| ქალი და მამაკაცი |

მოძღვრის ოჯახური ცხოვრება ყოველთვის არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში. "გუმბათის" სტუმრები არიან თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი სანამაშვილი და მისი მეუღლე, ნანა ხარაზიშვილი. მათ ოჯახში 4 ბავშვი - თინათინი, გიორგი, ნინო და გაბრიელი - იზრდება და უკვე მეხუთესაც ელოდებიან.
- გაიხსენეთ თქვენი სიყვარულის ისტორია. სად გაიცანით ერთმანეთი და როდის დაოჯახდით?
მამა გიორგი: - ჩემი შეგნებული სასულიერო ცხოვრება გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაიწყო, სადაც მრევლს წარმოვადგენდი 1993 წლიდან. იქ გავიცანი ნანა, მაშინ ბავშვი იყო და ტაძრის მგალობლებთან გალობას სწავლობდა. მაშინ ჩამოყალიბდა მეგობრობა, მოწონება, სიმპათიები და გაჩნდა რაღაც გრძნობა. ნანას მაშინვე ვუყვარდი.
ნანა: - მე თავიდანვე მიყვარდა. თავდაპირველად, ჩემს მეგობარს უყვარდა, მაგრამ მერე ისე შემოიპარა სიყვარული, ვერც მე და ვერც მან ვერ გავიგეთ.
- რომელი უფრო აქტიურობდით?
ნანა: - აქტიური და თამამი მე ვიყავი. თვითონ ძალიან ჩუმი იყო.
- რატომ, მორცხვობდა?
- არა, უბრალოდ, თავდაჭერილი იყო, მაგრამ მერე ამ ასპარეზზე ისევ თვითონ წამოვიდა.
- მამა გიორგი, როგორ აქტიურობდა ნანა?
- მისვამდა სხვადასხვა კითხვებს, ვითომ აინტერესებდა, ამა თუ იმ მსახურების შესახებ. მეკითხებოდა, გალობის დროს ჩემი ხმა თუ გესმისო და ა.შ.
- თქვენ ხვდებოდით, რომ მოსწონდით?
- რა თქმა უნდა.
- მერე თქვენც შეგიყვარდათ?
- შემდეგში თავისთავად მოვიდა სიყვარული. მივხვდით, რომ ერთმანეთის მიმართ გრძნობა გვქონდა. 5 წელი გვიყვარდა ერთმანეთი. მაშინ მე უკვე არჩეული მქონდა ეს გზა და ხმამაღლა ვამბობდი, რომ მინდოდა, სასულიერო პირი გავმხდარიყავი.
- ნანა, პირველი რომელი გამოუტყდით სიყვარულში?
- საღამოობით ეკლესიიდან სახლში ყოველთვის მაცილებდა და ერთხელაც გზაში მითხრა, მგონი, მიყვარხარო. იცი, მეც-მეთქი, ვუთხარი. ჩვენ თავიდანვე ვგრძნობდით ამ ყველაფერს, სიტყვები აღარც იყო საჭირო. მე 18 წლის ვიყავი, მამაო - 21-ის, ჯვარი რომ დავიწერეთ.
- მამაოს სასულიერო მოღვაწეობა რომ სურდა, თქვენთვის ეს მაშინვე მისაღები იყო?
- როცა ქრისტიანულად იზრდები და შენი აზროვნება ეკლესიაში ყალიბდება, სასულიერო პირის ცოლობა უკვე დიდი პატივია. ჩემთვის მართლაც დიდი პატივი იყო ის, რომ ჩემი შეყვარებული სასულიერო პირობას აპირებდა. ძალიან მიხაროდა ეს ამბავი. ასევე, დედაც ძალიან დიდ პატივს სცემდა მაშინდელ გიორგის. ძალიან მოსწონდა, როგორც პიროვნება. დედა იყო ჩემი მესაიდუმლე. ყველაფერს ვუყვებოდი და მასაც ძალიან მოსწონდა სასიძო, ისევე იყო შეყვარებული, როგორც მე.
მამა გიორგი: - მიუხედავად იმისა, რომ დიპლომი არ მქონდა.
- ნანა, აღნიშნეთ, რომ თქვენთვის სასურველი იყო მღვდელი მეუღლე. მისი ხელდასხმის დღეს თქვენში რა ხდებოდა?
