asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ქეთი დოლიძე: "ბოდბის მონასტერში სრული სიმშვიდე მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ"
”უწმინდესთან პირველად რეზო თაბუკაშვილმა მიმიყვანა”
ქეთი დოლიძე: "ბოდბის მონასტერში სრული სიმშვიდე მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ"

2012-01-30 09:31:34



რეჟისორ ქეთი დოლიძეს მამის მხრიდან ნათესავები სამღვდელო პირები ჰყავდა. ტრადიციულად, ამ გვარის წარმომადგენელი მამაკაცები მღვდლები იყვნენ. ქალბატონი ქეთის ბაბუაც მღვდელი იყო, თუმცა, მამამისმა უკვე ვეღარ შეძლო ამ ტრადიციის გაგრძელება. აკრძალვებისა და იმდროინდელი წყობის მიუხედავად, მათ ოჯახში საეკლესიო რიტუალები სრულდებოდა, მარხულობდნენ, სანთელსაც ანთებდნენ და ოთხშაბათსა და პარასკევს ხორცს არ მიირთმევდნენ. ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან რეჟისორი ხშირად ხვდება ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს და სწორედ მან მოუნათლა შვილიშვილი - პატარა ლუკა. წლების წინ კი, ქალბატონ ქეთის პატრიარქმა ბოდბის მონასტრის გვერდში დგომა დაავალა. დღეს იგი ხშირად სტუმრობს ამ მონასტერს და გარკვეული დროით იქ ცხოვრობს კიდეც. თან, თავისი პატარა შვილიშვილიც მიჰყავს. თუ როგორ მოინათლა თავისით ქეთევან დოლიძე ბავშვობაში, რა ხილვები აქვს მას და რატომ არ ელოდება თვალხილულ სასწაულს, ამას და კიდევ ბევრ რამეს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
- ქალბატონო ქეთი, ისეთ პერიოდში დაიბადეთ და გაიზარდეთ, როდესაც ეკლესიაში სიარული იკრძალებოდა. თქვენს ოჯახში როგორ იყო ეს ამბავი?
- ჩვენი გვარის 14 თაობა სულ სამღვდელო პირები იყვნენ. ისინი ქორწინდებოდნენ, ოჯახებიც ჰყავდათ, მაგრამ მაინც საეკლესიო პირები იყვნენ. ტრადიციულად, ბაბუაჩემიც მღვდელი იყო. ეს ტრადიცია მამაჩემმა დაარღვია. ჩვენს ოჯახში ყველა საეკლესიო რიტუალი სრულდებოდა. ბაბუაჩემი მარხვას ყოველთვის იცავდა, მაგრამ ჩვენ ნაკლებად. ვიცით, რომ 1924 წელს ბაბუაჩემს ბოლშევიკებმა წვერები დააგლიჯეს და ანაფორა შემოახიეს. საშინლად მოექცნენ, ბაბუას ეკლესია დაწვეს, დაანგრიეს. სხვათა შორის, ის პირველი ადამიანი იყო, ვინც ხულოში ქართული ეკლესია გახსნა. ამ დროს აჭარა ქართველებს უკვე დაბრუნებული ჰქონდათ და მან ბევრი აჭარელი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. ჩვენი ოჯახი ამით ძალიან დალოცვილი იყო. ბესარიონ დოლიძე, როგორც მღვდელი, დღესაც ბევრ ადამიანს ახსოვს. პირველი ქართული სკოლაც ჩემმა ბებიამ და ბაბუამ გახსნეს. მამაჩემმაც სწორედ იქ აიდგა ფეხი. 12 წლის იყო, სკოლაში რომ პირველი სპექტაკლი "ტიმოთეს ლეღვი" დადგა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ბავშვობაში იყო გარკვეული აკრძალვები, ჩვენს ოჯახში წითელი კვერცხიც გვქონდა სააღდგომოდ და პასკებსაც ვაცხობდით. მე ძალიან მორწმუნე ძიძა მყავდა, რომელიც რუსი იყო და ყველა საეკლესიო წესს ზედმიწევნით იცავდა. ჩვენს სახლში პარასკევსა და ოთხშაბათს ხორციანი საჭმელი არასდროს კეთდებოდა. ეს იყო ერთგვარი დაუწერელი კანონი.
- რა ასაკში მოგნათლეს?
