asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მცხეთის ჯვრის ტაძარი გადარჩენილია!
კარგი ამბავი
მცხეთის ჯვრის ტაძარი გადარჩენილია!

2012-01-11 16:04:18



მცხეთის ჯვრის ტაძარი საქართველოს უძველეს დედაქალაქს დაჰყურებს თავზე. მისი შეხედვისას ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მთასთან ერთად არის ამოზრდილი, თავადაც მთასავით ბებერი და ბევრის მნახველი. მისი კედლები ქრისტიანული საქართველოს მოწამებრივ ისტორიას ინახავს. ტაძრის დაზიანება, დანგრევა, განადგურება ტაძარი ფიჩხით გაავსეს და ცეცხლი წაუკიდეს, მაგრამ ღვთის წყალობით გადარჩა, არ დაინგრა. კომუნისტებმა კი ჯერ დარბაზად გადააქციეს და შიგნით კონცერტებს მართავდნენ, მეორე მსოფლიო ომის დროს კი იარაღის საწყობად აქციეს. მათაც ვერაფერი ავნეს, ტაძარი დღესაც ამაყად გადაჰყურებს არაგვისა და მტკვრის შესართავს.
ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. მე–4 საუკუნის 30–იან წლებში, ქრისტიანობის მიღების პირველივე წლებიდან, ამ ადგილას მეფე მირიანმა ხის ჯვარი აღამართვინა, რომელსაც მთელი კავკასიის ქრისტიანები სცემდნენ თაყვანს. მე–6 საუკუნის მეორე ნახევარში, 545–586 წლებში, ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის ჩრდილოეთით პატარა ეკლესია ააშენა. მე–6 საუკუნის მიწურულსა და მე–7 საუკუნის დასაწყისში გუარამის ძემ, ერისთავმა სტეფანოზმა მცირე ტაძრის გვერდით დიდი ტაძარი ააგო.
საუკუნეების განმავლობაში მცირე ტაძარი ძალიან დაზიანდა. ცოტაც და კედლები ჩამოინგრეოდა. საბედნიეროდ, რამდენიმე თვის წინ მისი რესტავრაცია დაიწყეს. სარესტავრაციო სამუშაოები დიდ ტაძარსაც ჩაუტარდა.
ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ბერ–მონაზვნები ცხოვრობენ და სამონასტრო ცხოვრებას ეწევიან. იქვეა აშენებული საქართველოს პატრიარქის მოსასვენებელი. როგორც გვითხრეს, უწმინდესი ამ სავანეს ხშირად სტუმრობს და რჩება კიდეც.
უძველესი ქართული მონასტრის დღევანდელი ყოფის შესახებ "სარკეს" რესტავრატორი ბე:ან ყაველაშვილი და მამა ილია (მერაბიშვილი) ესაუბრნენ.
– ბატონო ბეჟან, როდის და ვისი ინიციატივით დაიწყეთ ჯვრის მონასტრის რესტავრაცია?
– რესტავრაცია მიმდინარე წლის ივლისში სახელმწიფოს დაფინანსებით დავიწყეთ. სამუშაოების შესრულებას კონტროლს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო უწევს. საერთოდ, ჯვრის მონასტრის რესტავრაციას წლები სჭირდება, მაგრამ ამ მომენტისათვის საჭირო სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
– რა სახის რესტავრაციას საჭიროებდა ძეგლი?
– რესტავრაცია ძირითადად მცირე ჯვრის მონასტერს ჩაუტარდა. ტაძარი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. მიწისძვრისაგან ისე იყო დაზიანებული, რომ ფაქტობრივად სახურავი აღარ არსებობდა, ჩამონგრეული და განადგურებული იყო, კედლებიც დაბზარული ჰქონდა. იმისათვის, რომ დანგრევის საშიშროება აღარ ყოფილიყო, პირველ რიგში, კედლების კონსტრუქციული გამაგრება მოხდა. ამის შემდეგ ტაძრის სახურავი აღვადგინეთ. მისი გადახურვა ხის მასალით ვამჯობინეთ.
– ხის მასალა რატომ შეარჩიეთ?
– იმის გამო, რომ ტაძარი საკმაოდ ადრეულ პერიოდს განეკუთვნება, დიდხანს ვბჭობდით, თუ რა მასალით გადაგვეხურა. სამეცნიერო საბჭომ ამ ეტაპზე ხის სახურავით გადახურვა გადაწყვიტა. ამის შემდეგ იატაკი აღვადგინეთ და კარ–ფანჯრები მთლიანად გამოვცვალეთ. რაც შეეხება დიდ ტაძარს, აქაც სახურავი აღვადგინეთ, კრამიტი გამოვცვალეთ, რადგან ტაძარში წყალი ჩადიოდა. ტაძრის შესასვლელის სამხრეთით მდებარე პატარა სამლოცველოა შემორჩენილი და იქ მისასვლელი გზებიც მოვაწყვეთ.
