| ქალი და მამაკაცი |

კონსერვატიული პარტიის ლიდერი, ზვიად ძიძიგური, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის დატვირთულია და თავისუფალი დრო ხშირად არ აქვს, მაინც ცდილობს, ეკლესიურად იცხოვროს. როგორც საუბრისას ბატონმა ზვიადმა აღნიშნა, ის ხშირად მიდის მამათა მონასტერში და რამდენიმე დღით ბერების ცხოვრებით ცხოვრობს.
- ბატონო ზვიად, ეკლესიაში ბავშვობიდანვე დადიოდით?
- არა. როდესაც საქართველოში ეროვნული მოძრაობა დაიწყო, ეკლესიაში მაშინ მივედი. იმ დროს ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს, ისე ვუყურებდით, რომელიც კომუნისტურმა ხელისუფლებამ დაჩაგრა, უფლებები ჩამოართვა, შეავიწროვა და ასე შემდეგ. საპროტესტო ამბის გამო დავიწყე ეკლესიაში სიარული, მაგრამ სულ მალე ძალიან ბევრი რამ ჩემთვის სულ სხვაგვარად დასანახი გახდა. ათეისტურ სამყაროში ცხოვრების შემდეგ, ქრისტიანული სამყარო სულ სხვა კუთხით დავინახე. მანამდე ცხოვრებაზე, სიკვდილსა და სიცოცხლეზე სულ სხვა წარმოდგენა მქონდა, მერე კი ყველაფერი შეიცვალა. ყველაფრის გადაფასება მოხდა.
- როდესაც თქვენთვის ყველაფერი გადაფასდა, შინაგანად რა შეიცვალა?
- ძალიან ბევრი რამ. ამ ყველაფრის შემდეგ სულიერი სიმშვიდე მივიღე. სისტემური გახდა ჩემთვის ყველაფერი: კეთილის ადგილი, ბოროტის ადგილი, ძალიან ბევრი რამ თავის ადგილზე დალაგდა. ცხოვრებაც გაცილებით კანონზომიერი და აზრიანი გახდა.
- ამ პერიოდისთვის მონათლული იყავით?
- კი, როგორ არა. მე-6 კლასში ვიყავი, როდესაც მოვინათლე, მაგრამ მაშინ ნათლობის საიდუმლოება ჩვენთვის რიტუალი იყო და ამას არავითარი შინაარსობრივი დატვირთვა არ ჰქონია.
- წინაპრებიდან სასულიერო პირი არავინ გყავდათ?
- არა.
- თქვენი თაოსნობით ორი ეკლესია აშენდა, ერთი ავჭალის კოლონიაში, მეორე კი - სამტრედიაში. პირველად, საიდან გაგიჩნდათ ეკლესიის აშენების იდეა?
- როდესაც სამტრედიაში პრეფექტი ვიყავი, მაშინ დავიწყე დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიის მშენებლობა. ჩვენი უწმინდესი ჩამობრძანდა და ის ადგილი, სადაც ეკლესია უნდა აშენებულიყო, აკურთხა. ყველაფრის ორგანიზება რომ დავიწყეთ, ქვეყანაში არსებულმა სამოქალაქო დაპირისპირებამ ხელი შეგვიშალა. ეკლესიის ასაშენებლად შეძენილი ყველა მასალა დაიტაცეს. ციხიდან რომ გამოვედი, აღარაფერი დამხვდა, მხოლოდ ქვები იყო დარჩენილი. ის ქვები ძალიან გამოგვადგა, კედელი რამდენიმე მეტრზე ავიყვანეთ.
ციხეში ეკლესიის მშენებლობა იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ ქვით აშენებული პატიმრების ბარაკი დაიწვა და ქვები ისე ეყარა. მაშინ იდეა გაჩნდა, რომ ციხეში ეკლესია აგვეშენებინა და ამ ქვებით დავიწყეთ მშენებლობა, მერე კი გარედან შემოგვდიოდა ქვები. ეკლესიის აშენების დაწყების შემდეგ, ციხეში საეკლესიო ხუროთმოძღვრების სრული კურსი გავიარეთ. ამ კურსს ძალიან ცნობილი ადამიანები გვიკითხავდნენ, აგრეთვე სასულიერო პირებიც. სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა, რომ ჩვენ ავჭალის კოლონიაში წმინდა გიორგის სახელობის ერთნავიანი ბაზილიკის ტიპის ასეთი ლამაზი ეკლესია ავაშენეთ. ამ ტაძრის მშენებლობის დროს, პატიმრები ვამბობდით, რომ ეს ეკლესია ამ ციხეს დაანგრევსო. მართლაც ასე მოხდა. ტაძრის გადახურვის შემდეგ, ორ თვეში, 50 მეტრზე მთელი კედელი წაიქცა და ციხის ადმინისტრაცია იძულებული გახდა, ტერიტორია დაეცალა. დღეს იქ კოლონია აღარ არის და იმ ტერიტორიაზე მამათა მონასტერია, რომლის წინამძღვარი მამა ანდრიაა. იმ ეკლესიის კარებზე სამი წელი მუშაობდა ბადრი ცხონდია. მთელი გული და სულია ჩააქსოვა იმ კარების კეთებაში.
