asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვინც ღმერთს არის მინდობილი, თვით ღმერთი ზრუნავს მასზე
სადღესასწაულო სახარების განმარტება
ვინც ღმერთს არის მინდობილი, თვით ღმერთი ზრუნავს მასზე

2012-02-07 00:09:07



ღირსი მამა თეოდოსი დიდი (კინოვიარხოსი)
სადღესასწაულო სახარებას განმარტავს პროტოდიაკონი, მამა მირიანი (სხირტლაძე)
სახარება მათესი.  მე-11 თავი. 27–30 მუხლები
ალბათ გამართლებული არ იქნება, დაწვრილებით რომ არ მოგითხროთ ისეთ დიდ საეკლესიო მოღვაწეზე, როგორიც წმინდა თეოდოსი დიდია (კინოვიარხოსი). კინოვიარხოსი ნიშნავს მონასტრული წყობის ერთ–ერთ მიმართულებას, სახეს, ანუ არსებობდნენ მონასტრები, ლავრები, სადაც ბერები მონასტრის საერთო ტიპიკონის, წყობის შესაბამისად კი არ ცხოვრობდნენ, არამედ თითოეული მათგანი ინდივიდუალური წესის თანახმად. კინოვიარხული მონასტერი კი ნიშნავს, რომ ყველა მისი წევრი ერთ საერთო მონასტრულ წესს და კანონს ემორჩილება, მონასტრის კანონი ყველასთვის ერთნაირია. სწორედ ასეთი მონასტრული ცხოვრების ფუძემდებლად ითვლება წმინდა თეოდოსი დიდი.
წმინდანი დაიბადა კაბადოკიაში, სოფელ მოღარისოში მეხუთე საუკუნის პირველ ნახევარში. როგორც ცნობილია, მისი მამა ყოფილა პროერესიოსი, დედა კი ევლოგია, რომელიც თეოდოსის სახლიდან წასვლის შემდეგ მალევე მონაზვნად აღკვეცილა. მშობლების ღვთისმოსაობა გახდა წმიდა მამის ბერულ გზაზე შედგომის მიზეზი. წმინდანი ჯერ კიდევ სოფელში, მშობლებთან ერთად იზრდებოდა და ყალიბდებოდა ღვთისმოსავად, მოსაგრედ. არაფერი ამქვეყნიური მას არ იზიდავდა, გარდა ერთისა – წმინდა მიწის მოლოცვა ჰქონდა მიზნად და დღედაღამ იმაზე ფიქრობდა, თუ როდის დადგამდა ფეხს წმინდა მიწაზე.
ერთხელაც ჭაბუკმა თეოდოსიმ გადაწყვიტა, ანტიოქიაში ჩასულიყო და წმინდა სიმონ მესვეტე მოენახულებინა, რათა მისთვის ეკითხა, თუ რა იყო ღვთისთვის სათნო მის ცხოვრებაში. როცა სვეტს მიუახლოვდა, სადაც წმინდა სიმონი მოსაგრეობდა, იხილა პირველი სასწაული – გადმოდგა სვეტიდან წმინდანი და შესძახა: "კეთილი იყოს შენი მობრძანება, ღვთისკაცო თეოდოსი!" გაოცდა ახალგაზრდა თეოდოსი, იხილა რა წმინდა მამის სასწაულებრივი ჭვრეტა. ეწვია სვეტზე წმინდა მამას და მდაბლად თაყვანი სცა. სიყვარულით და მამობრივი მზრუნველობით მიიღო წმინდა სიმონმა ახალგაზრდა თეოდოსი და უწინასწარმეტყველა, რომ დააარსებდა კინოვიალურ მონასტერს და უამრავ სულს გამოსტაცებდა უხსენებელ ეშმაკს ამ მონასტრის მეშვეობით.
