| ქალი და მამაკაცი |

კრება ყოვლადწმინდისა მარიამ ღვთისმშობლისა
სადღესასწაულო სახარებას განმარტავს პროტოდიაკონი, მამა მირიანი (სხირტლაძე)
მათეს სახარება, თავი მე–2; 13–23 მუხლები
იესო ქრისტეს ხორციელად შობის მომდევნო დღეს აღინიშნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კრება. ამ დღეს ეკლესია დაწვრილებით მოგვითხრობს იესო ქრისტეს ოჯახურ, მიწიერ მდგომარეობას, იმას, თუ როგორი იყო მისი შობის პირველივე დღეები და რა არის ამ ყველაფრიდან საინტერესო.
როცა მოახლოვდა იესოს შობა მარიამ ქალწულისგან, იუდეის მეფე ჰეროდემ, შეშინებულმა იმით, რომ ტახტი არ დაეკარგა, მიიღო გადაწყვეტილება (რომელიც ბოროტმა, ეშმაკმა უკარნახა), გაეწყვიტა ყველა ახალშობილი იუდეასა და მის შემოგარენში. ამით შეძლებდა სამეფო ტახტის მემკვიდრის განეიტრალებას, თუმცა დაავიწყდა ის, რომ უფალი მეფობს და არა მიწიერი, მოკვდავი ხელმწიფე. მაშინ უთხრა უფლის ანგელოზმა იოსებს: "აღდეგ და წარიყვანე ყრმაი ეგე და დედაი მაგისი და ივლტოდე ეგვიპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ; რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმაი ეგე და წარწყმედად ეგე" (მთ. 2,13). ოსია წინასწარმეტყველი ქრისტეს შობამდე რვაასი წლით ადრე ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ მოევლინება ისრაელს მეფე ეგვიპტიდან: "როცა ყრმა იყო ისრაელი და მიყვარდა იგი, ეგვიპტიდან გამოვიხმე ჩემი ძე" (ოსია წ–ლი, 11,1). ჩვილი იესოს ეგვიპტეში გახიზვნაც ღვთის გეგმის ნაწილი იყო. ამის მიზეზი კი იყო შემდეგი: პირველი, ის, რომ ებრაელ ხალხს კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი ძალა, რითაც მიანიშნა, რომ ებრაელები იბადებიან ისრაელისთვის, ოღონდ ეგვიპტეში და არა – იერუსალიმში. მეორე, ის, რომ იესოს ყოფნამ ეგვიპტეში დააჩქარა წარმართული კერპების და სამსხვერპლოების რღვევა და მესამე, ის, რომ ეგვიპტეში შესული მაცხოვარი, მარიამთან და იოსებთან ერთად, ნამდვილი სასწაული იყო, როგორც ამას აღნიშნავს ცნობილი სწავლული სოზომენი, რომელიც მოგვითხრობს იმ სასწაულებზე, თუ როგორ თავდახრილი ეგებებოდნენ ხეებიც კი ჩვილ იესოს. ამ ფაქტებს ერთხმად ადასტურებენ როგორც ეგვიპტელი, ასევე პალესტინელი სწავლულები და ისტორიკოსები.
კიდევ ერთი ისტორიკოსი ვურხარიოსი, ამტკიცებს, რომ ჩვილი იესოს ჩასაცმელებს მარიამი რეცხავდა იმ მდინარეში, რომლითაც ირწყვებოდა ბაბილონსა და ილიუპოლისს შორის მდებარე ხეხილის ბაღი, რომელსაც უწოდებდნენ ვალსამონის ბაღს. აქვე, ამ ბაღში, არის დიდი ქვის ლოდი, მასზე აშრობდა მარიამი ჩვილი იესოს ჩასაცმელებს. ცნობილია ისიც, რომ ვალსამონის ბაღთან ახლოს ერთ–ერთი წარმართული ტაძრის კარი თვითნებურად ისე ჩაიკეტა, შეუძლებელი გახდა მისი გაღება კაცთათვის.
