asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მამა დავითი: ”სულიერი მკურნალობის პროცესი მთელი ცხოვრება გრძელდება”
”სასულიეროში სწავლა რომ დავიწყე, მღვდლობის სურვილს არავისთან ვამხელდი”
მამა დავითი: ”სულიერი მკურნალობის პროცესი მთელი ცხოვრება გრძელდება”

2012-02-06 11:09:18



"მრევლი, პირველ რიგში, ჩემი მეგობარია, ანუ ჩემთან მოსულ ადამიანს ყოველთვის ვაგრძნობინებ და ვეუბნები, რომ მისი მეგობარი, გვერდზე მდგომი პიროვნება ვარ და რა გასაჭირიც ექნება, უნდა გამიზიაროს, რომ მერე ერთად გადავლახოთ და ერთად ვიაროთ უფლისკენ სავალ გზაზე", - ამბობს მამა დავით ტატანაშვილი. ეს სიტყვები მღვდელმსახურებაში მისი კრედოა. მამა დავითი "გუმბათს" უამბობს, როგორ შეუდგა ღვთისმსახურების გზას.
- მამა დავით, გაიხსენეთ, ბავშვობაში რა სახის ურთიერთობა გქონდათ ეკლესიასთან, რწმენასთან. როგორ დაიწყეთ სულიერი ცხოვრება.
- მახსოვს, პატარა რომ ვიყავი, დედაჩემს დავყვებოდი სამსახურში. ჩვენ წერეთლის ქუჩაზე ვცხოვრობთ. მაშინ, 90-იან წლებში, ტრანსპორტიდან მხოლოდ მეტრო მუშაობდა და სახლიდან სანამ მეტრომდე მივიდოდით, დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი უნდა გაგვევლო. ჩემი მშობლები აღმსარებლები და მაზიარებლები არ იყვნენ, მაგრამ ღვთისმოშიშება ჰქონდათ. ამიტომ გზად გავლისას, დედას პერიოდულად შევყავდი ტაძარში სანთლის ასანთებად. ადრე ასე სწამდათ, სანამ სანთელი არ ჩაიწვებოდა, მანამდე ტაძარში უნდა ყოფილიყავი. დედაც ბოლომდე ელოდა სანთლის ჩაწვას და 20 წუთი მაინც ვიდექით ხოლმე ღვთისმშობლის ხატთან. მაშინ მე ვერაფერს ვხვდებოდი.
ჩემს გულში სარწმუნოების მარცვალი სკოლის პერიოდში ჩაითესა. შრომის მასწავლებელი გვყავდა მორწმუნე და ამიტომ ყოველი შრომის გაკვეთილი ლოცვით იწყებოდა. თითქმის მთელი გაკვეთილი ვლოცულობდით. მასწავლებელი დასაწყის ლოცვებს ჯერ თვითონ იტყოდა, მერე ჩვენ გვამეორებინებდა. ასე გამეორება-გამეორებაში, სანამ 50-ე და 90-ე ფსალმუნებს ვიტყოდით, გადიოდა დრო და გაკვეთილისთვის 10 წუთი თუ გვრჩებოდა. ასე ჩაეყარა საფუძველი რწმენისადმი ინტერესს. მერე კლასელებმა გადავწყვიტეთ, ამოგვერჩია მოძღვრები და იქვე გვერდით მდებარე ეკლესიის მრევლი გავმხდარიყავით. 15 წლის ვიყავი, ტაძარში მოძღვრის შესარჩევად რომ მივედი. . .
მოყვარულის დონეზე ბავშვობაში ფეხბურთს ვთამაშობდი და ვარჯიშზე წასვლის წინ ტაძარში შევივლიდი ხოლმე სანთლის ასანთებად. ერთხელაც, იმ დროს შევედი, როცა წირვა მთავრდებოდა. 4 იანვარი იყო და მგალობელთა ხელმძღვანელმა მღვდელს შეახსენა, პატრიარქის დაბადების დღეა, "მრავალჟამიერი" ხომ არ გვეგალობაო. შეასრულეს "მრავალჟამიერი" და მახსოვს, მისმა მოსმენამ ჩემზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, გავიფიქრე, ტაძარი ის ადგილია, სადაც ადამიანი უნდა იმყოფებოდეს-მეთქი. ამ მომენტმაც ძალიან დიდი ზემოქმედება მოახდინა ჩემზე და 15 წლის ასაკში ავირჩიე მოძღვარი. გავხდი მრევლი. მანამდე ერთხელ ტაძრის წინამძღვარს, მამა გრიგოლსაც, ახლა გარდაცვლილია, ჩავაბარე აღსარება. მეათე კლასში ყოფნისას, სკოლაში თითქმის არ მივლია. დილით სახლიდან რომ გამოვიდოდი, ტაძარში მივდიოდი. ჩემი მოძღვარი იქ ყოველდღე არ იყო, მაგრამ მე მაინც ვესწრებოდი წირვა-ლოცვას, იმდენად მსიამოვნებდა მსახურებაზე ყოფნა. ძალიან მივეჩვიე ტაძარში ყოფნას.
