asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

გიორგი უშიკიშვილმა პირველი აღსარება ჯვრის მონასტერში ჩააბარა
გულახდილი მომღერალი
გიორგი უშიკიშვილმა პირველი აღსარება ჯვრის მონასტერში ჩააბარა

2012-02-06 00:09:59



ჯერ ერთი წელიც არ არის, რაც ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი და ანსამბლ "ლაშარის" ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი მეორედ დაოჯახდა. მისი რჩეული თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი ნანუკა კუპატაძეა. ჟურნალი "გუმბათი" გიორგის რელიგიასა და ოჯახის შესახებ სასაუბროდ ესტუმრა.
- გიორგი, ეკლესიაში ბავშვობიდანვე დადიოდით?
- კი, ბავშვობიდანვე დავდიოდი. მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური პერიოდი იყო და ჩემს მშობლებს თანამდებობები ეკავათ, ეკლესიაში მაინც დავდიოდით. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როდესაც მომნათლეს. ახმეტასთან ახლოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა და იმ ეკლესიაში მოვინათლე. ჩემი ოჯახი ყველაზე ხშირად ორ ეკლესიაში დადიოდა - ერთი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა, მეორე კი, ალავერდის ეკლესია. ეს ორივე ეკლესია ერთმანეთს უყურებს.
- იმ დროისთვის ალავერდის ეკლესია არ ფუნქციონირებდა.
- არ ფუნქციონირებდა, მაგრამ ალავერდობის დღესასწაულზე ყოველთვის მივდიოდით. ასეთი დღეობები არ მომწონდა, მაგრამ ყოველთვის დავდიოდით.
- რატომ არ მოგწონდათ?
- იმიტომ, რომ, როცა ადამიანები დათვრებოდნენ, ყველაფერი ღრეობაში გადადიოდა. იყო ჩხუბი, ზედმეტი სიმთვრალე და ასე შემდეგ. ჩვენთან არის ტაძარი კვეტერა, რომელიც არც მაშინ იყო მოქმედი ეკლესია და, მგონი, არც დღეს არის, მაგრამ ულამაზესი ძეგლია. მახსოვს, ბავშვობაში პაპას ხშირად დავყავდი ყვარელში, სადაც ტაძრებს მოვინახულებდით. ასე რომ, ოჯახმა ბავშვობიდანვე მიმაჩვია რწმენასა და უფლის სიყვარულს.
- გვარში სასულიერო პირი თუ გყავდათ?
- კი. ჩემს გვარში ორი სასულიერო პირი გვყავს - მამა გიორგი უშიკიშვილი და მამა იაკობ უშიკიშვილი. მამა იაკობი ჩემი მოძღვარია.
- რამდენი წლის იყავით, 
გააზრებულად  ეკლესიაში რომ შეხვედით? 

- დაახლოებით, 8-9 წლის ვიყავი, როდესაც გააზრებულად წავედი ეკლესიაში. ცოტა მოგვიანებით კი, 13-14 წლის ასაკში, მარტო დავიწყე ეკლესიაში სიარული. ეკლესია ის ადგილია, სადაც თავს ყველაზე კარგად ვგრძნობ. მერე, ეკლესიაში მივედი არა როგორც მრევლი, არამედ, როგორც მგალობელი. ამას ორმაგი დატვირთვა ჰქონდა. შემდეგ, სიონის ეკლესიაში, ჩვენი უწმინდესის წირვა-ლოცვის დროს, ვგალობდი. ის პერიოდი იყო, როდესაც ქართული გალობის განახლების პერიოდი იდგა. ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბედნიერი წუთები იყო. სწორედ მაშინ მხვდა წილად უდიდესი ბედნიერება, მენახა ჩვენი უწმინდესი და მასთან მესაუბრა. ილია II-თან ერთად უცხოეთშიც ვარ ნამყოფი, რაც ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია.
- გალობა თქვენთვის რას ნიშნავდა?
