| ქალი და მამაკაცი |

"მაპატიოს ხალხმა, რომ ჩემს თავზე ამას ვამბობ, მაგრამ სიყვარულისა და პატიების უნარი დღემდე მოვიტანე და არ დამიკარგავს" - ამ სიტყვებით დაასრულა ჩვენთან ინტერვიუ რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ. შევეცადეთ მასთან რწმენაზე, განვლილ ცხოვრებაზე და ამ ცხოვრებაში რწმენის როლზე გვესაუბრა. როგორც თავად ბატონი გიგა აღნიშნავს, ურწმუნოების ეპოქაში გაიზარდა, თუმცა, მასში მორწმუნე ადამიანი თანდათან ყალიბდებოდა. დღეს კი, იმ ასაკს მიაღწია, როდესაც დარწმუნდა იმაში, რომ რწმენა უმნიშვნელოვანესია. როგორც რეჟისორმა ჩვენთან საუბარში გაიხსენა, ცხოვრების მანძილზე განსაცდელში ხშირად ყოფილა და ამ დროს რწმენა ყოველთვის ეხმარებოდა. ასევე, განსაკუთრებული ემოციით იხსენებს უწმინდესსა და უნეტარესთან, ილია II-თან შეხვედრებს. ამბობს, რაც უნდა აღელვებული და ცუდ მდგომარეობაში ვყოფილიყავი, მისი საუბარი იმ წუთსვე მამშვიდებდაო. სამწუხაროდ, ავადმყოფობის გამო, ბოლო პერიოდში პატრიარქთან შეხვედრას ვეღარ ახერხებს.
გიგა ლორთქიფანიძე:
- ჩემი პირველი შეხება რელიგიასთან იყო ის, რომ დედაჩემმა და მამაჩემმა ჩემი მონათვლა გადაწყვიტეს. მაშინ ეს აკრძალული იყო, ამიტომ ჩემი ნათლობა საიდუმლო ვითარებაში მოხდა. ჩემსავე ბინაში მომნათლეს და კარი დაკეტილი იყო. გარეთ ერთი კაცი იდგა, რომ არავინ შემოსულიყო სახლში. ერთ-ერთმა მღვდელმა მომნათლა. საერთოდ, დედაც და მამაც ძალიან მორწმუნეები იყვნენ. ჩემი თაობა კი ურწმუნოების ეპოქაში გაიზარდა. ეკლესიაში შესვლის გვეშინოდა, იმიტომ, რომ ამის გამო სკოლიდან გამოგვაგდებდნენ.
- რამხელა იყავით, როცა მოგნათლეს? გახსოვთ ეს პროცესი?
- მახსოვს, რომ წყალში ჩამაყენეს, მერე კი წყალს თავზე მასხამდნენ. მაშინ 5-6 წლის ვიქნებოდი. არ მესმოდა, რას აკეთებდნენ და ეს რიტუალი რას ნიშნავდა. მიხარია, რომ იმ ბინძურ ეპოქაში ჩემმა მშობლებმა მოუნათლავი არ დამტოვეს.
- ბიბლია ბავშვობაში წაიკითხეთ თუ მოგვიანებით?
- ბავშვობაში არ წამიკითხავს. მართალია, ბებიას ჰქონდა ბიბლია, მაგრამ ჩემთვის არასდროს მოუცია. ბებიაჩემი მიქელაძის ქალი იყო, მეორე კი - თავდგირიძის ქალი. თავდგირიძეები გურიის მთავრები იყვნენ. მახსოვს ჩემი ბებიების რწმენისადმი დამოკიდებულება. ქუთაისში რომ მყავდა, იმ ბებიას ბიბლია ჰქონდა სახლში დამალული. ამ წიგნის ქონა და წაკითხვა მაშინ სასტიკად აკრძალული იყო და ალბათ ამიტომ არ მომცა. ის სულ ჩუმად ლოცულობდა ხოლმე. ახალგაზრდა თაობამ არ იცის, რა დრო იყო ძველად. მაშინ ქრისტიანობა გმირობად ითვლებოდა. იცოდი, რომ ეკლესიაში წასვლის გამო ან სკოლიდან გაგაგდებდნენ, ანდა სამსახურს დაკარგავდი. ამ საიდუმლო რწმენაში თავისი პლუსიც იდო, იმიტომ, რომ ინტერესი ამის მიმართ უფრო გვემატებოდა. მე-7-8 კლასიდან ტაძარში შევდიოდი. დღესასწაულებზე ბავშვები ჩუმად შევიპარებოდით ხოლმე. ეკლესიაში შესული გრძნობდი, რომ ეს რაღაც ჯადოსნური იყო. ალბათ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს გვიკრძალავდნენ.
