asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ქრისტიანი არის ის, ვინც ქრისტეს მცნებებს აღასრულებს ან ცდილობს, აღასრულოს. ასეთებისთვის ღვთისმშობლის მუცლადღებაც მნიშვნელოვანია
სადღესასწაულო სახარების განმარტება
ქრისტიანი არის ის, ვინც ქრისტეს მცნებებს აღასრულებს ან ცდილობს, აღასრულოს. ასეთებისთვის ღვთისმშობლის მუცლადღებაც მნიშვნელოვანია

2012-01-11 16:04:18



სადღესასწაულო სახარებას განმარტავს პროტოდიაკონი, მამა მირიანი (სხირტლაძე)
სახარება ლუკასი. მე-8 თავი, 16–21 მუხლები.
ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი თემა ყველასთვის საინტერესო იქნება გამომდინარე იქიდან, რომ ვისაუბრებთ ღვთისმშობლის, მარიამის მშობლებზე, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ბებიაზე და პაპაზე და, რაც ყველაზე მთავარია, მარიამ ღვთისმშობლის მუცლადღებაზე, რომელსაც ეკლესია ახალი სტილით 22 დეკემბერს დღესასწაულობს.
22 დეკემბერს ყველაზე დიდი ღამეა მთელი წლის განმავლობაში, რასაც განსაკუთრებულად უსვამენ ხაზს თვით ყველაზე ურწმუნო და უღმერთო ასტრონომებიც კი. ასე რომ, ღვთისმშობლის მუცლადღება არა მარტო ქრისტიანული სამყაროსთვის არის საინტერესო, არამედ მეცნიერებისთვისაც, რომლებიც ასე რიგად ცდილობენ ზუსტი და თანმიმდევრული თარიღების დადგენას. ეს კი არც ისე ადვილი საქმეა, როგორც ზოგიერთს ჰგონია, რადგან დღეც, ღამეც და ყველაზე მთავარი – დრო, რომელსაც კაცობრიობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ღვთის ხელშია, იმ ღვთისა, რომელსაც თვითონ დრო არ გააჩნია. დროში მხოლოდ ადამიანის არსებობა განისაზღვრა, რადგან ღვთისთვის დროის არსებობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
იმედია, ყველაფრის მცოდნე მეცნიერები ამ საკითხზე მაინც არ დაიცავენ დისერტაციებს, გვერდზე არ გასწევენ სამყაროს შემოქმედს და გადაჭრით და ხაზგასმით არ დაამტკიცებენ იმას, რაც მხოლოდ ღმერთის ხელშია და სხვისი არავისი. ასე რომ არ იყოს, არ დაიწყებდნენ იმის მტკიცებას, თუ როგორ შეიძლებოდა მოკვდავი, ხორციელი მარიამისგან უმამაკაცოდ შობილიყო, განხორციელებულიყო ძე ღვთისა, სიტყვა, ლოგოსი ყოვლადწმინდა სამებისა.
შეიძლება მკითხველმა იკითხოს, ასე რატომ გველაპარაკებით, განა არ გვწამს, სიტყვა ღვთისა რომ განხორციელდა? ან ის, რომ იესო ქრისტე უმამაკაცოდ იშვა მარიამ ქალწულისაგან და ისევ ქალწულადვე რომ დარჩა შობის შემდგომაც? ბუნებრივია, ეს გვწამს და ვისაც არ სწამს, ან უკვე ერეტიკოსია, ან არადა, რომ ვერაფერი დაადგინა ღვთის შობის, განკაცების შესახებ, საერთოდ დაანება ამ საკითხს თავი. ოთხმოც წელს გადაცილებულ ქალს და მამაკაცს თუ შეიძლება, რომ შვილი შეეძინოთ, სწორედ ამ სასწაულის შესახებ მოგაწვდით იმ მცირე ინფორმაციას, რაც არსებობს, თორემ მტკიცებით არაფრის მტკიცებას არ ვაპირებთ, რადგან შედეგი სახეზეა – ღვთისმშობელი მოევლინა სამყაროს და მისი მეშვეობით განკაცდა იესო ქრისტეც.