- გალობის დროს საერთოდ ვეთიშები ამ სამყაროს და იმ სამყაროში გადავდივარ. საერთოდ, სიმღერას რომ ვიწყებ, სულ გათიშული ვარ და მთლიანად გადართული ვარ მის სამყაროში.
- რამდენადაც ცნობილია, მგალობლებს უწმინდესი ფულსაც ჩუქნიდა.
- კი, იყო ასეთი პერიოდი. თუ ვიღაცას რაღაც პრობლემა ჰქონდა, თავისთან იბარებდა, ესაუბრებოდა, დაარიგებდა, მერე კი ფულს აჩუქებდა. ეს იყო ერთჯერადი დახმარება, მაგრამ მისი მხარდაჭერა სულ გვქონდა.
- რამე ნივთი თუ გისახსოვრათ ილია II-მ?
- პატრიარქისგან ძალიან ბევრი საჩუქარი მიგვიღია. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ვერცხლისფერი ჯვარი, რომელიც დღესაც შენახული მაქვს.
- რაც ოჯახი შექმენით, ილია II-ს თუ შეხვედრიხართ?
- კი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პატრიარქს გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა (მაშინ სომხეთის პატრიარქი იყო სტუმრად), მაინც მოახერხა და ჩვენ შეგვხვდა. როგორც ნანუკა ამბობს, ეს დღე არასდროს დაავიწყდება, რადგან მთელი ცხოვრება ამაზე ოცნებობდა.
- ახალდაქორწინებულებს რამე თუ გაჩუქათ?
- კი. ახალ ოჯახს საერთო საჩუქარი გაგვიკეთა.
- ნანუკა როგორი მორწმუნეა?
- ნანუკაც საკმაოდ კარგი მორწმუნეა. დედამისი სვანია და რამდენადაც ცნობილია, სვანები ღრმად მორწმუნენი არიან. მისი ბიძაშვილი, მამა სოლომონი, მოძღვარია ქუთაისში. ნანუკა ყოველთვის მარხვაზეა, დილისა და საღამოს ლოცვებს სულ კითხულობს. შეიძლება ითქვას, რომ ამ საკითხში ჩემზე ყოჩაღია.
- თქვენ რატომ ზარმაცობთ?
- მე მაქსიმალისტი ვარ და საკუთარ შესაძლებლობაზე საუბარი არ მიყვარს.
- სვანებმა კახელი სიძე როგორ მიგიღეს?
- კარგად. ნანუკა დედით სვანი, მაგრამ მამით იმერელია.
- ჯვარი სად დაიწერეთ?
- მცხეთაში, დედათა მონასტერში. თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ჯვრისწერა ხალხმრავალ ადგილას არ ყოფილიყო. უფრო მოკრძალებული გვინდოდა. ნანუკას სურვილს ჩემი სურვილიც დაემთხვა და ჯვარი დედათა მონასტერში დავიწერეთ. ნანუკას ეს მონასტერი განსაკუთრებით უყვარს და ხშირად დავდივართ იქ.
- საუბრისას ახსენეთ, რომ თქვენი მეუღლე მარხვას ხშირად იცავს, თავად თუ იცავთ მარხვას?
- მარხვას ხშირად ვიცავ, მაგრამ ეს ბოლო პერიოდი ვერ დავიცავი.
- პირველ აღსარებას თუ გაიხსენებთ?
- ჩემი პირველი აღსარება მართლაც რომ უჩვეულო იყო, რადგან ჯვრის მონასტერში ვთქვი პირველად აღსარება. ეს მოხდა, დაახლოებით, 15 წლის წინ.
