asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მამა ნეოფიტე (უროტაძე): "ბერი შუქურას უნდა ემსგავსებოდეს"
”მონასტერში რომ ვბრუნდები; ესაა ჩემი სიხარული”
მამა ნეოფიტე (უროტაძე): "ბერი შუქურას უნდა ემსგავსებოდეს"

2012-01-31 11:31:34



"ქარელის რაიონის სოფელ ქვენატკოცაში ვცხოვრობდი. სოფლის ეკლესია მაშინ არ მოქმედებდა და იქაური ბავშვები ისე ვიზრდებოდით, რომ მხოლოდ ტაძარს ვუყურებდით, ღვთისმსახურებასთან არანაირი შეხება არ გვქონია. მღვდელი მარტო ტელევიზორში მყავდა ნანახი", - იხსენებს იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე), რომელიც უკვე შვიდი წელია, ბერის ჯვარს ბერულად ეზიდება. ის აზერბაიჯანის საზღვარზე მსახურობს. იქაური ამბები მან "გუმბათის" მკითხველს უკვე უამბო. ახლა კი, მამა ნეოფიტე, თავისი მონაზვნობის ისტორიას იხსენებს.
- მამა ნეოფიტე, როგორი იყო თქვენი პირველი შეხება რელიგიასთან. ბავშვობაში რწმენის შესახებ ვინმე გესაუბრებოდათ?
- მამიდაჩემი დიდი ხნის მრევლია, საპატრიარქოში მუშაობს და როცა ჩვენთან, სოფელში ჩამოდიოდა, წმინდანების შესახებ მიყვებოდა. ის ისტორიები, მე როგორც ბავშვს, კარგი ზღაპარი მეგონა. როცა წამოვიზარდე, მერე გავიგე, რომ თურმე მამიდა წმინდანთა ცხოვრებას მიყვებოდა. ამგვარი იყო რწმენასთან ჩემი პირველი შეხება.
საშუალო სკოლა რომ დავასრულე, მამიდამ შემომთავაზა, სასულიერო სემინარიაში გამეგრძელებინა სწავლა. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირი ახლოს ნანახი არ მყავდა, მე უკვე მიყვარდა ეკლესია. სემინარიის სტუდენტიც მამიდას დამსახურებით გავხდი. როგორც წესი, სემინარიაში სწავლის გასაგრძელებლად საჭიროა მოძღვრის რეკომენდაცია. რადგან მე ჯერ არ მყავდა მოძღვარი, მამიდამ საპატრიარქოში მიმიყვანა, სადაც ეზოში სეირნობისას, მაშინდელ მის მდივანთან, მამა მიქაელ ქადაგიშვილთან ერთად შემთხვევით შევხვდით პატრიარქს. მამა მიქაელი ანჩისხატის ეკლესიაში მსახურობდა და კურთხევის აღების შემდეგ, მამიდამ მას ჩემს შესახებ უთხრა, მოძღვრის რეკომენდაცია რომ მჭირდებოდა. მამაომ, რა თქმა უნდა, დამლოცა და რეკომენდაციაც დამიწერა. იმ დღიდან გავხდი ანჩისხატის მრევლი. სემინარიაში მივიღე სასულიერო განათლება. მანამდე სახარებაც არ მქონდა წაკითხული.
- სემინარიაში სწავლის დროს გაგიჩნდათ ბერობის სურვილი?
- სწავლის პერიოდში არც მღვდლობაზე და არც ბერობაზე არ მიფიქრია. სემინარიის დამთავრების შემდეგ, ისევ დავბრუნდი სოფელში, იმ დროისთვის უკვე გაეხსნათ ტაძარი, მოძღვარიც დაედგინათ და წირვა-ლოცვაც აღესრულებოდა. მე იქ მედავითნედ მსახურება დავიწყე.
სოფელშიც ისეთი ბავშვი ვიყავი, გარეთ უქმად ყოფნა არ მიყვარდა, ჩემთვის ჩხირკედელაობა მინდოდა და ვერც ვეგუებოდი უქმად ყოფნას.
- მონასტერში პირველად როდის წახვედით?
- სემინარიაში სწავლის დროს გავიცანი არქიმანდრიტი ბართლომე (ფირცხალაშვილი). მაშინ ის საჩხერეში მოღვაწეობდა. როდესაც მამა ბართლომე თბილისში, თაბორის მთის მამათა მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს, გამიჩნდა სურვილი, სტუმრად, ცოტა ხნით მეც წავსულიყავი მონასტერში, მამა ბართლომესთან. მახსოვს, თებერვალი იყო, აღდგომის მარხვა უნდა დაწყებულიყო, ვითომ ორი კვირით უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ წამოვედი და წამოვედი, სოფელში აღარ დავბრუნებულვარ. სახლში ბერად აღკვეცის შემდეგ ჩავედი.
