asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კობა დავითაშვილი: "აღსარებას იშვიათად ვაბარებ"
"ღმერთმა ხელი მოგვიმართოს ყველა კეთილ საქმეში და ცუდი არ გვანდომოს"
კობა დავითაშვილი: "აღსარებას იშვიათად ვაბარებ"

2012-01-30 16:31:34



როგორც "ხალხის პარტიის" ლიდერმა კობა დავითაშვილმა აღნიშნა, მისი თაობა ისეთ პერიოდში აღიზარდა, როდესაც რელიგია იდევნებოდა. მაგრამ რაც მას ბავშვობაში აკლდა, მის შვილებს აქვთ. მისი მეუღლეცა და შვილებიც ძალიან მორწმუნენი არიან და ხშირად დადიან ეკლესიაში.
- ბატონო კობა, ბავშვობაში ეკლესიაში არ დადიოდით?
- ჩვენ ისეთ ეპოქაში აღვიზარდეთ, რომ ეკლესია დევნილი იყო და რელიგიური აღზრდა ბავშვობაში არ მიგვიღია. იმ სოფელში, საიდანაც წარმოშობით ვარ (კასპის რაიონი სოფელი ნიაბი), ეკლესია გაპარტახებული იყო და არც ჩემი მშობლები და არც უფროსი თაობა ეკლესიაში არ დადიოდა. თუმცა, ეკლესიური დღესასწაულები იმართებოდა და საკლავი იკვლებოდა. ეს, ერთი მხრივ, დამახინჯებაც იყო, რადგან წარმართობა შერწყმული იყო ქრისტიანობასთან. როდესაც ასაკი მომემატა და სარწმუნოების მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა, ეკლესიების აღდგენა და მშენებლობა დაიწყო, ჩემში რწმენა მაშინ შემოვიდა. ჩვენ უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, ვიდრე ჩვენი შვილები. დღეს, ბავშვები უფრო ეკლესიურად იზრდებიან, წირვა-ლოცვებს ესწრებიან. ჩვენ ეს ყველაფერი გვაკლდა. ამიტომ, ძალიან მიხარია, როდესაც ეკლესიებში ბევრი მრევლია, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდები. ადრე, თუ უფროსი თაობის უფრო იყო ეკლესია, დღეს ახალგაზრდებისაც არის. რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი თაობა ბევრად უფრო ეკლესიური იქნება, ვიდრე ჩემი თაობა.
- გააზრებულად რამდენი წლის იყავით, ეკლესიაში რომ შეხვედით?
- მაშინ სტუდენტი ვიყავი. როგორც იურისტს, ძალიან მაინტერესებდა საეკლესიო სამართალი, დიდი რჯულის კანონი. სხვათა შორის, ჩემს მეუღლესაც სადიპლომო თემა ჰქონდა დაცული საეკლესიო სამართალში. როდესაც ხელისუფლებამ ეკლესიის მიმართ ბრძოლა დაიწყო, რჯულის კანონით ძალიან დავინტერესდი. ეს ცოდნა ძალიან დამეხმარა თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლებთან და სხვა პირებთანაც, როდესაც ეკლესიასთან დაკავშირებით დებატები მქონდა და ჩემი შეხედულებები ჩამოვაყალიბე. ყველა იურისტს ვურჩევ, რომ საეკლესიო სამართალი და დიდი რჯულის კანონი შეისწავლონ. აქ არის ძალიან საინტერესო დებულებები, რომლებიც საერო სამართალშია გადმოსაღები. ამ უსამართლობის პირობებში დღესაც გამოგვადგება მათი ცოდნა, საეკლესიო სამართალს რომ დავეყრდნოთ და იქ მოვძებნოთ სამართლიანი კანონმდებლობის წყარო.
- ეკლესიაში, საეკლესიო სასამართლოს აღდგენაზე თუ გისაუბრიათ ჩვენს უწმინდესთან?
- კი. სასულიერო პირებისგანაც მომისმენია ამის აუცილებლობა. ამ თემასთან დაკავშირებით ჩვენს პატრიარქთან მაშინ ვისაუბრე, როდესაც მამა ბასილთან (მკალავიშვილი) დაკავშირებით მთელი რიგი ამბები იყო. ილია II-ს ესმის ამის აუცილებლობა და როგორც საუბრისას განმარტა, ეს დამოკიდებულია დროზე, კადრების მომზადებაზე. როგორც ჩანს, სასულიერო აკადემიაში ამ კუთხით კადრების მომზადება არ მიმდინარეობდა, რადგან საეკლესიო სამართალმცოდნეობაში წყვეტა მოხდა, რაც ორი მიზეზით იყო გამოწვეული: ჩვენი ეკლესია ჯერ რუსეთის ეკლესიამ შთანთქა, მერე კი იდევნებოდა. დიდი რჯულის კანონში კოდექსებიც არის მითითებული, თუ რა დარღვევისთვის რა სასჯელი უნდა დაწესდეს.