- როგორ განმარტავთ რელიგიის ცნებას?
- ჩემთვის, როგორც ქართველი კაცისთვის, რელიგია არ არის განყენებული ცნება, ეს არის ის, რაც მთელი საუკუნეების მანძილზე ყველაზე მთავარი იყო. ქართველმა კაცმა ჯერ კიდევ საუკუნეების წინ მართლმადიდებლური რწმენა თავის ძირითად ფილოსოფიად გაიხადა. უკვე ბავშვობის დროს ჩემთვის ყველაზე მთავარი ქრისტეს პიროვნება გახდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ახალგაზრდა კაცისთვის იესო ქრისტეს საოცარი ბიოგრაფია მისაბაძია. ჩემში მორწმუნე ადამიანი თანდათან ჩამოყალიბდა, რომელსაც ღმერთის სწამს. განსაკუთრებით ამ ასაკში, რა ასაკსაც მე მივაღწიე, რწმენა უმნიშვნელოვანესი გახდა. უფრო და უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ იმქვეყნიური სიცოცხლე არსებობს. შეიძლება პრაქტიკულად არ დადიან იქ გარდაცვლილი ადამიანები, მაგრამ სულები ნამდვილად არსებობენ. საერთოდ, ჩემთვის უმთავრესი არის ის, რომ ქრისტიანობამ ადამიანებში პასუხისმგებლობის გრძნობა დაბადა. თუ ღმერთი არ გწამს, მაშინ რაც გინდა გააკეთე, ამას უკვე მნიშვნელობა არა აქვს. მძორად გადაიქცევი და არაფერი მოგეთხოვება. ქრისტიანი კაცი კი იმაზე ფიქრობს, რომ მისი ამქვეყნიური საქციელი იმქვეყნიურობაზეა დამოკიდებული. ეს ყოველთვის მას გარკვეულ მორალურ-ზნეობრივ მოთხოვნილებას უქმნის. რწმენადაკარგული კაცი ყველაფრის გამკეთებელია და მას არაფრის ეშინია. ამისი ნათელი მაგალითია ბოლშევიკების არსებობა. ადამიანში უფლის რწმენა მათ პირველებმა შეარყიეს. აკეთებდნენ იმას, რაც სურდათ და შიში არაფრის ჰქონდათ. ძალიან მძიმედ ბრუნდებიან ადამიანები რწმენისკენ.
- დღეს ამბობენ, რომ ხალხი ეკლესიისკენ, რწმენისკენ შემობრუნდა. თქვენ რა მოსაზრება გაქვთ ამასთან დაკავშირებით?
- ჩემმა თაობამ უღმერთობის ძალიან დიდი გზა გაიარა. დღეს დიდი ბედნიერებაა, ხალხი რწმენისკენ რომ შემობრუნდა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის დროს დაიწყო, რომელიც ჩემთვის სათაყვანებელი პიროვნებაა. დღეს ამ საქმეს ღირსეულად აგრძელებს უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ბედნიერი ვარ იმით, რომ კათოლიკოს-პატრიარქთან მჭიდრო ურთიერთობა მაქვს. ძალიან მიყვარს იგი, დიდ პატივს ვცემ. თავს უფლებას მივცემ და ვიტყვი, რომ უწმინდესიც ასეთივე განწყობით არის ჩემ მიმართ. ის გრძნობს, რომ ჩემი სახით ერთი მორწმუნე ემატება მის მრავალრიცხოვან მრევლს.
- ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც ავადმყოფობთ, უწმინდესსა და უნეტარესს შეხვედრიხართ?
