| ქალი და მამაკაცი |

პირველმოწამე მთავარდიაკონი სტეფანე
სადღესასწაულო სახარებას განმარტავს პროტოდიაკონი, მამა მირიანი (სხირტლაძე)
მათეს სახარება. 21 თავი, 33–42 მუხლები
წმინდანი, რომლის შესახებაც დღეს მოგითხრობთ, ყოველი ქრისტიანისთვის ცნობილია და, ამასთან ერთად, დიაკონთა სიამაყეა. დიაკონი – ეს არის საეკლესიო იერარქიის პირველი საფეხური. შეუძლებელია, რომელიმე საეკლესიო პირმა ეს საფეხური არ გაიაროს, ამიტომ დიაკონის მდგომარეობა ყველა საეკლესიო მოღვაწისთვის ნაცნობია. დიაკონი რომ ეკლესიის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურაა, ამას ლუკა მახარებელზე კარგად ვერავინ გადმოგვცემს, როცა ის ბრძანებს თავის წიგნში მოციქულთა საქმეში: "ვერ შეუძლებდეს წინა დადგომად სიბრძნითა მით და სულითა წმიდითა" (საქ. 6,10).
ლუკა მახარებელი ამას ამბობს დიაკონ სტეფანეზე, პირველმოწამეზე და მთავარ დიაკონზე, რომელიც მოდგმით იყო იუდეველი, ცნობილი რჯულის მოძღვრის გამალიელის მოწაფე, შვიდი დიაკონიდან პირველი, რომლებიც ქრისტეს მოციქულებმა ამოირჩიეს იერუსალიმში და ხელი დაასხეს ეკლესიებში სამსახურებლად: "და გამოირჩიეს სტეფანე, კაცი სავსე სარწმუნოებითა და სულითა წმინდითა, და ფილიპე და პროხორონ და ნიკანორა და ტიმონა და პარმენა და ნიკოლაოს..." (საქ. 6,5). რა თქმა უნდა, ციტირება მოვახდინეთ საღვთო წერილიდან, კერძოდ, მოციქულთა საქმიდან და ვცდილობთ, მოგითხროთ მხოლოდ პირველმოწამე პროტოდიაკონ სტეფანეზე, რომლის ხსენებასაც ეკლესია აღნიშნავს ახ. სტილით 9 იანვარს.
იმ დროს, როცა წმინდა სტეფანე მოღვაწეობდა, საკმაოდ მწვავე კამათი იმართებოდა ქრისტიანებსა და იუდეველ, სადუკეველ, ფარისეველ თუ ბრძენ წარმართებს შორის. მათი ნაწილი ამტკიცებდა, თითქოსდა იესო ნაზარეველი ერთ–ერთი წინასწარმეტყველთაგანი იყო, ნაწილს კი იესო ჯადოქრად მიაჩნდა და სწამდათ, თითქოს ყველა სასწაულს ჯადოქრული მეთოდებით ჩადიოდა. ნაწილი ამტკიცებდა, თითქოს ღმერთის საყვარელი შვილი იყო და არავითარ შემთხვევაში თვით ღმერთი.
წმინდა სტეფანეს ნებისმიერ მათგანთან შეეძლო პაექრობა და ქრისტიანთა საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ყოველთვის არწმუნებდა მოწინააღმდეგეებს იმაში, რომ იესო ქრისტე არც წინასწარმეტყველი იყო, არც ჯადოქარი, არც ღვთის ძე მხოლოდ, არამედ ის იყო განხორციელებული ღმერთი, ყოვლადწმინდა სამების მეორე იპოსტასი, მესია, რომელიც არის სამყაროს მხსნელი, რათა საუკუნოდ არ წარწყმედილიყო კაცობრიობა.
ლუკა მახარებელი მოციქულთა საქმეში მოგვითხრობს: "ვერ შეუძლებდეს წინა დადგომად სიბრძნითა მით და სულითა წმიდითა, რომლითა იტყოდა იგი" (საქ. 6,10). იმ მიზეზით, რომ წმინდანთან პაექრობაში თვით მწიგნობრებიც და რჯულის მოძღვრებიც კი ვერაფერს გახდნენ, გადაწყვიტეს, სინაგოგაში მიეყვანათ იმ მოტივით, თითქოს მოსეს რჯულზე ამბობდა უარს და იესო ნაზარეველს ღმერთად, მესიად აცხადებდა. სინაგოგაში კი იუდეველები სინდისს არ შეუწუხებია, ცრუ მოწმეები მოეყვანათ და ეთქვათ ყველა ის ტყუილი, რაც წმინდა სტეფანეს არა მარტო არ უთქვამს, აზრადაც არ მოსვლია.