ნანა : - ძალიან მიხაროდა, სასულიერო პირი რომ ხდებოდა. მთელი გულისყურითა და სიხარულით ველოდებოდი მის დიაკვნად კურთხევას. სასიამოვნო შეგრძნება იყო. დიდი მადლი შემოიტანა ოჯახში. კურთხევის წინა ღამეს, როდესაც მან სამების სახელობის საკათედრო ტაძარში გაათენა, არც მე მიძინია. უკვე გვყავდა პირველი შვილი, ის ჯერ 40 დღისაც არ იყო, განწმენდის ლოცვები არ მქონდა წაკითხული, ამიტომ ტაძარში შესვლის უფლება არ მქონდა და მის მღვდლად კურთხევას მე ვერ დავესწარი, რაზედაც გული ძალიან დამწყდა.
მამა გიორგი: - სამაგიეროდ, სიდედრი დაესწრო.
- რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც სასულიერო პირის ოჯახი გახდით?
- უფრო გავიზარდეთ, თუმცა, ჩვენ მანამდეც ისე ვცხოვრობდით, როგორც, დაახლოებით, სასულიერო პირის ოჯახი. რადგან ბავშვობიდანვე ეკლესიურები ვიყავით და დაოჯახების შემდეგაც ქრისტიანულად ვცხოვრობდით, ამიტომ, ამ მხრივ, განსაკუთრებული გარდატეხა არ ყოფილა. თუმცა, იყო ბრძოლები, გარკვეული წინაღობები.
- ეს წინაღობები რა სახის იყო?
მამა გიორგი: - როდესაც მღვდლად მაკურთხეს, ერთ მშვენიერ დღეს, ნანა ვერ შეეგუა იმას, რომ ჩემს სიახლოვეს იყო მრევლი. განიცდიდა, სახლში გვიან რომ მიწევდა მისვლა და მეტ დროს მრევლთან ვატარებდი. ამან მასში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია, მიუხედავად იმისა, რომ უკვე გვყავდა შვილები და ოჯახის მძიმე, მაგრამ მადლიანი ტვირთი მას აწვა მხრებზე, მასაც სურდა თვითრეალიზაცია, რომ ამ მდგომარეობიდან გამოსულიყო. არ მუშაობდა. მას მუსიკალური განათლება აქვს და ჰქონდა სურვილი, თავისი პროფესიით ემუშავა.
- ნანა, მართლა ასე იყო?
- კი, როცა მომაკლდა ის ყურადღება, რასაც ის ჩემდამი ყოველთვის იჩენდა, ვიფიქრე, რომ ეს ადამიანი დავკარგე. ცოტა ეგოიზმმა, სიბრაზემაც იმატა ჩემში.
- და როგორ იქცეოდით? როგორ გამოხატავდით ამ უკმაყოფილებას?
- ვსაყვედურობდი, კვირაში ერთი დღე არ ველაპარაკებოდი.
მამა გიორგი: - ახასიათებდა სხვადასხვა გამოვლინებები, მაგრამ, ღმრთის მადლით, ეს მდგომარეობა მე დავაბალანსე. ყველა უკმაყოფილება დაიძლია.
- ნანა, ეჭვიანობის მომენტებიც ხომ არ გქონდათ?
- ერის ადამიანებს რომ აქვთ ეჭვიანობის მომენტები, ისეთი არ მქონდა. უბრალოდ, მეგონა, რომ, როგორც პიროვნება, სხვა უფრო მეტად უყვარდა, ვიდრე მე.
- ახლა როგორ გამოხატავს სიყვარულს?
- იშვიათად აქვს ასეთი გამონათებები, რომ განსაკუთრებულად გამოავლინოს სიყვარული. არ ავიწყდება ჩემი დაბადების დღე, ქორწინების დღე. 8 თებერვალს ქორწინებიდან 9 წელი შეგვისრულდა და იები მომიტანა, რითაც ძალიან გამახარა.
- მამა გიორგი მკაცრი და ფიცხი ბუნებითაა ცნობილი. ოჯახში როდის ავლენს ასეთ ხასიათს?
ნანა: - თუ ოჯახში რაიმე წესრიგში არ არის, ან რაღაცას დაიბარებს და ის არ დახვდება გაკეთებული. არ უყვარს სახლში დაბრუნებულს, საკუთარი ნივთები გადაადგილებული რომ ხვდება.
