| ქალი და მამაკაცი |

ინტელექტუალური, ღრმად მოფიქრალი, მშვიდი, თავმდაბალი და მოკრძალებული – ასეთია მამა დავითი (ციცქიშვილი), დეკანოზი, კლდისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარი. ერისკაცობაში ფსიქოლოგი გახლდათ, წლების განმავლობაში თავისი სპეციალობით მუშაობდა. სწორედ პროფესიულმა გამოცდილებამ ნათლად უჩვენა, რომ ადამიანის უპირველესი შემწე უფალია და ფსიქოლოგიური დახმარება, სულიერი შეწევნის გარეშე, მოკლებულია სიღრმეს, შესაბამისად – ზერელეა. ამიტომ სულიერების კუთხით ღრმად განსწავლას შეუდგა. შეიძლება ამისკენ დიდი წინაპრის სულმაც უბიძგა. მისი დიდი პაპა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ქრისტეფორე ციცქიშვილი გახლდათ, რომელიც საქართველოს ეკლესიას მძვინვარე კომუნისტურ ეპოქაში, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე ჟამს, გასული საუკუნის 20–იან წლებში უძღვებოდა.
სანთელ–საკმეველი გზას არ დაკარგავსო, ნათქვამია და უწმინდესის შვილთაშვილი, გვარის ერთადერთი გამგრძელებელი მესამე თაობაში, მამა დავითი, დიდი პაპის სულიერი მემკვიდრე გახდა. სანამ ღვთისმსახურებას შეუდგებოდა, ეტაპობრივად ვრცელი სულიერი წვრთნა გაიარა. ეს საფეხურები თავად ასე განგვიმარტა: "უცხოეთში ექიმი რომ გახდე, მრავალწლიანი სტაჟირების პერიოდი უნდა გაიარო, შესაბამისად, სანამ მღვდელმსახურებას შეუდგები, საჭიროა მოსამზადებელი სულიერი წვრთნა, რაც გაცილებით რთულია. პირადად მე შინაგანად დიდხანს ვემზადებოდი, სასულიერო პირი რომ გავმხდარიყავი".
ახლა თითქმის ორი წელია მოძღვარია. მრევლთან, საჭიროების მიხედვით, ფსიქოლოგიური კუთხითაც მუშაობს. თბილისის სასულიერო აკადემია–სემინარიაში ფსიქოლოგიის კურსს კითხულობს. ავტორია წიგნებისა: "მართლმადიდებლური ფსიქოლოგია" და "გარდაცვალების საიდუმლო". მეუღლეც, ელენე არღვლიანი, მისივე თანამოაზრეა, პროფესიით ფსიქოლოგი. მათი შვილი, ანასტასია, ორწლინახევრისაა და ღვთივსათნოდ იზრდება.
მამა დავითი "სარკეს" სხვადასხვა მნიშვნელოვან და საგულისხმო საკითხზე ესაუბრა.
– თქვენს დიდ პაპას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ქრისტეფორე ციცქიშვილს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე პერიოდში მოუწია დედაეკლესიის მესაჭეობა. ეს ალბათ ძალიან მძიმე ჯვარი იყო. უამბეთ ჩვენს მკითხველს მის ღვაწლზე.
– ქრისტეფორე ციცქიშვილი სულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი 1927–32 წლებში გახლდათ, თუმცა პატრიარქის მოვალეობას უფრო ადრე ასრულებდა. 1922 წელს კომუნისტებმა დააპატიმრეს უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაია და, მისი კურთხევით, საქართველოს ეკლესიის მართვა დაევალა მეუფე ქრისტეფორეს, რომელიც მაშინ მიტროპოლიტი გახლდათ. ასე რომ, პატრიარქის ჯვრის ტარება ფაქტობრივად 1922 წლიდან მოუწია. მისი მოღვაწეობა იმ ურთულეს წლებში მოწამეობრივი გზა იყო. განსაკუთრებით მძვინვარებდა კომუნისტური ტერორი, ანგრევდნენ ეკლესიებს, ხვრეტდნენ მღვდლებს, ატერორებდნენ მრევლს... მიუხედავად ამისა, ბევრს არ ესმოდა და დღესაც არ ესმის ქრისტეფორე ციცქიშვილის მისია საქართველოს ეკლესიის ისტორიაში. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია უწმინდესის და უნეტარესის, ილია ||–ის დამოკიდებულება, რომელიც ხშირად ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პატრიარქ ქრისტეფორეს ძალისხმევამ საქართველოს ეკლესია ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინა.