– ანუ სერიოზული საფრთხე არსებობდა, რომ ქართველებს ეს უნიკალური ძეგლი დაგვეკარგა?
– მცხეთის ჯვრის მცირე ტაძარი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, მიწისძვის მცირე ბიძგიც კი საკმარისი იქნებოდა, რომ დაენგრია. საბედნიეროდ, ტაძარი გადარჩენილია და მომავალი თაობის იმედით მარადიულად იარსებებს.
– აღდგენითი სამუშაოების შესრულებისას ყველაზე დიდ სირთულეს რა წარმოადგენდა?
– ყველაზე დიდი სირთულე თვითონ ტაძარი იყო, რადგან საშინელი დაზიანებები ჰქონდა. 30 წელია ამ სფეროში ვმუშაობ და იშვიათად შემხვედრია ასეთი სირთულის ტაძარი. უახლოეს დღეებში ველოდებით ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს სამეცნიერო საბჭოს. დაათვალიერებენ და თუ რაიმე აღმოაჩინეს შესასწორებელი, ჩვენ მას აუცილებლად გავითვალისწინებთ და მისი გახსნის თარიღი შემდეგ გადაწყდება.
...
მცხეთის ჯვრის მამათა მონასტრიდან ერთი კილომეტრის მოშორებით ბერები ცხოვრობენ. "სარკე" მღვდელმსახურ ილიას (მერაბიშვილი) ესაუბრა.
მამა ილია:
– მოგეხსენებათ, მცხეთის ჯვრის მონასტერი 1.500 წელზე მეტი ხნისაა და ამ ხნის განმავლობაში რესტავრაცია სულ ორჯერ ჩაუტარდა. პირველი რესტავრაცია აღა–მაჰმად–ხანის შემოსევების შემდეგ მოხდა, როცა ის გადაწვეს. კომუნისტების პერიოდში რესტავრაციაც ჩაუტარეს და დანიშნულებაც შეუცვალეს. ტაძარში დარბაზი მოაწყვეს, სადაც კონცერტებს მართავდნენ. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში კი იარაღის საწყობიც იყო. ახლა საპატრიარქოსა და სახელმწიფოს ერთობლივი გადაწყვეტილებით და 
იუნესკოს მეთვალყურეობით, ტაძარს რიგით მესამე რესტავრაცია ჩაუტარდა. 


– რა სახის დაზიანებები შეიმჩნეოდა ტაძარზე?
– წვიმისგან და ქარისგან ბარელიეფები წაშლილი იყო, მცირე ჯვრის ტაძარი ფაქტობრივად დანგრევის პირას გახლდათ. 2002 წელს რესტავრაცია დაიწყო, მაგრამ მალევე შეჩერდა. სამუშაოები იუნესკო–ს მეთვალყურეობით უნდა წარმართულიყო, მაგრამ ჩვენმა მხარემ მათი მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, რის გამოც რესტავრაცია შეჩერდა. ფაქტობრივად, სარესტავრაციო სამუშაოები დასრულებულია და სულ მალე წირვა–ლოცვას ჯვრის მცირე ტაძარშიც აღვავლენთ. დიდ ტაძარზე აღდგენითი სამუშაოები არ ჩატარებულა, უბრალოდ, ის პროცესები, რაც მონასტერს განადგურებას უქადდა, შეჩერებულია. ამ სამუშაოებით ბარელიეფებისა და გალავნის კონსერვაცია მოხდა. დიდი ტაძრის სამხრეთ მხარეს აღდგენილია მცირე სალოცავი. ტაძრის პირვანდელი იერსახე მაქსიმალურადაა შენარჩუნებული.
– რამდენადაც ცნობილია, მცხეთის ჯვრის მონასტერი საქართველოში პირველი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. ანალოგიური არქიტექტურის ტაძარი კიდევ არსებობს ჩვენს ქვეყანაში?
– ეს ტაძარი საქართველოში ჯვარგუმბათოვანი არქიტექტურის პირველი ნიმუშია და მისი ანალოგებია ატენის სიონი, ძველი შუამთა, მაგრამ ზომებში მას ატენის სიონი და კახეთის შუამთის მონასტერი ჩამორჩება.