მამა გიორგი: - მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო აკადემიის მე-3 კურსზე ვსწავლობ, სიბეჯითით არ გამოვირჩევი, ამიტომ მინდა, სადაც და რა მდგომარეობაშიც დავტოვებ ჩემს კონსპექტებს, იმავე მდგომარეობაში დამხვდეს, რათა მერე უცებ გადავიკითხო. ყველაფერი ჩემებურად მაქვს ჩანიშნული. მაგრამ როცა ჩემი დატოვებული კონსპექტებიდან ერთი ერთ თაროზე მხვდება, მეორე - მეორეზე - ნანა დაალაგებს, ან ბავშვებმა იციან ხელის ხლება - ამაზე ძალიან დიდი გართულება მაქვს. არ მსიამოვნებს, როცა ჩემს პირად ნივთებს, თუნდაც საათს, ტელეფონს ეხებიან. მინდა, რომ არ იყოს გადაადგილებული, თუნდაც მეუღლისა და შვილების მიერ. ამას ვითხოვ.
- რაზე კამათობთ?
ნანა: - ძირითადად, ბავშვების გამო ვკამათობთ და ძალიან ხშირად მათ ტანსაცმელზე. მე რაც მომწონს, მამაოს ის არ მოსწონს ხოლმე.
მამა გიორგი: - როცა ნანა იწყებდა მუშაობას, მაშინ გვქონდა პატარა კამათი. მე ყოველთვის მერჩივნა, მეუღლე ოჯახის დიასახლისი ყოფილიყო სახლში, მით უმეტეს, როცა გვყავს ოთხი შვილი, მოხუცი ბებია, დედა. ყველას თავისებური მიხედვა სჭირდება. ამავე დროს, ბუნებრივია, ოჯახში ყველაფერი წესრიგში უნდა იყოს. თუმცა, ნანამ დამარწმუნა, რომ ოჯახს არაფერი დააკლდებოდა. მე მას დავუთმე. ახლა, ვაკვირდები და ჯერჯერობით, ძალიან კარგად ართმევს თავს სამსახურსაც და ოჯახსაც. ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ ქალი სამსახურში იდეალურია მაშინ, როდესაც სახლში არ აქვს წესრიგი.
ნანა: - 3-4 თვეა, რაც მუშაობა დავიწყე. ყოველთვის მინდოდა, საკუთარი თავი მეპოვა, საკუთარ შესაძლებლობებში დავრწმუნებულიყავი, რომ მე რაღაც საქმის კეთება შემეძლო და ტყუილად არ მაქვს აღებული დიპლომი. შესაძლოა, ერთი წელი გავიდეს და როდესაც მივხვდები იმას, რომ მე შემიძლია რაღაცის კეთება, სამსახურისკენ აღარც გავიხედო, მაგრამ ახლა ეს ძალიან მჭირდებოდა. 72-ე საჯარო სკოლაში მუსიკას ვასწავლი, შეთავსებით მაქვს ხელოვნების საათები.
- როგორც მამაომ აღნიშნა, ოჯახსა და სამსახურს ადვილად უთავსებთ.
- მუშაობას ვერ შევძლებდი, რომ არ მყავდეს დედამთილი და ბებია. მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. სახლში რომ მოვდივარ, ყველაფერი გაკეთებული მხვდება. სადილის გაკეთება და სახლის დალაგება მე არ მიწევს.
მამა გიორგი: - მიუხედავად იმისა, რომ ნანას ეხერხება და ძალიან კარგ სადილებს ამზადებს, მაინც, ერთგვარად, დათვურ სამსახურს უწევენ დედა და ბებია. ბებია იანვარში 90 წლის გახდა, ისევ კარგად არის, ძალიან ჯანმრთელია და მისთვის სულ ვლოცულობ, როგორც ჩემს გამზრდელსა და ჩემთვის ძალიან დიდ პიროვნებაზე, ღმერთმა აცოცხლოს 100 წელიწადს.
- ნანა, მამაოს თუ სახლში სადილი გამზადებული არ დახვდება, გაბრაზდება?
- ძალიან. არ ვიცი, რა მოხდება მაშინ.
- თვითონ ეხერხება რამის მომზადება?
ნანა: - კი და თან, ჩემი და მამაოს მომზადებული სადილები რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მისი უფრო გემრიელია.
მამა გიორგი: - ჩემს ოჯახში ხშირია მოძღვრების სტუმრობა. მამები ოჯახებითაც მოდიან და ერთად ვტრაპეზობთ. ზოგჯერ მინდა ხოლმე, რომ მათ ჩემი მომზადებული და საყვარელი კერძი მივართვა.