– ალბათ მკითხველს დააინტერესებს, მის მმართველობით კურსს რას უწუნებდნენ ოპონენტები.
– იმ ეპოქაში საჭირო იყო მეტად ბრძნული პოლიტიკის გატარება ხელისუფლებასთან მიმართებაში, რამეთუ საქმე ეხებოდა კომუნისტების ტერორისგან საერთოდ ეკლესიის გადარჩენას. პატრიარქ ქრისტეფორეს დიპლომატიური, გარკვეულწილად დათმობის პოზიცია ჰქონდა ხელისუფლების მიმართ. მთავრობასთან აშკარად დაპირისპირება მასობრივ რეპრესიებს გამოიწვევდა, შეიძლებოდა საერთოდ გაესახლებინათ ქართველები, ისევე როგორც თავის დროზე ჩეჩნები გაასახლეს თავიანთი მიწა–წყლიდან, თუმცა ეს არ ნიშნავდა, რომ ეკლესიას არ ემხილებინა ხელისუფლება და არ მოეთხოვა მათ მიერ ჩადენილი უკანონობის აღკვეთა, მაგრამ ეს ხდებოდა შემრიგებლური და არა – მკვეთრად დაპირისპირებული პოზიციიდან. სხვა გზით წასვლა დინების საწინააღმდეგოდ მოძრაობას ნიშნავდა. მის შემდგომ ყველა პატრიარქი ამ გზას დაადგა, ფაქტობრივად ქრისტეფორე პირველგამკვალავი გახლდათ, მან ყველაზე ადრე აუღო ალღო, რა უნდა გაკეთებულიყო ამ შემთხვევაში. ცხადია, შემდგომ, გასული საუკუნის 30–40–იან წლებშიც, დიდი ბრძოლა მიმდინარეობდა ეკლესიის წინააღმდეგ, მაგრამ კომუნისტური მძვინვარების პირველი ტალღა მაინც შედარებით შესუსტებული იყო. ძირითადმა დარტყმამ პატრიარქ ქრისტეფორეს მხრებზე გადაიარა.
– რამდენად დააფასეს გარდაცვალების შემდგომ უწმინდესი ქრისტეფორე მისმა თანამედროვეებმა?
– პატრიარქი ქრისტეფორე 1932 წლის 10 იანვარს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა სიმსივნით. ეს დაავადება ნერვიულობის ნიადაგზე გაუჩნდა – ყოველდღე განსაცდელების წყება ჰქონდა. თავად დადიოდა სოფელში პროდუქტების ჩამოსატანად, ხალხში გამოჩენას ერიდებოდა, რადგან კომუნისტები ათასგვარ პროვოკაციას აწყობდნენ და შეიძლებოდა მის გამო ხალხი რაიმე განსაცდელს შეყროდა.
ხშირად აღვნიშნავ, რომ ალბათ არც ერთი პატრიარქი ისე დაუფასებელი არ ყოფილა, როგორც პატრიარქი ქრისტეფორე იმხანად. როდესაც გარდაიცვალა, გაზეთში სხვა მცირე მოცულობის ნეკროლოგებს შორის, სადაც ჩვეულებრივ საერო პირებს აცხადებდნენ, დაბეჭდეს ასეთივე მცირე ნეკროლოგი: "გარდაიცვალა ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი...". არც კი იყო ხაზგასმული, რომ გაზეთი პატრიარქის გარდაცვალების შესახებ იუწყებოდა.
– თქვენ პატრიარქ ქრისტეფორეს გვარის ერთადერთი გამგრძელებელი ბრძანდებით დღეს. პროფესიით ფსიქოლოგს, რამ შთაგაგონათ, ღვთისმსახურების გზას დასდგომოდით?
– სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი გასული საუკუნის 80–იან წლებში დავამთავრე. შემდგომ დადგა საკითხი, რომ ფსიქოლოგად მემუშავა. ფსიქოლოგიის გვირგვინი კი ისაა, როცა ადამიანებს პრაქტიკულად ეხმარები. ამის შესრულებაც მომიწია. შემდეგ მივხვდი, რომ თავს ვიტყუებდი, ვინაიდან სრულფასოვნად ადამიანების დახმარება რომ შეძლო, რწმენა უნდა გიმაგრებდეს ზურგს. ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა არც ისე იოლია, როგორც ბევრ ფსიქოლოგს წარმოუდგენია. ამან გამოიწვია ჩემი ინტერესი ეკლესიისა და საეკლესიო ცხოვრებისადმი. მანამდეც ვეცნობოდი სასულიერო ლიტერატურას, ამ თემებზე ვფიქრობდი. 90–იან წლებში კი ეკლესიური ცხოვრება დავიწყე. სრულფასოვნად რომ შემესრულებინა ჩემი პროფესიული მოვალეობა, ამისთვის საჭირო იყო, ღვთაებრივ სამყაროში ჩამეშვა ღუზა. შემდგომ, როცა ფსიქოლოგიის სამყაროს დავუბრუნდი, უკვე ძალიან აშკარად შევიგრძენი, რომ უპირველესი დამხმარე ღმერთია. ფსიქოლოგიური და სულიერი დახმარება ერთმანეთთან გადაჯაჭვულია და თუ ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას არ იწყებს, აღსარებას არ ამბობს, არ ეზიარება, არ ლოცულობს და არ მარხულობს, მისი ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემა რჩება მოუგვარებელი.
ეკლესიური გაგებით, ღვთის გარდა, არსებობს ღვთის საწინააღმდეგო ძალა ეშმაკის სახით, რომელიც უხილავად ებრძვის ადამიანს. არის ასეთი გამონათქვამი: "ეშმაკის ყველაზე დიდი გამარჯვება ის იყო – ჩაეგონებინა ადამიანისთვის, რომ ის (ეშმაკი – ავტ.) არ არსებობს". ანუ ეს ძალა ადამიანს უხილავად, ფსიქოლოგიურად ებრძვის, ადამიანის აზრებსა და ემოციებზე, სხვა სახის ფსიქიკურ განცდებზე მოქმედებს, ვლინდება შინაგანი ბრძოლის, დეპრესიის სახით, აგრესიის ფორმით... ხშირად სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის უკან, როგორიცაა ნევროზი, მანიაკური, დეპრესიული ფსიქოზი თუ შიზოფრენია, ბოროტისეული ხელწერა იკითხება. რა თქმა უნდა, არის სხვა ფაქტორებიც, რომელსაც ბოროტი ძალა იყენებს და მძიმე ფსიქოლოგიურ სურათს ქმნის.
– კონკრეტულად რა იგულისხმება ამ სხვა ფაქტორებში?
– გენეტიკური, სოციალური, სტრესული ფაქტორები... ფსიქიკურ პრობლემას ცხოვრებისეული ტრავმაც განაპირობებს. ხაზგასმით ვიმეორებ, ბოროტი ძალა არ მოდის ცარიელ ნიადაგზე, ის ადამიანის ცხოვრების განსაცდელს მოსდევს, აბუქებს და მისთვის გაუსაძლისს ხდის.
– ადამიანი როგორ უნდა მიხვდეს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ბოროტი ძალის ზეგავლენის ქვეშაა და ეს არ არის მისთვის მხოლოდ ფსიქიკური პრობლემა?