გამოემშვიდობა თეოდოსი წმინდა მამას და ანოტიოქიიდანვე დაადგა გზას იერუსალიმისკენ, მიაღწია წმინდა ქალაქში, თაყვანი სცა წმიდათაწმიდა ადგილს, სადაც მაცხოვრის საფლავი მდებარეობდა და სიკვდილამდე იქ დარჩენა და მოღვაწეობა გადაწყვიტა. იფიქრა, მარტო გაეგრძელებინა მოსაგრეობა თუ რომელიმე მონასტერში მისულიყო და ვინმე ღვთივგაბრძნობილ მოძღვარს დამოწაფებოდა.
ამ ფიქრებში იყო, როცა ერთ–ერთი მხედართმთავრის ერთი ბრძნული შეგონება გაახსენდა: "დამწყები ჯარისკაცი, ვიდრე ბრძოლის ველზე გავიდოდეს და მტერს დაუპირისპირდებოდეს, მიდის გამოცდილ მხედართმთავართან, სწავლობს მისგან მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და იწყებს მზადებას. მხოლოდ მომზადების შემდეგ გამოდის ბრძოლის ველზე". როგორ შემიძლია მე, უსწავლელმა და გამოუცდელმა ღვთის მონამ, წინააღმდეგობა გავწიო უხორცო და უცბიერეს დემონთან, ამიტომ ჯერ დავემოწაფები ჩემზე გამოცდილ მოძღვარს და როცა შევძლებ, დამოუკიდებლად გავუმკლავდე ღვთის მტერს, მაშინ დავადგები უდაბნოს გზას სამოღვაწეოდო.
თეოდოსმა მოძებნა იერუსალიმის გარეთ მდებარე ერთ–ერთი პატარა მონასტერი, რომელსაც წინამძღვრობდა საკმაოდ გამოცდილი მოძღვარი ლონგინოზი, სავსე სულითა და ჭეშმარიტებით, თავმდაბალი და ღვთივკურთხეული. მან დაიმოწაფა ახალგაზრდა თეოდოსი და მონასტრის გარეთ სენაკი მიუჩინა, რომ მისი მორჩილება და სულიერი სიმტკიცე გამოეცადა.
ახალგაზრდა თეოდოსიმ თავისი მოშურნე მოღვაწეობით და ღვთისმოსაობით მალე გაითქვა სახელი და უამრავი ადამიანი ცდილობდა მასთან სიახლოვეს, არა მარტო ერის ხალხი, არამედ საეკლესიო პირებიც და გამოცდილი მეუდაბნოეებიც. ცდილობდა, მხოლოდ ის ეკეთებინა, რაც ღვთისთვის იყო სათნო და მოსაწონი. მოსწონდა ცრემლებით ლოცვა, ხშირად ლოცვაში ათენდებოდა. ყველას მორჩილი და უზომოდ თავმდაბალი იყო. ჭამდა მხოლოდ იმდენს, რომ სხეული არ დაავადმყოფებულიყო უჭმელობის გამო. მისი საკვები იყო ველური მინდვრის ფხალი, ფინიკის რამდენიმე ნაყოფი დღეში, რამდენიმე მარცვალი ბალი და ასე შემდეგ ხილი სეზონის მიხედვით.
უკვე იმდენი ხალხი იკრიბებოდა წმინდა მამის გარშემო, შეუძლებელი იყო სულიერი სიმყუდროვის შენარჩუნება. წმინდა მამას ჰქონდა წინასწარ ჭვრეტის უნარი, ყოველდღე ახსენებდა საკუთარ თავსაც და სხვებსაც გარდაცვალებას, გააკეთებინა კუბო და სენაკის შესასვლელში დაადგმევინა, რომ არასოდეს დავიწყებოდა სიკვდილზე, გარდაცვალებაზე ფიქრი. ღირსი მამა თეოდოსი მთელი მონასტრისთვის ერთადერთი ნუგეში იყო ღვთის შემდგომ. როცა მონასტერში უიმედობა შეიპყრობდა ყველას, წმინდა მამა გაჭირვებიდან გამოსავალს პოულობდა ღვთის კარნახით.