- რომელია თქვენი საყვარელი კერძი?
- მიუხედავად იმისა, რომ რაჭველი არ ვარ, ჩემი საყვარელი კერძი რაჭული ლობიო გახლავთ, რომელსაც ძალიან გემრიელად ვამზადებ ნიგვზით.
- ალბათ, სხვა მადლი აქვს სასულიერო პირის მიერ მომზადებულ კერძს.
- წმინდა მამათა ცხოვრებიდან გავიხსენებ ერთ ისტორიას. ბერი ამზადებს ძალიან გემრიელ საჭმელს და ეკითხებიან, ამ საჭმელში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავთ, მაგრამ გემრიელია და როგორ ამზადებო. ბერმა უპასუხა, საჭმლის მომზადებისას იესოს ლოცვას ვლოცულობო. შესაძლოა, მე არ ვლოცულობდე კერძის მომზადებისას, მაგრამ მაინც გემრიელი გამოდის. ალბათ მადლიანია და იმიტომ.
- ნანა, მამა გიორგი საოჯახო საქმეებში თუ გეხმარებათ, მაგალითად, ბაზარში, საყიდლებზე თუ მიდის?
- მე საყიდლებზე თითქმის არასდროს დავდივარ. მამაო ძალიან მოწესრიგებულია. ყველაფერს ასწრებს და ხარისხიანად აკეთებს. ბავშვების გაზრდაშიც ძალიან მეხმარება. შეუძლია ბაღში გაასეირნოს. ბავშვებს არ დაიტოვებს, მაგრამ როცა ჩემთან ერთად არის, ყოველთვის მეხმარება. კონცერტებს ვაწყობთ, ასწავლის, აძინებს. საღამო ხანს იცის, რომ მე სხვა საქმეებით უნდა დავკავდე და ის პატარა გაბრიელს აძინებს.
- ბავშვების ტანსაცმელზე ვკამათობთო, აღნიშნეთ. თქვენს ჩაცმულობასაც, ალბათ, მკაცრად აკონტროლებს.
- ყველა მამაკაცს სიამოვნებს, როდესაც ცოლი მოწესრიგებულია, მაგრამ ერთი რამ უნდა აღვნიშნო, რაც მისი მეუღლე ვარ, ჩემი გემოვნებით არ ჩამიცვამს. ყველაფერს თავისი გემოვნებით ყიდულობს და, რაც თვითონ მოსწონს, იმას მაცმევს.
- ბავშვებთანაც მკაცრია?
- შვილებთან თანაბრად ანაწილებს სიმკაცრესა და მომთხოვნელობას. მათ მიმართ სიმკაცრის გამოჩენა, ძირითადად, სწავლასთან დაკავშირებით უწევს. ისე, მეგობრული და ძალიან თბილია.
- ოჯახში ერთად ლოცულობთ?
- ერთად ლოცვას მამაო, ბავშვები და დედამთილი უფრო ახერხებენ. მე გვიან ვწვები. ბავშვები რომ დაიძინებენ, მხოლოდ მაშინ ვაკეთებ საოჯახო საქმეებს და ამიტომ ყოველთვის მარტოს მიწევს ლოცვა.
- მამა გიორგი, ბავშვებს თქვენ სთხოვთ, რომ ილოცონ?
- ჯერ ორი წლისანი იყვნენ უფროსი ბავშვები, თინათინი და გიორგი, "მამაო ჩვენოს" რომ ტიტინებდნენ, ანუ ამბობდნენ იმას, რასაც ისმენდნენ, ბუნებრივია, მშობლებისგან. ლოცვები მათთვის ჩვენ ასე დაზეპირებით არ გვისწავლებია. როდესაც ვხედავდით, რომ სურდათ, ლოცვა ეთქვათ, ჩვენც ხელს ვუწყობდით და ვათქმევინებდით ხოლმე. ახლა უკვე გამართულად იციან თავიანთი მფარველი წმინდანების ტროპარები. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტროპარი. ვაკვირდები ბავშვებს, ხანდახან არის შემთხვევები, როდესაც ზერელედ ამბობენ ამ ლოცვებს, ვთქვათ, ხელში სათამაშო უკავიათ და ამ დროს ღვთისმშობლის ტროპარს იმეორებენ, მაშინ მე ვეუბნები, 2 წუთი დაუთმონ ლოცვას ისე, რომ ხელში სათამაშო არ ეკავოთ და თამაშზე არ ფიქრობდნენ.
