asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ჯემალ ბაღაშვილი: "მოძღვარი ისეთ რამეს დაგანახებს, რასაც შენით ვერ დაინახავ"
”რწმენის კაცი კი ღრმა ფესვებიან მუხას ჰგავს, რომელსაც ხანდახან ქარიშხალიც კი ვერაფერს დააკლებს”
ჯემალ ბაღაშვილი: "მოძღვარი ისეთ რამეს დაგანახებს, რასაც შენით ვერ დაინახავ"

2012-01-24 14:24:31



ჯემალ ბაღაშვილის პირველი შეხვედრა უწმინდესსა და უნეტარესთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, ილია II-სთან 30 წლის წინ მოხდა. მაშინ მუსიკოსი ანსამბლ "ივერიის" სხვა წევრებთან ერთად მივიდა საპატრიარქოში, ამის მიზეზი კი ცნობილი ტრაგედია იყო, რომელიც თემურ წიკლაურის ოჯახს შეემთხვა. როგორც ბატონი ჯემალი იხსენებს, იმ შეხვედრამ მისი ცხოვრება და მსოფლმხედველობა შეცვალა და ის შთაბეჭდილებები, რაც მაშინ მიიღო, დღემდე ახსოვს. ამბობს, რომ მთავარი ღმერთის სიყვარულია და თუ ყველა საეკლესიო წესს ვერ შეასრულებ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეკლესიურად არ ცხოვრობ. მუსიკოსს საკუთარი პროფესიით 70-ზე მეტი ქვეყანა აქვს მოვლილი, მაგრამ როგორც აღნიშნავს, არც ერთ ადგილს არ დაუტოვებია მასზე მსგავსი ემოციები, როგორიც იერუსალიმში ჩასვლისას ჰქონდა. თურმე, პირველად რომ ჩავიდა, ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ იქ უკვე ნამყოფი იყო. არათუ გარემო, ჰაერიც კი მშობლიურად ეჩვენა. მიუხედავად იმ აგრესიული წლებისა, როდესაც რელიგიურობის მხრივ ბევრი რამ იკრძალებოდა, თურმე, ბატონი ჯემალის ოჯახში მაინც აღნიშნავდნენ საეკლესიო დღესასწაულებს, ლოცულობდნენ და მარხულობდნენ კიდეც. დღეს კი მას ჰყავს მოძღვარი და ვერის სასაფლაოზე მდებარე წმინდა პანტელეიმონის ეკლესიაში დადის. "გუმბათი" ჯემალ ბაღაშვილს რწმენაზე და რელიგიასთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო საკითხზე ესაუბრა.
- ბატონო ჯემალ, როგორ იყო თქვენს ბავშვობაში რელიგიის საკითხი, ეს მეტ-ნაკლებად ვიცით, მაგრამ საინტერესოა, როგორი სიტუაცია იყო ამ მხრივ თქვენს ოჯახში?
- ყველას მოგეხსენებათ, რომ 70 წელზე მეტი ჩვენი ქვეყანა ბოლშევიკური აგრესიული ათეიზმის პირობებში იყო. ამან ჩვენს ცხოვრებაში უკვალოდ არ ჩაიარა, თუმცა, იმდენად დიდი იყო მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ტრადიციის გავლენა და ძალა, რომ ოჯახებში ქრისტიანული რიტუალების აღსრულება მალულად ხდებოდა. მნიშვნელოვან საეკლესიო დღესასწაულებს ოჯახების უმეტესობა აღნიშნავდა. ეკლესიაში სიარულს უფრო ნაკლებად ახერხებდნენ, რადგან უამრავი თვალი იყო ჩასაფრებული. მიუხედავად ამისა, ეს ქართველი კაცისთვის რწმენაში გამოცდა იყო. ამის დასტური ის გახლავთ, რომ, როდესაც ჩვენი ეკლესიის სათავეში უწმინდესი და უნეტარესი ილია II მობრძანდა, ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა. პატრიარქმა უამრავი აღმშენებლობითი სამუშაო ჩაატარა ეკლესია-მონასტრების აგებისა და ასევე ხალხის ეკლესიისკენ შემოტრიალების მხრივ. ჩემს დროს კი ეს ყველაფერი შეზღუდულად იყო. მიუხედავად ამისა, მე მაინც ეკლესიაში ვარ მონათლული. მაშინ ძალიან პატარა ვყოფილვარ და მხოლოდ ბუნდოვნად მახსოვს. ჩემი მშობლები და ბებია მარხვასაც იცავდნენ და დილით და ძილის წინ აუცილებლად ლოცულობდნენ. ასე რომ, ჩვენ ის შთაბეჭდილებები ნაკლებად გვქონდა, რაც ბავშვს დაბადებიდან უნდა ჰქონდეს. მისი პირველი შეგრძნება საკმევლის სუნი უნდა იყოს და ეს მაშინ მოხდება, თუ მშობლები ეკლესიაში ხშირად ატარებენ. შესაბამისად, მის გულში მადლი და ნათელი ადრე შევა. ამიტომაც რთულად და ძნელად გასავლელი გზა აღარ ექნება იმისთვის, რომ დედა-ეკლესიამდე მივიდეს. სამწუხაროდ, ერთ დროს ჩვენ ძალით მოგვაშორეს დედა-ეკლესიას და დღეს ქართველი კაცი დაუბრუნდა იმას, რაც მისთვის ბუნებრივი და ჭეშმარიტია, ანუ მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ეკლესიას.
