asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მამა თეოდორე გიგნაძე: "არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე”
"ქრისტიანი მაშინ ხარ, როდესაც ქრისტეს მოწაფე ხარ და სულ გშია ღმერთი"
მამა თეოდორე გიგნაძე: "არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე”

2012-02-18 00:59:35



ვინც პატრიარქის წლევანდელი საშობაო ეპისტოლე წაიკითხა, ან მოისმინა, ალბათ დამეთანხმება, რომ ის გამორჩეული ეპისტოლეა. საოცარი სიბრძნით მრავალი პრობლემატური საკითხია გაჟღერებული. ეს ინტერვიუ სწორედ ამ ეპისტოლეში დასმულ საკითხებს შეეხება.
საუბარი ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარს, დეკანოზ თეოდორე გიგნაძეს ვთხოვეთ.
- მამა თეოდორე, პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში ჩვენი ერისა და ქვეყნისთვის მრავალ მნიშვნელოვან, აქტუალურ თემაზე გააკეთა აქცენტი. მათ შორის, ყურადღება გაამახვილა მომავალი თაობის აღზრდის საკითხზეც და აღნიშნა, რომ მათი სწორად ფორმირებისთვის ხელისშემწყობი დღეს არავინ არის. . "უარყოფითი საინფორმაციო ველი ყველაზე მეტად მომავალ თაობაზე მოქმედებს. ისინი ხომ ცხოვრების დიდ ნაწილს ტელევიზორთან და ინტერნეტთან ატარებენ და, ფაქტობრივად, არავინ არის მათი სწორად ფორმირებისათვის ხელისშემწყობი, რადგან სკოლაც და უმაღლესი სასწავლებელიც სათანადოდ ვეღარ ასრულებენ აღმზრდელობით ფუნქციას, არც მშობლებს სცალიათ შვილებისათვის; ეკლესიაც მასთან მისულთა მიმართ, ძირითადად, აღსარებითა და ზიარებით იფარგლება. ეს ასე აღარ უნდა გაგრძელდეს და რეალური ნაბიჯები უნდა გადავდგათ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ამისთვის კი არსებული ვითარება სწორად უნდა შევაფასოთ", - ნათქვამია ეპისტოლეში. მე მინდა ეკლესიის მისიაზე ვისაუბროთ. თქვენი აზრით, სასულიერო პირების მხრიდან რა რეალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო აღმზრდელობითი ფუნქციის უკეთ შესრულებისთვის?
- პატრიარქი, როგორც ჩვენი ეკლესიის უმაღლესი იერარქი, ჩვენი სულიერი მამა, მოციქულთა საყდარზე მჯდომი, სულიწმინდის მადლის მატარებელი, გამოცდილებითა და მადლისმიერ ხედავს იმ პრობლემებს, რაც არსებობს ეკლესიაში. აქედან გამომდინარე, მისი ყოველი ეპისტოლე არის მოწოდება მთელი ერის, რა თქმა უნდა, ეკლესიის, მრევლისა და სასულიერო პირებისადმი. მოწოდება, თუ როგორ გავაგრძელოთ ჩვენი სულიერი ცხოვრება, მოღვაწეობა, რაზე გავაკეთოთ აქცენტები, რას მივაქციოთ ყურადღება. მისი პირით თავად უფალი გვამცნობს, თუ რა არის საკეთებელი. როდესაც პატრიარქი ბრძანებს, რომ არის პრობლემა ბავშვების, ახალგაზრდობისა და საერთოდ, ადამიანთა აღზრდისა და განსწავლის საქმეში, ე.ი. ეს პრობლემა რეალურად არსებობს.
ვერც სკოლაში, ვერც ოჯახში და, სამწუხაროდ, ვერც ეკლესიაში სრულდება აღმზრდელობითი ფუნქცია. სკოლასა და ოჯახს მე ნაკლებად შევეხები, სიღრმისეულად მე ჩემს საქმეს, ეკლესიურ მდგომარეობას შევეხები, თუმცა, მე ასე მგონია, თუ ჩვენ, ეკლესია, ჩვენს საქმეს ხარისხიანად გავაკეთებთ,
ხარისხიანად ვიმოღვაწევებთ, მაშინ, ნელ-ნელა ეს მდგომარეობა გადაინაცვლებს სკოლაშიც და ოჯახშიც, რადგან მასწავლებლებიცა და მოსწავლეებიც მრევლის წევრები არიან და ოჯახის წევრი ხომ საერთოდ ყველაა. ე.ი. ეკლესიაში მდგომარეობის გაჯანსაღება ხელს შეუწყობს ოჯახებსა და სკოლებში და მთლიანად ერში მდგომარეობის გაჯანსაღებას.
