asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

იქ, სადაც სიყვარულია, ქრისტე არის გადამწყვეტი და არა ეროვნება ან რომელიმე აღმსარებლობა
სადღესასწაულო სახარების განმარტება
იქ, სადაც სიყვარულია, ქრისტე არის გადამწყვეტი და არა ეროვნება ან რომელიმე აღმსარებლობა

2012-01-17 16:19:00



წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი
სადღესასწაულო სახარებას განმარტავს პროტოდიაკონი, მამა მირიანი (სხირტლაძე)
სახარება იოანესი, 10 თავი. 9–16 მუხლები
ახალი სტილით 25 დეკემბერი არის ხსენება წმინდა მღვდელმთავრისა სპირიდონ ტრიმიფუნტელისა. წმინდანი, ღვთისმეტყველების, დიდგვაროვნებისა და უბრალო მოქალაქეებისთვისაც ერთნაირად საყვარელი, მორწმუნეთა სიქადული (როგორც უწოდა მას ეკლესიამ) მეოთხე საუკუნეში იმპერატორ კონსტანტინე დიდისა (306–337) და მისი შვილის კონსტანტიოსის (337–361) დროს მოღვაწეობდა. წარმოშობით პატარა, მაგრამ საკმაოდ საინტერესო ისტორიის მქონე კუნძულ კვიპროსიდან იყო.
მსოფლიო საქრისტიანოში ალბათ ძნელად მოიძებნება ვინმე, წაკითხული თუ არა, გაგონილი მაინც რომ არ ჰქონდეს წმინდა სპირიდონის შესახებ. აჯობებს, თანმიმდევრობით მივყვეთ წმინდა მამის მიერ განვლილ სულიერ საფეხურებს. ვინც წმინდა მამის ცხოვრებას გაეცნობა, არა მარტო შეეცდება, მანკიერი ვნებები მოიკვეთოს და გამოსწორდეს, არამედ აუცილებლად მოინდომებს, წარემატოს თავმდაბლობით წინაშე ღვთისა და შეუდგეს ვიწრო და ეკლიან, მაგრამ მაინც ტკბილ და საყვარელ გზას ქრისტიანობისას.
საერთოდ რომ არაფერი ვთქვათ წმინდა მამის ცხოვრების შესახებ, სამაგალითოდ მარტო მისი ნიკეაში 325 წელს პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაზე მონაწილეობა და მის მიერ ყოვლადწმინდა სამების პრაქტიკული დადასტურებაც საკმარისი იქნება. დავიწყოთ წმინდა მამის ცხოვრებისეული პირველი ნაბიჯებიდან, როცა ის ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო და ჰყავდა ცხვრის ფარა, რითაც არა მარტო თავს ირჩენდა, არამედ უამრავ გაჭირვებულს და ქვრივ–ობოლს ეხმარებოდა. ცდილობდა, წმინდა დავით (მეფსალმუნე) წინასწარმეტყველივით მშვიდი და უწყინარი ყოფილიყო, იაკობ მამამთავარივით უბრალო და აბრამივით სტუმართმოყვარე, რაც ბრწყინვალედ გამოსდიოდა კიდეც. იზრდებოდა და მტკიცდებოდა საღვთო რჯულშიც და ცოლიც ისეთი შეარჩია, ღვთისთვისაც და ქმარ–შვილისთვისაც სათნო რომ იქნებოდა.
სამწუხაროდ, წმინდა მამას ცოლი მალე გარდაეცვალა, რომლისგანაც უცნობია, თუ რამდენი, მაგრამ დარჩა შვილები. ისინი ღვთისმოსაობით აღზარდა და ძალიან მალე ცოლის გარდაცვალებიდან არა მარტო ცხვრის ფარის მწყემსვით და შვილების აღზრდით, არამედ ავადმყოფების განკურნებითაც გაითქვა სახელი. უბრალოებისა და თავმდაბლობისთვის კი ღმერთმა მიჰმადლა არა მარტო ცხვრის, არამედ ადამიანთა მწყემსვის ნიჭიც. უსინათლოებს თვალის ჩინი უბრუნდებოდათ, ეშმაკეულები თავისუფლდებოდნენ დემონთა შეპყრობისგან.
