asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

როცა გვწამს მისი, მაშინ გვისმენს კიდეც უფალი
სადღესასწაულო სახარების განმარტება
როცა გვწამს მისი, მაშინ გვისმენს კიდეც უფალი

2012-02-19 00:35:29



მოციქული ტიმოთე
სადღესასწაულო სახარებას განმარტავს პროტოდიაკონი, მამა მირიანი (სხირტლაძე)
ლუკას სახარება თავი 10, 1–15 მუხლები.
მოციქული, რომლის ეპისტოლეებიც ამშვენებს საღვთო წერილს, წმინდა პავლე მოციქულის ერთ–ერთი უსაყვარლესი მოწაფეა. მოციქული ტიმოთე დაიბადა ქალაქ ლისტრაში, ლიკაონიის გუბერნიაში. ლიკაონია მდებარეობს კილიკიასა და გალატიას შორის. სამწუხაროდ, ეს ტერიტორიები არაქრისტიანთა ხელშია დროებით და თურქეთის ტერიტორიაზეა.
ტიმოთეს მშობლები წარმართები იყვნენ, მამა – ბერძენი, დედა კი იუდეველი. საბედნიეროდ, დედა ტიმოთეს დაბადებიდან მალევე გაქრისტიანებულა და მონათლულა, რამაც განაპირობა პატარა ტიმოთეს ქრისტიანობის სიყვარული. მამის სახელი უცნობია სამწუხაროდ, დედას კი ერქვა ევნიკი. აგრეთვე აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ ტიმოთეს აღზრდაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მის აგრეთვე ქრისტიან ბებიას, ლოიდას.
ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ტიმოთე მოციქულ პავლეს დაემოწაფა და თითქმის ყველგან თან დაჰყვებოდა, სადაც კი მოძღვარი მიემგზავრებოდა. ამ ყველაფერმა უდიდესი გამოცდილება შესძინა ახალგაზრდა ტიმოთეს და გადაწყვიტა, თავისი უსაყვარლესი მოძღვრისთვის ეს უმძიმესი ტვირთი შეემსუბუქებინა და თვითონ მიეტანა წარმართ ხალხებთან ღვთის სიტყვა, წმინდა წერილი განკაცებული ღმერთის, იესო ქრისტეს შესახებ.
ეფესოს ეკლესიის დაარსებაში პავლე მოციქულის ყველაზე დიდი დასაყრდენი წარმართებთან წინააღმდეგობაში სწორედ მოციქული ტიმოთე იყო. ის თავის სწავლებებში ყურადღებას ამახვილებს ქრისტიანების მხრიდან მოხუცების, ბავშვებისა და არაქრისტიანებისადმი დამოკიდებულებაზე. მოციქული პავლე ტიმოთეს მიმართ მიწერილ მეორე ეპისტოლეში განსაკუთრებულ ნდობას უცხადებს თავის საყვარელ მოწაფეს, ის საუბრობს მასთან თავის უკანასკნელ დღეებზე, აგრეთვე ათანხმებს მახარებელ მარკოზთან შეხვედრას და მათ მიერ დაარსებული ქრისტიანული სამრევლოების მოვლა–პატრონობის საკითხს.
ასევე საყურადღებოა ტიმოთეს, როგორც მოციქულის ახლო ურთიერთობა მოციქულ და მახარებელ იოანე ღვთისმეტყველთან, როცა იოანე მახარებელი ექსორიაქმნილ იქმნა იმპერატორ დომეტიანოსის მიერ კუნძულ პატმოსზე. მოციქული ტიმოთე ამ დროს უკვე ეფესოს ეპისკოპოსი იყო და უდიდესი თავდადებით ემსახურებოდა საკუთარი მოძღვრის, მოციქულ პავლეს მიერ დაარსებულ ეკლესიას.