პატრიარქი ხაზს უსვამს, რომ ეკლესია შემოიფარგლება ღვთისმსახურებით, საიდუმლოებების აღსრულებით, ის აღსარებასა და ზიარებას ახსენებს და ეს არ არის საკმარისიო, ბრძანებს. რა თქმა უნდა, ეს არაა საკმარისი. მისი უწმინდესობა ალბათ კიდევ ერთხელ აფრთხილებს სასულიერო პირებს, რადგან ზოგადად ეკლესიისა და კონკრეტულად სასულიერო პირების მოღვაწეობის სფერო მხოლოდ საიდუმლოების აღსრულებით არ შემოიფარგლება, თუმცა, რა თქმა უნდა, ევქარისტია, ანუ წირვის აღსრულება, არის ერთ-ერთი უმთავრესი, რითაც ეკლესია ხდება ეკლესია, ანუ ცოცხალი ორგანიზმი ქრისტესი, მაგრამ ეკლესიის, ანუ სასულიერო პირების დანიშნულება აგრეთვე არის მისიონერობა, ერის განსწავლა ქრისტიანობაში.
- როგორ უნდა ასწავლონ სასულიერო პირებმა ადამიანებს ისე, რომ მათ ამ სწავლება-ქადაგებას შედეგი რეალურად მოჰყვეს?
- სასულიერო პირებმა ადამიანებს უნდა ასწავლონ არა პასიური დამოკიდებულება მადლთან, ვთქვათ, მე პასიური ვარ, მაგრამ მადლი მოვა და თავისთავად კარგი გავხდები. არა, საჭიროა აქტიური დამოკიდებულება. ანუ შენ იღებ იმდენ მადლს, რამდენის გაცემაც თვითონ შეგიძლია, რა დონის თავგანწირვაც შეგიძლია. შენი ღვაწლის შესაბამისად, შენს წილ მადლს იღებ, რაც განისაზღვრება იმ ოდენობით, რამდენსაც ცდილობ არა უგეგმოდ, არა უგუნურად, არამედ - სიბრძნით, მეცნიერებითა და სწორი ღვაწლით. ეს კი რას ნიშნავს, სწორედ ეკლესიამ უნდა განსაზღვროს. ასწავლოს, განაბრძნოს და აღზარდოს მრევლი. ამის გარეშე არაფერი გამოვა.
"წარვედით და მოიწაფენით ყოველნი წარმართნი", მოწაფება, ანუ ცოდნის გადაცემა. და შემდგომ საიდუმლოების აღსრულება, - ნათელს სცემდითო, გვეუბნება ქრისტე.
- მამაო, პატრიარქმა საშობაო ეპისტოლეში მრევლის სულიერებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათი უმეტესობის ქრისტიანობა საეკლესიო წესების გარეგნული აღსრულებით შემოიფარგლება. "მართალია, უღმერთობის ხანა დასრულდა და ხალხი ეკლესიური გახდა, მაგრამ მათი დიდი ნაწილის სარწმუნოება მაინც ნელთბილია, რადგან ყველაფერს გარეგნულად უგულოდ აკეთებენ. ქრისტეს სახელი მხოლოდ გონებასა და ბაგეებზეა, გულში კი ისევ "ძველი კაცი" სახლობს. ისინი, მართალია, ამბობენ აღსარებას და ასრულებენ საეკლესიო წესებს, მაგრამ, ამავე დროს, მათთვის უცხო არ არის განკითხვა, ცილისწამება, ამპარტავნება, სიცრუე, ეჭვი, უსიყვარულობა, გულგრილობა, სიზარმაცე, შური, მრისხანება...; დაცემა და ადამიანური სისუსტენი ყველას აქვს, მაგრამ "მორწმუნეთა" ამ ნაწილისათვის ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება მისაღები გახდა და შეეჩვივნენ ამ მდგომარეობას. ღმერთისთვის კი ასეთნი მიუღებელნი არიან და, ბუნებრივია, არც მათი სათხოვარი შეისმინება". რატომ არის ასე, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? ამგვარი ქრისტიანობა ეპოქის მახასიათებელია?
