| ქალი და მამაკაცი |

"ვფიქრობ, მოძღვარი მრევლთან ურთიერთობაში მარტო აღსარებითა და ზიარებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, როგორც ეს დღეს არის გავრცელებული. მოძღვარმა უნდა იცოდეს თითოეული სულიერი შვილის ცხოვრება, ოჯახური პრობლემები, მდგომარეობა, მათი განცდები. მიმაჩნია, რომ სიღრმისეული შეცნობა სჭირდება ჩვენს მრევლს", - აღნიშნავს "გუმბათთან" საუბარში მღვდელი ლაზარე დულუზაური. ის მღვდლობის საკუთარ ისტორიას გვიამბობს.
მამა ლაზარე:
- ბავშვობიდანვე მქონდა იმის განცდა, რომ არსებობს სული, არსებობს სხვა, იმქვეყნიური სამყარო, რომლისკენაც გაუცნობიერებლად ვილტვოდი. ალბათ, ამიტომაც გადავწყვიტე, გავმხდარიყავი სასულიერო პირი. თუმცა, ამას თავიდანვე ვერ ვაცნობიერებდი და ამიტომ მოხდა ის, რომ ჯერ იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე და ამის მერე ჩავაბარე სასულიერო აკადემიაში.
- წარმოშობით ფშავიდან ვარ, თიანეთიდან... მოგეხსენებათ, ჩვენთან არიან ხევისბერები, რომლებსაც თავისებური რწმენა აქვთ. განსხვავებული წესით ნათლავენ ბავშვებს. კლავენ საკლავს და მერე მისი სისხლით ჯვარს გამოსახავენ შუბლზე. ხევისბერები სალოცავებში წირავენ საკლავს და ლოცულობენ ხალხისთვის. მე შინაგანი დაპირისპირება მქონდა ამ წესების მიმართ, თუმცა, მათ აქვთ საეკლესიო ტრადიციები, რაც მე ძალიან მომწონდა, მაგალითად, ამბობენ ისეთ ლოცვებს, რომლებიც ეკლესიაშიც ითქმის, "მამაო ჩვენო", "წმინდაო ღმერთო", "მეუფეო ზეცათაო". ღვთისმშობლის ტროპარი.
- თქვენც მონაწილეობდით ხევისბერების მიერ აღსრულებულ რიტუალებში?
- მეც ვიღებდი მონაწილეობას და ეს ძალიან მომწონდა.
- ანუ სასულიერო პირობის მიმართ სწრაფვა გქონდათ?
- სასულიერო პირობის მიმართ სწრაფვა მქონდა და ეს უფრო გამიძლიერდა მას შემდეგ, რაც თიანეთში, მეუფე იოანემ, მაშინდელმა მამა გიორგიმ (გამრეკელი) საყოველთაო ნათლობა ჩაატარა. დაახლოებით, 12-13 წლის ვიქნებოდი. მე ვუყურე ნათლობას და მაშინ პირველად ვნახე სასულიერო პირები ახლოს. მამა გიორგიმ მაჩუქა ახალი აღთქმა და მახსოვს, რომ ვკითხულობდი, ძალიან მომწონდა იოანე ნათლისმცემელი, რომ ეცვა თხის ტყავი, დადიოდა და ქადაგებდა, წინასწარმეტყველებდა უფლის მოსვლას. ვფიქრობდი, როდის გავიზრდები, რომ მეც იგივენაირად მოვიქცე-მეთქი.
პირველი მღვდელი ჩვენთან მამა თავმას ჩოხელი გახლდათ. ის ჩვენი ოჯახის ახლობელია. მისი ქადაგებებით გავიზარდე სულიერად, მაგრამ ხომ გაგიგიათ, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვსო. გავიდა წლები. უკვე იურიდიული ფაკულტეტი მქონდა დამთავრებული, როდესაც ჩვენთან დედათა მონასტერი დაარსდა და იქ მამა იაკობ უშიკიშვილი ჩამოვიდა, რომელთანაც დავმეგობრდი. მისი ქადაგებებით ჩემში დიდი სითბო შემოვიდა, ღვთის სიყვარული გაღვივდა და მამა იაკობი გახდა კიდეც ჩემი მოძღვარი, მას ჩავაბარე აღსარება. მან მაზიარა, მან ჩამაცვა პირველად სტიქარი. მასთან ურთიერთობის შემდეგ, დავინახე ჭეშმარიტი რწმენა და სიცოცხლე, რაც მართლმადიდებელ ეკლესიაშია.
- სტუდენტობის დროს, თბილისში ყოფნისას არ დადიოდით ეკლესიაში?