აღდგომის დღესასწაული ახლოვდებოდა და გამიჩნდა სურვილი, რომ პირველი აღსარება და პირველი ზიარება ჯვრის მონასტერში მიმეღო. დღესაც არ ვიცი, რატომ გამიჩნდა ასეთი სურვილი. ამ სურვილის შესასრულებლად ჩემმა მოძღვარმა კურთხევა მომცა. თუმცა, მანამდე ჩემს მოძღვარს ჩავაბარე აღსარება და მან მითხრა, რომ აღდგომისთვის ერთხელ კიდევ ჩავიბარებ აღსარებას და მერე გაზიარებო. მერე, რომ ვთხოვე, პირველი ზიარება ჯვრის მონასტერში მიმეღო, კურთხევა მომცა და წავედი. მიუხედავად იმისა, რომ აღსარებას მას შემდეგ ხშირად ვამბობ, აღსარება დაწერით არასდროს ჩამიბარებია.
- მონასტერში არასდროს დარჩენილხართ?
- არა. მონასტერში ვყოფილვარ, მაგრამ დარჩენის მეშინია. მეშინია იმიტომ, ვაითუ, მათი წესები ისე ვერ შევასრულო, როგორც წესია. მეშინია, ისე ვერ შევძლო ერთი ღამის გათენება, როგორც საკადრისია. მეშინია საკუთარ თავთან შერცხვენის.
- რაც დაოჯახდით, რა შეიცვალა თქვენში?
- ჯერ ერთი, ის შეიცვალა, რომ თავს ბედნიერად ვგრძნობ, ჩემს გვერდით არის ადამიანი, რომლის ძალიან დიდი იმედი მაქვს. მეორეც, სულ სხვა რელსებზე გადავედი. საკუთარ თავს ბევრი რაღაცის უფლებას ვერ ვაძლევ. მაგალითად, მეგობრებთან იმდენ დროს ვეღარ ვატარებ, რამდენსაც მანამდე ვატარებდი. სამსახურსაც იმდენ დროს ვერ ვუთმობ, რამდენსაც მანამდე ვუთმობდი და ასე შემდეგ.
- როდესაც პირველად შექმენით ოჯახი, მაშინაც ასეთი გრძნობა გქონდათ?
- ის გრძნობა სულ სხვა იყო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ 25 წლის ვიყავი, ვფიქრობ, რომ ოჯახის შესაქმნელად მზად არ ვიყავი. მაშინ სულ სხვა რამეზე ვიყავი ორიენტირებული. მან კი ვერ შეძლო, რომ ჩემთვის რაღაცნაირად მხარი აება და ჩვენი ურთიერთობა შეენარჩუნებინა. ქალის როლი ოჯახის შენარჩუნებაში ძალიან დიდია. ახლა რომ ვუფიქრდები, ვხვდები, რომ ოჯახის შესანარჩუნებლად მცდელობაც კი არ ყოფილა.
- რა აზრი ჰქონდა მცდელობას, თუ შედეგს ვერ მიაღწევდა?
- არავინ იცის, რა მოხდებოდა, მაგრამ უნდა ეცადა.
- ოჯახის შენარჩუნებაში მამაკაცმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა.
- კი, მაგრამ, ოჯახის შენარჩუნებაში ქალს ლომის წილი მიუძღვის.
- თუ მამაკაცს ქალი აღარ უყვარს და მასთან ყოფნა აღარ უნდა, რა საჭიროა მცდელობა?
- ვფიქრობ, რომ მამაკაცს ქალი თუ არ უყვარს, ეს ქალის პრობლემაა და პირიქით. ასეთ საკითხში მხოლოდ ერთი მხარე არ არის დამნაშავე. როცა მეუღლეს აღარ უყვარს მეუღლე, ეს ქმრის პრობლემაა, შეიძლება გარე ფაქტორებიც იყოს, მაგრამ, ძირითადად, ქმრის პრობლემაა. ასეა პირიქითაც. ამიტომ მათ ურთიერთობაში არავინ უნდა ჩაერიოს და წყვილიც უნდა ეცადოს, რომ მაქსიმალურად კონცენტრირებული იყოს თავის ოჯახსა და ერთმანეთზე.
- რამდენი ხანი გაგრძელდა თქვენი პირველი ქორწინება?
- ალბათ, წელიწად-ნახევარი.
- თქვენი და ნანუკას სიყვარულის ისტორია თითქმის ყველამ ვიცით, ახლაც ისეთი რომეო ხართ, როგორიც შეყვარებულობის პერიოდში იყავით?