- მერე როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება, მღვდლობის სურვილი როდის გაგიჩნდათ? 
- სკოლის დამთავრების შემდეგ ეკონომიკურზე ჩაბარებას ვაპირებდი, მაგრამ მერე სასულიერო სემინარიაში სწავლის სურვილი გამიჩნდა. მოძღვარმა მირჩია, ჯერ ეკონომიკურზე ჩამებარებინა, ის ცხოვრებაც გამომეცადა და მერე თუ კიდევ მოვისურვებდი, სასულიერო განხრით მაშინ მესწავლა. ვფიქრობ, მამაომ ძალიან სწორი რჩევა მომცა. ახლა მეც ანალოგიურ რჩევას მივცემდი მრევლს. უმჯობესია, ადამიანმა ჯერ საერო განათლება მიიღოს, გარკვეული ეტაპი გაიაროს და მერე თუ აღმოჩნდება, რომ მაინც იქით მიილტვის, მაშინ ჩააბაროს და ისწავლოს სასულიეროშიც.
- ე.ი. ჯერ საერო განათლება მიიღეთ?
- მე ჩავაბარე ეკონომიკურზე, ფინანსებისა და საბანკო საქმის სპეციალობაზე. მე-3 კურსიდან, 4 წლის განმავლობაში, ვმუშაობდი ერთ-ერთ ბანკში. იმ პერიოდში ოჯახიც შევქმენი, უკვე შვილი მყავდა და ისევ გამიჩნდა სასულიეროში სწავლის სურვილი. მრევლი ვიყავი, 2006 წლიდან სტიქარიც მეცვა, ვმედავითნეობდი კიდეც. ჩემი ხელფასიც მქონდა, სხვა რა უნდა ინატროს ადამიანმა? მაგრამ, ამის მიუხედავად, ერთფეროვნებამ დამღალა. ეკლესიაშიც ვიყავი, მაგრამ მაინც დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მქონდა, რატომღაც არ მიხაროდა სამსახურში წასვლა. ამას რომ მივხვდი, კვლავ დავფიქრდი სასულიეროში სწავლაზე.
სიხარულით არ მივდიოდი სამსახურში. ახლა, ყოველდღე ტაძარში რომ მოვდივარ, მიხარია. ამიტომ ვთვლი, რომ სწორი ნაბიჯი გადავდგი, ეს გზა რომ ავირჩიე.
- და უცებ მიიღეთ სასულიეროში სწავლის გადაწყვეტილება?
- მე არ მივიღებდი ამ გადაწყვეტილებას, ჩემი მეუღლე და ოჯახი გვერდზე რომ არ დამდგომოდნენ. ოჯახში ერთი სიტყვაც რომ ეთქვათ, დაფიქრდი, იქნებ არ გინდაო, იმ წამსვე უარს ვიტყოდი. ამ შემთხვევაში ოჯახის მიმართ იმდენად კრძალვით ვიყავი, არ მინდოდა მეთქვა, სასულიეროში ჩავაბარებ-მეთქი. ამის თქმას მეუღლისთვისაც კი ვერ ვბედავდი.
მანამდე მე და ჩემმა მეუღლემ ამ თემაზე გაკვრით ვისაუბრეთ. ალბათ შემამჩნია ეს სურვილი და მითხრა, თუ გინდა, ჩააბარე აკადემიაშიო. მეუღლემ თვითონ რომ გამოხატა ეს ინიციატივა, მეც გადავწყვიტე მესწავლა. თუმცა, მღვდლობა ჩემთვის თვითმიზანი არ ყოფილა. ფიქრში იმასაც ვუშვებდი, შესაძლებელი იყო, სასულიერო პირი არც გავმხდარიყავი. შეიძლებოდა დამემთავრებინა სასულიერო აკადემია და ისევ ჩემი პროფესიით მემუშავა. უბრალოდ, სწავლაზე იყო საუბარი, მაგრამ, ჩემი აზრით, იქ ვინც აბარებს, გულის სიღრმეში მას სასულიერო პირობის სურვილი აქვს.