ასე რომ, იმის მტკიცება, თითქოს კანას გალილეაში მომხდარი სასწაული – წყლის ღვინოდ გარდაქცევა – არის ერთ–ერთი პირველი, არასწორია, ვინაიდან მაცხოვარი, შობიდან მოყოლებული და ჩვილიც, იქმოდა სასწაულებს. უფრო დიდი სასწაული, რაც უმამაკაცოდ მისი ჩასახვაა მარიამის მუცელში, სამყაროს არსებობის მანძილზე არც მომხდარა და არც მოხდება. ერეტიკოსები კი ცრუსწავლებებით და სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ, შობა და ყველა ის სასწაული, რომელიც უკავშირდება იესოს სახელს, უარყონ ან კიდევ არასერიოზულად მოიხსენიონ. მანის და მისი მიმდევრებისთვის, მანიქეველებისთვის, იესო ქრისტეს ფენომენი იყო ფანტაზია, მოჩვენება საზოგადოებისთვის, რადგან საზოგადოებაში იყვნენ ისეთები, რომელთაც სურდათ ასეთი პიროვნება და წარმოსახვაში შექმნეს იესო ქრისტე. ამაზე დიდი მკრეხელობა რა შეიძლება იყოს, როცა იესო ქრისტეს არსებობას და არა მარტო არსებობას, არამედ მის მიერ ნამოქმედარ სასწაულებს, ჯერ კიდევ ეგვიპტიდან მოყოლებული, ადასტურებენ ისეთი მეცნიერები, რომელთაც საერთო არაფერი აქვთ ქრისტიანობასთან.
საინტერესო არის ისიც, თუ რამდენ ხანს დარჩა მარიამი ეგვიპტეში ჩვილ იესოსთან და იოსებთან ერთად. ამ საკითხზე იმდენი ისტორიკოსი გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებას, რომ ალბათ მათ ჩამოთვლას აზრი არც აქვს, თუმცა ყველაზე ლოგიკური იქნება (და არა საბოლოო) იპოლიტე თიბაიდელის მოსაზრება: "იესოს შობიდან მოგვების გამოჩენამდე ეგვიპტეში გასული იყო ორი წელიწადი, ხოლო ეგვიპტიდან გამგზავრებიდან ჰეროდეს ძის ანტიპატრეს მეფობამდე სამი წელიწადი და ხუთი დღე".
ეს დღესასწაული, რომელსაც ეკლესია ღვთისმშობლის კრებას უწოდებს, არის ქრისტიანთა სამადლობელი ღვთისმშობლისადმი იმის გამო, რომ მოგვივლინა მხსნელი სოფლისა, ჩვენი ცოდვებისგან გამომხსნელი და მიმტევებელი. ღვთისმშობელი წარმოადგენს ღვთის იარაღს კაცობრიობის გამოსახსნელად, ამიტომაც მოვალეა კაცთა მოდგმა, უყვარდეს, და არა მარტო უყვარდეს, არამედ პატივს სცემდეს და ეთაყვანებოდეს მას.
ქრისტიანები, როცა ყველაზე მეტად გვიჭირს, მაშინ ვაწუხებთ დედა ღვთისას და ისიც დედობრივი მზრუნველობით იწუხებს თავს, მსწრაფლ შეისმენს ჩვენს ყველა სათხოვარს, რისთვისაც ვმადლობთ და ყველაზე მეტად ვეთაყვანებით ღვთის შემდგომ.
13. "და ვითარცა განეშორნეს მოგუნი იგი, აჰა ანგელოზი უფლისაი გამოუჩნდა ჩუენებით იოსებს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაი ეგე და დედაი მაგისი და ივლტოდე ეგვიპტედ და იყავ მუნ, ვიდრემდე გრქუა შენ; რამეთუ ეგულების ჰეროდეს მოძიებად ყრმაი ეგე და წარწყმედად ეგე".
როცა გაშორდნენ მოგვები, ერთი ანგელოზი გამოეცხადა იოსებს და უთხრა: ადექი ახლავე, მოჰკიდე ხელი ბავშვს და ბავშვის დედას და გასწი ეგვიპტეში და იყავი იქ იმდენ ხანს, ვიდრე მე არ გეტყვი, რადგან ჰეროდე დაეძებს ჩვილს და მისი მოკვლა აქვს განზრახული. ეგვიპტე იმიტომ ამოირჩია უფალმა, რომ იმ უამრავ მიზეზთაგან, რომელთა შესახებაც მოგახსენებთ ზემოთ, იყო კიდევ ის, რომ ეგვიპტე ეკუთვნოდა რომის იმპერიას და ჰეროდეს ძალაუფლება იქ არ ვრცელდებოდა; აგრეთვე ძალიან ახლოს იყო ბეთლემთან და ესეც ხელს უწყობდა ყველაფერთან ერთად. და კიდევ, ეგვიპტეში უამრავი იუდეველი ცხოვრობდა და მათი იქ ჩასვლა არავისთვის იქნებოდა მოულოდნელობა და ახალი ამბავი.
