| ქალი და მამაკაცი |

წმინდა იოანე გლახაკი
სადღესასწაულო სახარებას განმარტავს პროტოდიაკონი, მამა მირიანი (სხირტლაძე)
ლუკას სახარება 17 თავი, 3–10 მუხლები.
საინტერესო შემთხვევებს რა გამოლევს ეკლესიის ისტორიაში, დღეს კი ისეთი წმინდანის ცხოვრებაზე მოგითხრობთ, რომლის მოღვაწეობაც რაღაცით განსხვავდება სხვათაგან და ვიმედოვნებთ, ამიტომაც იქნება საინტერესო მკითხველთათვის.
ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლში მეხუთე საუკუნის მეორე ნახევარში იმპერატორ ლეონტი დიდის მეფობისას ცხოვრობდა ერთი ღვთისმოსავი ოჯახი – მამა ევტროპიოსი, დედა კი თეოდორა, რომელთაც ჰყავდათ სამი შვილი. ევტროპიოსი მთელ ქალაქში სახელგანთქმული იყო თანამდებობითაც, შეძლებითაც და, რაც მთავარია, ინტელექტით, რის გამოც ხალხს უყვარდა და აფასებდნენ. დღევანდელი საზომით იმდროინდელი სენატის, პარლამენტის წევრი გახლდათ. საკმაოდ კარგი განათლება მისცეს მშობლებმა შვილებს. ისე რომ, ორი უფროსი შვილი მალე სახელმწიფო სამსახურში დააწინაურეს.
რაც შეეხება ნაბოლარა შვილს იოანეს, რომლის შესახებაც გვექნება საუბარი, ბავშვობიდანვე იზიდავდა უბრალოება, საღვთო წერილისადმი უზომო სიყვარული. ჯერ კიდევ თორმეტი წლის ბავშვი დილიდან საღამომდე ტაძარში იყო. ღვთის სიტყვით ირწყვებოდა და იკვებებოდა პატარა იოანეს დამშეული და მოწყურებული სული. როცა იოანე ჯერ კიდევ ცამეტ–თოთხმეტი წლის იყო, მათ ოჯახს ეწვია ბერი, რომელმაც ღამე მათთან გაათენა. იგი ბოსფორზე მდებარე მღვიძარეთა მონასტრიდან იყო ჩამოსული კონსტანტინოპოლში, რათა აქედან წმინდა მიწაზე გამგზავრებულიყო სიწმინდეების მოსალოცად.
იოანეს მთელი ღამე არ დაუძინია, უნდოდა, გათენებულიყო, რადგან კითხვები ჰქონდა ბერთან მონასტრული ცხოვრების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არაფერი იცოდა ბერმონაზვნური ცხოვრების ირგვლივ, განმარტოებული ცხოვრების უდიდესი სურვილი ჰქონდა. მოუთმენლად ელოდა, როდის დაბრუნდებოდა ბერი წმინდა მიწიდან, მანამდე კი დედას სთხოვა, ჩემს მეგობრებს ყველას აქვს და საკმაოდ ბევრი რამ იციან საღვთო წერილიდან და იქნებ მეც მიყიდოთ ბიბლია, რათა არც მე ჩამოვრჩე მათ საღვთო წერილის ცოდნაშიო. იმავე საღამოს დედამ გადასცა იოანეს მამას ბავშვის სურვილი და თანხმობაც მიიღო.
მართლაც, შეუკვეთეს ბიბლია, ოქროს ყდით შემოსეს და ისე მისცეს იოანეს, რომელიც უზომოდ ბედნიერი იყო მშობლების საჩუქრით. მშობლებს ხელები დაუკოცნა უზომოდ გახარებულმა იოანემ და ყველგან თან დაჰქონდა წიგნი, სადაც კი მიდიოდა. თითქმის ზეპირად შეისწავლა საღვთო წერილი. იოანეს სულიერი ცხოვრება თითქოს შეუმჩნევლად, მაგრამ ნელ–ნელა წინ მიიწევდა.