– ამ შემთხვევაში მართებული იქნება, თუ ამას მოძღვართან ერთად განსაზღვრავთ. მოგიყვანთ კლასიკურ მაგალითს, ბოროტი ძალა როგორ ზემოქმედებს ადამიანზე: მამა ანემპოდისტე აღწერს, თუ როგორ ცდილობს ბოროტი, მრისხანების ვნებით გაახელოს ადამიანი – ეს პრაქტიკულად ჩვეულებრივი მოვლენაა და მსგავსი რამ ბევრს განუცდია ცხოვრებაში: "დემონი მშვიდად მჯდომ კაცს პირველ აზრობრივ ისარს ესვრის, მაგალითად, ასეთს – "გუშინ კამათისას მოსაუბრემ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოგმართა, რაზეც იმ მომენტში ვერ შეძელი სათანადო პაუხის გაცემა". ადამიანი კრთება, რადგან დემონურმა ისარმა სამიზნეს მიაღწია. ამის შემდეგ იწყება აზრობრივი განვითარების მეორე ეტაპი. კაცი სკამიდან დგება და გონებაში შემდეგი აზრი გაუელვებს: "მართლაცდა, იმ მომენტში ვერ მოვნახე საჭირო სიტყვები, რომ მეპასუხა, არადა შეიძლებოდა, ასე და ასე მიმეგო". იწყება მესამე ეტაპი და დემონური ზემოქმედების ქვეშ მყოფი იწყებს მუშტების ქნევით ოთახში წინ და უკან სიარულს, გონებაში აზრები სწრაფად ენაცვლება ერთმანეთს. ბოროტი ახელებს მის წარმოსახვას და ელვისებურად შთააგონებს გესლიან სიტყვებს: "დიახ, საჭირო იყო, ასე გამეცა საკადრისი პასუხი. მინდა, ვიცოდე, რას მიპასუხებდა". ასეთი აზრობრივი შთაგონებით აღგზნებულ ადამიანს მრისხანება უფრო და უფრო იპყრობს და იწყება დემონთა მხრიდან გონების დაპყრობის მეოთხე ეტაპი, რომელსაც დატყვევების სტადიას უწოდებენ – ბოლოს გაშმაგებული ადამიანი რევანშზე ოცნებას იწყებს, შურისძიების გეგმას აწყობს მეორე დღისთვის. აქ უკვე ნათლად ჩანს ცოდვილი ჩანაფიქრის განვითარების მეხუთე სტადია, რომელსაც ვნებას უწოდებენ.
შურისძიების გრძნობის ამგვარი გახელება ვის არ გამოუცდია, მაგრამ ამ, ერთი შეხედვით, ცხოვრებისეული ვითარებით ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენს, უხილავად როგორ აბურთავებს თურმე დემონური ძალა".
– როცა ადამიანს სასოწარკვეთის განცდა ეუფლება, ესეც ბოროტი ძალის ზეგავლენით ხდება?
– სასოწარკვეთა, ეკლესიური გაგებით, ერთ–ერთი სასიკვდილო ვნებათაგანია, რომელიც განსაკუთრებით აზიანებს ადამიანის სულს. მამა იოანე მასლოვის (მოსკოვის სასულიერო აკადემიაში მოღვაწეობდა, გასული საუკუნის 80–იან წლებში გარდაიცვალა) სულიერი შვილი წერს: "ერთხელ აღდგომის მსახურებაზე დასწრებისას მჭმუნვარე ფიქრებმა შემომიტიეს: "არავის სჭირდები, რისთვის ცხოვრობ" და ა.შ. მესმოდა, ეს აზრები მტრისგან იყო, მაგრამ ვერაფრით ვახერხებდი, განმეგდო ისინი და ამის გამო მთელი დღე ვტიროდი, მინდოდა, მამა იოანესთან მივსულიყავი, მაგრამ დავინახე, რომ იგი ყველას თავს არიდებდა. მძიმე დრო იყო, მასთან ბევრი ხალხი მოდიოდა. საღამოს მსახურების შემდეგ ჩემთან მოვიდა და მკითხა: "აბა, მითხარი, რა გინდა, ჩქარა". ვერაფრის თქმა ვერ მოვახერხე, მაშინ მამა იოანემ ყურადღებით შემომხედა და მითხრა, ნუ უგდებ ყურს, ეს მტრისგანაა, მას ახლა ისეთი მძიმე დრო უდგას, რომ მოხარული იქნება, ყველა შეაცდინოს, ნურც მოუსმენ მასო. მამა იოანეს თვალებმა რენტგენივით გამანათეს, ვგრძნობდი, იგი მთლიანად ხედავდა, ესმოდა, რაც ჩემში ხდებოდა... უცებ ცრემლები წამომივიდა, მაგრამ ეს უკვე შვების ცრემლები იყო".