ღრმად მოხუცები იოაკიმე და ანაც გულმხურვალედ ეხვეწებოდნენ ყოვლადმოწყალე ღმერთს, რათა შვილიერება მიემადლა მათთვის, თუმცა ყოვლისმცნობელი უფალი სხვა რამის გამო აგვიანებდა მათ ნაყოფიერებას, სათანადოდ ამზადებდა ნიადაგს, რათა ღირსეულად მომხდარიყო ყოვლადწმინდა ღუთისმშობლის ჩასახვა, მუცლადღება. სამყაროს შემოქმედმა უფალმა ანგელოზის პირით ახარა მოხუცებს, რომ შვილი ეყოლებოდათ, ეს იყო მთავარანგელოზი გაბრიელი. ჩაისახა ყოვალდწმინდა ქალწული მარიამი თავისი დედის ანას მუცელში იოაკიმეს სპერმის შედეგად და სამყაროს მოევლინა მხსნელი, რომელმაც ღვთის დავალებით საკუთარ თავზე აიღო ღმერთის განხორციელება.
ღვთისმშობლის თაყვანისცემა არა მარტო საშური საქმეა, არამედ აუცილებელიც, ოღონდ ამ შემთხვევაშიც საჭიროა ზომიერება და არა ისე, რომ მავანთა მსგავსად ღვთაებრივი პატივი ვარგუნოთ ღვთის დედას, თითქოს ის არ იყო ცხრათვიანი და არც მამაკაცის სპერმით შობილი. ეს, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, მკრეხელობაა. ერთადერთი იესო ქრისტე ღმერთი არის ის შობილი, რომელიც ჩაისახა უმამაკაცოდ, იშვა ქალწულისგან და მშობელი მისი მარადჟამ ქალწულადვე ჰგიეს. თუ როგორ მოხდა ეს ყოველივე, სამყაროსთვის იყო, არის და საუკუნოდ იქნება უცნობი, რადგან ეს იცის მხოლოდ ყოვლადწმინდა სამებამ – მამამ, ძემ და წმინდა სულმა. სწორედ ამ მუცლადღებას, ჩასახვას დღესასწაულობს ეკლესია ახალი სტილით 22 დეკემბერს.
აღსანიშნავია კიდევ ერთი წმინდანის ცხოვრების დაწვრილებითი თხრობა, რომლის ხსენებასაც ასევე 22 დეკემბერს დღესასწაულობს მართლმადიდებელი ეკლესია, ეს არის წმინდა ანა წინასწარმეტყველი, წმინდა სამოელ წინასწარმეტყველის დედა, რომელმაც ღვთისმშობლის დედის მსგავსად მოხუცებულობის ასაკში შვა სამოელ წინასწარმეტყველი. ანა იყო ქალაქ არმათემიდან, რომელიც მდებარეობდა ეფრემის მთაზე. დაქორწინდა ქმარზე, რომლის სახელიც იყო ელკანა. სამწუხაროდ, მათ შვილი არ უჩნდებოდათ, რისთვისაც ელკანამ გადაწყვიტა, სხვა ცოლიც შეერთო, ვინძლო მასთან მაინც აღედგინა თავისი ნაყოფიერება.
მეორე ცოლი, სახელად ფენანა, სასტიკად ვერ იტანდა ანას. დღე არ გავიდოდა, რომ მისთვის უშვილობა არ შეეხსენებინა, ანას კი მხოლოდ ისღა დარჩენოდა, ღვთისთვის ეთხოვა შემწეობა, რათა შვილიერება მიემადლებინა. გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ შეაწუხა უფალი თავისი თხოვნით. მუხლი მოიყარა და შესთხოვა უფალს: "ცაბაოთ უფალო, თუ მოხედავ შენი მხევლის ტანჯვას, თუ გამიხსენებ და არა დაივიწყებ შენს მხევალს, და მისცემ შენს მხევალს ვაჟიშვილს, უფალს დავუთმობ მას. ვიდრე ცოცხალი იქნება, დანა არ შეეხება მის თავს" (| მეფ. 1,11).
უფალს არ უნდოდა ანას მოსმენა, მაგრამ ხედავდა, რომ ღვთის კარავს არ შორდებოდა და ცრემლით ევედრებოდა ცაბაოთ უფალს. უფალმაც აღუთქვა ანას, რომ შვილს მისცემდა და ელის პირით აუწყა: "წადი მშვიდობით და ისრაელის ღმერთი აგისრულებს სათხოვარს, რასაც მოითხოვ მისგან" (| მეფ. 1,17).