ბერი, რომელიც წმინდა მიწაზე გაემგზავრა, თვეების შემდეგ უკან მობრუნებისას ისევ იოანეს სახლში, კონსტანტინეპოლში შეჩერდა ღამის გასათევად, სადაც შენიშნა, რომ რამდენიმე თვეში იოანე ისე დაბრძენებულიყო, უარი ვეღარ უთხრა მონასტერში წაყვანაზე, რომ წინამძღვარს დალაპარაკებოდა იოანეს მონასტერში დარჩენის თაობაზე. ეს ადვილი საქმე როდი იყო – ვინ გაბედავდა და ეტყოდა იოანეს მშობლებს ევტროპიოსს და თეოდორას, ბავშვისთვის ნება მიეცათ, მონასტერში წასულიყო და ბერად აღკვეცილიყო?
მაშინ გამოითხოვა იოანემ ბერისგან ლოცვა–კურთხევა და ნავსადგურში წავიდა იმის გასაგებად, რით შეძლებდა მღვიძარეთა მონასტერში მისვლას. მართლაც იყო ჩამომდგარი გემი, რომელიც მგზავრებს და ტვირთს ელოდებოდა, რათა გამგზავრებულიყო. მივიდა იოანე კაპიტანთან და ჰკითხა, თუ რამდენად წაიყვანდა ორ ადამიანს მღვიძარეთა მონასტრამდე. კაპიტანმა მიუგო, სამ დღეში წავალ და ორ ადამიანს ას ფლურიად წავიყვანო. იოანემ შეატყობინა ბერს კაპიტნის ნათქვამი და გადაწყვიტა, მშობლებისთვის გამოერთმია ასი ფლურია.
მივიდა იოანე დედასთან და უთხრა, დედა, მე ხომ ვემორჩილებოდი ჩემს მშობლებს, არასოდეს წავსულვარ თქვენ წინააღმდეგ, ყოველთვის ვცდილობდი, დამჯერი შვილი ვყოფილიყავი, აუცილებლობის გარდა არ გაწუხებდით, ახლა კი სათხოვარი მაქვს თქვენთან და უარს ნუ მეტყვიო. დედამ გულში ჩაიკრა იოანე და მოეფერა, რას ამბობ, შვილო, ჩემო თვალის სინათლევ, აბა მითხარი, რაც გინდა და შევეცდები, რომ შეგისრულოო. მიუგო იოანემ, ჩემი თანაკლასელები ყოველთვის თავიანთი ფულით მიმასპინძლდებოდნენ, ახლა კი, როცა გავიზარდე, მეც მინდა, გადავუხადო მათ მადლობის ნიშნადო.
როგორც კი მამა შინ დაბრუნდა, დედამ გადასცა მეუღლეს იოანეს სურვილი და მამა სიხარულით დათანხმდა, თან ერთი მოსამსახურეც მიუჩინა ბიჭს, რომ იოანე გულუხვად გამასპინძლებოდა თავის მეგობრებს. მიიღო იოანემ ასი ფლურია მშობლებისგან, რისთვისაც მადლობა შესწირა უფალს, წავიდა და გემის კაპიტანს გადაუხადა, ოღონდ სთხოვა, არავისთვის არაფერი ეთქვა, რადგან მისი მშობლები ძებნას დაუწყებდნენ და ხელს შეუშლიდნენ საღვთო გადაწყვეტილებაში. კაპიტანიც დაჰპირდა, რომ არავის არაფერს ეტყოდა. ასე გაემგზავრა ბერთან ერთად ნეტარი იოანე მღვიძარეთა მონასტერში.
