asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დავით არჩვაძე: "უფალმა ექვსჯერ გადამარჩინა"
”შვილი რომ შემეძინა, უწმინდესმა ხატი მაჩუქა”
დავით არჩვაძე: "უფალმა ექვსჯერ გადამარჩინა"

2012-01-11 16:19:54



კომპოზიტორი და მომღერალი დავით არჩვაძე სულ მალე მაყურებლის წინაშე ახალი საშობაო სიმღერით "ზეიმია გულის" წარსდგება. სიმღერის ტექსტი მამა თავმას ჩოხელს ეკუთვნის, მუსიკა კი თავად კომპოზიტორს. როგორც დავითმა საუბრისას აღნიშნა, მამა თავმასის ტექსტზე მეშვიდე თუ მერვე სიმღერა შექმნა.
- დავით, ამ სიმღერის პრემიერა როდის და სად შედგება?
- სიმღერის "ზეიმია გულის" პრემიერა ნანუკას შოუში იქნება. ამავე დროს კიდევ სამი ახალი სიმღერის მოსმენა შეეძლება ჩვენს მაყურებელს. როგორც მოგეხსენებათ, ტექსტის ავტორი მამა თავმას ჩოხელია. როდესაც ჩვენმა უწმინდესმა მისი რამდენიმე ლექსი წაიკითხა, კურთხევა მისცა, რათა მრავალი ლექსი შეექმნა. ყოველთვის, როდესაც მის ლექსზე სიმღერას ვწერ,
ჩემზეც გადმოდის ჩვენი უწმინდესისი კურთხევა და იმ მადლით ვწერ. როდესაც მამა თავმასმა ლექსი მომცა, ერთი კვირა დავატარებდი ამ ტექსტს და მუსიკას ვერ ვქმნიდი, რაღაცა პრობლემა მქონდა და ამისთვის ვერ მოვიცალე. ერთ დღესაც, როდესაც ძალიან დიდი ტკივილი და შეურაცხყოფა მივიღე, შუა ღამით დავჯექი და მუსიკა შევქმენი. მუსიკის წერის დროს არაჩვეულებრივი სიამოვნება მივიღე.
- რამდენადაც ცნობილია, თქვენ გალობთ კიდეც, რა განცდა გეუფლებათ გალობის დროს?
- ბოლო ერთი წელიწადია, რაც გასტროლების გამო, გალობას ვეღარ ვახერხებ. კალაპოტიდან ამოვვარდი. მერე დისკომფორტი შემექმნა, რადგან ხან მაგვიანდებოდა, ხან შაბათ-კვირას ვაცდენდი. მაგრამ ახალი წლიდან შევეცდები, რომ ამ საქმეს კვლავ მივუბრუნდე. გალობა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ურთულესი მომენტია და ამიტომ ამ საკითხს გულით ვეკიდები. გალობის დროს, სულითა და გულით ლოცვაში უნდა იყო, რასაც ძალიან დიდი ბრძოლა ახლავს. გალობა მუსიკალურად ძალიან რთულია, მაგრამ ულამაზესი.
- მიუხედავად იმისა, რომ გადატვირთული რეჟიმი გაქვთ, რამდენად ახერხებთ ეკლესიურად ცხოვრებას?
- ყოველთვის ვახერხებ. ეს ისეთი თემაა, რომ ადამიანის ცხოვრებასა და არსებობაში პირველი ადგილი უკავია და მერე სხვა დანარჩენს. თუ ეს არ არის პირველ რიგში წამოწეული, ისე არაფერი გამოდის და არაფერი ხდება. მოგეხსენებათ, ჩემი უფროსი თაობის დროს, რელიგია იდევნებოდა და ხალხს ეკლესიაში შესვლა ეშინოდა, მაგრამ ჩემი ბებია და ბაბუა ყოველთვის მჭიდრო კავშირში იყვნენ ეკლესიასთან. სანთელსაც ანთებდნენ და ეკლესიაშიც დადიოდნენ. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ჩემი გვარის წარმომადგენლები სასულიერო პირები იყვნენ. რაც შეეხება სარწმუნოებასთან ჩემს ზიარებას, უფლის სახლში მისვლას, ეს გალობამ განაპირობა.
- როგორ მოხვდით მგალობელთა გუნდში?
- ჩემი და ჩემი ოჯახის მეგობარია ნიკოლოზ ბერიაშვილი, რომელიც ნახალოვკაში, ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში გალობდა და დღესაც გალობს. ერთ დღეს მეც გავყევი გალობაზე და გამაცნო მამუკა კიკნაძე, რომელიც ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტია. ამ ეკლესიაშივე მოღვაწეობს დეკანოზი ზაზა კირვალიძე, რომლის გაცნობისთანავე ჩვენი ურთიერთობა და მეგობრობა დაიწყო. მამა ზაზა არაჩვეულებრივი ადამიანია, ძალიან ბევრი გვაქვს საერთო.
- მოძღვარი თუ გყავთ?