როცა მონასტრის მდგომარეობა გაუარესდა, არათუ საჭმელი, არამედ იმის პურიც კი არ ეშოვებოდათ, რომ საღვთო ლიტურგია შეესრულებინათ, შემდეგი სიტყვებით მიმართა მონასტრის ყველა წევრს ღირსმა თეოდოსიმ: "ნუ შიშობთ, განა არ გახსოვთ, ებრაელი ერი უდაბნოში როგორ დააპურა უფალმა ზეცით, როცა ხუთი პურით შეძლო მათი დაპურება! ჩვენ, უღირსებსაც, რომელნიც ასე ვუყვარვართ, არ დაგვტოვებს, განა არ გახსოვთ, როგორ გამოუგზავნა აბრაამს ცხვარი მსხვერპლშესაწირად!".
ამ სიტყვებიდან რამდენიმე საათში მონასტერში მოვიდა კაცი, რომელმაც ორი კალათით პური, ღვინო და სხვა საჭირო ნივთები შესწირა მონასტერს ისე, რომ მას არც ერთი მათგანი არ იცნობდა. ჰმადლობდნენ შემოქმედ ღმერთს იმ წყალობისთვის, რაც მოიღო მათ ზედა, რადგან სულთმოფენობის დღესასწაული ახლოვდებოდა.
კიდევ ერთი სასწაული, რომელიც თეოდოსი დიდის დროს მონასტრის საძმოს შეემთხვა: იმ დროს იერუსალიმში ერთი მდიდარი კაცი ცხოვრობდა, საქვეყნოდ განთქმული თავისი მოწყალეობით, თუმცა არასოდეს სწყალობდა ღირსი მამის მონასტერს. ყველას უკვირდა და ამბობდნენ, ნუთუ შესაძლებელია, ამ ადამიანისთვის რამე დაეშავებინათ წმინდა თეოდოსის მონასტრის წევრებსო.
ერთხელ, როცა მონასტერს თითქმის აღარ გააჩნდა სარჩო–საბადებელი, მონასტრის წევრები წუწუნს მოჰყვნენ და მიმართეს მამა თეოდოსის. ღირსმა მამამაც ჩვეული სიმშვიდით უპასუხა, ნუ შიშობთ, უფალს ყვავ–ყორნები არ დაუტოვებია, რომლებიც არც ხნავენ და არც თესავენ და თავის შვილებს უნუგეშოდ როგორ დააგდებსო. მომდევნო დღეს მონასტერთან ახლოს გზაზე სანოვაგით დატვირთული ურემი გაჩერდა და მეურმემ ფეხი ვერ მოაცვლევინა ხარებს, რათა ტვირთი დანიშნულების ადგილამდე მიეტანა. მაშინ თქვა მეურმემ, მივუშვებ და სადაც ღვთის ნება იქნება, ხარებიც იქ მივიდნენო. გაუშვა ურემი ხარების ჭკუაზე, რომელიც ხარებმა წმინდა თეოდოსის მონასტერს მიაყენეს. ამით განცხადდა ღვთის სასწაული და მიხვდა მდიდარიც, ვისიც იყო ურემიც და სანოვაგეც, რომ ცდებოდა, როცა მოწყალებას არ გასცემდა ღირსი მამა თეოდოსის მონასტრისთვის.
ღირსი მამის ლოცვით იმდენად გაიზარდა მონასტრის წევრების რაოდენობა, რომ საჭირო გახდა ახალი და უფრო დიდი მონასტრის აშენება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა არა მარტო სულიერი ავადმყოფების მკურნალობა, არამედ ხორციელად უძლურების მიღებაც და მოვლა–პატრონობაც. იმ მხარეში წმინდა თეოდოსის მონასტერმა სახელი გაითქვა როგორც ავადმყოფების მკურნალობის მხრივ, ასევე იმითაც, რომ მონასტერში არსებობდა მშიერთა სასადილო, რომელიც დღეში ასეულობით მშიერს უმასპინძლდებოდა.