ადამიანი თავს რომ იკლავს, ესეც ბოროტის ხელწერაა. მრავალი მაგალითი ნათლად მიუთითებს, თუ როგორ ზემოქმედებს ღვთის საწინააღმდეგო ძალა ადამიანის ფსიქიკაზე. ფსიქოლოგისთვის ამა თუ იმ საკითხის სრულფასოვნად გაშუქება მართლმადიდებლური წვდომის გარეშე შეუძლებელია.
– თქვენ თუ გქონდათ რაიმე ფსიქოლოგიური პრობლემა ცხოვრებაში, გნებავთ შემთხვევა, რამაც ტაძართან მიგიყვანათ?
– ამ სახის კონკრეტული შემთხვევა პირადად არ მქონია, თუმცა, უნდა ითქვას, რომ უმეტესად ადამიანი ეკლესიაში განსაცდელით მოდის. აგვისტოს მძიმე დღეებში, როდესაც რუსული აგრესია განხორციელდა, ერთი მოძღვარი აღნიშნავდა, იმ დღეებში სავსე იყო ტაძრებიო, მაგრამ საფრთხემ რომ გადაიარა, კვლავ დაცარიელდა... ეს ახასიათებს ადამიანებს, არა მხოლოდ მათ, ვინც ეკლესიისგან შორსაა, არამედ მეტნაკლებად მათაც, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს.
ჩემს შემთხვევაში, უფალთან განსაცდელის გამო არ მივსულვარ. მე ვიგრძენი ღვთის არსებობა და სხვა არაფერი მინდოდა. ყველაზე მეტად მართლმადიდებლურმა სამყარომ დამაინტერესა, წმინდა წერილმა, წმინდა მამათა ნააზრევმა, თხზულებებმა და მივხვდი, რომ ჩემი საქმე ღვთისმსახურებაა.
– თქვენი მეუღლეც, ელენე არღვლიანი, პროფესიით ფსიქოლოგია, თანაც მორწმუნე. ერთმანეთი სად გაიცანით?
– ჩემი მეუღლე წლების განმავლობაში ნაძალადევის რაიონში მდებარე ამაღლების ტაძარში მედავითნე გახლდათ. ზოგჯერ მეც ვეხმარებოდი, ანუ მედავითნე ვიყავი. ერთმანეთი იქ გავიცანით. წლების წინ სასულიერო აკადემიაში ვკითხულობდი ფსიქოლოგიის კურსს და გამოვეცი წიგნი "მართლმადიდებლური ფსიქოლოგია", სადაც ფსიქოლოგიური საკითხები მართლმადიდებლური კუთხითაა გაშუქებული. ელენე ამ წიგნით დაინტერესდა – ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ ჩვენ დავუახლოვდით და შემდგომ ერთმანეთს დავუკავშირეთ ცხოვრება. ამჟამად მედავითნეობას ვერ ახერხებს, ჩვენს შვილს, ანასტასიას ზრდის, რომელიც ჯერ ორწლინახევრისაა. ამასთან, თემქაზე ხანდაზმულთა პანსიონატში მუშაობს ფსიქოლოგად. პანსიონატში მცხოვრებ ხანდაზმულთა დახმარებაც არ არის ადვილი, მაგრამ ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ეს მისი ჯვარია და უფალმა განუწესა იგი.
– როგორც ვიცი, თქვენ ახალგაზრდებთან ფსიქოლოგიური კუთხითაც მუშაობთ.
– აქ ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ ძალა ერთობაშია. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ღრმა ფსიქიკური პრობლემა აქვს, მხოლოდ სასულიერო პირის დახმარება საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია, ჩაერთოს ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და ა.შ. ფსიქიატრია უფლისგან დაშვებული სამედიცინო დარგია, ისევე როგორც კარდიოლოგია, გინეკოლოგია... თუ ადამიანს გულის პრობლემა აქვს, ჭკვიანი მოძღვარი კარდიოლოგთან უშვებს, შესაბამისად, თუ ადამიანი ფსიქიკური პრობლემის წინაშე დგას, ალბათ გამოცდილი მოძღვარი უნდა მიხვდეს, სად მთავრდება მისი კომპეტენცია და სად უნდა ჩაერთონ სხვა, ამ საქმის ვიწრო სპეციალისტები. ხშირად მომმართავენ, როგორც გარკვეული გამოცდილების მქონე ყოფილ ფსიქოლოგს, რათა ფსიქოლოგიური და სულიერი დახმარება შევაჯერო და თან განვსაზღვრო, საჭიროა თუ არა ჩაერთოს ფსიქიატრი, მედიკამენტური მკურნალობა... რამდენადაც ფსიქოლოგია ჩემი სფერო იყო, ისეთი მეთოდები გამოვყავი, რომლებიც ადამიანს დაეხმარება, ფსიქოლოგიურად განიტვირთოს და თავის პრობლემებს მოერიოს. ამ მხრივ, მუშაობა მიწევს არამარტო ახალგაზრდებთან, არამედ ხანდაზმულებთანაც.