წმინდა მამის ცხოვრება საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა კონსტანტინე დიდის დროს, როცა უკვე წმინდა სპირიდონი ტრიმიფუნტელი ეპისკოპოსი იყო და მის სახელს უკავშირდებოდა უამრავი სასწაული, რომლებიც დაწვრილებით აქვს აღწერილი სიმეონ ახალ ღვთისმეტყველს. რაც შეეხება ახალ სასწაულებს, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ აღესრულება, ქვემოთ მოგახსენებთ.
გადაჭარბებული სულაც არ არის, როცა წმინდა მამას ელია წინასწარმეტყველს ადარებენ, რადგან ის, რასაც ღმერთი ელიას ხელით აკეთებდა, წმინდა სპირიდონის ხელითაც არაერთხელ მოუმოქმედებია. ერთხელ, როცა ზეცამ პირი შეიკრა და კუნძულ კვიპროსზე წვეთი წვიმა არ ჩამოვარდნილა თვეების განმავლობაში, რეალურად იდგა იმის საფრთხე, რომ კუნძული გვალვის გამო გაუკაცრიელდებოდა და მასზე სიცოცხლე შეწყდებოდა. ხალხს ბოლო იმედად საყვარელი ეპისკოპოსი მოევლინა, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო ეს უმძიმესი ტვირთი და შესთხოვა ყოვლადმოწყალე, სამყაროს შემოქმედ ღმერთს, შეესმინა მისი თხოვნა და მიეცა წვიმა კუნძულის მცხოვრებთათვის, რათა ღვთის არსებობაში დარწმუნებულიყვნენ. მართლის ლოცვა ისმინა უფალმა და ისეთი წვიმა მოუვლინა, რომ რამდენიმე წლის სარჩო–საბადებელი მოუვიდა ხალხს.
ამის შემდეგ იყო ის განსაცვიფრებელი შემთხვევა ნიკეაში მსოფლიო საეკლესიო კრებაზე, როცა ვერაფრით შეძლეს არიოზის დარწმუნება იმაში, რომ იესო ქრისტეც ისეთივე ღმერთია, როგორიც მამა ღმერთი ან სულიწმინდა ღმერთი. სამივეს აქვს თავთავისი იპოსტასი, თუმცა არსით სამივე ერთი და იგივეა, არსით ერთმანეთისაგან არ განსხვავდებიან. არიოზიც და მისი მომხრეებიც ითხოვდნენ ამის დამტკიცებას, რაც თითქმის შეუძლებელი ჩანდა, ვიდრე წმინდა სპირიდონმა არ ითხოვა სიტყვა კრების თავმჯდომარისგან.
წმინდა მამამ მოატანინა აგური, ილოცა ყოვლადმოწყალე ღვთის მისამართით და შემართა აგური ჰაერში. აგურიდან ცეცხლი ავარდა, ხელიდან წყალი გადმოღვარა, ხოლო ხელში შერჩა თიხა, რომლითაც აგური იყო დამზადებული. ცალ–ცალკე შეგვიძლია ვისაუბროთ სამივე იპოსტასზე, მაგრამ როცა საკითხი ეხება ღვთაებრიობას, იმას, თუ ვინ არის სამყაროს შემოქმედი, მაშინ ყველაფერი გარკვეულია. ცალკე შეგვიძლია განვიხილოთ წყალიც, ცეცხლიც, მიწაც, მაგრამ როცა ვსაუბრობთ აგურზე, როგორც სამშენებლო მასალაზე, ნუ დაგვავიწყდება ყოველივე ის, რისგანაც ის მზადდება. ღმერთი რომ წარმოვიდგინოთ ერთი მთლიანობა, აუცილებელია ძის და წმინდა სულის ერთობა მამასთან ერთად. ამ შემთხვევის შემდგომ კრება დიდხანს აღარ გაგრძელებულა, რადგან ვისაც ოდნავ მაინც ეპარებოდა ეჭვი, დარწმუნდა იესო ქრისტეს და წმინდა სულის ღმერთობაში მამასთან ერთად.