მემატიანე ასე აღწერს ანა წინასწარმეტყველს ელის შეტყობინების შემდეგ: კარვიდან გამოსული დედაბერი ბავშვივით ხტოდა, ცეკვავდა და იცინოდა. მართლაც დაფეხმძიმდა და შვა ვაჟი, რომლის სახელი იყო სამოელი. ანა და მისი ქმარი პატარა სამოელთან ერთად მივიდნენ ელისთან, რომელსაც უნდა დაელოცა. ელიმ დალოცა ანაც და მისი მეუღლე ელკანაც და ასე უთხრა: "უფალი მოგცემს ამ ქალისგან შთამომავლობას მიბარებულის ნაცვლად, რომელიც უფალს მიაბარე" (| მეფ. 2,20).
როცა სამოელმა ძუძუს თავი დაანება, ანამ თავისივე ხელით მიართვა უფალს და ჩააბარა მღვდელ ილის, რომელმაც პატარა სამოელი შემოსა ეფოდით. "სამოელი უფლის მსახურად იყო, სიყრმიდანვე სელის ეფოდი ემოსა. პატარა წამოსასხამს უკერავდა ხოლმე დედა და ამოუტანდა ყოველ წელიწადს, როცა ქმართან ერთად ყოველწლიურად მსხვერპლის შესაწირად ამოდიოდა" (| მეფ. 2,18–19).
ბუნებრივია, ამით როდი მთავრდება ეს ისტორია, რადგან ანა ამეტყველდა წინასწარმეტყველთა მსგავსად და ბრძანა: "მაძღარნი პურისთვის ქირაზე დადიან, მშიერნი აღარ შიმშილობენ: საშოდახშულმა შვიდი დაბადა, მრავალშვილიანი დაჭკნა" (| მეფ. 2,5). ეს წინასწარმეტყველება წარმოთქვა საკუთარ თავზე და ელკანას მეორე ცოლ ფენანაზე, რადგან თვითონ კიდევ შვიდი შვილი გააჩინა სამოელის შემდეგ, ფენანა კი უშობელი შეიქნა ხუთი შვილის შემდეგ იმის გამო, რომ დასცინოდა ანას.
ზუსტად უცნობია, წმინდა წინასწარმეტყველმა ანამ რამდენი ხანი იცოცხლა, ის კი ცნობილია, რომ ღვთის მადიდებელმა უსაზღვროდ მადლიერმა მიაბარა სული თვისი უფალს. ეს არის ის მცირე მონაცემები, რისი მოძიებაც შეიძლებოდა, რათა გადმოგვეცა ღვთისმოსავი ადამიანების ცხოვრება, რომელთაც თავიანთი არსებობით კვალი დაამჩნიეს ზოგადად ქრისტიანობას.
16. "არავინ სანთელი აღანთის და დაფარის ჭურჭლითა, გინა ქუეშე ცხედარსა შედგიან, არამედ სასანთლესა ზედა დადგიან, რაითა შემავალნი იგი ნათელსა ჰხედვიდენ".
როცა სანთელს ანთებენ, მას არავინ დგამს საწოლის ქვეშ ან კიდევ რამე ჭურჭელს არ აფარებენ, არამედ მას ამაგრებენ სასანთლეზე, რათა ყველას, ვინც კი შევა, გაუნათოს და კარგად დაინახონ. ღვთისმოსაობა, რწმენა, კეთილშობილება, სიყვარული სინათლესავითაა. როგორც სინათლე არ იმალება და ანათებს ყველასთვის, ისევეა ეს სათნოებანიც, რომლებსაც ყველასთვის სიკეთე მოაქვს. ამ სათნოებების მქონე ადამიანები თავიანთ გარშემო მხოლოდ დადებით ენერგიას იძლევიან. რაც არ უნდა ეცადო, ეს სათნოებანი არ იმალვიან, არამედ ყველასთვის ანათებენ.
17. "რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლოი, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს".
არაფერი არის დაფარული, რომელიც არ გაცხადდეს და არც რაიმე საიდუმლო, რომელიც არ გამოაშკარავდეს და არ გახდეს ყველასთვის გასაგები. ჩვენ თუ ერთმანეთს ვუმალავთ ან ვატყუებთ ამა თუ იმ მანკიერ ჩვევებს, თვითონ ვრჩებით მოტყუებულები, ვინაიდან შინაგანად ხომ ყველამ ვიცით, რომ ღვთისთვის დაფარულ–დამალული არაფერი არსებობს.
