| ქალი და მამაკაცი |

ყველასათვის საყვარელმა მსახიობმა ქეთევან კიკნაძემ ბოლო დროს საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარა, რომლის გადალახვაშიც რწმენა ძალიან დაეხმარა. ერთი წლის განმავლობაში რთულ ავადმყოფობას ებრძოდა და მკურნალობის კურსი თურქეთში გაიარა, თუმცა, როგორც თავად იხსენებს, მენინგიტის იმდენად რთული ფორმა ჰქონდა, რომ ახლა, ფაქტობრივად, ცხოვრება თავიდან დაიწყო. როდესაც მისი თურქეთში სამკურნალოდ წაყვანა გადაწყდა, ექიმები იმასაც ამბობდნენ, რომ გადარჩენის შანსი არ ჰქონდა. თუმცა, საბედნიეროდ, ახლა ეს ყველაფერი უკვე გადავლილია და ქალბატონი ქეთევანი გამოჯანმრთელდა. სწორედ ავადმყოფობის მერე დაიწყო ლექსების წერაც და ბევრი რელიგიური ხასიათის ლექსიც დაწერა. "გუმბათი" ქალბატონ ქეთევანს სახლში ესტუმრა და რწმენაზე ესაუბრა. თუ რატომ უკვირდა ბავშვობაში დაკეტილი ეკლესიის დანახვა, როგორ ილოცა მისი ავადმყოფობის დროს უწმინდესმა და უნეტარესმა და რისი ჩუქება უნდა მას პატრიარქისთვის, ამას და კიდევ ბევრ რამეს ჩვენი ინტერვიუს წაკითხვისას გაიგებთ. მანამდე კი, ქალბატონი ქეთევან კიკნაძის ერთ-ერთ ლექსის ნაწყვეტს გთავაზობთ:
"მონასტრის კართან მორგვი იდო უცხოდ, ფერადად,
ფეხი წამიცდა და საშიშრად წამოიმართა,
ველურ სისწრაფით გაექანა ლოდებისაკენ,
მწვანე ფერებით სიმწვანეში გაუჩინარდა...
ჩიტივით მინდა, რომ ვიფრინო, არ ვიგრძნო დაღლა,
მინდა ვიფრინო მაღლა და მაღლა, სულ მაღლა, მაღლა..."
- ქალბატონო ქეთევან, როგორ ხვდებით ხოლმე შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და წელს როგორ შეხვდით?
- წლების წინ, უწმინდესმა და უნეტარესმა ბრძანა, როდესაც შობა დგება, ფანჯარასთან სანთელი უნდა დაანთოთო. ჩვენც ოჯახში სულ ვანთებთ ამ დღეს სანთელს. რადგანაც შობას მარხვა ხსნილდება, ჩვენც გემრიელი საჭმელებით ვხვდებით. ოჯახში ზოგი მარხულობს, ზოგი - არა. მე არ ვმარხულობ ხოლმე. ხორცეულს ისედაც არ ვჭამ. ახლაც, ასე ერთად შევხვდით ოჯახის წევრები ამ ლამაზ დღესასწაულს.
- რამდენად ეკლესიურად ცხოვრობთ?
- ჩემმა შვილებმა ლოცვანის პატარა წიგნი მომიტანეს და ყოველ დილით ვკითხულობ. საერთოდ, მე ბორჯომში დავიბადე. ჩემი პაპის პაპა პირველი მოსახლე და პირველი მღვდელი იყო ბორჯომში. ცოტა რომ წამოვიზარდე, მახსოვს დაკეტილი ეკლესია, რომელსაც სულ გაკვირვებული ვუყურებდი. ვერ გამეგო, რატომ იყო ეს ტაძარი დაკეტილი. ჩემს ბებიას ხატების პატარა თარო ჰქონდა და მასზე მაქმანებიანი ფარდა იყო ჩამოფარებული. ლოცვის დროს ამ ფარდას აწევდა, მუხლმოდრეკილი იდგა და ლოცულობდა ხატების წინ. ჩვენ, ბავშვები ძალიან მორიდებულად ვიდექით და ამ ყველაფერს ვუყურებდით. რწმენა ბავშვობიდანვე ჩამენერგა. მართალია, ჩემები ეკლესიაში არ დადიოდნენ, მაგრამ სახლში პატარა სალოცავი ჰქონდათ და სანთლებსაც ანთებდნენ. მე ვერ ვიტყვი, რომ ძალიან ეკლესიური ვარ, რადგან ბევრი რამის არ მჯერა. პირჯვარს გადაიწერენ, მერე გავლენ და ვიღაცას არაღვთისნიერ რამეს გაუკეთებენ. ღმერთმა მაპატიოს, მაგრამ ზოგიერთი მღვდლის მჯერა, ზოგიერთის - არა. სამწუხაროდ, ეკლესიაში არიან შეპარული ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არიან იქ. არ ვიცი, ამის გამო, თუ იმის გამო, რომ ბავშვობიდანვე მაქვს ეს ჩანერგილი, მაგრამ ეკლესიურად ცხოვრებას ბოლომდე ვერ ვახერხებ. თუმცა, მე სახლში მაქვს ხატების რამდენიმე კუთხე და სულ ვლოცულობ. შაბათ-კვირას აუცილებლად ვანთებ სანთლებს და ჩემთვის ვლოცულობ.