კრებიდან დაბრუნებულ წმინდა მამას სამწუხარო ამბავი დაახვედრეს – გარდაცვლილიყო მისი ერთ–ერთი ქალიშვილი ირინე, რომელიც არ იცნობდა მამაკაცს, თავისი ქალწულება შემოქმედ უფალს მიუძღვნა. განსაცვიფრებელი იყო მამა–შვილის საუბარი, საფლავთან მდგომი წმინდა მამა როგორ ეკითხებოდა საფლავში მყოფ ქალიშვილს, ის კი იქიდან პასუხობდა მამის კითხვებს.
კონსტანტინე დიდის გარდაცვალების შემდეგ იმპერიის მართვა შვილებმა ითავეს, აღმოსავლეთის გამგებლობა წილად ხვდა კონსტანტიოსს, რომელიც ერთხელ ანტიოქიაში იმყოფებოდა და ისე ცუდად შეიქნა, რომ ვერც ერთმა ექიმმა ვერაფერი გაუგო. თუ ასე გაგრძელდებოდა, მეფე განწირული იყო გარდაცვალებისთვის. ღამე მას გამოეცხადა უფლის ანგელოზი, უჩვენა ორი ეპისკოპოსი და უთხრა, ამ ეპისკოპოსებს შეუძლიათ შენი განკურნება, სხვაგვარად განწირული ხარო და გაუჩინარდა ანგელოზი. მეფემ ბევრი იფიქრა, მაგრამ ვერც ერთი ეპისკოპოსი ვერ ამოიცნო და დაღონდა. მაშინ გადაწყვიტა, მოეწვია აღმოსავლეთის ეკლესიების კრება, ვინძლო აღედგინა სიზმრად ნანახი ეპისკოპოსების სახეები.
მეფეს მხედველობიდან გამორჩა კვიპროსელი მღვდელმთავრების მოწვევა, მაგრამ მოგვიანებით გამოასწორა ეს შეცდომა. კვიპროსის ეკლესიას წარმოადგენდნენ წმინდა მამა სპირიდონ ტრიმიფუნტელი და მისი მეგობარი, ოღონდ არა მღვდელმთავარი, მასავით უბრალო და თავმდაბალი მღვდელი ტრიფილიოსი, რომელსაც მანამდე სამეფო სასახლე არც კი ენახა. სასახლესთან მისულ სპირიდონს და ტრიფილიოსს მცველებმა ისე შეხედეს, როგორც მათხოვრებს და მაშინვე უბრძანეს, გასცლოდნენ სასახლის შესასვლელს, რადგან მეფეს საგანგებო სტუმრების მიღება ჰქონდა დანიშნული. მაშინ აუხსნა წმინდა სპირიდონმა, თუ ვინ იყვნენ და მცველებმა შენდობა ითხოვეს, მუხლებში ჩაუვარდნენ და ემუდარებოდნენ, მეფისთვის არ ეცნობებინათ მომხდარის შესახებ. ასე შეუერთდნენ წმინდა სპირიდონი და ტრიფილიოსი კრების მონაწილეებს.
ტრიფილიოსი გაოცებული შეჰყურებდა და შეჰნატროდა მეფის შესამოსელს. გულისხმაჰყო სპირიდონმა ძმის ზრახვები და მიუგო: "რატომ გიკვირს, ძმაო და შენატრი მეფის პატივს? ნუთუ არ იცი, რომ ეგეც ჩვეულებრივი მოკვდავივით განიკითხება ღვთისგან, მაგასაც ისევე ჩაასვენებენ საფლავში, როგორც ნებისმიერ ჩვენგანს, ან ისევე არ წარდგება საშინელი სამსჯავროს წინაშე. რასაც ხედავ, ყველაფერი ამაოა და გული ნურაფერზე შეგვარდება, გარდა სიწმინდისა და სულიერი სისპეტაკისა".