როცა მონასტრის იღუმენს წარუდგინეს იოანე, მაშინვე ასაკი ჰკითხა, რადგან ეტყობოდა, რომ ძალიან ახალგაზრდა იყო ისეთი მძიმე ტვირთის საზიდად, როგორიც ანგელოზებრივი სქემით შემოსვაა. წინამძღვარმა თქვა, მიეცით სენაკი და დავაკვირდეთ ერთი წელიწადი, თუ რა სათნოებებით გამოამჟღავნებს საკუთარ შესაძლებლობებსო. მაშინ მუხლებში ჩაუვარდა იოანე წინამძღვარს და სთხოვა, იქნებ დღესვე შეემოსათ ანგელოზებრივი სქემით. წინამძღვარს თან გაუხარდა ახალგაზრდა იოანეს ასეთი მონდომება და სურვილი, თან ეუცნაურა კიდეც მისი ეს დაჟინებული თხოვნა. იოანე ცრემლით ითხოვდა იღუმენისგან და პირობას იძლეოდა, რომ ღვთის შეწევნით სიცოცხლის ბოლომდე ემსახურებოდა მონაზვნის ანგელოზებრივ ხარისხს.
ეს ყოველივე ამ შემთხვევის ერთი მხარეა, მეორე კი ის არის, რომ იოანეს მშობლები ტიროდნენ და გლოვობდნენ უგზო–უკვლოდ დაკარგულ შვილს, რომელსაც ვერსად მიაკვლიეს. ნელ–ნელა მშობლები მიეჩვივნენ შვილის გაუჩინარებას. განსაკუთრებით ვერ პატიობდა საკუთარ თავს მსახური, რომელიც მას მიუჩინეს. იოანე კი ამ დროს აღორძინდებოდა და წარემატებოდა, საიდან აღარ მოდიოდნენ ახალგაზრდა მონაზონთან, იმდენად გაითქვა სახელი თავმდაბლობით, მოწყალებით, მარხვით, ღამისთევით და ლოცვით. არა მარტო საერონი, საეკლესიონიც ხშირად აკითხავდნენ გამოცდილების გასაზიარებლად.
წინამძღვარი შეშინდა, იოანეს ჯანმრთელობა არ შერყეოდა უმძიმესი მარხვით. იგი მხოლოდ კვირა დღეს, საღვთო ზიარების შემდგომ იღებდა პურს და მოთუთქულ ველურ ფხალს. გაცოფებული ებრძოდა ახალგაზრდა მონაზონს ბობოქარი ეშმაკი, მაგრამ ამაოდ, რადგან მტკიცედ იდგა იოანე ჭეშმარიტი სარწმუნოების სადარაჯოზე მკაცრი ასკეტური ცხოვრების წესით. რომ ვერაფერი მოუხერხა უკუღმართმა და უხსენებელმა ბელზებელმა, მშობლების და ოჯახის წევრების მონახულების და მონატრების სურვილით შეეცადა, წმინდა იოანეს ყურადღება გადაეტანა ხორციელზე საზრუნველად.
მონასტრის წინამძღვარი ხედავდა, თუ როგორ განიცდიდა ნეტარი იოანე, მაგრამ მიზეზი არ იცოდა. მაშინ გადაწყვიტა, დალაპარაკებოდა მას, იქნებ გაეგო მისი მწუხარების მიზეზი. იოანეს არაფერი დაუმალავს იღუმენისთვის, მოუყვა, თუ როგორ ავიწროებდა უხსენებელი, ღვთის მოწინააღმდეგე ეშმაკი როგორც სულიერად, ისე ხორციელად. ცრემლით ითხოვა წინამძღვრისგან ლოცვით შეწევნა, რათა არ წარწყმედილიყო მისი უკვდავი სული ეშმაკთან ჭიდილში.
შეკრიბა წინამძღვარმა მონასტრის ძმობის ყველა წევრი და აუხსნა იოანეს მდგომარეობა. გადაწყდა, რომ იოანე წასულიყო ხორციელ მშობლებთან, მოენახულებინა, ხოლო მონასტერს გაეძლიერებინა მისთვის ლოცვით შეწევნა. ცრემლით გამოემშვიდობა იოანე წინამძღვარს და მონასტრის თითოეულ წევრს, მუხლმოყრით შენდობა ითხოვა მათგან და მშობლების სახლისკენ გაემართა. გზად ერთი გლახაკი ბერი დაემგზავრა, რომელსაც სამოსი ზედ შემოხეოდა. სთხოვა იოანემ უპოვარ ბერს, ჩემს ახალ სამოსს მოგცემ და შენი ძველი სამოსი მომეცი, ღვთის გულისათვის, უარს ნუ მეტყვიო. ბერმაც მისცა ნეტარ იოანეს თავისი ძველი სამოსი და ასე დაშორდნენ ერთმანეთს ის და უპოვარი ბერი, რომელიც გაკვირვებული იყო იოანეს უცნაური საქციელით.