- ხშირად მიდიხართ ამ ეკლესიაში?
- კი. ცოლ-შვილით ხშირად მივდივარ ამ ეკლესიაში და ბავშვებს იქ ვაზიარებ. ეს დიდი სასწაულია, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ სასწაულები არ ხდება, მაგრამ ეს ჩემთვის სასწაულია და სასწაულები ყოველდღე ხდება, ოღონდ ადამიანს მათი დანახვა უნდა შეეძლოს.
- ციხიდან რომ გამოხვედით, უფრო პროფესიონალურად მიუდექით სამტრედიის ტაძრის მშენებლობას?
- რა თქმა უნდა. ციხიდან რომ გამოვედი, სულ სხვა თვალით შევხედეთ სამტრედიის ტაძრის არქიტექტურას. ციხეში მიღებული პრაქტიკა აქ ძალიან გამოგვადგა. მთელი სამტრედია აშენებდა ამ ტაძარს. სამტრედიის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი ერთ-ერთი უმშვენიერესი ტაძარია იმ ტაძრებს შორის, რომლებიც დღესდღეობით საქართველოში აშენდა.
- სპონსორი ვინ გყავდათ?
- სპონსორი მთელი სამტრედია იყო. აგრეთვე გვეხმარებოდნენ სამტრედიიდან წასული და უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენები. მთელ რაიონში ყულაბები იდგა და მოსახლეობა, რამდენიც შეეძლო, იმდენ თანხას ყრიდა, ზოგი 50 თეთრს, ზოგი 2 ლარს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს ტაძარი 20 წლის მანძილზე შენდებოდა, შენდებოდა ძველი ქართული წესით. რაც იმას გულისხმობს, რომ შენდება გარე და შიდა კედელი და დუღაბით ივსება. აქ არ არის მოპირკეთება, ეს არის ლოდებით აშენებული ტაძარი. ამ ლოდებს კი ბიძინა ივანიშვილი გვაწვდიდა. მან დღესაც კი არ იცის, რომ ეს ლოდები მისი შემოწირულია.
- თუ არ იცოდა, როგორ მოგცათ?
- სამების ტაძრის აშენების შემდეგ, ჩემმა ძმა კობამ მიაგნო ქვის საამქროს, რომლის ხელმძღვანელიც ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილი პეტრე ივანიშვილი იყო. მათ 30 ვაგონზე მეტი ქვა გვაჩუქეს. ეს ძალიან დიდი შემოწირულობა იყო. ყველა ცდილობდა, დაგვხმარებოდა, პრაქტიკულად, მთელმა ეპარქიამ ააშენა ეს ტაძარი. ჩემი აზრით, ასეთი მშენებლობა გაცილებით მნიშვნელოვანია.
- ციხეში რომ აშენებდით, მაშინ თუ გეხმარებოდათ ვინმე?
- მაშინ ღმერთი გვეხმარებოდა. ისიც კეთილი ადამიანების შემოწირულობებით ავაშენეთ. ციხეში ზაურ ქობალიამ ააშენა უნიკალური ქვის საამქრო, ის საამქრო ისეთ ოპერაციებს აკეთებდა, გარეთ რომ გამოვედი, მსგავსი ქვის საამქრო არსად მინახავს.
- ციხის უფროსობას როგორი რეაქცია ჰქონდა?
- ისინიც გვეხმარებოდნენ. ზაურ ებრალიძემ, თავისი თაოსნობით, პირველი დიდი საძირკველი გააკეთა. ის ყოველთვის გვერდში გვედგა და დღემდე ვმეგობრობთ. იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ყოფილი პატიმარი და ყოფილი კოლონიის უფროსი მეგობრობენ.
- რამდენიმე ხნით მონასტერში თუ წასულხართ?