- ნანა, მამა გიორგის, როგორც სასულიერო პირს, რჩევებს აძლევთ?
- მე მის მსახურებაში არ ვერევი.
მამა გიორგი: - რა შენიშვნასაც იძლევა, ისაა, რომ უნდა მქონდეს გრძელი თმა და წვერი.
- რასაც თქვენ არ უსრულებთ, რატომ?
- არ ვიცი, ეს ჩემი სტილია ალბათ.
- ნანა, მამაოს მრევლთან თუ მეგობრობთ?
- მამაოს მრევლთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მას ჰყავს ძალიან კარგი სტუდენტი გოგოები მრევლში. რამდენიმესთან ვმეგობრობ, ყველასთან ვერ ვახერხებ კონტაქტს.
- რა თვისებები გხიბლავთ ერთმანეთში?
მამა გიორგი: - ნანა ძალიან დამყოლი ბუნებისაა, მორჩილება გააჩნია. აქვს მოსმენის კულტურა. შეუძლია გაიგოს ის, რაც მართებულია და სიმართლისკენ წამოვიდეს და დაგეთანხმოს, მაგრამ არა იმიტომ, რომ მის მეუღლეს უნდა ეს. ასევე, ნანა არის იდეალური დედა და რატომ? გარკვეული პრობლემების გამო, ჩვენ თბილისიდან რუსთავში მოგვიწია საცხოვრებლად გადასვლა და, მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ჩვენი სახლის წინ 10 ნაბიჯზე არის, მას ყოველდღე რუსთავიდან თბილისის 72-ე სკოლაში დაჰყავს ორი ბავშვი, რადგან იქ ძალიან კარგი დირექტორი და პედაგოგები არიან. ეს ძალიან დიდი ტვირთია, მაგრამ ახერხებს.
- ნანა, თქვენ რა მოგწონთ მამა გიორგის ხასიათიდან?
- მასში მომწონს ის მტკიცე ხასიათი და ძლიერი ბუნება, რაც მამაკაცში ყველა ქალს იზიდავს. როგორც ყავარჯენზე, მასზე ისე ვარ დაყრდნობილი, მთლიანად მას ვარ მინდობილი და ეს მაძლიერებს. მისი ფიცხი ხასიათი, ხანდახან რომ გაბრაზდება ხოლმე, ძალიან მთრგუნავს, მაგრამ სხვა დანარჩენი იმდენად დადებითი აქვს, თითქმის ნაკლს ვერ ვუძებნი. ძალიან ბევრი კარგი თვისება აქვს.
- მაინც, რით არის გამორჩეული მოძღვრის მეუღლეობა, მისი ოჯახის დიასახლისობა?
- მოძღვრის მეუღლეს განსაკუთრებული ყურადღება მართებს თითოეულ სიტყვაზე, ქმედებაზე. ყოველთვის უნდა დაფიქრდე, რადგან ათასი თვალი გიყურებს და ათასი ყური გისმენს. ყოველთვის სწორად უნდა იქცეოდეს მოძღვრის ცოლი. მას თითქოს შეცდომის უფლება არა აქვს.
- როგორც ვგრძნობ, თქვენს ოჯახში იერარქიულობა მკაცრადაა დაცული.
მამა გიორგი: - ჩემს მეუღლეს გასიგრძეგანებული აქვს ეფესელთა მიმართ ეპისტოლე, რომელიც ჯვრისწერისას ითქმება, - ქმარი თავია ცოლისა, ვითარცა თავი არს ქრისტე ეკლესიისა და ეშინოდეს ცოლსა ქმრისა, ანუ ეშინოდეს არა მონურად, არამედ ეშინოდეს იმისთვის, რომ ის თავი არ დაკარგოს, რა თავიც ოჯახში მამაკაცია და არ დაირღვეს ის იერარქიული კორპუსი. უფალმა იერარქიულობისთვისაც მოუწოდა თითოეულ ოჯახს, ვინაიდან ოჯახი პატარა ეკლესია გახლავთ.
