინახავს. მარკეტი დილის 10 საათზე იკეტებოდა და როცა უნდოდათ, მაშინ გახსნიდნენ. ასე იყო ყველა მაღაზია, ვისაც როდის უნდოდა, მაშინ გააღებდა ან საერთოდ არ გააღებდა. წყალი რომ მოგდომებოდა, ვერ იყიდდი. დღის განმავლობაში ქუჩაში არავინ ჩანდა, მარტო მსახიობები დავდიოდით გაოცებულები. არაფერი ხდებოდა ქვეყანაზე. სამაგიეროდ საღამოობით გამოიყრებოდა ხალხი და იწყებოდა ცხოვრება.
– უცხო ადგილას კარგად შეგიძლიათ ორიენტირება თუ შეიძლება დაიკარგოთ?
– არაერთხელ დავკარგულვარ. საფრანგეთში ვიყავი ჩემს ძმასთან. ერთ დღეს რუკა ავიღე და მარტო წავედი საბოდიალოდ. არადა რუკის ინჩიბინჩი არ მესმის. ვერ გეტყვით, რომ საფრანგეთში, იტალიაში ან სხვა რომელიმე არაინგლისურენოვან ქვეყანაში ინგლისური იციან, მაგრამ ერთი რამ დავაფიქსირე – მთავარია, იმ ხალხის დიალექტი, ის დიქცია დაიჭირო, როგორც ისინი საუბრობენ და რა ენაზეც გინდა, იმაზე ელაპარაკე, ყველაფერს გაიგებენ. ამით ძალიან ვერთობოდი. ჯერ იბნეოდნენ და ვერ იგებდნენ, რა ენაზე ვლაპარაკობდი, მერე, როცა თავიანთ დიალექტს მიამსგავსებდნენ, მპასუხობდნენ. მოკლედ, საფრანგეთში ორი დღის ჩასულმა გადავწყვიტე, მეტრო ამეთვისებინა. მერე ვიფიქრე, მეტროში რა მინდა, ფეხით ვივლი და ისე დავათვალიერებ–მეთქი. რუკა კი მეჭირა, მაგრამ დავიკარგე, რომელ ქუჩაზე აღმოვჩნდი, ღმერთმა უწყის, უკან ვეღარ მოვდიოდი. საერთოდ, დაკარგვის არ მეშინია. ბოლო–ბოლო მიხვალ და პოლიციელს სთხოვ დახმარებას, ან სასტუმროს სავიზიტო ბარათი თუ გაქვს, ტაქსში ჩაჯდები, მძღოლს მიაწოდებ და რა პრობლემაა, მიგიყვანს, მაგრამ მიყვარს სირთულეების გადალახვა, თავგადასავლები მიზიდავს, ამიტომ დამოუკიდებლად გადავწყვიტე გამოღწევა და მოვახერხე კიდეც.
იტალიაშიც დავიკარგე ბოდიალ–ბოდიალში. მერე ვიღაც კაცმა გამაჩერა, ეს კრიმინალური უბანია და მალე გაერიდე აქაურობასო. მეც მშვიდობიანად გამოვედი. გერმანიაშიც დავიკარგე. მიუნხენში გვქონდა სპექტაკლი, მაგრამ სხვა ქალაქში ვცხოვრობდით. იმ დღესვე ჩავედით მიუნხენში, ვნახეთ, რომელ თეატრში გვქონდა რეპეტიცია და უკანვე წამოვედით სასტუმროში. მეორე დღეს, როცა ველოსიპედებით ვმოძრაობდით, ერთ–ერთმა მსახიობმა მთხოვა, სასტუმროში გადამიყვანეო. ჩემი ჩანთა სხვა მსახიობებს დავუტოვე მატარებელთან და წავიყვანე. უკან მარტო წამოვედი და მატარებელზე დავაგვიანე. დოის უთქვამს, ეგ არ დაიკარგება, თვითონ ჩამოვაო. დამტოვეს და წავიდნენ, ჩემი ჩანთა კი საფულიანად წაიღეს. ჯიბეში 3 ევრო მქონდა, ვიყიდე მატარებლის ბილეთი, ჩავჯექი და წავედი მიუნხენში. ჩასვლით კი ჩავედი, მაგრამ თეატრის პოვნა ხომ გინდა? ბოლო–ბოლო რაღაც ბილბორდებითა და ჩემეული ნიშნულებით მივაგენი და რეპეტიციასაც მივუსწარი.
