asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"
”ეკრანზე ჩემს თავს ძალიან კრიტიკულად ვუყურებ”
თემიკო ჭიჭინაძე: "ეკლესიამ მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად აღიარა"

2012-01-13 15:33:57



ჟურნალ "გუმბათის" სტუმარი" თემიკო ჭიჭინაძეა. რუსთაველის თეატრის მსახიობი პროფესიაში წინსვლის სურვილს ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ამბობს, რომ იქამდე უნდა იარო, სანამდეც შენი სავალი გაგწვდება და სანამდეც გაგიშვებს შენთვის გამოყოფილი დრო. ფიქრობს, რომ წარმატების მთაზე ასასვლელად, სულ მომართული უნდა გქონდეს თოკი და წერაქვი. საოცნებო როლი არ აქვს, თუმცა, რუსთაველის თეატრში მოხვედრით, თავის დროზე ყველაზე დიდი ოცნება აისრულა. რატომ ახლავს მუდმივი სტრესი ამ პროფესიას, რას თვლის თეატრისა და კინოს დანიშნულებად, რატომაა თვითკმაყოფილება მსახიობისთვის დამღუპველი და როგორ აკავშირებს ბარსელონას თამაშს სინთეზურად ხელოვნებასთან, შეიტყვეთ ჩვენი ინტერვიუდან.
თემიკო ჭიჭინაძე:
- ყველა პროფესია თავისებურად განსხვავებულია და რაღაც უცნაურობა ახასიათებს. შემოქმედ ხალხს (ამ შემთხვევაში, მსახიობებს) უფრო მეტად ეტყობა ეს და ამიტომ ხშირად გვიწევს ამ თემაზე საუბარი. რა თქმა უნდა, არსებობს შემთხვევები, როცა ძალითაც იჩემებენ განსაკუთრებულობას და ამ გზით ცდილობენ თავის დამკვიდრებას. თუმცა, ეს არც ისე კარგი გზა მგონია. როდესაც პროფესიას ირჩევ, გაქვს აბსტრაქტული, ღრმა სიყვარული იმ საქმისა, რისი კეთებაც გინდა, ეს არის ლტოლვა იმისკენ, რაც გგონია, რომ ყველაზე უკეთ გამოგივა. ჯერ მაყურებელი ხარ, მერე გიჩნდება სურვილი, ამ ზეიმის უშუალო მონაწილე გახდე, მერე დგამ პირველ ნაბიჯებს და ხვდები რომ სულ სხვა რაღაცაა, უფრო ღრმად შესასწავლი და საფუძვლიანად გასაანალიზებელი. მერე იწყება ყოველდღიური რუტინული მუშაობა შენს თავზე, მუშაობა რეჟისორთან და კოლეგებთან ერთად. თანდათან უკეთ და რეალურად იცნობ შენს პროფესიას და თუ შენ დაიწყებ სპეციალურად ეპატაჟურად რაღაცების კეთებას, არაფერი გამოვა.
- ყოველდღიური რუტინა ახსენეთ. არასდროს მოგბეზრებიათ ან არასდროს გინანიათ, ამ გზას რომ გაყევით?
- კი, რა თქმა უნდა, არის მომენტები, როცა ფიქრობ ამაზე. ადრეულ პერიოდში, როცა რაღაც არ გამოგდის ან წინააღმდეგობას აწყდები, ფიქრობ, რომ ამის გადალახვის თავი და შესაძლებლობა არ გაქვს. მსახიობის პროფესიას მუდმივად ახლავს სტრესი. ყოველი ახალი გამოწვევა არის ახალი მტკიცება საკუთარი თავისთვის, რომ შენი ადგილი ცხოვრებაში სწორედ იქ არის, სადაც ახლა ხარ. რაღაც შეიძლება ინანო კიდეც, მაგრამ საბოლოო ჯამში იმხელა სიამოვნებას განიცდი შენი საქმიდან, რომ ამ იმედგაცრუებებთან შედარებაც კი არ შეიძლება. ბარიერების გადალახვა არის ყველაზე დიდი ბედნიერება და სიხარული შენს პროფესიაში. როდესაც რაღაცას დაძლევ, მთაზე ახვალ და დროშას ჩაარჭობ, მიხვდები, რომ ეს ის არის, რაც შენ გინდოდა. ჯერჯერობით აქამდე მოვედი და არ ვნანობ.