წმინდანის წინააღმდეგ ეშმაკის მანქანა ამუშავდა, რომელსაც ვეღარაფერი შეაჩერებდა, ეს კი ბრწყინვალედ ესმოდა წმინდანს და იმდენად მშვიდად იყო, გეგონებოდათ, ყველა ის ბრალდება, რომლებსაც მას უყენებდნენ, მისი მისამართით კი არ იყო, არამედ ვიღაც სხვისთვის. იუდეველთა გასაოცრად წმინდანის სახე ბრწყინავდა, ვითარცა ანგელოზი. "მიჰხედეს მას ყოველთა, რომელნი სხდეს კრებულსა შინა, და იხილეს პირი მისი ვითარცა პირი ანგელოზისაი" (საქ. 6,15).
ამ სიმშვიდის და მოთმინების გამო გადაწყვიტეს წმინდა სტეფანეს ქვებით ჩაქოლვა სახალხოდ, იერუსალიმის ქუჩებში. როცა ქვებით ქოლავდნენ, წმინდანი ისევ მთაზე ლოცულობდა, მტრების თავს ავედრებდა უფალ ღმერთს: "დაიდგინა მუხლნი და ხმითა დიდითა თქუა: უფალო, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას და ესე ვითარცა თქუა, დაიძინა" (საქ. 7,60). ასე, ღვთის დიდებაში მიაბარა წმინდა სტეფანემ თავისი უკვდავი სული უფალს და სხვა წმინდანთა მსგავსად სუფევს საუკუნო ნეტარებაში.
ღვთისმოსავმა ქრისტიანებმა იზრუნეს წმინდანის ცხედარზე და არავის დაუტოვეს ეშმაკის გასახარად. გააკეთეს ხის ლუსკუმა, ჩაასვენეს წმინდა სტეფანეს ნაწამები სხეული და პატივით მიაბარეს ნეშტი მიწას იქვე, იერუსალიმში. ამ შემთხვევის შემდეგ ირწმუნეს ქრისტიანობა გამალიელმა წმინდა სტეფანეს აღმზრდელმა და მისმა შვილმა აველვულმა. იესო ქრისტეს სახელით მოინათლნენ და ქრისტიანებად აღესრულნენ. წმინდა სტეფანეს წამების ამბავი სამაგალითო იყო ქრისტიანებისთვის, როგორც მხნეობის, ვაჟკაცობის, თავდადების მაგალითი.
ამ უსამართლო გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა არა მარტო იერუსალიმში, არამედ მთელ შუამდინარეთში. ქრისტიანები ბაძავდნენ წმინდა სტეფანეს, მრავლდებოდა ქრისტიანთა რიცხვი. ებრაელი ხალხის უმრავლესობა ბერძნულ ენაზე ლაპარაკობდა და ამან ხელი შეუწყო წარმართების მოქცევას ქრისტიანობაზე. საერთო ენის ცოდნამ ასევე ხელი შეუწყო, წმინდა სტეფანეს ამბავი გაეგოთ როგორც ანტიოქიაში, ასევე კვიპროსზე, კვირინეაში და ყველგან, სადაც კი იმ დროს ბერძნულად ლაპარაკობდნენ. "იყვნეს ვინმე მათგანნი, კაცნი კვიპრელნი და კვირინელნი, რომელნი შევიდეს ანტიოქიად და იტყოდეს ბერძლ მეტყუელთა მათ მიმართ და ახარებდეს უფალსა იესოს" (საქ. 11,20).
ეს იყო და არის ცხოვრება წმინდისა პირველმოწამისა და მთავარდიაკონისა სტეფანესი, რომელმაც დასაბამი დაუდო უცხო ხალხების, იერუსალიმის გარეთ მცხოვრები წარმართების გაქრისტიანებას. წმინდანის ქვებით ჩაქოლვა და უსამართლოდ მოკვდინება გახდა მიზეზი, დანარჩენ ქრისტიანებს მხნეობა და გამბედაობა შემატებოდათ განსაცდელის ჟამს არა მარტო მაშინ, არამედ დღესაც. რა თქმა უნდა, ყველასთვის საამაყოა წმინდა სტეფანეს გონიერებაც და გამბედაობაც, ხოლო ორმაგად საამაყოა იმათთვის, ვინც ეკლესიაში წმინდა სტეფანეს ხარისხს, დიაკვნობას ატარებს და დედაეკლესიას ემსახურება.
33. "სხუაი იგავი ისმინეთ: კაცი ვინმე იყო სახლისა უფალი, რომელმან დაასხა ვენახი და ზღუდე გარე–მოსდვა მას და ქმნა მას შინა საწნეხელი და აღაშენა გოდოლი და მისცა იგი მოქმედთა საქმედ და წარვიდა".