14. "ხოლო იგი აღდგა და წარიყვანა ყრმაი იგი და დედაი მისი ღამე და წარვიდა ეგვიპტედ და იყო მუნ, ვიდრე აღსრულებადმე ჰეროდესა".
იოსები მაშინვე წამოდგა, მოჰკიდა ბავშვს ხელი და ჩვილის დედასთან ერთად იმ ღამითვე გაემგზავრა ეგვიპტისკენ და დარჩა იქ მანამ, სანამ არ შეიტყო ჰეროდეს სიკვდილის ამბავი.
15. "რათა აღესრულოს სიტყუაი იგი უფლისაი, თქმული წინაისწარმეტყუელისა მიერ: ეგვიპტით უწოდი ძესა ჩემსა".
ასე აღსრულდა ღვთის სიტყვა, რომელიც ამცნო წინასწარმეტყველის პირით – ეგვიპტიდან მოვუწოდო ჩემს ძეს. ამ ყოველივეზე, რომ იყო ღვთის გეგმის ნაწილი, უკვე მოგახსენეთ ოსია წინასწარმეტყველის წიგნიდან.
16. "მაშინ ვითარცა იხილა ჰეროდე, რამეთუ მოიკიცხა მოგუთა მათგან, განრისხნა ფრიად, წარავლინნა და მოსწყვიტა ყოველი ყრმები, რომელნი იყვნენ ბეთლემს და ყოველთა საზღვართა მისთა ორით წლითგანი და უდარესი, მსგავსად მის ჟამისა, ვითარცა გამოიკითხა მოგუთა მათგან".
როცა მიხვდა ჰეროდე, მოტყუებული აღმოჩნდა მოგვების მიერ, უზომოდ განრისხდა, გაგზავნა თავისი მსახურები და დაახოცვინა ყრმები ბეთლემში და მის შემოგარენში, ვინც კი იყო ორი წლის და უფრო პატარა, იმის მიხედვით, როგორც ჰქონდა ნაუწყები მოგვებისგან. ნუთუ შესაძლებელია საკუთარი დიდებისა და პატივისთვის ასეთი სისაძაგლე, სისასტიკე მოიმოქმედოს ადამიანმა? როგორც ჩანს, შესაძლებელი ყოფილა, რადგან ფაქტი სახეზეა, სამწუხაროდ.
17–18. "მაშინ აღესრულა თქმული იგი იერემია წინასწარმეტყუელისაი, რომელი იტყვის: ხმაი ჰრამაით ისმა გოდებისაი და ტირილისაი და ტყებისაი მრავალი, რაქელ სტიროდა შვილთა თვისთა და არა უნდა ნუგეშინის–ცემის, რამეთუ არა არიან".
ასე აღსრულდა ღვთის სიტყვა თქმული იერემია წინასწარმეტყველის პირით: "მოისმა ხმა ჰრამათს ტირილის და გოდების, რახელი დასტირის თავის შვილებს და ნუგეშსაც ვერსად პოულობს, რადგან მათ სანუგეშოდ უკვე ამოხოცილები არიან ყრმები, ვისგანაც უნდა ყოფილიყო ნუგეშინისმცემელი". რამა (ჰრამა) – მწვერვალი, კლდის ქიმი, პატარა სოფელი, რომელიც გაშენებული იყო ბეთლემის თავზე, მთაზე. რახელი კი – ეს არის ყრმების წინაპარი იაკობ მამამთავრის ცოლი, რომელიც დასაფლავებული იყო სწორედ იქ, სადაც დატრიალდა ეს უბედურება, რომლის შემოქმედიც იყო ჰეროდე – იუდეის მეფე.
19–20. "ხოლო რაჟამს აღესრულა ჰეროდე, აჰა ანგელოზი უფლისაი გამოეცხადა ჩუენებით იოსებს ეგვიპტს და ჰრქუა: აღდეგ და წარიყვანე ყრმაი ეგე და დედაი მაგისი და წარვედ ქუეყანად ისრაელისა, რამეთუ მოწყდეს, რომელნი ეძიებდეს სულსა მაგის ყრმისასა".