- სამწუხაროდ, არა. რაც ავად გავხდი, მასთან შეხვედრას ვეღარ ვახერხებ. ადრე ხშირად ვხვდებოდი მას, თუმცა, ეს არ იყო ჩვეულებრივი შეხვედრები. ჩვენ საკმაოდ გრძელი საუბრები გვქონდა ხოლმე. პატრიარქს ჩემთან დიდხანს საუბარი უყვარდა. მას გააჩნია ის მთავარი თვისება, რაც ქრისტიან ადამიანს უნდა ჰქონდეს. უწმინდესთან რაც უნდა გაფიცხებული და აღელვებული მივსულიყავი ამა თუ იმ პრობლემის გამო, იქიდან დამშვიდებული მოვდიოდი ხოლმე. ეს კაცი საოცარ სიმშვიდესა და რწმენას გამოყოფს. ამ ბოლო ხანებში ხშირად ისმის საყვედურები ილია II-ის მიმართ, სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით რატომ არ აქტიურობსო. სამწუხაროდ, ვინც ამას ამბობს, მათ არ ესმით, რომ უწმინდესი ჩვენი სულიერი მამაა და მას არ აქვს უფლება, ჩვეულებრივი პოლიტიკური მოღვაწე გახდეს. ჩვენი პატრიარქი უმძიმეს წუთებშიც კი სიმშვიდესა და ურთიერთგაგების ცნებას თესავს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველამ ერთმანეთის შენდობა და პატიება უნდა ვისწავლოთ.
- რადგან ხშირად ხვდებით უწმინდესსა და უნეტარესს, მისგან საჩუქრებიც გექნებათ მიღებული.
- კი, ჯვარსა და ხატს მჩუქნის ხოლმე. როცა კი შევხვედრივარ მას, საჩუქრის გარეშე არასდროს გამოვუშვივარ. ჩემთვის მთავარი საჩუქარი მასთან საუბარია. უწმინდესი ყველაზე აღელვებულსა და ცუდად მყოფ კაცს ამშვიდებს და სწორ გზაზე აყენებს. ეს არის საოცარი უნარი, რომელიც მხოლოდ ნამდვილ ქრისტიანს შეიძლება ჰქონდეს.
- წმინდა მიწაზე, იერუსალიმში ნამყოფი ხართ?
- კი და ამან წარმოუდგენელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. იერუსალიმში ყოფნისას განსაკუთრებით იგრძნობ, თუ რაშია ქრისტიანობის ძალა. პირველ რიგში, ქრისტიანობა არის მშვიდობიანობა და სიყვარული ადამიანის მიმართ. ის ვიღაცის დამარცხებას ან სიძულვილს არასდროს ქადაგებს. ქრისტიანობა საოცრად შემრიგებლური და მაღალზნეობრივი სარწმუნოებაა. ამ ყველაფერს იმიტომ არ ვლაპარაკობ, რომ ეს ჩვენი რელიგიაა, ეს ყველა სწავლებაში ნათლად ჩანს. როდესაც ყურანი წავიკითხე, აღმოვაჩინე, რომ იქაც სულ მშვიდობისკენ მოუწოდებენ, მაგრამ ამას მისი მიმდევრები პრაქტიკულად არ აკეთებენ. ისე, ყურანი ფანტასტიკური წიგნია.
- თქვენი პროფესიით ბევრს მოგზაურობდით. ალბათ, სხვადასხვა აღმსარებლობის ტაძრებშიც შედიოდით.
- რა თქმა უნდა. საერთოდ, მე უდიდეს დანაშაულად მიმაჩნია ის, რომ ქრისტიანობა რამდენიმე ნაწილად გაიყო. კათოლიკური იქნება, მართლმადიდებლური თუ სხვა, ჩემთვის მაინც ქრისტიანობაა და ერთია. არ მომწონს ის, რომ კათოლიკურმა ქრისტიანობამ სახელმწიფოებრივი სახე მიიღო, ვატიკანს ვგულისხმობ. ჩემი აზრით, რელიგია ყოველდღიური ცხოვრებისგან გარიდებული უნდა იყოს.
- მარხვის შენახვას ახერხებთ?
- ვერ ვინახავ. ეს მაინც ძველი დროის ბრალია. ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება ურწმუნოების ეპოქაში გავატარე და მარხვის შენახვის ჩვევა ვერ გამოვიმუშავე.
- მოძღვარი გყავთ?