- რამდენიმე თვის წინ მძიმე ავადმყოფობა გადაიტანეთ. მაგ დროს რამდენად დაგეხმარათ რწმენა?
- მე რომ ასეთი ძლიერი ავადმყოფობა შემხვდა და ასეთი დიდი განსაცდელის წინაშე ვიყავი, ჩემს შვილებს მოსდიოდათ მესიჯები, რომ პატრიარქმა ჩემზე ილოცა. ეს უდიდესი მადლი იყო მისგან და მეც დამეხმარა. ცოტაც რომ მოვმჯობინდები, მინდა, რომ პირადად მივიდე მასთან და მადლობა გადავუხადო. რომ ვიგებდი, უწმინდესი ჩემთვის ლოცულობდა, ეს დიდ ძალას მმატებდა და ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ მალე გამოვჯანმრთელდებოდი. შემდეგ ჩემმა დამ წერილი გამომიგზავნა თურქეთში. ეს იყო ჩვენი უწმინდესის დაწერილი ლექსი "ყველაფერი კარგად იქნება". ამ ლექსს ძალიან ხშირად ვკითხულობდი და ჩემთვის მას დიდი შთაგონების ძალა ჰქონდა. გარდა ამისა, შობა დღეს ისევ თურქეთში ვიყავი, საავადმყოფოში. სხვათა შორის, იმ კლინიკაში ჩემს ფილმებს უყურეს და გაიგეს, რომ ქართველი მსახიობი ვიყავი. შობა დღეს კლინიკის ადმინისტრაცია და მთავარი ექიმი ამოვიდნენ, ფოტოგრაფიც ამოიყვანეს. კლინიკის დირექტორმა მითხრა, ვიცით, რომ დღეს შობაა და გვინდა, თქვენი ოჯახი გავახაროთო. მათ ულამაზესი ვაზა მაჩუქეს. მართალია, ეს ჩემი საჩუქარია, მაგრამ მინდა, რომ ჩვენს პატრიარქს წავუღო. ეს არის ნიშანი ქართველისა და მუსლიმანის დამეგობრებისა. ჩემი რწმენა და პატრიარქის ლოცვა რომ არა, ამ ყველაფერს ვერ გადავიტანდი.
- პატრიარქს პირადად შეხვედრიხართ?
- კი, როგორ არა. ჩვენს უწმინდესთან ყოველი შეხვედრა დიდ ბედნიერებად მიმაჩნია. ერთხელ, საპატრიარქოში ჩემი მულის, მარიკა ლორთქიფანიძის საღამო ჩატარდა. მთელი ოჯახი იქ ვიყავით. მე ძალიან მინდოდა, ჩემი შვილები ახლოს მიმეყვანა უწმინდესსა და უნეტარესთან, რომ ხელი დაედო და დაელოცა. მე გაგონილი მაქვს ერთი ამბავი. ჯანსუღ ჩარკვიანის გოგო, თაკო, როდესაც ორსულად იყო, პატრიარქს ხელი დაუდია მუცელზე და უთქვამს: იცი, შენ აქ ვინ გყავსო? მართლაც, ნამდვილი გენიოსი დაიბადა. პატარა ირმა გიგანი ახლა ცნობილი პიანისტია.
- მოძღვარი გყავთ?
- კი. ავადმყოფობის დროს, ჩემმა გოგონამ მამა მიქაელი მომიყვანა და მე და გიგა ვეზიარეთ. საოცარი შეგრძნება იყო, თითქოს რაღაცისგან გავთავისუფლდი და სიმძიმე მოვიშორე.