ერთხელაც წმინდანმა ნახა, რომ საკუთარ ეპარქიაში, ეფესოში წარმართებმა ლხინი გამართეს. დაინტერესდა და მივიდა. უნდოდა, ენახა, თუ რას ნიშნავდა ეს. ღრეობას უფრო ჰგავდა მათი საქციელი შორიდან, ვიდრე რამე დღესასწაულს. აღმოჩნდა, რომ წარმართები ეფესოში "კატაღოღიონის" დღესასწაულს აღნიშნავდნენ, რაც ნიშნავს შენს წარმომავლობას, შენს ფესვებს. დასკვნა აქედან, რომ ეფესოში მცხოვრები ბერძენი წარმართი ემიგრანტები ეთაყვანებოდნენ თავიანთ ცრუ ღმერთ დიონისეს, რომელიც მოსავლის, კერძოდ კი, ღვინის ღმერთად მოიაზრებოდა და მსხვერპლს სწირავდნენ, როკავდნენ მისი კერპის გარშემო.
ამის მნახველმა წმინდა ტიმოთემ ვეღარ მოითმინა. მასში გაიღვიძა ღვთიურმა მოშურნეობამ, რადგან, მათი საქციელიდან გამომდინარე, ძნელი შესამჩნევი იყო, ვინ ქალი იყო და ვინ კაცი. წმინდანი არავის მორიდებია, ისე მოჰყვა ცრუ ღმერთის შეურაცხყოფას, მის უარყოფას და ხალხის შეგონებას, რომ მათი საქციელი ღვთის გმობა იყო და არა ღვთის დიდება.
შეკრებილმა ბრბომ საკუთარ შეურაცხყოფად მიიღო წმინდანის შეგონება და გავეშებულები ეძგერნენ, რათა გასწორებოდნენ მათი ეგრეთ წოდებული ღმერთის, დიონისეს შეურაცხმყოფელს და აუგად მომხსენებელს. ხის კეტებით, რაც ეჭირათ ხელში, იმით სცემეს წმინდანი სასიკვდილოდ, არც ერთი ძვალი მთელი აღარ ჰქონდა. ასე ღვთის დიდებაში მიაბარა სპეტაკი და წმინდა, მოწამეობრივი სული თვისი უფალს.
სამწუხაროდ, უცნობია წმინდანის გარდაცვალების ზუსტი დრო. მემატიანე აღნიშნავს მხოლოდ იმას, თუ როგორ მიაბარეს ქრისტიანებმა წმინდანის სხეული მიწას ეფესოში. მოგვიანებით მისი წმინდა ნაწილები კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და ლუკას და ანდრია მოციქულის სხეულის ნაწილებთან ერთად განისვენებს წმინდა მოციქულთა ტაძარში ქალაქ კონსტანტინეპოლში. წმინდა მოციქულის ტიმოთეს ხსენებას ეკლესია აღნიშნავს ახალი სტილით 4 თებერვალს, ამიტომაც შევეცადეთ, მოგვეპოვებინა, მართალია, მწირი, მაგრამ ვიმედოვნებთ, მაინც საინტერესო ცნობები მართლმადიდებელი ქრისტიანებისთვის.
1. "და ამისა შემდგომად გამოირჩინა უფალმან სხუანი სამეოცდა ათნი და წარავლინნა იგინი ორ–ორნი წინაშე მისსა ყოველსა ქალაქებსა და დაბნებსა, ვიდრეცა ეგულებოდა მას მისვლად".
ამის შემდეგ გამოირჩია უფალმა კიდევ სამოცდაათი მოციქული და ორ–ორად გააგზავნა ისინი იმ ადგილებში საქადაგებლად, სადაც თვითონ ჰქონდა გადაწყვეტილი მისვლა და ღვთის სიტყვის ხარება ადგილობრივებისთვის. რიცხვი სამოცდაათი სიმბოლურია თავისთავად, რადგან იესო ცდილობს, იუდეველებს გაახსენოს მოსეს წინასწარმეტყველება: "მოსე თქუა მამათა მიმართ, ვითარმედ: წინაისწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა–ესე მე; მისი ისმინეთ ყოვლისა მისებრ, რომელსაც გეტყოდის თქუენ" (საქ. 3,22) და შესაბამისად მიაჩვიოს ისინი, რომ ის არის ღვთის რჩეული, სამყაროს მხსნელი, მესია, რომელსაც ელოდა სამყარო. ახლა კი, მოსეს ჰყავდა უდაბნოში სამოცდაათი მღვდელმსახური, რომლებიც ეხმარებოდნენ და უმსუბუქებდნენ იმ უმძიმეს ტვირთს, რომელსაც ეწეოდა მოსე წინასწარმეტყველი აღთქმული ქვეყნისკენ მოგზაურობისას ებრაელ ხალხთან ერთად.
