| ქალი და მამაკაცი |

"გუდამაყრელი", "ცისკრის ვარსკვლავი", "დედა" - ის სიმღერებია, რომლებსაც საზოგადოების დიდი ნაწილი სიამოვნებით ისმენს. ალბათ, ბევრმა მათგანმა ჯერ კიდევ არ იცის, რომ სიმღერად აჟღერებული ამ ლამაზი ტექსტების ავტორი სასულიერო პირია. ეს ისტორია სულ ახალია.
ერთი წლის წინ, ჯვარის მამის ტაძარს პატრიარქი ესტუმრა. იქ მოღვაწე სასულიერო პირები დალოცა და აკურთხა, საერო მიმართულებითაც რაღაც შეექმნათ. მაშინ, დეკანოზმა თავმას ჩოხელმა, 42 წლის ასაკში, ლექსის დასაწერად ხელში კალამი პირველად აიღო და დაიბადა კიდეც გუდამაყრელების ჰიმნად წოდებული, სიმღერად აჟღერებული მისი მშობლიური მხარის სადიდებელი. მას შემდეგ მრავალი ლექსი შეიქმნა და მათი მკითხველის გასახარად უკვე წიგნადაც აიკინძა.
მისი შემოქმედება უფლის, სამშობლოსა და სიყვარულის საგალობელია. წერს მხოლოდ მაშინ, როდესაც უთქმელი და დაუწერელი შემოაწვება.
- მამა თავმას, თქვენი პირველი ლექსი ერთი წლის წინ, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 42 წლის ასაკში დაიწერა. რომ არ ყოფილიყო ის ერთი დღე თქვენს ცხოვრებაში, ამდენი ლამაზი ლექსი შეიქმნებოდა?
- შესაძლოა, არც დაწერილიყო, რომ არა პატრიარქის ის ერთი სიტყვა. მისი უწმინდესობა ბრძანდება თავად ხელოვანი, უნიჭიერესი ადამიანი და მან იცის, როგორ გააღვივოს ადამიანში არსებული ესა თუ ის ნიჭი. ასე მოხდა ჩემს შემთხვევაში.
- მანამდე გქონიათ ლექსის დაწერის მცდელობა?
- გარითმვა ყოველთვის მეხერხებოდა. მოგეხსენებათ, მთაში ყველას აქვს ამის ნიჭი. თუმცა, ჩემს თავში ამ ნიჭს სერიოზულად არ აღვიქვამდი და შესაბამისად, ლექსის დაწერაზეც არასდროს მიფიქრია. რატომღაც არც სურვილი გამჩენია.
- როდის იწერება თქვენი ლექსები?
- მე ვწერ მხოლოდ მაშინ, როცა დაუწერელი სათქმელი შემომაწვება. თუ არ მომინდება დაწერა, ისე არ ვწერ. შემიძლია ყოველდღე ვწერო, მაგრამ ლექსი არ გამოვა ისეთი, როგორიც უნდა გამოვიდეს.
- და ეს უთქმელი როდის შემოგაწვებათ ხოლმე?
- უფრო შუაღამის შემდგომ, 3-5 საათებში. ღამესაც რომ სძინავს, მაშინ.
- წერის დროს მკითხველზე ფიქრობთ, მოეწონება თუ არა მას?
- დიახ, რა თქმა უნდა. წერის პროცესში ვფიქრობ, ისეთი ღირსეული ლექსი გამოვიდეს, რომ მოეწონოს პატრიარქსაც და ხალხსაც. ვფიქრობ იმაზეც, რომ ლექსი ამღერდეს, მღერადი იყოს.
- ის ფაქტი, რომ თქვენი არაერთი ლექსი უკვე ამღერდა და მსმენელმაც შეიყვარა, ალბათ, განსაკუთრებულ სტიმულს გაძლევთ.
- რა თქმა უნდა, პოეტისთვის ეს ორმაგი სიხარულია. "დედის მონატრება" ცოტა სევდიანი ლექსია. გარდაცვლილი დედა ძალიან მომენატრა და მაშინ დავწერე. მინახავს ადამიანები, რომლებსაც ამ ლექსზე შექმნილი სიმღერის მოსმენისას ცრემლი მოსდით. ერთ ქალბატონს ვუთხარი, მე სასულიერო პირი ვარ და ახლა თქვენ რომ ტირით, მიხარია-მეთქი. სწორი ბრძანდებით, მამაო, ეს სხვა ტირილია და უნდა გიხაროდეთო.
- წინასწარ გრძნობთ, რომელი ლექსი ამღერდება?
- კი, ვიცი, რომელი ამღერდება. აუმღერებელი ლექსები კი ელოდებიან კომპოზიტორებსა და შემსრულებლებს.