- ჩვენს უწმინდესთან პირველ შეხვედრას თუ გაიხსენებთ?
- ჩვენს პატრიარქთან რამდენჯერმე ვარ შეხვედრილი და ყველა შეხვედრა დამამახსოვრდა. პირველივე შეხვედრაზე ისეთი განცდა გამიჩნდა, თითქოს დიდი ხანია მას ვიცნობდი. იმის განცდა არ მქონია, რომ იმ წუთში გავიცანი, უბრალოდ, იმ წუთში ვნახე, თორემ დიდი ხანია ვიცნობ.
- რამე ნივთი თუ გაჩუქათ?
- ხატებს მჩუქნის, ბავშვებისთვის ტკბილეულიც გამოუტანებია. ყოველთვის გულუხვი მასპინძელია.
- რჩევის საკითხად თუ მისულხართ უწმინდესთან?
- რა თქმა უნდა, ყოველთვის გამითვალისწინებია მისი რჩევა.
- ბიბლია რომ წაიკითხეთ, რამდენი წლის იყავით?
- სკოლაში, მაღალ კლასებში რომ ვიყავით, ბიბლიის კრიტიკა გვასწავლეს. ბიბლია წაკითხული არ გვქონდა და ბიბლიის კრიტიკას გვასწავლიდნენ. სწორედ მაშინ წავიკითხე ბიბლია. ბიბლიაზე პირველი შთაბეჭდილება კი ბიბლიის კრიტიკამ შემიქმნა.
- წინაპრებისგან რამე საეკლესიო ნივთი ხომ არ გაქვთ შემორჩენილი?
- არა, მაგრამ, როდესაც საქართველოში ქურდობა იყო და სპილენძს გასაყიდად იპარავდნენ, ჩემი სოფლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ზარი ჩვენ შევინახეთ. სამწუხაროდ, ეს ეკლესია, ცნობილ ეკლესიათა რიცხვში მოხვედრილი არ არის, რაც უსამართლობაა, რადგან რესტავრატორებმა, როდესაც ეკლესია აღადგინეს, აღმოაჩინეს, რომ ეკლესიის ქვები VII საუკუნისაა. თავად წმინდა გიორგის ეკლესია IX-X საუკუნეშია აშენებული, მაგრამ ქვები უფრო ძველია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ტაძრის მშენებლობის დროს, დანგრეული ტაძრის ქვებია გამოყენებული. რესტავრატორებმა აღმოაჩინეს ქვის ხატიც - წმინდა გიორგის ბარელიეფი, სადაც ერთდროულად არის გამოხატული წმინდა გიორგის ორი სასწაულიც. ესეც სხვაგან არსად გვხვდება. ძალიან ვამაყობ სოფელ ნიაბის ეკლესიით და ყველას ვურჩევ, ვინც იქ მოხვდება, რომ ეს ეკლესია მოინახულოს.
- მოძღვარი თუ გყავთ?
- კი. ჩემი სულიერი მამა დიდუბის ეკლესიის მოძღვარია.
- თუ ყოფილა შემთხვევა, როდესაც მოძღვრისთვის რაღაცა ცოდვა ვერ გაგიმხელიათ?
- კი, ასეთი მომენტები ყოფილა. მაგრამ თუ თქმას ვერ ვახერხებ, ვცდილობ, მინიშნებით მაინც ავუხსნა.
- თქვენი გამორჩეული წმინდანი რომელია?
- წმინდა გიორგი. ჩვენი ეკლესია მისი სახელობისაა და საქართველოც მისი თანხვედრია. ოჯახშიც განსაკუთრებულად აღვნიშნავთ წმინდა გიორგის დღესასწაულებს.
- რამდენიმე დღით მონასტერში თუ წასულხართ?
- ყინწვისის მონასტერში ორი დღით დავრჩენილვარ. ჩემი მეგზური ზვიად ძიძიგური იყო.
- მონასტერში დარჩენაზე არ გიფიქრიათ?
- კი, მიფიქრია. პოლიტიკოსობა ძალიან რთულია. ჩვენს პროფესიასა და ამ სფეროს შორის, კონფლიქტი ყოველთვის არსებობს. იქ არ უნდა განსაჯო, აქ კი ჯერ იურისტი ხარ, მერე პოლიტიკოსი, ამიტომ პიროვნებას განიკითხავ კიდეც და განსჯი კიდეც. აქ, საერო ცხოვრებაში ძალიან მაღალია ვნებები, დაპირისპირება, ბრძოლა მიმდინარეობს და ამის შეფარდება მიმძიმს. ხშირად მიფიქრია, რომ იქ სიმშვიდეა და იქ კარგია, მაგრამ ამ ბრძოლასაც ვერ ვეშვები. წავიდე და მარტო ჩემი სულის ცხონებისთვის ვიზრუნო, ქვეყანა კი ასე დარჩეს, არც ეს მინდა. ოჯახის ტვირთი და ეკლესიის ტვირთი შეუთავსებელია.
