| ქალი და მამაკაცი |

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ხმაურიანი წევრი - ჯონდი ბაღათურია, ბავშვობაში თურმე კოსმონავტობაზე ოცნებობდა. ბავშვობისდროინდელი ოცნება ვერ აიხდინა, მაგრამ სამომავლოდ, "ქართული ოცნების" ახდენაში ახალ ოპოზიციურ ძალასთან თანამშრომლობას გეგმავს. "მაცი ხვიტია", როგორც თავად უწოდებს საკუთარ თავს, უსამართლობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. გამშველებლის პოზიციაში მყოფს კი, ხშირად მოხვედრია კიდეც. სამი შვილის მამას, წლების მატებასთან ერთად, ხასიათიც "უღვინდება". მის პერსონასთან დაკავშირებით დანარჩენს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.
ჯონდი ბაღათურია:
- დავიბადე და გავიზარდე ბათუმში, ინტელიგენტების ოჯახში. მამა ყოველთვის მაღალ თანამდებობებზე მუშაობდა, დედა სკოლის პედაგოგი გახლდათ. უაღრესად თბილი და მოსიყვარულე ოჯახი გვქონდა. ძალიან ენერგიული და ცელქი ბავშვი ვიყავი. ცოტა მეძინა და ბევრს ვმოძრაობდი. სკოლაში ფრიადოსანი ვიყავი. სკოლა ოქროს მედალზე უნდა დამემთავრებინა, რომ არა ერთი საგანი - ფიზიკა. მასწავლებელმა პრინციპულად არ დამიწერა ხუთიანი და ამიტომ ოქროს მედალიც ვერ მივიღე. არ ვიმსახურებდი და ხუთიანი ამიტომ არ დამიწერა. ოქროს მედლის დაკარგვას, ჩემი მშობლები უფრო წუხდნენ, ვიდრე მე. განსაკუთრებულად მშობლიური ენა, საქართველოს ისტორია და გეომეტრია მიყვარდა. სიყმაწვილეში ძალიან მიყვარდა და ახლაც მიყვარს მხატვრული ლიტერატურის კითხვა, განსაკუთრებით, ისტორიული რომანები. კითხვის დროს პარალელურ სამყაროში, პერსონაჟებთან ერთად ვცხოვრობ. ძალიან მიყვარს ჭაბუა ამირეჯიბის დათა თუთაშხია. მსოფლიოში აღიარებული კლასიკოსები, ბალზაკი, დიუმა. სამი წლის ვიყავი, ჩემმა მშობლებმა ცურვაზე რომ მიმიყვანეს. შემდეგ წყალბურთზე გავაგრძელე სიარული და ჯერ აჭარის ნაკრების, ხოლო შემდგომ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გახლდით.
- რაზე ოცნებობდა პატარა ჯონდი ბაღათურია?
- გაგეცინებათ და ძალიან მინდოდა კოსმონავტი გამოვსულიყავი. თუმცა, რეალურად არც კი ვიცოდი, რას ნიშნავდა ეს კოსმონავტობა. ახლა, რომ ვიხსენებ, მეცინება. ალბათ, მაშინ კოსმონავტობა გმირობასთან იყო დაკავშირებული და მეც ამიტომ მომწონდა. გარდა ამისა, ვოცნებობდი მყოლოდა ცხენი, ძაღლი, ლომი და ა.შ. ცხოველები ძალიან მიყვარს. ძალიან მიყვარდა ჩემი სოფელი, სენაკის რაიონის სოფელი ნოქალაქევი. იქ ძალიან ლამაზი ბუნებაა, მიყვარდა მდინარე ტეხურის ნაპირზე ხეტიალი. ზაფხულობით არდადეგებს ამ სოფელში ვატარებდი ხოლმე. მოკლედ პატარა მაცი ხვიტიასავით ვიზრდებოდი. ბავშვები ცხენებს საჯირითოდ ვიპარავდით ხოლმე და შემდეგ, რა თქმა უნდა, ვაბრუნებდით. თუ ცხენს არ მოვიხელთებდით, მდინარეში კამეჩებს შევაცურებდით ხოლმე. ბავშვობის წლები ძალიან ლამაზად მახსენდება.
- რა პროფესიის ხართ?
- დავამთავრე სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი და აგრეთვე ევროსაბჭოს პოლიტიკური სწავლების სკოლა. როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი, "მოდაში" ეკონომიკური ფაკულტეტი იყო და მეც ამიტომ ჩავაბარე. განსაკუთრებული ინტერესები ეკონომიკისადმი არ მქონია. წარჩინებული მოსწავლისაგან განსხვავებით, როგორც სტუდენტი, ძალიან ცუდად ვსწავლობდი, სამებს "ხათრით" მიწერდნენ. ბოლო კურსზე მოვინდომე და ნიშნები გამოვასწორე. ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა მესწავლა საგნები, რომლებიც ეკონომიკას არანაირად არ უკავშირდებოდა. მეოთხე კურსზე ვიყავი, ეროვნული მოძრაობა რომ დაიწყო. იმ პერიოდისათვის სიონის საკათედრო ტაძრის მრევლი გახლდით. ეკლესიაში ხშირად ვხვდებოდი ხოლმე ზვიად გამსახურდიას, გია ჭანტურიას, მერაბ კოსტავას. ისინი ჩემთვის გმირები იყვნენ.