მართლმადიდებლობას ბევრი მხარე გააჩნია, მათ შორისაა უარყოფით ფიქრებთან და გრძნობებთან გამკლავების ხელოვნება. ოპტის მონასტერში (რუსეთში) მოღვაწეობდნენ განსაკუთრებული ნიჭით და უნარით დაჯილდოებული ბერები, ე.წ. სტარცები ანუ უხუცესები. ისინი კითხულობდნენ ადამიანების აზრებს, უთქმელად ხედავდნენ მათი წარსულის ცოდვებს, წინასწარმეტყველებდნენ მომავალს. ოპტელ ბერებს ჰქონდათ საოცარი ლოცვა: "უფალო, მომეცი ძალა, რათა სულიერი სიმშვიდით შევეგებო ყოველივე იმას, რასაც დღევანდელი დღე მომიტანს". მართლმადიდებლობა, სხვა ყველაფერთან ერთად, ფიქრებთან და ემოციებთან გამკლავების ხელოვნებაცაა – ეს ალბათ ყველას შეუნიშნავს. მაგალითად, ტაძარში, სადაც წირვა–ლოცვა მიმდინარეობს, შედიხარ განერვიულებული, წყობიდან გამოსული, სასოწარკვეთილი და უცებ მშვიდდები – მადლს ეს ახასიათებს. აღსარებას ადამიანის დამშვიდების საოცარი უნარი აქვს. ათონელი ბერი, მამა პაისი წერს: "არ უგულებელყოთ აღსარების საიდუმლო, ის მეტად დიდი რამ არის, სულიერად ცვლის ადამიანს და განაქარვებს დემონთა ძალაუფლებას მასზე. იმდენად დიდი ცვლილებები შეინიშნება სინანულის საიდუმლოს აღსრულების შემდეგ, რომ ზოგიერთს ვეუბნები კიდეც, ფოტოსურათი გადაიღოს აღსარებამდე და მის შემდგომ. მაშინ დაინახავს, განსხვავება როგორი აშკარა და დიდია, როდესაც სინანულის საიდუმლომდე სახეზე იხატება სისასტიკე, შფოთი, ბრალეულობის განცდა და ა.შ. აღსარების შემდეგ სულ სხვა სურათია, მდუმარება და სიმშვიდე მოიცავს ხოლმე კაცს".
პირადად ჩემში არაერთხელ დამიფიქსირებია: ბევრი განსაცდელია ცხოვრებაში, რაღაცაზე ნერვიულობ, წყობიდან გამოდიხარ, წაიკითხავ, ვთქვათ, საღამოს ლოცვებს და უცებ მშვიდდები. რა შეიცვალა? სინამდვილე ისეთივე სასტიკი დარჩა, შეიცვალა შენი დამოკიდებულება, განწყობა ცხოვრებისადმი... თუმცა შეიძლება ეკლესიაში დადიოდე, მაგრამ ამ განტვირთვის ხელოვნებას ვერ ფლობდე და მთელი რიგი პრობლემები შეგექმნას.
– როდესაც ლოცვის დროს მუდმივად გონება გვეფანტება, ფიქრებით სადღაც სხვაგან მივდივართ და ყურადღების კონცენტრირებას ვერ ვახდენთ, ამ პრობლემას როგორ მოვუაროთ?
– ამ პრობლემაზე ხშირად ჩივიან. ეს შეიძლება განპირობებული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის – დაღლილობით. დაღლილობა ნეგატიურად მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე. თუ საღამოს დაღლილი ბრუნდები სახლში, ჯობია, ნახევარი საათი მაინც დაისვენო, რათა გონებას სისხარტე დაუბრუნდეს და ლოცვა მერე წაიკითხო. თუ გონების მობილიზება მაინც გაგიჭირდა, მაშინ შეგიძლია მოკლე ლოცვა წაიკითხო.