ერთხელ ბერებმა გადაწყვიტეს, ხალხისთვის იმაზე ნაკლები საჭმელი მიეცათ, რასაც აძლევდნენ ხოლმე. ეშინოდათ, მათი საკუჭნაო არ დაცარიელებულიყო და მთელი მონასტერი მშიერი არ დარჩენილიყო. შეიტყო თუ არა ღირსმა მამამ ბერების გადაწყვეტილების შესახებ, მაშინვე მიაშურა სატრაპეზოს და მოინახულა საწყობიც. უბრძანა ბერებს, იმდენი საკვები მიეცით, რამდენსაც აძლევდით გაჭირვებულებს და უფალი არ დაგვტოვებს ისე, როგორც არ დატოვა ებრაელი ხალხი უდაბნოში, ილია წინასწარმეტყველს ყვავის პირით რომ უგზავნიდა საკვებს და უამრავი სხვა მაგალითი. ბერები განიკითხავდნენ ღირს მამას იმის გამო, რომ მონასტრის წევრებზე იმდენს არ ფიქრობდა, როგორც გარედან მოსულებზე. იმავე დღეს იმდენი საკვები გამოუგზავნა უფალმა, რომ სათავსოებშიც კი აღარ ეტეოდა.
ისე ნუ ჩათვლის ვინმე, თითქოს ღირსი მამა მხოლოდ თავისი უბრალოებით და გულმოწყალეობით იყო ცნობილი იმდროინდელი საქრისტიანოსთვის. ის იყო უგანათლებულესი, მჭევრმეტყველი და რიტორი. როცა არ ლოცულობდა ან კეთილი საქმით არ იყო დაკავებული, მაშინ კითხულობდა. განსაცვიფრებლად ერკვეოდა მსოფლიო მართლმადიდებლობის საჭირბოროტო საკითხებში.
როცა ღვთის მტრებმა ევტიხმა, დიოსკურემ და სევიროსმა მთელ მსოფლიოს თავს მოახვიეს ცრუ სწავლება იესო ქრისტეს შესახებ, თითქოს მას ერთი ბუნება ჰქონდა და არავითარ შემთხვევაში ღვთაებრივიც და კაცობრივიც და ამ ცრუ სწავლებით მართმლადიდებელი პატრიარქები, სასულიერო პირები და მათ შორის იმპერატორიც შეცდომაში შეიყვანეს, გადაწყვიტეს, იმპერატორის ხელით ემოქმედათ მეუდაბნოეთა წინააღმდეგაც.
იმპერატორმა მზაკვრული გეგმა დასახა. წმინდა თეოდოსი რომ ეცდუნებინა, მას გაუგზავნა ოქრო–ვერცხლი და წერილი, სადაც სწერდა, ეს არის კეთილ საქმეთა აღსასრულებლად და შეგიძლიათ ისე განკარგოთ, როგორც თქვენ გადაწყვეტთო. ღირსმა მამამ ეს სიმდიდრეც ისევე გამოიყენა მშიერთა დასაპურებლად, როგორც სხვა დანარჩენი შემოწირულობები და სამადლობელი წერილიც კი გაუგზავნა მეფეს იმ დიდი წყალობისთვის, რომელიც მონასტერს შესწირა მისმა უდიდებულესობამ.
ამის შემდეგ მალე მიიღო წმინდა თეოდოსიმ მეფის წერილი, სადაც იყო თხოვნა, რომ წმინდა მამას მხარი დაეჭირა და ეღიარებინა ევტიხის, სევიროსის და დიოსკურეს ცრუმოძღვრება იესო ქრისტეს ბუნების შესახებ, რამაც უზომოდ აღაშფოთა ღირსი მამა და იმ დღესვე ბრძანა, ყველა უდაბნოში მიმობნეული ბერი ერთად შეკრებილიყო და ემსჯელათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ბოლო სიტყვა მამა თეოდოსის მიანდეს, რომელმაც საოცარი სიტყვები წარმოთქვა: "უმჯობესია სიკვდილი, ვიდრე მცირედიც კი შევცვალოთ მამათა დანატოვარიდან ან სხვებს მოვუწოდოთ, რამე შეცვალონ იესო ქრისტეს ბუნებებთან დაკავშირებით, როგორც ეს დაადგინეს კრებებმა და ღვთივგაბრძნობილმა მამებმა. ევტიხი, დიოსკურე, სევიროსი და მათი მიმდევრები კი აკეფალები ანუ უთაოები არიან და მათ ნათქვამს არასერიოზულად აღვიქვამთ ჩვენი მხრიდანაც. ანათემა თითოეულ მათგანს".