- რა დაგამახსოვრდათ მათთან ურთიერთობიდან?
- მე და ჩემი მეგობრები ვცდილობდით მათგან ბევრი რამ გვესწავლა. განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა გია ჭანტურიასთან. მისი ბიძაშვილი ჩემი მეუღლეა. ნათესაურმა კავშირმა ერთმანეთთან უფრო დაგვაახლოვა. მახსოვს, იმ პერიოდისათვის ეროვნული მოძრაობის ტალღა რომ აგორდა, სტუდენტები პროკლამაციებს ვარიგებდით ხოლმე ხალხში. ამით ვცდილობდით, ჩვენი მხარდაჭერა გამოგვეხატა ეროვნული მოძრაობის მიმართ.
- როგორც ცნობილია, თქვენი პოლიტიკური ისტორია ედპ-დან დაიწყო.
- კი, ასე იყო, გახლდით ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. ეს ნაბიჯი წინასწარ დაგეგმილი არ მქონია. უბრალოდ, ჩემი რამდენიმე მეგობარი გახლდათ პარტიაში და მეც ამიტომ ჩავები. ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ირინა სარიშვილთან, ჩვენ ვმეგობრობდით. იმ პერიოდისთვის ედპ ერთადერთი პარტია გახლდათ, რომელიც ეროვნული მოძრაობიდან იყო შემორჩენილი.
- ახსენეთ, რომ თქვენი მეუღლე გია ჭანტურიას ბიძაშვილია. თქვენი ოჯახი გაგვაცანით.
- მხოლოდ დაქორწინების შემდეგ გავიგე, რომ ნათია გიას ბიძაშვილი იყო. ჩემი მეუღლე, ნათია ფოფხაძე, უნივერსიტეტის ბაღში ჩვენი საერთო მეგობრის დახმარებით გავიცანი. ძალიან მომეწონა და მოსვენებას არ ვაძლევდი. გაცნობიდან ერთ თვეში შევუღლდით. როგორც იტყვიან, მშობლებისგან ფარულად გავიპარეთ. მაშინ მე 23 წლის ვიყავი, ნათია 18-ის. მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დიდი ასაკის გახლდით და არც მრავალწლიანი სიყვარულის ისტორია გვაკავშირებდა, დაქორწინების შესახებ გადაწყვეტილება მარტივად მივიღე. ერთ მშვენიერ დღესაც, საღამოს, სახლში რომ ვაცილებდი, საკმაოდ გვიანი იყო, შევთავაზე, მოდი გავიპაროთ-მეთქი, ნათია შემეწინააღმდეგა, მაგრამ მაინც დავითანხმე. საერთოდაც ასეთი ვარ. თუ რამე გადავწყვიტე, სანამ საწადელს არ მივაღწევ, მანამ არ ვჩერდები. ახლა სამი შვილი გვყავს - ერთი ვაჟი და ორი გოგონა. ვაჟი უკვე საკმაოდ დიდია - 22 წლისაა, ჩამოყალიბებული ვაჟკაცია.
- როგორი მამა ხართ, შვილებთან სიმკაცრეს თუ იჩენთ?
- არის საკითხები, რაშიც შვილებთან სიმკაცრეს ვიჩენ, თუმცა, მიმაჩნია, რომ არც ისე მკაცრი მამა ვარ. გოგოებთან უფრო დამთმობი და რბილი ვარ. მე და ჩემი ვაჟი ვძმაკაცობთ. ძალიან კარგი სამეგობრო წრე ჰყავს და მიხარია, წესიერსა და ნორმალურ გარემოცვაში რომ ტრიალებს. ოჯახში ყველას თავისი ადგილი უკავია. ერთმანეთის აზრს პატივს ვცემთ და ჩვენს შორის იმარჯვებს ყოველთვის ის, ვის მხარესაც არის სიმართლე. ძალიან ტრადიციული და დემოკრატიული ოჯახი მაქვს.