2. "და ეტყოდა მათ: სამკალი ფრიად არს, ხოლო მუშაკნი მცირედ, ევედრენით უკუე უფალსა სამკალისასა, რაითა მოავლინნეს მუშაკნი სამკალსა თვისსა".
სამკალი არის ძალიან ბევრი, უთხრა მათ. მუშა არასაკმარისია, ამიტომ სთხოვეთ სამკალის უფალს, რომ გაგზავნოს მუშები სამკალში, რათა სრულფასოვნად დაბინავდეს მოსავალი.
3. "წარვედით! აჰა ესერა მიგავლინებ თქუენ ვითარცა კრავთა შორის მგელთა".
წადით! გგზავნით თქვენ, ვითარცა ცხვრებს მგლებს შორის. პირველივე მუხლში, როგორც კი დავიწყეთ სახარების ტექსტი, უფალი როცა ირჩევს და აგზავნის შემდგომ ღვთის სიტყვის მოსაფენად, ეუბნება, ორ–ორნიო. იმდენად რთულ საქმეს ავალებს, რომ მარტო კაცი ასეთი დიდი ზეწოლისთვის შეიძლება სათანადოდ მზად არ ყოფილიყო. თითოეულ მათგანს წინ ელოდა უდიდესი საფრთხე და წინააღმდეგობა როგორც წარმართების, ასევე ფუნდამენტალისტი იუდეველებისგან, ამიტომ ორი ადამიანი ერთმანეთის მოიმედე, ერთმანეთის მხარდამხარ უფრო გამბედავიც არის და უფრო სწორ გადაწყვეტილებასაც მიიღებდნენ განსაცდელისას. კარგი ანდაზა გვაქვს ქართველებს: "მარტო კაცი ჭამაშიც კი ბრალიაო", არათუ შრომაში და, მით უმეტეს, მგლების პირისპირ, როგორც ახასიათებს მათ უფალი.
4–5. "ნუ წარგაქუნ ბალანტი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა შესასხმელი ფერხთაი და ნუცა ვის გზასა ზედა მოიკითხავთ და რომელსაც სახლსა შეხვიდეთ, პირველად თქუთ: მშვიდობაი სახლსა ამას!".
ნუ წაიღებთ თან ნურც საფულეს, ნურც ზურგჩანთას, ნურც ფეხსაცმელს და ნურც იმისთვის დაკარგავთ დროს, რომ იქით–აქეთ მოიკითხოთ ყოველი შემხვედრი. რომელ სახლშიც შეხვალთ, პირველად თქვით: "მშვიდობა სუფევდეს ამ სახლში". შეიძლება ვინმეს უცნაურადაც კი მოეჩვენოს მაცხოვრის ეს დარიგება მოწაფეებისადმი, მაგრამ რომ არ ურჩევდა საფულის, ზურგჩანთის, ფეხსაცმლის წაღებას, პირველ რიგში, მათი მორჩილება იცდებოდა, რამდენად იყვნენ მინდობილნი უფალს და მეორე ისიც, როცა რამე ფასეული გაგაჩნია, ხარ თუ არა ამ დროს თავისუფალი. არც ერთ მათგანს დასაკარგი არაფერი ჰქონდა, ამიტომაც შეძლეს ის, რაც შეძლეს და რაც ჩვენამდეა მოღწეული.
6. "და უკუეთუ იყოს მუნ ძე მშვიდობისაი, განისუენოს მის ზედა მშვიდობამან თქუენმან; უკუეთუ არა – თქუენდავე მოიქცეს".