- კი. მამა ზაზა ჯერ ჩემი მეგობარი გახდა, მერე კი _ მოძღვარი. ვფიქრობ, რომ ყველა ურთიერთობაში მეგობრობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
მამა ზაზა ჩემი შვილის ერთ-ერთი ნათლიაც არის. მანამდე ჩემი დისშვილის ნათლია გახდა. ოჯახის ახლობელია და მთელი ცხოვრება გვერდით მიდგას, ჩემი ყველა სიხარული და პრობლემა გაზიარებული აქვს.
- რამდენი წლის იყავით, გააზრებულად რომ წახვედით ეკლესიაში?
- როგორც აღვნიშნე, ეკლესიაში გალობამ მიმიყვანა, მაგრამ მანამდე ძალიან მიყვარდა ქვაშვეთის ეკლესიაში შესვლა და წმინდა გიორგის ხატთან განმარტოება. კვირა არ გავიდოდა, ქვაშვეთის ეკლესიაში არ შევსულიყავი და წმინდა გიორგის ხატთან სანთელი არ დამენთო, ამის შინაგანი მოთხოვნილება მქონდა. მერე გამიჩნდა სურვილი, ეკლესიაში მივსულიყავი და აღსარება მეთქვა, ზიარება მიმეღო. დროთა განმავლობაში ამან სისტემატიური სახე მიიღო.
- პირველი აღსარების თქმა არ გაგიჭირდათ?
- რა თქმა უნდა, გამიჭირდა, მაგრამ არაფერი დამიწერია. დაწერას საუბარი ვარჩიე. თუმცა, დაწერითაც ჩამიბარებია აღსარება.
- აღსარების დროს მოძღვარს ყველაფერს ეუბნებით?
- კი. თუ ვერ ეუბნები, სჯობია, დრო გავიდეს და როცა იმის სათქმელად მზად იქნები, მაშინ მიხვიდე, ვიდრე მიხვიდე და ვერ თქვა. სანამ პირველ აღსარებას ჩავაბარებდი, მამაომ ისე ლამაზად ამიწერა ყველაფერი, რომ აღარ გამჭირვებია. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს შინაგანი ბრძოლა და მეც მქონდა ეს, მაგრამ გაჭირვებით არ გამჭირვებია. ჩემს მოძღვარს - მამა ზაზას ძალიან ბევრი მრევლი ჰყავს. სწორედ, ამ მრევლის დახმარებით თელეთში დავით გარეჯის ეკლესია აღადგინა. მთელი სოფელი შემოიკრიბა და რწმენაში გააძლიერა. თელეთში, წირვის დამთავრების შემდეგ, ტრაპეზი იშლება და მამა ზაზა თავის მრევლს სუფრაზეც უქადაგებს. ეს პროცესიც ლოცვის ნაწილია, რადგან ტრაპეზის დროს ქადაგებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
- მარხვის შენახვა არ გიჭირთ?
- უკვე აღარ. 8 წლის წინ, როდესაც გადავწყვიტე, რომ მარხვა შემენახა, პირველად გამიჭირდა, მაგრამ მერე, იმდენად გამაძლიერა უფალმა, რომ აღარ მიჭირს. ოთხშაბათსა და პარასკევს თითქმის ყოველთვის ვმარხულობ, რადგან ვიცი, რომ ოთხშაბათსა და პარასკევის მარხვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა ვიცი, რომ მარხვაზე ვარ, არაფერი მინდება. მარხვა მხოლოდ ჭამა ხომ არ არის? ადამიანმა ეკლესიაშიც უნდა იაროს და წირვა-ლოცვებსაც დაესწროს.
- თქვენი აზრით, რამდენად მისაღებია მარხვის დროს სამარხვო ნამცხვრისა და სამარხვო რძის ნაწარმის მიღება?
- რატომღაც ყველაფერი მოიგონეს: სამარხვო ყველი, სამარხვო ნადუღი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ვერ ვიგებ. ჯერ ერთი, გემოთიც ცუდია, მეორეც, სასურველი არ არის, მარხვის დროს ყველაფერი მიირთვა. რაღაცაში ზომიერება არის საჭირო.
- საუბრისას აღნიშნეთ, რომ თქვენი გვარის წარმომადგენლები სასულიერო პირები იყვნენ. წინაპრებიდან რაიმე ნივთი თუ შემოგრჩათ?
- წინაპრებიდან საეკლესიო ნივთი არაფერი გვაქვს, მაგრამ ჩვენი გვარი წარმოშობით სოფელ ფუტიეთიდან (ამბროლაურის რაიონი) არის. არჩვაძეები სასულიერო პირები იყვნენ. მამა ბადრი არჩვაძე, რომელიც კახში მოღვაწეობს, ძალიან ძლიერი მამაოა. ფუტიეთი ისტორიულად ძალიან მნიშვნელოვანი სოფელია. ჩემი წინაპრებისგან ყანწების კოლექცია გვაქვს შემორჩენილი. გვაქვს ძალიან ძველი ყანწი, რომელიც ბაბუაჩემს აჩუქეს. აგრეთვე მაქვს ყანწი, რომელსაც მოკაუჭებული ნაწილი აქვს და ამით შეგიძლია ცარიელი ყანწი მიწაში ჩაარჭო. დათო ჯანაშვილმა თაფლის 2 ფიალა მაჩუქა. ამ ფიალას განსაკუთრებით შავი ღვინის ჩასხმა უხდება. ვიღაცას, ღვინის დალევის დროს, მოეკბიჩა კიდეც.