მეფეს ეწყინა წმინდა მამის მიმართვა ერეტიკოსებისადმი, თუმცა აღარ დაუძალებია წმინდა თეოდოსისთვის, ხელი მოეწერა არასწორი სწავლებისთვის. მხოლოდ უსაყვედურა და თავის წერილში ცრუ და ორპირი უწოდა ღირს მამას. წმინდანმაც არ დააყოვნა და ახლა უკვე ამბიონიდან წარმოთქვა საოცარი სიტყვები: "ის, ვინც ეწინააღმდეგება ოთხ მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებს და სახარების ოთხთავს, წყეულიმც იყოს და შეჩვენებული".
უამრავი საინტერესო ისტორია არის დაკავშირებული წმინდა თეოდოსის სახელთან, რამდენიმე მათგანს ახლავე მოგახსენებთ: ერთ ქალს ძალიან ცუდი ორსულობა ჰქონდა, ნაყოფი ვერ მიჰყავდა ბოლომდე და რამდენჯერაც დარჩებოდა ფეხმძიმედ, იმდენჯერვე ეშლებოდა ნაყოფი მუცელშივე. ერთხელაც გადაწყვიტა, მისულიყო და წმინდა თეოდოსი ენახა. მივიდა ღირს მამასთან და სთხოვა, თუ დამლოცავ და ნაყოფი შემრჩება, შენს სახელს დავარქმევ და შენვე შემოგწირავ მონასტერში მსახურებისთვისო. მართლაც, დარჩა ქალი ფეხმძიმედ და გააჩინა ვაჟი, რომელსაც დაპირებისამებრ თეოდოსი უწოდეს და მონასტერში დატოვეს წმინდა მამასთან აღსაზრდელად.
როცა უკვე ღრმა მოხუცი იყო მამა თეოდოსი, მივიდნენ მასთან გლეხები და თავიანთი გასაჭირი უამბეს, კალია შემოგვესია და ნათესებს გვინადგურებს, იქნებ გვიშველო რამეო. მართალია, არ შეეძლო მოხუც თეოდოსს, მაგრამ ისე შეეცოდა გლეხები, წაიყვანა ორი ახალგაზრდა მონაზონი და წავიდა ნათესებში, რომ კალიებისა და მავნე მწერებისგან გაეთავისუფლებინა. ყანაში დაიჭირა ერთი კალია და ესაუბრა, თითქოს სულიერი იყო – ღვთის სახელით გიბრძანებ, ნათესებს პირი არ დააკარო არც შენ და არც შენნაირმა რომელიმე მწერმა; თუ გინდათ, რომ აქ ყოფნის უფლება მოგცეთ, მაშინ ის ბალახი ჭამეთ, რომლებიც ნათესების ზრდას უშლიან ხელსო. ასე გადაარჩინა გლეხების ნათესები მავნე მწერებისგან.
ამგვარი სასწაულები იმდენია, რომ ჩამოთვლა შეუძლებელია. წმინდა მამა ვის აღარ ეხმარებოდა, ზღვაში მოგზაურებს და ღელვაში მოყოლილებს, ხანძრისგან გადაურჩენია უამრავი ადამიანი, გვალვაში წვიმა მოსულა მისი ლოცვით. არა მარტო ადამიანებს ეხმარებოდა, არამედ პირუტყვსაც და ფრინველსაც. წინასწარ განჭვრეტის ნიჭიც ჰქონდა, თუ რამ არასასიამოვნო იყო მოსალოდნელი, წინასწარ გრძნობდა. ხშირად უთქვამს: "მოდი, ვითხოვოთ, ძმებო, ღვთისგან, რადგან ვხედავ ღვთის რისხვას, რომელიც მომდინარეობს აღმოსავლეთიდან უსწრაფესად".