ჩავიდა იოანე კონსტანტინეპოლში და მიადგა თავის სახლს, სადაც დაიბადა და გაიზარდა, სადაც მისი მშობლები მსახურებთან ერთად ცხოვრობდნენ. გალავნის გარეთ დაჯდა ნეტარი იოანე და დაელოდა გათენებას, რომ გამოსულიყო ვინმე და ჭიქა წყალი ეთხოვა. დილით, როცა მსახური გამოვიდა, ნახა კართან ვიღაც გლახაკი, რომელიც წყალს ითხოვდა. მისცა წყალი და უბრძანა, ამდგარიყო და წასულიყო, რადგან სახლის პატრონს ამ კარში უნდა გამოევლო, რომ იმპერატორთან წასულიყო სამსახურში და როცა ნახავდა იქ მჯდომ გლახაკ მათხოვარს, მსახურებს უსაყვედურებდა.
იოანემ სთხოვა მსახურს, იქნებ მოეხსენებინა სახლის პატრონისთვის და ეთხოვა, არ გაეგდოთ ამ ადგილიდან. სახლის პატრონი მოვიდა და ნახა გლაკახი, რომელსაც დაწყლულებული ჰქონდა სხეული და ბერის დაფლეთილი სამოსი ემოსა. შეებრალა გლახაკი და ბრძანა, გალავნის შიგნით ერთი ოთახი მოუწყვეთ და დააპურეთ ჩემი სუფრიდან, რასაც მე მივირთმევ, მასაც იგივე აჭამეთო.
ნეტარმა იოანემ მადლობა შესწირა ღმერთს თავისი მამის ღვთივსულიერების გამო. შეიყვანეს გალავნის შიგნით და კარიბჭესთან მისთვის ოთახი მოაწყვეს. სახლის პატრონის ცოლს წირვაზე უნდოდა წასვლა, მაგრამ იმ გლახაკის ეშინოდა, რომელიც კარიბჭეში ცხოვრობდა და მოსამსახურეებს წირვაზე გაცილება სთხოვა. ის კი არ იცოდნენ არც ცოლმა და არც ქმარმა, რომ ის გლახაკი, რომელსაც ისინი გაურბოდნენ, მათი ღვიძლი შვილი იყო, მოღვაწეობით და ღვთის დიდებით დაუძლურებული და დაგლახაკებული. "ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა", ბრძანებს უფალი.
ასე უვლიდნენ წლების განმავლობაში მშობლები საკუთარ შვილს, რომელზეც წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. გამოეცხადა იოანეს უფლის ანგელოზი და ახარა: "ღირს ხარ შენ იოანე შობილთა შორის, რომელსაც გიძლევიეს დრაკონისა, რომელი მძვინვარებს და კრთის უბრალოებისა და სიგლახაკისა შენისადმი, უფალი ღმერთი კი, რომელი მიგელის სასუფეველსა ღვთისასა, ანგელოზთა თანა თვისთა შეერთებასა". გაემზადე, სამ დღეში შენს წმინდა და სპეტაკ სულს მიიბარებს ღმერთიო.
ნეტარმა იოანემ ზიარება ითხოვა, ეზიარა იესო ქრისტეს უხრწნელი სისხლით და ხორცით და იგრძნო მოახლოებული განსასრული. გადაწყვიტა, დედას დალაპარაკებოდა, თუმცა იცოდა, რომ საკუთარ დედას მისი ეშინოდა. წარმოუდგენელი იყო, ოჯახის პატრონი ქალბატონი მას მიჰკარებოდა. მაშინ ნეტარმა იოანემ მსახურის პირით დანაბარები გაუგზავნა დედას, იქნებ მოხვიდეთ, რაღაც საიდუმლო მაქვსო თქვენთვის სათქმელი.