- უკვე 10 წელია, რაც ციხიდან გამოვედი და ყოველ წელიწადს, შობისა და აღდგომის მარხვის დროს, მონასტერში დავდივარ. ამჟამად ქოზიფას მამათა მონასტერში (ქოზიფას მამათა მონასტერი მდებარეობს ქარელის რაიონში, ძამის ხეობაში) ვიყავი. ყოველთვის ვცდილობ, დავიცვა იქაური ტიპიკონი. მიუხედავად იმისა, რომ იქ მძიმე ტიპიკონია, ყველაფერს მიჩვეული ვარ და არაფერი მიჭირს. ადამიანი მონასტერში იმიტომ მიდის, რომ ყველაფერი სხვანაირად დაინახოს: როგორ ცხოვრობს, რას აკეთებს, როგორ აკეთებს. ფიქრისთვის იდეალური ადგილია.
- მარხვას ხშირად იცავთ?
- პრაქტიკულად, 1989 წლის შემდეგ, მარხვას ყოველთვის ვიცავ. ოთხშაბათი-პარასკევის მარხვის დაცვა ცოტა მიჭირს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მარხვა დამირღვევია, მაგრამ მერე მაინც ბოლომდე გამიგრძელებია.
- რა მიზეზით დაგირღვევიათ მარხვა?
- ადამიანი სუსტია და ყოველთვის არის რაღაც მიზეზი, მაგრამ საჭმლის თვალსაზრისით მარხვის დარღვევა გაცილებით მცირედი დარღვევაა, ვიდრე ის, რომ სხვას აწყენინო, შეურაცხყოფა მიაყენო და ასე შემდეგ.
- თქვენი მეუღლეც მარხულობს?
- კი, როგორც მოძღვარი აკურთხებს, ისე მარხულობს, რადგან პატარა ბავშვების დედას უფლება არ აქვს, ისე იმარხულოს, როგორც სხვა მარხულობს. ჩემი შვილები, მართალია, ჯერ პატარები არიან, მაგრამ, შეძლებისდაგვარად, ისინიც მარხულობენ.
- თქვენ და ქალბატონმა ეკამ სად დაიწერეთ ჯვარი?
- 2006 წელს სურამის წმინდა გიორგის ეკლესიაში მამა იობმა დაგვწერა ჯვარი. სწორედ მაშინ გვაკურთხა მეუფე იობმა, თუ პირველი შვილი ბიჭი შეგვეძინებოდა, გიორგი დაგვერქმია, ხოლო თუ გოგონა - ნინო. ამიტომ პირველ ბიჭს გიორგი დავარქვით.
- თქვენ ხუთი შვილის მამა ხართ. თქვენს შვილებს ისტორიული სახელები ჰქვიათ, თქვენ შეურჩიეთ სახელები თუ თქვენმა მეუღლემ?
- როგორც გითხარით, პირველ შვილს, გიორგის, მეუფემ შეურჩია სახელი, მეორე შვილს სახელი დემნა ერთობლივად დავარქვით, დემნა ბატონიშვილის პატივსაცემად, დანარჩენ შვილებს სახელები: სანდრო, ვაჩე და ელენე, ეკამ დაარქვა.
- ვაჩე ძალიან ძველი სახელია.
- კი, თავიდან, ყურში მეხამუშებოდა ეს სახელი, მაგრამ ახლა მივეჩვიე და ძალიან მომწონს.
- კიდევ აპირებთ მე-6 შვილის ყოლას?
- თუ ღმერთი ინებებს.
- ბავშვები ხშირად დაგყავთ ეკლესიაში?
- თითქმის ყოველ კვირას ავჭალის წმინდა გიორგის ეკლესიაში დამყავს ბავშვები. მამა ანდრია ჩემი შვილების მოძღვარია.
- თქვენი მოძღვარი ვინ არის?
- ქოზიფას მონასტრის წინამძღვარი მამა ისაია (გოგიბერიძე). სანამ დამიჭერდნენ, ჩემი მოძღვარი ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ანდრია (კბილაშვილი) იყო. როდესაც დასავლეთ საქართველოში ვარ, მამა ანდრიას ახლაც ვაბარებ აღსარებას.
- როგორც პოლიტიკოსი, რჩევას თუ ეკითხებით სასულიერო პირებს?
- კი, ძალიან ხშირად და მათ აზრსაც ვითვალისწინებ.
- მაშინაც ითვალისწინებთ, როცა თქვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვევა?
- რა თქმა უნდა. ჩემი პოლიტიკური საქმიანობის ტვირთს ვერ ავკიდებ ჩემს მოძღვრებს, მაშინ პოლიტიკას თავი უნდა დავანებო. მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი პოლიტიკური საქმიანობა შეწონასწორებული იყოს ჩემს რელიგიურ მსოფლმხედველობასთან. რამდენად გამომდის ეს, არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ.