- დღეს რამდენად ახერხებთ რელიგიურად ცხოვრებას?
- მაქსიმალურად ვცდილობ, დავიცვა ეკლესიური წესები. მარხვის დაცვა ცოტა მიჭირს, რადგან ართრიტი მაქვს და როგორც საჭიროა, ისე ვერ ვიცავ მარხვას. ყველაზე მთავარი მაინც სხვა რამეა, რომ ღმერთი სიყვარულია. ვცდილობ, ამ რწმენას არასდროს ვუღალატო და სიყვარულით ვიცხოვრო. შეიძლება გარემოებამ ხელი შეგიშალოს ყველა ეკლესიური წესის დაცვაში, მაგრამ სიყვარულით რომ იცხოვრებ, ეს უკვე დიდ რამეს ნიშნავს. როგორც უწმინდესმა და უნეტარესმა ბრძანა, ჩვენ ვცოდავთ და ვეცემით, მაგრამ მთავარი ის არ არის, რომ არ ვცოდოთ, ეს ძალიან ძნელია, იმაზე უნდა ვიფიქროთ, დაცემის მერე როგორ წამოვდგეთ.
- თქვენი მოძღვარი ვინ არის?
- მამა დავითი, რომელიც ვერის სასაფლაოსთან მდებარე წმინდა პანტელეიმონის ეკლესიის მოძღვარია. ჩემი მშობლები, ძმა და ყველანი იქ არიან დასაფლავებულები. მოძღვარი ბევრ ისეთ რამეს დაგანახებს, რასაც შენით ვერ დაინახავ. ამიტომაც ამბობენ აღმოსავლელი ბრძენები, რომ ოსტატის გვერდით დგომა მაშინაც კი მნიშვნელოვანია, როდესაც ოსტატი არაფერს ამბობსო. ეს ითქმის ოსტატზე და წარმოიდგინეთ, რომ მღვდლისა და პატრიარქის შემთხვევაში ამას უფრო დიდი ძალა აქვს. უწმინდესი და უნეტარესი ქართველი ხალხისთვის დიდ საქმეს აკეთებს, მთავარია, შევისმინოთ. მას ათასობით ნათლული რომ ჰყავს, ეს ბევრ რამეს ნიშნავს. ჩემს გიას ორი შვილი ჰყავს და მას და მის მეუღლეს ერთი სული აქვთ, მესამე გაუჩნდეთ, რომ პატრიარქმა მოუნათლოს. უწმინდესის ნათლულები საქართველოს უძლიერესი ძალაა. ისინი რომ გაიზრდებიან, შეგნებული ექნებათ, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა, იყო ასეთი დიდი ადამიანის მონათლული. ამას რომ თავი დავანებოთ, წინა წლებთან შედარებით, დემოგრაფიის საკითხი ცოტა გამოსწორდა და ეს სწორედ ამ ნათლობების ბრალია.
- პირველი აღსარება, თუ გახსოვთ, რა ასაკში ჩააბარეთ?