- სხვა რამე პრობლემა ხომ არ ყოფილა?
- ისიც გავაანალიზეთ, სამსახური რომ არ მექნებოდა, შესაძლებელი იყო, ეკონომიკურად გაგვჭირვებოდა კიდეც. რა თქმა უნდა, მშობლები ყოველთვის მეხმარებოდნენ და ახლაც მეხმარებიან, მაგრამ ვფიქრობდი, ამ მხრივ, მათი ტვირთი უფრო დამძიმდებოდა. როდესაც აკადემიაში ჩაბარება საბოლოოდ გადავწყვიტე, ბანკი ხელშეწყობას შემპირდა, თან ნახევარ განაკვეთზე უნდა მემუშავა, თან აკადემიაში მესწავლა. მაგრამ მერე გამოცდები რომ ჩავაბარე და ჩავირიცხე, ბანკში მითხრეს, ნახევარ განაკვეთზე მუშაობა არ გამოვაო. სამსახურის გარეშე ვრჩებოდი და არჩევანის წინაშე დავდექი - ან სამსახური ან აკადემია. რადგან გამოცდები ჩაბარებული მქონდა, სწავლის გაგრძელება ვარჩიე. 2008 წელს გავხდი სასულიერო აკადემიის სტუდენტი.
აკადემიაში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ლექტორებთან, კურსელებთან ურთიერთობას იქ ძალიან დიდი სიღრმე აქვს. ყველაზე მეტად, რასაც ვაფასებ, იქ შეძენილი მეგობრებია. ძალიან კარგი ჯგუფი გვყავდა. იმ ადამიანებმა ვიპოვეთ ერთმანეთი, ვისაც ერთი აზროვნება, ერთი მისწრაფება გვაქვს და ერთი მიზნისთვის ვიღწვით. ოჯახებითაც დავახლოვდით. ჩვენი მეუღლეები, შვილები იცნობენ ერთმანეთს და ამას დიდი ძალა აქვს. სასულიერო პირი რომც არ გავმხდარიყავი, ამითაც უკვე დიდი შენაძენი მომცა აკადემიამ. სასულიერო აკადემიას ძალიან დიდი უხილავი სიღრმე აქვს, რაც შორიდან არ ჩანს.
- მღვდლობისთვის როდის გამოგარჩიეს?
- სასულიეროში სწავლა რომ დავიწყე, მღვდლობის სურვილს არავისთან ვამხელდი, მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ შემოეთავაზებინათ, უარს არასდროს ვიტყოდი. მთავარი მოძღვრის კურთხევა იყო. მე-3 კურსზე ყოფნისას გადაწყდა ჩემი ხელდასხმა და 2010 წლის 5 დეკემბერს მაკურთხეს. კურთხევის წინა ღამე სამების სახელობის საკათედრო ტაძარში მე და ჩემმა ჯგუფელმა და მეგობარმა, მამა თეიმურაზ მჟავანაძემ (ახლა ის სიონის ტაძარში მსახურობს), ერთად გავათიეთ. ის მღვდლად უნდა ეკურთხებინათ. მთელი ღამე არ გვიძინია, ცოტა ვილოცეთ, ვისაუბრეთ. ამ დროს ბევრი რამ ხდება შენში, რისი აღწერაც ძალიან რთულია. დაძაბული ხარ, რასაც ვითომ არ იმჩნევ, მაგრამ შინაგანად ღელავ, მით უმეტეს, დიაკვნობაში. დილას ადრე, გამთენიისას წავედით საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიაში, სადაც ადგილობრივმა მღვდელმთავარმა, მეუფე ლუკამ (ლომიძე) გვაკურთხა. უკან რომ დავბრუნდით, სამებაში პატრიარქმა დაგვლოცა. 8 თვის განმავლობაში ვიმსახურე დიაკვნად. შინაგანად ძალიან დიდი სიტკბოება აქვს ამ ხარისხში მსახურების პერიოდს. დატვირთვა იმდენი არ არის, თავისუფალი ხარ, თან, სასულიერო ხარისხში იმყოფები. მით უმეტეს, პატრიარქთან ვმსახურობდით. ვისთან ერთადაც დიაკვნობა მომიწია, მათთან ძალიან ახლოს ვიყავი. ვთვლი, რომ ეს თაობა ჩვენი ეკლესიის მომავალია. დიაკვნობაში ბევრი ვისწავლე ღირსეული მამებისგან, არქიდიაკონ დემეტრესა (დავითაშვილი) და მამა მირიანისგან (სხირტლაძე). მოძღვრებთან ურთიერთობაშიც გავიზარდეთ.
