asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ბესარიონ აპლია კონსტანტინოპოლის ეკლესიას არ აღიარებს
ბესარიონ აპლია კონსტანტინოპოლის ეკლესიას არ აღიარებს
ბესარიონ აპლია კონსტანტინოპოლის ეკლესიას არ აღიარებს

2012-01-22 17:17:26



"გუმბათი" უკვე იუწყებოდა, რომ აფხაზი სასულიერო პირები დოროთეი დბარისა და ანდრეი ამპარის მეთაურობით, კონსტანტინოპოლში იმყოფებოდნენ, სადაც ისინი მსოფლიო პატრიარქს შეხვდნენ. აფხაზური მედიის ცნობით, სასულიერო პირები თავად მსოფლიო პატრიარქმა მიიწვია.



ამ ინფორმაციამ ჩვენი საზოგადოება ცოტათი შეაშფოთა. შეშფოთება გამოიწვია იმანაც, რომ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო კომენტარს არ აკეთებდა.

ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ ცოტა მოგვიანებით გააკეთა განცხადება, საიდანაც ვიგებთ, რომ აფხაზი მღვდლები მსოფლიო პატრიარქს სულაც არ მიუწვევია.

- როგორც ცნობილია, აფხაზურ საიტზე აპსნიპრესს.ინფო გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის 9 იანვარს მისმა ყოვლად უწმინდესობამ მსოფლიო პატრიარქმა ბართოლომეოს I თავის რეზიდენციაში მიიღო ე.წ. აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: არქიმანდრიტი დოროთე (დბარი), მღვდელმონოზონი ანდრია (ამფარი), იეროდიაკონი დავითი (სარსანია), თემურ ძიძარია და გერმანე მარშანია.

აღნიშნულის გამო, საქართველოს საპატრიარქო დაუკავშირდა მსოფლიო პატრიარქის მთავარ მდივანს, არქიმანდრიტ ბართლომეს (სამარასი), რომელმაც განაცხადა, რომ ეს შეხვედრა დანიშნა პირადად მან, რადგან აფხაზთა მხრიდან გამოგზავნილი იყო არაერთი წერილი მსოფლიო პატრიარქთან აუდიენციის თხოვნით და, როგორც ამის მსურველ ნებისმიერ ქრისტიანს, აღნიშნულ პიროვნებებსაც მიეცათ საუბრის შესაძლებლობა.

არქიმანდრიტმა ბართლომემ კატეგორიულად უარყო მსოფლიო პატრიარქისგან "აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭოს" წევრების მიწვევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია და თქვა, რომ არ არის სწორი, ამ ფაქტს ეწოდოს მსოფლიო პატრიარქთან "ოფიციალური ვიზიტი", ან თუნდაც "ოფიციალური შეხვედრა".

მან ასევე განაცხადა შემდეგი: კონსტანტინოპოლის სინოდზე გარკვევით ითქვა, რომ აფხაზეთი ტერიტორიულად საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ხოლო აფხაზეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის იურისდიქციაში შედის. აქედან გამომდინარე, აფხაზი სამღვდელოების საკითხი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პრეროგატივას წარმოადგენს.

დაწვრილებით ინფორმაციას კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II მსოფლიო საპატრიარქო უახლოეს მომავალში მიაწვდის, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

აფხაზი სასულიერო პირების კონსტანტინოპოლში ვიზიტთან დაკავშირებით რამდენიმე დღის განმავლობაში კომენტარს არ აკეთებდა ბესარიონ აპლია. ეს უკანასკნელი აფხაზური ეკლესიის წინამძღოლი გახლავთ.

მას ახალგაზრდა აფხაზ მღვდლებთან დაპირისპირება დიდი ხნის წინ მოუხდა. მათ შორის განხეთქილება ჯერ კიდევ 2000 წელს დაიწყო. 2005 წელს მან პიკს მიაღწია. რუსული ეკლესიის ჩარევის შემდეგ, მხარეები შერიგდნენ. ამ დაპირისპირებაში გამარჯვება მაშიბ აპლიას დარჩა.

შარშან მომხდარი განხეთქილების შესახებ "გუმბათი" უკვე წერდა. ეს დაპირისპირება რუსული ეკლესიის უხეშ ჩარევას მოჰყვა. ექსპერტების განმარტებით, ეს მხოლოდ საბაბი იყო. მათი თქმით, აფხაზი სასულიერო პირების ნაწილი უკვე დიდი ხანია ცდილობს, რუსული ეკლესიის დაქვემდებარებიდან გამოსვლას. ანდრეი ამპარი და დოროთეი დბარი იმასაც აპროტესტებენ, რომ აფხაზეთში წირვა-ლოცვა რუსულ ენაზე აღევლინება.

