asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

წყალზე აგებული ტაძარი იორდანეს მადლიანი ქვით
მამა ილია: "რასაც რწმენით შეეხები, ყველაფერი განგკურნავს"
წყალზე აგებული ტაძარი იორდანეს მადლიანი ქვით

2012-02-09 00:07:52



თბილისში, ავჭალის დასახლებაში, შარშან, გასული წლის 19 იანვარს, ნათლისღებადღეს, ახალი ტაძარი აკურთხეს. ეკლესია მთლიანად წყალზე დგას, სადაც კალმახები ბინადრობენ. მიწიდან ამომავალი წყალი შენობის შუა ნაწილში პოულობს გზას და მერე გარეთ გამოდის.
შენობის საძირკველი და კედლები, სადაც ეკლესია გაიხსნა, თითქმის ორი საუკუნის წინ არის აგებული. ათეულობით წლების განმავლობაში იქაურობა "წყალკანალის" საკუთრება იყო და თბილისის გარკვეული ნაწილი იქიდან სასმელი წყლით მარაგდებოდა. გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან კი "წყალკანალის" თანამშრომლებმა შენობა მიატოვეს. განადგურებული და ჭაობად ქცეული ადგილი საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ნახეს და იფიქრეს, რომ იქ ნამდვილი წმინდა სავანე შეიძლებოდა გაშენებულიყო. შენობა შეაკეთეს, ეკლესიის ფორმა მისცეს, ჭაობად ქცეული წყალი გაწმინდეს და იქ ოქროსფერი კალმახები გაუშვეს. ტაძრის შუაში ამოხეთქილ წყალში ემბაზი – მოსანათლი ადგილი მოაწყვეს და შიგ მდინარე იორდანედან ჩამოტანილი მადლის ქვა ჩადეს. ახლა ეს ადგილი მნახველს საოცარ სიმშვიდეს ჰგვრის. 19 იანვარს იქ ე.წ. განბანის რიტუალი ტარდება.
სახარების თანახმად, იოანე ნათლისმცემელმა ისრაელში, მდინარე იორდანეში იესო ქრისტე მონათლა. მაცხოვარმა მდინარეში შესვლით წყლის სტიქია აკურთხა და, თუ აქამდე წყალი მხოლოდ ფიზიკურად განწმენდდა ადამიანს, ამის შემდეგ მას სულიერი განწმენდის ძალაც მიენიჭა. ითვლება, რომ ვინც ზამთრის ამ ცივ დღეს მოძღვრის კურთხევით წყალში განიბანება, სულიერი და ხორციელი დაავადებებისგან განიკურნება.
ავჭალაში წყალზე აგებულ ტაძარს მაცხოვრის ნათლისღების სახელი ეწოდა. მონასტერში ბერები ცხოვრობენ. ერთი წლის გახსნილ ეკლესიას უამრავი მრევლი ჰყავს და მოსანათლადაც ბევრი აკითხავს. "სარკე" ბერ–მონაზონს, მამა ილიას ესაუბრა.
– ეს რა წყალია, მამაო და საიდან მოდის?
– ეს არის გრუნტის წყალი, მიწიდან ამოედინება. გამდინარე წყალია. ტაძრის შუაში ამოდის, გარეთ გამოდის. ტაძრის ეზოდან ვიწრო ზოლად მიდის და აქვე, მდინარე მტკვარში ჩაედინება. სუფთა წყალია, დასალევად გამოსადეგი.
– ამ შენობის ისტორია როგორია, სადაც ეკლესია დაარსდა?