- ე.ი. მონასტერში მისვლისთანავე მიხვდით, რომ იქ იყო თქვენი ადგილი?
- თაბორის მთაზე მდებარე მონასტერში მაშინ ძალიან მძიმე ცხოვრება იყო, მონასტერი ახლად ეწყობოდა, საკუთარი მეურნეობით ირჩენდა თავს და ამიტომ დიდი ფიზიკური შრომა გვიწევდა. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად სახლში ბევრად ნაკლები დატვირთვა მქონდა, ეს ცხოვრება მომწონდა, მივხვდი, რომ იქ იყო ჩემი ადგილი. კარგად ვგრძნობდი თავს. სიმშვიდე მიზიდავდა. იმდენად ჩემად მქონდა მიღებული მონასტერი, წამითაც არ დავფიქრებულვარ, აღვკვეცილიყავი თუ არა.
მანამდე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მე ვაფასებდი ჩემი სულის მდგომარეობას მონასტერშიც და ერშიც. სემინარიიდან სახლში იმიტომ დავბრუნდი, რომ გამომეცადა ჩემი თავი, ვიყავი მედავითნე და ოჯახში ვეხმარებოდი ჩემებს. ორი წელი საკმარისია იმისათვის, ადამიანი მიხვდეს, სად უკეთ გრძნობს თავს, მაგრამ სახლში მე უკვე ვეღარ ვძლებდი და ამიტომაც 2 კვირით მონასტერში წასვლა გადავწყვიტე.
- რამდენ ხანში აღიკვეცეთ ბერად და რა ასაკში?
- ერთი წელი უკაბო მორჩილი ვიყავი. ერთი წლის შემდეგ კაბით შევიმოსე და რამდენიმე თვეში, 25 წლის ასაკში, ბერად აღმკვეცეს. მიუხედავად იმისა, რომ მორჩილებაში მყოფი ადამიანი გარკვეულ პერიოდს მონასტერში ატარებს, აღკვეცის დღეს მის ცხოვრებაში მაინც ყველაფერი ახლიდან იწყება.
მე დღიურს ვაწარმოებ და იქაც მაქვს აღნიშნული ჩემი განცდები. აღკვეცას დედაჩემიც ესწრებოდა. პირველი, რაც აღკვეცის შემდეგ თვალში მომხვდა, ეს იყო დედაჩემის სახე. მის თვალებში იკითხებოდა სიხარულიც და სევდაც. მას ეგონა, რომ კარგავდა შვილს, მონასტერში ჩაიკეტება და ვეღარ ვნახავო, ასეთი წარმოდგენა ჰქონდა. უხაროდა ის, რომ მისი შვილი რაღაც ახალს აკეთებდა, მაგრამ რას, ეს არ იცოდა.
- მშობლებმა პირველად რომ გაიგეს, მონასტერში რჩებოდით, რა თქვეს?
- ჩემი მშობლები არ იყვნენ მორწმუნეები, მაგრამ არც უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონიათ ეკლესიის მიმართ. დედაჩემმა იცოდა, მონასტერში რომ მივდიოდი, მას უფრო გავანდე. მამაჩემი, რადგან კომუნისტურ ეპოქაში სამღვდელოება ცუდი კუთხით ჰქონდა დანახული, სასულიერო პირების მიმართ უარყოფითად იყო განწყობილი. ამიტომ ცოტა უსიამოვნო საუბრები გვქონდა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ მე სასულიერო პირებს ჯერ არ ვიცნობდი, მაინც არ მსიამოვნებდა მათზე აუგის თქმა. ჩემი შვილი მღვდელი არ გახდება, რა უნდა ვუთხრა მეზობლებს, როგორ უნდა მიიღონ მათ ამის საქციელიო, ამბობდა.
- მერე, ბერად აღკვეცილი რომ დაბრუნდით სოფელში, სინამდვილეში რა რეაქცია ჰქონდათ მათ?
- მახსოვს, მამაჩემი მე კი არ მიყურებდა, გარშემო მყოფ ადამიანებს, მეზობლებს, ახლობლებს აკვირდებოდა, მათი რეაქცია აინტერესებდა, როგორ მიმიღებდნენ სახეშეცვლილს, მაგრამ საახლობლოდან უარყოფითი აზრი არავის გამოუთქვამს, პირიქით, ულოცავდნენ მამაჩემს, რა კარგი შვილი გაგიზრდიაო და ვფიქრობ, მათმა ამგვარმა განწყობამ გადაატანინა მას ჩემი ბერობა. ახლა მოსწონს, მოძღვარი შვილი რომ ჰყავს. ჩემმა მშობლებმა უკვე ჯვარიც დაიწერეს.