- ცხოვრებაში თუ გქონიათ ისეთი მომენტი, გადარჩენილხართ და ეს უფლის წყალობად მიგიღიათ?
- კი, მეექვსე ავარია მომივიდა და, ღვთის წყალობით, ექვსივეჯერ გადავრჩი. ბავშვობაში ასეთი ჩვევა მქონდა, მანქანა რომ მოგვიახლოვდებოდა, ხელს გავაშვებინებდი და მანქანის წინ გადავრბოდი, მინდოდა მანქანისთვის გადამესწრო. ერთხელ, ხაშურში, დედულეთის სოფელ ცხრამუხაში ვიყავით და მანქანის ქვეშ შევვარდი. მძღოლი რომ გადმოვიდა, თავში იშენდა ხელებს, ეგონა, მომკლა. მანქანის ქვეშიდან გამომიყვანეს, მაგრამ გადავრჩი, მხოლოდ შუბლი მქონდა გატეხილი.
- როგორც ცნობილია, ილია II-ს ხშირად შეხვედრიხართ, პირველ შეხვედრას თუ გაიხსენებთ?
- მე პირველი "პატრიოტის" გამარჯვებული ვარ და გამარჯვებულები საპატრიარქოში, ვახშამზე მიგვიწვიეს. ტრაპეზი ძალიან კარგად წარიმართა, თუ არ ვცდები, გიგი უგულავა იყო თამადა. ძილის წინა ლოცვების დრო რომ დადგა, გალობისთვის ბიჭებს გვთხოვეს, ქვევით ჩავსულიყავით. ხატები დაგვაჭერინეს ხელში და ეკლესიას შემოვუარეთ. ეკლესიის ეზოში ილია II იჯდა და პირველად სწორედ იქ შევხვდით ერთმანეთს. მას შემდეგ არაერთხელ მქონია მასთან შეხვედრის ბედნიერება. ჩემი დაბადების დღე 4 იანვარია, მოგეხსენებათ, რომ ამ დღეს ჩვენი უწმინდესის დაბადების დღეც არის. ჩემმა მეგობარმა მამა კახაბერმა და ზვიად ბერიაშვილმა, რომელიც მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი და ერთ-ერთი საბავშვო გუნდის "მოძახილი" ხელმძღვანელიცაა, გადავწყვიტეთ, ჩვენი უწმინდესისთვის მიგველოცა დაბადების დღე. როდესაც უწმინდესს მივულოცეთ დაბადების დღე, მამა კახაბერმა ილია II-ს უთხრა, რომ ჩემი დაბადების დღეც იყო. პატრიარქმა დამლოცა და მომეფერა. ეს ჩემთვის ყველაზე ბედნიერი დღე იყო. იქიდან იმდენად ემოციურად წამოვედი, რომ მელოდია დავწერე. მერე დავუკავშირდი მანანა სიამაშვილს, რომელიც საოცარი პოეზიის ავტორია და მან შექმნა არაჩვეულებრივი ტექსტი. ამ სიმღერას ნეკა სებისკვერაძე ასრულებს. ნეკამ თავად მთხოვა, ჩემ მეტს არავის ამღერო ეს სიმღერაო.
- უწმინდესმა საჩუქრად არაფერი გადმოგცათ?
- შვილი რომ შემეძინა, ხატი მაჩუქა. ჩემი შვილის ერთ-ერთი ნათლია მამა საბაა. როდესაც თამარი დაიბადა, ჯერ ჩემს მოძღვარს დავურეკე, მერე კი მამა საბას. მამა საბას რომ დავურეკე, ის მიღებაზე იყო ჩვენს უწმინდესთან. მამა საბამ მომილოცა შვილის დაბადება და მობილური ჩვენს უწმინდესსაც გადასცა. ილია II-მ პირადად მომილოცა თამარის დაბადება და თამარ მეფის ძალასა და მადლს შეავედრა მისი თავი. მიუხედავად იმისა, რომ თამარი ჯერ მხოლოდ 3 წლისაა, ძალიან უცნაური და გამორჩეული ბავშვია. ხატების კუთხესთან მიდის, სანთლის ანთებას გვთხოვს და "მამაო ჩვენო" ზეპირად იცის. მინდა გითხრათ, რომ ბოლო შეხვედრა ჩვენს უწმინდესთან სოფელ სნოში მართლაც რომ არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი იყო. სოფელ სნოზე მამა თავმასმა ლექსი დაწერა. სიმღერა რომ შევასრულეთ, მე და მამა თავმაზი უწმინდესმა დაგვიბარა და დაახლოებით 15 წუთი გვესაუბრა, რაც ჩემთვის ძალიან ბედნიერი წუთები გახლდათ.
ლია ოსაძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online