კიდევ უამრავი შემთხვევაა დაკავშირებული წმინდა თეოდოსის სახელთან. როგორც ყველა მოკვდავს, მასაც დაუდგა ამ წუთისოფლიდან გასვლის დრო. თვითონვე იგრძნო, რომ სამი დღის შემდეგ გავიდოდა წუთისოფლიდან, მიაბარებდა უკვდავ სულს უფალს საუკუნოდ. სთხოვა სამ ეპისკოპოსს, მასთან მისულიყვნენ, რათა შენდობა ეთხოვა მათგან. მივიდნენ მღვდელმთავრები, რომლებიც მწუხარებას ვერ მალავდნენ იმის გამო, რაც უნდა მომხდარიყო. ღირსი თეოდოსი მოუწოდებდა მათ, კი არ ეგლოვათ მისთვის, არამედ ელოცათ, რადგან ახლოვდებოდა ის დრო, რასაც მთელი ცხოვრება ელოდა – უნდა შეხვედროდა იესო მაცხოვარს.
ამის შემდეგ მწოლიარემ აღაპყრო ხელები ზეცად და ილოცა წინაშე ღვთისა უკვდავისა, შემდეგ ჯვრის სახედ მკერდზე დაიწყო ხელები და მიაბარა სული უფალს, ის სული, რომლისაც ეშინოდათ ეშმაკებსაც კი. ასე აფასებდნენ წმინდა მამა თეოდოსი დიდს (კინოვიარხოსს) იმდროინდელი მოღვაწეები. გარდაიცვალა 105 წლის, მართლაც რომ სასწაულებრივად.
ღირსი მამის გარდაცვალებით არ დასრულებულა სასწაულები. ვიდრე საფლავში ჩაასვენებდნენ, ნახეს, რომ მის ცხედართან იყო ბერი, რომელიც თმებს იგლეჯდა და თავს მიწას ახლიდა, ისე გლოვობდა წმინდა მამის გარდაცვალებას. ისე იქცეოდა, როგორც ამას აკეთებენ უნუგეშოდ დარჩენილი ადამიანები, რომელთაც სიცოცხლე აღარ სურთ და თან გაიძახოდა: "დასრულდა, დავრჩი უნუგეშოდ, დღეიდან ჩემი ნუგეში, ჩემი თავშესაფარი, ჩემი იმედი, რომელიც იყავი, წმინდაო, დავკარგე. ვინღა გამომიხსნის? ამას მიჯობს, ცეცხლში ჩავიგდო ან ზღვაში გადავიგდო თავი, ვიდრე მაწამოს ამის შემდეგ შეუბრალებელმა დემონმა". ამას გაიძახოდა ალექსანდრიელი ბერი, სახელად სტეფანე, რომელმაც ვერ მოასწრო წმინდა მამისთვის ამ ყველაფრის გამხელა, არადა შეპყრობილი ჰყავდა ბოროტს. მონანული ცრემლის გამო მოწყალე ღმერთმა მაინც შეიბრალა და გაათავისუფლა სტეფანე ეშმაკთაგან.
ვინც კი შეიტყო იმ დროს წმინდა თეოდოსის გარდაცვალება, ყველა ცდილობდა, მისულიყო წმინდანის ცხედართან და გამომშვიდობებოდა. მოვიდა იერუსალიმის პატრიარქი პეტრეც, რომელსაც ხალხის სიმრავლის გამო გაუჭირდა წმინდა მამასთან მიახლოება. გვიან საღამოს, როგორც იქნა, მოხერხდა წმინდა მამის მიწისთვის მიბარება. მეოხი და მფარველ გვეყოს წინაშე ღვთის ღირსი თეოდოსი დიდი ჩვენ ცოდვილთა, ამინ!