- ჯერ ე.წ. დასახელებული ნათლიები მყავდა, მაგრამ მონათლული არ ვიყავი. მეშვიდე კლასში რომ ვიყავი, თვითონ მოვინათლე. ჩემმა უახლოესმა მეგობარმა და კლასელმა მედიკო კიღურაძემ მომნათლა. ერთად წავედით სიონის ტაძარში და ნათლობაც იქ შედგა. მღვდელმა გვკითხა, არ გეშინიათ, ამას რომ აკეთებთო და ვუპასუხეთ, არ გვეშინია-თქო. იმ დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი. მამა რადგან თანამდებობის პირი იყო, მეორე დღეს უთხრეს, რომ თქვენი ქალიშვილი მოინათლაო. მას კი უთქვამს, კარგი გაუკეთებია, ესე იგი, ასე იყო საჭიროო. მერე, საღამოს, სახლში რომ მოვიდა, ბაბუაჩემს ახარა, ქეთევანა მოინათლაო (მამა ქეთევანას მეძახდა ხოლმე).
- ცნობილია, რომ თქვენი შვილიშვილი უწმინდესმა და უნეტარესმა მონათლა. ეს როგორ მოხდა?
- ბაბუაჩემის წყალობით, ანუ ის რომ მღვდელი იყო, უწმინდესთან ახლოს ვარ. მაქვს უფლება, რომ ხანდახან ჩემი შვილებიც მივიყვანო მასთან შესახვედრად. ჩემი შვილიშვილის მონათვლას რაც შეეხება, ეს უცებ მოხდა. ბავშვი შობა დღეს დაიბადა. ჯერ კიდევ ორი კვირის იყო, როდესაც საპატრიარქოში წავედი, უწმინდესის ემბაზიდან წყალი რომ წამომეღო. მან კი მითხრა, რატომ არ არის ბავშვი მონათლულიო. ვუთხარი, ჯერ მხოლოდ ორი კვირის არის-მეთქი. მან კი მიპასუხა, მერე რა, მე ორი დღის მომნათლესო. მაშინვე მღვდელი დაიბარა და მითხრა, ბავშვი მოვნათლოთო. ღამის 11 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში მოვნათლეთ ჩემი შვილიშვილი. პატრიარქთან ერთად, ლუკას ნათლიები არიან მამა კონსტანტინე (ლეკიშვილი) და მამა მიქაელი (ქადაგიშვილი). ლუკა უწმინდესმა აიყვანა ხელში, ემბაზზე ჯვარი გადმოსახა და ამაზე მეტი დალოცვა რაღა გვინდა.
- სულ პირველად როდის შეხვდით პატრიარქს?
- ახალგაზრდობაში. საერთოდ, რეზო თაბუკაშვილი პატრიარქთან მისი აღსაყდრების დღიდან მეგობრობდა. რეზო კი ჩემი ბიძაშვილია. სწორედ მან მიმიყვანა პირველად უწმინდესთან და მას მერე, ძალიან ხშირად დავდიოდი. ჩემთვის ეს ყოველთვის დიდი ბედნიერება იყო. მისგან დალოცვა ბევრ რამეს ნიშნავს. 1993 წელს პატრიარქმა დამავალა, რომ ბოდბის მონასტერს მხარში ამოვდგომოდით. იმ დროს ეს მონასტერი საშინელ მდგომარეობაში იყო. დედა თეოდორა იქ ახალი მისული იყო და დედები გაუსაძლის პირობებში იყვნენ. წყალი და გათბობა არ ჰქონდათ. მოვახერხეთ და პირველი მშენებლები ჩვენ ჩავუყვანეთ. ჩვენს ორგანიზაციას "თეთრი მანდილი" დაერქვა და უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II დალოცა. იმის მერე, პრაქტიკულად ბოდბის მონასტრიდან არ გამოვსულვარ. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ პატრიარქმა დედა თეოდორა გამაცნო. ძალიან გული მწყდება ხოლმე, როდესაც იქ ჩასვლას ვერ ვახერხებ. ზოგჯერ იქ ყოფნა ძალიან მაკლია. ბოდბის მონასტერი, ალბათ, ერთადერთი ადგილია, სადაც სრული სიმშვიდე მაქვს და ძალიან ბედნიერი ვარ.
- ანუ მონასტერში რჩებით ხოლმე?
