| ქალი და მამაკაცი |

სადღესასწაულო სახარებას განმარტავს პროტოდიაკონი, მამა მირიანი (სხირტლაძე)
იოანეს სახარება
1 თავი. 29–34 მუხლები
არც ერთი წმინდანი არ სარგებლობს მართლმადიდებელ ეკლესიაში ისეთი დიდი პატივით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის შემდგომ, როგორითაც წმინდა იოანე წინამორბედი და ნათლისმცემელი. თუ შობის შემდგომ ღვთისმშობლის კრება იყო და ამისთვის ვმადლობდით ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, მართალია, ისეთი დიდი პატივით შეიძლება არა, როგორც ღვთისმშობელს და ეს ბუნებრივიცაა, მაგრამ ნათლისღების შემდგომ აუცილებელია, ვმადლობდეთ ამ უდიდესი მოვლენის შემოქმედს, წმინდა დიდებულ წინასწარმეტყველს, წინამორბედს და ნათლისმცემელს ჩვენი უფლის იესო ქრისტესას იოანეს.
გარდა ამ კრებისა, ეკლესია აგრეთვე დღესასწაულობს როგორც წმინდა იოანეს შობას, აგრეთვე მის მიძინებას და წმინდანის წმინდა სხეულის პოვნის დღესასწაულებსაც. რაც შეეხება წმინდანის კრების დღესასწაულს, ეს მიძღვნილია იმ მოვლენისადმი, როცა წმინდანის ხელი ანტიოქიიდან გადაბრძანებული იქნა კონსტანტინეპოლში და როგორც ანტიოქიაში, ასევე კონსტანტინეპოლში დღემდე აღესრულება უამრავი სასწაული.
დღემდე არსებობს მოსაზრება, რომ წმინდა იოანე ნათლისმცემლის სხეული დაკრძალულია სევასტიაში. გადმოცემის თანახმად სევასტიაში წმინდა ლუკა მახარებელი მივიდა და წმინდა იოანეს მარჯვენა ხელის მტევანი წაიღო თავის სამშობლოში, ანტიოქიაში. დღიდან წმინდა მარჯვენის ჩაბრძანებისა ანტიოქიაში უამრავი სასწაული აღესრულებოდა.
გადმოცემის თანახმად, ანტიოქიაში მყოფი წმინდანის მარჯვენა ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულის დღეს ზეცად აღიმართებოდა და იმის მიხედვით, თუ როგორ ფორმას მიიღებდა წმინდანის ხელის მტევანი, ხალხმა იცოდა, მათ ქალაქს ბედნიერება მოეფინებოდა თუ უბედურება.
ანტიოქიაში წარმართებს ჰქონდათ დრაკონის ფორმის სამსხვერპლოები და ამ დრაკონისთვის გარკვეულ დროს მსხვერპლად უნდა შეეწირათ ამავე ქალაქის რომელიმე მკვიდრი, ვისაც ეს უმძიმესი ხვედრი წილისყრით ერგებოდა. ერთხელაც წილისყრით ერთ–ერთ ქრისტიან ოჯახს მოუწია, თავისი ქალიშვილი შეეწირა დრაკონთა სამსხვერპლოსთვის. ბავშვის მამა სასოწარკვეთილებამ შეიპყრო და შეწევნა ითხოვა წმინდა იოანე ნათლისმცემლისგან. უფლის დაშვებით შესაძლებელი გახდა, მარჯვენიდან ერთი თითი წაეღოთ და დრაკონის სამსხვერპლოსთვის შეეხოთ. როცა მსხვერპლშეწირვის დღე მოახლოვდა, მამამ შვილი სამსხვერპლოსთან მიიყვანა, სადაც უამრავი ხალხი იყო შეკრებილი სეირის საყურებლად. მოიმარჯვა მამამ წმინდანის თითი და პირდაღებულ დრაკონს მიუახლოვდა. შეახო თუ არა წმინდანის თითი ყველასთვის დასანახად, დრაკონის სამსხვერპლო ისე განადგურდა, ნაცრად იქცა.
ბუნებრივია ამის შემდეგ მამის სიხარული, რადგან მისი შვილი უსამართლოდ სიკვდილს გადაურჩა. ხოლო იქ შეკრებილმა ხალხმა როცა ეს სასწაული ნახა, უამრავლესობამ უარი თქვა წარმართობაზე და მოინათლნენ. მადლობდნენ წმინდა იოანეს და ღმერთს ადიდებდნენ ამ სასწაულის გამო. მაშინვე მიიღეს გადაწყვეტილება, წარმართული სამსხვერპლოს ადგილზე წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარი აეშენებინათ.