როცა აღესრულა მეფე ჰეროდე, უფლის მიერ გამოგზავნილი ანგელოზი გამოეცხადა იოსებს სიზმარში და აუწყა – ადექი და წადი ეგვიპტიდან, მოჰკიდე ბავშვს და მის დედას ხელი და მიდი ისრაელში, რადგან ყველანი მკვდრები არიან, ვისაც ბავშვის სიკვდილი სურდა.
21. "ხოლო იგი აღდგა და წარმოიყვანა ყრმაი იგი და დედაი მისი და მოვიდა ქუეყანად ისრაელისა".
ადგა იოსებიც და, ბრძანების თანახმად, მოჰკიდა ხელი ბავშვს და მის დედას და დაბრუნდა ისევ ისრაელის ქვეყანაში.
22. "და ვითარცა ესმა, რამეთუ არქელაოს მეფობს ჰურიასტანს ჰეროდეს წილ, მამისა თვისისა, შეეშინა მისვლად მუნ და ბრძანებაი მიიღო ჩუენებით და წარვიდა კერძოთა გალილეაისათა".
როცა შეიტყო ისრაელში მისულმა იოსებმა, რომ არქელაოსი მეფობს იუდეაში მამამისის, ჰეროდეს ნაცვლად, შეეშინდა იქ დარჩენა, თუმცა, ღვთის ბრძანებით, რომელიც სიზმრად ეუწყა, გაშორდა იუდეას და დაემკვიდრა გალილეაში.
23. "და მივიდა და დაეშენა ქალაქსა შინა, რომელსა ჰრქვიან ნაზარეთ, რაითა აღესრულოს თქმული იგი წინაისწარმეტყუელისა მიერ, ვითარმედ: ნაზარეველი ეწოდოს".
ტექსტის თანახმად, მოვიდა ქალაქში, რომელსაც ერქვა ნაზარეთი და იქ დასახლდა ბავშვთან და დედასთან ერთად, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: "ნაზარეველი ეწოდოს".
კაცობრიობამ ცოდვით გაუკუღმართების შემდგომ საკუთარი მხსნელის მიმართ რა მზაკვრულ ხერხს არ მიმართა ეშმაკის შთაგონებით, თუმცა ღმერთის ნება–სურვილს წინ ვინ აღუდგება, ვის შესწევს იმის ძალა, რომ შეცვალოს უფლის გეგმა? არც არავის და სწორედ ამას შეეცადნენ ღვთის მტრები, თუმცა – ამაოდ.
ღვთისმშობელს ვმადლობთ ყველა იმ სიკეთისთვის, რომელიც თავს იდო ჩვენი კეთილდღეობისთვის, იმისთვის, რომ გვიშვა მაცხოვარი და მოგვცა შესაძლებლობა, ჩვენც ვიხილოთ ღმერთის სამყოფელი.
ღვთისმშობელი მარიამი გვეწეოდეს და გვაცხოვნოს ჩვენ. ამინ!
ქრისტესმიერი სიყვარულით, პროტოდიაკონი მირიანი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"დეპრესიის დროს ადამიანი ღირსებას კარგავს"
დღეს თამარობაა
ხსენება წმინდისა ახალმოწამისა გრიგოლ მეხუთისა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისა
კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება












დღეს ამაღლებაა
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება 

დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ცხოვრება წმინდისა მამისა ათანასე დიდისა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ნიკოლოზობას აღნიშნავს
მეუფე იაკობმა უდაბნოს მონასტრის ნიშთან შეკრებილ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა
უდაბნოს მონასტრის ნიშთან პარაკლისი სრულდება
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა
აზერბაიჯანელები გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აღარ ჩანან
მეუფე იაკობი - სასულიერო პირების მიმართ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კორექტულები არიან
პატრიარქის პატარა სტიქაროსანს ორივე ფეხზე პროთეზი უკეთია 






















































