- სასულიერო პირის შესამოსელთან შეგუება არ გაგიჭირდათ?
- დიაკვნობაში პირველად გიწევს კაბით სიარული. თავიდან პირველი 2 კვირა ისე ვიყავი, სულ მახსოვდა, კაბა რომ მეცვა. შემდეგ, დრო რომ გადის, ეჩვევი და ამას აღარ აქცევ ყურადღებას.
- სად გაგამწესეს მღვდლად კურთხევის შემდეგ?
- გამამწესეს წმინდა მოწამეთა, კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარში, სადაც 3-4 თვე ვიმსახურე. დეკემბრიდან კი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ვმსახურობ.
- პირველი დამოუკიდებელი წირვა გაგიძნელდათ?
- პირველი დამოუკიდებელი წირვის დაყენება ჩემს დაბადების დღეზე, 2 აგვისტოს, ილიაობას, პატრიარქის ანგელოზის დღეს მომიწია და ამიტომ დაბადების დღის საჩუქარი გამოვიდა. განსაკუთრებული გრძნობა იყო, დიდი შინაგანი სიხარული მქონდა.
- ახლა, მცირე გამოცდილების შემდეგ, რის თქმა შეგიძლიათ, როგორია სამღვდელო მსახურება?
- როცა მღვდლობაზე ვფიქრობთ, თეორიულად კი ვითვალისწინებთ იმ სირთულეებს, რაც ამ მსახურებას თან ახლავს, მაგრამ აქცენტს მაინც უფრო ამ მსახურების პატივზე, მის სიტკბოებაზე და ა.შ. ვაკეთებთ. და როცა რეალურად ხდები მოძღვარი, მაშინ ის სირთულეები მთელი სისავსით გეჯახება, თუმცა, ისეთი სირთულეები არ არის, რომ მათ გამო სასოწარკვეთაში ჩავარდე. ამ მსახურებაში სიხარული, მადლი, ღმრთის თანადგომა ყოველთვის იგრძნობა და ეს გიადვილებს მოღვაწეობას.
ადამიანი ისეთი არსებაა, რომელსაც ყველაზე ფაქიზი მიდგომა სჭირდება. როცა მოძღვრები ადამიანებს ვეხმარებით სულიერად, მათთან ერთად ჩვენ თვითონაც ვიზრდებით. ოღონდ, მღვდელმა ყოველთვის შენი თავიდან უნდა დაიწყო მუშაობა. უფალი ყოველდღიურად გაჩვენებს შენს მინუსებს. ეს ძალიან კარგია, ისევ ღმრთის მადლით, ამას რომ ვხედავთ, უნდა შევეცადოთ, გამოვასწოროთ, რაც გამოსასწორებელია.
- მართალია, მღვდელს ერთი მიზანი აქვს, ადამიანებს ქრისტეს გზა უჩვენოს და ცხონებაში დაეხმაროს. თუმცა, ყოველ მათგანს თავისი სტილი და მრევლისადმი დამოკიდებულების ინდივიდუალობა გააჩნია. თქვენეული მიდგომა როგორია?
- მე ასეთი მიდგომა მაქვს - მრევლი, პირველ რიგში, არის ჩემი მეგობარი ანუ ჩემთან მოსულ ადამიანს ყოველთვის ვაგრძნობინებ და ვეუბნები, რომ მე მისი მეგობარი, გვერდში მდგომი პიროვნება ვარ და რა გასაჭირიც უნდა ჰქონდეს, უნდა გამიზიაროს, რომ ერთად გადავლახოთ და ერთად ვიაროთ უფლისკენ სავალ გზაზე. ესაა მოძღვრობაში ჩემი კრედო. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ, ყველას მიმართ თბილი და მეგობრული ვიყო. ასეთი მიდგომა ხალხს ძალიან მოსწონს და უფრო იხსნებიან კიდეც შინაგანად. თუმცა, აღსანიშნავია, რომ შინაგანი დისტანცია მოძღვარსა და მრევლს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს და ეს ზღვარი მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.