ქალბატონი საგონებელში ჩავარდა, ნუთუ რა შეიძლებოდა ჰქონოდა სათქმელი მისთვის ერთ უპოვარ ბერს, რომელიც საცაა ამ ქვეყნიდან გავიდოდა, მაგრამ შეეცოდა და გადაწყვიტა, მასთან მსახურის თანხლებით მისულიყო, რადგან იოანეს დაუძლურებული სხეულით გადაადგილება აღარ შეეძლო. მივიდა თეოდორა ბერთან. რა იცოდა, რომ ეს გლახაკი მისი უსაყვარლესი, ნაბოლარა შვილი იოანე იყო. როგორც კი დაინახა იოანემ თეოდორა, ცრემლები წამოსცვივდა და დედას თავისი უსაყვარლესი ბიბლია დაუბრუნა, რომელიც ოქროს ყდით შემოსეს მშობლებმა და იოანეს უსახსოვრეს. ამით ცდილობდა ნაწილობრივ დანაშაულის გამოსყიდვას იმისთვის, რომ მშობლები თავისი გაუჩინარებით ანერვიულა.
თეოდორას ეცნო წიგნი, მაგრამ განსაკუთრებული ემოცია არ გამოუხატავს. ერთი სული ჰქონდა, სახლში დაბრუნებული მეუღლისთვის ეჩვენებინა, თუ რას ნიშნავდა გლახაკი ბერისგან ამ წიგნის ჩუქება. როცა ქმარი შინ დაბრუნდა და ნახა წიგნი, რომელიც გლახაკმა მის ცოლს უსახსოვრა, შეფიქრიანდა, თითქოს რაღაცას ახსენებდა ეს წიგნი. მას არაფერი შეუმჩნევია და არაფერი აგრძნობინა ცოლს, მაგრამ მთელი ღამე მოსვენება დაკარგა, ვერაფრით იხსენებდა, რატომ ეცნობოდა ეს წიგნი, რომელიც ხელში ეჭირა და ხან იქით გადაატრიალებდა, ხან აქეთ. ბოლოს ცოლსაც გამოუტყდა და უთხრა, ჩვენ რომ იოანეს რომ ვაჩუქეთ, იმ წიგნს მაგონებს და იქნებ შენც დააკვირდე, ხომ არაფერი გახსენდება, თუ როგორი იყო ის წიგნიო.
ცოლმაც იგივე ეჭვი რომ დაადასტურა, გადაწყვიტეს, ერთად სწვეოდნენ სასიკვდილოდ განწირულ გლახაკ მონაზონს, რომელიც დღე–დღეზე წარუდგებოდა თავის უფალს. მივიდნენ და ჰკითხეს, წლების წინ ჩვენ შვილი დავკარგეთ, არ ვიცით არც მისი სამყოფელი და არც ის, ცოცხალი არის თუ არა, მაგრამ თითქმის დარწმუნებულები ვართ, რომ ეს წიგნი მისი საკუთრებაა და ვერ გაგვიგია, თქვენს ხელში როგორ აღმოჩნდა, ხომ არაფერი იცით მის შესახებ ან ხომ არაფერი გსმენიათო.
მაშინ თვალზე ცრემლმომდგარმა იოანემ ყველაფერი უამბო თავის მშობლებს, რომლებმაც მართლაც აჩუქეს სწორედ ეს წიგნი. შეახსენა იმ ფულის ისტორია, თითქოს მეგობრების გასამასპინძლებლად რომ უნდოდა, თუ როგორ გაუჩინარდა, მიუხედავად იმისა, რომ მამამ მას მსახური მიუჩინა. მაშინ მიხვდნენ ყველაფერს მისი მშობლები და ბრძანეს, სასახლეში გადაეყვანათ. განმოსეს მომაკვდავი დაფლეთილი ტანსაცმლით და შემოსეს უძვირფასესი, სამეფო სამოსით.