- ეს უკვე ზრდასრულ ასაკში მოხდა და ზუსტი ასაკი აღარ მახსოვს. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩემთვის ასეთ დეტალებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ მთავარი ის არის, იპოვი თუ არა დედა-ეკლესიას და მასში შენს ადგილს. თუ ამ გზას მიაგნებ, მაშინ არც ასაკს და არც დროს არ აქვს მნიშვნელობა. თუ ამას შეძლებ, ესე იგი, შენ ტყუილად არ მოსულხარ ამქვეყნად.
- უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს ბევრჯერ შეხვედრიხართ?
- ჩვენ, "ივერიელები", ერთი დიდი ოჯახივით ვცხოვრობთ. 30 წლის წინ ჩვენს ოჯახს თავს დიდი უბედურება დაატყდა, როდესაც თემურ წიკლაურს პატარა გიორგი გარდაეცვალა. სწორედ მაშინ შევხვდით პირველად პატრიარქს. ამ ამბის გამო თემური ცუდ დღეში იყო და შეიძლებოდა, ერთ ტრაგედიას მეორე დამატებოდა. არათუ სცენას, კაცი შეიძლება საერთოდ ცხოვრებას გამოკლებოდა. ანსამბლის წევრებმა მივმართეთ მას და ვთხოვეთ, რომ თემურს გასაუბრებოდა. უწმინდესმა კი ყველანი მიგვიღო და დიდხანს გვესაუბრა. აი, ეს საუბარი დღემდე წარუშლელი შთაბეჭდილებაა როგორც ჩემთვის, ასევე ჩემი მეგობრებისთვის. ეს იყო საუბარი ზოგადად სიცოცხლეზე, მიწიერსა და სულიერ ცხოვრებაზე, სულის უკვდავებაზე, ადამიანის როლსა და დანიშნულებაზე, ასევე ხელოვანის როლსა და დანიშნულებაზე და სირთულეებზე. ამ შეხვედრამ თემურ წიკლაური სულიერადაც და ფიზიკურადაც გადაარჩინა. ჩვენ კი, ამ შეხვედრის მერე, ცხოვრების წესი და მსოფლმხედველობა შეგვეცვალა. პატრიარქისგან სულ სხვა ადამიანები გამოვედით. მას მერე არაერთხელ მქონია უწმინდესთან შეხვედრის ბედნიერება და ყოველთვის ასეთი ძლიერი შთაბეჭდილებებით ვბრუნდები უკან. ჩვენი პატრიარქი საოცრად ბრძენი ადამიანია და უფლის სათქმელს თავისი პირით ღაღადებს. მის სიტყვებს თუ სწორად მოუსმენ, ცუდს აღარ გააკეთებ. სამწუხაროდ, ხშირად ვერ შეისმენენ ხოლმე ისინი, ვისაც ხელისუფლება გააჩნიათ. მათ რომ ყურადღებით უსმინონ უწმინდესის ქადაგებებსა და ეპისტოლეებს, ჩვენი ქვეყანა რეალურად კარგად იქნება და არა ვირტუალურად, როგორც სურთ, რომ ხშირად დაგვანახონ.
- პატრიარქისთვის რაიმე საჩუქარი თუ მიგიძღვნიათ ან მას თუ უჩუქებია თქვენთვის რამე?
- კი. ერთხელ, დაბადების დღეზე წმინდა გიორგის ხატი ვაჩუქე, რომელიც ხელით ნაქარგი იყო. ეს ხატი იერუსალიმიდან ჩამოვიტანე. თავად უწმინდესმა ჩემი შვილი გიაც არაერთხელ დალოცა, მათ შორის, მაშინ, როდესაც ცოლი შეირთო. თანაც, თავისი წიგნი და ხატი აჩუქა. წიგნებსა და ხატებს მეც მჩუქნის ხოლმე. ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი და ბედნიერება, მასთან გატარებული თუნდაც რამდენიმე წამია, რადგან პატრიარქთან საუბრის მერე, სულ სხვა ადამიანი გამოვდივარ. ეს შეგრძნებები დიდხანს გამყვება ხოლმე. ძალიან მძიმე ჯვარია, იყო ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის საჭეთმპყრობელი. იგი სრულიად საქართველოს სახელით ლოცულობს და ყველა ჩვენგანის ცოდვებს თავის თავზე იღებს. მსგავს ენერგიასა და ძალას ჩვეულებრივი მოკვდავი ვერ გასცემს. ეს არის ღვთიური ენერგია, რომელიც უწმინდესზე გადმოდის და შემდეგ ამას ყველა ჩვენგანს უნაწილებს. ღმერთმა დიდხანს და დღეგრძელად გვიმყოფოს ჩვენი უწმინდესი.