ამ საუბარში იყვნენ, როცა მათ მიუახლოვდა მეფე, მდაბლად დახარა თავი და ლოცვა–კურთხევა ითხოვა მათგან, რომლებიც იხილა სიზმარში. სწორედ წმინდა სპირიდონი და ტრიფილიოსი აჩვენა უფლის ანგელოზმა და უთხრა, რომ ისინი განკურნავდნენ. წმინდა მამამ შეახო თავზე ხელი და მეფემ იგრძნო, თუ როგორ დატოვა ავადმყოფობამ წმინდა მამის ხელის შეხების შემდეგ. იმ დღეს ყველა ხარობდა მეფის სასახლეში, რადგან მეფე განიკურნა უკურნებელი სენისგან, ყველა წმინდა სპირიდონზე ლაპარაკობდა, მასზე მიუთითებდნენ. წმინდა მამამ არა მარტო მის სხეულზე, არამედ მეფის სულზეც იზრუნა და მიუგო მას: "მეფეო, გახსოვდეს ეს დღე, თუ როგორ შეგიბრალა ღმერთმა და გაგათავისუფლა ავადმყოფობისგან, რომელიც არ შეეძლო არც ერთ ექიმს. შენც ასევე იყავი მოწყალე ღარიბ–ღატაკთა მიმართ, უფრო ლმობიერი მევალეების წინაშე".
მეფემ ყურადღებით მოუსმინა წმინდა მამის დარიგებას და ფიქრობდა, რით შეიძლებოდა ესიამოვნებინა. წმინდა მამამ არაფერი გამოართვა, რადგან მისთვის ოქრო და ძვირფასეულობა არარაობა იყო მხოლოდ და ხელისშემშლელი ღვთივსათნო ცხოვრებაში. მეფემ ამის შემდეგ ყველა ეკლესია გაათავისუფლა გადასახადისგან. ცდილობდა, წმინდანის შეგონება შეესრულებინა და ეხმარებოდა, მოწყალებას გასცემდა, ვინც კი ითხოვდა და საჭიროებდა შეწევნას.
კრებიდან დაბრუნებულ სპირიდონს გზად შემოხვდა წარმართი ქალბატონი, რომელმაც ბერძნული არ იცოდა, თუმცა აშკარა იყო, რომ შვილის განკურნებას ითხოვდა წმინდა მამისგან. წმინდანმა გადაწყვიტა ქალის დახმარება და უნდოდა, უფალი შეეწუხებინა, მაგრამ საინტერესოა ერთი შემთხვევა ამ ისტორიიდან – როცა წმინდა მამამ ჰკითხა თავის დიაკონს არტემიდოროსს, თუ როგორ მოქცეულიყო, მან ურჩია: "რადგან შენსას ისმენს უფალი, უნდა სთხოვო ამ ბავშვისთვისაც, რადგან მეფეს დაეხმარე და სთხოვე უფალს, ღარიბი და გაჭირვებული ბავშვი და მისი დედა რაღატომ უნდა გაუშვა უნუგეშოდ". მოიყარა წმინდა სპირიდონმა მუხლი და შესთხოვა ყრმის აღდგინება დავით მეფსალმუნის სიტყვების მსგავსად: "რომელმან დააშენის ბერწი სახლსა შინა, დედად შვილთა ზედა სახარულევანად" (ფს.112,9). ამ სასწაულის შესახებ წმინდა სპირიდონის სიცოცხლეში არავინ არაფერი იცოდა, წმინდა მამის გარდაცვალების შემდეგ არტემიდოროსმა გახადა საჯარო.