- კი, გარკვეული პერიოდი იქ ვცხოვრობ ხოლმე. ლუკაც მიმყავს ჩემთან ერთად. ჩემი შვილიშვილი აღდგომის ყველა წირვას ესწრება. საერთოდ, წირვებს კი ორი წლიდან ესწრება. სამი წლის იყო, როდესაც ბოდბეში წავიყვანე და მას მერე ამბობს, თოროდებთან მივდივართო. დედა თეოდორას სახელს ვერ ამბობდა და თოროდი დაარქვა. დანარჩენ დედებსაც ასე მიმართავს.
- დღევანდელ მრევლსა და მათს ეკლესიურობაზე რა აზრის ხართ? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ხშირად ხდება მრევლისა და თავად მღვდლების გაკრიტიკებაც.
- ძალიან განვიცდიდი, რომ ზოგიერთი ადამიანი დაკავებულია უწმინდესისა და უნეტარესის ლანძღვა-გინებით. მათ ისე შეუძლიათ, რომ პატრიარქსა და ზოგადად, ეკლესიებს ხელი წამოჰკრან და არც კი რცხვენიათ. თავიანთ დანაშაულს ვერ ხვდებიან. ბოლშევიკების დროს, ვიღაც კაცი ხატს ეცა, დასერა და თან თქვა, აბა, ვნახოთ, რას მიზამსო. მღვდელმა უთხრა, მეტი რაღა უნდა გითხრას ღმერთმა, გაუგიჟებიხარო. მგონია, რომ ვინც უწმინდესს ლანძღავს, ყველა შეპყრობილია. ზოგს თავი ვითომ ლიბერალად მოაქვს, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები. ეკლესიაც ისეთივე ცოცხალი ადამიანებითაა სავსე, როგორც ყველა სხვა რჯულის დაწესებულება. იქაც ბევრ ვინმეს ეშლება და ცოდვებსაც სჩადიან. ეს მარტო ჩვენთან არ ხდება. ამიტომ მე ვერავის განვიკითხავ. როდესაც ჩვენს პატრიარქს ვიღაც თავზე გადაახტება და კიდევ ჩვენს პრეზიდენტს დავით აღმაშენებელს ადარებს, ეს არ მომწონს. ყველამ ცოტათი მაინც უნდა მოთოკოს თავისი თავი. მაგრამ მე განკითხვის უფლება არ მაქვს. ამ ყველაფერს თავად ეკლესია მოუვლის და ყველაფერი დალაგდება. ჩვენ რატომღაც გვგონია, რომ საპატრიარქო რომელიღაც ფონდია, რომელსაც ერთი ხელის მოსმით გააქილიკებ. ეს ერთგვარი სენია და ბოლშევიკები მეტს კი არაფერს აკეთებდნენ. ისინი ახალგაზრდობას ეკლესიის მიმართ სიძულვილსა და ზიზღს უნერგავდნენ, მაგრამ მადლობა უფალს, რომ ყველას ყველაფერი უკანვე უბრუნდება. ჯობია, ყველამ თავის სულზე, ოჯახსა და შვილებზე იფიქროს.
- თბილისში რომელ ტაძარში დადიხართ?
- უმთავრესად ბოდბეში დავდივარ. თუმცა, აქ, თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე წმინდა ნინოს ტაძარში დავდივარ, სადაც ჩემი მოძღვარი მამა მიქაელი მსახურობს. სამწუხაროდ, მარხვას ხშირად ვერ ვინახავ და ეს ძალიან მაწუხებს.
- იერუსალიმში წმინდა მიწაზე ნამყოფი ხართ?
- არ ვარ ნამყოფი. ჯერჯერობით, რაღაც ცოდვების გამო, უფალმა ამისი უფლება არ მომცა. ალბათ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ერთხელ, მეუფე ზენონმა მითხრა, რომ ყველაზე მთავარი ის არის, შიგნით გქონდეს შენი იერუსალიმი, თორემ იქ ფიზიკურად მოხვდები თუ არა, ეს ღმერთის ნებააო.
- სასწაულის თქვენეული აღქმა როგორია?