18. "იხილეთ უკუე, ვითარ–ეგე ისმენთ: რომელსა აქუნდეს, მიეცეს მას, და რომელსა არა აქუნდეს და რომელღა–იგი ჰგონიეს, ვითარმედ აქუს, მო–ვე–ეღოს მას".
ყურადღებით იყავით იმის გამო, რაც გესმით. რადგან ვისაც აქვს, მას მიეცემა და ვისაც არ აქვს და ჰგონია, რომ აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს. აქ სახარებისეული სიბრძნე შემდეგნაირად არის წარმოდგენილი: რამდენადაც ყურადღებით ვიქნებით, იმდენად მოგვეცემა ჭეშმარიტების შეცნობის ძალა. უფრო მეტიც, ის, ვინც ყურადღებით არის, შეცდომებს არ უშვებს და ეს უკვე ორმაგად გამარჯვებას ნიშნავს, რადგან ღვთის საქმეებისადმი ყურადღებით მიყოლა გამორიცხავს სიზარმაცეს, უყურადღებობას, რაც დამღუპველია. ქრისტიანობა არის შრომატევადი და ადამიანებს ეს შრომა ეზარებათ, თუმცა ამ შრომას თან ახლავს სიხარულიც. ასე რომ არ იყოს, ყველა მორწმუნე გარკვეული დროის შემდეგ თავს დაანებებდა ამ ყველაფერს. ისეა, როცა დედა შვილს შობს, რთულია იმ ტკივილების გადატანა, რაც მშობიარობას სჭირდება, მაგრამ დედა არათუ ნებდება ამ ტკივილს, უფრო მეტი აზარტით იწყებს ნაშობის მოვლას და მასზე ზრუნვას. ტყუილუბრალოდ როდია მოყვანილი სახარების ტექსტი აღნიშნულ დღესასწაულზე, რადგან ღვთისმოსაობით ანა წინასწარმეტყველს რაც არ ჰქონდა, ისიც მიეცა და იმაზე უფრო მეტიც, რასაც არ ელოდა, ხოლო ეკლანას მეორე ცოლ ფენანას თავისი შურით და ბოღმით ისიც წაერთვა, რაც ჰქონდა. ეს იმიტომ, რომ თავისი შვილიერება მას საკუთარ დამსახურებად მიაჩნდა და არა ღვთის საჩუქრად.
19–20. "მოვიდეს მისა დედაი და ძმანი მისნი, და ვერ ეძლო შემთხუევად მისა ერისა მისგან. უთხრეს მას და ეტყოდეს: დედაი შენი და ძმანი შენნი გარე დგანან და ხილვაი შენი ჰნებავს".
მასთან შესახვედრად მოვიდნენ მისი დედა და ძმები, მაგრამ ბევრი ხალხის გამო ვერ შეძლეს მასთან მიახლოება. შეატყობინეს იესოს და უთხრეს: შენი დედა და ძმები დგანან გარეთ და სურთ შენი ნახვა.
21. "ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: დედაი ჩემი და ძმანი ჩემნი ასე არიან, რომელთა სიტყუაი ღმრთისაი ისმინონ და ყონ იგი".
უფალმა კი მიუგო მათ: ჩემი დედაც, ჩემი ძმებიც არიან ისინი, რომლებიც ღვთის სიტყვას ისმენენ და ამ სიტყვების თანახმად ცხოვრობენ კიდეც. უფრო მნიშვნელოვანი არაფერია ქრისტიანისთვის, როცა ღვთის სიტყვას ისმენ კიდეც და პირნათლადაც ასრულებ. ღვთის სიტყვა ქრისტიანისთვის არის სინათლე, გზა და ჭეშმარიტება, ისევე, როგორც მცნებების შესრულება. აი, კრიტერიუმები, რითაც უფალი აფასებდა მასთან მისულ ადამიანებს და არა იმით, თუ რა ნათესაური კავშირი ჰქონდა რომელიმე მათგანთან. საკუთარი დედისადმი უდიდესი სიყვარულისა და პატივისცემის მიუხედავად, მაინც ასეთი პასუხი გასცა მათ, რითაც კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი ღვთაებრიობა.
გვეწეოდნენ ღვთისმშობლის მშობლები იოაკიმე და ანა და ასევე ანა წინასწარმეტყველი, რომელთა ხსენებასაც მართლმადიდებელი ეკლესია მარიამ ღვთისმშობლის მუცლადღებასთან ერთად დღესასწაულობს.
სიყვარულით, პროტოდიაკონი მირიანი. ამინ.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქრისტე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online