- მამაო, თქვენი აზრით, ეს არჩევანი ადამიანის ცხოვრებაში როგორ მოდის? უფალი ადამიანის შინაგან სწრაფვას რომ ხედავს, ადრე თუ გვიან, გამოარჩევს ამ მსახურებისთვის?
- რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში, ადამიანი სასულიერო პირი ღვთის განგებითა და დაშვებით ხდება.
ასეთი რამ მაქვს გაგონილი, ადამიანი მიწის ქვეშაც რომ დაიმალოს, მაინც ამოთხრიან, წაიყვანენ და აკურთხებენ, თუ ღვთისგან არის გამორჩეულიო. ჩემს გამორჩეულობაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ სულ მქონდა ამის სურვილი. ვფიქრობ, ღმერთი ყოველთვის ითვალისწინებს ადამიანის პირად სურვილს. მღვდლობასთან მიმართებაში სიტყვა "სურვილის" გამოყენება ცოტა უხერხული კია. ჩემი აზრით, შესაძლოა, მხოლოდ ერთი სათნოება, ერთი თვისება გქონდეს ისეთი, რის გამოც უფალმა ინებოს შენი მღვდლად გამორჩევა, ან ის ერთიც არ გქონდეს, მაგრამ მაინც აგიყვანოს ამ ხარისხში, იმიტომ, რომ შენთვის ეს გზა უფრო მაცხოვნებელი იქნება, ვიდრე ერში ცხოვრება.
- მამაო, 27 წლის ხართ, ჯერ ერთი წელიც არ შეგსრულებიათ მღვდლობაში, არადა, ისეთი განცდა მაქვს, თითქოს უფრო გამოცდილი ადამიანი საუბრობს. ნუთუ თქვენი თანატოლი ერის ადამიანების მსგავსად, შედარებით თავისუფალი ცხოვრება არ მოგნატრებიათ? თუ თქვენ უარის თქმა მღვდლობაშიც არაფერზე გიწევთ?
- რა თქმა უნდა, რაღაცებზე გიწევს უარის თქმა, მაგრამ მე მღვდლობამდეც გარკვეულ ჩარჩოებს ვიცავდი. აკადემიაში სწავლისას შინაგანი პასუხისმგებლობა მქონდა, რომ უფრო მოკრძალებით უნდა ვყოფილიყავი, რა თქმა უნდა, მოკრძალება გვმართებს ცოდვის მიმართ. ზოგადად ასეა, შენს თავს რაღაც უნდა მოაკლო, რომ სულიერად გაიზარდო. თუმცა, ამ მხრივ, სირთულეები მე ნაკლებად მაქვს.
- როგორც აღნიშნეთ, მღვდლობის სურვილი შინაგანად ადრევე გქონიათ. შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, ამ მსახურებაში ყველაზე მეტად რა გიზიდავდათ?
- ზოგადად, მომწონდა ის ცხოვრების წესი, როგორიც ჰქონდა სასულიერო პირს, ის, რომ ხალხისთვის, ოჯახისთვის ლოცულობდა. მოძღვარი შუამავალია ღმერთსა და ადამიანს შორის. რამხელა პასუხისმგებლობაა, ხომ? ძალიან დიდი. რა თქმა უნდა, თავისი სიხარული მღვდლობას ახლავს. შენი ლოცვითა და სულიწმინდის მადლით, პური და ღვინო იესო ქრისტეს წმინდა და პატიოსან სისხლად და ხორცად გადაიქცევა და სხვა.
- დავითი რომელი წმინდანის სახელზე დაგარქვეს?
- ჩემი მფარველი წმინდანია დავით გარეჯელი და ამ წმინდანისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს.
- გამორჩეულად რომელიმე ლოცვა გიყვართ?
- ხანდახან სითბოს, უფლისგან თანადგომას რომ ვგრძნობ, ამ დროს ჩემი სიტყვებით უფრო ვლოცულობ. ჩემი სათხოვრით, ჩემი მადლობით, ვიდრე კანონიკური ლოცვით.
ღვთისმსახურებიდან ჩემთვის ძალიან გულში ჩამწვდომია წირვის საიდუმლო ლოცვები, "რომელი ქერუბინთა".
- მამაო, ოჯახი დიდი სითბოთი ახსენეთ. თქვენი მეუღლე, ფოფოდია, რამდენად გიწევთ თანადგომას ამ ჯვრის ზიდვაში?