შესაძლოა, მე არც მეფიქრა ჩემი ლექსების ამღერება, რომ არა ნიჭიერი ახალგაზრდის გიორგი ჩიტაურის თხოვნა. ჩემს ლექსში სიმღერა პირველად მან აღმოაჩინა, "გუდამაყრელი" რომ წაიკითხა, მთხოვა, მომეცი ვიმღერებო. მე ეს სერიოზულად არ აღმიქვამს და უარი ვუთხარი, მეორე დღესაც მთხოვა და ასე ამღერდა ჩემი პირველი ლექსი, რამაც დიდი სტიმული მომცა. დიდი მადლობა, უფალს, ამისთვის.
- უკვე დასრულებული ლექსების შესწორება თუ გახასიათებთ?
- ხანდახან, შესაძლოა, შევასწორო კიდეც, მაგრამ ბევრი შესწორება არ მჭირდება. თითქმის უწვალებლად იწერება.
- პირველი შემფასებლები, ალბათ, ოჯახის წევრები არიან, მათ აზრს ითვალისწინებთ?
- დიახ, პირველი შემფასებლები მეუღლე და შვილები არიან. ზოგჯერ არ მოსწონთ, უფრო კრიტიკულად უდგებიან, უნდათ, რომ უფრო კარგი იყოს. ნაწილობრივ ვითვალისწინებ მათ აზრს.
- მამაო, საინტერესოა, თქვენივე ლექსები თქვენ მოგწონთ? თუ მაინც კრიტიკული ხართ?
- საკუთარი ლექსები, როგორც ოჯახის წევრები, შენები არიან. მინდა გაგიმხილოთ, რომ ძალიან იშვიათად, მეც კი მომეწონება ხოლმე ჩემი დაწერილი. ზოგ ლექსს რომ ვკითხულობ, ცხადად ვგრძნობ, რომ ეს ჩემი დაწერილი არ არის, არამედ - ღვთის ნებით. ადამიანს რომ არაფერი შეუძლია, სრულად შევიგრძნობ ამას.
- მაგალითად, რომელ ლექსზე დაგეუფლათ ამგვარი განცდა?
- მაგალითად, ბოლოს დაწერილ ლექსზე "დედის გოდება", რომელიც, პატრიარქის კურთხევით, შვილმკვდარ დედებს ეძღვნებათ.
- თქვენთვის გამორჩეული ლექსი არსებობს?
- გამორჩეული მაინც "გუდამაყრელია", რადგან ეს ლექსი პირველი სიხარული იყო. მადლობა უფალს ისეთი გამოვიდა, უყვართ ადამიანებს და ყველა კუთხეში უსმენენ.
- ლექსებს უძღვნით საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს. საიდან გაგიჩნდათ ეს აზრი?
- ესეც პატრიარქის კურთხევა არის, რომ ლექსი დავწერო საქართველოს ყველა კუთხეზე. უკვე დაწერილია შვიდი ლექსი. ძალიან მინდოდა აფხაზეთზეც დამეწერა, მაგრამ ვერ მოვიძიე ადამიანი, რომელიც მიამბობდა იქაური ტოპონიმების შესახებ. ასე დაიწერა "სიმღერა სნოზე", მე არ ვიყავი სნოში ნამყოფი, გამოვიკითხე იმ მხარის ტოპონიმები და მათი შეჯერების შემდეგ შეიქმნა ლექსი. თუშეთშიც არ ვყოფილვარ. სვანეთი ნაწილობრივ მაქვს ნანახი. ღმრთის წყალობითა და კეთილი ადამიანების დახმარებით, რომლებიც თავიანთ კუთხის ტოპონიმებს წარმოაჩენენ, მინდა, დავწერო დანარჩენ კუთხეებზეც.
ლექსები მივუძღვენი წელიწადის ოთხივე დროს.
- თქვენი ლექსების პირველი კრებულის "ამღერებული ლექსების" პრეზენტაცია გაიმართა. როგორ გადაწყდა წიგნის გამოცემა?
- მიმაჩნია, როცა ლექსი დაიწერება, ის უკვე, მხოლოდ ავტორის კუთვნილება არ არის. ამიტომ უნდა დაიბეჭდოს. ჩემი ლექსები პერიოდულად იბეჭდება ხოლმე საერო და სასულიერო პრესაში. რაც შეეხება კრებულის გამოცემას, ადამიანები მხვდებიან და მეუბნებიან, რომ მოსწონთ ეს ლექსები. ბევრჯერ მკითხეს, როდის გამოიცემოდა ისინი წიგნად. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, პირველად თხელყდიანი წიგნი საცდელ ეგზემპლარად გამოგვეცა. თუ მკითხველის მოწონებას დაიმსახურებს, ღვთის მადლით, მომავალშიც დაიბეჭდება. წიგნი კეთილი ადამიანების, ჩემი მეგობრების დახმარებით გამოიცა. დიდ მადლობას ვუხდი ყველა მათგანს. წიგნში შესულია 36 ლექსი.