თუ იმ სახლში, რომელშიც შეხვალთ, მშვიდობისმყოფელი ადამიანი ცხოვრობს, მაშინ თქვენი სტუმრობა იქნება შედეგიანი, თუ არადა თქვენივე ღვთისმოსაობა უკანვე დაგიბრუნდებათ.
7. "მასვე სახლსა შინა იყვენით, ჭამდით და სუემდით მათ თანა, რამეთუ ღირს არს მუშაკი სასყიდლისა თვისისა; ნუ მიხუალთ სახლითით–სახლად".
დარჩით იმავე სახლში და ჭამეთ და სვით, რასაც შემოგთავაზებენ, ვინაიდან მუშაკი თავისი საზღაურის ღირსი არის და ნუ შეიცვლით საცხოვრებელს.
8–9. "და რომელსა ქალაქსა შეხვიდეთ, და შეგიწყნარნენ თქუენ, ჭამდით წინა–დაგებულსა თქუენსა და განჰკურნებდით მას შინა უძლურთა და ეტყოდეთ მათ: მოახლებულ არს თქუენ ზედა სასუფეველი ღმრთისაი".
ისევ, როცა კი რომელიმე ქალაქში შეხვალთ, რასაც მოგიტანენ, მიირთვით. განკურნეთ, ვისაც კი ამის აუცილებლობა აქვს და უთხარით მათ: მოახლოებული არის ღვთის სასუფეველი.
10–11. "და რომელსა ქალაქსა შეხვიდეთ, და არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო–რაი–ხვიდოდით უბანთა მისთა, არქუთ მათ: აჰა ესერა მტუერი რომელ აღეკრა ფერხთა ჩუენთა ქალაქისაგან თქუენისა, განვიყრით თქუენ ზედა; გარნა ესემა უწყით, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ღმრთისაი".
რომელ ქალაქშიც შეხვალთ და არ მიგიღებენ, გამოდით უკან გზაზე და უთხარით მათ: ჯერ კიდევ ის მტვერიც კი, რომელიც ფეხებზე მოგვეცხო თქვენთან ყოფნისას, გიტოვებთ უკან ისევ თქვენ, თუმცა ერთი რამ ცხადად უნდა იცოდეთ, რომ მოახლოებული არის ღვთის სასუფეველი და უფრო ფრთხილად იყავით. ლუკას სახარების ეს ნაწილი ანალოგიურია მათეს სახარების მეათე თავისა, კონკრეტულად კი მე–13–14 მუხლებისა, სადაც ყურადღება გამახვილებულია, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს სტუმრის უგულო და გულგრილ დახვედრას, მასპინძლობას. და რამხელა ყურადღება ექცევა ყოველივე ზემოთ ხსენებულს იუდეველთა მხრიდან. აგრეთვე იუდეველთა ჩვევაა ისიც, როცა წარმართების ქვეყანაში გაივლიდნენ და მიუახლოვდებოდნენ საკუთარ სამშობლოს, ცდილობდნენ, მიწის მტვერიც კი არ შეეტანათ იერუსალიმის გალავნის შიგნით, ფეხის მტვერიც კი გაუწმინდურებულად ითვლებოდა.
12. "გეტყვი თქუენ: სოდომელთა უმოლხინეს იყოს მას დღესა შინა, ვიდრე ქალაქისა მის".
გეტყვით, რომ უფლის მოსვლის დროს სოდომელები შეიძლება უფრო შებრალებულნი იყვნენ, ვიდრე იმ ქალაქის მკვიდრნი, რომელთაც თქვენ არ მიგიღეს. სოდომი და გომორი ქალაქებია, რომლებიც უფალმა გაანადგურა თავიანთი ურჯულოების გამო (დაბადების მე–19 თავში მოთხრობილია ამის შესახებ). ქალაქები მდებარეობენ პალესტინიდან სამხრეთ–აღმოსავლეთით, რომლის ადგილზე დღეს მკვდარი ზღვა მდებარეობს, ამ ქალაქების განადგურების შემდეგ გაჩნდა მკვდარი ზღვა, რომელიც დღემდე არსებობს, თუმცა ყოველგვარი სულიერის გარეშე, მხოლოდ წყალი. სოდომი და გომორი ღმერთმა ჯერ კიდევ 1900 წლით ადრე გაანადგურა ქრისტე იესოს შობამდე.