იყო შემთხვევა, როცა ალექსანდრიის პატრიარქმა სთხოვა არა მარტო სამღვდელოებას, არამედ მთელ მოსახლეობას, სათხოვარი აღევლინათ ღვთის წინაშე ყველა წარმართული კერპის განადგურების გამო, რომელიც კი ეპარქიის ტერიტორიაზე იყო. უფალმა შეისმინა მათი ვედრება და მართლაც განადგურდა ყველა სამსხვერპლო ერთის გარდა, რომელიც ბევრი თხოვნის და მუდარის მიუხედავად ვერაფრით მოსპეს. მაშინ გამოეცხადა უფლის ანგელოზი პატრიარქს სიზმარში და აუწყა, რომ კვიპროსიდან მოეწვიათ წმინდა მღვდელმთავარი სპირიდონი, რომელიც შეძლებდა მათ დახმარებას. მართლაც მოიწვია პატრიარქმა საგანგებოდ წმინდა მამა, რომელმაც თავდმაბლად მიიღო პატრიარქის მიწვევა და ჩავიდა ალექსანდრიაში. როგორც კი გემიდან ფეხი ჩამოდგა ალექსანდრიის მიწაზე, იმ წამსვე მტვრად იქცა კერპი, რომელსაც მანამდე ვერაფერს აკლებდა ქრისტიანთა თხოვნა–ვედრება. კიდევ ვინ მოსთვლის იმ სასწაულებს, რომლებიც წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელთან არის დაკავშირებული.
ამდენი საუკუნის შემდეგ დღესაც უხრწნელად ინახება წმინდა მამის სხეული საბერძნეთის კუნძულ კერკირაზე. კუნძულმა რას აღარ გაუძლო ამდენი საუკუნის მანძილზე და მხსნელად ისევ წმინდა სპირიდონი ჰყავს. სასწაულები მხოლოდ ძველ დროში არ ხდებოდა, დღესაც ათასობით მომლოცველი ჩადის ყოველდღე წმინდა ნაწილების მოსალოცად. კვიპროსში დღესაც აღესრულება სასწაულები იმ ტაძარში, რომელშიც ამდენი საუკუნის წინ მსახურობდა წმინდა სპირიდონი.
საინტერესოა ალბათ იმის აღნიშვნაც, თუ როგორ მოხვდა წმინდა მამის სხეული კვიპროსიდან კერკირაში. როცა ბიზანტიის იმპერია განადგურდა და ქალაქი კონსტანტინეპოლი დაეცა, საშიშროება შეიქმნა, რომ ურჯულოების ხელში აღმოჩნდებოდა ქრისტიანთა სიწმინდეები და მათ შორის წმინდა სპირიდონის უხრწნელი სხეული. პირველად 1456 წელს წმინდანის სხეული აღმოჩნდა ეგეოსის ზღვის კუნძულებიდან ერთ–ერთზე – პარამითიაზე, სადაც ინახებოდა 1489 წლამდე. ამის შემდეგ მღვდელმა, ვინმე გრიგოლი პოლიევქტოსმა გადაიტანა კერკირაში და შეხვდა მღვდელს, გიორგი კალოხერეტისს, რომელიც სხვა კუნძულიდან იყო გადმოსახლებული კერკირაზე და აქ მსახურობდა. სწორედ მას გადასცა მამა გრიგოლმა წმინდანის უხრწნელი სხეული და სთხოვა, მიეხედა მისთვის. ასე გადაეცათ მამა გიორგის შთამომავლებს წმინდანის უხრწნელი სხეული. მამა გიორგის შვილმა, ლუკა კალოხერეტისმა დაუტოვა თავის ქალიშვილს და ამ უკანასკნელმა კი გადასცა ეკლესიას, რომელიც შენახულია მისივე სახელწოდების ეკლესიაში კუნძულ კერკირაზე.
დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი იმ სასწაულებზე, რომლებიც წმინდა მამის სიცოცხლეში აღევლინებოდა და დღესაც გრძელდება. წმინდა მამა აღესრულა 348 წლის 12 დეკემბერს ახალი სტილით, 78 წლის ასაკში. დაკრძალული იქნა თავისივე ეპარქიის საეპისკოპოსო ტაძარში, სადაც ღვთის განგებით მისი წმინდა სხეული უხრწნელად დარჩა და დღემდე ასე ინახება კერკირაში ამდენი საუკუნის შემდეგ. რა თქმა უნდა, კერკირაში წმინდა სპირიდონის უხრწნელი სხეულის მოხვედრის შესახებ სხვა ვერსიებიც არსებობს, მაგრამ ისტორიკოსების დიდი ნაწილი სწორედ იმ წყაროს მიიჩნევს მართებულად, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ.
9. "მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხოვნდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს".
მე ვარ კარი: ვინც ამ კარით ისარგებლებს, ცხონდება; შევა კიდეც და გამოვა კიდეც და საძოვარსაც იპოვის. მაცხოვარი შემთხვევით არ უწოდებს საკუთარ თავს შესასვლელ კარს, ვინაიდან ისმის კითხვა, ვინმე სხვას შეუძლია ადამიანის ცხონება? ეს შეუძლებელია, რადგან წმინდანებიც რასაც აკეთებდნენ, იესო ქრისტეს სახელით აკეთებდნენ და არა თავიანთი შესაძლებლობებით. რამდენი სასწაულის შესახებ მოგიყევით, რომლებიც მოიმოქმედა წმინდა სპირიდონმა.
10. "ხოლო მპარავი იგი არა მოვიდეს, არამედ რაითა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს, ხოლო მე მოვედ, რაითა ცხოვრებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს".
მპარავი მოდის იმიტომ, რომ მოიპაროს, მოკლას და ქაოსი შემოიტანოს, მე კი მოვედი იმიტომ, რომ ჩემ ცხვრებს სიცოცხლე ჰქონდეთ და არა მარტო ჰქონდეთ, არამედ სხვებსაც გაუნაწილონ ეს სიცოცხლე.
11. "მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის".
მე კეთილი მწყემსი ვარ. კეთილი მწყემსი თავსაც გაწირავს საკუთარი ცხვრებისთვის. თუ სახარების დასაწყისში საკუთარ თავს შესასვლელ კარს უწოდებს, ახლა უკვე გვევლინება, როგორც კეთილი მწყემსი, ყველაზე აღმატებული პატრონი მთელი კაცობრიობის, უფრო კეთილი, უფრო დიდი სიკეთე, რასაც იცნობს სამყარო, ლოცულობს საკუთარ მტრებზე, ლოცავს თავის მაწყევრებს, საკუთარი თავი დადო, რომ ადამიანთა მთელი მოდგმა დაეხსნა საუკუნო წარწყმედისგან, ჯამაგირისთვის დაქირავებული მწყემსი განსაცდელის დროს ტოვებს ფარას და გარბის, ვინძლო საკუთარი თავი გადაირჩინოს. წმინდა სპირიდონი კი, როგორც იესო ქრისტეს ნამდვილი მოწაფე და მიმდევარი, საკუთარ თავზე იღებდა ეშმაკთა შემოტევას, როცა სხვას ეხმარებოდა, რომელთა შესახებაც უკვე მოგახსენეთ.
12. "ხოლო სასყიდლით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თვისნი, იხილის რაი მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი".