- მაინტერესებს თეატრისა და კინოს შედარება არა სპეციფიკის, არამედ ღირებულების თვალსაზრისით. თქვენი აზრით, რომლისგან უფრო მეტს სწავლობს ადამიანი?
- კონკრეტულად იმის რეცეპტი, რომ მე გავალ სცენაზე და ვიღაცას რაღაცას ვასწავლი, არ არსებობს. ეს თავისთავად ჩადებულია ამ პროფესიაში. უძველესი დროიდან მოყოლებული, მსახიობი გამოდიოდა ხოლმე და მანკიერებებს დასცინოდა, ხან კომედიის, ხანაც ტრაგედიის ჟანრში. პიროვნულ დონეზე ეს საკითხი არ წყდება, თვითონ პროფესიას მოსდევს ეს ყველაფერი. მარტო შენ თითის ქნევით არავის არაფერს ასწავლი, თვითონ თეატრს აქვს ეს ფუნქცია. ის სწორედ ამისთვის შეიქმნა. მერე შემოვიდა კინემატოგრაფია. მისი დანიშნულებაც, პრინციპში, იგივეა, მაგრამ, რა თქმა უნდა, განსხვავებაც არის. დღესდღეობით, დანიშნულება, როგორც ასეთი, თეატრს უფრო აქვს შენარჩუნებული. კინო უფრო ინდივიდუალურია, ის შეიძლება შენთვისაც გადაიღო. რეჟისორი რაღაცას ჩაიფიქრებს, შენ მიეხმარები, გადაიღებთ და იქ ვეღარაფერს შეცვლი, ფირს ვეღარ გადააკეთებ. რა თქმა უნდა, კინოშიც არის მომენტები, საიდანაც ადამიანი სწავლობს და იღებს რაღაცას. კინო ჩაკეტილი, დროებითი სივრცეა. თეატრი სულ არსებობს, ჩემამდეც იყო, ჩემს მერეც იქნება და ჩემს დროსაც არის. მუდმივი სამუშაო პროცესია. ერთი და იგივე სპექტაკლი შეიძლება რამდენჯერმე ითამაშო და ყველას ინდივიდუალური სახე ექნება, არც ერთ ჯერზე არ განმეორდება. იქ შეგიძლია ჩადო ბევრი რამ და თუ უკმაყოფილების გრძნობა დაგრჩება, შემდეგ სპექტაკლში შეძლებ გამოსწორებას.
- სრულ კმაყოფილებას როდესმე აღწევთ?
- არასოდეს. რა თქმა უნდა, არის სპექტაკლები, როლები, როცა თვლი, რომ რაღაც გამოგივიდა. იმავდროულად, გაქვს ის განცდაც, რომ რაღაცას უკეთესად გააკეთებდი. თეატრს ეს უპირატესობა აქვს. კინოში, იმ მომენტში თუ არ გააკეთე რაც გასაკეთებელია, იმას ვეღარ გამოასწორებ. ამიტომაც ეკრანზე ჩემს თავს ძალიან კრიტიკულად ვუყურებ. ეს შინაგანი მაკონტროლებელი თუ არ გაქვს ადამიანს, შენს თავს გვერდიდან თუ არ უყურებ, ძალიან რთულია ამ პროფესიაში წინსვლა.
- რამდენად გიწყობთ პროფესიული წინსვლა პიროვნულად ზრდაში ხელს?