- თქვენ და ბატონ გიგას ჯვარი დაწერილი გაქვთ?
- ჯვარდაწერილები არ ვართ. ისე, ძალიან გვინდოდა, რომ ჩვენთვის ჯვარი უწმინდესსა და უნეტარესს ილია II დაეწერა, მაგრამ, როგორც გავიგეთ, პატრიარქი ამას არ აკეთებს. ამიტომაც ჩვენს მამაოსთან შეთანხმებულები ვართ, რომ ჯვარი მან უნდა დაგვწეროს. უკვე 52 წელია, რაც ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ და ძალიან გვინდა, ჯვარი დაწერილი გვქონდეს. შვილები მეუბნებიან ხოლმე, დედა, ჩვენ კანონიერი შვილები არ ვიქნებით, სანამ ჯვარს არ დაიწერთო. ვნახოთ, რა იქნება და როდის მოვახერხებთ ამას. ჯერ კიდევ ვერ გამოვკეთდი ისე, როგორც საჭიროა. საშინელი ავადმყოფობა გადავიტანე და ყველას ვაფრთხილებ, რომ არ გაცივდნენ. მენინგიტის დროს ყველაფერი გეთიშება და ისეთივე ხდები, როგორც ახალშობილი ბავშვი. მეც ასე ნელ-ნელა შევძელი გარეთ გასვლა, სეირნობა და სტუმრად სიარული. როგორ ფიქრობთ, ჩემისთანა ადამიანი, რომელმაც ამხელა განსაცდელი გამოიარა, სანთელს არ აანთებს? მე ბიძინა ივანიშვილს ყოველ შაბათ-კვირას სანთელს ვუნთებ და ლოცვებში მოვიხსენიებ. მისი წყალობით დავდექი ფეხზე და გადავრჩი. წარმოიდგინეთ, რა გრძნობა მაქვს, როდესაც ვიცი, რომ ვიღაცამ სიცოცხლე მაჩუქა.
- ქალბატონო ქეთევან, ახსენეთ, რომ მოძღვარი გყავთ და ეზიარეთ კიდეც, აღსარება ჩაბარებული გაქვთ?
- არა. მაგრამ როდესმე ჩავაბარებ და არ გამიჭირდება. საერთოდ, მე უცოდველი ადამიანი არ მეგულება. ყველას აქვს ცოდვები ადამიანების მიმართ, გათვალისწინებული თუ გაუთვალისწინებელი. ხანდახან ადამიანი ცოდვას ისე სჩადის, რომ არ იცის და მერე, უკან რომ მოიხედავს, მიხვდება, რომ არასწორად მოიქცა. ასე რომ, ყველა ადამიანი ცოდვიანია და მთლიანად სამყაროა ცოდვიანი. აღსარების ჩაბარება ყველასთვის საჭიროა. მე ვემზადები აღსარების სათქმელად. სულის გასათავისუფლებლად აღსარების ჩაბარება აუცილებელია. ხშირად ხდება, რომ რაღაც გვტანჯავს, მაგრამ მღვდელს რომ ვეტყვით, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ეს სულაც არ ყოფილა ცოდვა.
- თქვენ მიერ გამოცემულ ლექსების ბოლო კრებულში საკმაოდ ბევრი რელიგიური ხასიათის ლექსია?
- დიახ, ამ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი რელიგიური ხასიათის ლექსი შევქმენი. მინდა ეს ლექსები ცალკე წიგნად გამოვცე და ჩვენს პატრიარქს მივუძღვნა. ჩემი ლექსებიდან რამდენიმე არის გამორჩეული, რომელიც რელიგიას ეხება. მათ შორის არის "მხოლოდ ერთი" - "პირჯვარს რომ ვიწერ, ვფიქრობ, ხომ არ დავღალე ღმერთი, ჩვენ ხომ ბევრნი ვართ ქვეყნად, ის არის მხოლოდ ერთი". "ტაძარი" - "ღმერთს რომ მივმართავ, თითქოს ესმის ჩემი ღაღადი, სანთელს რომ ვანთებ, იქვე მათრობს მისი სურნელი, ამ ტაძრის კედლებს, შეუნახავს მკრთალი ფერები, მრავალი ლოცვით და კურთხევით არის ურყევი". ასევე "ციური ძალები" - "მე ჩემი სულის კელაპტარი სანთლად ავინთე და მას სათუთად გულის ფარდა ჩამოვაფარე. წარსულზე ფიქრი არ მასვენებს, მაფორიაქებს, სანთელს მივანდე ციურ ძალის სულის სიწმინდე...".