აპლიას რაც შეეხება, მას რუსეთის საპატრიარქოში მფარველები ბლომად ჰყავს და მხოლოდ რუსულ ეკლესიას აღიარებს. როცა ამპარმა და დბარმა სამიტროპოლიო შექმნეს და თავი კონსტანტინოპოლს დაუქვემდებარეს, ამას აპლიას პროტესტი მოჰყვა.

აპლიამ მაშინვე განაცხადა, რომ აფხაზურ ეკლესიას დამოუკიდებლობას კონსტანტინოპოლი ვერ მოუტანდა. დბარმა და ამპარმა აღიარების თხოვნით მაშინაც მიმართეს მსოფლიო პატრიარქს. ბესარიონ აპლიას მტკიცებით, აფხაზურ ეკლესიას მხოლოდ რუსეთის საპატრიარქო დაეხმარება მიზნის მიღწევაში.

ეს სიტყვები აპლიამ ამ დღეებშიც გაიმეორა. ის ძალიან შეშფოთდა, როცა გაიგო, რომ ამბოხებული სასულიერო პირები კონსტანტინოპოლში ჩავიდნენ.

რუსულ მედიასთან საუბარში ბესარიონ აპლიამ განაცხადა, რომ დბარისა და ამპარის მსოფლიო პატრიარქთან ვიზიტს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. აპლიას განმარტებით, აფხაზური ეკლესია კონსტანტინეოპოლთან კავშირში არ იმყოფება. აპლიასთვის მთავარი რუსული ეკლესიაა.

- უფრო მარტივადაც გეტყვით, რომ თქვენთვის გასაგები იყოს: რუსი ბიჭები აქ თავიანთ სიცოცხლეს სწირავენ, რუსეთი გვაღიარებს და ჩვენ რაღაც გაურკვეველი ძალებისკენ ვიწევთ? ეს ღალატად მიმაჩნია. ამიტომაც ვინც ეს გააკეთა - ანდრეი ამპარი, დოროფეი დბარი - ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სისულელეებით არიან დაკავებულნი. მათი პოზიცია არ არის აფხაზეთის ეკლესიის პოზიცია და აზრი. ეს აკრძალული ადამიანები არიან და მათ საუბრის უფლება არა აქვთ, არათუ აფხაზეთის სახელით, არამედ, საერთოდ, მართლმადიდებლობის სახელით. ისინი აკრძალულნი არიან, მათ არ შეუძლიათ არც წერა და არც საუბარი, - აცხადებს აპლია რუსულ მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს კონსტანტინოპოლის ეკლესიის სინოდმა, ეს აფხაზურ ეკლესიაზე არავითარ შემთხვევაში არ აისახება.

აპლია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის აღდგენის საკითხი მოსკოვის საპატრიარქოს მეშვეობით უნდა გადაწყდეს.

- ეს უნდა გადაწყვიტოს რუსეთმა და არავითარი სხვა დადგენილება. არც კონსტანტინოპოლი და არც იერუსალიმი - ჩვენ არც არაფერს ველით და არც არაფერს ვაკეთებთ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც არიან მტრები აფხაზური მართლმადიდებლობისა. ისინი რაღაცნაირად აღმოჩნდნენ იმ პროცესში, რომელსაც ევროპული ინტეგრაციული ხასიათი აქვს და რომელიც გვაშორებს მართლმადიდებლობას, - ამბობს აპლია.

ცნობისათვის, აპლიამ 2009 წელს დიდი საეკლესიო კრება მოიწვია, სადაც აფხაზური ეკლესიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ კრების შემდეგ მან საქართველოსა და რუსეთის საპატრიარქოს საგანგებო წერილები გაუგზავნა, სადაც აფხაზური ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვდა.

ამ თხოვნაზე რუსეთის საპატრიარქომ მას ოფიციალური უარი შემოუთვალა. საქართველოს პატრიარქთან შეხვედრისას რუსეთის პატრიარქმა კირილმა ორჯერ განაცხადა, რომ ის აფხაზეთს საქართველოს ნაწილად მიიჩნევს.

სამწუხაროდ, ეს მხოლოდ სიტყვებია. რუსული ეკლესია აფხაზეთში ძალიან აქტიურ მუშაობას ეწევა, რამაც თავად აფხაზებიც კი აღაშფოთა.

შორენა მარსაგიშვილი

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online