- აღნიშნეთ, რომ აღკვეცის შემდეგ ყველაფერი ახლიდან იწყება. როგორია მონასტერი უკვე ბერული ცხოვრებისას?
- პატრიარქი სულ ამბობს, რომ ბერის ცხოვრებაში მორჩილების ეტაპი ოქროს ხანაა. ამ დროს შენ არანაირი ტვირთი არ გაქვს. შენით არ გიწევს გადაწყვეტილების მიღება. სხვაზე ხარ დამოკიდებული და რასაც გეუბნებიან, ის უნდა შეასრულო. უფალიც იმდენს არ მოგთხოვს. აღკვეცის შემდეგ კი, ნელ-ნელა გიმძიმდება ეს ტვირთი. მით უმეტეს, როცა სასულიერო პირი ხდები. ბერი არ არის სასულიერო პირი.
- შემდეგ სად გააგრძელეთ მოღვაწეობა?
- თაბორის მთიდან მცხეთაში, წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტერში გადამიყვანეს, ერთი წელი იქ ვიმსახურე. ის მონასტერიც მამა ბართლომეს დაქვემდებარებაშია. შემდეგი ერთი წელი მარტყოფის ყოველთა წმინდათა სახელობის მონასტერში ვიყავი, სანამ გარდაბნის რაიონში, აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარე მონასტერში დამადგენდნენ.
- მამაო, მონასტერში ცხოვრებამ პიროვნულად რამდენად შეგცვალათ?
- მონაზვნურმა ცხოვრებამ ჩემს პიროვნებაში ბევრი რამ შეცვალა. ერისკაცობაში, მიუხედავად იმისა, რომ სასულიეროში ვსწავლობდი, ძალიან მძიმე ხასიათი მქონდა. თავდაჯერებული ვიყავი და მინდოდა ყოველთვის ჩემი აზრი გამეტანა. სახასიათო ის მქონდა, რომ მიყვარდა ადამიანების მომდურება. თუ ვინმესთან ჩემს აზრს ვერ გავიტანდი, ან რამე მეწყინებოდა, შეიძლებოდა, მათთვის თვეების განმავლობაში, წელიწადიც კი, ხმა არ გამეცა. ასე ვიქცეოდი და მომწონდა კიდეც ჩემი საქციელი. ზუსტად ამაზე, ყველაზე მნიშვნელოვანზე გავამახვილებ ყურადღებას. რაც შეიძლება ბერმა თავის ცხოვრებაში შეცვალოს, ესაა ხასიათი, თავის თავზე გამარჯვება. უწმინდესიც სულ ამას ამბობს, რომ ადამიანმა თუ თავის თავზე გაიმარჯვა, ის ყველაფერზე გამარჯვებული იქნებაო. რაც ყველაზე მეტად მიხარია, მომდურების თვისება დაითრგუნა ჩემში, ახლა, პირიქით, მიყვარს, როცა პირველი მივალ და პირველი ვთხოვ ვინმეს პატიებას, პირველი გადავდგამ ამ ნაბიჯს. ვერ გეტყვით, ეს როგორ მოხდა, მაგრამ ის ვიცი, რომ ბერობის მერე შევიცვალე ასე.
- მამაო, მაინც რა არის ბერობა და როგორ ხდება ადამიანი ამ მეტად მძიმე ჯვრის მტვირთველი?
- ხშირად მეკითხებიან, რა არის ბერობა. ვერაფრით აგიხსნით ამას და შეუძლებელია, ვინმემ აღწეროს, როგორია ბერობა, თუ თვითონ არ გამოსცადე. ბავშვობაში საერთოდ არ მიყვარდა ხმაური, ხალხმრავლობაში დიდხანს ყოფნა. ეს გზა არ არის არჩევითი. წინასწარ არავინ იცის, ვინ ვინ გახდება. ვერ იტყვი, ბერი გახდები თუ მღვდელი. ეს არ არის თანამდებობა, ან პროფესია, ერთ-ერთი საიდუმლოა. ეს არჩევანი თავისთავად მოდის. ამას ჩემი გამოცდილებიდან ვამბობ. მე ნამდვილად არ მიფიქრია ბერობაზე. ნელ-ნელა, ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვედი დღემდე. თუმცა, შესაძლოა, ვიღაცისთვის უცებ მოვიდა. ბერი შუქურას უნდა ემსგავსებოდეს, სხვას გზას უნდა უჩვენებდეს ჯერ ამქვეყნად ცხოვრებისას და მერე უკვე ცხონებისას.