- ტრადიცია ახსენეთ და ქართული სუფრის ტრადიციასთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
- ძალიან კარგი და მეგობრული. მიყვარს ქართული სუფრა და პატივს ვცემ ამ ტრადიციას. რა თქმა უნდა, კარგი ქართული, კახური ღვინო ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით, საფერავი და რქაწითელი. თუმცა, ვიტყვი, რომ გადაჭარბებული დოზით ღვინის დალევა ჩემთვის მიუღებელია. ღვინოს ყოველთვის ზომიერად ვსვამ. ძალიან ბევრი ღვინო გამისინჯავს, კარგი ფრანგული, იტალიური ღვინო, მაგრამ კახურ საფერავსა და რქაწითელს, მიმაჩნია, რომ ვერც ერთი შეედრება.
- თამადობა თუ გიყვართ?
- არა, თამადობა არ მიყვარს, რადგან ვფიქრობ, რომ, როდესაც თამადა ხარ, თითქოს სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებ. სუფრის ხელში აყვანა და წაძღოლა, მიმაჩნია, რომ ძალიან რთულია. ამიტომ მირჩევნია სხვამ იკისროს ეს მისია და მე სუფრის რიგითი წევრი ვიყო. თუმცა, ხანდახან თამადობაც მიწევს. მიყვარს როგორც სტანდარტული, ასევე არასტანდარტული სადღეგრძელოები. უპირველესად, უფლის სადიდებელ სადღეგრძელოს ვსვამ. აუცილებლად ვამბობ მიცვალებულების შესანდობარს და განსაცდელში მყოფი ადამიანების სადღეგრძელოს.
- როგორი ურთიერთობა გაქვთ პარლამენტის მიღმა თქვენს ოპონენტებთან. როგორც ვიცი, ხშირად, ოპონენტი პარლამენტარები სამსახურის გარეთ ერთმანეთთან მეგობრობენ კიდეც.…
- ასეც ხდება და მეც საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წევრთან საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. ვერ ჩამოვთვლი, რადგან არ მინდა ვინმე გავანაწყენო. როგორც წესი, კოლეგებთან კამათს, სხდომათა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, აღარ ვაგრძელებ. პარლამენტის სხდომაზე ხშირად მწვავე გამოსვლები მაქვს, თუმცა, ვახერხებ იმას, რომ პირადი შეურაცხყოფა არავის მივაყენო. არ ვეხები ჩემი ოპონენტების პირად ცოდვებს თუ გარეგნობას, მაგრამ ხშირად განვიკითხავ მათ მიერ ნამოქმედარს. როგორ შეიძლება, ხელისუფლება კონცერტებსა და დროსტარებაში მილიონებს ხარჯავდეს, მაშინ, როდესაც პენსია საარსებო მინიმუმზე გაცილებით დაბალია და ხალხს ლუკმა-პურის ფული უჭირს. სტატისტიკური მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში 2 მილიონზე მეტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეა.
- რას ვერ აპატიებთ ადამიანს და ხართ თუ არა მიმტევებელი?
- არ ვიქნები ორიგინალური და ვიტყვი, რომ ადამიანს მხოლოდ ღალატს ვერ ვაპატიებ. ღალატის გამო მეგობარიც დამიკარგავს. სამწუხაროდ, ბოლო დროს ადამიანებმა ღალატი პროფესიად გაიხადეს. არსებობენ ე.წ. პროფესიონალი მოღალატეები, რომლებიც საკუთარი კეთილდღეობის გამო, სახელმწიფო ინტერესებს იგნორირებას უკეთებენ. ვერ ვიტან, როცა ძლიერი სუსტს ჩაგრავს. ასეთ დროს ყოველთვის სიტუაციაში ვერთვები და ამიტომ გამშველებელი ხშირად ვყოფილვარ.
- ნათქვამია, გამშველებელს მეტი ხვდებაო, ხშირად მოგხვედრიათ კიდეც, ალბათ.…
- რა თქმა უნდა, ბევრჯერ მომხვედრია და ჩემგანაც მოხვედრიათ. აბა, რა უნდა მექნა. მჩაგვრელი ადამიანის მიმართ ყოველთვის ზიზღი მიჩნდებოდა. სიყმაწვილის ასაკში ჩხუბისთავიც ვიყავი. წლების მატებასთან ერთად, ხასიათი მეტად "მიღვინდება".
მიმტევებელი ვარ და ბოდიშის მოხდაც შემიძლია. ბოდიშის მოხდა, რა თქმა უნდა, ძნელია. ყოფილა შემთხვევა, მეც მომსვლია შეცდომა. კონკრეტულ სიტუაციაში თავის მართლებას, უმჯობესია, კაცმა ალალად ბოდიში მოიხადო და სიტუაცია ასე დაარეგულირო, ვიდრე თავის მართლებას შეეცადო. ეს იგივეა, როგორც ჭაობში ჩავარდნილი ადამიანი, რაც უფრო ფართხალებს, მით უფრო რომ ეფლობა ჭაობში.
- ბატონო ჯონდი, ეკლესიური ხართ?