სასყიდლით დადგენილი მწყემსი, რომლის საკუთრებაც არ არი ცხვარი, როგორც კი მგელს დაინახავს, ტოვებს ცხვარს და გარბის. მგელი კი პატრონის დარჩენილ ცხვრებს დაერევა, რომელსაც მოკლავს, მოკლავს, რომელსაც არა, დაშლის ფარას და აქეთ–იქით გაიფანტებიან ცხვრები. მგელი და ცხვრის ფარა შემთხვევით როდია მოყვანილი მაგალითად, მგელი არის ეშმაკი, ცხვრის ფარა კი ვართ ჩვენ, ადამიანები, კაცობრიობა. იესო ქრისტეს ზეცად ამაღლების შემდეგ ამ კაცობრიობის მწყემსვის უფლება ეკლესიას გადაეცა. ეკლესიას კი, როგორც ვიცით, ჰყავს მწყემსები – ეპისკოპოსები და მღვდლები. თუ ამათგან რომელიმე სასყიდლით არის დადგინებული, მაშინ ფარა, მრევლი განწირულია მგელთან შესახვედრად. თუ წმინდა სპირიდონის მსგავსად არიან, მაშინ მრევლი მშვიდად არის, რადგან მგლის შემოტევას საკუთარ თავზე აიღებს "მწყემსი კეთილი".
13. "ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ, და არარაი სჭირნ მას ცხოვართათვის".
ჯამაგირიანი მწყემსი გარბის, რადგან ფულისთვის დგას მწყემსად და ფარა მისი საკუთრება არ არის.
14–15. "მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის".
მე ვარ კეთილი მწყემსი, უანგარო და ვიცნობ ჩემს სამწყსოს ისე, როგორც ისინი მიცნობენ საკუთარ პატრონად. ასევე მიცნობს მეც ჩემი მამა და მეც ვიცნობ მას, შემიძლია თავი გავწირო ჩემი ცხვრების სიცოცხლისთვის.
16. "და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი; იგინიცა ჯერ–არიან მოყვანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს".
მყავს სხვა ცხვრებიც, რომლებიც არ არიან ამ ფარის ნაწილი, მაგრამ მათაც უნდა ვუპატრონო. მიეჩვევიან ჩემს ხმას, ერთიანი ფარის წევრები გახდებიან და დანარჩენებივით მათაც ეყოლებათ ერთი და იგივე მწყემსი.
ამ შემთხვევაში მაცხოვარი არა მარტო ებრაელ ხალხზე ფიქრობს, არამედ ფიქრობს წარმართებზე, არაებრაელებზე, რომლებიც მიუღებელი იყო ებრაელებისთვის, რადგან ისინი თვლიდნენ და, სამწუხაროდ, უმრავლესობა დღესაც ასე თვლის, რომ მესია მოვა მხოლოდ და მხოლოდ ებრაელი ხალხისთვის და თუ ვინმე სხვასაც ექნება სინანული, ეს მათთვის არცთუ მაინცდამაინც საინტერესოა და მნიშვნელოვანი. "რამეთუ ძალი ღმრთისაი არს მაცხოვრად ყოვლისა მორწმუნისა: ჰურიისა პირველად და მერმე წარმართისა" (რომ. 1,16). მაცხოვარი არის სამყაროს მხსნელი და არა რომელიმე ხალხის ან მიმდინარეობის, რადგან წმინდა სპირიდონიც ცდილობდა, მაცხოვრისთვის მიებაძა და არა მარტო მართლმორწმუნეებს ანუგეშებდა, არამედ წარმართებსაც.
შეუძლებელია ყველა იმ სასწაულის ჩამოთვლა, რაც წმინდა მამის ცხოვრებაშია მოყვანილი. ერთსღა გამოვყოფთ: მართლმორწმუნე ქრისტიან ქალბატონს ქმარი გაუხდა ცუდად, რომელიც იყო წარმართი. წმინდანი იმდენს ეხვეწა უფალს, ვიდრე არ გამოაჯანმრთელა ეს წარმართი. მაშინვე არა, მაგრამ ეს კაცი მოგვიანებით მაინც მოინათლა და აღესრულა, როგორც ქრისტიანი.
წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი იყოს მეოხი და მფარველი ყოველი ჩვენგანის. ამინ.
ქრისტესმიერი სიყვარულით, პროტოდიაკონი მირიანი.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქრისტე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online