- ჩვენს პატრიარქთან პირველ შეხვედრას თუ გაიხსენებთ?
- პირველი შეხვედრა არც მახსოვს. მეორედ, სამტრედიაში ტაძრის კურთხევის დროს რომ ჩამოვიდა, მაშინ შევხვდი. 1990 წლის გაზაფხული იყო. მაშინ ილია II სამთავრობო ზილით სამეგრელოში მიდიოდა და მანქანაში ადგილი რომ არ იყო, მე და ჩემი მეგობარი კახა მის ფეხებთან ვეჯექით. ასე მოვიარეთ მთელი სამეგრელო. მაშინ პატრიარქი შვილებივით გვეფერებოდა. მას შემდეგ, ჩემ მიმართ და, არა მხოლოდ ჩემ მიმართ, იჩენს სითბოსა და სიყვარულს ჩვენი უწმინდესი.
- რამე თუ გისახსოვრათ?
- კი, ძალიან ბევრჯერ მოუცია ჩემთვის საჩუქრები. ავჭალის ეკლესიის კურთხევის დროს, თავისი ხელით ჩამომკიდა ჯვარი, რომელიც დღესაც გულზე მიკეთია. ჩემი ორი შვილი - ვაჩე და ელენე პატრიარქის ნათლულები არიან. წელიწადში ერთხელ მაინც, ვცდილობ, რომ ნათლიას ნათლულები ვაჩვენო. ერთხელ ბავშვებს ბევრი შოკოლადები და კანფეტები გამოატანა. სახლში რომ მივედით, ჩემმა მესამე შვილმა სანდრომ ტკბილეული რომ მიირთვა, თვალები ზევით ააპყრო და თქვა: რა გემრიელი შოკოლადები სცოდნია ღმერთსო.
- თქვენი მფარველი ანგელოზი რომელია?
- ჩემი მფარველი ანგელოზი ორმოცი სებასტიელი მოწამეა. ეს ჩვენი პატრიარქის გადაწყვეტილებაა, ამ მოწამეთა შორის ერთ-ერთი ირაკლი იყო და მეც ილია II-მ სასულიერო სახელი ირაკლი დამარქვა. ჩემი სასულიერო სახელია ირაკლი.
- იერუსალიმში თუ ყოფილხართ?
- იერუსალიმში არ ვყოფილვარ, მაგრამ ათონის მთაზე ვიყავი.
- საუბრისას აღნიშნეთ, რომ ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის ხდება სასწაული, ერთ სასწაულს მაინც თუ მოგვიყვებით?
- ჩემი მეგობარი მუსლიმანი იყო და ქრისტიანად მოინათლა, ეს მართლაც დიდი სასწაული იყო. მეგობრები ყინწვისის მონასტერში მივდიოდით და გზაზე მანქანა გაგვიფუჭდა. საჭესთან ვინც დავჯექით, ვერაფრით დავქოქეთ მანქანა. ბოლოს, ის მუსლიმანი დაჯდა საჭესთან და თქვა: ახლა თუ მანქანა დაიქოქება, ქრისტიანად მოვინათლებიო. ამის თქმა იყო და მანქანა დაიქოქა. ყინწვისის მონასტერში რომ ავედით, ის ადამიანი იქვე მოვნათლეთ. დღეს ის ადამიანი ქრისტიანია, სამი შვილი ჰყავს და მთელი ოჯახი ქრისტიანულად ცხოვრობს. შეიძლება ეს სხვისთვის არაფერია, მაგრამ ჩემთვის სასწაულია.
ლია ოსაძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"დეპრესიის დროს ადამიანი ღირსებას კარგავს"
დღეს თამარობაა
ხსენება წმინდისა ახალმოწამისა გრიგოლ მეხუთისა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისა
კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება












დღეს ამაღლებაა
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება 

დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ცხოვრება წმინდისა მამისა ათანასე დიდისა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ნიკოლოზობას აღნიშნავს
მეუფე იაკობმა უდაბნოს მონასტრის ნიშთან შეკრებილ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა
უდაბნოს მონასტრის ნიშთან პარაკლისი სრულდება
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა
აზერბაიჯანელები გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აღარ ჩანან
მეუფე იაკობი - სასულიერო პირების მიმართ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კორექტულები არიან
პატრიარქის პატარა სტიქაროსანს ორივე ფეხზე პროთეზი უკეთია 




























