- წიგნში ყოველი ლექსი დასურათებულია. ეს თქვენი იდეა იყო?
- გამიჩნდა იდეა, რომ ყოველი ლექსის გვერდი მისი შინაარსის ამსახველი ნახატებით გაფორმებულიყო. ჩემი ქალიშვილი ხატავს და მისმა პედაგოგმა შალვა ბათლიძემ შეასრულა წიგნის მხატვრობა.
- თქვენი შემოქმედებით მშობლიურ კუთხეებს განსაკუთრებით რომ ეფერებით, ეს წიგნის დიზაინიდანაც ჩანს.
- დიახ, წიგნის გარეკანზე თიანეთის ეკლესიაა გამოსახული. მოგეხსენებათ, სამღვდელო მოღვაწეობა მე თიანეთში დავიწყე, სადაც ტაძარი არ იყო. ჩემს იქ ყოფნაში, 5 წლის განმავლობაში, ღმრთის მადლით აიგო ეკლესია. მაშინ მარტო მე ვიყავი სასულიერო პირი და მადლობა უფალს ამისთვის. თიანეთში დავიბადე და გავიზარდე, თუმცა, ჩვენი გვარი წარმოშობით გუდამაყრიდან არის. ჩვენს ლამაზ სამშობლო-საქართელოში მე კიდევ ორი სამშობლო მაქვს - თიანეთი და გუდამაყარი. ორივე კუთხეს მივუძღვენი ლექსი და ორივე ამღერდა, "გუდამაყრელი" და "ფშავლები".
წიგნის უკანა ყდაზე აღბეჭდილი ფასანაურის ორწყალი, სადაც ერთდება შავი და თეთრი არაგვი, ძალიან ლამაზია.
- მოძღვრობა როგორ გეხმარებათ პოეტობაში და პირიქით?
- ძველი კლასიკოსები ამბობენ, პოეტი შუამავალია ღმერთსა და კაცს შორისო. ასევეა მოძღვარიც, ამდენად, მოძღვრობა და პოეტობა ერთმანეთს ავსებენ. მოძღვრებში მე პოეტი ვარ და პოეტებში - მოძღვარი.
ეფემია წიკლაური

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



"დეპრესიის დროს ადამიანი ღირსებას კარგავს"
დღეს თამარობაა
ხსენება წმინდისა ახალმოწამისა გრიგოლ მეხუთისა, კონსტანტინეპოლის პატრიარქისა
კასპში ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარი შენდება












დღეს ამაღლებაა
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება 

დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ცხოვრება წმინდისა მამისა ათანასე დიდისა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა
მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ ნიკოლოზობას აღნიშნავს
მეუფე იაკობმა უდაბნოს მონასტრის ნიშთან შეკრებილ მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა
უდაბნოს მონასტრის ნიშთან პარაკლისი სრულდება
საუკეთესო გუნდისა და შემსრულებლისთვის საპატრიარქომ 10 ათასი ევროს ოდენობის პრემია დააწესა
აზერბაიჯანელები გარეჯის სადავო ტერიტორიაზე აღარ ჩანან
მეუფე იაკობი - სასულიერო პირების მიმართ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები კორექტულები არიან
პატრიარქის პატარა სტიქაროსანს ორივე ფეხზე პროთეზი უკეთია 






















































