- პიროვნული ზრდის გარეშე, პროფესიული წინსვლა არ არსებობს. პიროვნულად ზრდაში კი შენ თვითონ ეხმარები საკუთარ თავს. ყოველთვის უნდა ცდილობდე, შენი თავის სრულყოფას პროფესიაში, მაგრამ თვითკმაყოფილების განცდა არასდროს უნდა გქონდეს. ახლისკენ სწრაფვა არის ყველაზე კარგი რამ, რაც გეხმარება ამ პროფესიაში ყოფნის გახანგრძლივებაში. თუ შენ სრულყოფას აჩერებ და მიღწეული მინიმუმით კმაყოფილდები, მაშინვე კარგავ საკუთარ თავსაც და პროფესიასაც. სულ ინოვაციის რეჟიმში უნდა იყო, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მუდმივად თან უნდა გდევდეს. მსახიობობა მუდმივად ფორმაში ყოფნას მოითხოვს. უნდა აყვე იმ დროებას, რომელ მოცემულობაშიც შენ იმყოფები. შენ არ გაქვს არაფრის გამოტოვების უფლება. თუ ამ ყველაფერს მიხვდი, ბევრ რამეს მოიგებ. სამწუხაროდ, ეს ტენდენციები, ცოტა არ იყოს, დაკარგულია, ზედაპირულ რაღაცებთან უფრო გვაქვს საქმე. ჩემს თავს არ ვაიდეალებ, ეს მეც მეხება, მეც ვზარმაცობ ხოლმე. თუმცა, ამას როგორც კი ვამჩნევ, ვხვდები, რომ რაღაც გამომეპარა, მაშინვე ძიებასა და მუშაობას ვიწყებ.
- სცენაზე ყოველი გასვლის წინ განცდა ერთი და იგივეა? დავიჯერო, არ ნელდება?
- საპრემიერო განცდა სულ სხვა რაღაცაა. პრემიერა არის ახალი პროდუქტი, რომელიც მარტო შენ იცი და ელოდები როგორ მიიღებს მაყურებელი. მერე, რა თქმა უნდა, ეს ნერვიულობა ნელდება, საპრემიერო სიმპტომები იკლებს. ყოველ წარმოდგენას ცოცხალი აუდიტორიის წინაშე რომ თამაშობ, მღელვარება თავისთავად იგულისხმება. ეს ბუნებრივია. შენი გმირის მღელვარება უნდა მოუყვე მაყურებელს. ყოველი სპექტაკლის წინ, სანამ თეატრამდე მიხვალ, ან სარკესთან ზიხარ და გრიმს იკეთებ, თავში ან ტექსტი გიტრიალებს ან იხსენებ, როგორ გადადიხარ ერთი მოძრაობიდან მეორეზე, მოკლედ, ჩართული ხარ. შეიძლება არ გეტყობოდეს ეს ფიქრი და მღელვარება, შეიძლება გაეხუმრო ვიღაცას, ანეკდოტიც მოყვე შესვენებაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ განცდა არ გაქვს. ფეხბურთელიც ნებისმიერი თამაშის წინ ხომ ბუნებრივად ნერვიულობს, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისთვის პირველი მატჩი არაა (ისე, ბარსელონას კარგი თამაში ზოგიერთ სპექტაკლს ნამდვილად მირჩევნია). ყოველ ჯერზე უნდა შეძლო და საკუთარ თავსაც და მაყურებელსაც სიხარული უნდა მიანიჭო.
- როგორ ფიქრობთ, რატომ მიიჩნევდა ეკლესია მსახიობობას ცოდვანარევ პროფესიად?
- ყველა არა, მაგრამ ზოგიერთი ღვთისმსახური დღესაც ძალიან სკეპტიკურად და რადიკალურად უყურებს ჩვენს პროფესიას. თუმცა, უკვე ეკლესიამაც აღიარა მსახიობობა ჩვეულებრივ პროფესიად. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ თეატრი ადამიანის სულში ჩაწვდომას ცდილობს და იქ აფათურებს ხელებს, სადაც მხოლოდ ეკლესია და უფალი დაიშვება. თეატრი ადამიანის სულიერ საზრდოს წარმოადგენს და ამას ხშირად მკრეხელობად აფასებდნენ. ეს პროფესია გაძლევს იმის საშუალებას, რომ ცოტა სხვა პროცესებშიც მიიღო მონაწილეობა. თუმცა, დრო და ვითარება იცვლება, იცვლება ბევრი რამ მსოფლიოში და ამაზე უკვე იშვიათად საუბრობენ. მე რამდენჯერმე შევსულვარ პოლემიკაში ამ საკითხის გამო, თუმცა, ვხედავ, რომ დღეს ამაზე უფრო ნაკლებს საუბრობენ და ეს საკითხი თითქმის მოგვარებულია. ეკლესია ეკლესიაა, თეატრი - თეატრია.