- პირველად 1984 წელს ვეზიარე და მას შემდეგ ვცდილობ, ეკლესიურად ვიცხოვრო. მთელ ოჯახს ერთი მოძღვარი გვყავს და შეძლებისდაგვარად, ვცდილობთ, კვირა დღეს მაინც, წირვას დავესწროთ. განსაკუთრებულად თბილი ურთიერთობა მაქვს ჩვენს უწმინდესთან და უნეტარესთან. ეს ადამიანი თავისი განვლილი ცხოვრებით, სიბრძნით, გონიერებით, სულგრძელობით, მიმაჩნია, რომ მისაბაძი ადამიანია. ასეთი დიდი პიროვნებები იშვიათად იბადებიან. მაქვს ბედნიერება, იგი ხშირად მოვინახულო. ვცდილობ, გავითვალისწინო მისი რჩევა-დარიგება. სამწუხაროდ, ერთხელ არ გავითვალიწინე და ძალიან შევცდი.
- ეს რჩევა პოლიტიკას უკავშირდებოდა?
- კი, პოლიტიკას უკავშირდებოდა, მაგრამ დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. ძალიან ვინანე ეს საქციელი. მისი ყოველი ნათქვამი სიტყვა გასათვალისწინებელია. უწმინდესი უაღრესად ბრძენი კაცია.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად ითვალისწინებენ ოპონენტები საბოლოოდ თქვენს აზრს?
- შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ოპონენტები ჩემს აზრს რიგ შემთხვევაში ითვალისწინებენ. ვიდრე პარლამენტის სხდომაზე კონკრეტულ საკითხს გავიტან განსახილველად, მანამდე ვიგებ საზოგადოების მოსაზრებას ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობა ვალდებულია საზოგადოებრის აზრს პატივი სცეს და ამიტომ არის ხოლმე, რომ ხშირად ჩემ მიერ გატანილი საკითხი კენჭისყრაზე დადებითად წყდება.
- ბატონო ჯონდი, როგორ აფასებთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მომხდარ ცვლილებებს, რა მოლოდინი გაქვთ ახალ ოპოზიციურ ძალასთან დაკავშირებით?
- ძალიან დიდი შანსი არსებობს, რომ ეს ხელისუფლება ამ წელიწადში შეიცვლება. სადღეისოდ ოპოზიციაში ამის პოტენციალი ნამდვილად არსებობს. ბიძინა ივანიშვილის გამოჩენამ ქართული პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეცვალა. ამ ადამიანში არსებობს როგორც ფინანსური, ასევე დიდი ინტელექტუალური რესურსი. მისი ბოლოდროინდელი ნაბიჯები ლოგიკურიც იყო. საზოგადოება ენდობა ბიძინა ივანიშვილს და ვინც უნდა იყოს მისი ოჯახიდან პარტიის სახე, მოსახლეობა მაინც მისცემს ხმას. ხელისუფლების კრიტიკა და ქილიკი ივანიშვილის მისამართით, საფუძველს მოკლებულია. ვფიქრობ, რომ 2012 წელი იქნება პოლიტიკურად ძალიან მძიმე და ხელისუფლებისგან არაერთ "გამოხდომას" უნდა ველოდოთ.
- ხომ გეგმავთ თანამშრომლობას ბიძინა ივანიშვილთან?
- "ქართული დასისა" და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა აქამდეც უნდა შემდგარიყო, თუმცა, არც ახლაა დაგვიანებული და ალბათ, მალე შევხვდებით. "ქართული დასი" მზად არის ივანიშვილთან თანამშრომლობაზე. შეხვედრის შემდეგ, გადავწყვეტთ, თუ რა ფორმით გავაგრძელებთ ურთიერთობას.
თამარ როსტიაშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"დეპრესიის დროს ადამიანი ღირსებას კარგავს"
დღეს თამარობაა
ხსენება წმინდისა ახალმოწამისა გრიგოლ მეხუთისა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისა
კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება












დღეს ამაღლებაა
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება 

დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ცხოვრება წმინდისა მამისა ათანასე დიდისა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ნიკოლოზობას აღნიშნავს
მეუფე იაკობმა უდაბნოს მონასტრის ნიშთან შეკრებილ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა
უდაბნოს მონასტრის ნიშთან პარაკლისი სრულდება
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა
აზერბაიჯანელები გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აღარ ჩანან
მეუფე იაკობი - სასულიერო პირების მიმართ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კორექტულები არიან
პატრიარქის პატარა სტიქაროსანს ორივე ფეხზე პროთეზი უკეთია 






































































