– ყველაზე რთული პერიოდი როდის ჰქონდა ჯვრის მონასტერს?
– აღა–მაჰმად–ხანის შემოსევების დროს ტაძარი ფიჩხებით გაავსეს, ცეცხლი წაუკიდეს. მისი მთლიანად გადაწვა უნდოდათ, მაგრამ, ღვთის წყალობით, გადარჩა, არ დაინგრა, არ დაიწვა.
– არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ კომუნისტებმა ამ ტაძარში მოღვაწე ბერ–მონაზონი ილარიონი მოკლეს.
– მამა ილარიონის ცხოვრება ცოტა საიდუმლოებითაა მოცული. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ არც რაიმე წყარო არსებობს და არც ბევრი ინფორმაცია. მხოლოდ მოსაზრებებით ვერ ვისაუბრებთ. დაზუსტებით ის ვიცით, რომ აქ ნამდვილად მოღვაწეობდა.
– ამბობენ, რომ მისი ნეშტი ეკლესიის ეზოშია დაკრძალული.
– ამის შესახებ არც ერთ წყაროში არ არის მითითებული, ამიტომ ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ. ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე საძვალეებია აღმოჩენილი. მოვითხოვეთ, არქეოლოგთა ჯგუფს გათხრები ეწარმოებინა, მაგრამ რატომღაც არ მოინდომეს.
– ტაძრის კედლებს ბევრი ნაკაწრი, წარწერა ამჩნევია. ალბათ ესეც ათეისტური ხანის ნაკვალევია.
– როცა ტაძარი ფაქტობრივად მუზეუმად იყო გადაკეთებული, ტურისტები მოდიოდნენ, ათვალიერებდნენ. კომუნისტები კი, როგორც მოგახსენეთ, ტაძარს დარბაზად იყენებდნენ. ტურისტები კედლებს კაწრავდნენ, წარწერებს ტოვებდნენ, ძირითადად – საკურთხევლის მხარეს.
– მამათა მონასტერი როდის აშენდა?
– როგორც მოგეხსენებათ, სასულიერო პირთა დასი მონასტრულ ცხოვრებას მისდევს, მათ კი საცხოვრებელი სენაკები სჭირდებათ. ამიტომ გადავწყვიტეთ, ამ ადგილას ეს კომპლექსი აგვეშენებინა. კომუნისტების დროს აქ პიონერთა ბანაკები იყო, შემდეგ პერიოდში ეროვნული გვარდიის ნაწილები დაბანაკდნენ. საბოლოოდ ეს ტერიტორია საქართველოს საპატრიარქოს და ჯვრის მამათა მონასტერს გადაეცა. ამ ადგილას არქიმანდრიტ კონსტანტინეს (ჭინჭარაული) ლოცვა–კურთხევით, ღვთისმშობლის მოულოდნელი სიხარულის სახელობის მცირე ჯვარგუმბათოვანი ტაძარი აიგო. ასევე აშენდა საცხოვრებლები უწმინდესისთვის და მღვდელმთავრებისთვის. ღვთის წყალობით, მცხეთის ჯვარზე ბერმონაზვნურ ცხოვრებას თავიდან ჩაეყარა საფუძველი. დღესდღეობით აქ ოთხი მღვდელმსახური, რამდენიმე ბერ–მონაზონი და მორჩილი ცხოვრობს, სრულფასოვანი მონასტრული ცხოვრება მიმდინარეობს.
– უწმინდესი ხშირად სტუმრობს მამათა მონასტერს?
– ძალიან ხშირად მოდის. ფაქტობრივად, ყველა ჯვართამაღლებაზე და ჯვრის ტაძრის დღესასწაულზე მოდის. სხვა დღეებშიც გვსტუმრობს და თავის მოსასვენებელშიც რჩება ხოლმე. აქაურობას ყურადღებას აქცევს და ჯვრის მამათა მონასტერში ბერმონაზვნურ ცხოვრებას აკვირდება.
– ეზოში სასტუმროს ტიპის ნაგებობა შევნიშნეთ. იქნებ ამაზეც გვითხრათ?
– უწმინდესის ლოცვა–კურთხევით, სასულიერო პირთათვის აქ სასტუმრო აშენდება. როცა ამა თუ იმ სახელმწიფოდან დელეგაცია, სასულიერო პირები ჩამოვლენ, აქ მოვასვენებთ. ამ სასტუმროს მშენებლობა თითქმის დასრულებულია, ახლა შიდა სამუშაოები მიმდინარეობს.
სოფიო ბოჭორიძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online