13. "ვაი შენდა, ქორაზინ, და ვაი შენდა, ბეთსაიდა, რამეთუ ტვიროსს და სიდონს, თუმცა იქმნეს ძალნი, რომელ იქმნნეს თქუენ შორის, პირველივემცა ძაძითა და ნაცარსა ზედა მსხდომარეთა შეინანეს".
ვაი, შენდა, ქორაზინ და ვაი, შენდა, ბეთსაიდა, რადგან ის სასწაულები რომ მომხდარიყო ტვიროსში ან სიდონში, რომლებიც თქვენთან მოხდა, მათი მოსახლეობა ისეთ სინანულში იქნებოდა ჩავარდნილი თქვენგან განსხვავებით, რომ ძაძით შეიმოსებოდა და თავზე ნაცარს დაიყრიდა. იმედია დაგვაინტერესებს იმის ცოდნა, თუ რატომ ქორაზინი და ბეთსაიდა და, შესაბამისად, ტვიროსი და სიდონი. ქორაზინი არის სოფელი გალილეაში, ორი–სამი კილომეტრით დაშორებული კაპერნაუმიდან, ბეთსაიდა კი არის უშუალო სამშობლო ანდრეასი, პეტრესი და ფილიპესი, რომელიც მდებარეობს კაპერნაუმში და კიდევ იმიტომ, რომ იქ ნამყოფია და ღამეც გაუთევია თვით მაცხოვარს. რაც შეეხება ტიროსს და სიდონს, ესენი არიან ფინიკიის უდიდესი საზღვაო და თანაც სავაჭრო ქალაქები, შესაბამისად, ქორაზინიდან და ბეთსაიდიდან იმითაც განსხვავებული, რომ ამ ქალაქების მოსახლეობას ძირითადად წარმართები წარმოადგენდნენ და არა მორწმუნე, ღვთისმოშიში იუდეველები.
14. "ხოლო ტვიროსი და სიდონი უმოლხინეს იყოს სასჯელსა მას, ვიდრე თქუენ".
ტვიროსის და სიდონის მისამართით უფრო მოწყალე იქნება უფალი განკითხვის დღეს, ვიდრე თქვენ მიმართ. ამით სურს იესოს, აჩვენოს, რომ იმას, ვისაც მიეცა ბევრი, ბევრიც მოეთხოვება, ამიტომ ვისაც ბევრი მიეცა, ეს სასიხარულოა და, ამასთანავე, საპასუხისმგებლო.
15. "და შენ, კაპერნაუმ, ნუ ცადმდე აჰმაღლდები, არამედ ჯოჯოხეთამდე შთაჰხდე".
შენ კი, კაპერნაუმ, ნუ ახვედი ცამდე, არამედ დაეცემი ჯოჯოხეთამდე. მართლაც, იმ ქალაქებში, სადაც უფალი დააბიჯებდა, იმ ხალხში, რომელ ხალხშიც უფალი განხორციელდა, არა მარტო არ სწამთ ღმერთი, არამედ მტრებიც კი არიან მისი. ეს იმის დასტურად, რომ ჩვენი არაფერი აინტერესებს უფალს, გარდა სუფთა გულისა და სარწმუნოებისა, რაც ყველაზე ძნელად საძებარია და საშოვარი.
სწორედ ეს მთავარი ჰქონდა მოციქულ ტიმოთეს, რომელმაც სარწმუნოებით დათრგუნა წარმართთა სამსხვერპლო და სარწმუნოებით ამაღლდა ზეცამდე. გვეწეოდეს და მეოხი იყოს წინაშე ღვთისა ჩვენ ცოდვილთათვის. ამინ.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online