- ბერულ ცხოვრებაში სიხარული რას მოაქვს?
- როცა ხალხმრავლობაში აღმოვჩნდები, გარკვეული პერიოდი იმ საზოგადოებაში ყოფნა მიწევს და მერე მონასტერში, ჩემს კელიაში რომ დავბრუნდები, გულწრფელად რომ გითხრათ, ესაა ჩემი სიხარული, რადგან ბერისთვის სიმშვიდე არის ყველაზე დიდი სიხარული, როცა უფალთან მარტო რჩები.
- სიმშვიდე და კიდევ იესოს ლოცვა?
- იესოს ლოცვა არამარტო ბერისთვის, ნებისმიერი ქრისტიანისთვის აუცილებელია. ესაა უძლიერესი ლოცვა, რომელიც ყველაზე მეტად თრგუნავს ბოროტ ძალას. ყველაზე პატარაა, მაგრამ ძნელად შესასრულებელი, არ არის იოლი. წმინდა მამები ამბობენ, ეს ლოცვა უნდა იმეორო გულში მანამ, ვიდრე გულის მანქანას აამუშავებ და მერე გული თავისთავად, თვითონ ლოცულობსო. ამ ლოცვის წარმოთქმისას, უფალს შეღაღადებ, შეგიწყალოს ცოდვილი. ეშმაკს ის თრგუნავს, რომ აქ არის სიტყვა "მე ცოდვილი". პატერიკებში არის აღწერილი, წმინდა მამასთან ერთად ეშმაკს გაუმეორებია ეს ლოცვა, - უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, მაგრამ "შემიწყალე მე ცოდვილი" ვეღარ უთქვამს და გამქრალა.
- მამაო, აღნიშნეთ, რომ ხალხმრავლობა არ გიყვართ, ალბათ, არც დედაქალაქს სტუმრობთ ხშირად.
- ქალაქში მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ჩამოვდივარ, როცა მონასტრისთვის რაიმე აუცილებელი არის შესაძენი. ამიტომ იშვიათად თუ აღმოვჩნდები ხალხმრავლობაში.
- სახლში, მშობლებისა და ახლობლების მოსანახულებლად ჩადიხართ ხოლმე?
- ოჯახის წევრების სანახავად ჩავდივარ წელიწადში ორჯერ, ორი საათით. ჩემს სოფლამდე შორი არ არის, თბილისიდან ერთი საათის სავალზეა, მაგრამ უფრო დიდხანს მე თვითონ ვერ ვჩერდები იქ. ტელეფონზეც ვესაუბრები ჩემებს. მოგეხსენებათ, დღეს კომუნიკაციის პრობლემა არ არის.
- მამაო, როგორც თქვით, ერის ადამიანები მუდმივად გყავთ სტუმრად, მაგრამ მონასტრის წევრი მარტო თქვენ ხართ. ამავე დროს, სასულიერო ხარისხში იმყოფებით და მონასტრის წინამძღვარიც ბრძანდებით. მარტოს გიწევთ ბერული ღვაწლის ტვირთვა, ეს დამთრგუნველი არ არის? ამის გამო მოწყინება ხომ არ გეუფლებათ ხოლმე?
- მე წარმოშობით გურული ვარ, ქართლში გადმოსახლებული და უნდა აღვნიშნო, რომ გურული ხასიათი ძალიან მშველის. თვითონ გურული ხალხი ხალასი ბუნებისაა. მეც ოპტიმისტი ვარ. არანაირი გასაჭირი არ მთრგუნავს, სასოწარკვეთაში არასდროს ჩავვარდნილვარ და იმედია, არც ჩავვარდები. ყველა გასაჭირს აუცილებლად აქვს გამოსავალი. უბრალოდ, ის გამოსავალი შენ თვითონ უნდა იპოვო. თუ შენი მცდელობა იქნება, უფალი აუცილებლად შეგეწევა.
- მამაო, ერის ადამიანებს გვიჭირს მუდმივ ლოცვით რეჟიმში ყოფნა, ზოგჯერ ყველაზე მცირეს, დილა-საღამოს ლოცვით კანონსაც ვერ ვასრულებთ. საინტერესო იქნება თქვენი რჩევა, როგორ მოვიპოვოთ ლოცვის მადლი და ძალა?