- ჩემი მოძღვარი ილია II-ა. ამ კაცის საოცრად მჯერა. მას აქვს ფანტასტიკური უნარი იმისა, რომ ადამიანში სიმშვიდე დაამყაროს. ასევე, პატრიარქს მშვიდობიანი განსჯის, პატიების უნარი გააჩნია. ყველაზე დიდი და ცუდი თვისება არის ის, როცა ადამიანში აგრესიულობა ცხოვრობს, აქვს იმის სურვილი, რომ ყველა მის ჭკუაზე იყოს და არ აქვს იმის უნარი, რომ ადამიანს ცოდვა აპატიოს. ცოდვის პატიება ჩვენი რელიგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ეკლესია გპატიობს ცოდვას მაშინ, თუ ამას გულით მოინანიებ.
- ნათლული ბევრი გყავთ?
- არა, სხვათა შორის, ბევრი არ მყავს. სწორად არ მიმაჩნია, რომ ერთ ადამიანს ბევრი ნათლული და ბევრი ნათლია ჰყავდეს. მე ისეთი ნათლიები მყავდნენ, რომლებიც დედ-მამასავით მექცეოდნენ. წინათ ნათლია ძალიან დიდი ცნება იყო. როდესაც ვიღაცას ნათლავ, მის მიმართ დიდი პასუხისმგებლობა გეკისრება.
- ცხოვრების განმავლობაში ისეთი შემთხვევები გქონიათ, რომ განსაცდელში იყავით და რწმენას გამოჰყავდით ამ სიტუაციიდან?
- განუწყვეტლივ ხდებოდა მსგავსი რაღაცები. მთელი ჩემი ცხოვრება სულ რაღაცის ხელმძღვანელი ვარ, ახლაც თეატრალურ საზოგადოებას ვუდგავარ სათავეში. როცა რაღაც გაბარია და პასუხისმგებელი ხარ, განსაცდელიც უფრო მეტი გაქვს. მგონია, რომ უფლისადმი რწმენა ჩემს საქმიანობაში ყოველთვის მეხმარებოდა. ტრაბახით შემიძლია გითხრათ, რომ მე არავის ბედი უკუღმართად არ წარმიმართავს, მიუხედავად იმისა, რომ ძალაუფლება მქონდა. მთელი ცხოვრება თეატრში გავატარე და თეატრიდან არც ერთი ადამიანი არ გამიშვია, შემცირებები არ ჩამიტარებია. ვთვლი, რომ ადამიანს იმდენი შინაგანი უფლება არ გააჩნია, რომ სხვისი ბედი უკომპრომისოდ გადაწყვიტოს. პირველი, რაც ადამიანის სწორად ცხოვრებისთვის არის საჭირო, არის უნარი მეორე ადამიანის გაგებისა, მისი ნაკლოვანებებისაც კი. იმას კი არ ვამბობ, რომ ეს უპრინციპობაში უნდა გადაიზარდოს-თქო. შენ შენი მკაცრი და მნიშვნელოვანი პოზიცია უნდა გქონდეს, მაგრამ სხვა ადამიანის პოზიციასაც ანგარიში უნდა გაუწიო.
ყველა ადამიანს ცოდვის თავისებური გაგება აქვს და მე უნდობლობას მივიჩნევ ყველაზე დიდ ცოდვად. გარკვეული სასიყვარულო ურთიერთობა და მრუშობაც კი არ მიმაჩნია ისეთ დიდ ცოდვად, როგორც ადამიანის მიმართ უნდობლობა. სხვისი აზრი მაშინაც კი უნდა გაიზიარო და ენდო, როცა ის შენი მოწინააღმდეგეა. თუ მის პოზიციას გაიგებ, მაშინ ობიექტური იქნები. ქრისტიანობაც მაგას ქადაგებს, რომ მიკერძოებულნი და კატეგორიულები არ უნდა ვიყოთ.
- რას მიიჩნევთ სასწაულად?