- როგორია ქართველი მაყურებელი, რამდენად გონიერია, რამდენად ხვდება სათქმელს?
- ჯერჯერობით, ეს კულტურა ქართველ მაყურებელს შემორჩენილი აქვს. ბევრგან ვყოფილვარ და არაერთი ეროვნების მაყურებელს შევხვედრივარ. მეტ მღელვარებას ყოველთვის ქართველი მაყურებელის წინაშე წარდგომის დროს ვგრძნობ. აქ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვეკისრება, თითქოს ის მაყურებელი, რომელიც რეგულარულად დადის თეატრში, მომთხოვნია და პროფესიონალურ დონეზე მოაზროვნე. ქართულ მენტალიტეტთან თეატრი ძალიან ახლოა, არტისტული ნატურაა ქართველი და ძალიან ადვილად ხვდება ყველაფერს, რაც სცენაზე ხდება. ძალიან ძნელია მისი მოტყუება. სხვაგან შეიძლება რაღაც გაიპაროს და მაინც მიიღო და დაიმსახურო ტაში და მოწონება, მაგრამ აქ უფრო ლუპაში გიყურებენ და უფრო რთულია. მე ასე მგონია, ყოველ შემთხვევაში. ძალიან კარგი მაყურებელი გვყავს, ჯერჯერობით, თუმცა, რა ტენდენციაც არის დღეს თეატრთან მიმართებით, მაინცდამაინც, არ მომწონს.
- ახალ თაობას ეკუთვნის ეს საყვედური თუ გულისტკივილი?
- ახალ თაობაზე ამას ვერ ვიტყვი. ძალიან ბევრი ახალგაზრდა დადის თეატრში და ამით კმაყოფილი ვარ. მგონი რაღაცის შეფასების კრიტერიუმი შეიცვალა. უფრო გასართობისკენაა გადახრილი მაყურებელი და სანახაობას ელოდება მეტად. ფიქრი ეზარებათ თითქოს. დროის დაკარგვა არ უნდათ, ალბათ. გაზარმაცდასავით მაყურებელი. აღარ უნდა, რომ მოვიდეს და შენთან ერთად იწვალოს, უნდა დაუღეჭო და პირში ჩაუდო პირდაპირ. ისე, მარტო ამიტომ თუ დადიან, არც ესაა მაინცდამაინც კატასტროფა, ერთხელ და ორჯერ რომ მოვა გასართობად, მერე რაღაცას დაინახავს და რაღაცას მაინც ისწავლის, არ არსებობს. 10-იდან 2 თუ წავა სახლში და ფიქრს გაიყოლებს, ესეც უკვე რეზულტატია. კარგის მეტი მაინც არაფერი მეთქმის ჩვენს მაყურებელზე, ის, რაც გითხარით, უფრო შეძახილივითაა, გამოსაფხიზლებლად.
- ვიცი, რომ არ გაქვთ საოცნებო როლი, რატომ?
- რაღაც კონკრეტული საოცნებო როლი, ალბათ, უფრო პატარა ასაკში გაქვს, როცა იწყებ, პირველ ნაბიჯებს დგამ. მერე უკვე, ვთქვათ, როცა თეატრში ხვდები, არ გაქვს იმის ფუფუნება, რომ ხელი დაადო და თქვა, რომ მე ამას ვითამაშებ. რეჟისორი წყვეტს ყველაფერს. მე არც ერთ როლს არ ვიწუნებ. შეიძლება ისეთმა როლმა მოგიტანოს შინაგანი ბედნიერება და კმაყოფილება, რომელზეც არათუ არ გიოცნებია, არამედ არც კი შეგინიშნავს პიესის კითხვის დროს. ალბათ, რაღაც როლები ტრიალებს თავში, რაზეც სიამოვნებით იმუშავებდი და ცდიდი, მაგრამ ამას საოცნებო როლებს ვერ დავარქმევ. ეს შეიძლება ცუდია, შეიძლება კარგია, არ ვიცი.
თეონა სირბილაძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პროფესია
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online