– კედლები და საძირკველი გერმანელებმა ააშენეს დაახლოებით 1850 წელს. გასული საუკუნის 90–იან წლებში აქაურობა მიატოვეს და ყველაფერი განადგურებული იყო, წყალი – დაჭაობებული. კაციშვილი არ ჭაჭანებდა. დაახლოებით 3 წლის წინ დაიწყო თითქმის თავიდან აშენება. უწმინდესის კურთხევა იყო, რომ ამ ადგილას ტაძარი ყოფილიყო. მთელი ეკლესია ფაქტობრივად სულ წყალზე დგას. შენობის ქვემოთ 8–10 მეტრი სიღრმის ავზებია. ცოტა მოშორებით აპირებდნენ ეკლესიის აშენებას, მაგრამ სიღრმეში რომ ჩავიდნენ, წყალმა ამოხეთქა და მერე უწმინდესმა გადაწყვიტა, არსებული საძირკველი და კედლები გამოეყენებინათ. არც ჭერი ჰქონდა, არც – იატაკი. აშენდა ტაძარი და, კი ხედავთ, როგორი სასიამოვნო და დამამშვიდებელი გარემოა. სასწაული მოფიქრებაა, რომ აქ ტაძარი ყოფილიყო. ჯერ კიდევ არ არის დასრულებული აქაურობის მოწყობა. მხოლოდ 2–3 წელია, რაც აქ მშენებლობა დაიწყო.
– კალმახები იყო თუ თქვენ გაუშვით წყალში?
– ჩვენ გავუშვით. წყალი ცივია და გამდინარე. კალმახს ასეთი წყალი უყვარს. თითქმის სულ გარეთ არიან, მაგრამ როცა ტაძარში ნათლობის რიტუალი ტარდება, მაშინ შემოდიან.
– ამბობენ, რომ ბერთას მონასტერში კალმახები ადამიანებს დაავადებულ ადგილას ეხებიან და იკურნებიან. აქაც შეგინიშნავთ მსგავსი რამ?
– არა. არა მგონია, კალმახს ჰქონდეს მაკურნებელი ძალა. ადამიანის რწმენის მომენტია მხოლოდ. რასაც რწმენით შეეხები, ყველაფერი განგკურნავს. როგორი რწმენაც გაქვს, ისეთ შედეგსაც იღებ.
– ეს ოქროსფერი თევზებიც კალმახებია?
– კი, ეს ამერიკული ჯიშის კალმახებია.
– ბერები თუ მიირთმევთ ამ წყალში გაზრდილ თევზს?
– არა, აქ ეს კალმახები მხოლოდ სილამაზის გამო გვყავს.
– გარშემო აქაურობა კლდოვან ადგილს ჰგავს.
– არა, არ არის კლდოვანი ადგილი. პირიქით, წყლის ქვემოთ ისეთი ნიადაგია, ფეხი რომ ჩადგათ, შეიძლება ჩაიფლათ. ამიტომ ბეტონის ფილებია ჩაწყობილი.
– ასეთ ნიადაგზე რა აჩერებს ამხელა შენობას?
– კარგი საძირკველი. ძალიან ღრმად დგას შენობის საძირკველი. თავიდანვე ქალაქისთვის წყლის მოსამარაგებლად აშენდა და კომუნისტების დროსაც ეს ფუნქცია ჰქონდა.
– მამაო, წყალში ხურდა ფული ყრია. ეს რას ნიშნავს?
– არაფერს. უკვე ბევრი დადის საზღვარგარეთ და ეს ევროპული ცრურწმენაა. ზოგი იმიტომ აგდებს, რომ სურვილი აუსრულდეს, ზოგს უნდა აქ კიდევ დაბრუნდეს. ვუშლით, რადგან ჩაგდების დროს შეიძლება თევზმა ჩაყლაპოს.
19 იანვარს ჩვენი ტაძრის დღესასწაულზე ეზოში განბანის რიტუალი ჩატარდა შთაფვლით. დაახლოებით ისეთივე ქმედებაა, როგორიც იოანე ნათლისმცემელმა ქრისტეს მიმართ მოიმოქმედა.
– წყალი ხომ ძალიან ცივია?