- დღეს უფრო ვარ რომეო. ნანუკას ისეთი თვისებები აქვს, რომ არ შეიძლება უფრო და უფრო არ შეგიყვარდეს. რაც უფრო დიდი დრო გადის, მით უფრო კარგ თვისებებს ავლენს. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წელიც არ არის, რაც ცოლ-ქმარი ვართ, მუდმივად იწვევს ჩემში აღფრთოვანებას. ისეთი ადამიანი ვარ, რომ სხვა ვერაფერს გამომაპარებს, მაგრამ ჩემს დაბადების დღეზე, 31 მარტს, ნანუკამ გამაოცა. სახლში ღამე მივედი და ოთახი გაფორმებული დამხვდა ბურთებით, სიყვარულის ახსნით, აფიშებით. თეთრეულიც შეცვლილი იყო და გულები ეხატა. სახლში რომ შევედი, ცოტა ნასვამი ვიყავი (ბევრს არ ვსვამ) და გაოგნებული ვიყურებოდი, სად მოვხვდი-მეთქი.
- ნანუკას რამე ორიგინალური საჩუქარი თუ გაუკეთეთ?
- ძალიან უნდოდა, მანქანა ჰყოლოდა, მანქანის ტარებაც თავად ისწავლა, მე და მამაჩემმა კი სურვილი ავუსრულეთ, ტოიოტას მარკის ავტომანქანა ვაჩუქეთ.
- ნანუკა ფეხმძიმედ ხომ არ არის?
- ჯერ არა.
- როგორც შეყვარებულობის პერიოდში გაწვალებდათ, ახლაც ისე გაწვალებთ?
- აღარ, ახლა მე ვაწვალებ.
- თაფლობის თვე ევროპაში (ჰოლანდია, ინგლისი, საფრანგეთი) გაატარეთ. კათოლიკურ ეკლესიაში თუ შეხვედით?
- ძალიან ცოტა დრო გვქონდა, ყველა ქალაქში სამი-სამი დღით ვიყავით. მხოლოდ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი მოვინახულეთ, სხვა ეკლესიაში არ შევსულვართ. ლონდონში ყოფნისას, გარედან დავათვალიერეთ რამდენიმე ტაძარი, შიგნით არ შევსულვართ.
- წმინდა მიწაზე თუ ყოფილხართ?
- იერუსალიმში ვარ ნამყოფი. იერუსალიმში ისეთ დროს ჩავედით, არც ერთი დიდი დღესასწაული არ იყო, ამიტომ ყველაფერი თავისუფლად დავათვალიერეთ. ეს იყო უბედნიერესი სამი დღე. დავიქირავეთ გიდი, რომელმაც ყველაფერი დაგვათვალიერებინა. მაცხოვრის საფლავთან ორჯერ ვიყავით, ვიგალობეთ. სანამ მაცხოვრის საფლავთან მივიდოდით, რიგში ვიდექით და ბიჭები სულ ვგალობდით. მაცხოვრის საფლავის სანახავად რომ შევედით, იქაც ვიგალობეთ. ძალიან მინდა, ნანუკასთან ერთად კვლავ წავიდე იერუსალიმში. ჩემი აზრით, როდესაც ადამიანს შეუძლია და აქვს საშუალება სადმე წავიდეს, პირველ რიგში, იერუსალიმი და ქრისტეს საფლავი უნდა მოინახულოს. ნანუკას ამ ზაფხულში აუცილებლად უნდა ავუხდინო სურვილი და იერუსალიმში წავიყვანო.
- ნანუკა პრეტენზიული არ არის?