ყველა ოჯახს ვუსურვებ ჯანსაღ იერარქიას. მათ უნდა იცოდნენ, რა ზღვარია მონობასა და მორჩილებას შორის. მორჩილება გახლავთ ნებაყოფლობითი მდგომარეობა. ოჯახის ყველა წევრი უნდა ემორჩილებოდეს ოჯახის თავს, მისგან თავიდან იღებდნენ საზრდოს. ოჯახის თავი მეტი პასუხისმგებლობის ქვეშ არის, ვინაიდან მას შეცდომის უფლება არ აქვს, მან უნდა იცოდეს, რა არის მისი საკეთებელი. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ მოძღვრის ოჯახს, არამედ ნებისმიერ მამაკაცს, რომელსაც ვალდებულება აქვს აღებული ოჯახის მართვაზე. ხშირად ამბობენ, ოჯახი ქალის სახეაო, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მამაკაცის სახეა, როგორ სიმაღლეზეც დგას მამაკაცი, რა შინაგანი სამყაროც აქვს მას, ის ყველაფერი აისახება ოჯახზე. ოჯახი მამაკაცის სულის მდგომარეობის წმინდა სარკეა.
ნანა: - გათავისებული მაქვს და ვიცი, როგორ უნდა მოვიქცე მეუღლესთან. მის წინ არასდროს ვხტივარ. ყოველთვის ჩუმად ვარ მაშინ, როდესაც ჩემი საუბარი საჭირო არ არის. მას არ უყვარს, მეუღლე რომ საუბრობს იმ დროს, როცა მას არ ეკუთვნის. მნიშვნელოვან საკითხებზე გვეკითხება აზრს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას თვითონ იღებს.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?
- მამაოს თავისუფალ დროს ოჯახთან ერთად ყოფნა უყვარს, ოჯახში ფუსფუსი. ხან ჩაგვსვამს მანქანაში და ბუნებას მოგვატარებს, ან ბაღში ვაწყობთ პიკნიკს.
- მამა გიორგი, ცოტა ზედმეტად არასდროს დაგილევიათ?
- მე გაგახსენებთ დავით მეფსალმუნის სიტყვებს, რომელიც ამბობს, ღვინო ახარებს გულსა კაცისასა. მაგრამ მე იქვე მახსენდება პავლე მოციქულის სიტყვები, ნუ დაითვრებით ღვინით, რომლითა არს სიბილწე. წმინდა მამათა ამ აზრებს შორის არის ძალიან მტკიცე სხვაობა და ოქროს შუალედი დაცული, რასაც ვფიქრობ, უნდა იცავდეს ყველა მამაკაცი.
- ყველა ოჯახს გამოუვლია კრიტიკული პერიოდები, როდესაც მეუღლეებს შორის თავს იჩენს ერთგვარი გაუგებრობა, ურთიერთობების დაძაბვა, საეკლესიო ტერმინით - განსაცდელი. ალბათ, თქვენს თანაცხოვრებაშიც ყოფილა ასეთი შემთხვევები. ამის შესახებ დასაწყისში აღნიშნეთ კიდეც. როგორ უნდა გადაიტანონ მეუღლეებმა განსაცდელი?
- დიახ, არის ხოლმე მომენტები, როცა გგონია, რაღაცას ვერ გიგებს მეუღლე, ეს გაზრდის პროცესია და ნებისმიერ ადამიანურ ურთიერთობაში ბუნებრივია. როცა ორი ადამიანი ერთ უღელს ეწევით და რაღაცაში ვერ მოგყვება მეორე, ამ დროს რაღაც უნდა ასწავლო მას, თუნდაც ეს ხმამაღლა იყოს ნათქვამი. უღელს თანაბარი უფლებით, თანაბარი სიმძიმით, თანაბარი ნაბიჯებითა და მდგომარეობით უნდა ვეწეოდეთ.
რა თქმა უნდა, ჩვენს ცხოვრებაშიც ყოფილა განსაცდელი, მაგრამ ჩვენი გონიერება იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენს განსაცდელში არ დავრჩენილვართ და იქიდან გამოვედით. განსაცდელი ერთგვარად კარგიც არის იმისათვის, რომ ადამიანი სულიერად გაიზარდოს, წინ წაიწიოს, გამოიწრთოს. მოვუწოდებ ყოველ ადამიანს, რომ განსაცდელში არ დარჩენილიყოს, შეეძლოს იქიდან გამოსვლა, ლოცვით, სინანულით, მოძღვრის რჩევით.
- თქვენ ხელმძღვანელობთ მოძღვრის რჩევებით?