იოანე ამის საშინელი წინააღმდეგი იყო, მაგრამ იმდენად იყო დაუძლურებული, რომ წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო, ამიტომ ამ ყველაფერზე თვით ღმერთმა იფიქრა და მოხდა უდიდესი სასწაული: მიწა იძრა და ნახევარი ქალაქი მიწასთან გასწორდა. იმ დღესვე ჩვენებით გამოეცხადა მშობლებს უფლის ანგელოზი და უბრძანა, ჩემს მონას იოანეს ისევ ის შემოსეთ, რაც ემოსა და ისევ იქ დააწვინეთ, საიდანაც გადმოიყვანეთ, რადგან სხვაგვარად ეს განსაცდელი არაფერი იქნება იმასთან, რაც მთელ იმპერიას მოელისო.
შეშინებულმა მშობლებმა ყურად იღეს ანგელოზის გამოცხადება და მართალია, უძნელდებოდათ ამის გაკეთება, მაგრამ ღვთის ბრძანებას წინ ვინ აღუდგებოდა. გადაიყვანეს იოანე თავის სენაკში, სადაც მიაბარა სული თვისი უფალს, რომელსაც ელოდა ამდენი წლის განმავლობაში. მწუხარებამ მოიცვა მშობლებიც, ძმებიც, მთელი სახლეული, მოსამსახურეები, ვისაც ახსოვდათ იოანე, ვიდრე მღვიძარეთა მონასტერში წავიდოდა და ისინიც, რომლებმაც ბოლო წლებში გაიცნეს იოანე გლახაკი.
სასწაულები არ წყდებოდა დაკრძალვამდე და დაკრძალვის შემდგომაც. მემატიანე გვამცნობს, რომ ხეიბრები წმინდანის ცხედართან შეხებით იკურნებოდნენ, ბრმებს თვალისჩინი უბრუნდებოდათ, ეშმაკეულები თავისუფლდებოდნენ ბოროტი სულებისგან. ანდერძის თანახმად იქვე, საკუთარ სენაკში დაასაფლავეს. დაკრძალვას ესწრებოდნენ იმპერატორიც და პატრიარქიც, მთელი ქალაქის სამღვდელოება და არა მარტო ქალაქის.
მშობლებმა საფლავზე უზარმაზარი ტაძარი ააშენეს და თავიანთი ქონების ნახევარი მოწყალებად გასცეს გაჭირვებულებისთვის. მოგვიანებით მათაც მიაბარეს სული თვისი შვილის, იოანეს მსგავსად უფალს და მათაც შვილთან ახლოს ისურვეს სამუდამო განსასვენებელი, რაც ყოვლადწმინდა სამების კურთხევით აღესრულა კიდეც.
მფარველი, მეოხი და მწყალობელი ჩვენდა წმინდა იოანე გლახაკი, რომელმაც საკუთარი სიგლახაკით და ღვაწლით მოიმუშაკა ცათა სასუფეველი, ადგილი ღვთის წიაღში. ახლა კი ჯერი ჩვენზეა, გვეწეოდეს წმინდა იოანე, ამინ.
3. "არამედ ეკრძალენით თავთა თქუენთა. უკუეთუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, შეჰრისხენ მას; და უკუეთუ შეინანოს, მიუტევე მას".
ყურადღებით იყავით საკუთარი თავის მიმართ. თუ საკუთარი ძმა ცუდს გაგიკეთებს, უსაყვედურე მას ამ საქციელის გამო, ხოლო თუ შეინანებს ჩადენილ საქციელს, მაშინ შეუნდე და აპატიე. ყველა ჩვენგანი რომ ვფიქრობდეთ საკუთარი უკეთურობების და ნაკლოვანებების გამოსწორებაზე, ჩვენ ირგვლივ ყველაფერი ჰარმონიულად იქნებოდა, მაგრამ ჩვენ საკუთარ თავზე იმდენს არ ვფიქრობთ, როგორც სხვებზე, სხვის ნაკლოვანებებზე და იმიტომაც არ გვაქვს სიმშვიდე. სხვას იოტისოდენასაც კი არ ვპატიობთ და ვანგარიშობთ, საკუთარ თავს კი ყველა ანომალიას ვუწონებთ.