- არა. მის მინუსად ემოციურობას ვთვლი. ძალიან ემოციურია. მე ასეთი ემოციური არ ვარ. ალბათ, ეს ასაკის ბრალიც არის, ჯერ 22 წლისაა. მერე უფრო დამშვიდდება. რაც შეეხება პრეტენზიულობას, ასეთი საერთოდ არ არის. ნამდვილად ვერ ვიცხოვრებდი ისეთ ქალთან, რომელიც პრეტენზიული იქნებოდა, რომელიც ყოველ საღამოს კლუბებში წაყვანას მომთხოვდა, ან სხვა ცხოვრებით ცხოვრებას. ქალი მხოლოდ იმით არ უნდა იყოს დაკავებული, რომ დილით სილამაზის სალონებში იაროს, საღამოს კი - ღამის კლუბებში. ვთვლი, რომ ამაზე მნიშვნელოვანი ოჯახია. მაგრამ დაოჯახების მერე, არც მამაკაცი და არც ქალი არ უნდა მოეშვას. ორივენი მუდმივად ფორმაში უნდა იყვნენ. ქალი მუდმივად უნდა იპრანჭებოდეს. თუ ასე არ იქნება, შენიშვნას მივცემ. ქალი, პირველ რიგში, მეუღლეს უნდა გაეპრანჭოს, ასევე მამაკაციც. ჩვენ ერთმანეთის ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ. პაპაჩემი სულ იმას ამბობდა, ცოლ-ქმარს ერთი ბალიში უნდა ედოთ თავქვეშო. ჩვენც ამ პრინციპით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რომ ჩვენს სიყვარულს ბზარი არ გაუჩნდეს.
- ნანუკა ჯერ სტუდენტია, მაგრამ მერე რამდენად დაეხმარება კარიერაში წინსვლისთვის მეუღლის სახელი?
- ამაში მე არასდროს ჩავერევი. ასეთ სიტუაციაში ძალიან მკაცრი ვარ. ჩემს მეგობარსაც კი არ ვთხოვ, რომ მას რამეში დაეხმაროს. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ნანუკა პროფესიონალური მსახიობი დადგება. არ მინდა ისეთი მეუღლე, რომელიც მხოლოდ დიასახლისი იქნება. მან თავისი შესაძლებლობები ბოლომდე უნდა გამოავლინოს.
- როგორი დიასახლისია?
- კარგი. ძალიან კარგ კერძებს ამზადებს. ამჟამად დედასთან ვცხოვრობთ და ყველაფერს დედაჩემი აკეთებს, მაგრამ მასაც შეუძლია დიასახლისობა. ძალიან უყვარს ლობიო და შესაბამისად, ლობიოს კარგად ამზადებს. ძალიან გემრიელი ხელი აქვს და გაკეთება არაფრის ეზარება.
- რძალ-დედამთილს როგორი ურთიერთობა აქვთ?
- კარგი, მაგრამ დედას არ ეძახის. მე ნანუკას ვერ მოვთხოვ და არც მოვთხოვ, რომ დედაჩემს დედა დაუძახოს. რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ ძალიან ტრადიციული პიროვნება ვარ, მაგრამ ბევრი ქართული ხელოვნური მგონია. ხშირ შემთხვევაში, ძალიან მორწმუნე (მას ჰგონია, რომ ძალიან მორწმუნეა) ადამიანთან მქონია ურთიერთობა, მაგრამ მასში ცრურწმენები დამინახავს. ძალიან ბევრი მინახავს, რომლებიც ეკლესიაში დადიან, თავზე ჯვრებიანი ქუდიც ახურავთ, მაგრამ საჭირო შემთხვევაში, არამართმადიდებლურად იქცევიან და ყველა ხვდება, რომ ისინი მხოლოდ მოჩვენებით არიან მორწმუნენი, ტრადიციის დამცველნი და ასე შემდეგ. ჩემთვის ის ადამიანი უფრო დასაფასებელია, რომელიც მართლმადიდებელია, მაგრამ ამას ხმამაღლა არ ამჟღავნებს. ის თავისი ცხოვრებით, ყოველდღიურობით, მართლმადიდებლობას ემსახურება. მართლმადიდებლობა ხომ ადამიანის სიყვარულია, ქვეყნის სიყვარული და სიკეთეა.
ლია ოსაძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online