- ხშირად დავდიოდი სიონში, წირვა-ლოცვებს ვესწრებოდი, უწმინდესის, მამა გიორგის ქადაგებებს ვისმენდი, მაგრამ ჩემი სული ვერავის მიუდგა, ვერავისთან გავიხსენი და რადგან სულიერი მოძღვარი ვერ ავარჩიე, არც აღსარება ჩამიბარებია.
- საკურთხეველში სტიქაროსნად პირველი მსახურება გახსოვთ?
- თიანეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ვიმსახურე პირველად. მამაოს სტიქარის ჩაცმაზე კურთხევა რომ უნდა მოეცა, დამიძახეს, საკურთხეველში შემოვიდესო. ვინც მეძახდა, ის სტიქაროსანი 3-ჯერ გავატრიალე, ჩემზე არ გეტყოდათ, ალბათ, სხვაზე მიგითითათ-მეთქი, მამაომ.
საკურთხეველში პირველად რომ შევედი, ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ზეცაში, ანგელოზებთან ერთად ვმსახურობდი, სულ შევიცვალე, აღტაცებული ვიყავი. ძალიან დიდი მორიდება, სიყვარული და რწმენა მქონდა უფლის მიმართ.
ის განცდა დღევანდლამდე რომ გამომყოლოდა, უფრო წარმატებული ვიქნებოდი სულიერებაში, ის პირველი სიყვარული და მოწიწება განქარდა და აკადემიაში სწავლისას, თითქოს გადასხვაფერდა. მაგრამ მღვდლობაში, ნელ-ნელა ისევ მოდის იმგვარი რწმენა და მოშურნეობა.
- მამა იაკობს როგორ გაუმხილეთ თქვენი სურვილის შესახებ?
- მამა იაკობს გავუმხილე, რომ ვოცნებობდი მექადაგა ადამიანებისთვის რწმენის, ერთმანეთის სიყვარულის, ზნეობრივი ცხოვრების, ლოცვის აუცილებლობის შესახებ.
მამაოს თავიდან არაფერი უთქვამს. შემდეგ, როცა პროკურატურაში ვიწყებდი მუშაობას, კატეგორიულად მითხრა, უნდა დაანებო თავი მაგ ყველაფერს და სასულიერო აკადემიაში ჩააბაროო. მანამდე, მეუფე იეგუდიელსაც (ტაბატაძე) ჰქონდა ნათქვამი, როდესაც ის ჩვენს ეპარქიას ხელმძღვანელობდა, იქნებ, აკადემიაში ჩაბარება გეცადაო. მე ჯერ უარზე ვიყავი, რაღა დროს ჩემი სწავლაა-მეთქი. მაგრამ, ალბათ, უფალმა ინება ასე. ერთ თვეში მოვემზადე და იმ წელსვე მართლაც ჩავაბარე სასულიერო აკადემიაში.
- პროკურატურაში თუ იწყებდით მუშაობას, ხომ შეიძლებოდა წარმატებული კარიერა გქონოდათ. ამაზე არ გიფიქრიათ? ან გული არ დაგწყდათ, თქვენი პროფესიული საქმიანობა რომ მიატოვეთ და სასულიეროში ჩააბარეთ?
- ადვოკატი ვიყავი და პარლამენტში, იურიდიულ კომიტეტშიც ვმუშაობდი. მამაომ კურთხევა რომ მომცა, დამეტოვებინა ეს ყველაფერი, უკვე ზღვარზე ვიყავი, არჩევანი უნდა გამეკეთებინა.
სასულიეროში სწავლის დროს, მე ჩემი შემოსავალი არ მქონდა. ქირით ვცხოვრობდი და მარტო ჩემს მშობლებზე ვიყავი დამოკიდებული. ჩემი მოძღვარიც ყველანაირად გვერდში მედგა. ყოველდღე თუ არა, კვირაში ერთხელ მაინც, გზის ფულს მაძლევდა. ხანდახან იყო ბრძოლა ეშმაკისგან, მოდიოდა ფიქრები, დავანებო თავი ამ გაჭირვებას-მეთქი. ჩემს ტოლებს, კლასელებს, კურსელებს რომ ვხედავდი, წარმატებული კარიერა ჰქონდათ, ზოგჯერ გული მწყდებოდა, მაგრამ მერე უკვე ლოცვით, ფიქრით, რომ საითაც მომიწოდა უფალმა, იქით უნდა წავსულიყავი, გავძლიერდი. უფლის სიყვარული მაძლიერებდა.
- როდესაც მიიღეთ საბოლოო გადაწყვეტილება, იგრძენით, რომ ეს სწორი არჩევანი იყო?