ისტორიის თანახმად, ბევრ იმდროინდელ ქრისტიან ხელმწიფეს უნდოდა, საკუთარ სამეფოში ჰქონოდა ასეთი დიდი სიწმინდე და გამონაკლისი არც კონსტანტინე და რომანოზი ყოფილან, პორფიროგენიტესების დინასტიის წარმომადგენლები, რომლებიც იმპერიის ტახტს განაგებდნენ 912–დან 959–მდე, ჯერ კონსტანტინე, შემდეგ კი რომანოზი. სწორედ მათი მეფობისას ჩამოაბრძანეს წმინდა იოანეს ხელის მტევანი ანტიოქიიდან კონსტანტინოპოლში, ეს მოხდა ნათლისღების საღამოს მწუხრზე. სამწუხაროდ, უცნობია, რომელ წელს, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა უკვე აღარ აქვს, რადგან ხალხი უდიდესი მოკრძალებით და სარწმუნოებით შეხვდა ამ მოვლენას და იმ დღიდან განისაზღვრა ნათლისღების შემდგომი დღე, როგორც კრება წმინდისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემლისა იოანესი, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების მომდევნო დღეს – 20 იანვარს დღესასწაულობს.
ეს მოკლედ, რაც შეეხება იოანე წინასწარმეტყველის წინამორბედის და ნათლისმცემლის კრების დღესასწაულს. ახლა კი განვაგრძობთ საღვთო წერილის განმარტებას, საიდანაც დაწვრილებით შევიტყობთ სადღესასწაულო სახარების შინაარსს.
29. "ხვალისაგან იხილა იოანე იესო, მომავალი მისა, და თქუა: აჰა, ტარიგი ღმრთისაი, რომელმან აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი".
უკვე მეორე დღე იყო, როცა იოანემ მისკენ მომავალი იესო დაინახა და თქვა: ეს არის ტარიგი ღვთისა, რომელიც იღებს საკუთარ თავზე კაცობრიობის ცოდვებს. დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ეს მეორე დღე იყო იესოს ნათლობის მეორე დღე, ამიტომაც გამოთქვამს მახარებელი "ხვალისაგან". ტარიგად ებრაელი ხალხი იყენებდა ახალგაზრდა ცხვარს. დედალი თუ იყო, უშობელს უწოდებდნენ და თუ იყო მამალი, მასაც უშობელს უწოდებდნენ და გულისხმობდნენ, რომ დედალი ცხვრის გემო არ იცოდა, რაც სიმბოლურად ნიშნავდა უმანკო ტარიგს, საღვთოს, როგორც ამას ახლაც ასე ვუწოდებთ. თითქმის ყველა წინასწარმეტყველი, ვინც წინასწარმეტყველებს მაცხოვარზე, გვიხატავს, თუ როგორ შეიწირება ბატკანი, დედალი იქნება თუ მამალი. ესაია წინასწარმეტყველი კი გარკვევით ამბობს: ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე: კრავივით დასაკლავად მიიყვანეს და, როგორც ცხვარი დუმს მპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე (ესაია, 53,7).
30. "ესე არს, რომლისათვისა–იგი ვთქუა: შემდგომად ჩემსა მოვალს კაცი, რომელი პირველ ჩემსა იყო, რამეთუ უპირატეს ჩემსა არს".
ეს არის, რომელზეც გითხარით: ჩემ შემდეგ მოდის კაცი, რომელიც ჩემზე უპირატესია, ვინაიდან ის არსებობდა ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე მე მოვევლინებოდი ქვეყნიერებას. იოანეს მიერ ხდება იესო ქრისტეს მესიად გამოცხადება, აღიარება, რადგან ის ხომ ღმერთი არის და ამიტომაც მისთვის დრო არაფრისმთქმელია, იყო, არის და იქნება დაუსრულებლად. იოანემ ამ აღიარებით საკუთარი პატივმოყვარეობაც დააზღვია, რადგან იყო იმის საშიშროება, რომ ებრაული საზოგადოების რაღაც ნაწილს იოანე ნათლისმცემელი შეიძლებოდა ღმერთად გამოეცხადებინათ, იმდენად იყვნენ მოხიბლულნი მისი მოსაგრეობით, მისი სამართლიანობით, უპოვარებით და ა.შ. რომ არც ეს იყო გამორიცხული.
31. "და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რაითა გამოეცხადოს ისრაელსა, ამისთვის მოვედ მე წყლითა ნათლის–ცემად".