– 19 იანვარს წყალი ცივი არასოდეს არის და არავინ ცივდება. საკმაოდ ბევრი იყო ამ დღეს განბანვის მსურველი. ეს რიტუალი მოძღვარმა უნდა ჩაატაროს. რომელ მონასტერსაც ამის საშუალება აქვს, ყველა ატარებს. ჩვენ კი ამის საოცარი საშუალება გვაქვს. ყველა ადამიანს შეუძლია ამ რიტუალში მონაწილეობა. რა რწმენითაც ჩახვალ ამ დღეს წყალში, ისეთ ძალას მიიღებ. ზოგი რწმენით ჩადის, ზოგი – ინტერესის გამო. რომც არ სწამდეს ადამიანს, არცერთ შემთხვევაში არ გაცივდება, რადგან ამ დღეს მთელი წყალი განწმენდილია. მონათვლის დროსაც გვაქვს საშუალება წყალში სრული შთაფვლის. აქ მოსულებიდან ზოგი სულიერად ისვენებს, ზოგი – გონებრივად, ზოგი – თვალით და ზოგი – აზროვნებით. ბევრი გაბრაზებულ–განერვიულებული ადამიანი მინახავს შემოსული და მერე უთქვამთ, აქ ისე დავმშვიდდი, თვითონაც ვერ მივხვდიო. თევზების ყურება დამამშვიდებლად მოქმედებს.
პატრიარქი რამდენჯერმე იყო აქ და ძალიან მოსწონს თევზები, ცხოველები, მცენარეები... ჩვენს ეზოში აკაციის ხეები დგას, რომლებიც საპატრიარქომ გვაჩუქა. ყველა მონასტერს განსაკუთრებული თავისებურება და მადლი აქვს. ჩვენთვის ეს ალბათ მონასტერში მდებარე ბუნებრივი წყლის ემბაზია. მადლი ყველგან ერთნაირია, გააჩნია, ვინ როგორ აღიქვამს. მადლი კი ადამიანის რწმენას და საქციელს მოაქვს. არ არსებობს ადამიანი, რომელიც მადლს არ იღებდეს. ვინ როგორ აღიქვამს, როგორ მიიღებს და გამოიყენებს, იმას აქვს მნიშვნელობა.
– წყლის ნაპირზე ნავი დგას. რა ნავია?
– ეს ნავი ზუგდიდელმა მოძღვარმა, მამა ანტონმა გააკეთა და გვაჩუქა. წყალში გვქონდა ჩაშვებული სილამაზის გამო, მაგრამ დაზიანდა, წყალი შედის. შევაკეთებთ და ისევ ჩავუშვებთ.
გაზაფხულზე უფრო ლამაზია აქაურობა. დიდი მინდორი გვაქვს და ვარდები, მცენარეები. ეკლესიის გვერდით დარბაზს ვაშენებთ და გვინდა, იქ შაბათობით საღვთისმეტყველო ლექციები ჩავატაროთ. ეზოში, წყლის გარშემო, გვინდა ზოლი გავაკეთოთ და დასასვენებელი ადგილი მოვაწყოთ. აბსოლუტური სიმშვიდე და სიწყნარეა, რაც ადამიანებზე დადებითად მოქმედებს.
ტაძრის შუაგულში, მოსანათლ ემბაზში, მდინარე იორდანედან წამოღებული თეთრი ქვა გვიდევს. ტაძრის წინამძღვარმა, მამა იოანემ ჩამოიტანა. იქიდან კი წამოიღო, მაგრამ მერე საზღვარზე შეექმნა დიდი პრობლემები – არ ატანდნენ. ღვთის წყალობით, მოახერხა მისი ტაძრამდე მოტანა. მდინარე იორდანე მადლიანი ადგილია და იქიდან წამოღებული ქვაც, რა თქმა უნდა, დიდი მადლის მატარებელია. ისე დევს, რომ ხალხი მის დანახვას და შეხებას ვერ ახერხებს. გვინდა, ხატთან დავდოთ, რომ ყველა შეეხოს.
რუსუდან ადვაძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online