- სწორი არჩევანი იყო, იმიტომ, რომ უფალი რასაც მიგანიშნებს, იმას ქვეცნობიერად მაინც გრძნობ. მადლი გაგრძნობინებს, რომ ეს ჭეშმარიტად შენი გზაა. და რა გზასაც აირჩევს ადამიანი, ბოლომდე იმ გზას უნდა გაჰყვეს.
აკადემიაში სწავლის პერიოდში, არც ოჯახის შექმნაზე და არც მღვდლობაზე ვფიქრობდი. უფრო ბერული ცხოვრება მიზიდავდა. მოძღვრის კურთხევით, მონასტერშიც ვიყავი, ბევრს ვლოცულობდი, მაგრამ ბოლო კურსზე ყოფნისას გამოჩნდა ისეთი ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. ამის შემდეგ მხოლოდ ორი არჩევანი მქონდა - ბერობა, ან მღვდლობა, მესამე გზა უკვე აღარ არსებობდა.
- მომავალმა მეუღლემ რა გითხრათ, როცა გაიგო, მღვდლობას აპირებდით?
- მეუღლეს გაუჭირდა ჩემი ამ არჩევანის მიღება, მაგრამ მაინც, ღვთისა და ჩემი სიყვარულის გამო, დამთანხმდა ამ გადაწყვეტილებაზე.
- სად მოხდა თქვენი კურთხევა და დიაკვნობის პერიოდს როგორ გაიხსენებთ?
- დიაკვნად, გასული წლის 7 აპრილს, ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში, უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა) მაკურთხა. სამი თვის განმავლობაში, ვარკეთილის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში ვიმსახურე.
ახალგაზრდა დიაკვნისთვის ეს პერიოდი გამორჩეულია იმით, რომ უნდა დააკვირდე, შენს ყოველდღიურ მოღვაწეობას, როგორ წარმართე შენი მსახურება, როგორ ილოცე, ვის რა არგე. აკვირდები საკუთარ თავს, რათა მეტად შეიცნო შენი შინაგანი მდგომარეობა და მერე გამოასწორო შეცდომები, იზრუნო, მეორედ იგივე აღარ გაიმეორო.
დიაკვნობის პერიოდში მეტი თავმდაბლობა და სიყვარული გმართებს. ყველას უნდა მოეფერო, დაეხმარო კეთილი სიტყვით, ან ლოცვაში მოიხსენიო.
- მღვდლად კურთხევას რა განცდა ახლდა?
- ჩემი მღვდლად ხელდასხმაც, ალბათ, უფლისგან იყო. მე ჯერ არ ველოდი. ვფიქრობდი, ორი წელი მაინც ვიმსახურებდი დიაკვნად, მაგრამ მოხდა ისე, რომ მალევე, 11 სექტემბერს, იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს, საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე ლუკამ (ლომიძე) მაკურთხა მღვდლად. როგორც უკვე აღვნიშნე, იოანე ნათლისმცემელი ძალიან მიყვარდა, ალბათ, მისმა მეოხებამაც განაპირობა.
მღვდლად კურთხევისას, დიდი ემოციური ზეგავლენის ქვეშ ვიყავი. იმ განცდებს ენით ვერ წარმოვთქვამ. რაღაც დიდ ძალას, სითბოს ვგრძნობდი, რომელიც ჩემში დაემკვიდრა, ეს, ალბათ, სულიწმინდის ძალა იყო, რომელმაც გამაძლიერა და გადამატანინა ის ემოციები.
- სასულიერო პირის შესამოსელთან შეგუება არ გაგჭირვებიათ?
- ამ სამოსთან შეგუება არ გამჭირვებია, რადგან ძალიან მიყვარდა. ამიხდა ბავშვობისდროინდელი ოცნება და მართლაც შევიმოსე მღვდლის კაბით. ეს ის კვართია, რომლის ტარების ღირსიც გამხადა უფალმა. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს, ძალიან ტკბილი ტვირთია.
- ახლა რას გრძნობთ, როცა ბავშვობისდროინდელი ნატვრა აგისრულდათ, და არათუ შეგიძლიათ, არამედ თქვენი ვალია, დამწყსოთ მრევლი, უქადაგოთ ადამიანებს.
- ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებს ის, რომ შემიძლია, ვინმეს დავეხმარო ამა თუ იმ განსაცდელიდან გამოსვლაში, ჩემი მსახურებითა და სიტყვით შევეწიო ადამიანებს.
- სამღვდელო მსახურება სად და როგორი განწყობით დაიწყეთ?
- ყოვლადწმინდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში ვიმსახურე ორი კვირა. შემდეგ, წმინდა მოწამეთა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარში გადმომიყვანეს. ისეთი მქონდა განწყობა, რომ ჩემს თავს რაღაცნაირად არ ვთვლიდი ღირსად, ეს ჯვარი მეტარებინა. ვიგრძენი ამ ტვირთის სიმძიმეც, მაგრამ ვფიქრობდი, უფალი გამაძლიერებდა. ახლაც ვგრძნობ ღვთის შემწეობას.