- ეპოქას თავისი სულიერი მდგომარეობა მოაქვს. თანამედროვე ეპოქა უფრო მეტად თავისი ჰედონისტური მიდრეკილებებით გამოირჩევა. თუმცაღა, ამ ეპოქას რელიგიურობაც აქვს, ოღონდ ეს რელიგიურობა ცრუ მისტიკაშია გადასული, რომელიც ჩვენს ეკლესიაშიც აღწევს. თითოეული საკითხი ისეთი ღრმა არის, რომ ცალკე თემას სერიოზული გაშლა სჭირდება. მაგრამ, როგორც პატრიარქმა ბრძანა, გარეგანი წეს-ჩვეულებებით დაკმაყოფილება, ქრისტიანობა, დაყვანილი გარეგანი წესების შესრულებამდე, ფაქტობრივად, ქრისტიანობის უარყოფაა. მეტსაც ვიტყვი, თუ ადამიანი გარეგნულად ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებს და მისთვის ეს არის არსი ქრისტიანობისა, ასეთი ადამიანია, შესაძლოა, ფარისევლადაც ჩამოყალიბდეს. ფარისევლობა კი ის ცოდვაა, რომელიც ქრისტეს მკვლელობამდე მიგვიყვანს.
მიზეზი ამისა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ, სასულიერო პირები ვართ. ქრისტიანობას თეორიულად ვერ ასწავლი, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად ჩვენ თვითონაც არ ვიცით, ეს თეორია სწორად როგორ ვასწავლოთ. ვგულისხმობ არა ზოგადად, ქრისტიანული მსოფლმხედველობის წარმოჩინებასა და სწავლებას, არამედ მართლმადიდებლობისა, რომელიც ძალიან ღრმა არის. ეს რომ ვასწავლოთ, ჩვენ თვითონ უნდა ვიცოდეთ ქრისტიანობის მართლმადიდებლური ტრადიცია, რომელიც განსხვავდება დასავლური ტრადიციებისგან. აქ ისეთი სიღრმეა, რომ ხშირად ჩვენ თვითონ ეს არ ვიცით. ჩვენს საღვთისმეტყველო სკოლებსა და წიგნებში შემოსულია დასავლური, სქოლასტური სული, სადაც ქრისტიანული თეორია გადმოცემულია იმ სულისკვეთებით, რაც მართლმადიდებლობისთვის უცხოა. ამის შედეგად, ხშირ შემთხვევაში, დამახინჯებულ მოძღვრებასაც ვიღებთ. ანუ გვაქვს არასწორი დამოკიდებულება ღმრთისადმი, ცხონებისადმი. გარდა ამისა, სწორიც რომ იყოს თეორიულად, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ასეთი სქოლასტური მიდგომა რას იწვევს? ქრისტიანში, იგივე სასულიერო პირში, ცოდნა უსწრებს ცხოვრების წესს, სულიერ გამოცდილებას. ეს ნიშნავს იმას, რომ მე ვსაუბრობ ღმერთზე და არ ვიცი, როგორ ვესაუბრო მას. ვსაუბრობ ღმერთის შესახებ, რომელსაც არ ვიცნობ და ეს იწვევს პრობლემებს.
- ანუ იმ პრობლემას, რაზედაც პატრიარქი საუბრობს? მრევლის სარწმუნოებრივ ნელთბილობას გულისხმობთ?