- ჩემთვის ყველაზე დიდი სასწაული არის ის, რომ ქართველი ერი არსებობს. იმიტომ, რომ ჩვენისთანა ისტორიის ერები განადგურებულები არიან, თავიანთი სახე და რწმენა დაკარგული აქვთ და ფიზიკურადაც გადაშენდნენ. ვფიქრობ, რომ ქრისტიანობამ ჩვენში ის სასწაული მოახდინა, რომ ქართველმა ხალხმა ეს ურთულესი გზა გაიარა და თავის ძირითად სახეს მაინც არ კარგავს. თორემ უზნეო და ცუდი ადამიანი ყველა ერში არის. სხვა მხრივ, ისეთი სასწაულები, როგორიცა, რომ რაღაც უჩვეულო მოხდეს, ადამიანი სიკვდილს შემთხვევით გადაურჩეს და ა.შ., ასეთი რამეები, ალბათ, ხდება, მაგრამ ჩემს თავზე არ გამომიცდია. ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ მსგავს რამეებს. ჩემი აზრით, ეს არის რელიგიის პრაქტიკულად გამოყენების სურვილი. ანუ რადგან მორწმუნე კაცი ვარ, ესე იგი, ამ რწმენის გამოყენება უნდა შემეძლოს. არადა, რწმენა ყოვლად უსასყიდლო რამეა და რადგან ღმერთის გწამს, მისგან არაფერს უნდა ითხოვდე. რწმენა შენ სასარგებლოდ არ უნდა გამოიყენო. თავად მთელი ჩვენი ცხოვრებაა სასწაული.
- ახსენეთ, რომ ხალხი, ძველ დროსთან შედარებით, ეკლესიისკენ მობრუნდა, თუმცა, თუ არის ისეთი რაღაც, რაც არ მოგწონთ დღევანდელ მრევლში ან სამღვდელო პირებში?
- ჩემს თავს ვერ მივცემ იმის უფლებას, რომ ეკლესიაში არსებულ რაიმე ნაკლოვანებაზე ვისაუბრო. მაგრამ ერთადერთი, რაც მე მართლა არ მომწონს, ის პიროვნებები არიან, რომლებიც ეკლესიაში ჩვეულებრივი კარიერისტებივით იქცევიან. გული მწყდება, როცა ვხედავ, რომ ესა თუ ის ადამიანი თავისი რწმენის გამო კი არ მიდის ტაძარში, არამედ თავისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. მაინც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ დღემდე ჩვენს არსებობაში მთავარი როლი რწმენამ ითამაშა. ერთი-ორი ურწმუნოს ქცევა კი ამ ყველაფერს ვერ შეარყევს.
- დაბოლოს, ბატონო გიგა, რადგან უკვე ცხოვრების გარკვეული და მნიშვნელოვანი ეტაპი განვლეთ, როგორ შეაფასებთ თქვენს ცხოვრებას და ამ ყველაფერში რწმენის როლს?
- მიუხედავად რთული ცხოვრების გზისა, რომელიც გავიარე და ბევრი უსამართლობისა, რომელიც ჩემ გარშემო ხდებოდა, ადამიანის სიყვარული და პატიების უნარი შევინარჩუნე. ეს არ არის ადვილი და ვერც გონებით გააკეთებ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ყველაზე დიდი თვისება არის ის, რომ გამგებიანი იყო ადამიანის და მისი ნაკლოვანებების მიმართ. ხშირად მიფიქრია იმაზე, ვინმე დარჩა ჩემთვის, როგორც მტერი-თქო. მტრად არავინ დამიტოვებია. მაპატიოს ხალხმა, რომ ჩემს თავზე ამას ვამბობ, მაგრამ სიყვარულისა და პატიების უნარი დღემდე მოვიტანე და არ დამიკარგავს.
თეონა კენჭიაშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"დეპრესიის დროს ადამიანი ღირსებას კარგავს"
დღეს თამარობაა
ხსენება წმინდისა ახალმოწამისა გრიგოლ მეხუთისა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისა
კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება












დღეს ამაღლებაა
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება 

დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ცხოვრება წმინდისა მამისა ათანასე დიდისა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ნიკოლოზობას აღნიშნავს
მეუფე იაკობმა უდაბნოს მონასტრის ნიშთან შეკრებილ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა
უდაბნოს მონასტრის ნიშთან პარაკლისი სრულდება
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა
აზერბაიჯანელები გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აღარ ჩანან
მეუფე იაკობი - სასულიერო პირების მიმართ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კორექტულები არიან
პატრიარქის პატარა სტიქაროსანს ორივე ფეხზე პროთეზი უკეთია 






















































