- იერუსალიმში, ვიცით, რომ რამდენჯერმე ხართ ნამყოფი. პირველი ჩასვლა, ალბათ, განსაკუთრებული იყო.
- 4-ჯერ თუ 5-ჯერ ვარ იერუსალიმში ნამყოფი. თუ ერთხელ არ ხარ იქ ნამყოფი, მაშინ ძნელია მიხვდე, როგორია იერუსალიმი, რადგან სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. ურწმუნო ათეისტიც რომ მიიყვანო იქ, ისიც კი მოიქცევა ქრისტეს რჯულზე. ამ წმინდა ქალაქს დიდი ენერგეტიკა და ზეგავლენა აქვს, განსაკუთრებით კი იმ ადგილებს, სადაც ჯვარცმა, გარდამოხსნა და აღდგომა მოხდა. პირველი ჩასვლა მართლაც გამორჩეული იყო. საერთოდ, ბევრი ადამიანი იძახის და მეც ვეთანხმები, რომ იქ ჩასვლისთანავე გიჩნდება განცდა, რომ აქ უკვე ბევრჯერ ყოფილხარ. ანსამბლ "ივერიის" წყალობით, მსოფლიოს 70-მდე ქვეყანა მაქვს მოვლილი და არსად ასეთი განცდები არ მქონია. სწორედ იერუსალიმში მქონდა განცდა, რომ ჩემს მშობლიურ გარემოში ვარ. თითქოს იქაური ჰაერიც კი გეცნობა და იქ ერთხელ უკვე იყავი. შეიძლება ეს მხოლოდ სუბიექტური შეგრძნებაა, მაგრამ ბევრისგან გამიგონია. დიდი ბედნიერებაა, თუ მორწმუნე ქრისტიანს ერთხელ მაინც მოუწევს იქ ჩასვლა. მე კი დიდი მადლიერი ვარ უფლის, რომ მის სახლში რამდენჯერმე ვიყავი.
- როდესაც სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდით, იქაურ ტაძრებში შედიოდით?
- რა თქმა უნდა. ექსკურსიების დონეზე ყველა კონფესიის მნიშვნელოვანი ტაძარი მაქვს მოვლილი. ისტორიული და გარეგნული თვალსაზრისით ყველა მათგანი დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს. ქრისტიანს ის უფრო აღაფრთოვანებს, როდესაც უძველეს ქართულ ტაძრებს ხედავს, მით უმეტეს, ისეთებს, რომლებიც უცხო რელიგიის მქონე ქვეყნის ტერიტორიაზე დგას. ბევრი უძველესი ცივილიზაცია გაქრა და ჩვენ, ეს პატარა ერი, ისევ ვარსებობთ. ამის მიზეზია იმ რწმენის მადლი და ძალა, რასაც ქრისტეს ძალა ჰქვია და რაც დღემდე მოვიტანეთ, მიუხედავად ბევრი კატაკლიზმისა. შინაურულ საუბარში არაერთხელ მითქვამს, რომ უფალმა სულ 10 მცნება მოგვცა და არა 10.100, რადგან ჩვენი ბედოვლათობის ამბავი იცოდა. ამაზე მეტი შეღავათი რა უნდა გაეკეთებინა, ამიტომ ეს 10 მცნება მაინც უნდა შევასრულოთ-თქო. გვახსოვდეს, რომ ყველანი ცოდვილები ვართ, მაგრამ გზა არ უნდა გავიმრუდოთ. უფლისკენ მიმავალ გზაზე რამდენჯერაც დავეცემით, იმდენჯერ უნდა წამოვდგეთ. მხოლოდ მოწყალების მთხოვნელ ერად არ უნდა გადავიქცეთ არც საერო ცხოვრებაში, რომ მუდამ სხვა ქვეყნის იმედზე ვიყოთ და არც უფლისადმი მიმართებაში, რომ ეკლესიაში ერთი სანთელი დავანთოთ და ამით მილიონიანი ქონების მოცემა ვთხოვოთ. ეს იქნება უფალთან ვაჭრობა და არა ლოცვა. ღმერთს მადლობა უნდა ვთხოვოთ მხოლოდ იმის გამო, რომ არსაიდან მოგვიყვანა და ეს ქვეყანა გვაჩვენა. მისი ნებით გავჩნდით და უფალმა თან იმედიც დააყოლა, რომ, ალბათ, ივარგებსო. ჩვენი ცხოვრება სწორედ ამ იმედის გამართლებაა და მეტი არაფერი. ბოროტსა და კეთილს შორის ბრძოლა ყოველთვის იყო და იქნება. ბოლოს მაინც უფალი იმარჯვებს. მთავარია, სწორ, ჭეშმარიტების გზაზე ვიდგეთ. ადამიანი სუსტია და რწმენის გარეშე ის ბაბუაწვერას ემსგავსება, რომელსაც ფესვი არა აქვს და საიდანაც ნიავი დაუბერავს, იქითკენ გაქანდება. რწმენის კაცი კი ღრმა ფესვებიან მუხას ჰგავს, რომელსაც ხანდახან ქარიშხალიც კი ვერაფერს დააკლებს.