- კერძოდ, იმ პრობლემას, რაზედაც პატრიარქმა ბრძანა, მრევლი საეკლესიო წესების გარეგანი შესრულებით რომ კმაყოფილდება. რადგან მრევლმა სხვა გზა არ იცის, ვერც ხედავს და ქრისტიანული ცხოვრება მისთვის ხისტ სქემებზე დაიყვანება, სადაც სიცოცხლე არ არის. შემოქმედი ბუნების მქონე ადამიანს კი ბეზრდება ხისტი სქემებით ცხოვრება და ეს ყველაფერი ნელ-ნელა გულგრილობაში გადადის, რადგან იქ სიცოცხლე არ არის. და ეს ვისი ბრალია? რა თქმა უნდა, მღვდლების, იმიტომ, რომ მათ ჩვენ უნდა დავანახოთ გზა. მე თუ ამ გზას ვერ ვხედავ და შენ გეტყვი, აბა, ილოცე, იმარხულე, და ა.შ. არაფერი გამოვა. ეს თეორია თეორიად დარჩება. მე უნდა დავინახო გზა, წავიდე იმ გზისკენ და შენ რომ დამინახავ, მე მივდივარ, უნდა გამომყვე. ეს უკვე ნამდვილი ქრისტიანობაა. ამის გარეშე ადგილი ექნება ზედაპირულ ქრისტიანობას, რასაც პატრიარქი ბრძანებს, რომელსაც არ აქვს ისეთი შედეგი, როგორიც უნდა ჰქონდეს.
ასე რომ, ადამიანთა ზედაპირული ქრისტიანობა, პირველ რიგში, სასულიერო პირების, ანუ ჩვენი ბრალეულობაა. ჩვენ თვითონ ვერ ვხედავთ ქრისტეს გზას და ამიტომ სხვებსაც ვერ ვაჩვენებთ.
- კიდევ რა პრობლემის წინაშე შეიძლება იმყოფებოდეს თანამედროვე მღვდელი?
- მღვდელს პრობლემები რომ აქვს, ეს გასაკვირი სულაც არ არის. თუ მატერიალური პრობლემებია, თუ ცილს სწამებენ, თუ არ უყვართ, ეს არაა გასაკვირი, რადგან ქრისტეს ცილსაც სწამებდნენ, ყოფითი პრობლემებიც ჰქონდა და არც უყვარდათ. ვგულისხმობ უღმერთობის სულის მატარებელ ადამიანებს და ასეთია კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ეს არ არის პრობლემა, ეს მღვდლის ჯვარია. მაგრამ ის პრობლემა, რომელიც ჩვენზეა დამოკიდებული, სულიერ ცხოვრებას ეხება.
მაგალითად, თუ მრევლის რომელიმე წევრი სულიერ ცხოვრებაში გაიყინა, რადგან ქრისტიანობა მისთვის რაღაც წესების, ხისტი სქემების აღსრულებაა და არა ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა, ეს მის პირად ცხოვრებას დაეტყობა - ეკლესიაში იშვიათად ივლის და გულგაქვავებული იქნება, მაგრამ ეს თუ მღვდელს დაემართა, ის ძალიან საცოდავია, რადგან მან მაინც უნდა წიროს, არ შეიძლება არ იმსახუროს და წარმოიდგინეთ, რა დღეში ჩავარდება მღვდელი, რომელსაც მსახურებისას გულმხურვალება კი არა, გაყინული გული აქვს, რადგან დაღალა გარეგანმა მსახურებამ. ამ დროს ის ვერც სხვას დამოძღვრავს და მის სიტყვას ძალაც არ ექნება. თვითონაც დაიტანჯება და თავის მრევლსაც დატანჯავს, რადგან გზას ვერ უჩვენებს, ბრმა ბრმას აეკიდა და ორივე ორმოში ჩავარდაო, მაცხოვარი ამბობს, ასეთ შემთხვევასთან გვექნება საქმე. ეს ყველაზე დიდი ტრაგედია და მძიმე მდგომარეობაა მღვდლისთვის. ამიტომ ჩვენ ეს არ უნდა დაგვემართოს და თუ ეს არ დაგვემართება ღმრთის წყალობითა და ჩვენი მეცადინეობით, მაშინ დანარჩენი პრობლემები, ავად თუ კარგად, დაიძლევა.
- ზოგიერთი სასულიერო პირი ამბობს, ტაძარში მოსული მრევლი მოძღვრის იქით ღმერთს ვეღარ ხედავსო. ეს ვისი ბრალია?