27. "ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაი ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისა უნდეს ძესა გამოცხადების".
ყველაფერი მოცემული მაქვს ჩემი მამის მიერ, სინამდვილეში არავინ იცნობს ძეს, გარდა მამისა. არც მამას იცნობს ვინმე სინამდვილეში, ამიტომაც, რაც სურს მას, მხოლოდ ძეს გამოუცხადებს. დახასიათებით არავის შეუძლია დაახასიათოს მამა, გარდა საკუთარი ძისა. ამით მახარებელი აღიარებს ძის ღვთაებრიობას და ცდილობს, სხვებსაც იგივე უკარნახოს, რათა ყველა მორწმუნეში ჩაიბეჭდოს იესო ქრისტე ღმერთად, შემოქმედად მთელი კაცობრიობის.
28. "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთ–მძიმენი, და მე განგისუენო თქუენ".
მოდით ჩემთან, დაღლილებო და დატვირთულებო, და დაისვენებთ ჩემთან. გარდა ფიზიკური დატვირთულობისა და დაღლილობისა, არსებობს კიდევ სულიერი სიმძიმე და სტრესი, რომლის წამალიც არის მხოლოდ სულიერი და არავითარ შემთხვევაში სხვა რომელიმე სამედიცინო საშუალება. ალბათ ყველას გვსმენია, თანაც ძალიან ხშირად, რაც კაცთათვის შეუძლებელია, ღვთისთვის რომ ძალიან ადვილად არის შესაძლებელი. ამას მეორენაირად უკვე ვეძახით სასწაულს, რომელიც ყოველდღე ხდება ჩვენს ცხოვრებაში. რამდენიმე იმ უამრავთაგან მოვიყვანეთ კიდეც ღირსი თეოდოსის ცხოვრებიდან.
29. "აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი".
ასწიეთ ის მძიმე უღელი, დაიდგით მხრებზე და ისწავლეთ ჩემს მაგალითზე, რადგან ვარ მშვიდი და გულით მდაბალი. ამის შემდეგ თქვენი სულებიც იპოვიან შვებას. ბუნებრივია, ვიცით, უღელი რაც არის. თუ არ გვინახავს, გვსმენია ან წაგვიკითხავს მაინც. ჰოდა, როცა უღელში ხარები არიან შებმული, ორივენი თანაბრად ეწევიან და ადვილდება ტვირთის გაწევა. იყო მოძღვარი, ადვილი სულაც არ არის, თუმცა, თუ უფალს მოუხმობ, მძიმედ სატარებელი აღარ არის ეს ტვირთიც. სწორედ ამას აკეთებდა ღირსი თეოდოსიც, რადგან ღვთის შეწევნით უღელიც მსუბუქდება. წმინდა იოანე ოქროპირი თავის განმარტებაში იყენებს ასეთ სიტყვებს კონკრეტული მუხლის განმარტებისას: "ნუ შეგეშინდებათ, როცა გაიგებთ უღელს". ხშირად განიკითხავენ მოძღვარს და იმას კი არავინ ფიქრობს, თვითონ რას იზამდა, მოძღვრის ადგილზე რომ ყოფილიყო. ამბობენ, მე რომ არ შემეძლო, ამიტომაც ვერ ავიღე ეს სიმძიმე საკუთარ თავზეო და ეს ვაჟკაცობად მიაჩნიათ. განა ყველასთვის არ წერია საღვთო წერილის ფურცლებზე, რომ თუ არ შეგიძლია, სხვას მაინც ნუ განიკითხავ და ეცადე, ტვირთი შეუმსუბუქო და უფრო არ დაუმძიმო.
30. "რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს".
რადგან ჩემი უღელი არის ტკბილიც და, ამასთან ერთად, მსუბუქიც, ის არაფრით ჰგავს იმ უღელს, რომელიც მძიმედ გამოიყურება.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online