მოისმინეთ კიდევ სხვა იგავი: კაცმა, რომელიც მიწის მფლობელი იყო, გადაწყვიტა, საკუთარ მიწის ნაკვეთზე ვენახი გაეშენებინა და შემოღობა, რათა შიგნითვე ჰქონოდა საწნახელიც, კოშკიც აღმართა ყურძნის სადარაჯოდ და მიაქირავა მშრომელ ხალხს, ვინც ამ ყველაფერს დაამუშავებდა, თვითონ კი სხვა საქმეების მოსაგვარებლად წავიდა.
34. "და რაჟამს მოიწია ჟამი ნაყოფთაი, მიავლინნა მონანი მისნი მოქმედთა მათ მოღებად ნაყოფისა მისისა".
როცა მოსავლის აღების დრო მოახლოვდა, მიწის მეპატრონემ მსახურები გაგზავნა, რათა, როგორც შეთანხმებულები იყვნენ, თავისი წილი წამოეღო.
35. "და შეიპყრნეს მოქმედთა მათ მონანი იგი მისნი, რომელთამე სცეს, რომელნიმე მოწყვიდნეს და რომელთამე ქვაი დაჰკრიბეს".
მუშებმა კი შეიპყრეს მიწის მეპატრონის მსახურები, ზოგი სცემეს და ისე გამოყარეს უკან, ზოგი იქვე, ვენახშივე ამოხოცეს, ზოგს კი ქვებით ჩაქოლვა არგუნეს.
36. "კუალად წარავლინნა სხუანი მონანი, უმრავლესნი პირველთასა, და მათცა ეგრეთვე უყვეს".
მიწის პატრონმა კიდევ გაგზავნა მსახურები, უფრო მეტნი, ვიდრე პირველად ჰყავდა გაგზავნილი, მაგრამ მათაც ისევე მოექცნენ, როგორც პირველ შემთხვევაში.
37. "ხოლო უკუანაისკნელ მიუვლინა მათ ძე თვისი და თქუა: შეხოლო თუ–იკდიმონ ძისაგან ჩემისა".
ბოლოს მიწის პატრონმა საკუთარი ძე გააგზავნა იმ იმედით, იქნებ პატივით მოეპყრონ ჩემს ძესო.
38. "ხოლო ქუეყანის მოქმედთა მათ ვითარცა იხილეს ძე იგი მისი, თქუეს გულსა მათსა: ესე არს მკვიდრი, მოვედით და მოვკლათ იგი და დავიპყრათ სამკვიდრებელი მისი".
მიწის მოქმედებმა კი, რაჟამს იხილეს მიწის პატრონის ძე, ბოროტება ჩაიდეს გულში. ერთმანეთში ამბობდნენ, ეს არის მიწის პატრონის მემკვიდრე და თუ ამას მოვკლავთ, მიწაც და ვენახიც ჩვენი საკუთრება გახდებაო.
39. "და შეიპყრეს იგი და განიყვანეს გარეშე ვენახისა მის და მოკლეს".
მართლაც შეიპყრეს, გაიყვანეს ვენახის გარეთ და მოკლეს.
40. "რაჟამს უკუე მოვიდეს უფალი სავენახისაი მის, რაი–მე უყოს ქუეყანის მოქმედთა მათ?"
ახლა ისმის კითხვა, როცა მიწის და ვენახის პატრონი მივა, რას უზამს მიწათმოქმედებს, ვისზეც ვენახი ჰქონდა მიბარებული?
41. "ჰრქუეს მას: ბოროტნი იგი ბოროტად წარწყმიდნეს და ვენახი იგი მისცეს სხუათა ქუეყანის მოქმედთა, რომელთა მოსცენ მას ნაყოფი ჟამსა თვისსა".
მაშინ უთხრეს მას: ბოროტებს და მკვლელებს გაუსწორდება სამართლიანად, ისე, როგორც ამას იმსახურებენ, ხოლო ვენახს რაც შეეხება, ისეთ მიწათმოქმედებს მისცემს, რომლებიც ღირსეულად და დროულად მოიწევენ ნაყოფს.
42. "ჰრქუა მათ იესო: არასადა აღმოგიკითხავსა წიგნთა შინა: ლოდი, რომელ შეურაცხ–ყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა; უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა".
მაშინ კი მიუგო მათ იესომ: საღვთო წერილში ნუთუ არსად წაგიკითხავთ? ლოდი, რომელიც მშენებლებმა დაიწუნეს, სწორედ ის შეიქმნა ბოლოს შენობის გვირგვინი. უფალმა ისურვა, ასე ყოფილიყო და მართლაც გახდა ყველა ჩვენგანისთვის თვალისმომჭრელი და თვალწარმტაცი.