- ბატონო ჯემალ, დღევანდელ მრევლზე რისი თქმა შეგიძლიათ?
- შეფასებებში ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ თავად უფალიც გვეუბნება, ნუ განიკითხავთო. მრევლი ერთგვაროვანი არასდროს ყოფილა და არც იქნება. სწორედ იმიტომ არის, რომ ხელებზე პაპილარული ხაზებიც კი სხვადასხვანაირი მოგვცა უფალმა და ამით მიგვანიშნა, რომ ინდივიდუალურები ვართ. კლონები და ერთ თარგზე მოჭრილი ხალხი არავის სჭირდება და ეს ფულის კანონს ეწინააღმდეგება კიდეც. ჩვენი მრავალფეროვნება კი ჩვენი სიძლიერის წყაროა და არა ჩვენი სისუსტის. უწმინდესმა უამრავი ადამიანი შემოატრიალა ეკლესიისაკენ და ესეც უკვე დიდი მიღწევაა. ისინი, ჯერჯერობით, ისეთი მძლავრი რწმენის არ არიან, როგორებიც იქნებიან პატრიარქის ნათლულები და მომავალი თაობის სხვა წარმომადგენლები. ძველი თაობა მეტ-ნაკლებად აგრესიული წნეხის ქვეშ არის გაზრდილი და მათ ჯერ ძალიან ბევრს ვერ მოვთხოვთ. ამისთვის მრევლს გარკვეული დრო უნდა მივცეთ. მთავარია, რომ სურვილი გვაქვს, გავხდეთ ნამდვილი მრევლი და სულ მალე ლოცვით ამას მივაღწევთ. ქრისტიანობა ქართველი კაცისთვის ორგანული, ბუნებრივი და ისტორიულად გამოცდილი გზაა. ეს არ არის ახალი რელიგია. მაგალითად, იეღოვას რელიგიის შემქმნელმა, რასელმა თქვა, რომ მე მივაგენი საუკეთესო ბიზნესს და მას სახელად რელიგია ჰქვიაო. ამ სარწმუნოებას სულ ასწლიანი ისტორია აქვს. სხვათა შორის, ადრე ჩემთან სახლში ორი ახალგაზრდა მოვიდა. მეც მივიღე. არ გამკვირვებია, რადგან ხან ინტერვიუს ასაღებად მოდიან ჩემთან, ხან ავტოგრაფზე. რომ დამინახეს, შეცბნენ. მერეღა მივხვდი, რომ იეღოვას მსახურები იყვნენ. ჩემი გადაბირება ვეღარ გარისკეს. თუმცა, მერე ცოტა დარიგება მივეცი მათ და რაღაცები ავუხსენი. უმეტეს შემთხვევაში, რომ ვაკვირდები, ხშირად ასეთი სექტები ფულით, შაქრით, ფქვილით, უფასო წიგნებითა და ა.შ., იზიდავენ ხალხს. სადაც გაჭირვებაა, ადამიანთა სულებზე იქ ნადირობენ. თუმცა, ღმერთი ძლიერია და ქართველი ხალხი ბევრ რამეს გადალახავს. მნიშვნელოვანი არის ის, რომ რწმენა არ დავკარგოთ, თორემ ურწმუნო ადამიანი ძალიან ცოდოა ამ ცხოვრებაში და იმ ცხოვრებაში ხომ უფრო მეტად ცოდოა.
თეონა კენჭიაშვილი


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ჯემალ ბაღაშვილი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online