- როცა მრევლი მოძღვრის იქით ღმერთს ვერ ხედავს, შესაძლოა, ეს მოძღვრის ბრალიც იყოს და თვითონ მრევლისაც. მოძღვრის ბრალი იმ შემთხვევაშია, თუ თავად გზაზე არ დგას, სხვებს ვერ აჩვენებს ამ გზას, მაგრამ ამბიცია აქვს და თავისკენ იწებებს ხალხს. ხოლო მრევლის წევრის ბრალი მაშინ იქნება, როცა მას, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს ასწავლიან, არ შეუძლია ღმერთის დანახვა. ზოგიერთ ადამიანს ეს ჭირს და ასეთ ადამიანს რა უნდა ვუყო, მე არ ვიცი. ალბათ, უფალი შეიწყალებს მათაც, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ. ვერ ხედავენ უფალს, უჭირთ ამის გაგება და დანახვა. თუ მღვდელი ყველაფერს ცდილობს და მაინც არ გამოსდის ამა თუ იმ ადამიანთან, ეს მღვდლის ბრალი არ არის, მაგრამ თუ ჩვენ ვაბრკოლებთ, ეს უკვე ჩვენი ბრალია და ამიტომ ჩვენ ჩვენსას მივხედოთ და თითოეულმა ადამიანმა თავისას.
- თავდაპირველად, როდესაც ადამიანი ეკლესიაში მიდის, შესაძლოა, არც იცოდეს, რა უნდა იყოს მორწმუნეობის მიზანი, მაგრამ შემდეგ უკვე ალბათ არ ეპატიება ამის გაუცნობიერებლობა, თუ რა მიზანი აქვს ეკლესიურობას.
- თავიდან თუ ამ მიზნით მოვიდა, რომ ადამიანი ეძებს პრობლემების მოგვარებას, სიმშვიდეს, სიხარულს, ჯანმრთელობასა და ა.შ. კიდევ არა უშავს, მაგრამ თუ სულ ამას ეძებს, მაშინ ის ღმერთს ვერ ნახავს. შესაძლოა, სულ სხვა მოტივით დაიწყოს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი იმით უნდა დაგვირგვინდეს, რომ ადამიანმა ღმერთი მოინდომოს, ღმერთს ეძებდეს. ქრისტიანობა გვეუბნება, ქრისტიანი მაშინ ხარ, როდესაც ქრისტეს მოწაფე ხარ და სულ გშია ღმერთი.
- ანუ რა უნდა იყოს ქრისტიანი ადამიანის ცხოვრების დევიზი?
- უნდა ვისწავლოთ ასეთი დევიზით ცხოვრება - არც ერთი წამი ქრისტეს გარეშე და ცხოვრებას ვუყუროთ ქრისტეს თვალებით. ცხოვრების საზრისი და მიზანი იყოს ცოცხალი ღმერთი. მე, ჩემი თავიდან გამომდინარე, ვიტყვი, ყოველი წამი, გატარებული ღმერთის გარეშე, მხოლოდ ტკივილი და სიცარიელეა, მაგრამ ადამიანმა ეს რომ იგრძნოს, მანამდე მას უნდა ჰქონდეს გამოცდილება, სულ იოტისოდენა მაინც, თუ რას ნიშნავს, შენს გულს ღმერთი რომ ეხება. ქრისტიანობა კი ამის გარეშე არ არსებობს. მორწმუნე ადამიანის ლოგიკაც ასეთია. რადგან არის ღმერთი და რადგან უფალმა მე მომცა მადლი, ვირწმუნე ის, რომ იესო ქრისტე ადამიანად მოსული ღმერთია, რომელიც ჩემთვის მოკვდა, აქედან გამომდინარე, საღმრთო ლოგიკით, მე მისი მოწაფე უნდა გავხდე. ის იმიტომ მოვიდა ადამიანად, იმიტომ მოკვდა ჩემთვის, რომ მე მისი მოწაფე გავხდე და ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა, რომ მე დიდ სიხარულში შევიდე, თავად სიხარულის წყაროსთან მქონდეს ერთობა და მე ეს ჩემს თავს ყოველთვის უნდა გავახსენო. ამიტომ ყოველი წამი, ამის გარეშე გატარებული, რაც ვთქვი, ჩემთვის არის უაზრობა და ტყუილ-უბრალოდ დახარჯული სიცოცხლე.
ეფემია წიკლაური


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქრისტე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online