- ჩემი მოძღვარია პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. ნანაც აღმსარებელია, მისი მოძღვარი ქვაშვეთის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი გეთიაშვილი გახლავთ, რომელსაც მე ძალიან ვაფასებ, ჩემთვის ის დიდი ადამიანია. რა თქმა უნდა, მათი რჩევებით ჩვენ ყოველთვის ვხელმძღვანელობთ.
ნანა: - რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობაშიც ყოფილა კრიტიკული პერიოდი, მაგრამ ძლიერი ხასიათი მაინც ყოველთვის მამაოს გამოუჩენია. ისევ თვითონ ახერხებდა ჩემ გვერდით ყოფნას, საუბარს, სწავლებას. ეს იყო მაშინ, როცა ის ახალი ნაკურთხი იყო მღვდლად.
- მამა გიორგი, ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებით ყოველთვის არის აზრთა სხვადასხვაობა. ამბობენ, წლების განმავლობაში, პირვანდელი სიყვარული ხუნდება, ან მას ყოფითი პრობლემები ფარავს. ამის შესახებ რას იტყვით და რას უსურვებთ ახალგაზრდა ოჯახებს?
- სიყვარული არ არის მხოლოდ გარეგნული, ვიზუალური სიყვარული. მას არაფერი ახუნებს, არამედ ყოველთვის განახლება ხდება. დღესდღეობით, მე და ჩემი მეუღლე, როგორც ერთი სისხლი და ხორცი, ისე ვართ. წლების განმავლობაში ეს შერწყმა უფრო მოხდა. მადლობა უფალს, დაიხვეწა, ჩამოყალიბდა და იმედია, კიდევ მეტად დაიხვეწება ჩვენი ურთიერთობა. ერთი შემართება გვაქვს, გავწიოთ ოჯახის ის უღელი, რასაც შვილების სწორად აღზრდა ჰქვია, რომ სხვამ ის არ თქვას, მოძღვარს თავისი ოჯახისთვის ვერ მოუვლია და ჩვენ რანაირად უნდა მოგვხედოსო.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული ცხოვრების რეჟიმი გვაქვს, ოჯახურ საზრუნავს მაინც კარგად ვართმევთ თავს და გვიხარია ჩვენი ცხოვრების წესი. ყველა ოჯახს ვუსურვებდი, მადლსა და სიყვარულს არ მოკლებოდნენ, მეტად შეთვისებოდნენ ერთმანეთს, ერთმანეთის მიმართ მეტი სიყვარული გამოემჟღავნებინოთ. ნუ დაეზარებათ ერთმანეთისთვის თუნდაც ამ სიტყვების თქმა: მე შენ მიყვარხარ!
ნანა: - ყოფითი პრობლემები არ ახუნებს სიყვარულს, ის ყოველთვის რჩება. ჩემი აზრით, წლების შემდეგ უფრო საინტერესო ხდება ეს ურთიერთობა. ახლა უფრო ლამაზია სიყვარული, როცა შვილები გვყავს.
დღეს ხშირად ინგრევა ოჯახები. ძალიან ხშირია ისეთი ოჯახები, სადაც ცოლი საუბრობს ქმრის მაგივრად, ქმარი არის უმუშევრობისგან თავდახრილი, ასე არ უნდა იყოს. ოჯახში თუ ყოველი წევრი თავის ადგილს დაიკავებს, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. უფრო მყარი, მშვიდი, ჯანსაღი, ლამაზი და უფლისთვის მისაღები ოჯახი იქნება.
ეფემია წიკლაური

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"დეპრესიის დროს ადამიანი ღირსებას კარგავს"
დღეს თამარობაა
ხსენება წმინდისა ახალმოწამისა გრიგოლ მეხუთისა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისა
კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება












დღეს ამაღლებაა
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება 

დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ცხოვრება წმინდისა მამისა ათანასე დიდისა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ნიკოლოზობას აღნიშნავს
მეუფე იაკობმა უდაბნოს მონასტრის ნიშთან შეკრებილ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა
უდაბნოს მონასტრის ნიშთან პარაკლისი სრულდება
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა
აზერბაიჯანელები გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აღარ ჩანან
მეუფე იაკობი - სასულიერო პირების მიმართ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კორექტულები არიან
პატრიარქის პატარა სტიქაროსანს ორივე ფეხზე პროთეზი უკეთია 











