- არის შემთხვევები, როცა ადამიანი ამბობს, ჩამივარდა ესა თუ ის ლოცვა, ან სავედრებელი დაუჯდომელი. ეს ცუდია, მაგრამ როცა ასე მოხდება, შეგვიძლია ჩვენივე სიტყვებითაც ვევედროთ უფალს. ლოცვა ხომ უფალთან საუბარია. არსებობს სხვადასხვა ლოცვები. მაგალითად, ლოცვა ეფრემ ასურისა, ბასილი დიდისა და ა.შ. ესაა ლოცვათა კრებული, სადაც შესულია იმ წმინდა მამების ლოცვანი, რომლებიც ევედრებოდნენ უფალს, ეს ლოცვები მაგალითად არის მიცემული ერის ადამიანებისთვის, რომელთაც, თუ არ იციან, საკუთარი სიტყვებით როგორ ევედრონ უფალს, მაშინ აიღონ ლოცვანი და იქ შეკრებილი ლოცვები წაიკითხონ. მაგრამ დავუშვათ, ისეთ ადგილას ვართ, სადაც არ გვაქვს ლოცვანი, მაშინ რა უნდა ვქნათ? ულოცველი დავრჩეთ? არა. უნდა ვილოცო, უფალს ჩვენივე სიტყვებით ვესაუბროთ. იმ წმინდა მამებმაც, რომელთა დაწერილ ლოცვებსაც დღეს ჩვენ ვკითხულობთ, ასე მიმართეს უფალს საკუთარი სიტყვებით. ასე რომ, უფალთან საუბარი ყოველთვის უნდა შეგვეძლოს. თუ არ გვაქვს ლოცვანის წიგნი, ამან არ უნდა დაგვაბრკოლოს, მივმართოთ ხატებს, ვესაუბროთ მათ. თუ ლოცვა არ შეგვიძლია, ხატებთან დგომა, სანთლის ანთება, კანდელის ანთებაც სიმშვიდეს მოგვანიჭებს. ამას ჰქვია ღვთისმსახურება.
- კიდევ რა გზით შეუძლია ადამიანს დღეს არსებულ საცდურებთან გამკლავება?
- მე-4 საუკუნეში ანტონი დიდს ასეთი ხილვა ჰქონდა, მთელ დედამიწას ბადესავით, სხვადასხვა საცდურები, ეშმაკის მახეები ჰქონდა გადაფარებული. ნეტა ვინ განერიდება, უფალო, ამ საცდურებსო, იკითხა ანტონი დიდმა, მხოლოდ და მხოლოდ თავმდაბალნი და მორჩილნიო, იყო პასუხი წმინდანის მიმართ. დღესაც და ყოველთვის, სანამ კაცობრიობა იარსებებს, ეს იქნება ამ კითხვაზე პასუხი. ადამიანს მორჩილება და თავმდაბლობა ხომ შეუძლია? უწმინდესის ქადაგებას მოვიშველიებ, ის ამბობს, შესაძლოა, ჩვენ არ შეგვიძლია ისეთი ლოცვა, როგორიც შიო მღვიმელს შეეძლო, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავცეთ მოწყალება, წყალი მივაწოდოთ მწყურვალს, ვანუგეშოთ მწუხარე და ა.შ. ყოველი საუკუნე ნელ-ნელა მძიმდება, მაგრამ ადამიანს ყოველთვის შეუძლია რაღაც ისეთი გააკეთოს, რაც ღვთისთვის სათნო და მოსაწონი იქნება, თუნდაც, ათი მცნებიდან ერთი მცნება შეასრულოს. შესაძლოა, ათივე მცნება ვერ შეასრულო, მაგრამ ჩვენ თუ მცდელობა გვექნება, უფალი შეიწირავს ამ მცდელობასაც.
როცა ადამიანი მიხვდება, რომ ეს ქვეყანა არის სასჯელი, მაშინ დაიწყებს ის სასუფევლისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმას. და თუ ადამიანი ამ ქვეყანას ისე ეჭიდება, როგორც მის მუდმივ სამყოფელს, მაშინ ის ღმერთზე ვერ იფიქრებს. დედამიწა ჩვენი დროებითი სამყოფელია და უნდა ვეცადოთ, აქ მოცემული დრო მაქსიმალურად ისე გამოვიყენოთ, რომ პირნათელი დავუბრუნდეთ უფალს. დღეს პრობლემა არის რწმენის ნაკლებობა.
მართალია, ტაძრები მრევლით გაივსო, მაგრამ სულიერად უჭირთ ადამიანებს.
ეფემია წიკლაური


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online