- სასწაულების თუ გჯერათ და თუ გიხილავთ თქვენი თვალით?
- მჯერა და ხშირად ხდება. მაგალითად, ადამიანი რომ გაცოცხლდება, ამაზე დიდი სასწაული რაღა გინდათ. ჩემს შემთხვევაშიც ხომ ზუსტად ასე მოხდა. როდესაც თურქეთში მივყავდი სამკურნალოდ, ექიმებს უთქვამთ, ტყუილად რას აწვალებენო. მე ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ მახსოვს, რადგან გათიშული ვიყავი. თუმცა, ინტელექტუალური მხარე კიდევ კარგი რომ ჩათრეული არ იყო და აბსოლუტურად საღი გონება მქონდა. მას მერე ბევრი ლექსი დავწერე და დღიურების წერაც დავიწყე. რაღაცები წარსულს გაგონებს, ამიტომაც არსებობს დღიურები და მოგონებები უნდა წერო. ლექსებს მანამდეც ვწერდი, მაგრამ ავადმყოფობის მერე უფრო მეტი დავწერე. პირველი წიგნი რომ გამოვეცი, ერთმა ადამიანმა მითხრა, ცოტა რითმები არ მომწონს, მაგრამ აზრი დიდიაო. მე ის აზრი მირჩევნია, ვიდრე რითმები. ასე დიდ მწერლებსაც კი აქვთ ზოგიერთი ურითმო ლექსი. ცუდად ყოფნის მერე, კარგა ხანი ვერ ვკითხულობდი, ახლა უკვე კითხვაც შემიძლია და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
- წმინდა მიწაზე, იერუსალიმში ნამყოფი ხართ?
- კი, ხუთჯერ ვარ ნამყოფი. პირველად რომ ვიყავი, თითქმის ვერაფერი ვნახე. ხომ იცით, იქაურ ქართველებს უნდათ, რომ პატივი გცენ და ერთი რესტორნიდან მეორეში გეპატიჟებიან. მეორე და მესამე ჩასვლაზე კი ძირფესვიანად დავათვალიერე ყველაფერი. მეორედ მე, რეზო ჩხეიძე და მისი მეუღლე ვიყავით. გიგაც უნდა წამოსულიყო, მაგრამ ვერ მოახერხა. იქ გიდი გვყავდა აყვანილი და მან სულ მოგვატარა მთელი იერუსალიმი. სხვათა შორის, მაშინ ისრაელში კინოფესტივალი ჩატარდა და იქიდან გრან-პრი ჩამოვიტანეთ. ყველა მნიშვნელოვანი ადგილი ვნახეთ და ძალიან მომეწონა. ყველაზე დიდი ემოციები მაინც იმ ტაძრის ნახვისას მქონდა, სადაც ქრისტე ჯვრიდან ჩამოხსნეს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს იმ წუთას ხდებოდა ეს ამბავი და მეც მისი მონაწილე ვიყავი. ნეტავ, ყველა ადამიანს ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ჩავიდეს იერსუალიმში და ეს ყველაფერი ნახოს.
თეონა კენჭიაშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"დეპრესიის დროს ადამიანი ღირსებას კარგავს"
დღეს თამარობაა
ხსენება წმინდისა ახალმოწამისა გრიგოლ მეხუთისა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისა
კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება












დღეს ამაღლებაა
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება 

დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ცხოვრება წმინდისა მამისა ათანასე დიდისა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ნიკოლოზობას აღნიშნავს
მეუფე იაკობმა უდაბნოს მონასტრის ნიშთან შეკრებილ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა
უდაბნოს მონასტრის ნიშთან პარაკლისი სრულდება
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა
აზერბაიჯანელები გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აღარ ჩანან
მეუფე იაკობი - სასულიერო პირების მიმართ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კორექტულები არიან
პატრიარქის პატარა სტიქაროსანს ორივე ფეხზე პროთეზი უკეთია 






















































