იერუსალიმშიც დავიკარგე. რომ ჩავედით, იმ დღესვე ყველანი მაცხოვრის საფლავზე წავედით. ლაბირინთივითაა, უშველებელია და ბევრი შესასვლელი აქვს. ცოტა ხანი გარეთ გამოვედი ჰაერზე და ვუცდიდი, ვინმე გამოსულიყო, რომ უკან შევყოლოდი. ვუცადე, ვუცადე, მაგრამ არავინ გამოვიდა. ამასობაში კაი დრო გავიდა. რამდენიმე კარი აქვს და არ ვიცოდი, რომლიდან შევსულიყავი. იქ გამაფრთხილეს, არაბების თუ სხვა საშიშროებების გამო, ღამე გარეთ მარტო არ დარჩეო, არადა უკვე ბნელდებოდა. მიყრუებულ უკანა გზებზე აღმოვჩნდი, საწყობებში. საშინელებათა ფილმებში რომ ხდება, ზუსტად ისე ვიყავი. ნაგავი ეყარა, ვიღაცეები დადიოდნენ აჩრდილებივით, ძალიან ცუდი შეგრძნება მქონდა. საოცარი სიჩუმე იდგა. ვამბობდი, მადლია, ასეთ წმინდა ადგილზე თუ მომკლავენ–მეთქი. მირეკავდნენ, სად ხარო და ვპასუხობდი, არ ვიცი, სად ვარ, მაგრამ ჯერჯერობით კარგად ვარ–მეთქი. ეგ გამოიგნებს გზასო, თავი დაიმშვიდეს და მართლა გამოვაღწიე, მაგრამ ძალიან ბევრი წვალების შემდეგ. ერთ გამყიდველთან მივედი, მიშველე–მეთქი. ხელით მანიშნა, ჩუმად შემოდიო. შევედი და ჩუმად ამიხსნა, სად იყო გასასვლელი, მერე კი მითხრა, ჩუმად გადიო. დღემდე არ ვიცი, იქ რა ხდებოდა.
– რომელია თქვენთვის საყვარელი ქვეყანა?
– იტალია. ძალიან მიყვარს რომი, სადაც არაერთხელ ვარ ნამყოფი. ქალაქ ანდრიაშიც რამდენჯერმე ვიყავი ფესტივალზე. ფლორენციაში ვიყავი ცოტა ხნით, დავათვალიერე და წამოვედი. იტალია მიყვარს თავისი ტემპერამენტით, კულტურით. ორი კვირის განმავლობაში იმდენი მუზეუმი და ღირსშესანიშნაობა ვნახე, ბოლოს მივხვდი, რომ ამხელა დოზით კულტურაც არ შეიძლება.
– რომელიმე ქვეყნიდან ცუდი შთაბეჭდილებით თუ დაბრუნებულხართ?
– ტრაბზონიდან. ქალაქი კი არა, დიდი ბაზრობაა. იქ სპექტაკლი ვითამაშეთ. სასტუმროდან არც გავსულვარ. წინ მაკდონალდსი იყო, მხოლოდ იქ გადავდიოდი და უკან ვბრუნდებოდი.
– ფრენის გეშინიათ?
– არა, თუმცა მგზავრობა დიდ სიამოვნებას არ მანიჭებს. სამაგიეროდ თვითმფრინავში ჭამაზე ვგიჟდები. ხომ იდიოტური საჭმელია, მაგრამ მე ვგიჟდები იქ ჭამის პროცესზე. ეტყობა, ეს ჩემთვის ყურადღების გადატანის ერთ–ერთი კარგი საშუალებაა. ფრენა არ მაშინებს, მაგრამ დიდხანს ჯდომა მღლის და ცუდად ვხდები. ვერ ვიტან ავტობუსით და მანქანით მოგზაურობას, თვითმფრინავი მირჩევნია. თან, როგორც უკვე გითხარით, აეროპორტებზე ვგიჟდები, კარგ ხასიათზე მაყენებს იქ ყოფნა.
– მოგზაურობის დროს კომფორტის მოყვარული ხართ?
– საშინლად მიყვარს კომფორტი. პრეტენზიას არ ვაყენებ, გინდა თუ არა, ასეთი და ასეთი ხედი მინდა ფანჯრიდან–მეთქი, მაგრამ აბაზანა აუცილებლად კომფორტული უნდა მქონდეს, რომ თავი კარგად ვიგრძნო.
ანა ნოდია


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ნანკა კალატოზიშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online