- მე თვალხილული სასწაული არ მჭირდება, რომ ცაში რაღაც დავინახო. ამას ნამდვილად არ ველოდები. სასწაული ხდება ყოველ დღე და თუნდაც ის არის სასწაული, რომ ღმერთმა ჩემი შვილიშვილი მაჩუქა. საკმაოდ გვიან მოვეკიდე ოჯახს, 34 წლისას შემეძინა თორნიკე და 36 წლისას - თამარი. მიმაჩნია, რომ სასწაული და ღვთის საჩუქარიც სწორედ ეს არის. ერთი რაღაც კი არის, რომ ხშირად ვნახულობ სიზმრებს, რომლებიც რაღაცას მანიშნებენ. ადრე, უწმინდესსა და უნეტარესსაც კი ვუთხარი, ხილვები მაქვს-თქო. ხშირად ეს ხილვა ამხდომია კიდეც. 1982 წელს პირადად დავინახე ჭუბერი და 1993 წელს, როდესაც იმ კადრებს ვუყურე, ადამიანები ამ ადგილს როგორ ტოვებდნენ, მივხვდი, რომ ჩემი ხილვა ახდა. ამაზე მეტი საუბარი არ მინდა, მაინც ვერიდები ხოლმე ამ თემაზე საუბარს.
- სპექტაკლებს როდესაც დგამთ, ან ფილმს იღებთ, რომელშიც არის რელიგიური თემატიკა, ამ დროს სასულიერო პირებს თუ აკურთხებინებთ ფილმს ან სპექტაკლს?
- ყველა ჩემს ფილმში არის რელიგიური მომენტი. მაშინაც კი, როდესაც ეს იკრძალებოდა, მე მაინც ვაკეთებდი ასეთ ფილმებს. "ძველი ვალსი" რომ გადავიღე, მთავარი გმირი (მედეა ჯაფარიძე) ტაძარში მივიყვანე და ანთებულ სანთელთან დავაყენე. ეს მაშინ არ შეიძლებოდა, მაგრამ მაინც გავაკეთე. ასევე, "მარტოხელა მონადირეში" ზურა ყიფშიძის გმირი, ყველაზე მეტად რომ უჭირს, ამ დროს ტაძარში შედის. სპექტაკლებს რაც შეეხება, "სერობა" უწმინდესისა და უნეტარესის დალოცვით დაიდგა. მგონი, რომ ეს ბატონი მიშას გარდაცვალების შემდეგ, ერთგვარი საეტაპო ნამუშევარი იყო. ეს ღმერთის ნებით მოხდა. სხვათა შორის, მხოლოდ ბატონი მიშას გარდაცვალების შემდეგ ვაკურთხეთ თეატრი. მამა მიქაელი მოვიყვანეთ და მან აკურთხა. "სერობას" რაც შეეხება, საინტერესო სპექტაკლი გამოვიდა. ეს ეხებოდა იმ ოთხ საათს, როდესაც იესო ქრისტეს ყველამ უღალატა, ქალების გარდა, რადგან რწმენა ქალებზე იდგა. მაცხოვრის მოწაფეებს კი წმინდანობისა და მოციქულობისკენ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ნაბიჯი გადადგმული, დაბნეულები იყვნენ და სარდაფში იყვნენ ჩაკეტილები. ორმოცი დღე გადაბმულად გვქონდა რეპეტიციები და რაც მაშინ თეატრში ხდებოდა, ეს მართლა სასწაული იყო, რადგან რაღაც ხმებიც გვესმოდა. მე თვითონაც ვერ გეტყვით, ეს სპექტაკლი როგორ დავდგი. ვერც ვიტყვი, რომ ჩვენ ეს სპექტაკლი ვითამაშეთ, უბრალოდ, იმ 4-5 საათს წარმოვადგენდით, რომელიც მაცხოვრის გარშემო ხდებოდა. ათი წლის მერე, სპექტაკლი აღგვადგინეთ და ერთ-ერთი მოძღვარი მოგვივარდა, რომლის სახელსაც შეგნებულად არ დავასახელებ. მან თავისი მრევლიც მოიყვანა და პატარა, თვეების ბავშვები მოიყოლეს თან. ეს არის ნამდვილი ბნელეთი და მრევლი ამ ბნელეთში არ უნდა ამყოფო. არაფერი რომ არ გინახავს და არ იცი, რა სპექტაკლია, იმაზე როგორ უნდა ილაპარაკო. საერთოდ, მე ყველას ბიოგრაფია ძალიან კარგად ვიცი და ისიც, ვინ რას აკეთებდა ახალგაზრდობაში. ამ მოძღვარს ვუთხარი, რომ ეს სპექტაკლი უწმინდესმა დალოცა და თქვენ მის წინააღმდეგ მიდიხართ-თქო. "სერობა" ისეთი რამეა, რომ მისი ამ თეატრიდან მოსპობა არ შეიძლება. ვთვლი, რომ ეს სპექტაკლი ბატონ მიშას ხელდასხმითაც გაკეთდა.
თეონა კენჭიაშვილი


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქეთი დოლიძე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online