4. "და ღათუ შვიდ გზის დღესა შინა შეგცოდოს და შვიდ გზის მოაქციოს და გრქუას შენ: შევინანე, მიუტევე მას".
თუ შენი ძმა შესცოდავს შენ წინაშე ბევრჯერ და იმდენჯერვე მოვა და შენდობას გთხოვს შეცოდების გამო, მიუტევე. "შვიდ გზის შინა მიუტევე". ეს არის იუდეველთა სიმბოლური საზომი ერთეული, რომელიც გადატანითი მნიშვნელობით ნიშნავს მიტევებას უთვალავჯერ. "პეტრე მიუახლოვდა იესოს და უთხრა: უფალო, რაოდენ გზის შემცოდოს ძმამან ჩემმან, და მიუტეო მას? ვიდრე შვიდ გზისამდეა?" (მთ. 18, 21). ცნობილია, რომ ფარისევლები უტევებდნენ სამგზის, პეტრემ სამი გაზარდა შვიდ გზისამდე, რადგან პეტრესთვის შვიდი იყო სიმბოლური რიცხვიც და თანაც მისთვის ეს ციფრი იყო სრულყოფილების სიმბოლოც. წმ. გრიგოლ ნოსელი თავის ერთ–ერთ ნაშრომში საუბრობს შვიდ რიცხვზე, როგორც ღმერთმა შექმნა ექვს დღეში და მეშვიდე დღეს განისვენა ყველაფრისგან, ასევე ღვთიური საქციელია ისიც, ვინც შვიდ გზის მიუტევებს. მოკლედ, ღმერთი მზად არის, მოგვიტევოს შვიდჯერაც და სამოცდაათგზის შვიდჯერაც, თუ ჩვენ სინანული გვექნება. ხშირად ისმის, მაგისი რა უნდა დავიჯერო, შესცოდავს, მივა ტაძარში, მოინანიებს, მერე კიდევ შესცოდავს, კიდევ მოინანიებს და ასე დაუსრულებლადო. ეს ადამიანი საკუთარ თავს კი არ უყურებს, თვითონ ერთხელაც რომ არ ითხოვს შენდობას. მთავარი მისთვის სხვისი განკითხვა და სხვაზე ჭორაობაა, თორემ მისთვის მთავარი ის კი არ არის, სხვამ რამდენჯერ მოინანია საკუთარი შეცოდება.
5–6. "და ჰრქუეს მოციქულთა უფალსა: შემძინე ჩუენ სარწმუნოებაი, ჰრქუა მათ იესო: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაი, ვითარცა მარცუალი მდოგვისაი, არქუთმცა ლეღუსულელსა ამას: აღიფხუერ და დაენერგე ზღუასა შინა, ისმინამცა თქუენი".
უთხრეს მოციქულებმა უფალს: შეგვძინე ჩვენ, უფალო, რწმენა ღვთისა. იესომ კი მიუგო: რომ გქონდეთ მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა, ამ ლეღვის ხეს ეტყოდით: აღსდექ ამ ადგილიდან და მიდი, ფესვი გაიკეთე ზღვაშიო, დაგემორჩილებოდათ. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა წმინდა იოანე გლახაკისგან განსხვავებით არის სარწმუნოების არქონა. არ გვჯერა სათანადოდ ღმერთის, ვინაიდან, რომ გვჯეროდეს, უამრავ სასწაულს მოვახდენდით ჩვენი რწმენით. დღეს სასწაულებს ახდენს უფალი, ჩვენ კი უნებლიეთ ამ სასწაულების მომსწრენი ვხდებით.