- ძალიან არ მიყვარს სიტყვა ფოფოდია და მაქსიმალურად ვცდილობდი, რომ ჩემი ცოლისთვის ეს არავის დაეძახა. ვინც კი დაუძახებდა, ყველას ვაფრთხილებდი, თავისი სახელით მიემართათ - ნინო ჰქვია.
მეუღლე, რა თქმა უნდა, გვერდში მიდგას და ყველანაირად მიმსუბუქებს დიდ ტვირთს. მე ვფიქრობ, იმ მღვდლისთვის, ვისაც ოდნავი თანადგომა არ აქვს მეუღლისა და ოჯახის მხრიდან, ეს ჯვარი გაცილებით მძიმეა. მღვდლის ტვირთის უდიდეს ნაწილს მისი მეუღლე იღებს. ფაქტობრივად, სასულიერო პირის ოჯახზე ზრუნვა მეუღლის მხრებზეა, რაც ნამდვილად დასაფასებელია. ორი შვილი გვყავს, უფროსი, გოგონა, 4 წლის და ბიჭი - 2 წლის.
- მეუღლე თვითონ როგორ მოგმართავთ?
- ჩემი მეუღლე არ მომმართავს მამაოთი და არც დავაძახებინებ. რა თქმა უნდა, პატივს მცემს, როგორც სასულიერო პირს, შეგნებით ეკიდება ჩემს ხარისხს, მაგრამ ჩვეულებრივ, სახელით მომმართავს.
- ისიც მორწმუნე იყო, როცა გაიცანით?
- დიახ, მორწმუნე იყო. ჩვენ წმინდა ნინოს გზაზე გავიცანით ერთმანეთი.
- მამაო, თქვენ მითხარით, რომ საერო სკოლის მოძღვრადაც მსახურობთ.
- ბავშვებთან ჩემი ურთიერთობა ერისკაცობიდან დაიწყო. ჯერ "დავითიანში" ვასწავლიდი კატეხიზმოს. მაშინ მაკურთხეს დიაკვნად. ბავშვებს ძალიან გაუხარდათ ჩემი ხელდასხმა. მერე ის პროექტი დასრულდა, თან მღვდელი გავხდი და ვეღარ შევძელი მათთან თანამშრომლობა. სექტემბრიდან კი საერო გიმნაზია "შავნაბადაში", რომელსაც სასულიერო დატვირთვაც აქვს, შემომთავაზეს სკოლის მოძღვრობა. კვირაში ერთხელ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისს ვატარებ. პარაკლისის შემდეგ მე-10-11 კლასის მოსწავლეები იქვე იკრიბებიან და დაახლოებით ერთი საათი ვსაუბრობთ სხვადასხვა რელიგიურ თემებზე, ისინი კითხვებს მისვამენ. ამგვარად ბავშვები ეჩვევიან მოძღვართან ურთიერთობას. ჩვენ ვცდილობთ, მათ სულში კეთილი თესლის ჩათესვას. მათგან რამდენიმე უკვე მოვიდა ჩემთან აღსარებაზე.
- რას უსურვებთ საკუთარ თავს?
- ჩემს თავს ვუსურვებდი სულიერ წინსვლას, შინაგანად გაზრდას. მღვდლის მიზანი ესაა, შენს თავს თუ უმკურნალებ, მერე სხვასაც ადვილად დაეხმარები. როცა ცდილობ, საკუთარ თავს რაღაც შემატო, ვნებებს ებრძოლო, მერე შენთან მოსულ მრევლს, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, სწორ რჩევებს მისცემ და არა - ტრაფარეტულ, მხოლოდ სადღაც დაწერილს. სულიერი მკურნალობის პროცესს კი ვერ დაასრულებ, ეს მთელი ცხოვრება გრძელდება.
- საუბრის ბოლოს რას ეტყვით მკითხველს?
- ვურჩევდი, რომ ღირსეულად ეცხოვროთ. საკუთარი სულისთვის, შინაგანი სამყაროსთვის, ოჯახური ურთიერთობებისთვის ყურადღება მიექციოთ. ყოველთვის მზად ყოფილიყვნენ საკუთარი ქვეყნისა და ეკლესიის სადარაჯოზე. ჰქონოდეთ ღვთის იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არ შეშინებოდეთ განსაცდელების.
ეფემია წიკლაური


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პროცესი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online