მამა პაისს დაუსვეს კითხვა, ყოველდღიურად ვლოცულობ, ხოლო საღამოს ლოცვების წაკითხვის შემდეგ ვზივარ და ვეკითხები საკუთარ თავს, რატომ არაფრის განცდა არ მაქვსო. მამა პაისმა უპასუხა: "განა როგორ შეიგრძნობ ლოცვას, როცა ამის წინ ამდენ ხანს ტელევიზორთან იჯექი და სხვადასხვა ცნობებს ისმენდი. შემდეგ, როგორც კი გამორთე იგი, მაშინვე დაიწყე საღამოს ლოცვების კითხვა. კარგია, საერთოდ რომ არ უყურო ტელევიზორს, მაგრამ როდესაც გამორთავ, ჯერ გული უნდა გაითბო, წაიკითხო თავი წმინდა წერილიდან ან წმინდა მამათა თხზულებებიდან იმ მიზნით, რომ შესასვლელში შესვლის შემდეგ ლოცვის ადგილას მოხვდე, მაშინ შეიგრძნობ ლოცვას".
არის კიდევ ერთი მომენტი, როცა ლოცვის დროს ბოროტი ძალა გვებრძვის. ერთი მეუდაბნოე ბერი აღნიშნავს: "როცა ეშმაკი დაინახავს, რომ ვლოცულობთ და ყურადღების კონცენტრირებას ვცდილობთ, ამ დროს ყველა საშუალებას იყენებს, რათა ყურადღება გაგვეფანტოს".
უნდა აღინიშნოს, რომ მართლმადიდებლური წესით სწორი ლოცვა ის არის, როდესაც შენი ფიქრებით ლოცვის შინაარსში ჯდები. ლოცვისას სხვა რამეებზე (მაგალითად, შენი პრობლემის განხილვაზე) კი არ ფიქრობ, არამედ კეთილ საქმეებზე (ვთქვათ, ახლობელს რომ უნდა დაეხმარო, ეკლესიას რაღაც შესწირო და ა.შ.), ყველაზე სწორი ლოცვა ეს არის. ეს მხოლოდ მცირე ეპიზოდია. სულიერება ურთულესი სამყაროა, მასში ძალიან ბევრი ნიუანსია, რომლის ცოდნაც ფსიქოლოგს მართებს. თუ ფსიქოლოგი მხოლოდ საერო დონეზე იყინება და ამ ვეებერთელა სულიერ სამყაროს არ იცნობს, თავის სფეროში წოდებით აკადემიკოსიც რომ იყოს, საბოლოო ჯამში, მაინც პრიმიტიულ დონეზე რჩება.
– გმადლობთ გულისხმიერი საუბრისთვის, მამაო, დაგვლოცეთ.
– ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ! გილოცავთ შობა–ახალ წელს, ღვთის მადლი და წყალობა ნუ მოგკლებოდეთ!
ნანა კობახიძე

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"დეპრესიის დროს ადამიანი ღირსებას კარგავს"
დღეს თამარობაა
ხსენება წმინდისა ახალმოწამისა გრიგოლ მეხუთისა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისა
კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება












დღეს ამაღლებაა
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება 

დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ცხოვრება წმინდისა მამისა ათანასე დიდისა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ნიკოლოზობას აღნიშნავს
მეუფე იაკობმა უდაბნოს მონასტრის ნიშთან შეკრებილ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა
უდაბნოს მონასტრის ნიშთან პარაკლისი სრულდება
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა
აზერბაიჯანელები გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აღარ ჩანან
მეუფე იაკობი - სასულიერო პირების მიმართ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კორექტულები არიან
პატრიარქის პატარა სტიქაროსანს ორივე ფეხზე პროთეზი უკეთია 






































































