- ჯერ ერთი წელიც არ გასულა თქვენი ხელდასხმიდან, მაგრამ ალბათ, გექნებათ ჩამოყალიბებული შეხედულება, როგორი უნდა იყოს მოძღვარი სულიერ შვილებთან ურთიერთობაში?
- ვფიქრობ, მოძღვარი მრევლთან ურთიერთობაში მარტო აღსარებითა და ზიარებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს, როგორც ეს დღეს არის გავრცელებული. მოვა მრევლი, აღსარებას იტყვის და წავა. მოძღვარმა უნდა იცოდეს, თითოეული სულიერი შვილის ცხოვრება, ოჯახური პრობლემები, მდგომარეობა, მათი განცდები. მიმაჩნია, რომ სიღრმისეული შეცნობა სჭირდება ჩვენს მრევლს. ამიტომ ვცდილობ, გამოვიკითხო რა პრობლემები აწუხებს ჩემს მრევლს და ვეძებო ის მიზეზები, თუ საიდან მომდინარეობს ესა თუ ის ცოდვა, განსაცდელი და ა.შ.
- მამა ლაზარე, პატრიარქის გარდა, ვინ არის თქვენთვის მისაბაძი სასულიერო პირი?
- რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს ჰყავს ისეთი პიროვნება, რომელსაც სურს მიბაძოს. მე ასეთ ადამიანად ჩემი სულიერი მოძღვარი, მამა იაკობ უშიკიშვილი მეგულება. თუ ვერ ვნახე, კვირაში ორჯერ მაინც ტელეფონით ვუკავშირდები და ვეკითხები რაც მაინტერესებს, ან ამ ტაძრის წინამძღვარს, მამა გიორგი ყიფშიძეს ვეკითხები, რომელიც სიღრმისეულ პასუხს მცემს ამა თუ იმ კითხვაზე.
- მამაო, დასაწყისში აღნიშნეთ, რომ ძალიან მოგწონდათ წმინდა იოანე ნათლისმცემელი. თქვენთვის ის გამორჩეული წმინდანია?
- ვფიქრობ, იოანე ნათლისმცემელი არის ჩემი მფარველი და სამღვდელო ტვირთის შემამსუბუქებელი. როდესაც რაიმე პრობლემის წინაშე დავდგები, ან რომელიმე ჩემს სულიერ შვილს სჭირდება დიდი დახმარება, მე უფრო იოანე ნათლისმცემელს ვევედრები და მისი მეოხება და მადლი აუცილებლად იგრძნობა. ჩემი საყვარელი წმინდანია წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი, რომელსაც ასევე ხშირად ვევედრები. რა თქმა უნდა, წმინდა კვირიკე და ივლიტა, რომლებიც არიან ჩვენი მეოხნი.
- საეკლესიო მსახურების შემდეგ, როგორია თქვენი ცხოვრება?
- ეკლესიის გარეთ უკვე ოჯახს ვაქცევ ყურადღებას. 10 თვის ქალიშვილი მყავს და მეუღლეს მის გაზრდაში ვეხმარები. თავისუფალ დროს სასულიერო ლიტერატურას ვკითხულობ.
- დაგვლოცეთ და გვაკურთხეთ, მამაო.
- ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ. რწმენასა და სიყვარულში გაძლიერებას გისურვებთ.
ეფემია წიკლაური

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"დეპრესიის დროს ადამიანი ღირსებას კარგავს"
დღეს თამარობაა
ხსენება წმინდისა ახალმოწამისა გრიგოლ მეხუთისა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისა
კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება












დღეს ამაღლებაა
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება 

დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ცხოვრება წმინდისა მამისა ათანასე დიდისა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ნიკოლოზობას აღნიშნავს
მეუფე იაკობმა უდაბნოს მონასტრის ნიშთან შეკრებილ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა
უდაბნოს მონასტრის ნიშთან პარაკლისი სრულდება
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა
აზერბაიჯანელები გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აღარ ჩანან
მეუფე იაკობი - სასულიერო პირების მიმართ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კორექტულები არიან
პატრიარქის პატარა სტიქაროსანს ორივე ფეხზე პროთეზი უკეთია 






















































