7–8. "ვის–მე თქუენგანსა მონაი ესუას მხვნელი გინა მწყემსი, რომელიმცა მოვიდა ველით და მეყსეულად ჰრქუა მას: წარმოხედ და დაჯედ? ანუ არა–მე ჰრქუასა მას: მზამიყავ მე, რაითა ვისერო, და მოირტყენ და მმსახურებდ მე, ვიდრემდე ვჭამო და ვსუა, და ამისა შემდგომად ჭამე და სუ შენცა".
რომელი თქვენგანი, რომელსაც ჰყავს მოსამსახურე და უხდის ხელფასს და რომელიც წასულია ნაკვეთში მიწათმოქმედებისთვის ან მწყემსავს თქვენს ფარას, შინ დაბრუნებულს ეუბნებით, დაჯექი, ჭამე და მერე მიხედე დანარჩენ საქმეებს. თუ ეუბნებით, მომიმზადე მე, ვჭამო და ამის შემდეგ დაიხადე ფეხზე, დაიბანე, მოწესრიგდი და შენც შეჭამე.
9–10. "ნუუკუე მადლ–იპყრასა მონისაი მის, რამეთუ ყო ბრძანებაი მისი? არა ვჰგონებ. ეგრეცა თქუენ, ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი; რომელი თანა–გუედვა ყოფად, ვყავთ".
როგორ ფიქრობთ, მადლობელი უნდა დარჩეს ბატონი თავისი მსახურის, რასაც უბრძანებს და გაუკეთებს? არ მგონია. აგრეთვე თქვენც, როცა ასრულებთ ღვთის ბრძანებას, ამბობთ: ვართ ცოდვილები და უღირსნი მონანი უფლისანი, ვაკეთებთ იმას, რაც გვაქვს ნაბრძანები, რომ გავაკეთოთ. მოციქულები, რომლებიც ქადაგებდნენ ღვთის სიტყვას, თავს მართლაც იგდებდნენ საფრთხეში, თუმცა საკუთარი ძალით არაფერს აკეთებდნენ, ყველაფერს ღვთის შეწევნით. ამიტომაც მაცხოვარი ცდილობს, დაამდაბლოს და აგრძნობინოს, რომ ეს ყოველივე მათი მონდომებების კი არა, ღვთის შემწეობის შედეგია. თავმდაბლობა, ეს არის აუცილებელი, რადგან მუშა რაც უფრო დაცლილი იქნება ეგოიზმისგან, მით მეტად იქნება აღსავსე ბატონის გულისხმიერებით, აღსავსე მადლისმიერ სულისა წმინდისა.
რაც არ უნდა გავაკეთოთ, სრულყოფილები მაინც ვერ ვიქნებით უფლის წინაშე, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს, რადგან თუ ვასრულებთ ღვთის კანონებს, ნიშნავს, რომ სრულყოფილების გზას ვადგავართ. ეს კი უკვე წარმატებაა. სულ მუდამ გვეწეოდეს ღვთიურ საქმეში წმინდა იოანე, გლახაკი ხორცით, მდიდარი კი სულით. ამინ.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"დეპრესიის დროს ადამიანი ღირსებას კარგავს"
დღეს თამარობაა
ხსენება წმინდისა ახალმოწამისა გრიგოლ მეხუთისა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისა
კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება












დღეს ამაღლებაა
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება 

დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ცხოვრება წმინდისა მამისა ათანასე დიდისა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ნიკოლოზობას აღნიშნავს
მეუფე იაკობმა უდაბნოს მონასტრის ნიშთან შეკრებილ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა
უდაბნოს მონასტრის ნიშთან პარაკლისი სრულდება
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა
აზერბაიჯანელები გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აღარ ჩანან
მეუფე იაკობი - სასულიერო პირების მიმართ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კორექტულები არიან
პატრიარქის პატარა სტიქაროსანს ორივე ფეხზე პროთეზი უკეთია 






















































