ვენახის პატრონის იგავი შემთხვევით არ არის მოყვანილი წმინდა სტეფანეს ხსენების დღეს. თუ თვალს გადავავლებთ საღვთო წერილს ძველი აღთქმიდან დღემდე, ნათლად დავინახავთ ღვთისმსახურთა უსამართლო დევნა–შევიწროებას წმინდა სტეფანეს მსგავსად. იგავში ვენახი არის ებრაელი ხალხი, მათი მოდგმა, ვენახის პატრონი არის სამყაროს შემოქმედი ღმერთი, მისი მსახურნი კი არიან წინასწარმეტყველები, მოციქულები და ზოგადად ღვთისმსახურები, ვენახის პატრონის ძე კი არის განხორციელებული, ხორცშესხმული ღმერთი იესო ქრისტე.
ებრაელი ხალხი სასტიკად უსწორდებოდა საკუთარ წინასწარმეტყველებს. იერემია სასტიკად სცემეს არაფრის გამო, ესაიაც მოკლეს, ზაქარია ქვებით ჩაქოლეს სტეფანეს მსგავსად. ახლა რამდენიმე სიტყვით თვით ძეზე, იესო ნაზარეველზე, რომელიც მხოლოდ იმას ფიქრობდა, თუ რა იყო უკეთესი ხალხისთვის, მაგრამ ებრაელმა ხალხმა იმდენი ქნა, ვიდრე არ მოკლეს და ჯვარს არ აცვეს, ვითარცა ავაზაკი. განა იოსებიც ასევე არ გაიმეტეს საკუთარმა დედმამიშვილებმა? რამდენი შემთხვევა გვეყოფა იმის გასაგებად, თუ ვის უნდა ჩვენთვის ცუდი და ვის კარგი?
იესო ქრისტე ვინ არის, თუ არა ის ლოდი, რომელიც ხელოსნებმა დაიწუნეს, არადა მოსაწონი იყო ღვთისთვის. ბაგაში დაიბადა, მეფე დევნიდა, საკუთარი ხალხი არ აღიარებდა, მაგრამ ვინ შეაერთა ძველი რჯული ახალთან და ვინ სრულყო ახალი აღთქმა, ვინ დაუბრუნა წარმართებს იმედი ცხონების? ეს იყო, არის და მარადჟამ იქნება იესო ქრისტე, მსოფლიო ხალხებისთვის მისაღები და მიუღებელი საკუთარი ხალხისთვის.
აი, რატომ არ უნდა გვეშინოდეს ქრისტიანებს ცილისწამების, შევიწროების, უსამართლობის, დაცინვის... ამ ყველაფრით მხოლოდ ვიზრდებით და ვმტკიცდებით, აბა სხვაგვარად როგორ შეძლო წმინდა სტეფანემ მტრებზე ლოცვა, როგორ შეძლო სიკვდილის წინაც კი სიმშვიდის შენარჩუნება. რჯულის მოძღვრებისგან და ფარისევლებისგან დაწუნებული ღვთისთვის შეიქნა მოსაწონი და სუფევს საუკუნო ნეტარებაში, ღვთის საუფლოში იქ, სადაც მართალნი განისვენებენ და რაზეც ყველა ქრისტიანი ოცნებობს.
სიმტკიცე და შეურყევლობა ჩვენი სარწმუნოების, აღმსარებლობის განუყოფელი ნაწილია. წმინდანი წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მოწამენი, აღმსარებელნი და ყოველნი წმინდანნი ყოფილიყვნენ შემწენი ჩვენ ყოველთა. ამინ. ქრისტე იშვა ბეთლემს და გაგვათავისუფლა ჩვენ ყოველნი.
სიყვარულით, პროტოდიაკონი მირიანი. ამინ.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"დეპრესიის დროს ადამიანი ღირსებას კარგავს"
დღეს თამარობაა
ხსენება წმინდისა ახალმოწამისა გრიგოლ მეხუთისა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისა
კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება












დღეს ამაღლებაა
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება 

დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ცხოვრება წმინდისა მამისა ათანასე დიდისა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ნიკოლოზობას აღნიშნავს
მეუფე იაკობმა უდაბნოს მონასტრის ნიშთან შეკრებილ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა
უდაბნოს მონასტრის ნიშთან პარაკლისი სრულდება
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა
აზერბაიჯანელები გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აღარ ჩანან
მეუფე იაკობი - სასულიერო პირების მიმართ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კორექტულები არიან
პატრიარქის პატარა სტიქაროსანს ორივე ფეხზე პროთეზი უკეთია 






















































