ნეტარი ავგუსტინეს აღსარება წავიკითხე და იქ წერია, რომ ძველი ქრისტიანები ყრმებს არ ნათლავდნენ. ძალიან ხშირად სიკვდილის წინ ხდებოდნენ ქრისტიანები და მაშინ ინათლებოდნენ, მანამდე კი "კათაკმევლები" ("კათაკმევლები" არიან უნათლავი ადამიანები, რომლებიც ქრისტიანობაში განისწავლებიან და დაიმოძღვრებიან) იყვნენ, ეკლესიაში დადიოდნენ, ლოცულობდნენ, მაგრამ სიკვდილის წინ ინათლებოდნენ, რადგან ნათლობის შემდეგ ყველა ცოდვა მოენანიებინათ. ძალიან გამაოცა ნეტარი ავგუსტინეს სიტყვებმა, სადაც წერს, რომ მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა, ან ცოლი მოეყვანა, ან მონათლულიყო. თითქოს პარადოქსია, მაგრამ საოჯახო ცხოვრება და ცოლქმრული ცხოვრება რთულია. თუ შენ ცხონების გზას დაისახავ, ბოლომდე ეკლესიაში უნდა იყო და იმ ცხოვრებით იცხოვრო. ოჯახის ტვირთი და ეკლესიის ტვირთი ნეტარ ავგუსტინესაც შეუთავსებლად ეჩვენებოდა. მართალია, მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ამხელა პასუხისმგებლობაში მნიშვნელოვან დადებითსაც ვხედავ.
- მაგალითად, რას?
- მაგალითად, იმას, რომ ჩემს მოძღვარს აღსარებას იშვიათად ვაბარებ. თუ აღსარებას იტყვი, ისე უნდა იცხოვრო, რომ აღსარების სათქმელად მალე არ უნდა გაგიხდეს საქმე. ჩვენ ძალიან მარტივად ვუყურებთ ამ საქმეს. თუ ყოველ კვირას აღსარებას აბარებ, ესე იგი, ძველებურად ცხოვრობ.
- ცხოვრებაში თუ გადარჩენილხართ და ეს უფლის წყალობად ჩაგითვლიათ?
- კი. ასეთი მომენტები ხშირად მქონია. ეს რთული მოსაყოლია, ყოველთვის არის რაღაც უჩინარი ძალა, რომელიც რაღაცისკენ გიბიძგებს და რაღაცისგან გიფარავს. ძალიან მიყვარს ერთი სადღეგრძელო, ყველა სუფრას ამ სადღეგრძელოთი ვამთავრებ: "ღმერთმა ხელი მოგვიმართოს ყველა კეთილ საქმეში და ცუდი არ გვანდომოს". როდესაც ცუდი საქმე მომინდომებია, ხელი მართლა არ მომმართვია. რაც შეეხება გადარჩენას, ერთ ისტორიას მოგიყვებით. ალბათ, ყველას ახსოვს, როდესაც სახლში მკვლელი მომიგზავნეს და ჩემი მეზობელი დაჭრეს. ხელისუფლება ამბობდა, ეს რუსეთმა მოაწყოო, მაგრამ ორივე მხრიდან (ხელისუფლება და რუსეთი) თანაბარი შანსი მგონია. არ ვიცი, რის გამო, მაგრამ სამი დღე და ღამე სახლიდან არ გამოვსულვარ. ასეთი რამ ჩემს პროფესიაში იშვიათად ხდება. წიგნები მოვიმარაგე, რაღაცა შინაგანმა ძალამ მიკარნახა, რომ სანამ ამ წიგნებს არ წავიკითხავდი, სახლიდან არ უნდა გამოვსულიყავი, არც სხვა საქმე უნდა გამეკეთებინა. მკვლელმა პირველი ღამე გაათენა ჩემს სახლთან, არ გამოვედი, მეორე ღამე გაათენა, არც მაშინ გამოვედი, მესამე ღამეს მეზობლებმა შეამჩნიეს და მკაცრად გამოელაპარაკნენ. მკვლელმა რომ დაინახა "დაიწვა", გაიქცა. მე გადავრჩი, მაგრამ ჩემს მეზობელს კი ესროლა და დაჭრა.
- როდესაც ეკლესიიდან გამოდიხართ, იქ მდგომ გაჭირვებულებს თუ ეხმარებით?
- იცით რა, ცნობილი სახე რომ ვარ, ხშირად ეს ფაქტი მაბრკოლებს. ამიტომ მიყრუებული სოფლის ეკლესიაში მირჩევნია შესვლა, ვიდრე თბილისის რომელიმე ეკლესიაში. ჩემი პროფესიის (პოლიტიკოსები) ადამიანები ეკლესიაში იმიტომ შედიან, რომ სხვას დაენახონ. ჩემი აზრით კი, ეკლესიასთან ურთიერთობა ძალიან პირადულია და ეს ადამიანმა სხვის დასანახავად არ უნდა გააკეთოს.
ლია ოსაძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: კობა დავითაშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online