მე არასოდეს ვიცნობდი მას, თუმცა რადგან ის იცნო ისრაელმა, მეც მოვედი და მოვნათლე წყლით. წმინდა იოანე ნათლისმცემელი თავმდაბლად აცხადებს, რომ მას არ იცნობდა, თუმცა იმდენი რამ მოხდა ებრაული საზოგადოების ცხოვრებაში იესო ნაზარეველის დაბადებით, რომ შეუძლებელი იყო, წმინდა იოანე არ გამოხმაურებოდა არსებულ რეალობას. წმინდა იოანემ ეს სიტყვები წარმოთქვა, ვიდრე მასში ამოქმედდებოდა წმინდა სული. როცა ადამიანში მოქმედებას იწყებს სულიწმინდის ენერგია, მაშინვე იცვლება მისი შინაგანი სამყაროც. სწორედ ეს შინაგანი ცვლილება მოხდა იოანე წინასწარმეტყველშიც და განკაცებული ღმერთის წყლით მონათვლის ძალა მიეცა მდინარე იორდანეში.
32. "და წამა იოანე და თქუა, რამეთუ: ვიხილე სული ღმრთისაი, ვითარცა ტრედი გარდამომავალი ზეცით და დაადგრა მას ზედა".
იოანემ დაამოწმა საქვეყნოდ და თქვა ხმამაღლა: ვნახე, თუ როგორ გამოისახა ღვთის სული ზეციდან ჩამომავალი მტრედის სახით მის თავზე. ამის გაცხადება იოანეს მხრიდან ბევრი სკეპტიკურად განწყობილი იუდეველის უკმაყოფილებას იწვევს და მითქმა–მოთქმის საგანი ხდება.
33. "და მე არა ვიცოდე იგი, არამედ რომელმან მომავლინა მე ნათლის–ცემად წყლითა, მან მრქუა მე: რომელსაც ზედა იხილო სული გარდამომავალი და დადგრომილი მის ზედა, იგი არს, რომელმან ნათელ–გცეს სულითა წმიდითა".
რა თქმა უნდა, მე არ ვიცოდი, თუ ვინ იყო, თუმცა იმან, ვინც მე გამომგზავნა, რომ წყლით მომენათლა, ასეთი რამ მითხრა: იმას, ვისაც ნახავ, რომ სული წმინდა გარდამოვა და დაადგება თავზე, ის არის, ვინც ნათლავს არა წყლით, არამედ სული წმინდით. იოანე თითქოს აქარვებს იუდეველთა მრისხანებას წინა მუხლში გამოთქმული მოსაზრების გამო, თუმცა ახლა ახალ თავსატეხს უჩენს მათ, რადგან ალაპარაკდა სულიწმინდით ნათლობაზეც, რაც რთულად გასაგები აღმოჩნდა ადგილობრივებისთვის.
34. "და მე ვიხილე და ვწამე, რამეთუ ესე არს ძე ღმრთისაი".
მეც ვნახე და განვაცხადე მოურიდებლად, რომ ეს არის ძე ღვთისა. იოანე აღიარებს იესო ქრისტეს ღვთის ძედ. ის არავის ერიდება, არც იმას განიცდის, ვინ როგორ მიიღებს მის ნათქვამს. მთავარია, რომ თვითონ სწამს ის, რასაც ამბობს და მისთვის ეს არის მთავარი.
გადაჭარბებული არ იქნება, თუ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ და ვიტყვით, რომ იოანე ნათლისმცემელი ყველაზე აღმატებული და ავტორიტეტული წმინდანია მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამის შემდეგ. შევთხოვოთ მფარველობაც და მეოხებაც ღვთისადმი და დედაღვთისამდი, რათა არასოდეს მივიდრიკნეთ თვინიერ მართლმადიდებელი ქრისტიანობისა.
ქრისტესმიერი სიყვარულით, პროტოდიაკონი მირიანი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"დეპრესიის დროს ადამიანი ღირსებას კარგავს"
დღეს თამარობაა
ხსენება წმინდისა ახალმოწამისა გრიგოლ მეხუთისა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისა
კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება












დღეს ამაღლებაა
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება 

დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ცხოვრება წმინდისა მამისა ათანასე დიდისა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ნიკოლოზობას აღნიშნავს
მეუფე იაკობმა უდაბნოს მონასტრის ნიშთან შეკრებილ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა
უდაბნოს მონასტრის ნიშთან პარაკლისი სრულდება
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა
აზერბაიჯანელები გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აღარ ჩანან
მეუფე იაკობი - სასულიერო პირების მიმართ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კორექტულები არიან
პატრიარქის პატარა სტიქაროსანს ორივე ფეხზე პროთეზი უკეთია 






































































































